The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ახირებული ფურცელი
ეხლანდელი ქართული ჟურნალგაზეთების მიმართულება

წერეთელი აკაკი

ახირებული ფურცელი

ახალი მწერლის აშფოთებს — რჩევა თუ ვის უნდა მიჰბაძოს — გამოცანას ახსნა ფიქრებითურთ.— ბოდიში — ლექსი ჭრელაძეებზედ.―გლეხივით საუბარი — კურდღლის ანდაზა — ქართული შემთხვევა — გლეხის მუშური სიმღერა და მისი გამოსალმემა. —

ძინგ! ძინგ! ძინგ! რა ამბავია? გული მიძგერს! პირველჯერ გამოვდივარ სალიტერატურო ასპარეზზედ და ვემსგავსები იმ ახალგაზრდა მონადირეებს, რომელთაც ხელათ არა აქვსთ დიდი ნადირების ხოცვა და პატარ-პატარა ნადირებს უსვრიან. მოგეხსენებათ, რომ პირველად ყოველი ფერი მიბაძვით იწყება და განსაკუთრებით ამგვარი საქმეები; მხოლოდ ერთი ცა და ქვეყანა გაჩენილა მიუბაძავად. მეც უნდა მივბაძო ვისმეს, და მიბაძვით ვიწყო თავში შესავალი. მეშინია კი, საკვირველი ხალხია ქართველი: პირველ სიტყვაშივე დაგიჭერს და დაგცინებს; არ ვიცი რა უნდა ვქნა? მივბაძო, მაგრამ ვის? თუ მივბაძე ძველ მწერლებს და დავიწყე ამ სიტყვებით: „ძალი მომეც და შეძლება და სხვა“... ახალი მწერლები გამირისხდებიან: „ჩვენ ვერ მოგვაგონო, რომ ძველ მწერლებს მიხტომიაო“. სწორეთ საშინელიც არის, იმათ უნდა მივბაძო. იმათ ისტორიით იციან სტატიის დაწყება და მეც ისე დავიწყო? – „ვინ მოჰკლა იულიუს კეისარი? ვინ იყო ბრუტი?“ არა, ახ! არ ივარგებს: ვაი თუ მეც ისე დამემართოს, ზოგიერთებს რომ დაემართა. იცით, ბატონებო, ზოგიერთ ჩვენ მწერლებს რა დაემართათ? ერთმანეთს უმტკიცებდნენ მე ვარ ბრუტი და შენ იულიუს კეისარიო, არა, მე ვარ ბრუტი და შენ იულიუს კეისარიო. შექმნეს ბაასი და რით გათავდა მათი ბაასი? მითი, რომ კეისრობაზე სუყველამ ბოდიში მოითხოვეს და ბრუტობაკი დაიმტკიცეს ჩვენს ლიტერატურაში. თუნდა რა დიდიხანია აქიდგანა. სჩანს რომ ისტორიით დაწყება არ ვარგებულა. ვსინჯო ერთი და მივბაძო მეორე გვარ მწერლებს, ანდაზებით და გამოცანებით რომ იწყებენ ხოლმე სტატიებს? — მართლა ახლა გამახსენდა. ბატონებო, ის ანდაზა ჯერ ხომ არავის გამოუცვნია, ერთმა ლიტერატორმა რომ იკითხა: „რა იყო მიზეზი რომის დაქცევის და ვინ დააქცია რომიო? მე გამოვიცნობ უფ. ავტორო!

აბა ვინ არი? გამოიცანი! (მკითხავს ავტორი)

— დამაცადეთ ცოტა ვიფიქრო.

—ვერ გამოიცან?

ვფიქრობ.

— ვერა, ბატონო, სწორედ მიჭირს მიხდომა!

— მაშ რაღას ტრაბახობდი?

— მომითმინეთ, ბატონებო, ეგებ გამოვიცნო, თქვენც ერთი მიბძანეთ: საჭმელია?

— სასმელია?

— არა!

— რა უნდა იყოს?

დიდხანს ვფიქრობ.

არიქა, გამოვიცანი! გამოვიცანი! არხიმედივით ვყვირი.

ჰო! რა გაყვრებს? რა იყო! თუ გამოიცანი, ჰსთქვი! იყო რომის დამქცევი?

