The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


„მეფე დიმიტრი თავდადებული“/მკითხველის შენიშვნები
მეფე დიმიტრი თავდადებული

ხუნდაძე სილევან

„მეფე დიმიტრი თავდადებული“

თავ ილ. ჭავჭავაძის პოემა

მკითხველის შენიშვნები


სამწუხაროა და სავალალო, რომ ხალხს ასობით პოეტმწერალნი ჰყავდეს და ნამდვილ საზოგადოებრივ და ესტეტურ კრიტიკას ჯერ კიდეე გზა ვერ გაეკვლიოს

ჩვენში დღეს არსებობს კრიტიკის ორი უკიდურესი მიმართულება: ერთი — უზომოდ გუნდრუკის მკმეველი, მეორე უზომოთ მკიცხველი და უარმყოფელი. უსათუოდ ეს უნდა იყოს მიზეზი, რომ კრიტიკის ამგვარ მიმართულებათა წარმომადგენელთ არა აქვთ ჯეროვანი ნდობა და პატივი მოპოებული მწერლობის ასპარეზზე

ქართულ დღიურ კრიტიკას რო დაეუჯეროთ, რომელმე სახელოვან მწერალს თუ რამე დაუწერია, ყოველიფერი უნაკლულო და დიდებული უნდა იყოს. უნიჭო რამ თხზულება რო წაუკითხოთ და უთხრათ, ამა და ამ სახელოვან მწერლის კალამს ეკუთენისო, ცრუ კრიტიკოსნი ბავშურ აღტაცებაში მოელენ, ხოლო, თუ გამოამჟღავნეთ თქვენი საიდუმლო, ე. ი. რომ კრიტიკანთა გამოცდა გსურდათ, ეს უკანასკნელნი უთუოდ რაიმე მიზეზს იპოვნიან თავიანთ შეცდომისას და ამ წამში მათ გამტაცებელს თხზულებას მეორე წამსვე უარყოფენ და მიწასთან გაასწორებენ; და რაც უნდა ნიჭიერი ნაწერი წაიკითხოთ, თუ მას უსახელოსი, ან კრიტიკანთათვის რისთვისმე უსიმპატიო მწერლის სახელი ჰქვია, ეს გარემოება საკმაო საბუთი იქნება, რომ ნიჭიერ ქმნილებამ მა თი მხრით უნიჭობის სახელი დაიმსახუროს

ამგვარ მდგომარეობაშია დღესდღეობით ჩეენი კრიტიკა, რა გასაკვირია, რომ მას არ ჰქონდეს გავლენა ქართულ ლიტერატურაზე და ვერ შესძლოს ხელოვნურ ნაწარმოებთა სწორ გზაზე დაყენება

ილია ჭავჭავაძე, ჩეენის აზრით, შესანიშნავი მწერალია ჩვენს ქვეყანაში, ბევრი ნიჭიერი თხზულება მიუწოდებია მას ქართველ საზოგადოებისათვის; მაგრამ ეს გარემოება კრიტიკისათვის არ არის საკმაო საფუძველი, რომ ამ მწერლის კალმის ყოველივე ნაწარმოები უნაკლულოდ და უძვირფასეს განძათ ჩაითვალოს

ჩვენის აზრით, ყოველ პატიოსან მოღვაწისათვის დამამცირებელი უნდა იყოს ამისთანა ბავშვური გუნდრუკის კმევა, როგორსაც ვპოულობთ ხოლმე ზოგიერთ მოღვაწეთა შესახებ გუნიას კალენდრებში, — ხოლო, როცა საზოგადოებაში განვითარებულათ, გულწრფელათ და ჭკუიანათ ცნობილი პირი მსგავსადვე აკმევს გუნდრუკს, მაშინ ჩვენს შეძრწუნებას საზღვარი არა აქვს... განა შესაძლებელია, მოინახოს იმისთანა ადამიანი, რომ ის ზნეობრივათ ან გონებრივად ყოვლად უნაკლულო იყოს? აგრეთვე იპოება განა იმისთანა მწერალი, რომ მისი ნაწერი ყველა კარგი იყოს?!

