The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მანფრედი
ჩიტი

ბაირონი ჯორჯ ნოელ გორდონ

მანფრედი

(ნაწყვეტი, ბაირონიდან)

მოქმედება I

ცენა პირველი

სცენა წარმოადგენს გოტიკურს გალერეიას. შუაღამე
მანფრედი მარტო
ანედა ხელახლათ მე აღვავსო ჩემი ლამპარი...
და ჩემი ძილი, როს კი მძინავს, ძილი არ არი,
და არის ხოლოთ უსრულებელთ ფიქრთ განგრძელება,
რომელთ არც დაჭერა, არც შეყენება.
ჩემს გულს არ სძინავს არცა დღისით და არ ღამითა,
დავხუჭავ რა თვალთ, შიგ ჩამჭვრეტენ გუშაგსავითა.
(მაგრამ) კი ვცხოვრობ – მე მაქვს სახე ცოცხალ კაცისა.
განა წუხილი უნდა იყოს გამწურთნი ბრძნისა:
ტანჯვა-ცოდნაა, თვით კაცსა ცოდნით სავსესა,
უნდა ეტნჯა, ევაგლახნა, ვიდრე სცნო ესა,
რომ ხე ცოდნისა არა არის ხე ცხოვრებისა.
მე აღმოვსწურე უძირო ტბა ქვყნის სიბრძნისა,
ფილოსოფიის ზღვა, წყარონი გრძნეულებისა,
და ჩემს ჭკუასაცა მქონდა ძალა ეტვირთნა ისა, –
მაგრამ ამითა ვერა გავხდი. მე მოვინდომე
კაცთათვისა ქმნა სიკეთისა, და ვნახე რომე,
კაცთა შორისაც სიკეთეცა ყოფილა თურმე, –
მაგრამ ამანაც ვერრა მმატა, მტრებიც მომეცნენ,
მათ მე ვერ დამცეს, და თვითონვე ჩემ წინ დაეცნენ, –
მაგრამ ამანაც ვერრა მმატა. ტანჯვა, წვალება,
სურვლი, ბრძოლა და სიკეთე, და ბოროტება,
ყოველი ფერი – რასაც ვხედავ სხვა არსებაში, –
როგორცა წვიმა ქვიშაზედა იყო ჩემთვისა...

[1860 წ.]

 

  მანფრედი

ხელნაწერი: ავტოგრაფი M №17501.

ავტოგრაფში თარიღი ნაჩვენები არაა. მას ვათარიღებთ ისევე, როგორც „კაენს“. იხ. ჩვენივე შენიშვნა, გვ. 679. ავტოგრაფი შავია, არის გადახაზული ადგილები: მანფრედის სიტყვის პირველი სტრიქონის შემდეგ გადახაზულია შემდეგი სიტყვები: „თვარა იმ დრომდინ, ვიდრე (....) იგი ჩაქრება“. მესამე სტრიქონში ჯერ ეწერა „დაუსრულებელთ“, შემდეგ დაუწერია „უსრულებელთ“. მე-4 სტრიქონის ნაცვლად ეწერა სხვა სტრიქონი, რომელიც გადახაზულია: „რომელთ დაჭერა და მოდრეკა არ შემიძლიან“. მე-5-7 სტრიქონების ნაცვლად ეწერა:

„ჩემს გულს არასდროს არ მოუვა თვლემა და ძილი,
ჩემს გულს არასდროს არ მოუვა ჟამი ძილისა.
დავხუჭავ რა თვალთ – იგინი მე შიგ ჩამყურებენ,
მაგრამ კი ვცხოვრობ, სახე, ფორმა კაცის ცოცხალ მაქვს“.

მე-11-12 სტრიქონების ნაცვლად ეწერა:

„მე აღმოვსწურე იგი ღრმა ტბა ფილოსოფისა,
ფილოსოფოსთ ტბა, დიდი, ბნელი. წყარონი..“

მე-15 სტრიქონის შემდეგ მოდის გადახაზული სტრიქონები:

„მაგრამ ამითაც ვერარა გავხდი, მითაც სიკეთე
ვქმენი კაცთათვისა.
მაგრამ ამითაც არაფერი მე არ მეკეთილა,
მე კაცთა შორის (მოვინდომ.) სიკეთის ქმნასა,
ვნახე, სიკეთე კაცებშიაც თურმე ყოფილა,
მაგრამ ამითაც არაფერი არ მეკეთილა
მე კაცთათვისა მოვინდომე ქმნა კეთილისა,
ვნახე, სიკეთე კაცებშიაც თურმე ყოფილა,
მაგრამ ამითაც არაფერი არ მეკეთილა“.

მე-17 სტრიქონის ნაცვლად ეწერა: „მაგრამ ვერარა გავხდი
მითაც, მტრებიცა მყვანდენ, რადგან დაუმარცხებელმა...“

ბოლო სტრიქონის ნაცვლად კი ეწერა: „იყო ჩემთვისა, ვითა წვიმა ზედა ქვიშასა“.