The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ /პოემა
 

რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ


მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,
მიღწვიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.

 შოთა რუსთაველი .

სამშობლოს ცასა ბნელად გაშლილი
მწუხრის ზეწარი გადაეფარა
და მთვარის შუქზედ მთებისა ჩრდილი
ალაზნის ველზედ წამოიხარა.
ღამის გუშაგი, მუდამ მჭმუნავი,
მთვარე მეფურად მძლავრად ვიდოდა,
მთებისა ყინვით ნაკვეთი თავი
იმის სხივებთან მუსაიფობდა.
შორნი მნათობნი მოკამკამენი
იმ მწუხარს ღამეს მხიარულობდნენ,
მდუმარს ქვეყანას, ვით საყვარელნი,
სხივებს ესროდნენ, ზედ დაჰხაროდნენ.
და იმ მნათობთა სხივის ალერსით
ველს მშვენიერსა ჩასძინებოდა,
მხოლოდ ნიავი მთისა მოლხენით
ტყეში ფოთლებთან ლაზღანდარობდა.
და ალაზანი შეუპოვარი
ჰჩიოდა, თითქო კაცს ემდუროდა,
მის ბუტბუტს მარტო მთაი მდუმარი
დაფიქრებული ყურს მიუპყრობდა.
ყველას ეძინა, დღით ჰფეთქავს რაცა,
თითქო დაღლილა მიწაც და ცაცა!..
მხოლოდ კი ერთგან ურემი მძიმე
მიჭრიალებდა, გზას აღვიძებდა,
და ნაღვლიანად მასზედ მეურმე
მწუხარს სიმღერას დაჰღუღუნებდა.
ღუღუნი იგი ჩამრჩენია გულს,
მწუხარე არის, ვით გლოვის ზარი,
მაგრამ თუ ნაღველს მოჰბერს დაჩაგრულს,
უკუჰყრის კიდეც ვით ღრუბელს ქარი.
მიდის ურემი და უეცრადა
ვიღაცამ ტყიდამ ასკუპა ცხენი,
მოვარდა იგი ურემს მედგრადა,
მჭმუნვარე სახის ამაყად მჩენი.
— ვერ მიმასწავლებ კუდიგორის გზას? —
ჰკითხა თამამად მან მეურმესა.
— რატომ ვერ, ძამო! აგერ აიმ მთას
მარჯვნივ აუხვევ და გახვალ ხევსა,
ერთი საურმე გზა დაგიხვდება;
იმ გზას დაადეგ, წადი, — და როცა
ცხვირწამოწვდილი მთა შეგეყრება,
ის მთა იქნება კუდიგორაცა.
იქ რა გინდა შენ? — ჰკითხა მან ბოლოს,
როს გაათავა გზისა სწავლება: —
იქ საფრთხე რამე არ დაგემართოს,
ბღაჭიაშვილი იქ იმყოფება.
მე როგორც ვხედავ, შენც კი გაქვს მკლავი,
ბევრს შენს ტოლს ბიჭს არ დაუვარდები,
მაგრამ მაინც თუ გებრალვის თავი,
ბღაჭიაშვილს ნუ დაენახვები,
ნურც დაანახვებ შენს ქურანს ცხენსა,
თორემ ის ბიჭი განანებს ბევრსა!
მალია, როგორც ხირიმის ტყვია,
და ტყვიასავით დაუნდობელი;
თუ სისხლი ჰმართებს, ისა სჯობია,
შეარჩინო და აიღო ხელი.
— შენ ფიქრი ნუ გაქვს!.. მეც იმას ვეძებ,
მეც მისებრ, ძამო, მიღრინავს გული;
როგორც ის ცხოვრობს, ისე ვიცხოვრებ
ამ დღიდგან თავზედ ხელაღებული! —
და, რა სთქვა ესა, მოხდენით ცხენი
მოსხლიტა უცებ ლაზათიანმა;
გაფრინდა ცხენიც, ვით შავარდენი,
და მის ფეხის ხმას ხმა მოსცა მთამა.
თითქო შენატრდა იმას მეურმე,
“ახ, ნეტავი შენ!” — წაიდუდუნა
და, გაიქნივა რა თავი მერმე,
შურით ხარს შოლტი გაუტყლაშუნა.
და მერმე ისევ უფრო მწუხარედ
თვისი სიმღერა დაიღუღუნა.
კუდიგორასთან ერთი ტყე არი, —
უწინ ყაჩაღის იყო საფარი, —
საშიში, ბნელი, გულდახურული,
შეუვალი დ წამობურული.
იქა ჰცხოვრებდა ბღაჭიაშვილი

კაკო ყაჩაღად გამოვარდნილი.
მთვარე ჩასული იყო დიდხნისა,
როცა იმ ტყეში, ერთ ხის ძირასა,
ფრთხილად ეძინა ბღაჭიაშვილსა,
ბედისაგან მწარედ განაწირალსა.
მის შორიახლო ლამაზი ცხენი
კაზმმოუხდელი სძოვდა ბალახსა,
და მას ფოთოლნიც მოშრიალენი
ხშირად უფრთხობდნენ მოსვენებასა.
უეცრად შეჰკრთა, აცქვიტა ყურნი,
თავი აიღო და გაიხედა;
მერე ტირილით იწყო ფრუტუნი
და ერთს ალაგსა ზედ დააცქერდა;
დიდხანს უცქერდა და, რა მოესმა
თავისის მოძმის ცხენის ფეხის ხმა,
ვერ მოითმინა, დაიხვიხვინა
და პატრონს ძილი დააფრთხობინა.
წამოხტა კაკო ლომივით ზეზე,
თოფი მოზიდა და შეაყენა
და, რა იხილა მხედარი ველზე,
შეჰკივლა: “მითხარ ვინა ხარ შენა?
რისთვის მოსულხარ, —მოყვრად თუ მტრადა?”

მხედარი

— მოყვრად, გულფიცხო, იყავ მშვიდადა.

კაკო

— თუ მოყვარე ხარ, მაშ გამარჯობა!
კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა.

მხედარი

— ამინ!..შენ არ ხარ ბღაჭიაშვილი?

კაკო

— დიაღ! გახლავარ!..რა გნებავს შენა?

მხედარი

— შენთან სიცოცხლე, შენთან სიკვდილი,
შენთან ყოფნა და შენთან დარჩენა.

კაკო

— მომწონს ეგ სიტყვა... შენც მომეწონე
და ამისთვისაც გენდობი შენა.

მხედარი

— გულს გული იცნობს და ღონეს— ღონე,
მენდე, გაგიყო ჭირი და ლხენა.

კაკო

— ხოშ-გელდი, ძმაო!.. მე ვარ მდიდარი,
ამ ტყეში მარტო მე მაქვს მეფობა;
გაშლითა არის ჩემი სახლ-კარი,
და ვერას მაკლებს აქამდინ მტრობა.
ყოველ ხის ძირას ჩემი სახლია,
სადც მიღამდება, იქ მითენდება;
თუმცა ბევრი რამ მე აქ მაკლია,
მაგრამ აქ ჭირიც მიადვილდება...
უსახლკარობა, შიში, შიმშილი,
მარტოკა გდება მხეცივით ტყეში,
ყურდღელსავითა ფხიზელი ძილი
და იარაღი დღედაღამ ხელში, —
მართალია, ძმავ, კაცს მოსწყინდება
ძუნწი ცხოვრება ეს დასაღონი,
მაგრამ იქ ყველა გვიადვილდება,
სადაც ჩვენვე ვართ ჩვენი  ბატონი!..
მე თანა მყვანან რკინისა ძმები:
ჩემი სიათა, დამბაჩა, ხმალი...
არც მიმტყუნებენ, არც ვემტყუნები,
მინამ მაქვს მკლავი თავისუფალი.
ეს ცხენიც, ძამო, ჩემთან შეზდილა,
მოუდრეკია, როგორც რომ ჟინი;
ჩემთან საფრთხეში ბევრჯერ ყოფილა,
გამოუვლია ჭირი და ლხინი.
ამათ მივანდე ჩემი ცხოვრება!
არ აიყრიან გულსა ჩემზედა,
და კაკო ც ისე არ გაძუნწდება,
რომ არ დააკვდეს ერთგულებს ზედა,
ჩემი სიმდიდრე აი ეს არი!..
ჩემს სამეფოში არ არის გმობა,
თუმც ორგულთან ვარ დაუნდობარი,
მაგრამ ერთგულთან მეც ვიცი ძმობა.
ჩამოხედ, ბინას გაჩვენებ წამო!
ღარიბულადა მე დაგიხვდები,
და ნუ დამძრახავ ყაჩაღსა, ძამო,
თუ მასპინძლად ვერ მოგეწონები.