ილია ჭავჭავაძის პოეტური თხზულებანი, ერთად შეკრებილნი, წაიკითხა ჩვენმა საზოგადოებამ, — ზოგმა ყველა მოიწონა, ზოგმა ბევრი დაიწუნა, — ერთი რამ გადაწყვეტილი აზრი კი ვერ შედგა მათ შესახებ. აი, აქ უნდა მიხმარებოდა მკითხველ საზოგადოებას პირუთვნელი კრიტიკა, მაგრამ სამწუხაროთ, კრიტიკამ მშრალათ, უსაბუთებით წარმოთქვა: ილ. ჭ—ძის პოეტური თხზულებები ყველა კარგია, ხოლო საუკეთესო ესა და ეს არის, და საუკეთესო თხზულებებში მოაქცია აგრეთვე „დიმიტრი თავდადებული“

ილია ჭ-ძის თხზულებათა შორის ჩვენ ზოგი მიგვაჩნია შესანიშნავ თხზულებათ, ხოლო იმის კი დიდი წინააღმდეგი ვართ, რომ „დიმიტრი თავდადებული“ შესანიშნავი და საუკეთესო იყოს. ამიტომაც ავიღეთ კალამი, რომ ჩვენი აზრი წარმოვთქვათ ამ პოემის შესახებ

* * *

პირველათ ჩვენ ყმაწვილობისას წავიკითხე „დიმიტრი თავდადებული“ და უნდა გავტყდეთ, ბევრი ცრემლი გამოიწვია მეფის სულის გაწირვამ ჩვენის თვალიდან; მეორეთ წავიკითხეთ ამ უკანასკნელ დროს ტფილისის ამხანაგობის გამოცემაში, და უცრემლოთ და აუღელვებლათაც ჩავიკითხეთ ბოლომდის. დავუკვირდით ჩვენს სხვადასხეა დროის ორგვარს სულიერ მდგომიარობას ხსნებულ პოემის კითხვის დროს, და ეს დასკვნა გამოვიყვანეთ: იმისთანა მკითხველს, რომელსაც წაკითხულის გასჯა-აწონა არ შეუძლია, ყოველთვის გულს აუჩუყებს დიმიტრი მეფის თავგადასავალი; უბრალო წიწილის დაკვლაც კი ყმაწვილს ცრემლსა გვრის, და რა გასაკვირია, რომ ადამიანის მოკვდინებამ აატიროს?! ხოლო, თუ მკითხველი ოდნავ მაინც განვითარებულია და მსჯელობა შეუძლია, ამ პოემის კითხვის დროს მას უნებლიეთ ებადება საკითხი: რისთვის სწირავს სულს მეფე? ამ საკითხის პასუხათ ავტორი მეფეს ალაპარაკებს:

„მე მეფე ვარ და მეფობის
რიგიც ვიცი, რაში არი...
ფუ, იმ მწყემსსა, თავს უშველოს,
მგელს დაუგდოს თავის ცხვარი!..“

ავტორის წინააღმდეგ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიმიტრის, როგორც მეფეს, არ ცოდნია, თუ რაში მდგომარეობს „მეფის რიგი“, თორემ ეს რა „რიგია“, რომ მეფე ყეინს ეძლევა თავის ნებით და ხალხს უთაოთ ტოვებს? რით იყო მეფე დარწმუნებული, რომ იგივე ყეინი, მის თავის მოკვეთის შემდეგ, უმეფოთ დარჩენილ ქეეყანას არ შეესეოდა და ნაცარ-ტუტას არ აადენდა?

ფუ, იმ მწყემსსა, თავს უშველოს,
მგელს დაუგდოს თავის ცხვარი!?“

ეს სიტყვები კარგია, მაგრამ საქმით კი გამოდის, რომ მწყემსი ცხვერის ფარას ღვთის ანაბარათ ტოვებს და ხელის გაუნძრევლათ მგელს კბილებში უვარდება. ჩვენის აზრით, ამისთანა მწყემსსაც „ფუ“ ეთქმის, რადგან მისი საქციელი თუ სიმხდალის არა, უგუნურობის ნაყოფია, წინ დაუხედავი და უანგარიშო თავგაწირვაა..

