The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


უკანასკნელი გასაკვეთი
უკანასკნელი გასაკვეთი

დოდე ალფონს

უკანასკნელი გასაკვეთი

ნაამბობი პატარა ალზასელის*

(მოთხრობა ალფონს დოდესი)

იმ დილით მე სასწავლებელში წასასვლელად ცოტად დავგვიანდი და ძალიან მეშინოდა საყვედურისა, მით უფრო, რომ ჩვენმა ოსტატმა გამელმა წინადვე გვითხრა, ღრამმატიკა გაიკვეთეთო, იმასა გკითხავთო, და მე კი ერთი სიტყვაც არ გამეკვეთნა ჯერ. მსწრაფლ ფდქრად გამიარა – მოდი დღეს არ წავალ სასწავლებელში-მეთქი. ვსთქვი და ავასრულე კიდეც. მინდორში გავიქეცი.

ასე თბილოდა, ასეთი ნათელი იყო ქვეყანაზედ მოფენილა!

ტყის პირში შაშვების სტვენის ხმა ისმოდა, პრუსიის ჯარისკაცნი რიპერის ქარხანას ახლოს მინდორზე ვარჯიშობდნენ და სწავლობდნენ. ჩემთვის ყოველივე ეს უფრო სასიამოვნო იყო, ვიდრე ღრამმატიკის გაზეპირება, მაგრამ ჩემი ჯიუტობა გავტეხე, მყის გამოვბრუნდი და ჩქარის სირბილით ისევ სასწავლებლისაკენ გამოვიჭერ.

მოვუახლოვდი ქალაქის სამმართველოს თუ არა, თვალი შევასწარ, რომ ხალხი მოგროვილა და რაღაც განცხადებას ჰკითხულობს. აი ორი წელიწადი იყო გასული რაც ამ სამმართველოდამ სულ ცუდი ამბები გვესმოდა: ხან ის, რომ აი ამა და ამ ადგილას ჩვენი ჯარი დამარცხდაო, ხან ის, რომ პრუსიელებმა დაგვარბიესო, ხან ეს ბრძანება გამოვიდა პრუსიელებთაგანაო, ხან ისაო და სხვა ამგვარი.

– „ნეტა მითხრან, რა მომხდარა კიდევ“, – გავიფიქრე გულში და სირბილით გავეშურე. გზაზე შემეყარა მჭედელი ფანტერი, იმას და მის შეგირდს წაეკითხათ განცხადება და რაკი დამინახა, დამიყვირა:

– რას მიეშურები, ჯერ მაინც ადრეა, სასწავლებელში თავის დროზე მიხვალ.

მე მეგონა, რომ დამცინის. დაღალული და დაქანცული შევვარდი ბ-ნ გაბელის პატარა ეზოში, სადაც ჩვენი სასწავლებელი იმყოფებოდა.

სხვა დროს, ვიდრე სწავლა დაიწყებოდა, ასეთი ალიანქოთი და ჟრიამული იყო ხოლმე სასწავლებლის ოთახში, რომ ქუჩაში ისმოდა. ზოგი სტილის უჯრებს გამოაღებდა და შეაღებდა, ზოგი ხმამაღლა იზეპირებდა გასაკვეთსა, ყურები კი დაეცოთ, რომ უფრო კარგად დაეთხსოვნათ. ოსტატი კი თავისის მოზდილის სახაზავით დადიოდა და წამდაუწუმ ამბობდა: ყმაწვილებო, თუ შეიძლება ცოტა ნელა. მე ამ ჟრიამულის იმედი მქონდა, ჩემ ადგილას ისე დავმჯდარიყავი, რომ ოსტატს არ დავენახე. მაგრამ იმ დღეს ასეთი მშვიდობიანობა და სიჩუმე იყო, თითქო კვირა დღე არისო. გაღებულს ფანჯარაში შევიხედე და დავინახე, რომ სულ ყველანი ჩემი ამხანაგები თავის ადგილას სხედან, ოსტატი კი, თავისის საშინელის რკინის სახაზავით იღლიის ქვეშ, წინ და უკან დადის. მეტი გზა არ იყო, უნდა გამეღო კარი და იმ სიჩუმეში გამებედა ოთახში შესვლა. ვინ იცის, რა ფერი მედო შიშისა გამო!... რა გგონიათ? ჩემმა შიშმა უქმად ჩაიარა, ბატონმა გამელმა შემომხედა მე გაუჯავრებლად და მშვიდობიანად მითხრა: „ჩქარა დაჯექ, პატარა ფრანსო, შენს ადგილას. ჩვენ უშენოდ გვინდოდა დაგვეწყო კიდეც“.