მხედარი

მყისვე გადმოხტა მარდად
და წამოჰყარა აღვირი ცხენსა;
ჩამოუჭიმა ყურები მაგრად
და თვალზედ მზრუნველს უსვამდა ხელსა.
მოჰხსნა ნაბადი, ჩაკრული უკან,
ხურჯინიც სავსე გადმოიღო მან,
მერე გადაჰკრა ხელი გავაზედ
და მყის გაიგდო ცხენი ბალახზედ.
შემდეგ მოვიდა იგი სტუმარი,

კაკო

ს პირდაპირ დადგა მდუმარი.
მათ ერთმანეთი თვალით გაზომეს,
და მოეწონნენ ორნივ ერთმანეთს.
მივიდნენ წყნარად და ხის ძირს დასხდნენ,
მდუმარედ იყვნენ ორნივ დიდხანად,
ერთმანეთს თითქო კიდევ შინჯავდნენ,
ბოლოს კი კაკომ უთხრა თამამად:
— ვიცი მე, ძამო, არ გამიწყრები
და არ დამძრახავ მეტ კითხვისთვინა
მითხარ, საიდამ გემცნაურები?
ჩემთან მოსვლა რამ გაგაბედვინა?

მხედარი

— შენი გაცნობა არ არის ძნელი,
ამაზედ რაღა ვილაპარაკო,
შორს გავარდნილა შენი სახელი,
ბავშვმაც კი იცის, ვინ არის “კაკო”!
შენზედ მოუბნობს კაცი და ქალი,
ვისაც ენა აქვს, შენ ყველა გაქებს?
შენი ამბავი, ეხლა მართალი,
ზღაპრად მიუვა ჩვენს შვილიშვილებს.
შენზედ ამბობენ, რომ ხარ მამაცი,
გამოჰქცევიხარ უსამართლობას,
ამბობენ, თურმე გიყვარს გლეხკაცი,
ბარაქალა მაგ გულკეთილობას!..
რომ ბედში მყოფი შენ ძმად მიგაჩნდეს,
ეგ ვერაფერი სიყვარულია, —
სიტყვა ის არის, კაცს ის უყვარდეს,
ვინც ბედისაგან დაჩაგრულია!
მარტო არსენას, თუ გახსოვს შენა,
გლეხკაცი, როგორც ძმა ჰყვარებია,
გლეხკაცის ბედი, ჭირი და ლხენა
შვილსავით კალთით უტარებია.
აბა, კაციცა ისა ყოფილა
და ქუდიც იმას, ძმავ, ჰხურებია!
ნეტავ იმ დედას, ვისგანც გაზრდილა
და ვისაც ძუძუ უწოვებია!..
მისებრი შვილი, ბევრიც ინატროს,
ეხლანდელ დედამ ვეღარ გაზარდოს...
ჯერ არ მენახე, მაგრამ გიცნობდი,
შენი ცხოვრება მენატრებოდა;
შენთან წამოსვლას ბევრჯერ ვფიქრობდი,
მაგრამ სახლ-კარი მენანებოდა,
ბოლოს კი, ძამო, გამიწყრა ღმერთი,
დამიტრიალდა უკუღმა ბედი!..
ყური მომიგდე, გეტყვი ყველაფერს,
რაც გადამკიდა მწუხარებამა
და, როგორც ერთ დროს ბედის მადლიერს,
გზა დამიხლართა ბედისწერამა!
მაშინ თორმეტი წლისა ვიყავი,
როცა ბატონმა სახლს მომაშორა.
წამსვე ძროხაში მე მიკრეს თავი,
ჩემს სახლ-კარიდან გამაგდეს შორა.
ჯერ კი დავღონდი, დაჩაგრდა გული,
ყოფნა უმშობლოდ მეძნელებოდა...
სხვები ჰლხინობდნენ, და მე კი ლული
ცრემლისა თვალზედ არა მშრებოდა.
პატარა ჩემი ამხანაგები
ჩემ გულჩჩვილობას იქ დასცინოდნენ,
დავიწყებოდათ თავის დარდები,
როცა ისინიც ჩემებრ სტიროდნენ!..
მეც კი მრცხვენოდა ჩემის ცრემლისა, —
ჩემს ამხანაგებს გავექცევოდი,
მივუჯდებოდი ერთ ბუჩქის ძირსა
და იქ მარტოკა დიდხანს ვტიროდი.
მაგრამ ღრუბელმა გადაიარა,
თან გადიტანა ჩემი ნაღველი;
პატარა გულმა გამოიდარა
და შეუბრუნა ნაღველსა ხელი.
ჩემს ყოფას მალე შევეჩვიე მე,
კიდეც ვლხინობდი, კიდეც ვმღეროდი,
ჩემს სახლ-კარზედა არც დღე, არც ღამე
აღარ ვფიქრობდი, არ ვღონდებოდი.
ძამო! რა ტკბილად, არ უდარდელად
ჩემი დღეები იქ მიდიოდნენ!..
არარა მქონდა იქ საფიქრელად,
ჩემი მოძმენი არ მაძალებდნენ.
ძროხას ვუვლიდით ჩვენ ერთგულადა,
გავიზიარეთ ყველამა საქმე
და რიგ-რიგადა ყველა ძმურადა
ვყარაულობდით ძროხასა ღამე.
რაკი მთას იქით მზე დაწვებოდა
და გაეკვროდა ვარსკვლავი ცასა,
გაშლილი ძროხა მოგროვდებოდა
და დავიწყებდით ყველანი თვლასა.
და დავაბამდით რაკი ძროხასა,
ტყის პირს ერთს დიდ ცეცხლს გავაჩაღებდით
და მოვიტანდით ჩვენ ჩვენს საგზალსა,
ცეცხლსა გარშამო მოვუსხდებოდით.
ჩვენი ხუმრობა, მღერა, სიცილი,
ხეზედა მძინარ ფრინველს აფრთხობად;
მოგვერეოდა თუ მერე ძილი,
ერთი ჩვენგანი ზღაპარს იტყოდა.
რაკი ტრედისფრად ცა ინათებდა
და შორს ცისკარი კამკამს იწყობდა,
მეძროხე ვინმე დაგვიძახებდა
და დილის ტკბილსა ძილს დაგვიფრთხობდა.
ავიშლებოდით და ჩვენის ხმითა
მკვდარი მთა-ბარი გაცოცხლდებოდა,
და თავის ძროხას ყველა ზლაზვნითა
ასაშვებლადა მიესევოდა.
ზოგი აქ მიდის თექამოსხმული
და მიიფშვნეტავს ზარმაცად თვალსა,
სხვა იქ მიიმღერს დაღონებული
და ერეკება თავის ძროხასა;
და ერთს წუთს უკან ძროხა ბღავილით
გაიშლებოდა ფართო მინდორზედ...
და ჩვენ კი ხტომით, მღერით, ძახილით
მოვგროვდებოდით მთის ცივ წყაროზედ:
პირს დავიბანდით, ძილს დავიფრთხობდით,
მთის წყაროს წყლითა გავგრილდებოდით,
ვხტოდით, ვიძახდით, ვლაზღანდარობდით
და ზეზეურად დავნაყრდებოდით;
მერე ვმართავდით თამაშობასა:
ხან ქვას ვისროდით, ხან ბურთსა მაღლა,
და შუადღისა გოლვისა ჟამსა
ჩამოვრეკავდით ძროხასა დაბლა;
ალაზანშია ვყრიდით ძროხასა,
თან ჩავყვებოდით უკანაც ჩვენა...
ბევრიც სხვა ახსოვს ჩემ ბიჭობასა,
მაგრამ სად არის ეხლა ის ლხენა?!..
საღამოს ჟამზედ ისევ იმრიგად
ცეცხლსა ანთებულს მოვუსხდებოდით
და ისევ ზღაპარს გლეხურს მორიგად
თითოსა მაინც ყველა ვიტყოდით.
ის ზღაპრები მე გულს მიღონებდნენ
და აქამდინა დამრჩნენ ხსოვნაში,
ძველებურს დროსა შემაყვარებდნენ
იმ ჩემ მხიარულ ყმაწვილობაში.
ეჰ, მარტო ერთი იმ ზღაპებისა
ღვიძლ დედასავით მე შემეთვისა!
ის მე ბევრს რასმე გულს ჩამძახებდა,
ხან მომალხენდა, ხან მაღონებდა...
არსენა ჩვენი, ის მხნე არსენა,
ჩვენამდინ, ძამო, ზღაპრად მოსული,
ის იყო ჩემი ჯავრი და ლხენა,
ის იყო ჩემი გული და სული.
ეგრედ გონება ხალისიანი
არსენას ამბით მე მეზრდებოდა;
მიყვარდა მე ის კეთილდღიანი
და არსენობა მენატრებოდა.
ეგრედ მინდორზედ, ძმაო, ვყვავოდი
ჩემს ბიჭობაში შეუპოვარი,
ჩემს სახლ-კარზედა არა ვდარდობდი,
შინაურობის არ მქონდა ჯავრი!
მე ჯერედ ვიყავ პაწაწკინტელა
და მადლიერი ჩემ კეთილ დღისა
და მე მეგონა, რომ ჩემებრ ყველა
მადლიერია თავის ბედისა.
მე მამამყვანდა მხნე კაცი, მარჯვე,
დაუღლელი და ბეჯითი, გამრჯე;
თუმცა ხელმარტო ის ცოდვილობდა,
ჩვენ კაცებშია ბევრი არ სჯობდა.
იმ დალოცვილსა ვერვინ ასწრობდა
ვერც ხვნას, ვერც თესვას და ვერცა მკასა;
ღმერთიცა მართლა უხვად სწყალობდა
და წყალობითა უვსებდა სახლსა.
ეგრე იქმნება მუდამ, მეგონა,
მადლიერად და უნაღვლოდ მამა,
მაგრამ კი ბოლოს ის დააღონა,
მწარედ უმტყუვნა ბედისწერამა...
შენც, ძამო, ვიცი, გაგიგონია,
ყმის ბედი რარიგ სწრაფად იცვლება!
თუ ყმასა გუშინ ბედი ჰქონია,
არ იჯერებს, რომ დღესაც ექმნება.
ჩვენი წადილი, ჩვენი იმედი
ყოველთვის, ძამო, არის საფრთხეში,
გლეხკაცის და ყმის ლიტონი ბედი
ვერა, ვერ გასძლებს ბატონის ხელში...
დრო გადიოდა და თან მოჰქონდა
მამიჩემისა უბედურობა,