მეტათ სიმპატიური პირი იქნებოდა ჩვენთვის დიმიტრი მეფე, რომ ის სარწმუნოებისათვის სწირავდეს თავის სულს. სარწმუნოებისთვის საწამებლათ გამზადებული პირი: საფუძვლიანად დარწმუნებულია, რომ, როცა გულხელდაკრეფილი მტერს ნებდება და თავის ღვთის სახელის მოწოდებით თავსა სწირავს, ამით ხალხში ძლიერად გააღვიძებს სარწმუნოებისადმი პატივისცემას და სიყვარულს. და როცა კი მეფე უხმლოდ და უიარაღოთ მტერთან მიდის და „მამკალიო“ ეუბნება, ამგვარ მაგალითს ხალხის ბუნების მხოლოდ გალაჩრება შეუძლია, და არა გაგულადება და გამხნევება

ჩვენ გვახსოვს მსოფლიო ისტორიიდან მხოლოდ ერთი მაგალითი, როდესაც მეფე მტერს თავისით ნებდება და თავს შეაკლავს. ერთხელ დორიელები საბერძნეთის ერთ კუთხეს, სახელდობ ატტიკას, შეესიენ და მისი დაპყრობა უნდოდათ; ატტიკის მცხოვრებლებმა მარჩიელს მიმართეს; მან თქვა: „ის მხარე გაიმარჯვებს, რომლის წინამძღოლიც მოიკლვისო.“ ათინის მეფემ კოდრმა ჩაიცვა უბრალო კაცის ტანისამოსი, წავიდა მტრის ბანაკში, ასტეხა იქ ჩხუბი და მტერს განგებ თავი შეაკლა. როცა დორიელებმა შეიტყვეს, რომ მათ მიერ მოკლული ათინის მეფე იყო, მარჩიელის წინასწარმეტყველობის შეეშინდათ და გაიქცენ

მე მესმის ამგვარი თავის შეწირეა. აქ ხალხისადმი სიყვარულიც იხატება, სიმხნეც და მასთან ჭკუა და მოსაზრება, უტყუარი ანგარიში. კოდრი დარწმუნებული იყო, რომ მისი სიკედილი ნაყოფს მოიტანდა, მარჩიელების (ორაკულების) წინასწარმე ტყველობას საბერძნეთში ძველათ ისე უყურებდენ, როგორც ქრისტეს მოელის პირველ საუკუნეში ქრისტეს სიტყვებს უყურებდენ ხოლმე მისი მორწმუნენი, ეგ სულ სარწმუნოების საქმეა, და, აბა, რა კოდრის საქციელის შესადარებელია ჩვენის მეფის დიმიტრის საქციელი! ერთი სწირავს თავის თავს, სრულიად დაჯერებულია, რომ თავის სიკვდილით მტერს დაამარცხებს და თავის სამეფოს უბედურებას აშორებს, მეორე კი მიდის წინდაუხედავათ, სამეფოს შესახებ არაფერ განკარგულებას შვრება (უნდა ვიფიქროთ, რომ მეფეს იმედი ქონდა, კვლავ უკან დავბრუნდები უვნებლათო) და კვდება ჯალათის ხელით

ამგვარათ, დიმიტრი თავდადებული არ წარმოადგენს ჩვენთვის მეფეთა შორის სანატრელ იდეალს. მაგრამ დიმიტრი ისტორიული პირია და, მაშასადამე ავტორის ნაკლულევანებათ მხოლოდ ის უნდა ჩავთვალოთ, რომ დიმიტრის ამგვარი უაზრო თავდადებით ერთობ აღტაცებულა, ეს მეფე თავის პოემის გმირათ აუყვანია და იდეალათ თვალწინ გვიყენებს

როცა „ქართლის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ დიმიტრი თავდადებულის ცხოვრებას და ჩვენ მიერ აღებულ პოემის შინაარსს ვადარებთ, თითქმის ვერაფერი განსხვავებას ვპოულობთ. მეფის დიმიტრის გულშემატკივრობა თავის ქვეშევრდომთადმი; დამმარცხებელის ყეინის წინადადება: ან თვით გამოცხადდი ჩემთან, ან შენს ქვეყანას ავაოხრებო; მეფის მიერ დიდებულთა მოწვევა და მათი თათბირი; მეფის ამოჟინება კრების წინააღმდეგ, რომ უთუოდ უნდა წავიდე ურდოსო; ღედელმთავრის აზრი, რომ წასვლა ურჩია; მეფის მისვლა სურდოს და მისი თავის მოკვეთა, ყველა ეს ძლიერ ვრცლად არის აწერილი „ქართლის ცხოვრებაშიც.“ ჩვენის პოეტის საკუთრება პოემაში მხოლოდ ის არის, რომ 1) დიმიტრის თავგადასავალს მოგვითხრობს ვიღაც მეფანდურე (ეს წესი მოთხრობებში ხშირათ უხმარიათ სხვა და სხვა მწერლებსაც ჩვენს პოეტამდის), 2) მოხუცისა და მის ორის შვილის გამოსვლა. ამგვარათ, პოეტის ფანტაზიასა და აღმაფრენას აქ ბევრი არაფერი უმუშავნია

