The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მამა ალექსანდრე გავაცცი და მისი ქადაგება
მამა ალექსანდრე გავაცცი და მისი ქადაგება

ჭავჭავაძე ილია

მამა ალექსანდრე გავაცცი და მისი ქადაგება. (დობროლიუბოვის თხზულებიდამ

1860 წ. სეკტემბრის ნახევარში ევროპიელი გაზეთები ბევრს ლაპარაკობდნენ გავაცციზედ – ამ უცნაურობით სავსე მქადაგებელზედ, რომელიც ნეაპოლში1 იყოლიებდა ხალხსა იმაზედ, რომ თავები მოამტვრიონ კარლო III და ფენდინანდო I-ის2 სტატუებსა და იმათ მაგიერ გარიბალდის და ვიკტორ-ემმანუელის3 თავები მოადგან. გაზეთებში უფრო მეტი ნაწილი დასცინოდა გავაცცისა; ზოგი კიდევ იხსენიებდა დაუცინებლად, მაგრამ ისე კი, თითქო ამისთანა კაცსა ყურსაც არ ათხოვებსო, ყველამ იცოდა იმისი ვინაობა იმ სტატუებზედ უცნაურ დაჟინებისა გამო. უკანასკნელი ხსენება გავაცცისა იყო რაღაც ჭორი რომელიღაც ულტრამონტანის4 გაზეთის კორრესპონდენტისაგანა5 მოგონილი: ვითომც გავაცცის დაეწყოს ნეაპოლში პროტესტანტობის ქადაგება და ამის გამო უნდა გამოჰქცეოდა ხალხსა, რადგანაც ქვის სროლა აუტეხნიათ. ამისთანა ფაქტი, თუნდ რომ კიდეც მომხდარიყო გავაცცისათვის, რასაკვირველია, სამარცხვინო არ იქნებოდა: ყველამ ვიცით, რა საქმის გამოტყვრენამდინაც მიაღწევენ ხოლმე ნეაპოლიტანის თავხედი მორწმუნენი; მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ამბავი კუდგამობმულია და არეული იმიტომ, რომ გავაცცის ფიქრადაც არ მოსვლია პროტესტანტობის ქადაგება და არც იმათგანია, რომ ტყუილუბრალოდ ჰფანტოს სიტყვები სეკტების სხოლასტიკის6 გულისთვის. ის ლაპარაკობდა ხოლმე პაპის საერო უფლების წინააღმდეგად, ლაპარაკობდა იმის წინააღმდეგ, რომ ხალხს მეტად უყვარს გარეგანი სამღთო წესი და სამღვდელოსა – ბოროტმოქმედება. მაგრამ ეს ყოველი, როგორც მერე ვნახავთ, სულაც არ იყო დამოკიდებული ლუტერის მცნებაებზედა, არამედ დამჯდარ გონების და ხალხის სიყვარულის ჩაგონებით იყო წარმომდგარი. ხალხმაც შეიტყო ფასი ამ უცნაურ მქადაგებელის ტალანტისა და ღვაწლისა. ამის ქადაგებების სახელი და ზედმოქმედება ასეთი ძლიერი იყო, რომ ამას დაუვარდებოდა თვით მონსენიორ დუპანლუცა, რომელშიაც ეხლა შეერთებულია, როგორც ვიცით, მთელი ენამჭევრობა ფენელონებისა, ბოსსუეტებისა, ფლეშიებისა და სხვა ფრანციის ეკკლესიის და კარის გამოჩენილ ორატორებისა. რამდენიმე თვის წინად სტენოგრაფიის (ქარაგმის) წერილებიდგან გადაიბეჭდნენ ამისი ქადაგებაები. როგორც თავის უცნაურ ხასიათითა, ისე თავის შინაგან ღირსებაებითა ისინი გვეჩვენნენ ჩვენ ჩვენის პუბლიკის რომელიმე ნაწილის ყურადღების ღირსად; ამის გამო გავბედავთ გავარჩიოთ ზოგიერთი მათგანი უფრო საჩინო და ზოგიერთი ალაგებიცა ვსთარგმნოთ. მაგრამ ჯერ უმჯობესია ვსთქვათ რამდენიმე სიტყვა თვით გავაცცის პიროვნებაზედ და იმის მქადაგებლობიურ მოღვაწეობის გარეგან მოწყობილობაზედ. ვისაც ყური უდევნებია იტალიის მოძრაობისათვის, იმისთვის გავაცცის სახელი გუშინდელ დღიდგან არ უნდა იყოს გაგონილი. ის იყო მონაწილე 1848 და 1849 წ. საქმეებშია. ამას წინად კი, იტალიის მრავალ პატრიოტებისამებრ, ის სხვადასხვა ადგილებში ბინამოუკიდებლად დაიარებოდა, რაკი რომ ვერა ჰპოვა მოსვენება ბოლონიაში, რომელსაც ეკუთვნოდა თავის სამონაზონო ხარისხითა. 1848 წ. ის გამოჩნდა ვენეციაში, სადაც ჩვეულებრივ ცხოველის სიტყვით ამხნევებდა ხალხსა ავსტრიელებთან შებმისათვის. მოკლე ხანში იმისი პოპულიარობა7 დიდად გაძლიერდა. დასამტკიცებლად შეიძლება მოვიყვანოთ შემდეგი შემთხვევა: 1848 წ, მაისში ფერდინანდმა II,8 რაკი ნახა, რომ საკმაოდ ილიბერალა, გაგზავნა ბძანება თავის ჯარების უკან დასაბრუნებლად, რომელიც ვითომც და ავსტრიელების საწინააღმდეგოდ იყვნენ გაგზავნილნი. ღენერალი პეპე არ დომულობდა ბძანების დამორჩილებასა, მაგრამ თავისთან ძლივს შეიკავა ორი თუ სამი ბატალიონი, დანარჩენი კი ღენერალ სტატელლოსთან ერთად წამოვიდა უკან ბრძანებისამებრ. გავაცცი, რომელიც იყო ტრევიზოში, გამოუდგა უკან ნეაპოლიტანელებს, ყური მოჰკრა თუ არა იმათ უკან დაბრუნების ამბავსა, ის დაეწია ჯარებსა მაშინ, როცა ისინი გადამხდარიყვნენ დიდის გზის შემდეგ დიდის მოსვენებისათვის. მაშინვე მივარდა გაცხარებული ბერი ღენერალსა, რომ დაუმტკიცოს საჭიროება და დააბრუნებინოს თავისი ჯარი, 15000 კაცისაგან შემდგარი, იტალიის თავისუფლების დასახსნელად. მაგრამ სტატელლომ და იმისმა თანაშემწეებმა არ დააცალეს მამა გავაცცის რომ ეთქვა რამე: გამოჩნდა თუ არა, მაშინვე გაიცა ბძანება, რომ იმ წამსვე აიყაროს ჯარი და თავის გზაზედ წავიდეს. ღენერლები შეშინდნენ, რომ თუ ვინიცობაა სალდათებისათვის ყურისგდების ნება მიეცათ, გავაცცი მართლა და გაიტაცებდა... საჯეროა, რომ სტატტელა და მის თანა შემწენი ისე პატივს არა ჰსცემდნენ ამ მქადაგებელის ტალანტსა, როგორც ამის პოპულიარობას, რომელიც ეგრე გარდამეტებით მოქმედებდა სალდათების გონებაზედა; მაგრამ ესე იყო, თუ არა, 15000 სალდათმა კი უფროსების ძალდატანებითა თავი დაანება საბანაკოსა და გამოექცა აჩქარებულის მარშით საშიშარ ბერ-მონაზონსა.

რაკი დაბრუნდა ვენეციაში, გავაცციმ დაიწყო გადაწყვეტილად და დიდის გამბედაობით გავრცელება ხალხში თავის აზრებისა. ის იყო ერთ დროს მოღვაწედ იქა რადიკალის9 პარტიისა, რომელსაც დაერქვა სახელად „სახალხო კლუბი“. მაგრამ ზომისმოყვარე კაცები კი, რომელნიც ჯერ კიდევ იმედეულობდნენ ფერდინანდზედ, რომ წესიერად ცვლილებას შემოიტანს, ამბობდნენ, რომ გავაცცის ქადაგებაები მომეტებულად გამბედავნი და კადნიერნი არიან; თვით „კეთილწესიერობის კომიტეტმა“ არამც თუ აუკრძალა გავაცცის ქადაგება, არამედ ჰსთხოვა კიდეც ვენეციითგან გასვლა. ეს მოხდა 1848 წლის ბოლოს. გავაცცი გავიდა ვენეციითგან, მაგრამ მინამ გავიდოდა, ერთი გამწარებული წიგნი მისწერა მანინსა.10 მანინმა მიუგო, რომ ძალიან ნანობს იმაზედ, რაც მოხდა, მაგრამ კი მამა გავაცციმ დროებით უნდა დაჰსთმოს თავისი აზრები და წადილები ამისათვის, რომა პატრიოტების საზოგადოობაში უთანხმობა არ ჩამოვარდეს, მერე მაშინ, როცა საყოველთავო ერთობა ყველაზედ უფრო საჭიროა მტრის საწინააღმდეგოდ. „სხვაფრივ – ათავებდა მანინი წიგნსა – როგორც უნდა შეიცვალნენ საკულაოდ თქვენი ფიქრები ჩემზედ, მე მაინც კიდევ არ მოვიშლი პატივი გცეთ თქვენ, როგორც იტალიის თავისუფლების მრავალ გულმოდგინე მოციქულებს შორის უპირატესს მოციქულსა.“

