The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


შინაური მიმოხილვა(1883, ნოემბერი)

ჭავჭავაძე ილია

შინაური მიმოხილვა

(1883, ნოემბერი)

ყველაზე დიდი ნაკლი. – დაბალი ღობე. – ჩვენი ხასიათი. – აღვირაშვებული ვარჯიშობა. – აბრუგატეხილი სიტყვა. – რა მიზეზიაო. – რა ვიგრძენით. – ავყვეთ. – გარეგანი დაბრკოლება. – საყოველთაო მოსახდენი. – თვით განგვიკითხოს. – თქვენ პირს შაქარი. – დიდს ყოფაში ვყოფილვართ. – მაშ • რა მიზეზია? – ცენტრალიზაცია. – გამოვწლათ. – ახლა ვიკითხოთ. – ვსთქვათ – განა? – წამალი. – ნაპოლეონ III. – წველა და სანქცია. – რა გამოდის. – არა, ბატონებო, – მაშ რა ყოფილა? – რა დროს სიზმრებია. – მიზეზთა მიზეზი. – გვჯერა. – საიდამ და სად.

ბევრი რამ გვაკლია ჩვენ, ქართველებს, მაგრამ ყველაზედ დიდი ნაკლი ის არის, რომ ჯერხანად არ ვიცით საზოგადო საქმეს როგორ მივცეთ მხარი, როგორ მოვუაროთ, როგორ ვუპატრონოთ. აი, მაგალითებრ, თეატრია. ამისათვის წესდებულება დავწერეთ, დავამტკიცებინეთ, ქართული დრამატიული საზოგადოება შევადგინეთ, გამგეობა ამოვურჩიეთ, ყველაფერი თითქო მოვაწყეთ და ეხლა რას ვხედავთ? მტერსაც ნუ დაჰმართვია ის საქმე, რაც მაგ საზოგადოებას დაემართა. ამრიგადვე შეჰსდგა წერა-კითხვის საზოგადოება, ამრიგადვე დავუწერეთ წესდებულება, დავამტკიცებინეთ, გამგეობა მივუჩინეთ, ერთის სიტყვით, გარედამ შესაფერად მოვრთეთ და ლამის ამ საზოგადოებამაც სული დალიოს. ამრიგადვე შესდგა თავად-აზნაურთა საზოგადოება ღარიბთა მოსწავლეთა შემწეობისათვის. აქაც წესდებულება დაიწერა, დამტკიცდა, გამგეობა ამორჩეულ იქმნა, მაგრამ მაინც კიდევ ეს საზოგადოება დაბადების უმალვე სულს დაჰლევდა, რომ ბანკიდამ ფულით შემწეობა არა ჰქონდეს, თავისით ერთს დღესაც ვერ იცხოვრებდა, ერთ დღესაც ვერ დააღამებდა. ერთი სიტყვით, რომელი „საზოგადოებაც“ გინდათ აიღეთ, ოღონდ კი ფილტვები გაუსინჯეთ და ნახავთ, რომ თავისით, თავისის საკუთარის თვითმოქმედებით, არც ერთ მათგანს ღონე არ აქვს იხეიროს და იდღეგრძელოს.

ამისთანა გულსაკლავმა ამბავმა, რასაკვირველია, მიიზიდა ჩვენის ეგრეთ წოდებულის ინტელიგენციის თვალი და ყური, ინტელიგენციის-მეთქი, იმიტომ რომ ამისთანა საქმეებს ჩვენში სხვა არავინ დასდევს და თუ რამ ქვეყნისადმი გულისტკივილია სადმე, კიდევ ამ ინტელიგენციაშია. რასაკვირველია, შეჰსდგა ამაზე ლაპარაკი და განსჯა სიტყვითა თუ კალმითა, შინაურობაში თუ ლიტერატურაში. ბევრი რამ ითქვა, მაგრამ ყველანი ერთხმად იმოწმებიან, რომ ჩვენში არც ერთი „საზოგადოება“ ისე არ მიდის, როგორადაც სასურველი იყო დამწესებელთათვის და როგორადაც სასურველია ყველა გულშემატკივარისათვის და თვითონ საქმისათვისაც. ეს ასეთი მართალია, რომ არა გვგონია ვინმე უარჰყოს. უჩხრიკეს მიზეზი, აქეთ ეცნენ, იქით ეცნენ და შიგნეულობამდე რომ საქმეს თვალი ვერ ჩააწვდინეს, აიღეს და ბრალი დაჰსდეს თვითონ „საზოგადოებას“ და უფრო მის „გამგეობას“. გამგეობა არ ვარგაო და ყველა უბედურობა აქედამ წარმოსდგებაო. არ გამოვა ჩვენში იმისთანა კაცი, სიტყვისა თუ კალმისა, რომელსაც ასე თუ ისე არ გამოეცხადებინოს სამდურავი გამგეობაზედ და ბრალი მისათვის არ დაედოს, რადგანაც ამ შემთხვევაში „გამგეობა“ დაბალი ღობეა. ის კი აღარავის მოსვლია ფიქრად, რომ თუ შენობა ქვიშაზეა აგებული, ვერა დიდი ოსტატი, ვერა დიდი არხიტექტორი ვერას უშველის. მაგისთანა შენობას თვით თავის აგებულობაშივე აქვს მიზეზი სისუსტისა და თუ დაიქცა, სასაცილო იქნება ბრალი შენობის ყარაულს, მეთვალყურეს დაჰბრალდეს.