ჩვენის აზრით, საუკეთესო ადგილი პოემაში არის მეფისადმი მიმართული მოხუცის სიტყვები, უკეთ ეთქვათ — აზრი, რასაც მოხუცი ეუბნება მეფეს და გრძნობა, რომელიც იხატება მოხუცის სიტყეებში:

...„გულს რად გეიკლავთ? რად მიდიხარ?
ნუ თუ, მეფევ ხსნა არ არი?
ქუდზედ კაცი დაუძახე,
მოაგროვე სპა და ჯარი

ცოტა ვართ, მაგრამ კარგნი ვართ,
ვინც კია, ყველა დევია...
ბევრჯერ უნახავს ქართვლის მტერს,
რომ ცოტაც ბევრის მძლევია

აჰა, მეფევ, ორი ბიჭი,
მხრებში რომ ამომჯდომია,
ორივ ჩემი შვილი არი,
ერთი მეორის მჯობია.

მიირთვი და ინაცვალე,
ჩემს ქვეყანას მტლად დაუდე!
ომში, მეფევ, გაჩვენებენ,
რა ლომებს ზრდის ქართვლის ბუდე.

შეკრიბე დიდი, პატარა,
გაუძელ წინამძღოლადა,
მტერს წინ დახედი... ვინც უკუდგეს,
დედა შეერთოს ცოლადა.

ჩვენს საქართველოს, ჰე, მეფევ,
ბევრი რამ გადახედია,
მაგრამ უომრად მტრისა წინ
არ წაუხრია ქედია

ნურც დღეს ვიზამთ ამ საქმესა,
უომრად ნუ დაემარცხდებით,
თუ ვერა ვძლევთ, დავიხოცნეთ
სახელითა და დიდებით!!!

ასე ათავებს მოხუცი თავის სიტყვას და ამ სიტყვას მე ყოველთვის აღტაცებაში მოვყავარ და ვამბობ: „აი, კაცი, რომელსაც არ შეხებია ლაჩრობა და რომელსაც ესმის სამეფოს წარმომადგენელის დანიშნულება! ის, მხოლოდ ის არის ჩეენის თანაგრძნობისა და თვით სამეფო ტახტის ღირსი, და არა მეფე დიმიტრი, როგორც პოეტი ფიქრობს“-მეთქი.

„ქართლის ცსოვრების“ თქმულებიდან პოეტს დაუმალავს ერთი გარემოება, ურომლისოთაც დიმიტრის პიროვნება ნამდვილათ არ დაეხატება მკითხველს თვალწინ. ეს ის გარემოებაა, რომ მეფე დიმიტრი თავდაპირველათ თავის ხალხის შემბრალებელი, მოწყალე და ღვთისმოყვარე იყო, ხოლო, რამდენსამე წელს შემდეგ ხალხის სამსახურიც დაივიწყა და თვით ღმერთიც: სამი ცოლი შეირთო, უსჯულოებასა და უწესოებას ხელი მიჰყო და მისი მაგალითით მთელი სამეფო გაირყვნაო. ჩვენის აზრით, დიმიტრის საქციელი (მტრის შებრძოლების შიში და მტრის წინ ლაჩრულათ ქედის წახრა) მეფის გარყვნილ ცხოვრების შედეგი უნდა ყოფილიყო, თორემ „პატარა კახს“ განა ერთხელ და ორჯელ დამუქრებია ასჯერ უფრო ძლიერი მტერი? —მაგრამ, მოხუცის არ იყოს, „მტრისა წინ არ წაუხრია ქედია“

ამას შემდეგ ჩვენ გვინდა ჩვენი შენიშვნები წარმოვთქვათ პოემის გარეგან ფორმის, ენის შესახებ.

