The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ჩიტი
ჩიტი

ჩიტი

(თარგმანი)

ყოვლთ უწინარეს მე გავიღვიძებ,
ფრთას ფრთას შემოვჰკრავ, რა თვალს ვახილებ,
დავჰკრავ, დავუშტვენ, ღმერთსა ვადიდებ,
მშვენიერის ხმით მსმენელს ვაგიჟებ.
უფლისაგან მაქვს სასმელ-საჭმელი,
არც ვთეს, არცა ვმკი, არცა ვარ მხვნელი,
გამაძღარი ვარ, მაქვს მე ყოველი,
მოდი, ზაფხულო, მე შენ მოგელი.
მიყვარს ზაფხული მწვანით შემკული,
ვცელქობ და ვფრინავ გახარებული,
სახლი მაქვს მინდვრად ღვთის მოცემული
და საფრენად ცა განათებული;
ზეცით მწვანეზედ ჩამოვეშვები,
მშვენიერთ ყვავილთ შორისა ვჯდები,
ხან ტყის, ხან წყლისა პირს მოვედები,
ვითა ისარი მასზე გავსხლტები...
ვინ მომეწევა, გინდ იყოს ცხენი,
გინდ მიმინო და გინდ შავარდენი...
გარნა მიჭერენ მცირის მახითა,
მიტყუებენ რა ხორბლის მარცვლითა.

17 ნოემბერი,
1856 წ.

ტფილისი
 

 

ხელნაწერი: ავტოგრაფი U №105 (C), №108 (D); ასლი U №217 (F); M №17501 (E);

ნაბეჭდი: ცისკარი, 1857, №1, გვ. 7 (B); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ტ. I, ტფილისი, 1892, გვ. 8-9 (A);

სათაური: პატარა ჩიტი C.

სათაურის ქვეშ: თარგმანი CDE.

ხელმოწერა: თ. ილია ჭავჭავაძე B.

თარიღი: 1856-სა წელსა, ნოემბრის 17-ს ქ. ტფილისი DE. 1857 A. 1856 წ. 11 ნოემბერი, ტფილისი B.-C.

ამ ლექსის ავტორი ცნობილი არ არის. არსებობს ამ თარგმანის ილიასეული სამი ხელნაწერი კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძის ფონდის №105 ხელნაწერი წარმოადგენს ლექსის თარგმანის პირველ რედაქციას. იგი საგრძნობლად განსხვავდება სხვებისაგან და მის ტექსტს იქვე ვარიანტებში ცალკე ვბეჭდავთ. შემდგომში „ჩიტის“ თარგმანის შესწორებული პირი (ავტოგრაფი №108) ილიას გადაუცია ჟურნალ „ცისკარში“, სადაც იგი დაიბეჭდა 1857 წლის საახალწლო ნომერში. შემდეგ ეს თარგმანი ზოგიერთი ცვლილებებით დაიბეჭდა 1892 წელს „ქართველთა ამხანაგობის“ მიერ გამოცემულ ილიას თხზულებათა პირველ ტომში.

„ჩიტის“ ეს მეორე ვარიანტი იბეჭდება ძირითად ტექსტში 1892 წლის გამოცემის ტექსტზე დაყრდნობით.

9. 3 გავიღვიძებ] განვიღვიძებ BD. 4 ფრთას] ფრთა D, შემოვკრავ] შემოვჰკრავ B. 5 დავჰკრავ] დავკრავ DE. დავუშტვენ] დაუშტვენ DE. 5-6 ღმერთსა ვადიდებ, მსმენელს ვაგიჟებ] მსმენელს ვაგიჟებ, ღმერთსა ვადიდებ D. 8 ვთეს] ვსთეს BD. 9. გამაძღარი ვარ ∼ BED. 12 და ვფრინავ გახარებული] მაშინ, ვარ აღტაცებული BD, გახარებული] აღტაცებული E. 14 და საფრენად ცა განათებული] ცისა ქვეშ ვფრინავ გახარებული BDE.15 ჩამოვეშვები] შთამოვეშვები D. 16 მშვენიერთ] მშვენიერ E. 18 ვითა] და ვით D. 20 გინდ მიმინო და გინდ შევარდენი] შევარდენივით მალი გამფრენი D, ხშირად მსახურვენ მალვისთვის ხენი BE. 21 გარნა] მაგრამ D.

პატარა ჩიტი
(I ვარიანტი)

ყოვლის უწინარეს მე განვიღვიძებ,
ფრთა ფრთას შემოვკრამ, რა თვალს ვახილებ,
დავკრამ, დაუშტვენ, ღმერთსა ვადიდებ,
მშვენიერის ხმით მსმენელს ვაგიჟებ.
უფლისაგან მაქვს საჭმელ-სასმელი,
არცა ვთეს, არც ვმკი, არცა ვარ მხვნელი,
ვარ გამაძღარი, მაქვს მე ყოველი,
მოდი, გაზაფხულო, მე შენ მოგელი.
მიყვარს გაზაფხული მწვანით შემკული
ვცელქობ, მაშინ ვარ აღტაცებული,
სახლი მაქვს მინდვრათ ღვთის მოცემული
და ზეცასაც ვფრინავ გახარებული.
ზეცით მწვანეზედ ჩამოვეშვები,
მშვენიერთ ყვავილთ შორისა ვჯდები,
ხან ტყის, ხან წყლისა პირს მოვედები.
ვითა ისარი მაზედ გავსხლტები.
ვერვინ მეწევა, ვერც მარდ ცხენზედა,
ვცურავ აერში, ვჯდები ხეზედა,
მაგრამ დამიჭერენ, ვაი, რაზედა –
პატარა ხორბლის კარგ მარცვალზედა.


ლექსს დართული აქვს შემდეგი შენიშვნა:

„ანუ ეს შეიძლება:

„ვინ მომეწევა, გინდ იყოს ცხენი,
მსახურვენ ხმისა მალვისთვის ხენი,
მაგრამ მიჭერენ მცირეს მახითა,
მიტყუებენ რა ხორბლის მარცვლითა.
ესრეთ ამბობდა ხეზედ მჯდომარე
პატარა ჩიტი, კეკლუც მშტვენარე,
მის წმინდა ხმასა მოეცვა არე,
და ყურს უსმენდა თვით არე-მარე“.