The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ჭაბუკობაზედ

ჭაბუკობაზედ

კაცის სიცოცხლეს აქვს გაზაფხული,
მას სიჭაბუკე აქვს წოდებული,
ვინც მაგ ხანშია შეწონებული,
არის ყოველთვის შენატრებული.

შენ, სიჭაბუკეთ, სიცოცხლის ვარდო,
კაცთ შემკობელო, მისვე ნავარდო,
შენ ყველა გეტრფის, სიცოცხლევ მარდო,
შენ მოხუცისავ მწველო და დარდო.

შენს ხანში კაცსა ყველა უნდების,
ყველას ინატრის, თუკი შეხვდების,
ვისაც იხილებს, მას მიენდობის,
ლამაზის ქალის ცეცხლი ედების.

შენ ხანში კაცი არს უდგრომელი,
მისი, რაც დღეს აქვს, არს უნდომელი,
მრავალი მას აქვს მოსანდომელი,
რომე მით იქმნას მიუწვდომელი.

შენს ხანში კაცი ყოველგან დარბის,
მას პოვნა უნდა უეკლოს ვარდის,
რომ ვერა პოვოს, არას იდარდის,
და თუ იდარდის, მალე განქარდის.

შენს ხანში კაცსა არა მოშივდეს,
უნდა სიცოცხლე ეგრეთ განვიდეს,
დღესა არ დასთეს[ს], რომ ხვალ არა მკიდეს,
თუ ზედამხედი მასთან არ ვლიდეს.

შენ, ჰეი, ჭაბუკო, ხარ უმეცარი,
სიტყვა მაქვს შენთვის შთასაგონარი,
ყური მომიპყარ, არა სთქვა უარი,
მით ნუ იქნები გაუგონარი.

ჭაბუკობაში სიკვდილს არ აზრობთ,
რატომ არ იცით, იგი ვით გასწრობთ,
ბერსაც, ჭაბუკსაც იგი მოგასწრობთ,
ყელსა წაგიჭერთ, ისე დაგარჩობთ.

იმისთვის გეტყვით, რაც აქა ბრწყინავს,
ხვალ დაბნელების, ამ სოფელს ბრუნავს,
თქვენ ის ეძებეთ, რისთვის ბერი ძრწუნავს,
სამოთხეს პოებთ, მუნ ბნელიც ბრუნავს.

[1840-იანი წლების დამლევი
50-იანი წლების დასაწყისი]

  ხელნაწერი: U:

ავტოგრაფი, № 105, გვ. 1.

ხელმოწერა:

თ. ილია ჭავჭავაძე.

ლექსი დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში, განყოფილებაში - “ყრმობის ლექსები” (გვ. 536 - 537), - დაუთარიღებლად, მცირეოდენი ცვლილებებით (287, 14 არს-არას. 288. 1 პოვოს-ჰპვოს. 5 არა მკიდეს -არ მკიდეს. 11 სიკდილს -სიკვდილს. 12 გასწრობთ -გაზწრობთ. 13 ჭაბუკსაც-ჯაბუკსაც. 17 ძრწუნავს-მიწუნვს).

ჩვენს გამოცემაში დაცულია ავტოგრაფისეული ფორმები (გარდა აშკარა ლაფსუსებისა: 287, 10 შეხდების-შეხვდების. 288, 11 სიკდილს-სიკვდილს).

1925 - 1951 წწ. გამოცემებში (სარედაქციო შენიშვნებში) ლექსი დასახელებულია, მაგრამ დაბეჭდილი არ არის; ლექსი დათარიღებულია პირობითად: “[1850-იანი წლებიდან -1856-მდე]”.

“ჭაბუკობაზედ”, ჩვენი აზრით, დაახლოებით იმავე ხანებში უნდა იყოს დაწერილი, როცა “სიტკბოება თვის მამეულში”, - 1840-იანი წლების დამლევს ან 1850-იანი წლების დასაწყისში (დათარიღებასთან დაკავშირებით იხ. კომენტარები ლექსებისა “სიტკბოება თვის მამეულში” - გვ. 520, და “ჩემი გონებიდგან განუშორებელო დაო ნინავ”, - გვ. 518).