* * *

ზოგნი ფიქრობენ, შინაარსია თავი და ბოლოვო. თუ შინაარსი კარგია, გარეგანი ფორმა სუსტიც რომ იყოს, შინაარსს ამით ბევრი არაფერი დააკლდებაო

შემცდარი აზრია, როგორც აუწყობელ ჩონგურზე დაკრული რამე ხმა, რაც უნდა შვენიერი იყოს თავის თავათ, განვითარებულ სმენას ეჩოთირება და ზიზღება კიდევაც, — ისე თხზულებაც, რაც უნდა შესანიშნავი იყოს შინაარსით, თუ მისი გარეგანი ფორმა უხეიროა, არ ჩაითვლება ხეირიან თხზულებათ, არც მოეწონება იმისთანა მკითხველს, რომელსაც ლიტერატურული სმენა და გემოვნება განვითარებული აქვს

„დიმიტრი თავდადებული“ დაწერილია 1880 წელში, ე. ი. ავტორის მწერლობით მოღვაწეობის ოც-და-მესამე წელში, — მაშასადამე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დროს ჩვენი პოეტი საკმაოდ დახელოვნებული უნდა ყოფილიყო ლექსთწყობასა და მიხრა-მოხრაში. სამწუხაროთ, ამ პოემაში ბევრ შეცდომასა და წინდაუხედაობას ეპოულობთ, როგორც ერთში, ისე მეორეშიაც. ავიღოთ ჯერ ლექსთწყობა

როგორც „შაირი“, ე. ი. იმისთანა ლექსი, როგორათაც „ვეფხის ტყაოსანი“ არის დაწერილი, აგრეთვე „რვული“; ე. ი. იმისთანა ლექსი, როგორითაც დაწერილია, მაგ., „დიმიტრი თავდადებული“ ორგვარია. ავიღოთ მაგალითათ რვულის ერთი ხანა.

მოდით, შვილნო, აქ მოგროვდით,
გეტყვით გულის გასართობსა,
ვინ ვიყავით, ვიყავით
ჩვენ, ქართველნი, წინა დროსა.“

ამ ხანაში თითოული სტრიქონი შედგება ორის ცეზურისაგან და თითოულ ცეზურაში მარცელების თანასწორი რიცხვია, ე. ი. ოთხ-ოთხი; პირველ სტრიქონში, პირველი ცეზურაა; „მოდით შვილნო,“ მეორე— „აქ მოგროვდით;“ მეორე სტრიქონში პირველი ცეზურაა. „გეტყვით გულის“, მეორე — „გასართობსა“, და სხვა. კითხვაში თითოეულ ცეზურაში ხმის ამაღლება უნდა მოხდეს თავიდან მეორე მარცვალზე. ამისთანა „შაირს“ ან „რვულს“ ჩვენ, ვუწოდეთ სახელათ მაღალი შაირი, ანუ მაღალი რვული. ლექსთაწყობის ნიშნებით რო გამოვხატოთ, მაღალი რვულის ერთის სტრიქონის ცეზურები ასე გამოიხატება: ა - აა | ა-აა. ავიღოთ კიდევ რვულის ხანა:

„ამდენი სული უბრალო
ტანჯვითა ამოწყდებიან,
საწყალის ხალხის ცოდვითა
ქვანიც კი ატირდებიან.“

ამ ხანაშიაც თითოული სტრიქონი აგრეთვე ორ-ორ ცეზურისაგან არის შემდგარი, მაგრამ ყველა ცეზურა თანასწორი არ არის, თითოულ სტრიქონში პირველი ცეზურა შეიცავს ხუთ მარცვალს და მეორე – სამს: მაგალითად, პირველ სტრიქონში პირველი (ცეზურა „ამდენი სული, მეორე — „უბრალო“; ასეა შემდგარი დანარჩენი სტრიქონებიც. ამისთანა ლექსს ჩვენ ვუწოდებთ სახელათ დაბალ შაირს ანუ რვულს. დაბალი რეული ნიშნებით ასე გამო იხატება: აა-ა | აა-ა *

* მაღალ შირში თითოულ სტრიქონში ოთს ოთხ-ოთხი ცეზურა და თითოული ცეზურა ოთხ-ოთხის მარცვლისაგან შედგება. დაბალ შაირშიც თითოული სტრიქონი აგრეთვე ოთხ-ოთხ ცეზურისაგან შედგება, ხოლო ცეზურების ზომა შემდეგია: პირველი და მესამე, ხუთ-ხუთ მარცვლისაგან შედგება, მეორე და მეოთხე კი სამ-სამიდან