მამა თანდათან მიბერდებოდა,
ბოლოს წაერთო საწყალს მხნეობა!..
თუმცა კი შერჩა წადილი ძველი,
შრომის სურვილი იმ უბედურსა,
მაგრამ არც ღონე და აღარც წელი
აღარ მოსდევდა დროგარდასრულსა.
საბრალო მამა ჰხედავდა ცხადად,
რომ რამდენადაც ღონე  აკლდება,
ოჯახი უკან მიდის იმდენად
და სახლ-კარიცა სულ ეღუპება.
იმ სიბერესთან იმ უბედურსა
ერთი სხვა ჭირიც ზედ გამოება
და შეეყარა საწყალს, უძლურსა
გამუდმებული ციებ-ცხელება.
ეგრეა, ძამო, კაცის ბედი,
ის უკუღმართი, უღმრთო, წამწყმედი,
თუ ერთხელ ღერძი გადუბრუნდება,
სულ უკუღმართად დატრიალდება!
მაშინ შევიქენ მეც ოცის წლისა...
კვეხნით არ ვიტყვი, ბევრ ჩემ ტოლს ვჯობდი;
კარგად შემეძლო მოვლა სახლისა,
თუ გულს-მოდგინედ მივეშველოდი.
მაგრამ მე კიდევ ბატონსა ვყვანდი,
შინ არ მითხოვდა, არ მეშვებოდა,
მე იქ სხვისთვისა ჩემს თავს ვღუპავდი,
შინ კი ოჯახი მეღუპებოდა.
ერთხელ გამხდარი, გაყვითლებული,
ილაჯნაწყვეტი სნეულებითა,
საწყალი მამამო ხუცებული
ეახლა ბატონს თხოვნით, ხვეწნითა.
მხეცი რამ იყო ბატონი ჩვენი,
ერთი აჯამი, გულქვა, რეგვენი,
იმას კაცებრი გული არ ჰქონდა,
რომ მამა ჩემი შეჰბრალებოდა.
რა გავაგრძელო, თავადის-შვილი
კარგი რა არის, ავი რა იყოს?!
და მამა ჩემი გულმოწყვეტილი
იახლა ამგვარს უხამსსა ბატონს.
— შენი ჭირიმე, — უთხრა, — ბატონო,
სახლს ვერ გავუველ მე მარტოხელი...
დამითმე შვილი... არ დამაღონო,
არ დამიღუპო ოჯახი ძველი.

ბატონი

— რაო, რას ბოდავ?

მამა

— შენს სადღეგრძელოდ
ოღონდ ზაქარა შინ დაითხოვე,
რომ უკან წასულს ოჯახს ვუშველოთ,
და მერე თუნდა ჩიტის რძე გვთხოვე.
კულუხს, კოდის პურს, გადასახადსა
ერთი-ორადა მოგართმევთ შენა;
თუ დავაყენებთ ფეხზედ ოჯახსა,
არ გავექცევით სამსახურს ჩვენა.

ბატონი

— ეგ რომ არ იყოს, გაექცევოდი
შენ ჩემს სამსახურს, ჩემს ბრძანებასა?
ქოფაკო!.. ნუთუ მაგას ჰფიქრობდი,
რომ მიბედავდი ემაგის თქმასა?

მამა

— არა მქონია მაგის ფიქრი მე,
შენი რისხვაცა არ გამიწყრება...
მაგრამ მიბრძანე, შენი ჭირიმე,
რით გემსახურო, რაც არ მექმნება?
ღმერთი ხომ ჰხედავს, მე დავსნეულდი,
ღონე, ილაჯი გამიწყდა სრულებ...
მარტო ვერას ვიქმ, მთლად დავუძლურდი,
თორემ ჩემს შვილზედ არ შეგაწუხებ.
მინამ შემეძლო, სახლს ვინახავდი,
არც ღონე მშურდა და არცა ძალა,
დღედაღამ ოფლსა მე ვიწურავდი,
მაგრამ ეხლა დრო გამომეცვალა;
აწ არაქათი გამიწყდა სრულად,
უდროდ დავბერდი, ჯანი წამერთო,
ვეღარა ვუვლი ოჯახს ერთგულად,
თუმცა კი მინდა, ხომ ჰხედავ, ღმერთო!..
ოჯახი ეხლა მეღუპება მე,
კაი ოჯახი, კაი სახლ-კარი!..
ნუ! ნუ დაღუპავ, შენი კვნესამე,
მინამ პატრონი ცოცხალი არი. სიყრმით ჩამიკლავს მამულში თავი,
მანდ დამიღლია ძარღვი და მკლავი,
გამომიზრდია ჩემის ოფლითა,
ვაი-ვაგლახით, წვით და დაგვითა.
მძიმე უღელი მე მიწევია
ჩემის სახლ-კარის და ოჯახისთვის,
ამდენი ჯაფა გამიწევია
ნუთუ, ბატონო, ამ შავის დღისთვის,
რომ უდროო-დროდ, ადრე და მალე
მევე დავმარხო ჩემი გაზრდილი?
ნუ იქ მაგასა, შენ გენაცვალე,
ნუ მიზამ მაგას, დამითმე შვილი!

ბატონი

— მერე მე ძროხა ვის ჩავაბარო?
სადღა ვიშოვნი კარგ მეძროხესა?
ვერა, ვერ მოგცე შენი ზაქარო,
თუნდ სულ დაგენთქას ოჯახი დღესა!
ვერ უყურებთ ამ ქოფაკს, ჩერჩეტას!
მირჩევს, ჩემიო გერჩივნოს შენსას...
არა, ერთი, “მაქვს“ სჯობს ათასს “მქონდეს”...

მამა

— მე ჩემი მომეც, შენ შენი გქონდეს
და შენს სახელსა მტლად დავედები.

ბატონი

— გამეცა, ვირო, ნუ მეღრიჯები!

მამა

— რომ გაგეცალო, ვისღა მივმართო,
ვინ მომაშველებს ხელს დაღუპვილსა!
მარტომ ოჯახი როგორ მოვმართო,
თუ არ დამითმობ, ბატონო, შვილსა?
რა ვუყო, რა ვქნა, რა მეშველება,
მიბრძანე, შენი კვნესამე, შენი!

ბატონი

— თუნდ სულიც გაგძვრეს, არ მენაღვლება,
თავში ქვა იეც და ისა ჰქენი.

მამა

— შენ დალოცვილო, ქვა ვიცე თავში, —
რა პასუხია, როგორ იქმნება!..
ჩვენც ვურევივართ კაცებში, ხალხში,
ჭამა-სმა გვინდა, გვინდა ცხოვრება...

ბატონი

— სუ!.. შე ქოფაკო!... გაიკმიდე ხმა!..
ხმა... კრინტი-მეთქი!.. ძაღლო, თორემა
მე არ მივხედავ მაგ შენს სიბერეს
და უკან ჩაგჩრი ჯოხით მაგ სიტყვებს...

მამა

— როგორ თუ ჩამჩრი... კაცს შიმშილით მკლავ,
ცოცხალსა მმარხავ, ოჯახს მიღუპავ,
ბებერკაცს ლუკმაპური უწყდება,
შვილსა შიმშილით მამა უკვდება,
შვილს შეუძლიან მამის დარჩენა, —
და ამის ნებას არ აძლევ შენა!..
მე ჩემს ღვიძლ შვილსა აღარ მანებებ,
რომ შემინახოს სიბერის დროსა,
მართალს სიტყვასაც არ მათქმევინებ, —
ფუ, შენს სამართალს, შენს სამსჯავროსა!..
ეს იყო, ძამო!.. ამ სიტყვებმა ჰქმნეს
შვილის და მამის უღმრთოდ წახდენა...
შენ მეტყვი, რომ არ უნდა ეთქვა ეს,
მაგრამ რა ექმნა, აბა სთქვი შენა?
ეხვეწებოდა განა ცოტასა
იმ სულწაწყმედილს საწყალი მამა!..
მაგრამ როგორც ცივს რკინას და ქვასა,
ვერ დაულბო, ვერ, გული ხვეწნამა.
ისც კაცი იყო... ვერ მოუთმინა
იმედგაწყვეტილ, მოკლულმა გულმა,
და რაც შიგ ჰქონდა, სულ ათქმევინა,
უსამართლობამ წრიდამ გასულმა.
ჩიბუხის ტარით მამა ჩემს მტრულად

