The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გაზაფხული

გაზაფხული

ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,
ბაღში ვაზი ობოლი
მეტის ლხენითა სტირის.
აყვავებულა მდელო,
აყვავებულან მთები;
მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?

28 იანვარი, 1861 წ.
პეტერბურღი.

 

ხელნაწერი: U:

ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 151 (B).

ნაბეჭდი:

ჟურნ. «ცისკარი”, 1861, № 4, გვ. 519 (C); ჩონგური, შედგენილი კ. ლორთქიფანიძისაგან, ს. პეტერბურღი, 1864, გვ. 68 (D); საჩუქარი ქართველ ყმაწვილებს, შეკრებილი და გამოცემული ზ. ჭიჭინაძისაგან, ტფილისი, 1878, გვ. 2 (E); დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ.

ილია ჭავჭავაძის ა, ზ. ჭიჭინაძის გამ. ტფილისი, 1882, გვ. 19 (F); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I ტფილისი, 1892, გვ. 130 (A); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-2, ტფილისი, 1892, გვ. 374 (G); წყარო, შედგენილი არ. ქუთათელაძისაგან, წიგნი მე-2, ტფილისი, 1898, გვ.4 (H); სიტყვიერების თეორია, შედგენილი არხიმანდრიტი კირიონისა და გრ. ყიფშიძის მიერ, ტფილისი, 1898, გვ. 578; ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემე მე-4, ბათომი, 1900 წ., გვ. 309 (I); ლექსები ილია ჭავჭავაძისა, მაღ. “ცოდნის” გამოცემა, ტფილისი, 1904 წ., გვ. 32; ჩანგური, შედგენილი სპ. ჭელიძის მიერ, ბაუმი, 1904 წ., გვ. 182 (J); სალამური, შედგ. სპ. ჭელიძის მიერ, ბათუმი, 1904 წ., გვ. 22 (K); ჟურნ. “ნიშადური”, 1907, № 59, გვ. 8 (L); წყარო, შედგენილი არ. ქუთათელაძისა, წიგნი მე-2, მე-3 შევსებული გამოცემა, ქუთაისი, 1907, გვ. 1 (m);

ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები, წ.კ.გ. საზ-ის გამოცემა, № 80 და № 81, ტფილისი, 1907, გვ. 23.

სათაური:

G I.

თარიღი:

1861 წ. AE; 1861 წლის იანვრის 28-სა, პეტერბურღი B; 1861 წ., იანვრის 28 დღესა C; 28 იანვარს, 1861 წ. DE. ხელმო წერა : თ. ილია ჭავჭავაძე C; ალ. ჭავჭავაძე D, (სარჩევში)J; ილია ჭავჭავაძე E, (სარჩევში) H; (სარჩევში) GIKm.

1 ტყემ მოისხა] ტყეს ესხმება CDEF. 2 ჭყივის] სჭყივის GI, ჰსჭყივის L. 4 სტირის] ტირის CDE; B-ში I სტროფი ასე იკითხება:

ტყეს შეესხა ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,
ბაღში, როგორც ობოლი,
ვაზი ჩუმათა ტირის.

6 აყვავებულან] აყვავებულა CDEI. 8 როსღა] როდის J; აყვავდება] აყვავდება BC.

მწერალმა ქალმა ბარბარე ჯორჯაძემ ჟურნ. “ცისკარში” (1861, მაისი) დაბეჭდა წერილი “თ. ილია ჭავჭავაძის კრიტიკაზედ”, რომელშიც სხა ლექსებთან ერთად ამ ლექსსაც აკრიტიკებს: “ტყეს ესხმება ფოთოლი, აგერ მერცხალი ჭყივის...” თქუჱნი რისხა მქონდეს, თუ თავის დღეში გამეგონოს, მერცხალი ჭყივისო. ღორზედ კი გამიგონია, უთქომთ, ღორი ჭყივისო. იქნება ოდესმე ბულბულზედაც თქუას. ჭყვივისო... რატომ?.. თუკი მერცხალი დაიჭყივლებს, რატო ბულბული კი არ უნდა ჭყიოდეს, - სადაც ვაზს აობლებს ბაღში, რომელსაც რამდენიმე ასი და ათასი სხუა ვაზები ახვევიან...” (გვ. 39-40). “ცისკარი” 1861 წლის ივნისის ნომერში ილია ასე პასუხობს ბ. ჯორჯაძეს: “მთელს სტატიაში ერთი ნამდვილი შენიშვნა აქვს ჩვენ მწერალ ქალსა, - ეგ მერცხლის ჭყივილზედა. მართალიც არის, სწორეთ უხერხოთ არის მანდ ეგ ზმნა ხმარებული. მაგრამ ეს ლექსის აზრს არ აბნელებს, რადგანაც “მერცხალიც აგერ ჭყივის” - მეთქი, მოვიყვანე “გაზაფხულის” ნიშნათ და ამისათვის ჭიკჭიკი მეთქო, თუ ჭყივილი, მაინც ის აზრი არ მოიშლებოდა... “ობოლი ვაზი” კი, უკაცრავათ არ ვიყო, თავის ალაგს კარგათ არის... გაიგებდით, რომ ხმარობენ: “ობოლი მარგალიტი, ობოლი ხე, ობოლი შტო”, მაგრამ თეორეტიკას ძალიან შეუპყრიხართ და... ამიტომაც არა გაგიგიათ-რა” (გვ. 228-229).

ლექსი დავათარიღეთ ავტოგრაფის მიხედვით.

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში ლექსი დათარიღებულია 1860 წლით (სარჩევში. გვ. 111).