თუ ეს წესი დარღვეულია ლექსთ-წყობაში და რომელმე ხანაში მაღალი და დაბალი ლექსი ერთმანეთში არეულია, იმისთანა ლექსს ლექსი არ ეთქმის, და ჩვენის აზრით, დანგრეულ ლექსს ისევ დანგრეული პროზა სჯობია

„დიმიტრი თავდადებულში ერთობ ხშირათ არის დარღვეული ლექსთა წყობის ზემოხსენებული კანონი. ამის მაგალითი თითქმის ყოველ ხანაშია, მაგრამ ჩვენ რასაკვირველია ყველას აქ ვერ მოვიყვანთ

ავიღოთ ორიოდე მაგალითი:


.... „იმ დროს, როცა ქართვლის ბედი
ჩვენ ქართველთვე გვეპყრა ხელში,
როცა მამულის შვილობა
სასახელოდ იყო ჩვენში.“

ამ ხანაში პირველი, მეორე და მეოთხე ტაეპი მაღალია, და მესამე ტაეპი კი დაბალი.

„უცებ მეფემ თვალი მოჰკრა,
ხალხი გაირღვა შუაზედა
ორს მარჯვე ბიჭს ბერიკაცი
მოჰყავთ მის წინ მოედანზედ“

ამ ხანაში მეორე სტრიქონი დაბალ რვულისაა, დანარჩენი კი — მაღალის..

პოემა შეიცავს სულ 17 ფურცელს (34 გვ.) და ამ ჩვიდმეტ ფურცელზე არეული ლექსთაწყობა ჩვენ დავთვალეთ სულ ოთხმოც-და-თერთმეტი. არა გვგონია, რომ ასე დაწყობილი ლექსი მუსიკალურათ და ჰარმონიულათ ჩაითვალოს

პოეტს ისე მძიმე ფორმით აქვს გამოთქმული აზრი, რომ კაცს წაკითხვაც გაუჭირდება, როგორც მაგალითათ, პოემის დასაწყისში (გვ. 188):

„კარგს მთქმელს ტყვეთ რჩების“..

უმუსიკალობასა და უჰარმონიობას ის გარემოებაც ხელს უწყობს, რომ ჩვენი პოეტი რითმების სიმდიდრეს ყურადღებას არ აქცევს, ერთობ მძიმესა და ხმა შეუწყობელ რითმებს ხმარობს. ხშირათ: „ბიჭმა — „წადილმა“ (გვ. 188), „გასათბობსა — „წინა დროსა“ (გვ, 189), „ხელში „ჩვენში“ (იქვე) „როდი იყვნენ“— „ შესწირვიდნენ (იქვე) „გვიხაროდა“ — „ემატებოდა“ (იქვე) და მზგავსათვე თითქმის ყოველ ხანაში

ახლა პოემის ქართული გავსინჯოთ

„უქმე დღე იყო; ტვირთ-მძიმენი და დამაშვრალი საყდრის წინ ჯგუფათ ხალხი იდგა და ჰყაყაყანებდა“. (გვ. 188)

„ტვირთ-მძიმენი“ არ გვესმის, რა გრამატიკით არის ნახმარი! უთუოთ პოეტს ლექსისთვის დაჭირვებია მეტი მარცვალი და უკანონოთ უხმარია რიცხვი; მაგრამ ჩვენ დიდი წინააღმდეგი ვართ ამისთანა „ლიცენცია პოეტიკა“-ების; განა „ლიცენცია პოეტიკა“ იმაში მდგომარეობს, რომ – „რა გისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლეენა“, პოეტმა ენა დაამახინჯოს უშნო ფორმებით?! ჩვენ, როგორც გვახსოვს, უწინდელ გამოცემებში იყო „ტვირთ-მძიმეი და დამაშვრალი“, და ისევ სჯობდა ასე დარჩენილიყო

191 გვერდზე პოეტი ხმარობს ფორმას „იყვეს“ შემწეობით. ზმნის ამისთანა ფორმას ჩეენ არც ერთ ხეირიან თხზულებაში არ შევხვედრივართ; არის მე ორე ფორმა (იყოს), და განვითარებული სმენა ამ ფორმას ყოველთვის უფრო კეთილ ხმოვანად ჩა თელის; და თუ რითმისთვის უნდოდა პოეტს ეს ფორმა, ვერაფერი შეწყობილ რითმაა, კაცად იყვეს“ და „უნათვიდეს!“

190 გვერდზე: „საწველ ფურად თავი ჩვენი გადვიქციეთ.“ წინეთ პოეტი ხმარობდა „მწველელ ფურად ახლა შეუცვლია „საწველ ფურად“, და არც ერთი არ არის კანონიერი; რადგან ხალხი ამბობს „მეწველი ფური“ ანუ „მეწველი ძროხა“ო, და არა მწველელი და საწველიო, (192 გვ.)