გადავცოცდი ჩემს ადგილისაკენ და დავჯექი. როცა ცოტად გული დამიმშვიდდა და მივიხედ-მოვიხედე, ვნახე, რომ ჩვენს ოსტატს კარგი მწვანე სერთუკი ეცვა, თეთრი, ჩინებულად გაუთოებული პერანგის საყელო უჩანდა და თავზედ ეხურა აბრეშუმით ნაკერი ქუდი, რომელსაც იხურავდა მხოლოდ განსაკუთრებულს შემთხვევაში, მაგალითად, როცა უფროსი ეწვეოდა სასწავლებლის გასაჩხრეკად, ანუ ჯილდოების დარიგების დრო იქნებოდა. თვითონ ოთახში კი რაღაც საოცარი მედიდურობა იყო, თითქო სადღესასწაულო რამ არისო.

მე უფრო იმან გამაკვირვა, რომ სასხდომი ადგილები ოთახის ბოლოს სხვა დროს ცარიელი იყო ხოლმე, ეხლა კი სულ დაეჭირათ სოფლის ხალხს, რომელნიც ისე ხმაკმენდილნი ისხდნენ, როგორც ჩვენ. იქ ისხდნენ ბებერი ჰაუზყრიც თავისის განუშორებელის სამკუთხიანის ქუდითა, უწინდელი სოფლის უფროსი, მისი უწინდელი მწერალი და ბევრი სხვანი. ყველა დაღონებულის და შეწუხებულის სახით იჯდა თავის ადგილას. ჰაუზერს მოეტანა თავისი ძველი, პირებმოჭმული ანბანი, გაეშალა მუხლებზედ, და ზედ გადაშლილზედ გარდიგარდმო დაედვა თავისი უშველებელი სათვალეები.

ვიდრე ყოველს ამას ვათვალიერებდი და გაკვირვებაში ვიყავ, ბატონი გამელი ავიდა თავის კათედრაზე და გვითხარა იმ ტკბილის და რიხიანის ხმით, როგორითაც მე შემოსვლის დროს მომმართა:

„ყმაწვილებო! დღეს ჩემი უკანასკნელი სწავლების დღეა. ბერლინიდამ ბრძანება მოვიდა, რომ ალზას-ლოტარინგიაში მარტო გერმანულიღა უნდა ასწავლონ. ხვალ სხვა ახალი მასწავლებელი გეყოლებათ. დღეს უკანასკნელად უნდა გაიკვეთოთ ფრანგული ენა. გთხოვთ, ყურადღებით იყვნეთ“.

ეს სიტყვები როგორც ისარი ისე მეცა გულს. ჰოი, ბარბაროსნო! აი, თურმე რა გამოცხადება ყოფილა სამმართველოს კედელზედ გამოკიდებული!...

უკანასკნელად უნდა გაიკვეთოთ ფრანგული ენაო!... მე კი ჯერ ძლივს ვჯღაბნიდი. ასოებსა! – ჩანს თავის დღეში ვეღარ ვისწავლი. ნუთუ ამაზედღა უნდა გავჩერდე!... ოხ, რარიგად ვწუხდი დაკარგულ დროისათვის. როდესაც უნდა მესწავლა, მაშინ დავრბოდი ჩიტის ბუდეების საძებნელად, ანუ ასრიალებდი ყინულზედ!... ჩემი წიგნები, რომელნიც იმ დღემდე თვლის დასანახავად მემძიმებოდნენ, ჩემი ღრამატიკა, სამღთო წერილი ოსტატის სიტყვების შემდეგ შემიყვარდნენ როგორც მეგობრები, რომელთაც მოშორება და დათმობა ძნელია.

თვითონ ბატონი გამელი!... რაკი წარმომიდგა, რომ იგი მიდის და მის შემდეგ ვეღარ ვინახულებ, წელი მომწყდა. მე ამ ფიქრში გართულს დამავიწყდა მისი სახაზავით ცემაცა და ყოველივე მისგან მოყენებული სასჯელიცა.

საწყალი! ეხლა კი მივხვდი, რისთვისაც ჩაეცვა ახალი ტანსაცმელი და რისთვისაც მოსულიყვნენ ჩვენი მოხუცებულა სოფლელები. თურმე უკანასკნელის გასაკვეთის მოსასმენლად მოგროვილიყვნენ, რომ ამით გმოეცხადებინათ ბატონის გამელისათვის თავისი გულითადი მადლობა ორმოცის წლის სამსახურისათვის, და საფრანგეთისათვის, თავისის საყვარელის მამულისათვის, რომელიც მათ ეკარგებოდათ, პატივი მიეცათ.

