The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


*** (როცა შევყურებ)
როცა შევყურებ

ჰეინე ჰაინრიხ

* * *

(ჰეინესი)

როცა შევყურებ მე შენს თვალებსა –
გმინვა და ტეხა გულის დუმდება,
როცა მე ვკოცნი შენსა ბაგესა–
სხვა სიცოცხლეზე სული რწმუნდება.

როცა შენს მკერდზედ მე ვიხრი თავსა,
ქვეყნად აღარ ვარ, სამოთხეს ვსცხოვრებ;
მითხარ, – „მიყვარხარ!“ – და იმავ წამსა–
თვითც არ ვუწყ, რაზედ – მწარედ ვიტირებ.

22 დეკემბერი, 1858 წ.

ს. პეტერბურღი



 

  * * * როცა შევყურებ

ხელნაწერი:
ავტოგრაფი U №108 (B); M №17501 (C).

ნაბეჭდი: თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ტ. I, ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, თბ., 1892, გვ. 40 (A). „ჩანგური“, სპ. ჭელიძის შედგ. ბათუმი, 1904, გვ. 220 (D).

სათაურის ქვეშ: ღეინიდამ B C-D.

ხელმოწერა: სარჩევში: თარგმნ. ი. ჭავჭავაძისა D.

თარიღი: 1858-სა წელსა, 22 დეკემბერი, ს. პეტერბურღი BC. 1859 წ. A*-D.

ცნობილი გერმანელი პოეტის ჰაინრიხ ჰაინეს (1797-1856) ლექსების ილიასეული ქართული თარგმანი, მკვლევარ ვ. კავთიაშვილის აზრით, „ორიგინალურიდან შესრულებული ჩანს“. ჰ. ჰაინეს ლექსების ილიასეული ქართული თარგმანების შესახებ ვრცლად იხ. ვ. კავთიაშვილი, ჰაინრიხ ჰაინე ქართულ ლიტერატურაში, თბ., 1978, გვ. 20-40.

22. 2 შენს] შენ C. 3 გმინვა] გრგვინვა BC. 4 ბაგესა] ტუჩებსა BC. 5 სიცოცხლეზე] სიცოცხლეზედ BC. 6 მე ვიხრი თავსა] მოვიხრი თავსა BC. 7 ქვეყნად] ქვეყნათ BC, ვსცხოვრობ] ვცხოვრობ D. ვცხოვრობ C. 9 თვითც] თვით BCD, ვუწყ] უწყ BC, მწარედ] მწარეთ BC.

___________________

* 1892 წლის გამოცემაში (თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ტ. I, ქართველთა ამხ. გამოც.) სარჩევის სქოლიოში მოთავსებულია რედაქციის შენიშვნა „შეცდომით მოგვივიდა, რომ ზოგიერთი ლექსი ამ წიგნში დაბეჭდვის წელიწადით არის აღნიშნული, მაშინ, როდესაც აზრად გვქონდა ლექსები დაწერის წელიწადით აღგვენიშნა. ეხლა ვასწორებთ ამ შეცდომას იმით, რომ სარჩევში ვაჩვენებთ ცალ-ცალკე წლობით – როდის რა ლექსია დაწერილი“. ამ ლექსთან (... „როცა შევყურებ“) დაკავშირებით კი მოხდა პირიქით, ლექსის დაწერის თარიღი (1858 წ.) არ ემთხვევა სარჩევში მითითებულ, რედაქციის მიერ გასწორებულ თარიღს (1859 წელს). ძირითად ტექსტში კი იგი სწორადაა მოთავსებული 1858 წელს დაწერილი ლექსების გვერდით.