The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ხმა გულისა

ხმა გულისა

ჩუმ მაღნარშია წამოწოლილი
ვიყავ, ზედ მედგა ხის უხვი ჩრდილი,
და საიდღამაც ნაზი ბულბული
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.
დიდხანს და დიდხანს ვუგდებდი მე ყურს
იმ ხმას საკვირველს, იმ ხმასა გრძნეულს;
ვგრძნობდი ჩემ სულის მშვიდ აღმაფრენას
და გულის ჩემის სულ სხვარიგ ცემას.
დიდხანს ვატარე, დავღალე თვალი,
ვერსად ვერ ვპოვე ის მომღერალი;
თურმე ჩემს გულში ნაზი ბულბული
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.

1859-სა წელსა, 11-სა იანვარს,
ს. პეტერბურღი.

   ხელნაწერი: M:

ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 4 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ.6(A).

სათაური:

გულის ხმა B.

თარიღი:

- A; 1859-სა წელსა, 11-სა იანვარს, ს. პეტერბურღი B. ა

მ ავტოგრაფებიდან ადრეულია B ტექსტი. იგი შავია, ნასწორები. მის თეთრს წარმოადგენს ავტოგრაფი A, რომელიც ბოლონაკლულია: კრებულს აკლია მე-7 გვერდი, რომელზეც გადადიოდა ლექსის ბოლო ორი სტრიქონი. ამიტომ, ბუნებრივია, A ტექსტის თარიღიც ტექსტის ბოლოსთან ერთად დაიკარგებოდა. ეს დეფექტი, ჩვენი ვარაუდით, B ავტოგრაფის მეშვეობითაა გამოსწორებული გაზ. «თემის» პუბლიკაციასაც (1913 წ.) და 1914 წლის მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში.

3. საიდღამაც] B-ში ჯერ ეწერა: «ფოთლებ შორის», გადახაზულია. 10 ვერსად ვერ ვპოვე ის]

B-ში ჯერ ეწერა: «მაგრამ ვერ ვპოვე იქ», გადახაზულია. B-ში მე-3 სტროფის პირველ სტრიქონად თავდაპირველად ეწერა: « დიდხანს ვატარე ფოთლებში თვალი ». ავტორს «ფოთლებში» გადაუხაზავს და ზედ «დავღალე» დაუწერია «ვატარე» კი გადაუსწორებია (უფრო მუქი მელნით) სიტყვად «ვეძებე». სტრიქონმა ახალი გააზრება მიიღო «დიდხანს ვეძებე, დავღალე თვალი». ამ სტრიქონების ორივე ვარიანტი სავსებით გამართულია აზრობრივად. მაგრამ გადათეთრებისას პგოეტს ისევ «ვატარე » დაუტოვებია (A) და ტაეპი საბოლოოდ ასე გაუმართავს: «დიდხანს ვატარე , დავღალე თვალი».

1914 წლის გამოცემაში B ტექსტის დამუშავებული სტრიქონი დაიბეჭდა («დიდხანს ვეძებე, დავღალე თვალი»), 1925-1951 წწ. გმოცემებში კი ეს სტრიქონი A ტექსტიდან იქნა შეტანილი («დიდხანს ვატარე, დავღალე თვალი»). რადგანაც ეს უკანასკნელი ავტორის ბოლო ნებას გამოხატავს, ამიტომ ჩვენც იგი ძირითად ტექსტად მივიღეთ.

ტექსტში გასწორდა ორიოდე ფორმა: 5 დიდხან უგდებდა-დიდხანს ვუგდებდი. 6 საკურველს - საკვირველს (შდრ. ასეთივე შესწორება თვით ილიას მიერ ლექსში «ციურნი ხმები». იხ. გვ. 81).

«ხმა გულისა» პირველად დაიბეჭდა გაზ. «თემში», 1913 წ., №147, გვ. 2. 1914 წლის გამოცემაში კი აღნიშნულია, ლექსი პირველად იბეჭდებაო (იხ. შენიშვნები, გვ. VI).