ჩვენ, ქართველებს, ერთი საკვირველი ხასიათი გვჭირს. რაც უნდა მძიმე და რთული საგანი იყოს, რაკი კბილზედ მოვიგდეთ, რაკი დრომ თუ სურვილმა ხელი ჩაგვაკიდებინა, ვალად იმას კი არა ვრაცხთ, საქმეს თირკმელები მოვუჩხრიკოთ, შიგნეულობა გამოვუწლათ, ცუდისა და კარგის მიზეზი ზედმიწევნით შევუტყოთ და შესაფერი წამალი მოვნახოთ, არამედ იმასა ვცდილობთ, რომ საქმეს ზედაპირზედ ავუცურდეთ, ავუსხლტეთ და იმისთანა წამალზედ მივუშვიროთ ხელი, რომელიც ყველას ყოველთვის თვალწინა აქვს, ფეხქვეშ უგორავს და რომელსაც თუ არა ხმარობენ, მარტო იმ მიზეზით, რომ ის წამალი წამლად გამოსადეგი არ არის, და მაჩვენებელს კი ჰგონია – გამოცანა მარტო მე მერგებაო. უყურებთ და გიკვირთ ამისთანა მოქმედება, თითქო ეს ამოდენა კორიანტელი მარტო იმისათვის აუყენებიათო, რომ ქვეყანას დაანახვონ: აი, საქმე რა ადვილი მოსავლელია და მის გამგებელთ იმოდენა ჭკუა და მოხერხება არა აქვთ, რომ მოუარონო. არ ვიცით, ამით საქმეს შველიან რასმეს თუ არა. ეს კი ვიცით, რომ მაყურებელნი თუ მსმენელნი ჰსტყუვდებიან და არც შეიძლება არ მოსტყუვდენ. მართლადაც, არმცოდნეს რომ მძიმე საქმე გაუმჩატო, მჩატე ეგონება. აშკარაა, იფიქრებს, რომ ვისაც ის საქმე ზურგთა ჰკიდია, ტყუილად წელში იხრება, ტყვიის მაგიერ ბუმბული წამოუკიდნია და ხვნეშის კიო.

მძიმე და რთული საქმე იმიტომ არის მძიმე და რთული, რომ ვერც ავის წამალი აქვს ადვილად საპოვნელი და ვერც კარგისა. პირიქით რომ იყოს, ქვეყანაზედ ხომ არც მძიმე საქმე იქნებოდა, არც რთული. მაგრამ რაკი მცოდნე კაცის სახეს მიიღებ, ბრძნულად შეიკრავ წარბებს და ფიცით გაიჭაჭები, რომ ავკარგიანობის მიზეზი თვალწინ არის წამოჩხირულიო, წამალიც ცხვირწინ არისო, მარტო დაწვდომა და მიწოდებაღა უნდაო, მაშინ ამისი მთქმელი გულდაჯერებული უნდა იყოს, რომ იგინი, ვის ხელთაც არის საწამლებელი საქმე, ან ბრმანი არიან, რადგანაც ცხვირწინაც ვერა ჰხედავენ, ანუ ყოვლად სულელნი, რადგანაც ვერა ჰსცნობენო, ანუ კიდევ თვითონ საქმის მტრები არიანო, რადგანაც ჰხედვენ კიდეც, ჰსცნობენ კიდეც და წამლად არა ხმარობენო.

ეს ამისთანა აღვირმიშვებული ვარჯიშობა კალმისა თუ სიტყვისა იმოდენად ხშირია ჩვენში, რომ შეუძლებელია კაცმა ყურადღება არ მიაქციოს. არ ვიცი, რადა გვგონია ხოლმე ბრმანი და სულელნი ყოველნი ისინი, ვისზედაც ლაპარაკის ჟინი მოგვივა ანუ ვისაც დრო და ჟამი საკამათოდ პირში მოგვცემს ხოლმე. აი, მოჰკიდეთ ხელი რასაც გინდათ ამგვარს, თუ ჩვენ არ გაგვამართლოთ. თვითონ ჩვენს ლიტერატურაშიაც ხშირია ამისთანა ამბავი. ვის არ მოხვედრია, მაგალითებრ, ამისთანა შურდულის ქვა: ეს უბრალო, მარტივი საქმე არ ესმის ამასა და ამასაო. თუ საქმე მართლა უბრალო და მარტივია, რატომ არ უნდა გვწამდეს, რომ მის გაგების ნიშანწყალი ჩვენსავით სხვასაც ექნება და თუ ჩვენ არ გვეთანხმება, სხვა მიზეზი უნდა იყოს. აქ უთანხმოების მიზეზი ერთის ჭკუა კი არ არის და მეორის სისულელე, ერთის თვალხილულობა და მეორის სიბრმავე, არამედ სხვა რამ, რომელსაც პატივისცემა უნდა, ესე იგი, ღრმად დაკვირვება, გამოჩხრეკა და სხვა არარა. მოქმედებაა თუ სიტყვა, ყოველისფერს ამ გზით უნდა განსჭვრეტა და განხილვა. სხვა ყოველივე უკადრისობა, ლიტერატურული უწვრთნელობაა.

ვსთქვათ, ლაპარაკი ჩამოვარდა წერა-კითხვის საზოგადოებაზედ და ვკითხავთ: რად მიდის ეგრე ზლაზვნით, ზანტად, უნაყოფოდ მისი საქმე? ამის მიზეზიო, – გვეუბნებიან, – გამგეობის ბიუროკრატიული სისტემა არისო. ბიუროკრატობა ეხლა მოდაში აღარ არის და ისე სამართლიანად ათვალწუნებულია, რომ დიდმა და პატარამ, თუნდაც არ იცოდეს ამ სიტყვის მნიშვნელობა, იცის, რომ რაღაც უვარგისი რამ არის. ასე სამართლიანად აქვს გატეხილი აბრუ ამ სიტყვას და, რასაკვირველია, ჩვენ მის აბრუს აღდგენას არ მოვიწადინებთ. მაგრამ ერთი ეს უნდა ვიკითხოთ: რა თქმა არის ეს „გამგეობის ბიუროკრატიული სისტემა“? ბავშვების საფრთხილად არის გამოტყორცნილი, თუ მართლა ეგ ჭირი ჰჭირებია გამგეობასა? ნუთუ გამგენი საზოგადოებისა იმოდენად ბრმანი და სულელნი არიან, რომ ამას, ამ ადვილად შესამჩნევს, ამ ადვილად დასანახავს, ამ ადვილად საცნობელს მიზეზს ვერა ჰხედავენ და ვერა ჰსცნობენ? რა უშველის გამგეობას? აგენტურების დანიშვნა პროვინციებშიო. წამალიც ადვილი ყოფილა, ცხვირწინ დებულა. ახლა რა უნდა იფიქროს ამის მსმენელმა საზოგადოების გამგეობაზედ? ისა, რომ მიზეზი ადვილად დასანახავი ყოფილა და ვერ დაუნახავთ, მაშასადამე, ბრმანი ყოფილან, წამალიც ცხვირწინ ჰსდებიათ და წამლად ვერ უცვნიათ, მაშასადამე, სულელნიც ყოფილანო. იქნება ჩვენ მეტად ვაზვიადებთ თქმულის ზედმოქმედებას მსმენელზედ, მაგრამ ეს კი უეჭველია, რომ თუ მსმენელი თქმულს დაიჯერებს და გამგეობას სიბრმავეს და სულელობას არ შეჰსწამებს, ამაების ახლო მაინც იტრიალებს და მაინც.