ჩემი ზარხოშ ბახუსიჩი, ბატონო, იმან დააქცია რომი, საკვირველი ვინმე გახლავსთ, ბატონებო, ზარხოშ ბახუსიჩი: მაშინვე ხელებს აუკანკალებს კაცს და მაგარი სასმელები რომ არ დააქცევინოს არ შეიძლება და განსხვავებით რომის მტერია! ხომ გამოვიცანი? ბარაქალა ჩემო მახვილ გონიერებავ! მაგრამ თქვენკი უკაცრავათ, ბატონებო, მკითხველებო! მომიტევეთ, აი როგორ მეტყობა ყმაწვილ-მონადირობა: რისთვის გამოვედი და საით გადავუხვიე?! და უკაცრავათ თქვენი ჭირიმე! რას მოგახსენებდით? ჰო, ვის მივბაძოთო? ვხედავთ, რომ არ ვარგა არც ძველი მწერლების, არც ისტორიკოსების და არც მეანდაზეების მიბაძვა. თუ მივბაძე ზოგიერთებს და დავიწყე: „ას, რამდენი ხანი მძინებია, ძლივს არ გამოვიღვიძე და სხ. არც ეს ივარგებს!“ აბა თქვენი ჭირიმე ახალ ნამძინარევზედ რა ახალი ანბავი დაიწერება სიზმრისა და ბოდვის მეტი. რა ცეცხლში ჩავარდი! დავრჩი, დავრჩი ასე მიუბაძავათ. გულმაც მოუმატა აშფოთებას: ძინგ! ძინგ! ძინგ.... კიდევ ძინგ.. ძინგ! ეჰ! რაც იქნეს და იქნეს აღარავის მივბაძავ, ამგვარ ლიტერატორთაგანს, ისევ ჩემით გამოვალ ქართულათ და ქართულითაც დავიწყებ ქართულის მიბავით, მაგრამ აქაც ერთი ჭირი, სად მოვნახო ნამდვილი ქართველი! ამ თერგ გამოღმა ძველ ქართველებს მივბაძო, რომელნიც აღარ არიან, თუ ახალს ჭრელაძეებს? ჭრელაძეები ვინ არიან? განკვირვებით მკითხავთ. განა არ იცით?

ქართულზედ რომ ხელს იღებენ,

ვეღარც რუსულს ახერხებენ,

ულვაშებს ემტერებიან,

რუსულად ბაკებს უშვებენ.

სხვისას კარგსა მეტად ჰგმობენ. –

თუმც თავის თავს სუსტად ჰსცნობენ –

ჯიბეებსა თაგვი უჭრისთ,

მაგრამ ისევ დიდკაცობენ.

ქართულ ენას არად ხდიან,

შვილებს რუსულათა ჰზდიან,

ტრეტიაკოვსკის აქებენ

და რუსთველს კი დასცინიან.

ეს გახლავან ჭრელაძენი,

საქართველოს ფუჭნი ძენი,

უსწავლელნი სწავლულები,

კოტრი-კრეზნი, სულელ ბრძენნი

ყოვლადვე ნუ იყოფინ!!!

ამათ უნდა მივბაძო? (ანდუყაფარივით დავიყვირებ) — არა! არა! ღმერთმა დამიფაროს! — არა ბატონებო, წარმოვდგები თქვენ წინ როგორც გლეხი კაცი, სულით და გულით და ქართველი,ბდავებჯინები წითელ ბლის თასმიან ჯოხზედ, ხმას გავისწორებ და მოგახსენებთ:

ბატონებს გაუმარჯოს!

— გაგიმარჯოს! რა იცი ახალი ანბავი? (მიბძანებთ).

აქა მშვიდობა, თქვენი ჭირიმე. (და მოვჰყვები):

