The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მასალები ლექციისათვის

ჯავახიშვილი მიხეილ

რჩეული თხზულებანი ექვს ტომად

ტომი

VI

წერილები

გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“

თბილისი — 1964

სარედაქციო კოლეგია

აბაშიძე ირასკლი

ჭილაია სერგი

ნატროშვილი გიორგი

 

ილია ჭავჭავაძე

(მოგონებათა ნაწყვეტები)

– მამაჩემი თვითონაც მიწის მუშა იყო და სურდა მისი შვილიც მიწას არ მოსწყვეტოდა. მე არაფერი მკითხა და 1893 წელს წინამძღვარიანთ კარის სასოფლო სამეურნეო სკოლაში მიმაბარა. მანამდის ეხლანდელ ლორის რაიონში ხუთი წელიწადი დავყავი რუსულ სკოლებში და დედა-ენა საყველპუროდღა მახსოვდა, წინამძღვრიანთ კარის სკოლაში კი ყველა საგანს ქართულად ასწავლიდნენ. ზოგი საგანი იქაურ კურსდამთავრებულებზე უფრო უკეთაც ვიცოდი (რუსული, გეოგრაფია და სხ.), მაგრამ, ვინაიდან ქართული და სპეციალური საგნები არ მესწავლა, ამიტომ მესამე კლასში მიმიღეს და საგანგებოდ ქართული ენის მასწავლებელი მ. დავითაშვილი მომიჩინეს. ერთი წლის შემდეგ ჩემ ტოლებს დავეწიე, მაგრამ ენა საბოლოოდ ვერ გავიტეხე, ქართულ მახვილს თავის ალაგი ვერ ვუპოვე.

14 წლის ყმაწვილმა უკვე ვიცოდი ვინაობა და რაობა იმ საუკუნის კლასიკოსებისა. ისიც ვიცოდი, რომ ყველაზე დიდ მწერლად, მოღვაწედ და ქართველთა მეურვედ ილია ჭავჭავაძე ითვლებოდა, იმ ერთ წელიწადში ზეპირად მასწავლეს მისი რამდენიმე ლექსი და ჩვენი სკოლის გახსნის გამო მის მიერ ნათქვამი სიტყვაც, რომელიც ქართული ორატორული ოსტატობის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად მიმაჩნია.

სკოლისთვის ტრადიციად იყო გადაქცეული, რომ სკოლის უკანასკნელი კლასების მოწაფენი ილიას დღეობას (20 ივლისს) აუცილებლივ უნდა დასწრებოდნენ. იმ დღეს დილით გალობაში ერთხელ კიდევ ვივარჯიშეთ, სუფთად ჩავიცვით და საგურამოსკენ გავწიეთ, ილია ჭავჭავაძესთან ერთად გადაღებული ფოტოსურათი ეხლა წინ მიდევს. სურათზე სულ 32 მოწაფე დავითვალე.

წინ მასწავლებელი თედო მეგრელიშვილი მიგვიძღვის. მას მომღერალთა გუნდი მისდევს. ხუთიოდე კილომეტრი გავიარეთ და, ილიას სახლს რომ მიუახლოვდით, მგზავრულის კილოზე მისისა,

ლექსი დავძახეთ:

ქართველო, ხელი ხმალს იკარ,

დღე გათენდა დიდებისა,

თოფ-იარაღი აისხი,

დრო მოდის გამარჯვებისა.*

* ილიას დღეობაში ზედიზედ ოთხჯერ ვიყავი. 1896 და 1897 წელს ჩვენს გუნდს ორდენოსანი სანდრო კავსაძე ხელმძღვანელობდა. მე პირველ ხმას ვამმობდი, ის კი მოძახილს.

წინ ილია გამოგვეგება, გარს-შემოვეხვიეთ და სიმღერა დავასრულეთ. ილიას გაოცებული შევცქეროდი. მეგონა, ახოვანი, ჩოხოსანი ან ქულაჯოსანი იქნებოდა, ნამდვილად კი ჩვენს წინაშე შუატანის 57 წლის კაცი იდგა — სრული, პირსავსე, ჭაღარაშერეული. ილია გვიღიმოდა, გვეალერსებოდა, ვინაობას გვეკითხებოდა. მერმე, წინ გაგვიძღვა და ხალხით სავსე ეზოში შეგვიყვანა. ჩვენი გამოკითხვა დიდხანს გაგრძელდა. რიგი ჩემზე მოვიდა. იმ სკოლაში, ბორჩალოელი ჩემს მეტი ჯერ არავინ ყოფილიყო. ეს ილიას გაუკვირდა და გაეხარდა. მასწავლებელმა მეგრელიშვილმა შემარცხვინა:. ილიას ჩემი ნაკლი ჩასჩურჩულა.