სხვისა არ ვიცით და ჩვენზედ კი, ბევრად თუ ნაკლებ, ამისთანა ზედმოქმედება იქონია ორმა მესვეურმა წერილმა „დროებისამ“, რომელნიც დაბეჭდილნი იყვნენ №№-ში 246 და 249, „წერა-კითხვის საზოგადოების“ შესახებ სათაურით: რა მიზეზია?

ეს წერილები რომ წავიკითხეთ, ძალაუნებურად ვკითხეთ ჩვენს თავსა: ნუთუ მართლა „ბიუროკრატობა და ცენტრალიზაციური სისტემა“ საქმეთა წარმოებისა ყოფილა მიზეზი, რომ წერა-კითხვის საზოგადოება ეგრე სუსტობს? თუ ესეა, ბრმანი არიან მისი გამგენი, რომ ადვილად დასანახველი მიზეზი ვერ დაუნახავთ და გამჭრიახობაზედაც უკაცრაოდ ბძანებულან, რომ თავიდამ ვერ მოუშორებიათ. მერე, ავტორის სიტყვით, ადვილი წამალიც ხელთა ჰქონიათ და არ უხმარიათ!

ეს რომ მართლა ესე ყოფილიყო, ნუთუ მართლა გამგეობას იმოდენა გონება არ ექნებოდა, რომ ეს თვალში გასაჩ– ხირი, ადვილად შესამჩნევი მიზეზი არ დაენახა და თავიდამ არ აეცილებინა? ჩვენ აგრე უსამართლოდ აბრუს არ გავუტეხთ გამგეობას, მაგოდენად ვერ დავამცირებთ მის გონებითს ძალას და ჯერხანად ვიგულისხმებთ, რომ ეგ აგრე ყოფილიყო, გამგეობა მიზეზსაც შეჰნიშნავდა და კიდეც მოჰსპობდა უსათუოდ. მაშ მიზეზი საქმეთა ცუდად მსვლელობისა სხვა ყოფილა, უფრო ღრმად დანერგული, უფრო ძნელად ამოსათხრელი. აბა ავყვეთ თითონ ავტორს და, იმედი გვაქვს, იგი თითონვე მოგვცემს საბუთებს მისას, რომ აქ მიზეზი სხვაა.

ჩვენ სრულიად ვეთანხმებით პატივცემულს ავტორს, რომ „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ ბევრს არას აკეთებს, და ამასაც დავუმატებთ, რომ ჯერხანად ბევრს არას გააკეთებს შემდეგშიაც. რა მიზეზია? ჰკითხულობს ავტორი და ამბობს: არც ისა, რომ მითამ გარეგანი გარემოება რამ აბრკოლებდესო; ეს გარემოება თუ უშლიდა რასმე, ისიც მარტო ერთ საგანშიო, სახელდობრ, სკოლების გამართვაშიო, მაგრამ „იძულებულნი ვართო, – ამბობს იგი ერთს ადგილას, – მოგახსენოთ, რომ ეს გარეგანი დაბრკოლება თავიდგან ასცილდებოდა, თუ რომ გამგეობას გამოეჩინა მომეტებული გულისყურის დამყარება საქმეზედ, მომეტებული გამჭრიახობა და მომეტებული სიმარჯვეო“. არ გვესმის ჩვენ, ეს რა წამალია გარეგანის დაბრკოლების აცილებისათვის. ფერი კი საყოველთაო წამლისა აქვს: საცა გინდა იხმარებ, რაშიაც გინდა გამოიყენებ, ყველას და ყოველთვის მოუხდება, მერე ისე, არც შამფური დაიწვის და არც წვადი, არც ატკენს და, რასაკვირველია, არც მოარჩენს. აი, ვსთქვათ, ცხენიდამ გადმოვარდა კაცი. ამასაც მოუხდება ეს წამალი ამ სახით: „ეს უბედურება თავიდამ ასცილდებოდა, თუ რომ გამოეჩინა მომეტებული გულისყურის დამყარება საქმეზედ, მომეტებული გამჭრიახობა და მომეტებული სიმარჯვე“. აი სულხანა პარიკმახერი წააქცია დუბლიემ, ის წამალი ამასაც გამოადგებოდა: „ეს მარცხი თავიდამ ასცილდებოდა, თუ რომ გამოეჩინა მომეტებული გულისყურის დამყარება საქმეზედ, მომეტებული გამჭრიახობა და მომეტებული სიმარჯვე“. აი გოგია დალაქს სამართებელმა ხელი გაუჭრა, ამასაც წამლად დაედება ეს სიტყვები: „ეს დაჭრილობა თავიდამ ასცილდებოდა, თუ რომ გამოეჩინა მომეტებული...“ და სხვანი. აი, ძარცვა და გლეჯა, რომელსამე მაზრაში. აქაც გამოსაყენებელია ამ სახით: „ეგ ვაი-ვაგლახი თავიდამ ასცილდებოდა, თუ რომ მაზრის მმართველთ გამოეჩინათ მომეტებული...“ და სხვანი. განა მარტო ამისთანა პატარა საქმეს, დიდსაც აგრევე ლამაზად მოუხდებოდა. მაგალითებრ, პრუსიამ თავპირი დაამტვრია საფრანგეთს, „ეს თავ-პირის დამტვრევა თავიდამ ასცილდებოდა, თუ რომ საფრანგეთს გამოეჩინა მომეტებული...“ და სხვანი. რის მაქნისია ამისთანა „აბდა-უბდა გადასკუპდა“ ლაპარაკი? რა მანძილი აქვს და რა სარგებლობა? ყველა საქმეს გულისყური უნდა, გამჭრიახობა და სიმარჯვე. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჯამბაზს ერთგვარი გულისყური, გამჭრიახობა და სიმარჯვე სჭირდება, სულხანა პარიკმახერს მეორეგვარი, ცხენოსანს მესამეგვარი და წერაკითხვის საზოგადოების გამგეობას კიდევ სხვაგვარი. რაში მდგომარეობს ეს „სხვაგვარი“, ეგ ღმერთმა იცის. ეგ ჯერ საიდუმლოდ შეუნახავს ავტორს. იქნება ამისი მიზეზი გარეგანი დაბრკოლება იყოს, მაშინ პატივსადებია ეგ საიდუმლობა, მაგრამ ამ შემთხვევასაც ძალიან კარგად მოუხდებოდა ავტორის სიტყვები: „ეგ გარეგანი დაბრკოლება თავიდამ ასცილდებოდა, თუ რომ გამოეჩინა მომეტებული...“ და სხვანი და სხვანი. ნუთუ ეს ამ შემთხვევის ახსნა იქნებოდა და მართალი წამალი!... თითონ ავტორმა განგვიკითხოს და ისე გვითხრას: ან ჰო და ან არა.