ამასობაში, როცა ვენეცია კრთებოდა და იქანცებოდა უიმედო ბრძოლის საშინელებაშია, რომში დღესასწაულობდა გამარჯვებული კიდური პარტია პატრიოტებისა. გავაცცი გაიქცა რომისაკენ. ჩვენდა სანანურად, გავაცცის მოღვაწეობაზედ რომში არაფერი ცნობა არა გვაქვს. მარტო ეს კი ვიცით, რომ ის იყო უგო ბასსის განუშორებელ მეგობრად და ერივა ამ მცირედთა რიცხვში, რომელნიც გადურჩნენ ავსტრიელებსა და გამოჰყვნენ გარიბალდის იმის სახელოვან გამობრუნების დროს. გავაცციმ მოასწრო გასვლა ანგლიაში და იქ, „დაუმოკიდებელ“ მქადაგებელის გინტონის შემწეობით, მიეცა შეძლება გაეგრძელებინა თავისი ორატორული მოღვაწეობა. მაშინ კი მართლა გამოჩნდა იმის ქადაგებაებშია განსხვავება რომის ეკკლესიის მცნებაებთანა. გავაცცი უფრო ემყარებოდა სამღთო წერილზედ, ვიდრე კათოლიკობის მოძღვრებაზედა და ხსნიდა სამღთო წერილსა ხალხისთვის საკეთილოდ უფრო, ვიდრე რომის სამღვდელოსათვის. ამისა გამო რამდენჯერმე შეურაცხად გახადეს თავხედ მორწმუნეთა, ნამეტნავად ირლანდიელებთაგანებმა. არ ვიცით ამ არეულობის გამო თუ თავის ნებითა – ის წავიდა მერე ამერიკაში. იქაც დიდი ხანი ქადაგობდა. აქაც კი არაერთხელ შეხვდებოდა ხოლმე ძახილი განძვინებისა, დაშტვენა და მუქარება, მაგრამ ის თავის საქმეს თავს არ ანებებდა. ეს კი უნდა ვსთქვათ, რომ რიცხვი გავაცცის თანაამყოლთა ყოველთვის მეტი და ძლიერი იქმნებოდა ხოლმე უკმაყოფილო პარტიაზედა.

1860 წ. გავაცცი გამოჩნდა პალერმოში, მესსინაში11, ნეაპოლში გარიბალდის და იმის კოლონტერების დაუშორებლად და გაუყრელად. როცა საჭირო იყო, გავაცცი მიიღებდა ხოლმე მონაწილეობას ომებშია, ის ასულდგმარებდა და ახალისებდა მეომრებსა მგზავრობაში, ის მიმართამდა ხოლმე სიტყვას ხალხისაკენ, როცა პატრიოტები შედიოდნენ ქალაქშია. ამ სახით, რამდენიმე ხანი დაიყოლიებდა და ამხნევებდა ხალხსა პალერმოში და მესსინაში; ამ სახით, შეიქმნა ხალხის ახალ საჭიროების და მოვალეობის ჩამაგონებელად ნეაპოლში.

მოღვაწეობა გავაცცისა ნეაპოლში ჰსწარმოებდა გარიბალდის იქ ყოფნის მთელ დროშია. ამის მერედ არაფერი აღარ ისმის ამაზედა. უსათუოდ ვერ მოემარჯვა ყოფნა და ჩაგონება ხალხისა ნეაპოლში, როცა იქ თვით „გარიბალდის ღიმნიცა“ შეიქმნა აკრძალულ ნივთად და მთავრობის წინააღდგომის ნიშნათა12.

უკანასკნელ დროს გავაცციმ ხელი მიჰყო ლიტერატურას. ორის თვის წინად გამოვიდა იმის თხზულება პაპის საერო უფლების წინააღმდეგი: „Roma tutta dell/Italia“.

ეხლა, რაკი შევუდგებით გავაცცის მოძღვრობის გარჩევასა, ვიტყვით, რომ სიტყვიერების საზღვარში არა გვგონია ყოფილიყო რამ იმის ქადაგებაებზედ უფრო გამოსადეგი ახალ მთავრობის დამკვიდრებისათვის, თუ რომ მთავრობას შეჰსძლებოდა კარგად გაეგო თავისი ჭეშმარიტი მიქცევ-მოქცევა და მოვალეობა ხალხისადმი. გავაცცი არც ერთ სიტყვით თავის დღეში არ გადაჰსდგომია ამ გარიბალდის პროგრამმასა: „იტალია და ვიკტორ-ემმანუელი“. ის იქნებოდა ჩინებულ შუამავლად ხალხის წადილის და ახალ მთავრობის მოთხოვნილობის შორის; იმას შეეძლო თავის ზედმოქმედებითა დიდად შეჰსწევოდა სამხრეთის იტალიაში ახალ-წესიერების გაპოპულიარებასა. გავაცცის ქადაგებათა გარჩევა გვაჩვენებს ჩვენ იმის წადილთა მიმართვის და მოთხოვნილების არსსა; იმის ზედმოქმედების ძალაზედ კი უკეთესი მოწამე იქნება ის, რა სახითაც მიიღებოდნენ ხოლმე იმისი სიტყვები ნეაპოლშია.

გავაცცი, პირველ ქრისტიანეთა მქადაგებელთსავით, საცა მოხვდებოდა, იქ ქადაგობდა. ტაძარი, ქუჩა, მოედანი, თეატრი, ყოველი ადგილი, საცა კი მსმენელები იყვნენ – იმას ემარჯვებოდა და ეკეთილებოდა. ნეაპოლში იმისი საყვარელი ადგილი იყო „Largo del Palazzo, San Francesco, di Paolo“ საყდრის წინ, სასახლესთან􀀃 და კარლო III, ფერდინანდო I სტატუებთან, რომლებზედაც უცნ-აური დაჟინება იგი ისე მოულოდნელად შეიქმნა მქადაგებელის სახელის გავარდნის მიზეზად. გავაცცის ქადაგებაების დრო წი-ნადვე გამოცხადდებოდა ხოლმე და ყოველთვის მოსასმენელად შეგროვდებოდა უშველებელი გროვა ხალხისა. ტაშისცემა, ძახ-ილი: ბრავო! ჰო! არა viva Italia! Viva Garibaldi! და სხვ.დასხვ. – ხშირად გააწყვეტინებდნენ ხოლმე მქადაგებელს სიტყვასა. ხანდის-ხან იმისი სიტყვა თითქო ბაასად გადიქცეოდა ხოლმე, ხან კიდევ სიტყვის მაგიერ ერთ როგორღაც მოიხმარებდა ან თავს, ან ხელს და ამით კრებაში აღძრავდა ერთ საყოველთავო მხიარულებასა. ესე ყოველიფერი ძალიან საჩინოდ ეწინააღმდეგება მას, რასაც ჩვენ ქადაგებას ვეძახით. ე.ი. სიტყვას, რომელიც მიმართულია სამღვდელო კაცისაგან ერის კაცისაკენ. ხოლო იმათთვის, ვისაც არ მოეწონება ამისთანა „გაკადნიერება სასულიერო კათედრისა“, ვიტყვით, რომ ამისთანა ხასიათის ქადაგებანი იტალიაში და ნამეტნავად ნეაპოლში არამც თუ საოცრად მიაჩნიათ, არამედ უფრო მიღებულია. შემდეგ ვიტყვით ამაზედ რამდენიმე სიტყვას; ეხლა კი წინ ვასწრებთ თქმასა, რომ გარეგანი ფორმა გავაცცის სიტყვებისა, რარიგ უცნაურათაც რო გვეჩვენოს ჩვენ, მაინც კიდევ არ მიეწერება სრულიად მარტო ამასა. გავაცცის და თავისი ქვეყნის სხვა მქადაგებლებს შორის უმთავრესი განსხვავება გარეგანი ფორმა კი არ იყო, არამედ შიგმდებარება იმის ქადაგებაებისა. შიგმდებარების არსი კიდევ მისთანა არის, რომ იმას მოუხდებოდა ყოველი ადგილი და ყოველი დრო, ოღონდ მსენელი კი ყოფილიყვნენ. როცა გადასხნილ ცის ქვეშ ვერა ხერხდებოდა ხალხის მოგროვება ავდარის გამო, გავაცცი შევიდოდა საყდარში. ესე, რამდენიმე სიტყვა წარმოჰსთქვა del carmine-ს ეკკლესიაში. როცა უნდოდა მიემართა სიტყვა იმ კაცებისაკენ, რომელნიც არ მოდიოდნენ Largo del Palazzo-ს მოედანზედ. გავაცცი გაჰსწევდა იქით, საცა იმათი კრება ეგულებოდა. ესე მივიდა Piazza Marcatello-ზედ, რომ დაიყოლოს baraccani ლაძარონები13 ერთ ნეაპოლის დიდ ნაწილისა, რომელნიც ყველაზედ უფრო დიდხანს ჭოჭმანობდნენ ბურბონებისაგან გადადგომასა. როცა ხალხი შეგროვდებოდა ხოლმე რომელიმე თამაშისათვის, გავაცცი იქაც წავიდოდა თავის ცხოველ სიტყვითა: ესე არაერთხელ უქადაგნია იმას თეატრშია...