ეცა ურჯულო ბატონი ჩვენი...
უნდა კი გითხრა, რომ მამა სრულად
არ გალახულა თავისი დღენი.
საწყალი იყო თავისმომწონე,
სირცხვილმა გული გადმოუბრუნა...
თუმც აღარ ჰქონდა მკლავებში ღონე, მაინც კი ხელი შემოუბრუნა.
როგორ თუ ხელი მომიბრუნაო, —
“ბიჭო, როზგები! ბიჭო როზგები!”
და მამა ჩემსა მოხუცსა, ძმაო,
წამოეჭიდნენ მისივ მოძმები!..
როზგით მიცემეს მამა სნეული,

მამა

მოხუცი, პატივს ჩვეული...
იმისი კვნესა და მწუხარება
გულს მიკლავს ხოლმე, რომ მაგონდება...
არც უღონობამ, არც სიგამხდრემა,
არც სიბერემა, არც თეთრმა წვერმა,
არც კაცის და არც ღვთის სამართალმა
არ მიპატივეს ბებერი მამა!..
მაშინ იქ ვიდექ მე საცოდავი...—
გულამომჯდარმა წაიდუდუნა,
მერმე მწუხარემ მწუხარე თავი —
ამოიკვნესა და ძირს ჩაღუნა.
წამოხტა კაკო განრისხებული,
მას აერია სული და გული
და შეუტია მწყრალად ზაქროსა:
— შენ იქ იდექი, ამბობ, იმ დროსა
და იქამდინა მიუშვი მტერი,
რომ აცემინე მამა ბებერი?!
მითხარ, დედალო, რას აკეთებდი,
რას გეუბნოდა გული იმ დროსა?
იქ რომ მდგარვიყავ, ჩაგაძაღლებდი
ჯერ შენ და მერე იმ შენს ბატონსა!...
რას უყურებდი? ნუთუ სეირსა, —-
როგორ სწუწვნიდნენ მამა შენს სისხლსა!..
ფუ, შენს ნამუსსა, მამა შვილობას,
ფუ, შენს სახელსა, შენს ვაჟკაცობას!..

მამას გიკლავდნენ, არ იღებდი ხმას...
შენ იქ იდექი, გულით იძუნწე!
რა ოხრობასა აქნევდი მაგ ხმალს,
რომ ნაჭერ-ნაჭერ ხლმით არ აჰკუწე
სულწაწყმედილი შენი ბატონი!
ემაგ შერცხვენილ ხლმისა პატრონი
ჩემთან მოსვლასა როგორ ჰბედავდი?
ნუ მარცხვენ ყაჩაღს, გამეცა წადი...
შენ, ძმავ, ყაჩაღად არ ვარგებულხარ,
შენ დედაკაცად დაჰბადებულხარ!
ფუ, მაგ კაცობას!

მხედარი

— კაკო

, ნუ სწყრები! კარგად არ იცნობ ჯერ ხომ ზაქროსა?
ჩემს ტოლს ბიჭს არც მე დავუვარდები,
არც გავექცევი ხმალში კაკოსა.
ეგრე ადვილად ნუ არცხვენ ჩემს ხმალს
და იმის პატრონს ნუ მეძახი მხდალს.
ეგრე ნუ მძრახავ... მომიგდე ყური:
მაშინ იქ ვიდექ მე უბედური...
მინამ ბატონი ხელითა სცემდა,
როგორცა ძაღლი ხორცსა ვიგლეჯდი...
”მოჰკალ!” — რაღაცა ხმა მაძალებდა,
მაგრამ როგორღაც თავს ვიმაგრებდი.
მომეკლა, ვიცი, მამას მოჰკლავდნენ,
მკვდარსა თუ ცოცხალს კბილით შესჭამდნენ,
ამის მიზეზი მე ვიქნებოდი, —
და არ მომეკლა, უღმრთოდ სტანჯავდნენ,
ეგრე ორ ცეცხლში ვიმყოფებოდი.
მაშინ კი, როცა წამომიქციეს
და მოხუცებულს როზგი დამიკრეს,
თვალთ დამიბნელდა, ამენთო გული
მივვარდი თოფსა გამწარებული,
მხრიდამ გადვიგდე მაშინვე თექა,
და, რო ყვიროდა: ”დაჰკარ, დაჰკარი!”
მაშინ ჩემ თოფმაც გამოიჭექა
და შეუნგრია გულის ფიცარი
იმ ჩემს ბატონსა, ჩემს დამღუპველსა,
თავისთავის და სხვის წამწყმენდელსა.

კაკო

— შენი გამჩენის ჭირიმე, შენი!
ბიჭი ყოფილხარ, ხლმისა დამშვენი...
შენ დაგიკვეხოს შენმა მშობელმა —
რომ იმის ძუძუ შენ შეგრგებია,
აი დალოცოს ის ქრისტე-ღმერთმა,
ვისაც შენებრი დაჰბადებია!
ძამო, გამჩენის შენის ჭირიმე,
რაც წეღან გითხარ, ყველა დამითმე.
ლამის დამადნოს ჩემმა სირცხვილმა
და კაკო მ შენ წინ თავი დაიღოს.

მხედარი

— განა საქები არის, რომ შვილმა
თავისი მამის სისხლი აიღოს?
ამას იქმოდა ყოველი კაცი,
თუნდა მხდალი და თუნდა ვაჟკაცი.
ვით მეტი იყო წეღან ძაგება,
ისე მეტია ეხლა ეგ ქება.
მაგრამ, ეჰ, კაკო !.. მე მაგ სიკვდილმა
გულის ჭრილობა არ გამიმრთელა;
მამის გულისთვის გაწირულ შვილმა
მამას ვერაფრით ვეღარ უშველა.
მაშინ თავი არ მაგონდებოდა
და დაჭერისაც არ მეშინოდა...
მივვარდი მამას. .უსულოდ ეგდო!
მუხლი მომეჭრა, ცეცხლი მომედო!
ის საწყალი სულ დალურჯებული
ეგდო უძრავად, გაშეშებული!..
ვაიმე, მამა მე მომკდომიყო
როზგ ქვეშა უღმრთოდ, უზიარებლად!..
მაგრამ, ეჰ, ძმაო, რაც იყო, — იყო,
ჯოჯოხეთია მოსაგონებლად”.
და, რა სთქვა ესა, ზაქრო მწუხარედ
პირქვე დაეცა დადუმებული;
დიდ ხანსა ეგდო ეგრე მდუმარედ
გულში ვაების ცეცხლმოდებული.
ამ საწყალს შვილზედ კაკოც შეწუხდა,
ორივ წაიღო ერთმა ნაღველმა...
ამ ორს გულში რა ბალღამიც დუღდა,
წარმოიდგინოს თითონ მკითხველმა.

1860 წ., 11 დეკემბერს,
პიტერი.

 

ხელნაწერი: U:

ავტოგრაფები - № 140 (B); № 110 (C); M: № 17506 (D); U: კრებ. № 108, გვ. 134 (E).

ნაბეჭდი:

ჟურნ. “საქართველოს მოამბე”, 1863, № 10, გვ. 50 - 56 (G), ჩონგური, შედგენილი კ. ლორთქიფანიძისაგან, პეტერბურღი, 1864, გვ. 129 - 147 (H); ჟურნ. “ივერია”, 1879, № 5 - 6, გვ. 152 - 173 და “რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ”, ტფილისი, ა. ენფიანჯიანცის სტამბა, 1879 (I); გაზ. “დროება”. 1879, №167, გვ. 1 და № 168, გვ. 1 (J); თხზულებანი

ილია ჭავჭავაძის ა, I, ტფილისი, 1892, გვ. 101 - 124 (A); ორი პოემა... გამოცემა სპ. ჭელიძისა, №9, 1904 (K); ჩანგური, შედგენილი სპ. ჭელიძისა, ბათუმი, 1904, გვ. 339 - 360 (L); ქართველი მწერლები, წიგნი I. ი. გომელაურის გამო., თბ., 1906, გვ. 138 - 159 (m); ჩვენი მწერლობა, I. მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 47 - 49 (n); კაკო ყაჩაღი. რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან, თბილისი, ქ. შ. წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, № 82, 1907; რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ, ქუთაისი, ჭილაძის სტამბა, 1907.

სათაური:

*** “ნიავო, ჩემო ნიავო”... B; მოთხრობა ქისიყელისა C; ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდგან E; ერთი მოთხრობის დასაწყისი G; რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან J; ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან L; საღამო ალაზნის პირად n; - DE.

სათაურის ქვეშ:

შეუპოვარი C.

ხელმოწერა:

*** DGH; ილია ჭავჭავაძე I; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) K; - J.

თარიღი:

16 დეკემბერი, 1860 წელს, პიტერი C; 1860 წ., დეკემბ. 11 D; 1860 წ., 11 დეკემბერს, პიტერი E; დეკემბერი, 1860 წ. H; 1860 წ. AIn; - G.

ეპიგრაფი: - C.

ჩვენი ძირითადი ტექსტი ეყრდნობა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1892 წლის გამოცემას, მაგრამ ვითვალისწინებთ 1925 - 1951 წწ. გამოცემებსაც, რომლებშიც ავტოგრაფებიდან აღდგენილ იქნა 1892 წელს დაბეჭდილ ტექსტში გამოტოვებული სტრიქონი:

“საწყალი იყო თავისმომწონე” (ჩვენი გამოცემის გვ. 224, სტრ. 1).

1925 - 1951 წწ. გამოცემებში მართებულად არის გასწორებული კორექტურული შეცდომა, რომელიც ტექსტში აზრობრივ ცვლილებას იწვევდა.