— აბა, ბარათაშვილის ლექსი წამიკითხე. — მითხრა ილიამ. მეტი გზა არ იყო წინდაწინვე გავწითლდი და დავიწყე:

მორბის არაგვი არაგვიანი,

თან მოსძახიან მთანი ტყინი.

მახვილი ისევ ნამდვილი რუსული წესით ვიხმარე: ილიამ გაიცინა არც სხვები ჩამორჩენილან. მე მეწყინა და მაშინვე გავჩუმდი. ილიამ თავზე ხელი გადამისვა და დამაწყნარა. ვიღაცამ უთხრა ჩემზე: ჯერ ქართული გამოთქმა არ ეხერხება, სამაგიეროდ მწერლობას ისე ბეჯითად სწავლობს და ისე სწერს თხზულებას, რომ მწერალი უნდა გამოვიდესო.

— მართლა? აბა შენ იცი, — მითხრა ილიამ, — ვინძლო არ შეგვარცხვინო.

იმ ვიღაცას ენამ უყივლა, თორემ მაშინ მწერლობა აზრადაც არ გამივლია.

ილიას უბრალო სახლმა გამაოცა. ბორჩალოელი დიდი თავადების სახლები მქონდა ნახული და მეგონა, ილიას სახლი ყველას უნდა სჯობდეს მეთქი. რამოდენიმე წლის შემდეგ ილიამ ჩემ თვალწინ ახალი სამსართულიანი სახლი აიშენა. სამაგიეროდ მშვენიერი იყო მისი ბაღი, ზვარი, აუზი, ყვავილნარი, ეზო, წყარო, ვეება ქვის მაგიდები, თავკარვიანი კაკალი, მუხებისა და ცაცხვების რიგი, რომელნიც იმ კარმიდამოს ეხლაც ამშვენებენ. ყველაზე მეტად მარის გამაკვირვა. მისი მსგავსი ქართული სტილის სამოქალაქო ძველი შენობა აქამდის არ მინახავს. საკვირველია, რომ სიძველეთა და ცველ კომიტეტს ის შენობა არ აურიცხავს და არ დაუცავს.

აღარ მახსოვს ილიას დღეობაში, ვინ, რომელ წელს ვნახე, ის კი მახსოვს, რომ პირველად იქ დავინახე პეტრე უმიკაშვილი, ნიკო, ხიზანიშვილი, გიგა ყიფშიძე, დავით მიქელაძე, და-ძმა უორდროპები, არტურ ლაისტი, გრიგოლ აბაშიძე, კიტა აბაშიძე, ვალერიან გუნია, რაფიელ ერისთავი, გრ. ვოლსკი, ზდანოვიჩი, ნატო გაბუნია და ბევრი სხვა მოღვაწენი და მწერალი. მოწაფეებში ვიღაც სტუმარი ჩამოგვერია და მათს ვინაობას გვისახელებდა. მე ჩემი თავი ოლიმპზე მეგონა. მას მხოლოდ ვაჟა და აკაკი აკლდა.

ხალხი თანდათან მატულობს. გლეხები გუნდ-გუნდად მოდიან, მებადურებს არაგვიდან ორაგული მოაქვთ. მებაღეთა ჯგუფმა ნობა" თად ილიას უამრავი ხილი მოართვა. მონადირეს მშველი ჩამოუტა, ნია, ორმა მეცხვარემ ბატკნები მორეკა. ჩრდილში ორპირად მეტად გრძელი სუფრა იშლება. მე არა მჯეროდა, რომ ამოდენა ხალხის დაპურება ერთ რიგზე მოხერხებულიყო, მაგრამ თადარიგი სწორე" დაუჭერიათ, ყველაფერი უანგარიშიათ. კაკლის ქვეშ ინტელიგენცი და ილიას ნათესავები დაეტივნენ. სუფრის ბოლოს მოწაფენი დავსხედით, იმავე მწკრივში და ქვემოთ შორს საბძლამდის ლურჯ სუფრებს გლეხობა შემოუსხდა. საჭმელ-სასმელი თავსაყრელია.