ერთხელ, ეს იყო სან-კარლოს თეატრშია, არდგენდნენ რაღაც ბალეტსა. პირველი მოქმედება გათავდა. უეცრად ერთ ლოჟაში გამოჩნდა ჯმუხი ბერ-მონაზონი, წითური წვერითა, ნახევარსამხედრო და ნახევარ-სამონაზნო მორთულობითა, – ეს იყო გავაცცი. ამან აცნობა გარიბალდიელების რაღაც ამბავი და დაუწყო ლაპარაკი შემოგროვილ პუბლიკასა იტალიაზედ, იმის საჭიროებაზედ და ყოველ კაცის მოვალეობაზედ მამულისადმი. ყველამ ყური მიუპყრა, თვით წარმომადგენელებმა, ქალმა თუ კაცმა, ახადეს ფარდა და მოგროვდნენ სცენის ნაპირზედ, რომ ყური მოჰკრან ცნობის ღირს ქადაგებასა.

მეორედ გამოჩნდა კიდევ ფრანციზულ თეატრში, ნეაპოლში, ის-ის იყო მოსულიყო ჯარებიდამ, რომელთაც ომი გადეხადნათ კაპუასთან14. წითელი გარიბალდიური პერანგი ანაფორას ქვეშ, კეპი თავზედ სამონაზონო თავსახურავის მაგიერ, ხმალი გვერზედ და რევოლვერი სარტყელში – ძალიან არ უნდა გაჰკვირებოდათ იმ დროს ნეაპოლში. მხოლოდ ერთმა გავაცცის გამოცხადებამ თეატრში მიიზიდა ყველას ყურადღება, იმიტომ, რომ ის-ის იყო მოვიდა ბრძოლიდამა. ამ სახით გათავდა თუ არა პირველი მოქმედება, გავაცცი წამოდგა თავის ლოჟიდამა, – და მქადაგებელის ხმოვანი, მკვიდრი, აღტაცებული სიტყვა წარმომადგენელთა დეკლამაციის სამაგიეროდ შეიქმნა. ლაპარაკობდა იგი კაპუსთან შებმაზედ, მამულზედ, თავისუფლებაზედ. ლაპარაკობდა დიდხანს და მოუთმენელი პუბლიკა ნეაპოლისა ყურს უგდებდა მოთმინებით, ხარბობით და აღტაცებით იქამდინ, რომ დაივიწყა წარმოდგენა ... როცა გავაცციმ სიტყვა გაათავა, იმპრესსარიო15 გამოვიდა სცენაზედ და თქვა, რომ რადგანაც კომედიის გათავებისათვის ცოტა დროღა დარჩა, ცუდი არ იქნება, თუ პუბლიკა ნებას დართავს კომედიის მაგიერად გარიბალდის ღიმნი იყოს. ასტყდა ერთი საშინელი ტაშისცება, კიჟინა და evviva! გარიბალდის ღიმნი იგალობეს – და ერთი აღტაცებული გრიალი მთელის პუბლიკისა გალობას ზედ მისდევდა.

ეს აღტაცება არ დაიკარგა უნაყოფო ძახილშია. გავაცციმ იცოდა იმისი გაღვიძება და ამასთანავე იცოდა გამოყენებაცა: მქადაგებელის კეპიმ შემოიარა მთელი თეატრი და ავსებული ჯარების შესაწევარ ფულითა დაუბრუნდა პატრონსა. ეგ კიდევ არაფერი. გამოსახა რა მდგომარეობა ჯარებისა, თქვა, რომ დაჭრილებს წყლულების შესახვევი ტილო აკლიათ და მიუბრუნდა ქალებს თხოვნითა, რომ შეეწიონ. მეორე დილას დაუგროვეს ტილოს ხვავები.

ამისთანა საქმემდინ ის ხშირად მიაღწევდა ხოლმე. ერთხელ მოედანზე დაიღაღადა თუ არა, მსწრაფლ კათედრისაკენ გადმოუყარეს ხელსახოცები, ყოველგვარ საცვლით გატენილი ბოხჩები. იმისი კეპი ბევრჯელ აივსო ფულითა იმ ვოლონტერების16 შესაწევრად, რომელნიც ეგრე თავგამოდებით იბრძოდნენ იტალიის თავისუფლებისათვის.

გავაცცი ერია იმ რვა თუ ათ კაცის რიცხვშია, რომელნიც შეჰყვნენ გარიბალდის 7-ს სეკტებმერსა ნეაპოლში. მოსვლისვე უმალ გარიბალდი წავიდა წმ. ჯენნაროს სობოროში, იმისათვის კი არა, რომა „Time-ის“ სურვილისამებრ, აიღოს და ხიმიკურად დაშალოს შენახული იმ სობოროში სახელოვანი „სისხლი წმ. ჯენნაროსი“, არამედ იმისათვის, რომ აღუსრულოს ღმერთსა სადღესასწაულო მადლობა ნეაპოლის განთავისუფლებისათვის. ხალხის შვილი და ხალხის მეგობარი – გარიბალდი არ მოინდომებდა პირველშივე შეურაცხჰყოს ხალხის სარწმუნოებითი წამება; იმისი სურვილი იყო ეჩვენებინა, რომ თითონ სრულებით არ არის სატანის მოციქული და არც წინამორბედი ანტიქრისტესი, როგორც ცდილობდნენ წარმოედგინათ რომის და ბურბონების გულშემატკივარ აბბატებსა და ბერ-მონაზონებსა. მივიდა თუ არა გარიბალდი სობოროში, კარები დაკეტილი დახვდა, ეგ კიდევ არ ეკმარებინათ: შესავალიცა ამოგებული იყო, სობოროს სამღვდელონი კი სულერთიანათ არხიეპისკოპოზის წასვლის შემდეგ მიმალულ-მომალულიყვნენ. მაშინ მამა გავაცცი გამოვიდა მთელის სამღვდელოს წარმომადგენელად: ხალხის და ნაციონალურ გვარდიის17 შემწეობით გახსნა შესავალი, თითონ აღასრულა სამღთო მსახურება და ეკლესიაშივე მიულოცა იტალიის განმათავისუფლებელსა. ხალხი არაჩვეულებრივად კმაყოფილი დარჩა.

ამის შემდეგ გავაცცი ხდება იტალიის თავისუფლების და ერთიანობის დაუღალავ მისსიონერათა. 12 სეკტემბრიდან და ოკტომბრის მომეტებულ ნაწილის განმავლობაში, როცა კი მარჯვე შემთხვევა მოეცემოდა, ის თითქმის ყოველდღე წარმოჰსთქვამდა ხოლმე კარგა გრძელ სიტყვასა ხალხთანა. შეუძლებელია, რომ იმისი ქადაგებაები წინად იყოს შეთხზული, სულ ყოველი ქადაგება იმპროვიზაცია18 იყო. ეს რომ მივიღოთ მხედველობაში, უნდა ვაღიაროთ, რომ გავაცცი მეტად გამოჩენილი ორატორია. მართალია, ხანდისხან იგი ასცილდება ხოლმე თავის უმთავრესს საგანსა, ერთ და იგივეს იმეორებს, ან უალაგო ალაგას დააბოლოვებს, ან კიდევ მომეტებულად გააგძელებს; მართალია, ყოველ ქადაგებაში ძალიან ემცნევა მტკიცე ერთობის ნაკლებულობა მოწყობაში და გადახტომაები, რომელიც ღრმად ნაფიქრებ სიტყვაშია არ მიიღებიან; მაგრამ ამის გარეითად კი იმის ქადაგებაში, თითქმის დაბეჭდილშიაც, თქვენა ხედავთ ცხოველ სიტყვის კვალსა, თითქო გესმით ხმა კაცისა, რომელიც თქვენთან ლაპარაკობს და არა კითხულობს კი წინათვე გაზეპირებულ რვეულსა რაღაც გაშეშებულ ხმითა. ამის გარდა, თქვენ ნახავთ გავაცცის ქადაგებაში, რომ მეტად ნათლად ესმის საქმის ვითარება, და მეტად მოახერხებს ხოლმე საქმეს ზედმოაწყოს მოთხოვნილობა საზოგადო ზნეობისა, როელიც ყოველ მოქალაქისათვის აუცილებელი ვალია.

არის გავაცცის სიტყვებში ბევრი რამ მკაფიო, თითქმის კადნიერიცა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ იგი ლაპარაობდა განთავისუფლების პირველ დღებში იმ ხალხთან, რომელიცა ისის იყო გამოვიდა ბნელ დესპოტობიდამა, რომელიცა ამოდენა წელიწადს მიწასთან ასწორებდა. ამასთანავე ესეც უნდა შევნიშნოთ, რომ თუმცა მართალია, ბურბონებზედ, პაპზედ, ავსტრიაზედ და ღერცოგებზედ მოუხმარია ზოგიერთი ფრაზები მეტისმეტი უცერემონიო, მაგრამ გავაცცი სულ არ არის იმისთანა ალარმისტი19, როგორც უნდოდათ წარმოედგინათ ზოგიერთ კლერიკალის ჟურნალებსა. წინააღმდეგ ამისა, იმის ქადაგებაშია ჩვენა ვხედამთ მიტევებასა და მშვიდობიანობის სიტყვასაცა, ხალხის დამამშვიდებელ და გამაგონიერებელ დამტკიცებასაცა. მაგრამ უფრო კარგი იქნება, რომ თვით იმის ქადაგებას მივმართოთ.