მე სრულიად ფიქრებმა წამიღეს, უეცრად ჩემთ სახელი წარმოითქვა. ყურები ვაცქვიტე, თურმე ჩემი ჯერ მოვიდა პასუხის გებისა. რა რიგად მინდოდა, რომ თავიდან ბოლომდე შეუცდომლად ამესხნა მშვენიერი წესები ჩვენის ენის თანდებულისა. მაგრამ პირველ სიტყვაშივე ავირიე და მწუხარის გულით, როგორც კეტი, ისე ვიდებ ჩემს ადგილას, სირცხვილით თავი მაღლა ვერ ამეღო. ბატონი გამელი მეუბნებოდა:

„ამ ხანად, ფრანსო, მე არ გისაყვედურებ. შენ უმისოდაც დასჯილი ხარ... მით, რომ არ იცი. იქნება შენა ფიქრობდე: ეჰ, ეგ არაფერია! თუ დღეს არა, ხვალ ხომ ვისწავლით! აი, ხომ ხედავ, რა მოხდა... დიაღ მაგ დღეხვალიობაში სწავლის გადადებამ სახვალიოდ გააუბედურა ალზასი. ეხლა გერმანელებს საბუთი აქვთ გვითხრან: რა მიგიგავთ ფრანსიელებს, რომ იძახით ფრანსიელნი ვართო. როდესაც არც კითხვა, არც წერა თქვენს ენაზე არ იცით?... ყოველს ამაში მარტო შენ არა ხარ დამნაშავე, ჩემო საწყალო ფრანსო! არა, ყოველმა ჩვენგანმა უნდა უსაყვედუროს თავის თავსა.

„თქვენი ნათესავები თქვენის განათლებისათვის ბევრს არასა ჰზრუნავდნენ, ოღონდ კი ერთი მეტი გროში შეეძინათ და ისინი სხვას არას დასდევდნენ, და ამისათვის ხან სამუშაოდ გისტუმრებდნენ ქარხანაში, ხან მიწის სახვნელად. არც კი მე ვარ უდანაშაულო. განა მე კი არ უნდა ვუსაყვედურო ჩემს თავს? განა სწავლის მაგიერ ხანდახან ჩემს ბაღს არ გარწყევინებდით ხოლმე? განა როცა სათევზაოდ მივდიოდი, თქვენის დათხოვნის ფიქრი მაწუხებდა?“

ბატონს გაბელს სიტყვა ერთის საგნიდამ მეორეზე გადაჰქონდა და ბოლოს ლაპარაკი ჩამოაგდო ფრანგულის ენის თაობაზედაც. გვეუბნებოდა, რომ ფრანგული ენა ყველაზედ მშვენიერი, ყველაზე ცხადი, ყველაზე მტკიცე ენა არის მთელ ქვეყნიერობაზედაო; იგი არ უნდა დავიწყებულ იქმნასო. და თუ ვინმე მონების ქვეშ ჩავარდებაო, მისთვის სამშობლო დედაენა უკეთესი ღონეა, რომ უბედურებიდამ თავი იხსნასო... მერე გადახსნა ღრამმატიკა და აგვიხსნა გასაკვეთი. მე მიკვირდა, რომ ყოველი ფერი ისე ადვილად მესმოდა. რაზედაც კი იგი იმჟამად მოგვითხრობდა, ყოველივე მეადვილა. მე მგონია, რომ ჩემს დღეში ისეთის ყურადღებით არ მიგდია იმასათვის ყური და თვითონაც, მგონია, თავის დღეში ისეთის მოთმინებით არ აუხსნია გასაკვეთი, როგორც მაშინ. ადამიანს ეგონებოდა, რომ რაკი გვშორდება, ჰსურსო, რაც იცის ყოველივე ერთხანად და ერთბაშად გადმოგვცესო და სულ ერთ თავში ჩაგვიდოსო.