თამადად კოლა ერისთავია. სვამს და სხვასაც ასმევს, თან ენა მჭევრობს, დროგამოშვებით ილიას ლექსებს ამბობს და სხვებსაც ათქმევინებს. ილიას მეუღლის ოლგას სადღეგრძელოს რომ გამო აცხადებდა, უეჭველად „განდეგილის“ ნაწყვეტსაც იტყოდა ხოლმე, ილია მასპინძლობს: სუფრას ხშირად ჩაჰყვება, ყველას დახედავს, ალხენს და თვითონაც ილხენს. განთქმული მომღერალი ყარალა. შვილი თარს უკრავს და მღერის. ჩვენმა გუნდმა უამრავი სიმღერა იცოდა: „გუშინ შვიდნი გურჯანელნი“, „გაფრინდი შავო მერცხალო“, „მურმანო“, „თამარის დროშა გაშალეს“, „წაიყვანეს თამარ ქალი", „აღსდეგ გმირთ-გმირნო“, „ჩუხჩუხით ჩამორბოდა“ და მრავალნაირი „მრავალჟამიერი“. ვულგარულ „შენი ჭირიმეს“ და რატილის კილო ებს ილიას ხალხური სიმღერა ერჩივნა. ეს ჩვენც ვიცოდით და თითქმის მხოლოდ ლადო აღნიაშვილის რეპერტუარს ვიყენებდით. ილია ბანს გვეუბნებოდა, მაგრამ სმენა არ უვარგოდა და ამიტომ მისი ხმი დისონანსად ისმოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვუბედავდით, სამაგიეროდ ერთმა ხნიერმა გლეხმა შეუბედა და გააჩუმა. „ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ“ ილიას გაგიჟებით უყვარდა. ეს სიმღერა ჩვენი გუნდის შემდეგ გლეხებმა დაიწყეს. ილია მაშინვე იქ გაჩნდა, ორ გლეხს მხრებზე მოეხვია და ბანი მიაყოლა. მეც იქ გავჩნდი და ერთი მოკლე დიალოგი კარგად გავიგონე.

ილიავ გაჩუმდი, — უთხრა გლეხმა.

— ვერ გავჩუმდები, — მიუგო ილიამ, — ეგ სიმღერა ძლიერ მიყვარს და მეც უნდა ვიმღერო.

— ილია, გაჩუმდი, თორემ ჩვენ გავჩუმდებით.

— კარგი, ისევ მე გავჩუმდები. — უთხრა ილიამ და ის სიმღერა ხანგამოშვებით სამჯერ-ოთხჯერ ათქმევინა.

ღვინო თავისას იქმს. სუფრა ირევა. სიმღერა რამდენიმე ალაგას ისმის. აქა-იქ ლეკური და დავლური გაჩნდა. ილია ოდნავ შეზარხოშდა. მხოლოდ და-ძმა უორდროპები, ლაისტი და ეპისკოპოსი ალექსანდრე გადარჩნენ. მოწაფენიც ფხიზლები ვართ. გლეხები ფხიზლებიც რომ ყოფილიყვნენ, ერთ საათსაც ვერ მოითმენდნენ, რომ ჭიდაობა არ გაემართათ. ილიას ჭიდაობაც ძლიერ უყვარდა, მაგრამ იგი უჩხუბრად იშვიათად თავდებოდა. წრეში ხელჯოხოსნებს შეიყვანდა, თვითონაც დადიოდა და გლეხებს ეხვეწებოდა:

— ჩხუბი არ გაბედოთ. დღეობა არ ჩამიმწაროთ.. არ ჩაუმწარეს. იმ ხანებში ახლომახლო ყველაზე უფრო განთქმული მოჭიდავე იმერეთიდან გადმოსახლებული მებაღე ვინმე „ქორია“ იყო. მისი გვარი არავინ იცოდა. ერთ დროს ის ილიას მებაღედ იყო. ქორია ორ-სამ მოჭიდავეს წააქცევდა და ილიას აამებდა ხოლმე.

— ყოჩაღ! ისევ მასახელე. — უთხრა ილიამ მას შემდეგ, როცა ქორიამ ერთი სახელოვანი მოჭიდავეც წააქცია. — ხვალ მოდი და ერთი საჩოხე წაიღე.

მოწაფეები შებინდებისას ვიშლებოდით. ილიას ზოგი ნათესავმეგობარიც მიდიოდა, ხოლო დანარჩენი მეორე-მესამე დღემდის რჩებოდნენ. მანსვეტაშვილი სწერს, ილიას 60 ხელი ლოგინი ჰქონდაო, შემცდარია მისივე აზრი, თითქოს იმ დღეობაში საქართველოს ყველა კუთხიდან იმოდენა ხალხი საქეიფოდ მოდენილიყო. ერთი-ორი დღის სავალზე საქეიფოდ ვინ მივიდოდა! საგურამო ხატი ხომ არ იყო, რომ მანძილს არ დაზარებოდნენ. ილიაობა ეროვნული დღეობა იყო და იმოდენა ხალხი ამიტომ იყრიდა იქ თავს. მოწაფეებსაც ამგვარად გვქონდა შესმენილი.