12 სეკტემბერს გავაცცი გამოვიდა San Francesco di Paolo-ს მოედანზედა. უთვალავი ხალხი ელოდდა იმასა და მიეგება დიდის ტაშისცემითა. გავაცცი რამდენიმე ხანს დადგა ხმაამოუღებლად, მძულვარედ შემოავლო თვალი ბურბონების სასახლესა და სტატუებსა, რომელიც იდგნენ მოედანზედ, მერე წაიკითხა თავის ხმოვან და ძლიერ ხმითა საყდარზედ ზედ წაწერილი: „D.O.M. Francesco di Paolo Ferdinandus I ex voto A.D. MDCCCXVI“. ეს აიღო საგნად ქადაგებისა. გავაცციმ დაიწყო:

„ეს ზედწარწერილი, ეს სტატუები, ეს სასახლე ყველაფერი მაგონებს მე ბურბონებსა. სადღა არიან ისინი, ჩვენი ბურბონები? რა იქმნა ეს ბაიყუში გვარი, რომელშიაც მამიდამ შვილზედ ღირსეულად გადადიოდა მეტი სახელი: „ყუმბარა“. ყველაფერი სავსეა იმათ სახსოვრებითა ამ მოედანზედა, რომელიც თუმცა უხერხოა სმენისათვის, მაგრამ მაინც კიდევ ძალად ამოვირჩივე ეს ალაგი უფრო იმიტომ, რომ ეს მოედანი ჩემზედ უფრო მაღლად ლაპარაკობს ბურბონებზედ ... სადღა არიან ისინი, ჩვენი მფლობელები? რა მაღლად იდგნენ! ერთმა შებერვამ ... მარტო ერთმა ...და ისინი ჩამოცვივდნენ (ხალხში ტაშისცემაა), ისინი ჩამოცვივდნენ სამუდამოდ ... (აღტაცებული ტაშისცემაა) თავის დღეში აღარ იმეფებს ეგ წყეული თესლი! ... მთელ ევროპიის დესპოტებში ყველაზედ საცოდავი ბურბონების თესლია, – მთელ ბურბონების თესლში ყველაზედ უხეირო ფესვი – ისპანიისაა და ყველაზედ დამპალი შტო ისპანიის ფესვისა – ეგ ნეაპოლიტანის ბურბონები არიან! შორს ჩვენგან, ბურბონებო! (მთელი ხალხი იძახის: ბრავო შორს ჩვენგან, ბურბონებო!). ამხანად კი მადლობა ღმერთს თავი დაგვანებეს გადაწყვეტილად (ხალხში მხიარულებაა). ეხლა იმათთვის აღარ იქნება არც ვენის და არც ვერონის ტრაკტატები20 იმათი დაბრუნება ნეაპოლში აღარაფერს შეუძლიან: არც ღალატსა, არც ორგულობას, არც პატიობას ...ხალხმა და ხალხის გმირმა გაყარეს ბურბონები ...მაშ, შორს ჩვენგან, ბურბონებო!.. (ხალხი, როგორც ერთი კაცი, რამდენჯერმე გრიალებს: შორს ჩვენგან, შორს ბურბონებო!) ... ჩვენ დავიწყეთ საქმე და ჩვენ მოვუღებთ ბოლოსაცა ... მხოლოდ უნდა ზოგიერთი რამ გავაკეთოთ, რომ ბოლო მოვუღოთ ...

„მე არა ვხედავ საჭიროდ, რომ ბოლოს მოღებისათვის სრულიად გავანადგუროთ იმათი სახსოვარი თვით მონუმენტებშიაცა და დავათხიოთ ჩვენი შურისძიების ბალღამი იმათ სტატუებსა. სიცილიაში, სადაც მაგათს სტატუებს არაფერი ხელოვნური ღირსება არა ჰქონდა, რასაკვირველია, ძალიან კარგადა ჰქმნეს, რომ ქვა ქვაზედ არ გაუშვეს (ხალხში მოწონების ძახილია) ... ჩვენ კი ნუ გავხდებით XIX ის საუკუნის ვანდალებად21, ჩვენ შევიწყალოთ ეს სტატუები იმის პატივისცემის გამო, რომ ესენი არიან შექმნილნი ჩვენის უდიდეს სკულპტორისა – კანოვისაგან. აი ესა (დაანახვა თითით კარლო III სტატუაზედ) წარმოადგენს უხეირო კაცსა, რომელმაც, უნდა ვსთქვათ, შემთხვევით გააკეთა ზოგიერთი რამ საკეთილო ნეაპოლისათვის და რომელმაც, დააგდო რა ბაშვად აი ეს საზიზღარი ჭია (თითით აჩვენა ფერდინანდზედ), ამბობენ უთხრაო თავის მინისტრებს: „რასაც თქვენ მაგისაგან გააკეთებთ – ეგ ის იქნებაო“. ამ უკანასკნელ სტატუას კანოვას გაკეთებული რომ არ იყოს, გასამტვერებლათაც მოვიწადინებდი, ამიტომ, რომ ეგ ყველაზედ უარესი მწვალებელი იყო ნეაპოლისა წარსულის საუკუნეში. რომ ვსთქვა, რომ კაცმა შეიძლო სახრჩობელაზედ ჩამოკიდება იმისთანა მამულისშვილებისა, როგორც კარაჩჩოლო, მარიო, პაგანო და ჩირილლო, – რომ ვსთქვა, მითომ მითქვამს, რომ თვით იგი ღირსია ასის სახრჩობელისა და იმისი სტატუა – ასის შეურაცხყოფისა – სულერთია (ხალხში ხანგრძლივი ტაშის ცემაა)...თუმცა ეგრეა, – მაგრამ დაე ეს სტატუაც დარჩეს ჩვენ ანტონიო კანოვას პატივისცემისათვის“

„მაგრამ რომაელები სულაც არ იყვნენ ვანდალებად, როცა ჩვენ დაგვიგდეს ერთი კარგი მაგალითი: რაკი რომ უნდოდათ დაეცვათ ხელოვნება ნერონის, კალიგულასი, ღელიოგაბალის21 სტატუებშია. იმათ მოამტვრიეს თავები და სხვის თავები მიუგდეს ამ ვეშაპების ტანებსა. ღმერთო! (გავაცცი გაჩუმებული რამდენიმე ხანს დგას, უძრავად გულხელდაკრეფილი) ... რომ თავები მოვაშოროთ ჩვენცა ამ სტატუებსა – კანოვის ნაწარმოები მაგითი ხომ არ დაშავდება? ამათ თავების სამაგიეროდ, რომელნიც მოგვაჩვენებენ ორს საზარელს ტირანებსა, რომელნიცა ვითომც გმირათაც არიან მორთულნი და გმირობა კი სრულიად არ უხდებათ, რომ მათ მხრებზედ დავასვენოთ თავი კოროლისა – პატიოსან კაცის (galautuomo) ვიკტორ-ემმანუელის და რევოლუციის და ჩვენის განთავისუფლების გმირის იოსებ გარიბალდისა? (ხალხში დამაყრუებელი ტაშისცემაა), უკეთესი სამკაული და დამამშვენებელი რამ შეიძლებაღა მოიგონოს კაცმა ამ მოედნისათვის, რომელსაც დღეის იქით უნდა დაერქვას „იტალიის ხალხობის“ მოედნის სახელი?

„იტალიის ხალხობა“ არსდება, ბატონებო! მაგრამ ჯერ კიდევ არ დაარსებულა! მე ვიცი, ვინც კარგად დაიწყობს, იმას ვითამც ნახევარი საქმეც გაუთავებია; მაგრამ მე მახსოვს აგრეთვე სიტყვაც ჩვენთვის ჯვარცმულის ღვთისა, რომ ვინც გუთანს ხელს მოჰკიდებს, უკან იყურება და საქმესა ჰსწყვეტს, ის არ არის ღირსი სასუფეველისაო.

„აი, ჩვენთვის ეს რას ნიშნავს: თუ ჩვენ დავსჯერდებით მარტო ნეაპოლის და სიცილიის განთავისუფლებასა და არ ვიფიქრებთ დანარჩენ იტალიაზედაცა, რომელიც ისევ მონებაშია, ნეაპოლიც და სიცილიაც ისევ მონების ქვეშ ჩაცვივიან. უნდა გავათავოთ, უნდა შევასრულოთ აღგინება იტალიისა. ალპებიდგან ლილიბეამდიმ, სიცილიიდგან ტრიდენტამდინ ჩვენ უნდა ვიყვნეთ ან ერთი ოჯახი, ან სულ არაფერი“ (ხმამაღლივი ტაშისცემა)23.

