The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალების გამო
გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალების გამო

ჭავჭავაძე ილია

 გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალების გამო

ტფილისი, 11 თებერვალი

სტირის და გლოობს მთელი საქართველო. მართლადაც უნდა იტიროს და იგლოვოს. დაკარგვაც არის და დაკარგვაც. დღეს საქართველომ დაჰკარგა ერთი იმისთანა დიდებული კაცი, რომელიც არამც თუ ჩვენში, საცა ასე იშვიათია კაცური კაცობა, სხვაგან ყველგანაც, საცა დიდბუნებოვანება ადამიანისა ხშირია, იქაც კი ამისთანა კაცი სასახელოა და თავმოსაწონებელი მთელის ერისათვის.

აღარა გვყავს ჩვენი სასიქადულო, ჩვენი გათქმული და სამართლიანად სადიდებელი მღვდელმთავარი, ყოვლად ბრწყინვალე და პატიოსანი ეპისკოპოსი გაბრიელ. როცა რომელისამე ერის სიკეთე გნებავთ დაანახვოთ ვისმე, ერის აღმატებულობა დააჯეროთ, სწორედ ამისთანა კაცებს დაასახელებენ ხოლმე, აი ამ ერს ამისთანა კაცები ჰყავსო. ამისთანა კაცების ჩამოთვლით ერის კაცობას ზომავენ. დღეს ჩვენ ამისთანა კაცი დავკარგეთ და მოდით, ნუ იტირებთ, ნუ იგლოვთ!..

ვაი, რომ ჯერ, როცა ამისთანა კაცი საფლავში არ ჩაგვისვენებია, როცა მისი წმინდა გვამი თითქმის არც კი გაციებულა, როცა მისი კუბო ჯერ კიდევ თვალწინ გვისვენია და ველით, საუკუნოდ სახსენებელი ვუთხრათ ცრემლითა და გოდებითა, – ჩვენი რუსული გაზეთი „კავკაზი“ გვიგინებს მიცვალებულსა, მთელის საქართველოს წმინდა ცრემლში ურევს უწმინდურს დორბლს ილია ხონელისას და ზედ აყრის ჯერ არგაციებულს გვამსა.

ჩვენ ვიცით, საიდამა სტკივა ჭიანი კბილი ილია ხონელს და ის ჭიანი კბილი რისთვის გამოჰკრა ამ პატიოსანს გვამსა, რომელსაც არც კი დააცალა მიჰბარებოდა მიწას. მაგრამ ის კი არ ვიცით, ჩვენი „კავკაზი“ რას გადაგვკიდებია და არ გვაცლის იმოდენას მაინც, რომ ჩვენი სასიქადულო მიცვალებული დავმარხოთ შხამდაუსხმელად ილია ხონელის ცილისწამებისაგან.

რა უნდოდა ეთქვა „კავკაზს“ იმით, რომ ჯერ ამბობს, განსვენებული იყო „უნიჭიერესი და სახელოვანი მღვდელმთავარი საქართველოს ეკკლესიისაო“ და მერე უმატებს – როგორც ადმინისტრატორი კი არ ვარგოდაო. მითამ უკეთესი ქართველიც კი უარესი ადმინისტრატორიაო, განა? თუ მართლა ნიჭიერი და ყველაზე მეტად გათქმული ქართველი მღვდელმთავარი ადმინისტრატორად არ ვარგა, ცხადია ამაზე ნაკლები რა ადმინისტრატორი იქნება. ამისი თქმა უნდოდა განა? გვესმის...

შესაძლოა უნიჭიერესი და სახელოვანი მღვდელმთავარი მართლა კარგი ადმინისტრატორი არ იყოს, ამაზე, რა თქმა უნდა, გძელი ქსელი გაიბმის ლაპარაკისა, მაგრამ ამ შემთხვევაში, რაკი იმისთანა მართლა სახელოვანს და უნიჭიერეს მღვდელმთავარზე, როგორიც განსვენებული ბძანდებოდა, სიტყვა ჩამოაგდო „კავკაზმა“, უბრალო წესი მართებულობისა ითხოვდა, საბუთიც ეჩვენებინა, ერთი რამ საბუთი და არ აჰყოლოდა ამისთანაებში ყოვლად ცნობილს ავყიობას და ენაჭარტალობას იმისთანა კაცისას, როგორიც ილია ხონელია.