1892 წ. გამოცემაშია:

დრო გადიოდა და თან მიჰქონდა *
მამიჩემისა უბედურება (გვ. 114, 17-18).
  *  ასეა 1914 წლის გამოცემაშიც, გვ. 174.
     
 

გასწორდა:

დრო გადიოდა და თან მოჰქონდა
მამიჩემისა უბედურება.

 

1892 წ. გამოცემაში: “და იქამდინა მიუშვი მტვერი” (გვ. 121, 16).

1914, 1925-1951 წწ. გამოცემაში გასწორდა: “და იქამდინა მიუშვა მტერი”.

 

წინამდებარე ტომში ეს სწორებები გათვალისწინებულია.

 

1925 - 1951 წწ. გამოცემებში პოემის ტექსტში შეტანილია სხვა ცვლილებებიც, რომლებიც ილიას ბოლო ნებას არ გამოხატავს და ამდენად ისინი გაუმართლებლად მიგვაჩნია. კერძოდ, ზემოხსენებულ გამოცემებში სხვა ვარიანტებიდან შეცვლილია სტრიქონი:

 

“ეგრეა, ძმაო, გლეხკაცის ბედი”, ნაცვლად ილიას ბოლო ნებისა: “ეგრეა, ძამო, კაცისა ბედი”. ასევე შესწორდა “მერე მდუმარემ მწუხარე თავი” ნაცვლად ილიას ნებისა: “მერმე მწუხარემ მწუხარე თავი”.

 

შეზდილა” შესწორებულია “შეზრდილა”; ბევრჯელ→ბევრჯერ; შინჯავდნენ-სინჯავდნენ; ბაშვი→ბავშვი; იქმნება→იქნება; რიგ-  რიგად→რიგრიგითა; გარშემო→გარშემო; ეგრედ→ეგრეთ. ჯერედ→ჯერეთ; გამიმთელა→გამიმრთელა; ხლმის→ხმლის; მერმე→მერე და სხვ.

 

U № 140 ხელნაწერისარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებით, ჩვენი გამოცემის ძირითად ტექსტში (A) შეტანილია სულ რამდენიმე შესწორება: 210, 17 მოჰსცა→მოსცა; 219, 22 იახლა→ეახლა; 227, 7 მომკდორიყო→მომკვდომიყო.

 

U № 140 ხელნაწერი წარმოადგენს ილიას დაუმთავრებელ მოთხრობას “კაკო”, რომელიც დაწერილია “კაკო ყაჩაღზე” ადრე, 1858 - 1859 წწ.

 

B ტექსტი მოთავსებულია სწორედ ამ მოთხრობის თავფურცლის (რომელიც ყდის მაგივრობას ეწევა) მეორე გვერდზე, ნაწერია და ნასწორები ფანქრით. შესაძლოა იგი იყოს შესავალი მოთხრობისა “კაკო” ან დაწერილი იყო პოემაში შესატანად.

 

B ტექსტს წინ უძღვის (გვ. 1) ერთსტროფიანი ლექსი, ხელმოწერით: “ილ. ჭავ.” იგი მელნით არის ნაწერი:

 

დარდთა მოთქმითა,
ნაღვლიან ხმითა,
თუ მიგდებ ყურსა,
მოგილხენ გულსა.


შემდეგ მოდის B ტექსტი, რომლის პირველი სტროფი გადახაზულია:


ნიავო, ჩემო ნიავო,
ნუ სჩაგრავ ტყეში ობოლსა.
მსტვინავო ჩიტო, მსტვინავო,
შენ უალერსე კაკოსა!
სუნბულო, ჩემო სუმბულო,
უჩემოდ შორსა ნუ ჭკნები,
ბულბულო, ჩემო ბულბულო,
[მოაკლე ეულს] დარდები!
ბულბულო, ჩემო ბულბულო,
გაიზეპირე სიტყვები,
უთხარ, უმისოთ უსულო
ცრემლებად ვცვი[ვი] და ვშრები!
ღრუბელო, აღმა მავალო,
ის კაკო გებრალებოდეს,
მე კისრად ვიღებ, დამსხნელო,
რაც იმას ემართლებოდეს.
ნიავო, ჩემო ნიავო,
ნუ სჩაგრავ ტყეში ობოლსა,
ღრუბელო, ცაზედ მფრინავო,
ნუ ემუქრები კაკოსა.
ღრუბელო, შავო მცურველო,
უსახლო გებრალებოდეს,
მე კისრად ვიღებ, ღრუბელო,
რაც იმას ემართლებოდეს.

 

1925 - 1951 წწ. გამოცემებში ამ ტექსტში ცვლილებებია შეტანილი (იგი დაბეჭდილი ვარიანტების განყოფილებაში სათაურით “პირვანდელი ესკიზები პოემისა “ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ”). კერძოდ, “სუნბულო”-ს ნაცვლად წერია “სუმბულო”; ჭკნების→ჭკნები; უმისოთ→უმისოდ; კაკო→ბიჭი; დამსხნელო→დამხსნელო.

 

თუ რატომ არ შეიტანა ეს ლექსი პოეტმა “კაკო ყაჩაღში” ან რატომ არ დაბეჭდა იგი საერთოდ, ამის შესახებ კიტა აბაშიძე სამ შესაძლებლობას უშვებს:

 

1. ილია რეალისტური მიმართულების წარმომადგენელი იყო, ამიტომ ცდილობდა არ გემოემჟღავნებინა პირადი რომანტიკული დამოკიდებულება თავის გმირისადმი. “შესაძლოა ამ მოსაზრებით ილიამ უხერხულად მიიჩნია ამ ლექსის ჩართვა პოემის სათაურში და მით უფრო - მოთხრობის შესავალში.

 

მაშინდელ ლიტერატურულ მოთხოვნილებას არ შეესაბამებოდა... ის გენიალური დარღვევა ლიტერატურული მოდისა, რომელიც კიდევ მეტ ფასს დასდებდა მის მომაჯადოებელ პოემას და სახელგანთქმულ მოთხრობას”.

 

2. შესაძლოა ილიამ ტექნიკურად ვერ გადაწყვიტა, სად მოეთავსებინა ის - პოემაში თუ მოთხრობაში.

 
3. ილია ყოველგვარ დაბრკოლებას გადალახავდა, მაგრამ ცენზურა ძნელად მოსარევი იყო. “ეს ლექსი ცენზურას შეეძლო “ყაჩაღობის” ხოტების შესხმად მიეღო, მის გამართლებად”. ამ დროს ილიას არ აპატიებდნენ “ყაჩაღის” მოფერებას და მის თანაგრძნობას. ამიტომ კ. აბაშიძეს ეს ახსნა ყველაზე საფუძვლიანად მიაჩნია: სწორედ ცენზურის გამო ვერ შეიტანა ვერსად ილიამ ეს ლექსი და ვერ დაბეჭდა საერთოდ.  *    * კიტა აბაშიძე, ილია ჭავჭავაძე (კრიტიკული მიმოხილვა). 1914, გვ. XCI. ). - ილია ჭავჭავაძის თხზულებანი, ტ. I, 1914, გვ. XCI.
 
C პატარა, ყავისფერ მუყაოს ყდაში ჩასმული უხაზო ფურცლებისაგან შემდგარი წიგნაკია, გვერდებნაკლულია, ნაწერია ხან ფანქრით, ხან მელნით. პირველი ფურცლის მეორე გვერდზე გადახაზულია სტრიქონები:

 

გაკვირვებული დარჩა მეურმე,
რაღაც ფიქრითა თავი ჩაღუნა,
და, გაიქნივა რა თავი მერმე,
შურით ხარს შოლტი გაუტყლაშუნა.
და მერე ისევ უფრო მწუხარედ
თვისი სიმღერა დაიღუღუნა,
იმ ბანს აძლევდა...

 

აქ წყდება ტექსტი. შემდეგ იგი კვლავ მეორდება ბოლო სტრიქონის გარდა, მხოლოდ გადახაზული აღარ არის. წიგნაკის მეორე ფურცლიდან იწყება პოემა, რომელშიც შავი მელნით არის შესრულებული. აქა-იქ კი ფანქრითაა ნასწორები. სათაურად აწერია “მოთხრობა ქისიყელისა”, ხოლო სათაურს ქვეშ მიწერილი აქვს: “I. შეუპოვარი”. ტექსტს ეპიგრაფი არა აქვს. იგი თავებად არის დაყოფილი მხოლოდ მე-5 თავამდე.

 

D ავტოგრაფს დასაწყისი აკლია. ნაწერია პატარა ფორმატის უხაზო რვეულში. თავზე აწერია: “გაგრძელება”. ტექსტი წარმოადგენს პოემის ბოლო ნაწილს და იწყება სიტყვებით: “მხეცი რამ იყო ჩემი ბატონი” (გვ. 219).

ილია ჭავჭავაძის თხზულებანი, ტ. I, 1914, გვ. XCI. E ავტოგრაფი სუფთად ნაწერი ტექსტია, მაგრამ, A-სგან განსხვავებით, მასში საგრძნობლად შემოკლებულია ცალკეული ადგილები (დაწვრილებით იხ. ქვემოთ ვარიანტებში).

