The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მეც შავს თვალებს

მეც შავს თვალებს

მეც მინახავს თვის სიბნელით თვალნი,
ვითა მწყვდიადი, ისე ღრმათ-ღრმანი,
საშიშნი ცეცხლით, დაუმონავნი,
ვით ქარიშხალში ავ-ფთონი ზღვანი.
სიცოცხლე მათში ისე დუღს ცეცხლით,
რომ დაიდაგო მისის ნაპერწკლით,
სიცოცხლესთანა ჰსცნობ შერიგებას
და არ ინდომებ სხვა ნეტარებას.
რარიგ ჩანს ტრფობათ ამღვრეულობა
და არწივისა თავისუფლობა
მათ დიდ, მშვენიერ სიბნელის ტბაში,
მათ გრძნეულ, უხმოდ, ცხად გამოთქმაში!
მშვენიერების ამპარტავნება,
სიყვარულისთვის ცეცხლად ანთება
და დიდ სურვილის უგუნურება
რა მაცდურებით იქ იხატება!
როს დაიწყებენ იგინი ცქერას,
გული სხვა გრძნობით მოჰყვება ძგერას:
ვგრძნობ, რომ საბრალო გული განგიწვეს
და ჰძრწი, რომ სრულად მათ წარგიკითხეს.
რაგინდ ტკბილ იყოს თავისუფლება,
მათგან უფრო ტკბილ არს დამონება! ვეძებ და ვეძებ აქ მე შავს თვალებს,
მარამ რუსეთში ვინ დამანახვებს!..

1858-სა წელსა, 20-სა ივნისსა,
სოფ. ტიარლევო.

  ხელნაწერი: U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 5 (B).

ნაბეჭდი:

ჟურნ. «ცისკარი», 1859, № 3, გვ 157 (А).

თარიღი:

ივლისის 20-სა დღესა, 1858 წელსა, სოფ. ტიარლევო (B); 1858-სა წელსა, 20-სა ივნისსა, სოფ. ტიარლევო А. ხელმოწერა: თ. ილიკო ჭავჭავაძე А. ლექსი ავტორის სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ დაიბეჭდა, როცა პოეტი ჯერ კიდევ პეტერბურგში სწავლობდა. ავტოგრაფსა და პირველნაბეჭდს შორის არის ზოგიერთი სხვაობა: 4 ავ-ფთონი] აღმშფოთნი B. 5 ისე დუღს] დუღს იმა B. 6 დაიდაგო] დაიდაგვო А; მისის ნაპერწკლით] ძირის ნაპერწკლით А (აქ «ძირის» უთუოდ ხელნაწერის მცდარად წაკითხვის ნაყოფია და გამოცემებში ის ავტოგრაფის მიხედვით არის გასწორებული); 18 მოჰყვება ძგერას - B (ეს სიტყვები ავტოგრაფში მოხეულია). 20 განგიწვეს] განგიწევს А («ცისკარში», ჩანს, აქაც კორექტურული შეცდომაა).

უკვე ილიას გარდაცვალების შემდეგ, 1909 წელს, ჟურნ. «ფასკუნჯში» (№ 6, გვ. 1), სიტყვა «ავ-ფთონი» შეცვლილია ავტოგრაფისეული «აღმშფოთნი»-თ. ასევეა მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში (1914 წ.). შემდგომში პ. ინგოროყვამ კვლავ აღადგინა «ავ-ფთონი» (1925-1951 წწ. გამოცემებში). დასასრულ, ილიას რჩეულ თხზულებათა ხუთტომეულის I ტომში (ტომი შეადგინეს, შესავალი წერილი და შენიშვნები დაურთეს ს. ცაიშვილმა და გ. გვერდწითელმა, - 1985 წ.) ისევ «აღმშფოთნი» არის დაბეჭდილი. ამ სიტყვებმა ბოლო დროს საკმაოდ დიდი კამათი გამოიწვია (იხ. რ. კუსრაშვილი, ილიას პოეტურ თხზულებათა ტექსტების დასაზუსტებლად, ალმანახი «კრიტიკა», 1984, № 3; ნ. წულეისკირი , «ავ-ფთონი» და «ანასუნი», «კრიტიკა», 1986, № 5; თ. კვაჭანტირაძე, «ავ-ფთონი» ანუ ავად მღელვარი, «კრიტიკა», 1987, №1; ს. მხარგრძელი , რას ნიშნავს ილიასელი «ავ-ფონი» ანუ ავად მღელვარი, «კრიტიკა», 1987, №1; ს. მხარგრძელი , რას ნიშნავს ილიასეული «ავ-ფთონი?», «წიგნის სამყარო», 1987, №12, 24, VI). სარედექციო კოლეგია იზიარებს იმ აზრს, რომ ავ-ფთონი უთუოდ ილიასეული სიტყვაა (ნიშნავს «ავად მღელვარეს») და ის თავის ადგილზე უნდა დარჩეს.

ლექსი დავათარიღეთ ავტოგრაფის მიხედვით.

სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებით, ილიას მართლწერის გათვალისწინებით, ლექსის ტექსტში შეტანილია რამდენიმე სწორება:

52. 7 შერიგებას] შარიგებას АB. 12 უხმოდ] უხმოთ АB. 14 ცეცხლად] ცეცხლათ АB.

53 1 დაიწყებენ] დაიწყობენ АB. 4 სრულად] სრულათ АB. იგნორირებულია ჟურნალ ცისკრისეული ჳ და უ .