ამ სახით, გარეგანი დაბრკოლება არ უცვნია ავტორს გამგეობის და საზოგადოების სისუსტის და უქმობის მიზეზად. არც ის არის მიზეზი, რომ ამ საზოგადოებისათვის ვითომც ჩვენი ერი მოუმზადებელია, როგორც ზოგიერთნი ამბობენო. ამის უარყოფაში ისე გათამამებულა პატივცემული ავტორი, რომ გვარწმუნებს: „ჩვენ მართლა ისეთნი ღატაკნი არა ვართ განათლებული პირებითა, როგორც ჰგონია ბევრსა. ბლომი (?) ნაწილი თავად-აზნაურებისა (??) ამჟამად ნასწავლთა დასს ეკუთვნის (თქვენს პირს შაქარი!), სამღვდელოება, (ბარაქალა, ჩვენო თავო!), მოქალაქობა (აფერუმ, ქართველო!) და თვით გლეხობაც (ვა! ვა!) დღითიდღეთ ავსებენ თხელს რაზმს ინტელიგენციისას, რომელიც ამჟამად წარმოადგენს შესამჩნევს ძალას“.

თუ მართლა ასეა, თუ მართლა ასე ლაზათიანად გაჩარხულნი და დარაზმულნი ვყოფილვართ, მოუმზადებლობა ჩვენის ერისა მართლა-და ტყუილად მოგონილი მიზეზი ყოფილა. ჯერხანად დავუჯეროთ ავტორს და გავყვეთ მის აზრთა დენასა. მერე ვნახავთ, რომ იგი ავტორი სულ ამის წინააღმდეგს საბუთებს მოგვცემს ხელში.

მაშ, რა მიზეზია წერა-კითხვის საზოგადოების სუსტად მოქმედებისა? – ვკითხავთ ბ-ნს ავტორს. მიზეზი ცხვირწინ გვქონია და ჩვენ კი ვერ დაგვინახავს. წამალიც ძლიერ ადვილია, ისიც ცხვირწინ დებულა და ხელი არავის მოუკიდნია. წარმოიდგინეთ, წერა-კითხვის საზოგადოების სუსტად მოქმედების მიზეზი იგივე ყოფილა, „რაც აქამდისინ ხელს უშლის და მეტად თუ ნაკლებ ასუსტებს იმისთანა ნიჭით შემკულს ერსა, როგორიც არის საფრანგეთის ერი“. თურმე ნუ იტყვი, ამის მიზეზი გხლებიათ ცენტრალიზაცია და ბიუროკრატობა. ავტორი ამბობს: „სამწუხაროდაო, წერა-კითხვის საზოგადოების მართვა თავდაპირველად ცენტრალიზაციის სისტემაზე დაიწყო, ცენტრალიზაციის კალაპოტში ჩავარდა“. რასაკვირველია, ამას ზედ მოჰყვა „ბიუროკრატობაც“. დიამც იყოს, მიზეზი გამგეობა ყოფილა. რით? იმით'რომ.საქმეების მართვა თავდაპირველადვე ცენტრალიზაციის სისტემაზედ დაუწყვია. კარგი და პატიოსანი.

აბა, ერთი გამოვწლათ ეს ათვალწუნებული „ცენტრალიზაცია“ და ვნახოთ, იგი ამ შემთხვევაში რა მოსატანი იყო. ცენტრალიზაციური სისტემა იმგვარს მოწყობილობას ნიშნავს, როცა უფლება და გამგეობა, საზოგადოებრივი ანუ სახელმწიფოებრივი, ერთის კაცის ხელშია, ანუ ბევრთა ხელში – მაგრამ ერთს ადგილას კი. მაგალითებრ, სპარსეთში უფლება და გამგეობა ერთი კაცის ხელშია, სახელდობრ – შაჰის ხელში. იქ ითქმის, რომ ცენტრალიზაციური სისტემაა. საფრანგეთში ეგ უფლება და გამგეობა თუმცა ბევრის ხელშია, მაგალითებრ – პარლამენტის ხელში, მაგრამ ერთს ადგილას კი, სახელდობრ, პარიზში. აქაც ითქმის, რომ ცენტრალიზაციური სისტემაა. ამ ორივეს, თვალად სხვადასხვანაირს მაგალითს, საზოგადო ისა აქვს, რომ ყოველისფერი ერთის წერტილიდამ (ცენტრიდამ) გამოდის და ერთსავე წერტილს (ცენტრს) მიერთმევა. ასე რომ ყოველს კუნჭულს, ყოველ კუთხეს რომელისამე ერთიანის სახელმწიფოსას ერთის წერტილიდამ ეძლევა ყოველივე წესი და რიგი ცხოვრებისა, ერთმანეთში მოთავსებისა და ერთმანეთში განწყობისა. ადგილობრივის ტკივილის წამლისათვისაც კი იმ ერთს წერტილს უნდა მიჰმართოს ხოლმე კაცმა და იქიდამ მოელოდეს შველასა. რასაკვირველია, ეხლანდელს საფრანგეთს ამისთანა ყოფა არ მიეწერება, რადგანაც კარგაძალი უფლება და გამგეობის ნება ცენტრმა დაუთმო თვითვეულს ადგილობრივს ნაწილს საფრანგეთისას და, თუ საფრანგეთს ეხლა ამისთანა რასმეს ჰსწამობენ, მიზეზი ის არის, რომ ადგილობრივს ნაწილებს სრულიად არ დაუთმო ის უფლება და გამგეობის თავისუფლება, რაც საჭიროა ადგილობრივის ინტერესების მთლად მოსავლელად და საპატრონებლად, ესე იგი სამართლიანი სამზღვარი არ დაუდო მას, რაც ერთის მხრით ზოგადს, სახელმწიფო ინტერესს შეადგენს და მეორეს მხრით ადგილობრივსა, და ამგვარად არ განაწილდა უფლება და გამგეობა. ინგლისი და ამერიკა ბევრით წინ არიან ამაში საფრანგეთზედ. მკითხველი მიხვდება რომ...