ილიას მამულში მოწაფენი რამდენჯერმე ჩავედით სამეურნეო ევროპული იარაღების სანახავად და სავარჯიშოდ. ერთი მოზრდილი ფარდული ამ იარაღებით იყო სავსე. ილია დაჟინებით ლამობდა თავისი თეორია საქმედ ექცია — საქართველოში ევროპული მეურნეობის პაწია კუთხე გაეჩინა. მაგრამ ამან მაშინდელ პირობებში ნაყოფი ვერ გამოიღო. მანქანები ხშირად ემტვრეოდა. იქაური ხელოსნები ვერ ამთელებდნენ, ხოლო სულ უბრალო რამისთვის მანქანების თრევა ქალაქში და უკანვე ატანა მეტად ძვირად უჯდებოდა. ამის გამო ვიღაც სტუმარი კაკლის ქვეშ წყაროსთან ცხარედ ეკამათებოდა ილიას და ფანტაზიორს“ უწოდებდა. ბოლოს ილიამ მოუჭრა:

— კაცო, გაიგე: მარტო წაგება-მოგებისთვის ხომ არა ვცხოვრობთ. ამგვარ მანქანებს ადრე თუ გვიან გლეხებიც შეეჩვევიან, შეიძენენ და ჩვენს ქვეყანას წინ წასწევენ.

* * *

1901 წელს ყირიმის სკოლას თავი დავანებე და ტფილისს დავბრუნდი. ილია წინამძღვრიშვილს უნდოდა ის სკოლა დამესრულებინა და თავის სკოლაში მასწავლებლად მივეწვიე.

რუსეთის მიერ საქართველოს შეერთების 100 წლის თავის შესრულების გამო თავადაზნაურობას დიდუბეში გამოფენა გაემართა და მეც იმის სანახავად მივედი. იქაურობა ხალხით იყო გაჭედილი. მეფის დესპანს — ვიღაც დიდ მთავარს — აქაური მთავარმმართებელი და დიდრონ მოხელეთა ამალა დასდევდა. უცებ ორ ილიას ჭავჭავაძესა და წინამძღვრიშვილს წავაწყდი. ეს ის წინამძღვრიშვილია, რომელიც 60-იან წლებში ჭავჭავაძეს შეიარაღებულ მცველად დასდევდა, როცა მას ზოგი ქარაფშუტა თავადი თუ აზნაური მოკვლას ემუქრებოდა. ორივენი თითქო შეფიცული მეგობრები იყვნენ და უერთმანეთოდ დიდხანს ვერ სძლებდნენ. წინამძღვრიშვილიც შესანიშნავი მოღვაწე იყო. მთელი სიცოცხლე თავის სკოლას შესწირა.

ორივენი სუფრაზე ისხდნენ და საგრილებელ რამე სასმელს სვამდნენ. მე ვცადე ილია წინამძღვრიშვილისთვის თავი მომერიდებინა, მაგრამ დამინახა, დამიძახა, დამსვა და მისალმების შემდეგ მკითხა, ამ დროს აქ რა გინდაო. როცა გაიგო, რომ სწავლას თავი მივანებე, ძლიერ გაწყრა და საყვედურით ამავსო.

— ეხლა რას აპირებ, რით გინდა იცხოვრო?

— მინდა მხატვრობა შევისწავლო.

წინამძღვრიშვილი უარესად გამიწყრა, კიდეც დამცინა. ჭავჭავაძემ მიცნო.

— ეს ის ყმაწვილი ხომ არ არის, მწერალი რომ უნდა გამოსულიყო? — ჰკითხა მან წინამძღვრიშვილს.

— ის არის, მაგრამ მწერალი კი არა... — და ჩემს გაწბილებას დასასრული აღარ უჩანდა. ბოლოს მკითხა, მამაშენი ნაწყენი არ არისო?

— დედ-მამა დამეხოცა, — ვუპასუხე მე.

წინამძღვრიშვილი უცებ მოლბა. კილო გამოიცვალა, მანუგეშა, მომეალერსა. მე ჩემი დედისა და დის მოკვლის ამბავი ვუამბე. ორივენი გაოცდნენ, ნუგეშის ცემას უმატეს. ამ დროს სუფრას მეფის კარისკაცის მუნდირით გამოწყობილი თავადაზნაურთა წინამძღოლი დავით მელიქიშვილი მოუჯდა. ის ჩემი ბორჩალოელი მეზობელი იყო და ერთმანეთს უწინაც ვიცნობდით. ამ იუბილეს ინიციატორი და მეთაური ის იყო. სალამ-მოკითხვის შემდეგ მარშალმა და ჭავჭავაძემ საუბარი გააბეს. მას დროგამოშვებით ცხარე კამათის იერი ეძლეოდა. ეს ბაასი სიტყვა-სიტყვით აღარ მახსოვს, ხოლო მისი შინაარსი კარგად დამახსოვდა. მელიქიშვილმა ჭავჭავა ძეს უსაყვედურა, თავადაზნაურთა საკრებულოს იშვიათად ეკარები, ხოლო იუბილეს მტრულად შეხვდიო.

