The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ლოთის რჩევა

ლოთის რჩევა

ძმანო! სიცოცხლეს ნუ მოჰკლავთ ცდაში,
სულ ამაოა ამ ქვეყანაში:
ქვეყნის დიდებას, ქვეყნის სიმდიდრეს,
რისთვისაც კაცი თავ-კისერს იმტვრევს,
არ გავცვლი ტრფიალ ქალის კოცნაში
და კახურ ღვინით ერთ სავსე ყანწში.
ორს პატივს სცემდეთ ამქვეყნიურსა:
მხიარულს ბახუსს და ცელქს ამურსა...
მენდეთ, ამათგან დაწნულ გვირგვინით
სიცოცხლეს ჩიტებრ განვლით ღიმილით.
ნუ დაუჯერებთ უგემურსა ჭკვას,
გრძნობის განსჯაში ყოველთვისა ბრმას,
გულის კითხვაზედ უარისთვის მზას;
რა უნდა ჰსჯობდეს, მითხარით, ამას,
რომ ერთის ხელით ეხვიო მიჯნურს,
მეორით - ყანწით ჰყლაპავდე კახურს?
ან ღვინის ორთქლით გახურებულსა,
რა დაგკოცნის შენ სხივი ავრორის,
ცელქ სიყვარულით გაღვიძებულსა,
შენ საყვარლისა ხვევნათა შორის
შენს თავს იხილავ... მაშინ ჰკითხე ჭკვას -
რა უნდა ჰსჯობდეს მაგ გაღვიძებას!

1858-სა წელსა, 1-სა აგვისტოს,
სოფ. ტიარლევო.

 

ხელნაწერი: M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 171.

თარიღი:

1858 წელსა 1-სა აღვისტოს, სოფელი ტიარლევო. ტექსტი ნასწორებია.

16-17სტრიქონებსშორის(«მეორით»...«ანღვინის...»)ხელნაწერში გადახაზულია:

ბახუსი გიჟობს მხიარულ წამით,

ცივს ჭკვასა გიკლავს ღვინითა მწარით, აქავ ამური მაცდურის თვალით

ცელქობს და სდაგავს გულს ტრფობის ალით, და მსწრაფლ მორფეი, ყოველთვის ზრდილი, გაცნებს, სად უფრო ტკბილია ძილი.

17 «ან ღვინის ორთქლით გახურებულსა», - ამის ნაცვლად ჯერ ეწერა:

«ტრფობისა ალით გახურებულსა», გადახაზულია.

ტექსტში შეტანილია ორიოდე შესწორება ავტორისეული ენობრივი ნორმების შესაბამისად. ავტოგრაფშია: 1 მოჰკლამთ. 16 ჰყლაპამდე.

ლექსი პირველად დაიბეჭდა 1914 წელს, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში (გვ. 19).