ახლა ვიკითხოთ: ჩვენი „წერა-კითხვის საზოგადოების“ სისტემა რაში ჰგავს ცენტრალიზაციურს? მარტო იმაში, რომ იგი მომწყვდეულია ერთ ადგილას, ესე იგი ტფილისში, და აქედამ განაგებს თავის საქმეებს და ავტორის სიტყვით: „არც ერთი კუთხე საქართველოსი თვითონ, თავის საკუთარის ძალით და მხნეობით, არ იღებს მონაწილეობას თავისავე განათლების საქმეში“. ეს მართალია. მაშასადამე, ყოველი კუთხე საქართველოსი თვითონ, თავის საკუთარის ძალით და მხნეობით უნდა იღებდეს მონაწილეობას თავისავე განათლების საქმეში. ამას ჩვენცა ვნატრულობთ. მაგრამ ამ ავტორის სიტყვებს თარგმანი უნდა, იმიტომ რომ ბ-ნს ავტორს ეს სიტყვები ისე ესმის, როგორც ცენტრალიზაციურის სისტემის თაყვანისმცემელს. ამას შემდეგში დავამტკიცებთ ავტორის სიტყვითვე და ჩვენ კი ეხლა ზემოხსენებულს სიტყვებს ისე ვთარგმნით, როგორც უნდა ჰსთარგმნოს ცენტრალიზაციურის სისტემის უარმყოფელმა: განათლების საქმე ისეთი საქმეა, რომ ადგილობრივს ინტერესს შეადგენს. მაშასადამე, ყოველმა კუთხემ საქართველოსამ ეს საკუთარი ინტერესი თვითონ თავის საკუთარის ძალით და მხნეობით უნდა განაგოს, ესე იგი სრული უფლება და გამგეობის ნება უნდა ჰქონდეს, რომ როგორც უჯობდეს, ისე მოუაროს, უპატრონოს.

დავანებოთ თავი იმის გამოძიებას თუ – განათლების საქმე ისეთი საქმეა, რომ მარტო ადგილობრივს ინტერესს შეადგენს თუ არა. ვსთქვათ, არის. ეხლა ესა ვკითხოთ ავტორს: რომელმა კუთხემ საქართველოისამ შესჩივლა, რომ ცენტრმა, ესე იგი ტფილისში მყოფმა გამგეობამ წერა-კითხვის საზოგადოებისამ, არ დაუთმო უფლება და გამგეობა მისდა საკუთარ განათლების შესახებ? სად არის ეს ამისთანა ღვინიერი კუთხე, თუ ნაწილი საქართველოსი, რომ თავის განათლებისათვის თითონვე სურდეს მოვლა და პატრონობა და მარტო ის უშლიდეს, რომ საბელი ყელისა ტფილისში მყოფს გამგეობას ეჭიროს და არ უშვებდეს ხელიდამ? ჩვენდა სამწუხაროდ, სანთლით რომ ეძებოთ, ვერ იპოვით. ერთადერთი მაგალითია ქუთაისი და ნუთუ გამგეობას დასწამებთ, რომ იქაურის სკოლის მსვლელობა აქაურის გამგეობისაგან შეკრული და შებოჭილია!.. ნუთუ იტყვით, რომ უფლება და გამგეობა იმ სკოლისა სრულიად დათმობილი არ აქვსთ იქაურთ მოღვაწეთა? ერთი ეს მაგალითიღა იყო, რომელზედაც შეეძლო ავტორს ეჩვენებინა ყოველივე წუნი, რაც ვითომცდა აქაურს „ცენტრალიზაციურ სისტემას“ მოსდევს და ისიც მისი წინააღმდეგია. მაშ, რა მოსატანია მიზეზად ცენტრალიზაცია?

ახლა უყურეთ, ამ მითამდა მიზეზის მოსასპობლად რა წამალი უჩვენებია ჩვენთვის ავტორს. აგენტები იყოლიეთ ყველა კუთხეშიო. რაო? მითომ ცენტრალიზაციურ სისტემას სპარსეთისას ყოველ კუთხეში აგენტები არა ჰყავს? მაშ რა გზით აწვდის შაჰი ყოველს კუთხეს თავის მოწყალებას და რა გზით მოიბრუნებს ხოლმე თავისაკენ ყოველი კუთხის 5 თვალსა, თუ არ აგენტების მორიგებით ყოველთვის და ყოველგან, საცა კი და რასაც კი კუთხის ნიშანწყალი აქვს? მაშ, ავტორისაგან დაწუნებულს სისტემას საფრანგეთისას ყოველ კუთხეში აგენტები არა ჰყოლია? მაგით ცენტრალიზაციის სისტემის სენს რა ჰშველებია? პირიქით, სწორედ მაგას გაუძლიერებია, მაგას შეუკრავს და შეუბოჭავს ყოველი კუთხე, ყოველი კუნჭული, როგორც არტახებში ბავშვი. აგენტების მორიგება კი არ არის ცენტრალიზაციის მოსასპობელი წამალი, არამედ ადგილის მცხოვრებთა და მკვიდრთა თვითმოქმედების ძალის აღდგენა, მათთაგან მათივე საკუთარის საქმეების დაწყობა და გამგეობაა.