არა მძინებია ბატონებო, მაგრამ ხანდახანკი მომგვრიდა ხოლმე ძილს „ცისკარი“ თქვენი ჭირიმე, რომელზედაც ახლა მსურს მოგახსენოთ ჩემი სოფლიური უგუნური შენიშვნები: როგორც მოგეხსენებათ ეს ჩვენი ყმაწვილი „ცისკარი“ მეექვსეს წელიწადში ჩადგა, მაგრამ დღემდი არ ვიცოდი სადაური ყმაწვილი იყო რუსის თუ ქართვლის. ღმერთთან სწორი სჯობს. ზოგიერთი თვისებაკი ქართველი ყმაწვილისა ჰქონდა. ყოველ თვეში თითო კაბას იცვლიდა, ხან წითელს იცვამდა, ხან ყვითელს და ლურჯს; ამით სწორეთ ცელქი ქართული ყმაწვილი მომაგონდებოდა ხოლმე. ამას გარდა ზამთარში მსუქდებოდა და ზაფხულში გახდებოდა ხოლმე, ესეც ქართველი ცელქი ყმაწვილის თვისება გახლავთ — თორემ სხვა ამ წლამდის ქართველობა არ ეტყობოდა; დღეს თქვენი ჭირიმე, ვიღაცები კარგი მასწავლებლები გამოუჩნდენ, განსაკუთრებით ერთი მოლაყბე გამოჩენილა და მართალია ლაყბობასკი ეძახის თავის სტატიებს, მაგრამ იმას უფრო სარგებლობა მოაქვს იმის ლაყბით, როგორც თვითონ უწოდებს, ვიდრე იმ ფილოსოფოსებს, რომელნიც ხან ინახით ჯდებიან გორს და ხან ათინა, რომი და ევროპა შესძრეს თავისის ფილოსოფიით, რომელიც დააფუძნა საქართველოში პლატონ ფილოსოფოსმა. ბერძნების პლატონზედ არ მოგახსენებთ, არა მე მოგახსენებთ ჩვენს პლატონ ფილოსოფოსზედ. მინდოდა ახალი მასწავლებლების გაცნობაც და ავიღე ხელში ფებერვლის ცისკარი, მაგრამ ჯერ აქ ერთი ანდაზის ნება მიბოძეთ, რომ მოგახსენოთ, რადგანცა აქ არ გახლავსთ თავში შესავალი, რომელშიდაც მე არ მინდოდა ამათი მიბაძვა, მაგრამ გაგრძელდება. ყურდღელი მარტო სამ დღეს წოვს, აი ამ მიზეზით; თურმე, დედამ ჰკითხა, რომ დაებადა ბოცორი: შვილო სამ თვეს გაწოვოო? (ჩქარა ჰკითხა) თუ სააამ დღეეეს (გაუგრძელა). საწყალს შლს სამი დღე მეტი ეგონა და მიაძახა იმანაც გაგძელებით) რასაკვირველია საამ დღეეესო. იმისი არ იყოს, მეც ყურდღლისბაჭიასავით მომივიდა ბატონო; ვნახე ცისკარში ერთ სტატიას ქვეშ იყო გძლათ ხელმოწერილი: ზემოური იმერელი გორისელი წერეთელი ეფთიმე. ვიფიქრე აბა აქ არის სიბრძნე სოლომონისათქო და დავიწვე კითხვა. თქვენმა მზემ გამიკვირდა, ისეთი მშვენიერი ენით იყო დაწერილი და, ეს შესანიშნავია! ძალიან გვეჭირვება ახალი კარგი ენა ჩვენ. მაგრამ თუ არ გამიწყრებით ერთს ანდაზას კიდევ მოგახსენებთ, სულ ანდაზაც არ გახლავსთ, ყოფილი გახლავსთ, მართალი შემთხვევაა. რა ვქნათ ბატონებო, ჩვენი გლეხების ფილოსოფია და ისტორია ქართული ანდაზები და შემთხვევავები გახლავსთ:—ჩემს მეზობელს ერთი შვილი ჰყავს, რომელიც კარგათ გამოზარდა, ბევრი ენებიც ასწავლა, მაგრამ ის ყმწილი, როგორღაც ქართველს არა ჰგავს, არც ბუნებითი ჭკუა აქვს და არც ნიჭი ქართველისა. გუშინწინ ნათლია მისი ეწვია ჩემ მეზობელს და მეც იქ შევღოღდი. მამამ წაუდგინა შვილი მისი ნათლიას და უთხრა: რა ბედნიერი კაცი ვარ, ამ შენმა ნათლულმა ხუთი სხვა და სხვა ენა იცისო. ნათლიამ ამოიხვნეშა და დაიკრა მუხლზედ ხელი. რა დაგემართაო? ჰკითხა მამამ, როგორ რა დამემართაო? შე კაცო, აქამდის ჩემი ნათლულის სიჩერჩეტე ერთმა ხალხმა იცოდა და ახლა ხუთს სხვა და სხვა ხალხს შეუტყვიაო. მისი არიყოს... ხე! ხე! ხე! ხე! ხე!... გორისელსაც ისე მოსვლია, იმ დალოცალს ანტონ კათალიკოზსავით ღრმათ რომ დაეწერა ბევრი ვერ გაიგებდა და კარგი ეგონებოდა და ახლაკი ყველა შეატყობს, რომ ავტორს ცარიელი გუდა გაუბერტყავს. მაგრამ რა მრჯის მე ამდენს გამბედაობას, პირველათ პატივი დამიყრია მისის სტატიის და მისის მწერლობისათვის. რა ჩემი საქმეა გორისელი წერეთლის განხილვა, ერთი გულჩჩვილი კაცი გახლავარ. მაგრამ ესკი შევატყვე, რომ უფალს ზემოური იმერელს, წერეთელს ეფთიმეს არ ესმის პოეზია. საღმრთო სიტყვა და პოეზია იმ დალოცვილს ერთი გონია. ასე რომ: ერთი ალილუია ერთი პოეზია ჰგონია, ორი ალილუია ორი პოეზია, სამი, სამი და ამ გვარათ. მაგრამ რა მრჯის მე ამის თქმას, კიდევ პატივი დავაყარე მისს თხზულებას და მის მწერლობასა უკანასკნელათაც. ბლიაძეს წაეკითხა მისი ცალიერი თხზულება და აი რა სამღერალი მუშური ლექსი მოიგონა, რომელსაც ჩვენ სოფელში სუყველა იმღერის:

