The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


კნიაჟნა თიკოს ჭავჭ[ავაძის] ალბომში

კნიაჟნა თიკოს ჭავჭ[ავაძის] ალბომში

პავლოვსკის პარკიში, დაღონებული,
ბევრ ფიქრით დამონებული,

ჩემს აგარისკენ ვიდოდი ნელათ,
სდგა ღამე და ცა სჩნდა მწყვდიად-ბნელათ.
პარკს დასდებოდა ბურუსი სქლათა,
ტყე, ხენი იყვნენ თითქო მძინრათა,
არსად ჩუჩუნი, არსაიდამ ხმა..
მეც ამიტაცა ჩვეულებამა
და ჩამაფიქრა ჩემს სიცოცხლეზედ
და ჩემ ქვეყნისა შორ ტკბილ კიდეზედ,
და ნათლათ წამნი, იქ დამარხულნი,
წინ განმიტარა გაცოცხლებულნი.
ყველას ვჭვრეტდი მე: მშობელ მთა და ბარს,
ველსა, ედემის ღირსათა მღიმარს,
განრისხებულთა წყალთ გრგვინვით დენას,
და სამხრეთის ცის თავისუფლებას.
ისე ტკბილ იყო ის დავიწყება,
რომ აღარ მსურდა მე გაღვიძება
ჩემ მოწყენილის ცხადისათვისა,
ჩემ ქვეყნის გარე სიცოცხლისთვისა.
ეგრეთ ვეტრფოდი იმ ღვთიურს ხილვას
და გასაოცარ უძილო სიზმარს...
მარამ ვიღაცამ მხარი მხარსა მცა,
ხილვაც დამიფთხო, ბედიც წარმსტაცა!..
აღშფოთდა გული განრისხებული,
იმ ტკბილ ოცნებებს მოშორებული...
ზე ავიხედე და ქართვლის სახე
იმა წყვდიადში მე დავინახე,
ჩემ ქვეყნის შვილი იდგა ჩემ წინა...
გავკვირდი და ვსთქვი: ოცნებამ მცინა...
დიდხანს შევყურე განცვიფრებული
მის ვაჟკაცურსა შავგვრემან სახეს, -
ჩემ ქვეყნიდამ აქ გადმოგდებული,
ვით ვერ ვიცნობდი ჩემ ძმასა ქართველს?!
ვიცან და გული გაკვირვებული
მკერდში ათრთოლდა გახარებული.
ბედო, იმ სიზმრის სიმტკბარე წმინდა
ამ გაღვიძებათ ყოველთვის ღირდა;
მის მაგიერსა შენ თავის ჟამში
ვერას მომცემ ამ ცივ ქვეყანაში.

1858-სა წელსა, 1-სა აგვისტოს,
ს. ტიარლევო.

 

ხელნაწერი: U:

ავტოგრაფი, № 105, გვ. 4.

ხელმოწერა:

თ. ილია ჭავჭავაძე. ლექსში გასწორდა ერთი კალმისმიერი ლაფსუსი: 5 ლექსსა-ლექსსა. გასწორდა აგრეთვე კნეიჟნა-კნიაჟნა.

ლექსი დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში, -  სარედაქციო შენიშვნებში (გვ.XXIV), დაუთარიღებლად, სათაურით: “კნეინა თიკოს ჭავჭავაძის ალბომში”, სარედაქციო შენიშვნებში, ლექსი მოხსენიებულია (სათაურით: “კნ. თიკო ჭავჭ. ალბომში”.).

1925 – 1951 წლების გამოცემებში, სარედაქციო შენიშვნებში, ლექსი მოხსენებულია: “კნ. თიკო ჭავჭ. ალბომში”), მაგრამ დაბეჭდილი არ არის,

დათარიღებულია პირობითად - “[50-იანი წლებიდან - 1856-მდე]”.

ლექსს ჩვენც ფართო თარიღს ვაძლევთ: [1852-1856 წწ.]. დათარიღებასთან დაკავშირებით იხ. კომენტარი ლექსისა “ალბომში კნეინის ნატალია ანდრონიკოვისას” (გვ. 524).

თიკო ჭავჭავაძე: თავისი უფროსი დის - ნინოსადმი პეტერბურგიდან გამოგზავნილ წერილში (1859 წ., 18 II), უახლოეს ნათესავებთან ერთად, ილია თიკოსაც (ჭავჭავაძე?) უთვლის მოკითხვას. აშკარაა, თიკო ჭავჭავაძე ილიას ოჯახის ახლობელი იყო, მაგრამ ლექსის ადრესატის შესახებ რაიმე ცნოების მოძიება ვერ მოხერხდა (დასახელებული წერილი იხ. ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრულ კრებულში, ტ. X, 1961, გვ. 8-11).