ახლა ნახეთ, რა ვალსა ჰსდებს იმ აგენტებს? სწორედ იმ ვალსა, რასაც ყურმოჭრილი ყმა ცენტრალიზაციური სისტემისა დაავალებს ხოლმე. „იგინი ეცდებიანო პროპაგანდით, ჩაგონებით, ჩიჩინით აღძრან თანაგრძნობა „საზოგადოებისადმი“, იშოვნონ ბლომად წევრები, თავის დროზედ ჰკრიფონ ფულები და უგზავნონ საზოგადოების გამგეობას ტფილისშიო“; ანუ: „უმეტესი ნაწილი ისე გულგრილად უყურებს ამ საქმეს (ესე იგი განათლების საქმეს), რომ მათთვის ნამდვილს დაბრკოლებას შეადგენს წერილის დაწერა, ფოსტაში მიტანა და ფულიანის კანცერტის გამოგზავნა. ადგილობრივი აგენტები ამ დაბრკოლებას სრულიად მოსპობდენ, მარჯვე დროს გამოართმევდენ წევრებს ფულს, ერთად მოუყრიდენ თავსა და გამოგზავნიდენ ტფილისში“; ანუ: „გახსნილს სკოლას ზედამხედველობა ეჭირვება, ხელთმძღვანელობა და – ზრუნვა უნდა, რომ სკოლამ ნაყოფი დაანახვოს გლეხებსა და – შეაყვაროს თავისი თავი. ყველა ეს შეუძლებელია ტფილისში მყოფ გამგეობისათვის და ადვილია იმ განათლებულთა წევრთათვის, რომელნიც ჰსცხოვრებენ სხვადასხვა „კუთხეებში“. ერთის სიტყვით, გამგეობისაგან გამოცემულნი წიგნები უნდა ჰყიდონ, საზოგადოების სასარგებლოდ სპეკტაკლები – და სალიტერატურო საღამოები ჰმართონ და სხვანი და სხვანი. ახლა იკითხეთ: ნაპოლეონი III, ეს ცენტრალიზაციურის სისტემის ღმერთი, სხვას რას ავალებდა თავის აგენტებს, თუ არ ამისთანაებსა? წადით, ყოველს კუნჭულში მოეფინენითო, პროპაგანდით, ჩაგონებით და ჩიჩინით აღძარით ჩემდამი თანაგრძნობა, ბლომად მიშოვნეთ მომხრეები, თავის დროზედ – ჰკრიფეთ ფულები და მე მიგზავნეთო, მარჯვე დროს გამო— ართმევდეთ, რაც გამოსართმევია, ერთად თავს მოუყრიდეთ – და მე გამომიგზავნიდეთო; სპეკტაკლები, სალიტერატურო საღამოები ჩემს სასარგებლოდ გამართეთო და სხვანი და სხვანი. ესეც კი გახსოვდეთ, რომ პარიზში მყოფი ჩემი გამგეობა უნდა იქმნას თითქმის მხოლოდ რეგულიატორი, წესის და რიგის მიმცემი ჩემის პროვინციალურის განყოფილებისა, აგენტურებისაო. კარგი „მხოლოდ“ არის! სწორედ ამ სიტყვებით გვაძლევს რჩევას და დარიგებას ავტორიც: „ტფილისში მყოფი გამგეობა უნდა იქმნას თითქმის მხოლოდ რეგულიატორი, წესის და რიგის მიმცემი თავის პროვინციალურის განყოფილებისა, აგენტურებისაო“. თვითმოქმედება პროვინციისა? თავის საკუთარის ძალით და მხნეობით გამგეობა საკუთარი საქმისა? სადღა წავიდნენ? ამაებს რომ ართმევს პროვინციებს, საქართველოს კუთხეებს, მაშ რაღას ეძახის, ავტორი ”მონაწილეობის მიღებას” თავის საკუთარ საქმეში? იმას, რომ პროვინციები უნდა იწველებოდენ და წველა ქალაქში გამგეობას მოერთმევოდეს და რადგანაც ქალაქში მყოფი გამგეობა ხელს ვერ მიაწვდის პროვინციების ცურსა, ამისათვის „ადგილობრივი აგენტები უნდა ამორჩეულ იქმნან და მიენიჭოთ მათ ჯეროვანი სანკცია საზოგადოებისაგან“.

რა გამოდის ყოველ მიდამ? ისა, რომ „ტფილისში მყოფი გამგეობა უნდა იქნას თითქმის მხოლოდ რეგულიატორი, წესის და რიგის მიმცემი თავის პროვინციალურის განყოფილებისა, აგენტურებისა“; ადგილობრივი აგენტები თუ აგენტურა უნდა ამორჩეულ იქმნან ვისგან? ტფილისში მყოფ გამგეობისაგან; მათ უნდა „მიენიჭოთ ჯეროვანი სანკცია“ ვისგან? ტფილისში მყოფ საზოგადოებისაგან; ვალად უნდა დაედოთ ამ აგენტებს, თუ აგენტურებს, თანაგრძნობა აღძრან, ვისადმი? ისევ ტფილისში მყოფ საზოგადოებისადმი; წევრები გაუმრავლონ, ვისა? ისევ ტფილისში მყოფ საზოგადოებას; ფული უნდა მოუკრიფონ, ვისა? ისევ ტფილისში მყოფ საზოგადოებას; წიგნები უნდა გაასაღონ, ვისი? ისევ ტფილისში მყოფ საზოგადოებისა; სპეკტაკლები და სალიტერატურო საღამოები გამართონ, ვის სასარგებლოდ? ისევ ტფილისში მყოფ საზოგადოებისათვის. თვითონ პროვინციებს? პროვინციებს ის, რასაც უწყალობებს იგივ ტფილისში მყოფი საზოგადოება. „არც ერთს ადგილს, ტფილისის გარეშე, – ამბობს ავტორი, – გამგეობას არა ჰყავს პირნი, რომელნიც მას უწევდენ იმისთანავე სამსახურს, როგორც მამასახლისები და სოფლის მოსამართლეები უწევენ მართებლობასა“. მაშასადამე, უნდა ამისთანა პირნი ჰყვანდნენ ვის? ტფილისში მყოფ გამგეობას. ეს არის ავტორის სასურველი საქართველოს კუთხეებისაგან „მონაწილეობის მიღება თავის საკუთარს საქმეში? ამაზედ უარესი ცენტრალიზაციური სისტემა არა მგონია თითონ სპარსეთში იყოს. აბა თუ ერთგან ნახსენები იყოს ავტორისაგან იმისთანა რამ, რომ პროვინციების, საქართველოს კუთხეების თვითმოქმედების, თვითგამგეობის, თვითმმართველობის მცირედი რამ ნიშანწყალი ეცხოს, ტფილისში მყოფ გამგეობის ანუ საზოგადოების ხელიდამ დახსნის სახსარს მოასწავებდეს. მარტო ის სიტყვებია, რომელიც ჩვენ ზემოთა ვსთარგმნეთ და ის სიტყვებიც ავტორს, როგორც ხედავთ, იმ აზრით მოუყვანია, რომ თქვენ, აგენტებო, ხვეჭეთ და ტფილისში მყოფ გამგეობას უგზავნეთო, გაისარჯენით, რაც შეგეძლოთ მისდა სასარგებლოდო და იგი „ტფილისშივე მყოფი გამგეობა რეგულიატორი, წესის და რიგის მიმცემი“ იქნებაო თქვენიცა და თქვენის შემწეობით პროვინციებისაცაო, თვით სანქციასაც თქვენის არსებობისას ტფილისში მყოფ გამგეობისაგან მოელოდეთო. თქვენ იმისთანა სამსახური უნდა გაუწიოთ, როგორც მამასახლისები და სოფლის მოსამართლეები უწევენ მართებლობასაო.