 

„ზემოური იმერელი

კახელს შემოწყრაო,

ეე-ჰოო, ჰეე--ჰოო!

სამს დღეს უღეჯჭა სტატია

და ძლივს გამოხრაო,

ცილს არ ეწამებთ, ბატონებო,

თვითონ მოგვითხრაო.

ჰეე-ჰოო, ჰეე-ჰო!

მერე დაჯდა და რედაქტორს

წიგნი მისწერაო:

ჰეე-ჰოო, ჰეე-ჰოო!

თქვენი ცისკრის გამოწერა,

თუმც მომენატრაო,

ჰეე-ჰოო, ჰეე-პო! მაგრამ კახელის სტატიამ

გულს ისარი მკრაო.

ჰეე-ჰოო, ჰეე-ჰოო!

მაგ თერგისწყალდალეულმა

ეგ რა შეგვკადრაო! ეე-ჰოო, ჰეე-ჰოო!

ანტონსა და ჩახრუხაძეს

რახ ჩაემტერაო? შემ.

ჰეე-ჰოო, ჰეე-ჰოო!

ჟურნალი უნდა გამოსცეს,

სულ ქართლი შესძრაო.

ჰეე-ჰოო, ჰეე-ჰოო!

ჩემ მაგიერად ურჩიე,

თუ დაიჯერაო,

ჰეე-ჰოო, ჰეე-ჰოო!

ბევრი უნდა, რომ ეყოლოს

ხელმომწერი ცხრაო,

ჰეე-ჰოო, ჰეე-ჰოო!

სხვებიც ბევრი რამ მინდოდა,

რომ მომეწერაო

ჰეე-ჰოო, ჰეე-ჰოო!

მაგრამ თერგელის სტატიამ

კირათ მომასწრაო,

ეე-ჰოო, ჰეე-ჰოო!

რაც აზრები მოვაგვარე

ჯავრით გამოსჭრაო,

ჰეე-ჰოო, პეე-პოო! ეს ჩემი ბატის კალამიც

ნოემ გამოსჭქრაო. ეს მისწერა და მართლისთვის

აწ ჩვენც ვუთხრათ ბრავო––-

ჰეუ-ჰოო, ჰეე-ჰოო!!

ამასაც ანბობს ბლიაძე, თუ ეფთიმე გორისელმა ბოდიში არ მოიხადა უთუოთ ყოველი თვეში შევამკობ ხოლმე სხვა და სხვა რიგათო.

ყოვლადვე ნუ იყოფინ! აწ ნება მიბოძეთ შინ გიახხლოთ! მშვიდობით ბძანდებოდეთ ბატონებო!...

—მოიცა კაცო? სად მიდიხარ? ღვინო დალიე!

— არა თქვენი ჭირიმე! გმადლობთ! შინ მივეშურები და მშჯდობით ბძანდებოდეთ ნახვამდის. — მესამე თერგი დალეული.