რომ გავშინჯოთ არსებითი ნაწილი პირველ ქადაგებისა, ჩვენ ვპოულობთ მასში საოცარ და პრაკტიკულ მოხერხებას ილაპარაკოს სახელდობრივ იმაზედ, რაც საჭიროა და ისე, როგორც საჭიროა, დროების და გარემოების მიხედვითა. განთავისუფლების პირველ დღეებში ნეაპოლიტანელები, რასაკვირველია, იყვნენ აღტაცებულნი სიხარულითა და მიხწეულნი ეფიქრათ კიდეც, რომ ყოველისფერი გათავდა, რომ ისინი ეხლა უნდა მხოლოდ სტკბებოდნენ თავისუფლების ნაყოფით, რომელიც მოიწია ეგრე ადვილად და შემოვიდა რაღაც სასწაულის ძალითა. გარიბალდი ძალიან საჭიროდ რაცხდა შთაეგონებინა ნეაპოლიტანელებისათვის, რომ საქმე ჯერ არ გათავებულა, რომ იმათ უნდა გაჰსწიონ სხვა ახალი მეცადინეობა და ჯაფა იტალიის თავისუფლების მკვიდრად დამყარებისათვის. ამის ჩაგონებას თავდაპირველადვე ხელი მიჰყო გავაცციმაცა. ის რაკი რომ აჩვენებს ხალხსა იმას, რარიგ ძმურად უშველიათ ნეაპოლიტანელებისათვის იტალიის შვილებსა, ის მერე დიდის ოსტატობით უხალისებს მსმენელებს გრძნობასა და მას შემდეგ უმტკიცებს, რომ უნდა უშველოს იმათაც, ვინც კიდევ მონებაში არიან, უმტკიცებს, რომ დიდად საჭიროა ბოლომდინ მიიყვანონ ბრძოლა თავისუფლებისათვის. მაგრამ ნეაპოლიტანელები, დიდისხნის მონების და კირთების ქვეშ ყოფნისა გამო, რადგანაც თავის თავსაც აღარ ენდობოდნენ და ამის გამო, როგორც ყოველთვის იქნება ხოლმე, გულგრილად უყურებდნენ ყველაფერ იმას, რაც კი პირდაპირ იმათ არ შეეხებოდა, – ამისთვის გავაცცი განსაკუთრებით დაჟინებითა ელაპარაკება იმათ იმაზედ, რა რიგი ძლიერი და დიდი ღონე არის ერთობაშია და რარიგად შეუძლიან განყოფასა დაბრკოლება წარმატებისა და დაღუპვა იმისი, რაც კი ნაშოვნი და მოგებული არის. ორატორი ემუდარება, აფიცებს თავის მსმენელებსა, რომ სხვის შველაზედ ნუ ექნებათ იმედი, და თვითონვე ხელი მიჰყონ საქმესა და არა მარტო ნეაპოლის, ანუ სიცილიის საქმე, არამედ მთელი ერთიან იტალიის საქმე – მიიჩნივონ და მიიღონ, როგორც თავისი საკუთარი საქმე. დასასრულ აჩვენებს იმ ღონისძიებასაც კი, რომლითაც შეიძლება წახალისება ხალხში მხნეობისა და თავისუფლების სიყვარულისა. ამ ღონისძიებაზედ რომ ლაპარაკობს, გავაცცი იხსენიებს ქალებს, ღვდლებსა და გაზეთებსა. დასასრული იმის სიტყვისა შეადგენს იტალიის ერთობის, გარიბალდის და ვიკტორ-ემმანუელის რაღაც რამ დიდების მეტყველების მგზავსსა.

ამრიგად არის შედგენილი გავაცცის პირველი სიტყვა, რომლის დასაწყისიც ზემოთა ვჰსთარგმნეთ. იმისი ჩამაგონებელი, რჩევის სიტყვა ხშირად განკიცხვის სიტყვისაკენ გადუქცევს და მაშინ ყველაზედ მომეტებულად წინააღმდეგად აღუდგება ხოლმე სამღვდელოსა და პაპა-კოროლსა; ეს, როგორც ვხედავთ, დიდხარისხიან მნიშვნელობის საგნები არიან, სრულიად ღირსნი, რომ ნეაპოლში განთავისუფლებულ ხალხისათვის სათქმელს პირველს ქადაგებაშივე მოექცეს განსაკუთრებითი ყურადღება. როგორც ამ შემთხვევაში, ისე სხვაშიაცა, გავაცცი იმ საოცარ ოსტატობით არის გამოჩენილი, რომ ხალხს პირდაპირ ეტყვის ჭეშმარიტს მართალსა და არ აუშლის ხოლმე ჟინებსა და ჯავრსა. ღირს, მაგალითებრ, წასაკითხად, როგორ ოსტატურად უმტკიცებს ნეაპოლიტანელებს, რომ ისინი ვერაფერს ვერ იქმოდნენ მარტო თავის საკუთარის ძალითა, თუ სხვა იტალიანელებიც არ შეჰსწევოდნენ, რომ გამოცდილება, სამართალი, მადლობის გადახდა მოითხოვს სხვებისათვისაც ამათ ისე იწარმოვონ, როგორც იწარმოვეს ამათთვის სხვებმა. რაკი რომ უთხრა, „რომ ერთობა აზრისა და მოქმედებისა არის იმათი მადლობის გადამხდელი მოვალეობა, და რომ მაგას მოითხოვს, როგორც საკუთარი იმათი ინტერესი, ისე საჭიროება საზოგადო“, ორატორი ამბობს შემდეგს:

„რამდენიმე თვის წინად მე შევიტყე კიდეც სარევოლუციო მოძრაობა, რომელიც ჩნდებოდა ნეაპოლში; მერე ცხადად წარმოდგა სიცილიის წინააღდგომაცა. მართალის გულითა ვჰსთქვათ: მითამ სიცილიამ საკუთარის ძალით გაიმარჯვა? ცხადია, რომ არა. წინააღდგომა სიცილიისა იყო მხურვალე, პატიოსნური, ძლიერი, ყველაფერზედ მზად უკანასკნელ სისხლის წვეთის დაწურამდინა. მაგრამ მარტო რომ ყოფილიყვნენ, თავგამოდებულნი სიცილიის გმირები უღონოდ შეიქმნებოდნენ ამ საზარელ ბურბონის გაწყობილ სამხედროსთანა! და თქვენც თითონ, ძენო ვეზუვისანო, თუმცა თქვენ გამოგივლიათ ყოველი ტანჯვა, რაც კი რამ სულსა, გულსა და ადამიანის გვამსა შეუძლიან გამოვლა საზარელ მართებლობისაგან, რომელსაც ღირსეულად ეძახიან „ღვთის-უარყოფასა“, ე.ი. სატანის მართებლობას, თვით გეენნის განხორციელებას ფერდინანდოს და ფრანჩესკოს სახეშია – თქვენ თითონ კი შეგეძლოთ აგესრულებინათ რჯულიერი შურისძიება თქვენი? მარტო თქვენ შეგეძლოთ განა გაგენადგურებინათ ტახტი იმ დემონისა და გადარჩომილ იყავით ავაზაკების და ჯალათების საზარელ უღელსა? არა, არ შეგეძლოთ. ვინ მისცა სიცილიის წინააღდგომასა დღესასწაულობა და სახელოვანი გამარჯვება? ვინ დააგვირგვინა ტრიუმფით24 ნეაპოლიტანის რევოლუცია? კაცმა... არა – ანგელოზმა, ღვთისაგან მოვლენილმა, გმირთა გმირმა გარიბალდიმა (ხალხში ძახილია: viva Garibaldi!). გარიბალდი რომ არ ყოფილიყო, ქვეყანა ორთავე – სიცილიისა იქნებოდა, აქამდისინაც ბორკილებში შეჭედილი. იმისკენ, იმისკენ უნდა მიიქცეს ჩვენი გულის მადლობა. მაშ, ღმერთმა ადღეგრძელოს გარიბალდი! (ხალხი რამდენჯერმე ამავე ძახილს იმეორებს). სიცილიის ლაშქრობაში განა ვინ დასდევდა თანა გარიბალდისა? განა კალაბრიიდამ ნეაპოლამდე ვინ გაჰყვა თანა? იტალიის ყმაწვილკაცობა... ყოველ იტალიის მაზრებიდგან, არც ერთი მაზრა არ დარჩა უამისოდ. მოესმათ ამათ – ამ ვაჟკაცებ ჭაბუკებსა – ტანჯულთა კვნესა, წინააღდგომილთა ძახილი და მაშინვე დაუტევეს, უფრო ბევრსა მაინცა, თავისი მშვიდობიანი ყოფა-ცხოვრება, თავისი სიამოვნება, თავის ჭაბუკობის სიყვავილე, სიმდიდრე, კეთილცხოვრება, ბრწყინვალება, გართვა... ეს ყველაფერი მოიტანეს მსხვერპლად... დაიძახა თუ არა გარიბალდიმ, ისინი გაცვივდნენ იტალიის საშველად! თვალწინა ჰქონდათ – არა ჯილდოები, არა პატივი, არა ადგილები, არამედ ტანჯვა, ნაკლებობა, დაქანცვა... მაგრამ კი იმათ გაიმარჯვეს! მარსალაში25 გადმოსვლიდამ ნეაპოლში შემოსვლამდე მიმავლობა ჩვენის გარიბალდისა იყო გაუწყვეტელი ტრიუმფი ... მართლა, რომ გარიბალდი ყოველთვისაც გაიმარჯვებს, იმიტომ, რომ იმის სახითა გამოდის ბრძოლაშია თვით ვაჟკაცობა, პატიოსნება, სამართალი, ერთის სიტყვით – საქმე ღვთისა, რადგანაც საქმე ხალხისა არის საქმე ღვთისა! მაშ, ღმერთმა ყოვეთვის ძლევით შემოსოს თავისი მოციქული! (ტაშისცემა).