არა, ბატონებო, თუ ჩვენის საზოგადოების სენი ცენტრალიზაციური სისტემაა, ამ სენს არასგზით და არასმხრით წამლად ვერ დაედება ავტორის რჩევა, პირიქით, ის ტვირთი, რომელიც ავტორს აუკიდნია აგენტურებისათვის, უფრო გააძლიერებს იმ სისტემას, რასაც ეგრე ძალიან უფრთხის თვითონ ავტორი. ყოველივე, ავტორისაგან ნარჩევი, ცენტრალიზაციის მკვიდრად ფეხის მოკიდებას, მკვიდრად ფესვების გადგმას მოასწავებს. ესე ყოველი იმის წამალი კი არ არის, რომ „ყოველმა კუთხემ საქართველოსამ თვითონ, თავის საკუთარის ძალით და მხნეობით მიიღოს მონაწილეობა თავისავე განათლების საქმეთა წარმოებასა და გამგეობაში“, არამედ თვითონ მიუყრუვდეს ამ საქმეს, ფურსავით, როგორცა ვჰსთქვით, მოიწველოს და წველა ტფილისში მყოფს გამგეობას უგზავნოს და იმავე ტფილისში მყოფს გამგეობას შეაჩეროს გული და თვალი, აცა რას მიწყალობებენ იქიდამაო.

რაკი ავტორი თვითონვე გვარწმუნებს, რომ ტფილისში მყოფს წერა-კითხვის გამგეობას ჯერ კიდევ არ გაუბაწრავს პროვინციები და ეხლა თვითონ გვირჩევს გაბაწვრასა, ჰსჩანს, რომ მიზეზი ამ საზოგადოების სისუსტისა, ეგ გაბაწვრა, ესე იგი, ცენტრალიზაციის ბადის გაბმა არ ყოფილა. მაშ რა ყოფილა? აბა თვითონ ავტორს დავუკვირდეთ, ამის პასუხისათვის რა საბუთს გვაძლევს. „საზოგადო კრება (წერა-კითხვის საზოგადოებისა), რომელზედაც ქართველობა ასასობით მაინც უნდა ესწრებოდეს, ვერც ერთხელ ვერ შესდგა თავის დროზედ, რადგანაც ორმოცდაათი კაცი, კანონიერი რიცხვი, ვერც ერთხელ ვერ მოგროვდა. საზოგადოების წევრებად ქართველები ითვლებიან არა ათიათასობით, არამედ ასობით. წევრები საზოგადოებისა ისე გულგრილად ეპყრობიან საქმესა, რომ რის ვაივაგლახით შემოდის საზოგადოების კასაში მხოლოდ მეათედი ნაწილი იმ ფულისა, რომელიც ყოველწლივ უნდა გროვდებოდეს. საზოგადოების გამგეობა შესაბამ ბანს აძლევს ამ საზოგადო გულგრილობას“. „ვინც გულით და სულით თანაუგრძნობს განათლების საქმეს, მისთვის ეს მცირედი გარჯა (საწევრო ფულის გზავნა ფოსტით) არაფერია. მაგრამ, სამწუხაროდ, ამგვარი პირებით ჯერეთ ღარიბნი ვართ (არაო, წინათ ასე სთქვა). უმეტესი ნაწილი ისე გულგრილად უყურებს ამ საქმეს, რომ მათთვის ნამდვილს დაბრკოლებას შეადგენს წერილის დაწერა, ფოსტაში მიტანა და ფულიანი კანცერტის გამოგზავნა. დაბეჭდილი ფორმა (გამგეობისაგან სოფლის განაჩენების ფორმა სკოლების გამართვის შესახებ) ან ვერ მიაღწევს შორეულს სოფლებამდე, ან თუ მიაღწია, იქნება წამკითხველი არც კი აღმოჩნდეს და, თუნდაც წაიკითხონ, მაგდენად ყურს არ გაიბერტყენ“; „ჩვენს ქვეყანაში წიგნის კითხვის სურვილი, დიდებში თუ პატარებში, იმდენად სუსტია ჯერეთ, რომ...“ და სხვანი.

ყოველივე ეს მართალზე მართალია და თვითონ ავტორიც გულდაჯერებულია, რომ ეგ ეგრეა. თუ ეს მართალია, მაშ მიზეზი აქავ ყოფილა და რაღად მივწვდით ის რაღაც ეშმაკი „ცენტრალიზაციაა თუ ბიუროკრატია“, რომელნიც, თურმე ნუ იტყვით, არც კი ჰსჭირებია სენად საზოგადოების გამგეობას და ეხლა უპირობენ შეჰყარონ? თუ რასაც ამ შემთხვევაში ამბობს ავტორი – მართალია, ის რაღად იქნება ტყუილი, როცა ამბობენ, რომ ჩვენის წერა-კითხვის საზოგადოების სისუსტის მიზეზი ჩვენი ერის მოუმზადებლობააო განათლების შესახებ, რომ საზოგადო კრება, რომელზედაც ქართველობა ას-ასობით უნდა დაიარებოდეს, ვერც ერთხელ ვერ შესდგა თავის დროზედ, რადგანაც კანონიერი რიცხვი, ორმოცდაათი კაცი მაინც, თავს ვერ მოიყრიდა, რას მოასწავებს, თუ არ იმას, რომ განათლებისათვის გული არ შეგვტკივა. ვის არ შესტკივა ხოლმე გული ამ დიდ საქმისათვის? მარტო უცებს და მოუმზადებელს, რომ საზოგადოების წევრებად ათას-ათასობით არ ითვლებიან, არამედ ასობით, რას მოასწავებს, თუ არ იმას, რომ განათლების ხელის მომართვას არ თანაუგრძნობენ. ვინ არა თანაუგრძნობს ამისთანა დიდ საქმეს? მარტო უცებნი და მოუმზადებელნი. წევრები საზოგადოებისა ისე გულგრილად ეპყრობიან ამ საქმეს, რომ ეზარებათ ფოსტით ფულის გამოგზავნა და ამ მიზეზით. მეათედი ნაწილიც არ შემოაქვთ მისი, რაც უნდა შემოუვიდეს საზოგადოების კასას – რას მოასწავებს, თუ არ უცების კაცის გულგრილობას და მოუმზადებლობას? სოფლებში წამკითხველებიც არ არიან, რომ უბრალო ფარატინა წაიკითხონო, და თუნდაც წაიკითხონ, მაგდენად ყურს არ იბღერტენო; ჩვენს ქვეყანაში წიგნის კითხვის სურვილი ჯერ სუსტია, ყოველივე ეს ერთად და თვითოეულად ცალკე – რის უტყუარი ნიშნებია, თუ არ მოუმზადებლობისა, უცებობისა. გამგეობა საზოგადოებისა უვარგისია, უქმია, უმჭრიახოა, უმხნეოა. რას მოასწავებს ეს, თუ არ იმას, რომ არც ამომრჩეველნი მათნი არიან მომზადებულნი და არც ამოსარჩევნი თუ ამორჩეულნი? განა ახალი ამბავია, რომ ყოველი მსგავსი მსგავსსა ჰშობს.