თუნდ ცოტა ხანს დავუჯეროთ „კავკაზს“, რომ განსვენებული გაბრიელ ეპისკოპოსი ცუდი ადმინისტრატორი ყოფილა და რამოდენადაც ეს მართალია, „კავკაზის“ ნამუსზე მივაგდოთ. საქმე ის არის ვიკითხოთ: განა მარტო ეს გვაკმარა!.. ჩვენი მშვიდობიანი გულმართალი, ჩვეულებრივ წყნარი, ყოველის გაჭირებულის გამკითხველი და შემწყნარებელი, სათნოებით და მადლით სავსე განათლებული მღვდელმთავარი, „კავკაზის“ სიტყვით, ერთი ახირებული, რაღაც გულღვარძლიანი კაცი გამოდის. იგი მისთანა მძიმე ხასიათისა ყოფილა, რომ კაცი თურმე ვერ მიეკარებოდა. ეს ცოტაა: იგი დესპოტურის ბუნებისაც ყოფილა და ამის გამო ისეთი რაღაცეები ჩაუდენია, რომ სამართლიანად დაერქვაო „მაჩხუბარი თუ მეომარი ბერმონაზონიო“. არც ეს აკმარა „კავკაზმა“: ყველას ეჭვის თვალით უყურებდა, ყველას ზედ მიესევოდა თუ გამოეკიდებოდაო, ყველასთან საომარ ფეხზე იდგაო, ესე იგი ყველას ეჩხუბებოდაო და სხვანი და სხვანი.

საბუთი, საბუთი!.. ბ-ნო რედაქტორო!.. ყოველ ამაზე საბუთი გვიჩვენეთ, საბუთი! უსაბუთოდ ვერ გაგაქელვინებთ ამისთანა კაცს, ვერ გაგაუპატიურებინებთ გრძნობას საკუთარის ღირსებისას მთელის საქართველოსას. ეგ კაცი ჩვენი სახელი იყო და არის, ჩვენი ღირსება იყო, არის და იქნება კიდეც, ვიდრე ქვეყანაზე სიტყვა „სამართალი“ არ გაუქმდება ისე, როგორც გაუუქმებია იგი თქვენს საყვარელ ილია ხონელს, რომლის პირითაც მოგვდგომიხართ და საყვარელს მკვდარსაც არ გვამარხვინებთ შაუგინებლად. აქ ან საბუთი, ან ბოდიში!.. სხვა არარა დააწყნარებს აღშფოთებულს გულს პატიოსანის კაცისას.

რაცგინდ იფიქროს „კავკაზმა“, ჩვენ კი არავის არ შევაგინებინებთ იმისთანა კაცს, როგორიც ჩვენდა სასახელოდ და სასიქადულოდ მოგვივლინა ღმერთმა და აწ წაგვართვა და რომელიც მიჩნეულია უკეთესს მღვდელმთავრად არამც თუ ჩვენში, არამედ ბევრგან სხვაგან. არავის შევაბღალვინებთ ჩვენს ძვირფასს მკვდარს, ჩვენს წმინდა მცხედარს, რომლის კუბოსაც დღეს მუხლმოდრეკით პატივსა სცემს დიდი და პატარა. ამისთანა უსაბუთოდ ავად ხსენებას ყოვლად ღირსეულის კაცისას, რომლის სახელსაც ყოველი ქართველი ილია ხონელის გარდა, დიდი პატივით და სასოებით იხსენებს, რომლის წმინდა გვამსაც მთელი საქართველო თავისს ცრემლს ადენს, უიმისოდ ვერ შევარჩენთ ვერავის, რომ ჩვენი სრული ზიზღი, ჩვენი სამართლიანი წყევლა-კრულვა არ შევუთვალოთ.

ამისთანა ამბებმა განუკითხველად არ უნდა ჩაიაროს. თუ „კავკაზს“ ცალკე ადამიანის ღირსების გრძნობა არაფრად მიაჩნია და არ ერიდება უსაბუთოდ მის გათელვას და შებღალვას, ამ შემთხვევაში პატივი მაინც უნდა შეენახა, სხვა არა იყოს რა, მთელის საქართველოს ერისა, რომელსაც სამართლიანად მიაჩნია ლოცვა-კურთხევით გამოეთხოვოს სამუდამოდ თავისს სასიქადულო და დიდებულს კაცსა და ილია ხონელის უწმინდურ დორბლით არ ცდილიყო შეებილწა ჯერ თითქმის არგაციებული მცხედარი.

ნუთუ „კავკაზს“ ჰგონია, რომ გრძნობა ღირსებისა საქართველოს ერს იმოდენად გაღვიძებული არა აქვს, რომ გაუპატიურებად არ მიიღოს ესეთი უგვანო, უმართებულო, უწმინდური, უშვერი თელვა და გინება მისი, რასაც იგი დღეს თავისს სიქადულად და სახელად სთვლის და საუკუნოდ ესალმება გლოვითა და ტირილითა.

[1896 წ.] 

 

გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალების გამო

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1896, № 32, 11 თებერვალი, გვ 1-2.

თარიღი: ტფილისი, 11 თებერვალი.

ეს ხელმოუწერელი მეთაური წერილი „ივერიის“ პუბლიკაციის შემდეგ იბეჭდება პირველად ჩვენს გამოცემაში.