„ღამით თურმე ჩაიცვამდა
უბრალო კაბა ჯუბასა,
წავა და ინახულებდა
საწყალის ხალხის უბანსა“

და კიდევ; „ვის, რაც გულში დარდი ჰქონდა, წავა, იმას შესჩივლებდა“ და სხვ

„წავა და ინახულებდა“ „წავა, იმას შესჩივლებდა“ მეტის მეტი უკანონობაა დროთა შეთანხმებაში, და თუ ესეც „ლიცენცია პოეტიკაა — მაშინ უნდა ეთქვათ, რომ „ლიცენცია პოეტიკა“ თურმე ენის დამახინჯება ყოფილა..

გვ. 197 „წამყოლს შვილის შვილამდიე“ ალბათ ესეც ლიცენციაა „შვილის შეილამდიე)“!..

გვ. 202: „ამშვენებს“ — ერთობ უშნო სიტყვაა უნდა იყოს „აშვენებს“

გვ. 204: „მშველია — უნდა იყოს შველია“ (,,შველი. შველის, და არა მშველი, მშველის“)


გვ. 206: „მკერდზე სცემდა თოვლივითა მოხუცებულს თეთრი წვერი,“ — ალბათ ავტორს იმ აზრის გამოხატვა ნდომებია, რომ მოხუცებულს თოვლივით თეთრი წვერი მკერდზე სცემდაო, და აქ კი გამოდის, რომ თოვლივით სცემდა თეთრი წვერიო; სიტყვები ასე უნდა იყოს დაწყობილი;

„მკერდზე სცემდა მოხუცებულს
თოვლივითა თეთრი წვერი.“

კიდევ შეგვეძლო — ამოგვეწერა რამდენიმე ადგილი, სადაც, ჩვენის აზრით, შეცთომებია ენაში, მაგრამ, რაც ამოვწერეთ, ესეც საკმაოდ გვიმტკიცებს, რომ, პოემის სხვა ნაკლულევანებას ქართულ ენის აღნიშნული უსწორ-მასწორობაც რო დავუმატოთ, მაშინ პოემა „დიმიტრი თავდადებული“ არა თუ შესანიშნავ პოემათ არ ჩაითვლება, არამედ ძლიერ სუსტ ქმნილებათ უნდა ჩაირიცხოს

რაც უფრო ხელოვანია მწერალი, მით უფრო ყურადღებით უნდა ექცეოდეს ის თავის კალმის ნაწარმოებს: უბრალოსა და საშუალო მკითხველს ამისთანა მწერლის ნათქვამი და დაწერილი უტყუარ ჭეშმარიტებათ მიაჩნია და თუ შეცთომები რამე აქვს, ცხადია — მეტათ ცუდი გავლენა ექნება ხალხზე; ამიტომაც კრიტიკა მოურიდებლად უნდა უჩვენებდეს მკითხველს, რაც კი ნაკლულევანება და შეცთომა მოიპოვება იმისთანა მწერლის თხზულებებში, რომელსაც, რა მიზეზითაც უნდა იყოს, ხალხის ნდობა და ყურადღება დაუმსახურებია. და რადგან ჩვენი კრიტიკოსები ამისთანა მწერალთ უფრო ეპირმოთნევებიან და სრულიად ხმასაც არ იღებენ მათ ნაკლულევანებაზე, ამიტომ ჩვენ ავიღეთ კალამი და მოურიდებლათ აღვიარეთ აქ ჩვენი გულწრფელი აზრი და შეხედულება. ჩვენის აზრით ილ. ჭავჭავაძისთანა მწერალი უფრო არ უნდა საჭიროებდეს ხელის დაფარებას და პირში მოფერებას, რადგან ნაკლულევანებასთან ღირსებაც ბევრი მოიპოება მის თხზულებათა შორის.
 

ქუთაისი

1897 წ. 30 მარტს

სილოვან