„აი, როგორცა ხედავთ, – ჩვენის მამულის იტალიის ყოველ მხარემა გამოგიგზავნათ თქვენ დამხსნელები და იმათ შემწეობით თქვენ ლიბერალებმა და თქვენმა ნაციონალურ გვარდიამა შეიძლო და მოახდინა ვაჟკაცობის სასაწაული!.. ეს განთავისუფლება, რომელიც სხვა იტალიის მხარეთაგან მოვიდა თქვენთან, კისრად გადებთ მადლობის გადახდის უსამღთოესს მოვალეობასა. თქვენ ვერ გადიხდით მაგ მადლობასა – ვერც ლექსებითა, ვერც გალობითა, ვერც მუზიკითა, ვერც თეატრებითა, ვერც ბალებითა, ვერც დღეობებითა, ვერც სადილებითა... არა, თქვენ მოვალეობას გადიხდით ლეგიონებითა25, თოფებითა, ცხენებითა და ზარბაზნებითა; გადიხდით მაშინ, როცა თქვენ თითონ იბრძოლებთ სხვა იტალიის მხარეთათვის, რომელნიც ეხლა კიდევ მონებაში არიან (ბრავისსიმო!.. Viva Italia!..), რომელნიც თქვენთვის იბრძოდნენ და სისხლსა ღვრიდნენ, ისინი ითხოვენ ეხლა, რომ თქვენც იმათთვის იბრძოლოთ და სისხლი დაღვაროთ! აბა ყური დაუგდეთ იმ ვოლონტერების დალაპარაკსა, რომლებითაც თქვენი მშვენიერი ქალაქი სავსეა, აბა ყური დაუგდეთ, თუ ლაპარაკშივე არ შეამცნივოთ, რომ ბევრნი არიან პიემონტიდამაც27 გენუიდამაც ამ ბედნიერ მაზრების შვილები, რომელნიც კარლ ალბერტის28 კონსტიტუციის29 დღიდგან თავისუფლობენ. ამათ, რომ ვთქვათ თავისთავად „აი 12 წელიწადია კიდეც, რაც ჩვენ ვჰსტკბებით თავისუფლების ნაყოფითა; რა გაჭირება გვაქს, რომ თავები უმსხვერპლოთ სიცილიელებსა და ნეაპოლიტანებსა?“ ეს რომ ეთქვათ, აღარ გექნებოდათ თქვენ შემწეობა პიემონტელებისა და გენუელებისა!.. მაგრამ მაინც კიდევ ლაპარაკში ემცნევათ, რომ ისინიც ეხლა აქ არიან... თქვენ ლაპარაკში ატყობთ, რომ აქ, ამათ გარდა, არიან ლომბარდილებიც, რომანიელებიც, ტოსკანელებიც30, რომელნიც თავისუფალნი არიან მას შემდეგ, რაკი შეერთდნენ ახალს იტალიის საკოროლოსთან. იმათ რომ თავის თავათ ეთქვათ: „ჩვენ ეხლა შევუერთდით პიემონტსა, ჩვენა ვჰსტკბებით იტალიის თავისუფლების ნაყოფითა, ჩვენ რა დავა გვაქს ნეაპოლის და სიცილიის თავისუფლებასთანა“, მაშინ გექნებოდათღა იმათი შემწეობა?.. ვენეციელები?..31 აბა ყური ადევნეთ იმათ გამოთქვმასა, ან უფრო უკეთ – მაგ საწყალ, შავბედისას, ტანჯულ, მომაკვდავ, მაგრამ ყოველთვის პატიოსან და სულგრძელ ვენეციის ვოლონტერების რამდენიმე გამოთქმასა. ,,ვაი, მე ჯერ კიდევ ბორკილგაყრილი ვარ – შორიდამ გეძახით ვენეცია – მე ხორცს ვიგლეჯ ავსტრიელის უღლის ქვეშა... მაგრამ მაინც კიდევ ვგზავნი ჩემ უკეთესს ყმაწვილკაცობასა ნეაპოლის და სიცილიის განსათავისუფლებლად, რომ სიცილიაც და ნეაპოლიც თავის რიგზედ მოვიდეს და განმათავისუფლოს მეცა საწყალი წამებული, ერთ დროს ადრიატიკის დედოფლად ყოფილი.“ (ხალხში აღტაცებული ძახილია ვენეციაზედ).

„მაშასადამე, მადლობის გადასახდელად საჭიროა ყველა შევერთდეთ ერთ ნაციონალურ გრძნობითა... ხოლო ჩვენი ნაციონალური გრძნობა მდგომარეობს ამ ლოზუნგში32: იტალია თავისუფალი ალპებიდამ... არა ადრიატიკამდე, არამედ ალპებიდამ ლილიბეამდე...33 მთელი იტალია, მთელი... უცხოსაგან თავისუფალი... ვინც რომ უნდა იყოს ის უცხო... (ტაშისცემა).

„ამას გარდა, თუნდ რომ მადლის გადახდა არც კი იყოს ჩვენს გულში, თვით ყველას ინტერესი ამას გვეტყვის. ინტერესს კი ყველა დაიცავს ხოლმე... თომას აქვინელი34 ამბობს, რომ ინტერესი არ იყოსო, ჩვენ ღმერთიც არ გვეყვარებოდაო. „რისთვის ვემსახურებით და გვიყვარს იგი? ჰკითხავს თავის თავს სახელოვანი მოძღვარი – იმიტომ, რომ მოველით იმისაგან ზეციერს სასუფეველსა. ამ სახით ღვთის და ჩვენ შორის საქმეებშიაც კი ინტერესი გაირევა ხოლმე. რადგანაც ამ საგანზედ ჩვენ ყველანი ადვილად შევიძლებთ დათანხმებასა, მე ვიტყვი, რომ ჩვენ ეხლა უნდა ვიყვნეთ ყველანი იტალიენელებად ჩვენის ინტერესისათვის მაინცა, რომ სხვა არაფერი იყოს. იტალიანელებმა ბოლოს გამოაჩინეს ერთი დიდი ჭეშმარიტება, რომ რაც უფრო მჭიდროდ არის კავშირი ნაციებს შორის, მით უფრო მტკიცეა კავშირი ყოველ გარეშე ქვეყნის მოქალაქეთა შორისაც, რომ თუ ხალხები ერთ პირზედ არ დგანან და ერთმანეთის თანხმანი არ არიან, ის გამოდის, რაც გამოვიდა 1848 წ., როცა კროატები35 იყვნენ ვენგერების წინააღმდეგად, ვენგერები კიდევ ცოტად მაინც იტალიანელებისა, მაშინ იმითი გათავდა საქმე, რომ ხელმეორედ ავსტრიამ ყველაფერი ფეხქვეშ ამოიდო... დიახ, ვაი იმას, ვისაც არ ესმის თავისი მოვალეობა და მხვედრი წილი საერთო საქმეშია... საერთო საქმე ჩვენი ყველასათვის ერთია, ჩვენ გვინდა აღვადგინოთ იტალია! მაშ, ერთ პირზედ დავდგეთ ყველანი, შევადგინოთ ერთი ხალხი! პავლე მოციქული გვეუბნება ჩვენ, რომ როცა ერთი ასო რამე სნეულია ტანზედაო, მაშინ ყველა ასოები იმის გამო იტანჯებიანო. ძნელი გასაგები კი არ არის ეს ჩვენთვის, რომ თუ ვენეცია დარჩება ისევ მონობაში და რომის ქვეყნების ნაწილი კირთების ქვეშა, იტალია ჯერ კიდევ არ იქნება იტალიად, რომ ჩვენ უთუოდ უნდა გავარღვიოთ ბორკილის უკანასკნელი ჯაჭვი, რომელიცა იმას დედამიწასთან ასწორებს! საქმე ჩვენს საკუთარს ინტერესზედ ტრიალებს: თუ ანტონის ცეცხლი დავაგდეთ ტანის რომელიმე ასოზედ, თუნდ ნეკზედაცა, ის თანდათან მოეკიდება ხოლმე მაჯასა, ხელსა, მხარსა, მთელ ტანსა – და კაციცა კვდება... სწორედ ეგრეა აქაცა: დააგდეთ ვენეცია დამონებულად, – მთელი იტალიაც ხელახლად მონებაში ჩავარდება!.. მაშასადამე, ჩვენი საკუთარი სარგებლობაც კი მოითხოვს, რომ განვთავისუფლდეთ ყველანი და ყველანიც ვიქნებით განთავისუფლებულნი!..

„რომ სხვაზედა გვქონდეს იმედი, რომ ისინი მოვლენ და მოაგვარებენ იტალიის საქმესა, – ეგ მეტისმეტი იმედი იქნება, ჩემო მეგობრებო! იტალია დი პლომატიისათვის ისეთი საშიშარია, რომ დიპლომატია იმისათვის არ დაიჩარჩება და გაირჯება. ჩვენ თითონ უნდა მოვაგვაროთ იტალია ვილლა-ფრანკიურად36 კი არა, იტალიანურად, მეგობარნო ჩემნო... ეს იმასა ნიშნავს, რომ ჩვენ იტალიის შეკრულობა კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა ერთობა, – ერთობა და არა შეკრულობა. შეკრულობა კონფედერაციას37 ჰქვიან – პაპასთან, ფრანჩესკინო ტოსკანის დიდ ღერცოგთან, ავსტრიის იმპერატორთან და ვიკტორ-ემმანუელთან, – საუცხოვო შეკრულობაა, განა ჩემო მეგობრებო? ძველ დროში მამის მკვლელსა ტომარაში ჩააგდებდნენ ხოლმე მამალთან და ძაღლთან, მაიმუნთან და გველთან ერთად, და პირს გადუკერამდნენ ტომარასა, მშვენიერი კრება აბა ის იქნებოდა!.. ვიკტორ-ემმანუელს არავინ არ მოუკლამს, მაგრამ მაინც კიდევ მამალზედ, ძაღლზედ, გველზედ და მაიმუნზედ უფრო უარესებთანა უნდოდათ ჩაეგდოთ.