გასაკვეთის ახსნის შემდეგ წერა დაგვაწყობინა. ამჯრად ბატონს გამელს თვითვეულისათვის ცალკე ახალი დედნები შეედგინა; იმ დედნებში მხოლოდ ეს ეწერა: „საფრანგეთი, ალზასი, საფრანგეთი, ალზასი“. ავიღეთ დედნები და მაღლა ჩამოვკიდეთ; როგორც ბაირაღები, ისე ფარფარებდნენ თვლწინა. უნდა გენახათ, როგორის ყურადღებით ვწერდთ ამ სიტყვებს, რარიგი ხმა გაკმენდილი მდუმარება იყო! მხოლოდ ერთი კალმის წრიპინიღა ისმოდა. ზოგჯერ მაისის ბუზები შემოფრინდებოდნენ ოთახში, მაგრამ იმათ ყურს არავინ ათხოებდა, პაწაწინა შაგირდებიც კი თვალს ქაღალდიდამ არ აშორებდნენ და ისეთის გულმოდგინებით გამოჰყვანდათ თავიანთი ხაზები, თითქო ის ხაზებით საფრანგეთისანი არიანო... ჩარდახზედ მტრედებ ჰღუღუნებდნენ და მე გავიფიქრე: „ამათაც ხომ გერმანულად დააწყებინებენ ღუღუნსა“. დროგამოშვებით ზე ავიხედავდი და ვხედავდი, რომ ბატონი გამელი მდუმარედ იდგა კათედრაზედ და რაღაც გულისტკივილით თვალს აკვირვებდა ყოველს საგანს, რაც მის გარეშემო იყო, თითქო ცდილობსო საუკუნოდ დაეხსომებინა ეს პატარა სახლი და ყოველი ის, რაც შიგ არის. როგორც გინდათ იფიქრეთ, – ის კაცი ორმოცი წელიწადი იყო ამ ადგილას, ორმოცი წელიწადი იყო მაყურებელი ერთისა და იმავე ეზოსი, ერთისა და იმავე სასწავლებლისა. ყოველივეს უწინდელი ფერი და სახე ედო, მხოლოდ შეგირდების სკამები და რუკა დროთა ბრუნვას მოეცვითა, კაკლის ხე ეზოში გაზრდილიყო, სვია, რომელიც თვითონ დაერგა, გარს შემოჰუენოდა ფანჯრებს და სახლის სახურავამდე ასულიყო. უსათუოდ ძალიან უკვნესდა, ძალიან სტკიოდა გული, რომ ყოველს ამას თავი უნდა დაანებოს; რომ მისი და აქედამ აყრისათვის წინა და უკან დარბოდა ზემო ოთახში და ბარგს ალაგებდა. დიაღ, ხვალზევით უნდა აყრილიყვნენ და სამუდამოდ გამოსთხოვებოდნენ ამ მხარესა.

ხოლო მას მაინც კიდევ ღონე და მოთმინება შერჩა, რომ რაც იმ დღეს სასწავლებელი იყო, ყველა შეესრულებინა. წერის შემდეგ ისტორია გაგვიკვეთა, მას მერმედ პაწაწინა ბაშვებმა ჩვეულებრივად უგალობეს თავისი ბა, ბე, ბი, ბო, ბუ. იქ კიდევ, კუთხეში ჰაუზერს ცხვირზე გაეკეთებინა სათვალეები, ხელში აეღო ანბანი და ბაშვებთან ერთად ხმამაღლა იმეორებდა იმავე ბა, ბე, ბუ-ს. ეტყობოდა, რომ ისიც დიდ მეცადინეობაშია. შეშფოთებისა გამო ხმის კანკალი დამართოდა და ისე უცნაურად მოისმოდა იმისი ხმა, რომ ჩვენ ტირილიც მოგვდიოდა და სიცილიცა. ოხ, ჩემს დღეში არ დამავიწყდება ის უკანასკნელი ჩვენის სწავლების დღე!..

უეცრად დაჰკრა საყდრის საათმა შუადღე. ამასთანავე ჩვენს ფანჯრების წინ დაიგრიალა სამხედრო მუსიკის ხმამაც: პრუსიელების ჯარს გაეთავებინა თავისი სწავლა და მიდიოდა მინდვრიდამ. ბატონი გამელი გაფითრებული და ფერმიხდილი ჩამოვიდა კათედრიდამ. მე იგი თავის დღეში არ მომჩვენებია იმოდენა ტანისად, როგორც იმჟამად მეჩვენა, თითქო ტანი აიყარაო.

„მეგობარნო!... – გვითხრა ჩვენ: – მეგობარნო... მე... მე...“

რაღაცა მოაწვა გულზე, რაღაცამ სული შეუხუთა და სიტყვა აღარ დაასრულებინა.

მაშინ მიუბრუნდა კედელზე ჩამოკიდებულს საწერ ფიცარს, აიღო ხელში ცარცი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა დააჭირა ფიცარს ცარცი და უშველებელის ასოებით ეს დასწერა:

„გაუმარჯოს საფრანგეთსა!

