The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


წუხილი

წუხილი

როცა წუხილი მჩაგრავს უწყალოდ,
კაცთან არ ვილტვი მის განქარვებად;
მყის თავისთავად ლაღი, უბრალო
სიმღერა მორბის ნუგეშსაცემად.
და იმ სიმღერას ჩემს წუხილს ვანდობ,
ის ჩემებრ არი სევდით ბურვილი,
მის მწუხარ ხმებში ჩემს გულის ხმას ვცნობ
და მევე მიყვარს ჩემი წუხილი.

[1860 წ., 20 ნოემბრამდე

 

ნაბეჭდი:

ჟურნ. «ცისკარი», 1861, № 1, გვ. 134 (B); საჩუქარი ქართველ ყმაწვილებს, შეკრებილი და გამოცემული ზ. ჭიჭინაძისაგან, ტფილისი, 1878, გვ. 48 (A).

სათაური:

- B.

ხელმოწერა:

ჭ. AB.

ლექსის* B ტექსტი უფრო დაშორებული უნდა იყოს ავტორის ნებისაგან (ამ დროს ილია პეტერბურგში იმყოფებოდა) ვიდრე A. «ცისკარში» დაბეჭდილმა ილიასეულმა ლექსებმა ბევრჯერ იცვალეს ფერი ტექსტში გაპარული უხეში შეცდომების გამო. ეს არის იმის მიზეზი, რომ A-ში დაბეჭდილი ტექსტი უფრო გამართულად გვეჩვენება. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებასაც, რომ ამ დროს (1878 წ.) ილია უკვე თბილისში ცხოვრობდა და უყურადღებოდა არ რჩებოდა თავისი ნაწერების პუბლიკაცია. A ტექსტს შეიძლება ვუწოდოთ ავტორის ბოლო ნება. ამის უფლებას კი, პირველად ყოვლისა. თვითონ ლექსი გვაძლევს. მაგალითად, «ცისკარში» დაბეჭდილია «როცა წუხილი მსჩაგრავს უწყალო», A-ში შეცვლილია: «როცა წუხილი მსჩაგრავს უწყალოდ».   * პ. ინგოროყვა ამ ლექსს თვლის ლექსის «ჩემო სიმღერავ...» (იხ. ჩვენი ტომის გვ. 117) «საკმაოდ დაშორებულ ვარიანტად» (ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1951 წ., გვ. 469). ამის შესახებ დაწვრილებით იხ. ჩვენი ტომის გვ. 405-406.
 

B-ში: «და იმ სიმღერას ჩემს წყურვილს ვანდობ». სწორად მიგვაჩნია სტრიქონის ის წაკითხვა, რომელიც A წყაროშია წარმოდგენილი: «და იმ სიმღერას ჩემს წუხილს ვანდობ». რადგან მთელ ლექსში მწუხარებაზეა ლაპარაკი, ამიტომ კონტექსტს «წუხილი» უფრო შეეფერება, ვიდრე «წყურვილი».

ყოველივე ამის გამო, ჩვენი აზრით, პოეტის ბოლო ნების გამომხტველი უნდა იყოს 1878 წ. დაბეჭდილი ტექსტი, რომელიც მას შემდეგ ასეთი სახით პირველად ქვეყნდება ჩვენს გამოცემაში. სათაურსაც ამ წყაროდან ვიძლევით. ტექსტში გასწორდა ერთი ფორმა; მსჩაგრავს - მჩაგრავს.

ლექსის ავტორისეული თარიღი უცნობია. მაგრამ რადგან «ცისკრის» იმ ნომერზე, რომელშიც წუხილი» დაიბეჭდა, ცენზურის ნებართვა გაცემულია 1860 წლის 20 ნოემბერს, ლექსს პირობითად ასე ვათარიღებთ: [1860 წ., 20 ნოემბრამდე]. ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1925-1951 წწ. გამოცემებში, სადაც ლექსი უსათაუროდაა დაბეჭდილი, დათარიღებულია - [1860 წ.].