ნაბეჭდი ტექსტები ასეთ სურათს იძლევა:

G ნაწყვეტია და თანხვდება A-ს. იწყება თავიდან და წყდება სტრიქონზე: “ეხლანდელ დედამ ვეღარ გაზარდოს “ (გვ. 214).

H მცირეოდენ სხვაობებს იძლევა A-სთან. დაბეჭდილია დასაწყისი, რომელიც მთავრდება სტრიქონით: “იახლა ბატონს თხოვნით, ხვეწინითა (გვ. 219).

I სრული ტექსტია, A-ს მისდევს მცირეოდენი სხვაობით.

J-ში ტექსტი დაბეჭდილია სტრიქონიდან “მაშინ შევიქენ მეც ოცის წილისა” (გვ. 219).

n-ში ორი ნაწყვეტია: გვ. 47-ზე დაბეჭდილია ზაქროს ბავშვობა (სტრიქონიდან “მაშინ თორმეტი წლისა ვიყავი”, ვიდრე სტრიქონამდე “მადლიერია თავის ბედისა”). გვ. 49 ნაწყვეტია, სათაურით “საღამო ალაზნის პირად” (სტრიქონიდან “სამშობლოს ცასა” - ვიდრე სტრიქონამდე “თვისი სიმღერა დაიღუღუნა”).

პოემა პირველად სრულად დაიბეჭდა ჟურნ. “ივერიაში” 1879 წელს, № 5-6. სქოლიოში ვკითხულობთ რედაქტორის შენიშვნას: “ამ პოემის პირველი ნაწილი დაბეჭდილი იყო “ჩონგურში”, ეხლა იბეჭდება მთლად და ამის გამო ამ ნაწილის გადმობეჭდვაც საჭიროდ დავინახეთ”.

 “დროების” (J) სქოლიოში კი წერია: “პოემის დასაწყისი დაბეჭდილი იყო “ჩონგურში”, აქ იბეჭდება ბოლო”.

 CE-ში ზაქროს ნაცვლად ყველგანაა მხედარი. მათ ვარიანტების ჩვენების დროს აღარ აღვნიშნავთ:

208. 1 სამშობლოს] სამხრეთის C; 2 მწუხრის] ღამის CE. 3 და მთვარის შუქზე მთებისა] და მაღალ მთების მობნელე CE. 5-6 მუდამ მჭმუნავი... ვიდოდა] მთვარე მჭმუნავი, ხელმწიფურად მომდინარობდა E. 6 მთვარე... ვიდოდა] ხელმწიფურადა მომდინარეობდა C. 9 შორნი მნათობნი] ტურფა ვარსკვლავნი CE. 11 მდუმარს ქვეყანას] და ერთმანეთსა C. მდუმარე მთებსა E. 12 ზედ დაჰხაროდნენ] ეთამაშოდენ C.

209. 2 ველს მშვენიერსა] ალაზნის ველსაც CE. 3 მხოლოდ] ხოლოდ CE. 7 მარტო მთაი] იქ მთა მარტო CE. 8 დაფიქრებული] დაღონებული C; ჩაფიქრებული E. 9 ყველას ეძინა, დღით ჰფეთქავს რაცა] არრა ისმოდა... არც ფეხის ხმაცა CE. 11 მხოლოდ კი] მხოლოთღა C. მხოლოდდა E. 12 მიჭრიალებდა] ჭრიჭინით ვლიდა CE. 14 დაღუღუნებდა] ველს გაჰსძახებდა CE. 15-18 ღუღუნი იგი... ქარი] შორს გაისმოდა ხმა ზარივითა დაგვიანებულ იმ მეურმისა CE; ოხ, ბევრჯელ, ბევრჯელ მაგრამ მღერითა გამქარვებია გესლი ჭმუნვისა C; - E; სავსე იყო სრულ სიმარტივითა CE; გლეხური დარდი მისი მღერისა C; კვნესა და დარდი იმ სიმღერისა E; C-ში გადახაზულია: “ოჰ ბევრჯელ, ბევრჯელ მაგგვარ მღერითა გამქარვებია გესლი ჭმუნვისა” 20. ასკუპა] მოსხლიტა CE. 21 იგი ურემს ~ CE. 24 თამამად] ამაყად E. 35 ვხედავ] გხედავ E.

210. 1 ბევრს] ბევრ E. 2 მაინც, თუ] ცოტათ E. 4 შენს ქურანს] ემაგ შენს E. 6 - 9 მალია... ხელი - E. 15 უცებ] მარდად E. 17 მოსცა] მისცა E. 18 - 19 თითქო... შენ] გაკვირვებული დარჩა მეურმე, ცხვირში რაღაცა E. 25 უწინ ყაჩაღის იყო საფარი] ყაჩაღებისა ერთგული ფარი E. 28 ბღაჭიაშვილი] ბღაჭაშვილიო] C; C-ში 28-ე სტრიქონიდან ტექსტი პირდაპირ გადადის გვ. 211-ის მე-11 სტრიქონზე “წამოხტა კაკო...”

211. 3 შეჰკრთა, აცქვიტა] შეკრთა, აცქვიტნა E. 4 თავი აიღო და გაიხედა] აქედ იქით მიმოიხედა E. 5 მერე] მერმე E; იწყო] მოჰყვა E. 6 ერთ ალაგსა] ერთსა ალაგს E. 7 უცქერდა] უჭვრეტდა E. 10 დააფრთხობინა] დააფთხობინა E. 15 რისთვის ... მტრადა] მოყვარე ხარ თუ მოსული მტრადა C. 16 მხედარი - C. 17 მოყვრად, გულფიცხო] მოყვარე, სთქვა მან C.

C-ში ამის შემდეგ მოდის გვ. 212-ის მე-11 სტრიქონის ტექსტი: “კაკო: ხოშ[1]გელდი, ძმაო!” რომელიც უკვე ფანქრითაა შესრულებული (მანამდე მელნითაა ნაწერი). 5 - 9 მომწონს ეგ სიტყვა... ჭირი და ლხენა - E. 16 სადც მიღამდება] სად მიღამდება C, სადაც ღამდება H.

213. 1 მყვანან რკინისა] მახლავს ერთგული C; მე თანა მყვანან] ჩემთან ჩვეულნი მე მყვანან E. 3 არც მიმტყუნებენ, არც ვემტყუნები] ამათ არასდროს არ გავეყრები C. 4 მკლავი] სული C. 6 როგორც რომ] როგორცა E. 9 - 12 ამათ... ერთგულებს ზედა - C. 10 არ აიყრიან] არა იყრიან H. 13 ჩემი სიმდიდრე აი ეს არი] აი, სიმდიდრე ჩემი, ეს არი!... E. 17 ჩამოხედ ბინას გაჩვენებ] ბინას გაჩვენებ, ჩამოხედ, C. 22 წამოჰყარა] წამოჰყვარა C. 23 მაგრად] ნაზად C. 25 ჩაკრული უკან ~ C. 26 სავსე] ცხენით CE. 32 - 33 სტრიქონებს შორის (“და მოეწონნენ”... “მივიდნენ წყნარად...”) C-ში არის (გადახაზულია):

წავიდეთ ძმაო, უთხრა კაკომა,

შენ დაღლილი ხარ შორის გზიდამა,

ხის ძირს დასხდნენ ორივე ერთად...

33 მივიდნენ წყნარად და ხის ძირს] მივიდნენ ხის ძირს და ორნივ C; წყნარად] მერე E.

214. 1 ერთმანეთს თითქო] ერთი ერთმანეთ C. ერთი ერთმანეთს E. 2 ბოლოს კი] და დაბოლოს CE. 4 დამძრახავ] დამძრახამ CE. 6 ჩემთან მოსვლა რამ გაგაბედვინა?] ვინ მოგასწავლა ეს ჩემი ბინა C; ან რად მოსულხარ, რამ დაგაშინა E. 8 C-ში სიტყვების - “შენი გაცნობა” - ზემოთ მელნით ეწერა: “შენი გაცნობა ძნელი არ არის, შენი ამბავი შორს ზღაპარად გადის, შორს გავარდნილა შენი სახელი”, გადახაზულია. მე-15 სტრიქონის (“ზღაპრად მიუვა ჩვენს შვილიშვილებს”) შემდეგ C-ში გვ. 215-ის I სტრიქონამდე (“ჯერ არ მენახე”...) გამოტოვებულია ტექსტი . 20 - 23 რომ ბედში... დაჩაგრულია - E. 26 - 27 გლეხკაცის... უტარებია] გლეხკაცის დარდი, გლეხკაცის ლხენა იმ ბიჭსა გულში უტარებია E.

215. 2 შენი ცხოვრება] შენი ნახვა მე E. 4 მენანებოდა] მებრალებოდა E. 6 დამიტრიალდა... ბედი] უკუღმა ბედი დამიტრიალდა C. 6 - 7 სტრიქონებს შორის (“დამიტრიალდა”... “ყური მომიგდე”) C-ში წერია: “გულში ამენთო მე ჯოჯოხეთი და კაცი ვინმე მე შემომაკვდა”. 9 ერთ დროს] წინად C; ბოლოს E. 11 მაშინ... ვიყავი] თორმეტი წლისა მაშინა ვიყავი C. 15 დაჩაგრდა] დაძმარდა C. 16 უმშობლოდ] მეძროხედ E. 17 ჰლხინობდნენ] მღეროდნენ C. 17 - 18 სხვები... მშრებოდა] ბაშვი მამასთან სიყრმით ჩვეული, რაღა თქმა უნდა, დაღონდებოდა E. 18 ცრემლისა თვალზედ] ცრემლის თვალზედა C. 23 მრცხვენოდა] მცხვენოდა C. 24 ამხანაგებს] ამხანაკებს E. 25 მივუჯდებოდი] მიუჯდებოდი C. 31 ჩემს ყოფას მალე] მერე ჩემს ყოფას C. 33 ჩემს სახლ-კარზედა] ჩემ მშობელზედა C, და ჩემ მამაზედ E.

