The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გულწრფელი რჩევა

მიქელაძე დავით

გულწრფელი რჩევა

ქართველთა განათლებული რაზმი ყოველს წელს შესამჩნევად მატულობს. წელსაც ჩვენმა გიმნაზიებმა ორმოცამდე ქართველს დაასრულებინა კურსი. უმრავლესობა ამ ახალგაზდობისა, რასაკვირველია, არ დაკმაყოფილდება გიმნაზიის ატესტატით და უნივერსიტეტის დიპლომის მიღებასაც მოისურვებს, უმაღლეს სწავლისა და მეცნიერების დაწაფება, უთუოდ, კეთილი და მოსაწონი განზრახვა არის. მაგრამ სანამდის ჩვენი ახლად კურს-დასრულებული ყმაწვილები ერთს რასმე გადაწყვეტილებას დაადგებოდნენ შემდეგის განათლების შესახებ, ჩვენი წრფელი რჩევაა — კარგად ჩაუფიქრდნენ იმას, თუ რა გვარი ცოდნისა და განვითარების კაცები ესაჭიროება ქვეყანას ამ ჟამად? დღეს ერთს სფერაში ასი და ორასი განათლებული კაცი მუშაობს და სამუშაოც ვეღარ უშოვიათ, მეორე სფერაში - კი თითო ოროლიც არ მოინახება! მაგალითის ძებნა დიდხანს არ დაგვჭირდება. ავიღოთ, თუ გნებავთ, რიცხვი იურისტებისა ჩვენში და მერმე სხვა საგნებზე სწავლა-დამთავრებულთა რაოდენობა. აღმოჩნდება, რომ ასს უმაღლეს სწავლა მიღებულ ქართველში ნახევარი იურისტები არიან და სხვა დანაშთენ პროფესიებზედ და სპეციაბაზედ მხოლოდ ორმოც-და- ღა მოდის.

ასეთი განაწილება შრომისა ორნაირად უაზრო და უგუნურია. ის რომ, როდესაც ამოდენა ხალხი ერთს ადგილს მიაწყდება, ცხადია, ის ადგილი, სადაც ათი ხელი კმარა, ასს ვერ დააკმაყოფილებს, და გამოვა, რომ ერთნიც გაჭირვებულნი რჩებიან და მეორენიც. რაც საჭიროა, იმაზედს რომ გაიტანთ გასასყიდად, რასაკვირველია, არავინ შესაფერს ფასს არ შემოგაძლევთ თქვენი მასალა, რომელზედაც, უთუოდ, ბევრი შრომა და ღვაწლი დასდევით, დაგრჩებათ უქმად, უსარგებლოდ. ამის გარდა, ქვეყნის წარმატება, იმისი მომავლის გაუუმჯობესობა ერთსა და ორს სფერაში მუშაობით განა შეიძლება?

ერის ცხოვრება მიემგზავსება რომელსამე რთულს მეხანიზმს. როგორც აქ არ შეიძლება ითქვას, რომელი ნაწილი მეხანიზმისა უფრო საჭირო არის, რომ მთელმა მაშინამ კარგად იმუშაოს, ისე ერის მატებისათვის არ შეიძლება ითქვას, ეს მხარე ცხოვრებისა ყოვლად აუცილებელია და ეს არაო.

სრულის ჰარმონიისათვის აუცილებლად საჭიროა, რომ ყოველს ალაგს, ყოველს საქმეს, რომელთაგან შესდგება მთელი ცხოვრება, საკმაო რიცხვითა და ცოდნით მოღვაწე ჰყავდეს.

ჩვენ არ ვიტყვით, რომ ქართველი მსაჯულები, პროკურორები, მძიებლები და ადვოკატები ნუ გვეყოლება! მაგრამ არც ის არის სათქმელი, რომ ყველა განათლებული ქართველი უთუოდ ან პროკურორი უნდა იყოს, ან ადვოკატი?!

დღევანდელს ჩვენს საუბარს, შესახებ სპეციალობის განაწილებისა, მხოლოდ ის აზრი აქვს, რომ მოვაგონოთ ჩვენს ახლად გიმნაზიაში კურს დასრულებულ ქართველ ახალგაზდობას თავისი მოვალეობა სამშობლოსადმი და ამასთანავე იმედი გვაქვს არ დაივიწყებენ იმ პოლიტიკურ ეკონომიის კანონს, რომელიც ამბობს: გადამეტებულის წარმოება საზარალო არისო. ე. ი. იმაზედ მეტის მიწოდება, რასაც მხარჯველი საჭიროებს, არ არის ანგარიში, რადგანაც არ გასაღდებაო.

ასეთი ბედი მოელის იურიდიულ ფაკულტეტიდან გამოსულ განათლებულთა და ვგონებთ, ამაზედ ღირს დაფიქრება. მაგრამ მოხდება ისეთი მაგალითიც, როდესაც ახალგაზდა კაცს დიდი მიზიდულობა აქვს სამართლ-მსაჯულო საქმეთადმი და ყმაწვილი გრძნობს, რომ იმისი ნიჭი და გონება სწორედ ამ მხრით იქნება გამოსადეგი ქვეყნისთვის. მაშინ ამისთანა დაიმედებულს ჭაბუკს ღმერთმა ხელი მოუმართოს და, დიაღ, გაჰყვეს თავის ბუნების ხმას.

მაგრამ, როდესაც იურიდიულ ფაკულტეტს მხოლოდ იმისთვის ირჩევენ, რომ უფრო კარგად მორთონ საკუთარი ცხოვრება, ვარწმუნებთ ჩვენს ახალგაზდობას, ეს დიდი და გაუსწორებელი შეცდომა არის!

ყოველს დროს ერთი რომელიმე მოდა აქვს და ეს მოდა ხშირად ამახინჯებს არა თუ კერძო პირს, არამედ მთელს საზოგადოებას. ამ ნაირი მოდად იყო აქამდის სამოსამართლო მოღვაწეობა მაგრამ დღეს საწყაული აღივსო და ვისაც ქვეყნის სამსახური სურს და მასთან თავის მდგომარეობის რიგიანად მოწყობა, რასაკვირველია, მიმართავს ისეთ საგნის სწავლას, რომელიცნამდვილად ჰმატებს ქვეყანას სიმდიდრესა და სინათლეს.

მეველე