ამის შემდეგ შედგა. თავი დაჰკიდა და კედელს მიეყრდო. სხვა აღარა უთქვამს რა, სიტყვის ილაჯი აღარა ჰქონდა, მხოლოდ ხელით გვანიშნა:

„ეხლა წადით!... გასაკვეთი დასრულდაო!“

[1877წ.]

___________

*. ალზასი ის ქვეყანაა, რომელიც პრუსიამ წაართო საფრანგეთსა ამ უკანასკნელს დროს და რომელისაც სული და გული დღესაც საფრანგეთისაკენ არის.

 

უკანასკნელი გასაკვეთი

ხელნაწერი: ასლი U № 217.

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1877, გვ. 9-12 (B). თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ტ. III, ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, ტფ., 1892, გვ. 220-229 (A).

გამოჩენილი ფრანგი მწერლის ა. დოდეს (1840-1897) მოთხრობა „უკანასკნელი გასაკვეთი“ 1892 წლის პუბლიკაციის შემდეგ ილიას თხზულებათა არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

71. 12 სტვენის] შტვენის B. 19-20 ჰკითხულობს] კითხულობს B.

72. 1 ის] ისა B. 3. ბრძანება] ბძანება B. 5 მითხრან] მითხრა B. 13 შევვარდი] შევარდი B, ბ-ნ] უფ. B. 16 ზოგი] ზოგნი B. 17 იზეპირებდა] იზეპირებდნენ B. 18 დაეხსოვნათ] დაეხსომნათ B. 20 ჟრიამულის] ჟრიამულის B. 21 დავმჯდარიყავ] დავმჯდარვიყავ B. 25 თავისის] თავისი B. 26 გზა] შარა B. და იმ სიჩუმეში] იმ სიჩუმეში და B. 29 ბატონმა] უფალმა B. 30 ფრანსო] ფრანცო B.

73. 9 ისხდნენ] იყვნენ B, ჰაუზერიც] ხაუზერიც B. 11 ბევრი] ბევრნი B. 14 და ზედ გადაშლილზედ – A. 15 გარდი-გარდმო] გარდი-გარდმოდ B, სათვალეები] სათვალები B. 16-17 ბატონი] უფალი B. 21 ბრძანება] ბძანება B. 22 გერმანულიღა] ნემეცურიღა B. 24 ფრანგული] ფრანციული B. 25-26 ბარბაროსნო] ბარბაროზნო B. 29 სჩანს] ჰსჩანს B.

74. 2 რომელთაც] რომელთც A. 3 ბატონი] უფალი B. 4 მის] ამის B. 7 მივხვდი] მივხდი B. 9 უკანასკნელის] უკანასკნელი B. 10 ბატონის] უფალის B. 13 ეკარგებოდათ] შორდებოდათ B. 18 სიტყვაშივე] სიტყვაში B. 19 ვიდეგ] ვიდექ B. 20 ბატონი] უფალი B (ეს სიტყვა A-ში ყველგან ასეა ნასწორები და აღარ ვიმეორებთ). 21 ფრანსო] ფრანცო B. 24 დიაღ] დიახ B, დღეხვალეობაში] დღეხვალიობამ B. 25 გერმანელებს] ნემენცებს B. 29 ფრანსო] ფრანცო B. 31-32 არასა ჰზრუნავდნენ] არას ზრუნავდნენ B.

75. 4 სათევზაოდ] სადარბაზოდ A. (ფრანგულ დედანშიც არის სათევზაოდ). 7 ფრანგულის] ფრანციულის AB. 8 ფრანგული] ფრანსიული AB. 13 გადახსნა] გადასხნა B. 18 აუხსნია] აუსხნია B. 20 გადმოგვცესო] გადმოქვცესო B. 33 ჰღუღუნებდნენ] ღუღუნებდნენ B. 33 – 34 გერმანულად] ნემენცურად B.

76. 3 სცდილობსო] ცდილობსო B. 9 მოეცვითნა] მოეცვეთნა B. 15 გამოსთხოვებოდნენ] გამოჰსთხოებოდნენ B. 19-20 ბაშვებმა] ბავშვებმა B. 21 ჰაუზერს] ხაუზერს B, სათვალეები] სათვალები B. 27 სწავლების] სწავლის B.

77. 4 საწერ] საწერს B. 5 ცარცი] მელი B. 6 დასწერა] დაწერა B. 11 დასრულდაო] დასრულდა B.