სად არის ის ბლომა ნაწილი თავადაზნაურობისა, რომელიც ამჟამად ნასწავლ დასსა ეკუთვნის, ავტორის სიტყვით? სად არის სამღვდელოება, მოქალაქობა და თვით გლეხობაც, რომელნიც დღითიდღე ავსებენ თხელს რაზმს ინტელიგენციისას და რომელიც ამჟამად წარმოადგენს შესამჩნევს ძალას? რად ვიბრმავებთ თვალებს და ჭეშმარიტ მიზეზს ჩვენის სისუსტისას პირდაპირ თვალს არ ვუსწორებთ? რა დროს სიზმრებია, როცა ცხადი ესეთი მწვავია?

აბა ყოველს ამას მიზეზთა-მიზეზი მოუნახეთ და დაინახავთ, რომ ყოველი ჩვენი ეგრეთ წოდებული „საზოგადოება“ მარტო ყავარია, რომელსაც ბოძები თვითონ ერში არა აქვს, ხეა, რომელსაც ფესვი თვითონ ერში არ გაუმაგრებია და თუ ფეხზედ დგას, იმიტომ კი არა, რომ ძირი ღრმად აქვს წასული, არამედ იმიტომ, რომ გარედამ აქეთ-იქით ბოძები აქვს მიცემული. აი, ნამდვილი მიზეზი სისუსტისა საერთოდ და წერა-კითხვის საზოგადოებისა საკუთრივ.

ჩვენ ცოტად თუ ბევრად გვჯერა, რომ აგენტურა და აგენტები ადგილობრივნი ასე თუ ისე ხელს მოუმართვენ წერა-კითხვის საზოგადოებას და ცოტად თუ ბევრად ლუკმას მოაწვდიან, ცოტად თუ ბევრად განაცხოველებენ მის მოქმედებას. მაგრამ მათ თუ მარტო ის სამსახური გაუწიეს წერაკითხვის საზოგადოებას, რასაც სოფლის მოხელენი უწევენ სოფლის მართებლობას, მაშინ ის საქართველოს კუთხეები, რომლისათვისაც ეგრე სამართლიანად ჰზრუნავს ავტორი, არამც თუ ხელს მოუმართავენ განათლების საქმეს, არამედ სამუდამოდ დაჰსწყევლიან და ახლოს არ მიიკარებენ. აქ მაგისთანა სამსახური კი არ უნდა „კუთხეებს“, არამედ უნდა იმოდენა თვითმოქმედების ძალი აღუძრან, რომ თვითონვე გაუძღვენ და თვითონვე ემსახურონ თავის განათლებას, საქმე თავის ხელით დააწყონ და თავის თვალი ადევნონ. ვისაც ცენტრალიზაცია არ მოსწონს, ის იმას კი არ უნდა ნატრობდეს, რომ ყოველს კუნჭულში ტფილისში მყოფ წერა-კითხვის საზოგადოების აგენტი იჯდეს ფულების მოსაკრეფად, წევრების მოსაპოვებლად, წიგნების გასასაღებლად, არამედ ისა, რომ ეგ აგენტები საჭირონი არ იყვნენ, თვითონ მკვიდრნი ცალ-ცალკე კუთხისანი იმოდენად მოიწივნენ, იმოდენად მოჯობინდნენ სულითა და ხორცითა, რომ თვითონ, თავისის საკუთარის ძალ-ღონითა განაგებდენ თავიანთ საქმეს განათლებისას, თუ განათლების საქმე საზოგადოდ, მართლადა თვითვეულ კუთხისათვის ცალკე განსაგებელი საგანია. აგენტების დანიშვნას და ყოველს სხვა მოქმედებას წერა-კითხვის საზოგადოებისას წინ უნდა უძღოდეს ზრუნვა და ცდა მასზედ, რომ თვითმოქმედებამ ერისამ ყოველ კუთხეში ფეხი აიდგას განათლების გავრცელებისათვის და ეგ თვითმოქმედება იქმნას იმ ხნულად, საიდამაც უნდა აღმოცენდეს სწავლა-განათლება და სადაც ძირი უნდა გაიკეთოს ყოველმა საზოგადოებამ საერთოდ და წერა-კითხვისამ კიდევ სახელდობრ.

 

 

[1883, ნოემბერი]

შინაური მიმოხილვა (ბევრი რამ გვაკლია ჩვენ, ქართველებს...)

ხელნაწერი: U, 168, გვ. 498.

ნაბეჭდი: ჟურნ. „ივერია“, 1883, №11, გვ. 98-117.

გვ. 198-199 „ქართული დრამატიული საზოგადოება შევადგინეთ...“ – შესდგა წერა-კითხვის საზოგადოება...

შესდგა თავად-აზნაურთა საზოგადოება ღარიბთა მოსწავლეთა შემწეობისათვის – ინ. წინამდებარე ტომის 94-ე გვერდზე მოთავსებული „შინაური მიმოხილვა“ და მისი კომენტარი (ტომის გვ. 607-608).

გვ. 203 „ორმა მესვეურმა წერილმა „დროებისამ“ ... სათაურით რა მიზეზია?“ – პირველი წერილი დაიბეჭდა 1883 წლის „დროების“ №246-ში, 6 დეკემბერი, გვ. 1-2. წერილი ხელმოუწერელია.

მეორე წერილი – გაგრძელება, დაიბეჭდა ამავე წლის №249-ში, გვ. 1-3. ეს წერილიც ხელმოუწერელია. წერილის ავტორი სთავაზობს საზოგადოებას ახლებურ ორგანიზაციას ამ საზოგადოების საქმიანობისას. ამ ორ წერილს დაწვრილებით არჩევს ილია ჭავჭავაძე, რათა ნათელყოს, რომ სტატიების ავტორის თვალსაზრისი მოკლებულია დამაჯერებლობას და ბევრი ხერხი თუ საშუალება, მისგან შემოთავაზებული, საზოგადოების საქმიანობის რეორგანიზაციისათვის – მცდარია.