— სასიხარულო არაფერია, — მიუგო ჭავჭავაძემ, — საქვეყნოდ თავი მოგვჭერით. თავიდანვე გითხარით, მე ჩემი გზა მაქვს მეთქი.

— ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდეს. — გაიხსენა წინამძღვრიშვილმა ჭავჭავაძის გზა, რომელიც მელიქიშვილის გზას თავიდანვე გადაეყარა.

— გარდა ამისა, – სთქვა ჭავჭავაძემ, — ამ იუბილემ ქართველი ხალხი ორ ბანაკად გაარღვია. თქვენ, ერთი მუჭა ჩინოსანი, გაღმა დგეხართ, ხოლო ხალხი გამოღმა დარჩა. მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელია: ამ იუბილეს წყალობით ხალხი მტერ-მოყვარის გარჩევას ისწავლის და მისი ეროვნული შეგნება საბოლოოდ ჩამოყალიბდება.

* * *

ორი წლის შემდეგ მე მართლა შევუდექი მწერლობას, ხოლო 1904 წელს „ივერიის“ ფაქტიური რედაქტორი გავხდი. ოფიციალური რედაქტორი გ. ყიფშიძე ბანკში მუშაობდა და თავის გაზეთს უკვე დაბეჭდილს კითხულობდა. იმავე წლის დამლევს გაზეთს ფ. გოგიჩაიშვილი ჩაუდგა სათავეში. იმ ორ წელიწადში ჭავჭავაძეს რამდენჯერმე შევხვდი.

1906 წლის გაზაფხულზე ავადმყოფ ილია წინამძღვრიშვილის სანახავად მივედი. მალე ი. ჭავჭავაძეც შემოვიდა. ავადმყოფი მოიკითხა და საუბარი გააბა. შავბნელი აზრებით იყო შეპყრობილი. ჯერ „ივერიის“ ბედი გაიხსენა. ეს გაზეთი მისი ნაშვილები იყო, იგი რამოდენიმე ათეულ წელიწადს ზიდა, მერმე თავის ერთგულ ა. სარაჯიშვილს გადასცა, მან ილიას გზით მავალ ყიფშიძეს ჩააბარა, ამან კი ამ ახალგაზრდას გადაულოცაო, — სთქვა ილიამ ჩემზე, და შემდეგ გოგიჩაიშვილსაო.

ილია ჭავჭავაძის საჯარო ლაპარაკი რამდენჯერმე მოვისმინე საოცარი ორატორი იყო. არ აღელდებოდა, კილოს არ აუწევდა. თავი რკინის ძეგლსავით ეჭირა. მოპირდაპირეს იშვიათად შეაწყეტინებდა, და თუ რამდენიმე სიტყვას მიაწოდებდა, მისი რეპლიკი მუდამ მომაკვდინებელი იყო. ხმა ძლიერი ჰქონდა, ლოგიკის ძალა უნაკლო, დაუნდობარი, რკინისებური. ლაპარაკის მანერა — ბოლომდის დინჯი, მაგრამ შეუბრალებელი, მკვეთრი, განგმირავი, ზოგჯერ ზომიერად ირონიული, მაგრამ მუდამ ზრდილობიანი, დარბაისლური. მოპირდაპირის სუსტ ალაგებს ფოლადის მარწუხი ვით დასწვდებოდა და ჰგლეჯდა, ათრევდა და მანამდის სთელავდა, სანამ საბოლოოდ არ მოსპობდა. ეს მანერა პოლემიკისა ილიას მე რილებსაც აშკარად ეტყობა. მტრებსაც ნაწვნევი ჰქონდათ და ძლიერ ეშინოდათ, შებმას იშვიათად უბედავდნენ. არა თუ ილიას ტოლი, მისი ტიპის ორატორიც აღარ მომისმენია.

ჯერჯერობით აქ ვსვამ წერტილს. მკვლელობის ამბავი 1936 წლის 18 ივლისის „ლიტერატურულ საქართველოში“ მაქვს ნაამბობი.

1937 წ.