216. 1 ძმაო, რა ტკბილად] და ჩიტივითა, უდარდელადა C. 3 საფიქრელად] სატანჯველად C. 3 - 4 არარა მქონდა... არ მაძალებდნენ] რად მომცა დღენი მაშინ სალხენად ღმერთმა, თუ ბოლოს გამწარდებოდნენ F. 5-დან (“ძროხას ვუვლიდით”...) 218-ის 6-მდე (“მე მამა მყვანდა”) – E. 9 დაწვებოდა] ჩაქრებოდა C. 12 ყველანი] მაშინვეC. 13 და დავაბამდით] დავაბამდით ჩვენ C. 14 ტყის პირს] ტყეში C. 24 და დილის ტკბილსა] დილისა ტკბილის E. 26 მთა-ბარი] ტყე, ველი C. 31 სხვა იქ] ზოგი H. 35 ჩვენ კი ხტომით] ჩვენ მღერითა C.

217. 1 ძილს დავიფრთხობდით] ვაფრთხობდით ძილსა C. 3 ვხტოდით...] შიგ ჩავაგდებდით ტიკს გაბერილსა C. 5 ვმართავდით] ვმართამდით C. 8 ჩამოვრეკავდით] ჩამოვრეკამდით C. 18 აქამდინა დამრჩნენ ხსოვნაში] აქამდისა შემჩენ ხსოვაში C. 20 მხიარულ] უდარდელ C. 21 - 28 ეჰ, მარტო ერთი... გული და სული].

ჩვენი ნაქები ყველა გათქმული
არსენა თვალწინ წამიდგებოდა,
ათრთოლდებოდა პატარა გული
და არსენობა ენატრებოდა.
ქოროღლობასაც მაშინ ვფიქრობდი,
იმის ცხენისა სიკეთე მშურდა,
და რაკი ძარღვში ღონესა ვგრძნობდი,
კაი სახელის მოხვეჭა მწყურდა. C.

24 ხან მომალხენდა, ხან მაღონებდა ~ H. 30 მე მეზდებოდა] გამეზრდებოდა H. 30 - 34 არსენას ამბით... ბიჭობაში შეუპოვარი] იმ ზღაპრებითა გაიზდებოდა და ჩემი დილა კეთილდღიანი ღრუბლითა დიდხანს არ ბნელდებოდა C.

218. 3 და მადლიერი...] და ბედნიერი მადლიერ ღვთისა C. 4 რომ ჩემებრ] ჩემსავით C. 7 დაუღლელი და] დაუღალავი E. 9 ბევრი არ] არავინ C. 12 უხვად] იმას CF. 14 იქმნება] ვიქნებით C. 15 მადლიერად...] მადლიერები შვილი და მამა C. 16 ის დააღონა] ჩვენ დაგვაღონა C. 17 უმტყუვნა] გვიმტყუნა C. 19 რარიგ] როგორც C. 20 ყმასა გუშინ] ყმა გუშინა CEH. 21 არ] ნუ C. 24 - 25 გლეხკაცის... გასძლებს] და საწყალ ყმისა უბრალო ბედი დიდხანს ვერ გაძლებს C; ლიტონი] EH. 30 თუმცა კი შერჩა] თუმცა შერჩა ისევ C. 32 აღარც] არცა C. 33 დროგარდასრულსა] მოხუცებულსა C. 33 - 34 სტრიქონებს შორის (“აღარ მოსდევდა”... “საბრალო მამა”) C-ში წერია:

რომ გლეხიკაცი ორჯელა კვდება,
ძმავ შენც გექნება გაგონებული:
პირველად, როცა ღონე აკლდება,
მეორედ, როცა ერთმევა სული.

34 საბრალო მამა] მამაჩემიცა C. 34-იდან (“საბრალო...”)

219, 2-მდე (“და სახლ[1]კარიცა”...) – E. 35 რამდენადაც] რამდვენადაც C; აკლდება] უკვდება C. 219. 1 იმდენად] იმდვენად C. 3 უბედურსა] განწირულსა E. 7 კაცისა] გლეხკაცისა C. 9 გადუბრუნდება] გაუბრუნდება C. 10 სულ უკუღმართათ დატრიალდება] ძნელად [....] ზედ გამაჰყვება C. 17 სხვისთვისა] უსაქმოდ CE. 18 შინ კი...] მამას კი შემწე ენატრებოდა CH; მეღუპებოდა] გვეღუპებოდა E. 19 - 22 ერთხელ... ხვეწნითა - C; 21 - 22 საწყალი ... ხვეწნითა] იახლა ბატონს მოხუცებული, საბრალო მამაჩემი ხვეწნითა EH. 24 ერთი, აჯამი გულქვა....] უჯათი, გულქვა, უღვთო C. 25 იმას] ამას D; კაცებრი] კაცისა CDE. 27 რა... თავადის-შვილი] ერთი სიტყვითა თავადიშვილი CE. 28 ავი] ცუდი CDE. 30 ამგვარს უხამსსა ბატონს] ბატონს თხოვნით, ხვეწნითა I; უხამსსა] აჯამსა CDE. 32 გავუველ] აუველ D. 33 დამითმე] მომეცი C, მიბოძე D.

220. 2 რას ბოდავ] რა გნებავს D. 5 ზაქარა] ზაქრო DE. 7 მერე თუნდა] მერმე თუგინდ DE. 9 ორად] ორათა D. 13 ეგ რომ] თუ ეგ CDE; გაექცევოდი] გაექცეოდი D. 14 შენ ჩემს სამსახურსა CE. 15 - 16 ქოფაკო... თქმასა] განა ქოფაკო? თუ მაგ ფიქრობდი, მიწაში ეხლავ დაგფლამ ცოცხალსა C; განა ქოფაკო!... თუ მას ფიქრობდი, ეხლავ მიწაში ჩაგფლავ ცოცხალსა DE. 21 მექმნება] მექნება D. 24 ვიქმ] CD; მთლად] სულ CE. 26 ვინახავდი] ვინახამდი D.

221. 1 ვიწურავდი] ვიწურამდი D. 3 აწ] მე CDE. 5 ვეღარა ვუვლი] ვეღარ ვმსახურობ C; ვეღარ მოუვლი D. 7 ეხლა] სრულად C. 8 კაი] ვაი D. 10 არა] არის D. 11 - 22 სიყრმით ჩამიკლავს... დამითმე შვილი]

შენი ჭირიმე, გთხოვ მე ამასა,
ბატონო, შვილი დამათხოვინე,
რომ უპატრონოს სნეულ მამასა
და შენი თავი დამალოცვინე CDE.

D-ში “და”-ს ნაცვლად არის “მე”). 13 ჩემის ოფლითა] ეგ ჩემის ოფლით E. 14 წვით და დაგვითა] დაგვით, შრომითა E. 16 ჩემის... ოჯახისთვის] ჩემ სახლ-კარისთვის, ჩემ ოჯახისთვის E. 17 ამდენი ჯაფა] ამთვენი შრომა E. 22 დამითმე] მომეცი E. შვილი] + და შენს სახელსა მტლად დავედები E. 25 ვიშოვნი] ვიშოვი D. 26 ვერა... ზაქარო] ვერ[1]ვერა მოგცე შენ მე ზაქარო C. მე შენ D. 28-დან გვ. 222-ის 4-მდე ვერ უყურებთ... ბატონო] მე შენ სახლ-კარსა, შენს ოჯახსაცა, მაგ შენ ჩერჩეტა ქოფაკ თავსაცა, მე მირჩევნია ჩემი ძროხები E; წადი, გამეცა, ვირო, ნუ სცდები C. წადი, ქოფაკო, ნუ მეღრიჯები D.

222. 1 - 5 მამა... მეღრიჯები] – D. 7 ვისღა] ვიღას C. 8 მომაშველებს] გამიმართავს CDE. 14 თუნდ... მენაღვლება] მეტი ჯავრი მე ნუღარ მექნება C; არ] რა D. 15 ისა] ისე D. 18 იქმნება] იქნება D.

223. 2 - 5 სუ! შე ქოფაკო... სიტყვებს]

ხმა ჩაიწყვიტე, ქოფაკო, ეგ ხმა,
ხმა გაიკმიდე, ძაღლო. თორემა
მე არ დავხედავ მაგ შენს სიბერეს
და ჯოხით უკან ჩაგჩრი მაგ სიტყვებს CD.

