The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მოთქმა საწყლისა

მოთქმა საწყლისა

სად მოვასვენო საწყალმან თავი,
არცა მაქვს სახლი, არც ქოხი ავი,
მზისგან დამწვარი მაქვს ტანი შავი,
ქვეყნათ არავინა მყავს მე შემნახავი.
რა ვქნა, რა ქვაჲ მე თავში ვიცე,
ქვეყნათ ცხოვრება არა მაქვს მტკიცე,
ვისაც შევჩივლე და ღმერთი ვფიცე,
არ შემიბრალა საწყალი მტიცე.
ერთხელ მეც მქონდა ბედნიერი დრო,
როს დედ-მამასთან მე მქონდა ყუდრო,
მარა სიკვდილმან იგი წამართო,
ჭმუნვითა დამყო წყეულმან მარტო.
ვხედამ მე ბევრსა, ბედით არს მტკბარი,
ყოვლისფრით სავსე არს მოცინარი,
ხოლო გზა ჩემი მათ გვერდზედ არი
და ჩემს თვალზედა არ რის დარი.
მე ბედი სხვისა არაფრათა მშურს,
იგი ყველასთვის წმინდის გულით მსურს,
მარამ მე ვსჩივი ჩემს თავს დადაგულს,
ვაი, ჭმუნვაო, რათა სწვამ ჩემსა გულს.
მე ვარ საწყალი ქვეყნათ უსუდრო,
არცა მაქვს არსად მცირედი ყუდრო,
რომე მუნ მივწვე, მუნ მივეყუდრო,
კარი-კარ პურს ვითხოვ, უდროთ უდრო.
ოხ, უხვო ღმერთო, მარტო შენგანა
არა ვარ დავიწყებულ ობლად ყველგანა,
შენის წყალობის წყაროჲთ განა
არ გინდა ყოვლის ერდგან გაბანა!
ყოველს სოფელში გაქვს ეკლესია,
იგი ყოველთვის განგიწესია,
მეფეც, საწყალიც, თუნდა მწყემსია,
მუნ გადიდებენ, რავარც წესია.
და წყალობა შენი უდიდესია,
რომ მუნ ალაგი მეც მიწესია.
მუნ შენა გხედამ ჩემსა გამჩენსა,
მხურვალის გულით სახელსა შენსა
გაქებ, ვადიდებ სახელსა შენსა,
წმინდის ლოცვითა უფალსა ჩემსა.
მე ამ ქვეყანას ქვეყნიერს ვაძლევ,
ვიტანჯვი, ტანჯვას ლოცვითა დავძლევ,
შენ საიქიოს დიდს იმედს მაძლევ,
გმადლობ შენ, ღმერთო, ყოვლისა დამძლევ!
შენი ბრძანებით გაიხსნება ზეცა,

მუნ ყველა მივა, რა ჩავა მზეცა,
თუმცა სახლი, კარი აქ არ მომეცა,
შენგან ალაგი მუნ ხომ მაქვს მეცა!
შენ, ჩემს უფალსა, გადიდებ, ღმერთო,
არსებით სამო და პირით ერთო,
შენი წყალობა ქვეყნათ გაერთო,
საწყლის, მდიდრისთვის არის საერთო,
გმადლობ შენ, ჩემო უფალო ღმერთო!

 

[1840-იანი წლების დამლევი

 

  ხელნაწერი: U:

ავტოგრაფი, № 105, გვ. 2.

ხელმოწერა:

თ. ილია ჭავჭავაძე.

ლექსი დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში, განყოფილებაში “ყრმობის ლექსები” (გვ. 538 - 540), დაუთარიღებლად, ცალკეული ცვლილებებით (მე-4 სტრიქონში ავტოგრაფისეული ქვეყნათ შეცვლილია ფორმით ქვეყანათ; მე-11 სტრიქონში სიტყვა მარა შეცვლილია სიტყვით მამა; 27-ე სტრიქონში - წყაროჲთ-წყაროთი; 37-ე სტრიქონში - ვადიდებ-გადიდებ). ჩვენს გამოცემებში დაცულია ავტოგრაფისეული ფომრები.

1925 - 1951 წლების გამოცემაში “მოთქმა საწყლისა” დაბეჭდილი არ არის, მაგრამ მოხსენებულია (სარედაქციო შენიშვნებში) და მისი დაწერის სავარაუდო თარიღიც არის მითითებული: “[50-იანი წლებიდან - 1856-მდე]. ზემოთ მითითებულ ავტოგრაფში ეს ლექსი ისეთივე ბავშვური ხელითაა ჩაწერილი, როგორითაც “სიტკბოება თვის მამეულში”, “ჭაბუკობაზედ” და “დაღონებული, არ ვიცი რაზედ...”, რომლებიც, ჩვენი ვარაუდით, 1840-იანი წლების დასასრულსა თუ 1850-იანი წლების დასაწყისში უნდა იყოს დაწერილი (იხ. დასახელებული ლექსების კომენტარები). “მოთქმა საწყლისა”, ვფიქრობთ, ამავე ხანებს განეკუთვნება.

თუკი ლექსის შინაარსს დავეყრდნობოდით და ვირწმუნებდით, რომ მასში ზუსტად არის ასახული ყრმობა პოეტის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები, შეიძლება ლექსის დაწერის სავარაუდო ფართო თარიღი — [1840-იანი წლების დამლევი - 1850-იანი წლების დასაწყისი] — შედარებით უფრო ვიწრო ჩარჩოთი შემოგვესაზღვრა: კერძოდ, შეიძლებოდა მიგვეჩნია, რომ “მოთქმა საწყლისა” დაიწერა 1852 წლის შემდგომ, — როცა ილია მამითაც დაობლდა (ილიას მამა, როგორც ცნობილია, გარდაიცვალა 1852 წლის 10 დეკემბერს, ძვ. სტილით).

მაგრამ ლექსის ასეთ ბიოგრაფიულ ინტერპრეტაციას ადგილი შესაძლებელია შეცდომაში შევეყვანეთ, რადგან ამ ლექსში ისეთი ფაქტებიც არის წარმოსახული, რომლებიც ილიას ცხოვრებაში არასდროს მომხდარა (ასე მაგ., ილიას ყრმობის პერიოდში არ ყოფილა მომენტი, რომ მას არ ჰყოლოდა “შემნახავი”, არ ჰქონოდა სახლ-კარი თუ თავშესაფარი, და ლუკმაპურის სათხოვნელად “კარიკარ” დასჭირვებოდა სიარული).