„ჩვენ არ გვინდა ჩვენ კეთილ ვიკტორ-ემმანუელისათვის მაგისთანა კამპანია – არა, ჩემო მეგობრებო? მაშასადამე, არც შეკრულობა გვდომებია. შეკრულობა – თავის დღეში, თავის დღეში, თავის დღეში ნუ გვენდომება! ერთობა, ერთობა, ერთი იტალია კი ყოველთვისა! (ხმამაღლივი eviva იტალიის ერთობისა, ვიკტორემმანუელისა).

თქვენ ხომ არ დაივიწყებთ ამ განსხვავებასა? ესეც იცოდეთ, რომ თუ კარგად მოინდომებთ იმას, რაც თქვენთვის საჭიროა, ყველაფერი ეგე მოგეცემათ. ჩემთვის საკმაოა, ჩემ თავად, რომ იტალიელებმა მხოლოდ მოინდომონ კი – და ის, რასაც კი მოინდომებენ – გაკეთდება. უცხონი ჩვენზედ ბევრს ცუდს ლაპარაკობდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ ომი არ ვიცით – ჩვენ აკი ომი გავსწიეთ; ამბობდნენ, რომ აღარა გვაქვს იმოდენა სიკეთე, რომ დავიბრუნოთ ჩვენი თავისუფლება – და ისიც დავიბრუნეთ; გვარწმუნებდნენ, რომ ჩვენ ვერ მოვახერხებთ გონიერად და ზომიერად გამარჯვება გამოვიყენოთ – მაგრამ კი გამარჯვებაშიაც ჩვენ დავრჩით მშვიდობიანად და თავი შევიმაგრეთ, გვარწმუნებდნენ, რომ თუნდ რომ კიდეც მიგვეღო კონსტიტუციის წესი და რიგი, ჩვენ ვერ მოვახერხებთ ის შევიმაგროთ – და აი შევიმაგრეთ კიდეც; ბოლოს ყვიროდნენ, რომ ჩვენ იმოდენად ხეირი არა გვაქვს, რომ უარვყოთ მუნიციპალობის38 მიმართულებანი, წინააღმდეგობა და შური ქალაქებ შორის – და აი ჩვენ კი თავი დავანებეთ მუნიცი პალობასაცა, ყოველ წვრილმან და კერძობითს მტრობასაცა... მაშასადამე, ჩვენ უცხო ხალხებს დავანახვეთ, რომ შეგვიძლიან ვიყოთ იტალიანელები, – იტალიანელები – ღმერთო ჩემო – ამ საოცარ ცითა, ამ მზითა, რომელიც იმათ ზემოდამა დაჰნათის, თავის სულითა, გულითა და მკლავითა – პირველია, – დიახ, პირველი, პირველი ხალხთა ქვეყნიერობაზედ! (საშინელი evviva).

„ეხლა ჩვენ უნდა მტკიცედ ჩავინერგოთ ჩვენში ნაციონალური გრძნობა; უნდა დავიწყოთ ყოფნა და ცნობა იტალიანელებად. როცა თქვენა ჰკითხამთ რომელსამე ფრანცუზსა, საიდამა ხარო? ის მოგიგებთ ხოლმე: ფრანციიდამ; ერთი და იგივე პასუხი ყოველთვის გასკონელი იქნება, პროვანსელი39, თუ რომელიმე სხვა საფრანგეთის მხრის შვილი; აგრეთვე ანგლიელიცა. ჰკითხამთ, – რომელ ქვეყნიდამა ხარ, ის გეტყვით: ანგლიიდამ. ვინა ხართ? ანგლიელი. ის არ გეტყვით თქვენა: მე ვარ გლაზგოდამა, მანჩესტერიდამა40 ის მარტო გეტყვით: მე ვარ ანგლიელიო!..

„ეგრე უნდა იყოს ჩვენშიაცა. ჩვენ ამას იქით აღარა ვართ პიემონტელები, გენუელები, ლომბარდიელები, რომანიელები, ტოსკანელები, ნეაპოლიტანელები, სიცილიელები – ჩვენ ყველანი იტალიენელები ვართ. (ხალისიანი ტაშისცემა). „მაშ რომელია თქვენი მამული?“

ამ კითხვის შემდეგ ორატორი შედგა. მთელი ხალხი ერთის ხმითა აღტაცებული ყვირის: იტალია, იტალია!... მქადაგებელმა დაანება თავის ლაპარაკსა, მინამ ხალხი დამშვიდდებოდა, რაკი დამშვიდდა, ამაყად გასწორდა და აღტაცებით წამოიძახა: იტალია! მერე დაიწყო გავრცელება იმ იდეისა3, იმაზედ, რომ რარიგად სასახელოა და საპატიო იტალიენელებისათვის, რომ იტალიას ეკუთვნიან, რარიგად ადვილად, თუკი ყველას ერთი აზრი ექნებათ, შეუძლიანთ მოი პოვონ პატივისცემა და მეგობრობა სხვა ხალხებისაცა. „რაკი რომ გვნახვენ, რომ ჩვენ შეერთებულნი ვართ, ამბობს იგი, უფრო პატივისცემას დაგვიწყობენ, ჩვენი შიშიც მიეცემათ, მერე მოინდომებენ ჩვენთან დამეგობრებასაცა, მერე შემწეობასაცა გვთხოვენ.“ აღძრა თუ არა ერთიანი ტაშისცემა ხალხშია ამ სიტყვებითა, ამის მერე მქადაგებელმა გამოუხატა მსმენელებს მოახლოებული მომავალი, რომელშიაც იტალია წარმოუდგინა ყოველ მიწასთან გასწორებულ ხალხობის განმათავისუფლებლად და დამფარველად. ახალი ტაშისცემა გაიმართა ხალხშია და ახალი სიტყვა ორატორისა კვლავ დაუბრუნდა იტალიანელების ნაციონალურ გრძნობასა და ითხოვა, რომ ყველანი შეერთდნენ, გაყარონ ბურბონები, ავსტრიელები და პაპი-კოროლი...

ახსენა პაპი თუ არა, უთუოდ შეატყო ნიშნები დამზადებულ უკმაყოფილებისა, რომ გავაცციმა ამრიგად დაიწყო:

„ბატონებო! მე არ დამვიწყებია, რომ ნეაპოლში ვლაპარაკობ და კარგათაც ვიცი, რომ ბევრს თქვენგანსა ააშფოთებს კიდეც იდეა პაპის დათხოვნისა რომიდამა.

„გადაჰსჯერდით და დაიმშვიდეთ თქვენი სინიდისი. ფიქრათაც არავისა აქვს პაპის ხელის ხლება. პაპი! არავის არ უნდა შეეხოს თვით მის უწმინდაესის პიროვნების ბეწვსაცა! დაე პაპი, თუ სურვილი აქვს, ბძანდებოდეს რომშია – მარტო იყოს კი რომის ეპისკოპოზად, არავინ ხმასაცა არ ამოიღებს ამის წინააღმდეგ. მაგრამ კოროლად კი? კოროლად (ხალხში ძახილია: ნუ! ნუ! ნუ!) ჩვენ აღარ გვინდა, რომ ის იყოს კოროლად. დაე ღვდელი ღვდლად დარჩეს და იყოს პიო IX, და დაე კოროლი კოროლად შეიქმნეს და იყოს ვიქტორ-ემმანუელი!...

„მაგრამ კი, რომ სრულიად დავამშვიდო ზოგიერთი ეჭვიანი კაცი (ხალხში სიცილია), მე შევეხები ამ საგანსა ქრისტიანობის თვალის გაშინჯვითა და სამღთო წერილის აზრითა, რომელიც იმათთვის არა მგონია შეეტყობინებინოთ იმათ მოძღვრებსა და კეთილმოქმედ არხიეპისკოპოზებსა. ამბობენ, რომ პაპი – კარგად დაიხსომეთ ესა – მოადგილეა იესო ქრისტესი; მემკვიდრე პეტრე მოციქულისა, თავი ეკკლესიისა, მემკვიდრე რომის პირველ ეპისკოპოზებისა. კარგი, ძალიან კარგი! მაგრამ, ერთი ეს მითხარით – ქრისტე ყოფილა როდისმე კოროლათა? ქრისტეს მიუღია როდისმე საერო უფლება? არა. ქრისტემ უანდერძა განა თავის მემკვიდრესა საკოროლო გვირგვინი? (ხალხში იძახიან; არა!) არა! მაშ თუ პაპი მართლა ქრისტეს მემკვიდრეა – იმას არ შეუძლიან, რომ იყოს კოროლი! (ტაშისცემა).

„თუნდ პეტრე მოციქული? ის კი ყოფილა კოროლად? არა. პეტრე მოციქული?... არა, ის იყო მებადურე, მებადურედ ჰსცხოვრებდა და მებადურეთაც მოკვდა; მხოლოდ, იმის მაგიერ, რომ თევზი ინადიროს, ის შველიდა მაცხოვარსა კაცთა სულის მონადირებასა... თავის დღეში კი არ ყოფილა კოროლად. მაშ, თუ პაპი მართლა მემკვიდრეა პეტრე მოციქულისა, არ უნდა იყოს კოროლად.

„პავლე მოციქული რომის ეკკლესიის ჭეშმარიტი დამფუძნებელი, ჭეშმარიტი დამფუძნებელი ქრისტიანობისა იტალიაში, პავლე არ ყოფილა კოროლად და ამბობდა, რომ მოციქულების მსახური ვარო; ამის გამო პაპსაცა, თუ მართლა თავია ეკკლესიისა, არ შეუძლიან და არც უნდა იყოს კოროლად.