7 მკლავ] მკლამ CDE. 8 მმარხავ] მმარხამ CD. მიღუპავ] მიღუპამ CD. 9 - 10 ბებერ კაცს... უკვდება - C. 10 შვილსა შიმშილით მამა] მამა შიმშილით შვილსა D. 11 მამის] ჩემი C; მამის] მისი D. 12 ამის] იმის C. 14 შემინახოს] გამომზარდოს CDE. 15 მართალს] მართალ E. 18 უღმრთოდ] უღვთოდ CD. 20 აბა სთქვი] მითხარი D; მიბრძანე C. C-ში 20 - 21 სტრიქონებს შორის (“მაგრამ”... “ეხვეწებოდა”) წერია:

ბებერ ცხოვრების ილაჭს ართმევდნენ,
[....] შვილს მამა ევედრებოდა,
შვილსაც კი ნებას ის არ აძლევდნენ,
რომ იმ უბედურს მიშველებოდა.

22 საწყალი] საბრალო C. 23 როგორც ცივს რკინას და ქვასა] როგორცა უგულო ქვასა CE. 26 მოკლულმა] მოწამლულ CE. 28 უსამართლობამ] უსამართლობით C.

224. 5 მომიბრუნაო] შემიბრუნაო CD. 8 წამოეჭიდნენ მისივ მოძმები] წამოეჭიდნენ თვით გლეხები E; გამოეკიდნენ ის უღვთოები C; შეაჭიდნენ ის უღვთო ბიჭები D. 11 იმისი კვნესა] იმის კნავილი C. 12 მიკლავს] მიკლამს C; რო] რომ D. 13 - 14 (“არც უღონობამ”... “არც სიბერემა”...) სტრიქონები D-ში გადახაზულია, CE-ში კი გადაადგილებული. 15 და არც] არცა C. 16 მიპატივეს] გიპატიეს D; ბებერი] საწყალი C; 18 გულამომჯდარმა] გულ ამომჯდარად CD. 19 მერმე მწუხარემ მწუხარე] მერეთ მწუხარედ, მდუმარე CD. 20 - 21 სტრიქონებს შორის (“ამოიკვნესა”...) “წამოხტა”) C-ში წერია: “ფუ, შენს კაცობას, კაცისშვილობას, ფუ შენს სახელსა, შენს ვაჟკაცობას. 22 აერია] აემღვრია E. 23 შეუტია] შეუტივა CDE. 24 იდექი] იდეგი E. 27 მითხარ, დედალო] მითხარი მხთალო CE; მითხარი, მხდალო D. 31 რას... სეირსა] შენ უყურებდი მარტო სეირსა D; ნუთუ] მარტო E. 32 სწუწვნიდნენ] სწუწნიდნენ D. 33 - 34 ფუ, შენს ნამუსსა.. შენს ვაჟკაცობას - C; 33 ნამუსსა...] კაცობას, კაცისშვილობას DE.

225. 1 გიკლავდნენ] გიკლამდნენ D. 2 იდექი] იდეგი E. 6 - 7 ემაგ შერცხვენილ... ჰბედავდი] ჩემთან მოსვლასა როგორ ჰბედავდი, ემაგ შერცხვენილს ხლმისა პატრონი? CD. 9 შენ, ძმავ, ყაჩაღად] შენ ყაჩაღადა CDE. 9 - 11 შენ, ძმავ... კაცობას] მე შენი ვიყო, თავს მოვიკლავდი ან თავზედ ლეჩაქს დავიხურავდი, წადი, გამეცა C. 11 ფუ, მაგ კაცობას] წადი, გამშოდი D. 16 არც გავექცევი ხმალში] და არც შევარცხვენ მხთლობით CD. 18 მეძახის მხდალს] ეძახის მხთალს D. 18 - 19 (“და იმის”... “ეგრე ნუ მძრახავ”) სტრიქონებს შორის C-ში გადახაზულია: “ყური მომიგდე, მე საცოდავი, მაშინ შორს ვიდექ, მე მომესმა ხმა; გავხედე, ვნახე მე ის ამბავი”. 19 ეგრე ნუ მძრახავ] ნუ მძრახავ, ძმაო CD. 21 ბატონი ხელითა ~ D. 23 “მოჰკალ”... მაძალებდა] მოკალ... ჩამძახებდა D. 26 მკვდარსა...] ცოცხალს თუ მკვდარსა კბილით დაჰჭამდნენ C; შეშჭამდნენ D. 27 ამის] მაგის CD. 28 უღმრთოდ სტანჯავდნენ] უღვთოთ სტანჯავდნენ D. 30 მაშინ კი, როცა] როცა კი მამა CDE.

226. 1 ამენთო] მომიკვდა CD. 3 მხრიდამ გადვიგდე ~ CD. 4 რო] როს E. 7 იმ] ამ D. 8 წამწყმენდელსა+მაშინ თავი არ მაგონდებოდა და დაჭერისა არ მეშინოდა C, - გადახაზულია. 11 ბიჭი ყოფილხარ] ბიჭი ხარ, ბიჭი E. ხლმისა] ხმლისა D; ბიჭის C. 15 ვისაც შენებრი] ვისც შენი მზგავსი E. 15 - 16 ვისაც შენებრი... შენის ჭირიმე] ვისც შენთვის ძუძუ უწოვებია, შენი გამჩენის, ძმაო ჭირიმე CD. 24 ვაჟკაცი] მამაცი C. 25 - 26 ვით... ქება - C. 25 ვით მეტი იყო] როგორც მეტ იყო E.

227. 7 ვაიმე, მამა...] საწყალი მამა მომკვდარი იყო C. 8 როზგქვეშა უღმრთოდ, უზიარებლად - C. 10 ჯოჯოხეთია] მე მეძნელება DE. 13 - 17 დიდხანსა ეგდო... ბალღამიც დუღდა] მის მიხედვით თვით კაკოც შეწუხდა, სულ გაიტაცა ზაქროს ნაღველმა, რა ცეცხლიც ამ ორ გულშია დუღდა C; 14 - 18 გულში ვაებით... თვითონ მკითხველმა]

თავის ტანჯვებში მარტო დანთქმული,
ზაქროსავითა კაკოც შეწუხდა,
ორნივ წაიღო ერთმა ნაღველმა;
რაც ცეცხლი ამ ორ გულშია დუღდა,
წარმოიდგინოს თითონ მკითხველმა! D.

 

 

 

   
  თუ რამ შთააგონა პოეტს ამ პოემის დაწერა, ამის შესახებ მოგვითხრობს ილიას სიყრმის მეგობარი კოხტა აბხაზი (1838 -1913): “...კაკო ყაჩაღის” შესახებ მახსოვს კარგად, რომ კაკო პირდაპირ ცხოვრებიდან არის აღებული. კაკო გახლამთ ერთიკარდანახელი გლეხი, ვინმე გაუხარაშვილი*, რომელმაც მართლა ესროლა თავის ბატონს (რომელიღაც ვაჩნაძეს) და ყაჩაღად გვარდა, იმალებოდა კარდანახის ტყეში და გამვლელ-გამომვლელს სცარცვავდა. ხმა და სახელი დიდი ჰქონდა გავარდნილი. ერთხელ ილია სწორედ იმ გზით მოდიოდა ჩვენსა კარდანახში, თან ახლდა მოსამსახურე ბიჭი. უცბად ერთ ალაგას წინ გადასდგომია შეიარაღებული გაუხარაშვილი და შეუჩერებია, გამოუკითხამ ვინაობა და მოგზაურობის მიზანი. რომ გაუგია ჭავჭავაძის გვარი, უკითხამ: ჭავჭავაძეს კრადანახში რა უნდაო? ბიჭს აუხსნია, რომ კარდანახში თავის ნათესავ აბხაზიანთსა მიდისო. მაშინ ყაჩაღს თოფი დაუშვია ძირს და ილია მიუწვევია თავის ბინაზე, კარგად გამასპინძლებია და დაუთვრია კიდეც. ასე რომ, როდესაც ილია ჩვენსა მოვიდა, ბარბაცებდა და მარტო იმას გაიძახოდა ენის ბორძიკით: “დამაძინეთ, დამაძინეთო!” მეორე დღეს კი გვიამბო თავის თავგადასავალი. ხოლოდ დაუმატა, რომ გაუხარაშვილი სულ ბატონებს სწყევლის და აგინებსო” (ლიტერატურული მემკვიდრეობა, ტ. I, 1935. გვ. 565). მართლაც, ყაჩაღთან შეხვედრას გავლენა უნდა მოეხდინა პოეტზე. ამას პოემის თავდაპირველი სათაურიც გვაფიქრებინებს - “მოთხრობა ქისიყელისა”. გაუხარაშვილიც კარდანახელი იყო. მაგრამ პ. ინგოროყვას აზრით, “კაკო ყაჩაღში” ილიამ მაინც მხატვრულად განზოგადოებული სახე წარმოადგინა. მისი პროტოტიპი პირველ ყოვლისა არსენა უნდა იყოს, რადგანაც კაკო, მართლაც, არსენას ორეულიაო**. პოემას ვათარიღებთ E ავტოგრაფის მიხედვით.     * არსებობს ცნობა, რომ გაუხარაშვილი იგივე გლეხი ივანე ჩალათაშვილია, რომელსაც საცოლის გამო მოუკლავს თავადი ვაჩნაძე და ყაჩაღად გავარდნილა, - იხ. ალ. მღვდლიაშვილი, “ილია კარდანახში” ჟურ. “დროშა”, 1968, № 8, გვ. 15

** ილია ჭავჭავაძე , თხზულებათა სრული კრებული, ტ. 1, 1951. გვ. 373-374.