პირველი ეპისკოპოზები სილიბისტრემდი (სილვესტრამდე) და თითქმის გილდებრანდამდე – გრიგორი VII-მდე არა ყოფილან საერო მფლობელად, არა ყოფილან კოროლებად. მაშ, პაპს როგორღა შეუძლიან იქონიოს საერო მფლობელობა, თუ უნდა რომ ჭეშმარიტი იმათი მემკვიდრე იყოს.

„მაშა სადამე თავის მოძღვრების პატივისათვის, სამღვდელო ხარისხის პატივისათვის, ქრისტიანობის პატივისათვის, ეკკლესიის, რჯულის პატივისათვის, სარწმუნოების და სახარების პატივისათვის, თვით ქრისტე – ღმერთის პატივისათვის პაპს აღარ შეუძლიან, აღარ უნდა იყოს და აღარც იქნება კოროლად. როცა ჩვენ დავარღვევთ იმის საერო უფლებასა, მხოლოდ მაშინ დავადგამთ იტალიის სარწმუნოებას იმ ბრწყინვალე და სხივოსან გვირგვინსა, რომელსაც იგი უნდა მოელოდდეს მხოლოდ იტალიის თავისუფლებისაგან.

„მაგრამ პაპსა რომ კოროლობა უნდა?... რომ იმას შემწენიცა ჰყვანან, რომელთაც უნდათ, რომ ის ისევ კოროლად დარჩეს? ჩვენ კი ეგ არ გვინდა (ხანგრძლივი ტაშისცემა). და, რადგანაც ის ვერ შეიძლება, რომ კოროლად დარჩეს, მაშ მოიპოვება კიდეც ღონისძიება იმისათვის, რომ დავათმობინოთ ტახტი ვიქტორ ემმანუელისათვის! როცა ვიქტორ-ემმანუელი მოექცევა კაპიტოლიის42 ზემოთა და მთელი იტალიაც გარს შემოეხვევა, მაშინ გამართლდება სიტყვა სახელოვან მაკკიაველისა43: „იტალიაში პაპები იქნებიან, იტალია ერთი აღარ იქნება; მხოლოდ იმ დღეს, როცა პაპი თავს დაანებებს კოროლობასა, იტალია შეიქნება დიდ ნაციად – იგი აღზდგება“ (ტაშისცემა).

დასასრულ, ორატორი აჩვენებს ღონისძიებებსა, რომლითაც შეიძლება „აღდგინება“ იტალიისა. ეგ ღონისძიებანი არიან: ქალები, ჟურნალები და სამღვდელონი.

„ქალებო! თქვენზე უფრო დიდხანს ვილაპარაკებ, ეხლა კი მხოლოდ რამდენიმე სიტყვა მინდა თქვენკენ მოვმართო. როცა ჩვენი იტალიის ქალები გაუსწორდებიან გულის გმირობაშია სპარტის44 ქალებსა, მაშინ ჩვენ გვექნება ნაცია! ლოცვები, რომელთაც ბუტბუტობენ ხოლმე ჩვენი დედები ლათინურად და რომელნიც არც იმათ და არც ჩვენ არ გაგვეგება – რას გვეხმარებიან ის ლოცვები? ეგ დროების და მეცადინეობის დაკარგვას არა ნიშნავს? პავლე მოციქულმა არა თქვა, რომ ვინც უცხო და გაუგებარ ენაზედ ლოცულობსო, ის არამც თუ დროსა ჰკარგავსო, არამედ ღმერთსაც პატივს არა ჰსცემსო. უფრო უკეთესია და ათასწილათაც უმჯობესია უბრალოდ იტალიანურად თქვას კაცმა ერთხელ „Padre nostro che sei cieli“ (მამაო ჩვენო) ვიდრე ას ორმოცდაათჯერ, მთელ თქვენის კრიანოსნების მარცვლების ჩამოთვლითა დაიტიტინოთ „Ave Maria“ (გიხაროდენ მიმადლებულო), ე.ი. ას ორმოცდაათჯერ გამოუყენელი საქმე დაიჭიროთ ყოველდღე. ჩვენ ჭაბუკთათვის უფრო უმჯობესია ეხლა აიღონ თოფები და გასწივონ მამულის საშველად, ვიდრე წირვაზედ (მესსა) მოხმარება ისწავლონ. დედანო! იმითი კი არ შეიძლება დაშვენდეთ და დაგვირგვინდეთ, რომ გახადოთ თქვენი შვილები წმინდანებად და ფარისევლებად, არამედ იმითი, რომ თქვათ: ჩემი შვილი შველის იტალიის აღდგენასაო, (ძლიერი ტაშისცემა). დედანო! ნეტავი ამ ხალხის ტაშისცემამ გაგამხნევოთ იქამდინა, რომ თქვენ დღევანდელ დღიდგან დაზარდოთ შვილები არა საყდრის ფარისეველ მოსამსახურებად, არამედ სალდათებად, პატრიოტებად ... მაშ, ღმერთმა აცოცხლოს მადლიანი დედა-იტალიელი! ... (ახალი ტაშისცემა).

„ჟურნალებო! ბევრი არიან ჟურნალები ნეაპოლში და ნეაპოლიც უპირატესობს თავის გენიის, ფილოსოფიის და პოეზიის საუნჯებითა. ჟურნალისტობამ უნდა გამოიყენოს ეს მშვენიერი ღონე მამულის სასარგებლოდ. მეჟურნალენო! თქვენი დანიშნულება დიდია, პატიოსნური და მაღალი ... აღასრულეთ იგი, როგორც ხალხის სალოცავი! მოიშორეთ თავიდამ ყვედრება, ცილისწამება, ერთმანეთის მტრობა, რომლითაც ყოველ დღეს ეგრე ამცირებენ თავის თავსა უცხო ქვეყნის ჟურნალები ... გაბედეთ ერთხელ და სამუდამოთ, – და მიეცით თავი ხალხის აღზდასა, ჩაგონებასა, ხალხის განათლებასა, თვალიდამ კი ნუ მოიშორებთ იტალიის ხალხობასა, იტალიის ერთობასა, სასოებას იტალიისას, იმის მომავალსა, იმის სამეფო გვირგვინსა!..

„სამღვდელონო!.. ერთ სიტყვას ვიტყვი ეხლა, იმიტომ, რომ სხვა დროს კიდევ დავუბრუნდები ამათ... ეხლა მარტო ამას ვიტყვი: ვმადლობ ღმერთსა, რომ სამღვდელოს შორის გამოჩნდნენ კეთილი პატრიოტები, თუმცა მართლა კი რომ ვსთქვა, ისინი ჯერ კიდევ შორს არიან იმაზედ, რომ უფრო მეტი ნაწილი შეადგინონ. უფრო მეტმა ნაწილმა ნეაპოლიტანის სამღვდელოდამ – არ ვიცი ინტერესის გამო, თუ თავის ფარისევლობისა, სიხარბით, თუ იმის გამო, რომ ცუდად გაუგიათ უკანჩამორჩომილ ავსტრიის არხიეპისკოპოსზედ თავისი დამოკიდებულება და მორჩილება, – გამოიჩინა თავი იტალიის ერთიანობის წინააღმდეგად ... ამის გამო სამღვდელომა უნდა ჩამოირეცხოს სირცხვილი, აღადგინოს დაცემული სახელი მთელი იტალიის წინაშე და აი, რას ვეტყვი ეხლა იმასა: სამღვდელოვ, სამღვდელოვ ნეაპოლიტანისავ! მოიხმარე ეხლა იტალიის სარგოდ ის ზედმოქმედება, რომელსაც აქამდინ ბოროტად ხმარობდი ბურბონების და ტირანობის45 სარგოთა! (ტაშისცემა), სამღვდელოვ, სამღვდელოვ ნეაპოლიტანისავ! შენ ბოროტად ხმარობდი საკურთხეველსაც, ღვდლობასაც, უფრო ნამეტნავად აღსარებასა (ტაშისცემა ნამეტნავად ქალების მხარესა). სამღვდელოვ! – რომ აამოთ ამ სასახლის უნამუსო მცხოვრებლებსა, შენ დაიმცირე თავი ენამტანიობის და პოლიციის ბეზღრობის ხელობამდინა, მღვდელოვ! შენის უთვალავის ბეზღრობის გამო მრავალი ნეაპოლიტანის პატრიოტები მიეცნენ სატუსაღოსა, კატორგასა, ექსორიასა, სასჯელსა... სამღვდელოვ, სამღვდელოვ! აღადგინე ეხლა დაცემული სახელი იტალიის და ნეაპოლის წინაშე! ისწავე შენ თავისუფლებისმოყვარე მღვდლებისაგან, რიცხვით მცირე წევრთაგან შენთა, რომელთაც იციან ჭეშმარიტ პატრიოტებად ყოფნა, – ისწავე მამულის სამსახური, სამსახური იტალიისა – და ჩვენ თავს დავანებებთ ტირანობის სამღვდელოს წყევლასა, რომ ვაქოთ, ვადიდოთ, დავლოცოთ სამღვდელო თავისუფლებისა და იტალიის ხალხობისა. (ტაშისცემა).

ამის მერედ ამბობს: „ნეაპოლიტანელებო, მე ვათავებ, იმიტომ, რომა მე საკმაოდ ვილაპარაკე დღესა“. ამის შემდეგ აუთქვამს ახალს ქადაგებასა ამავე ადგილას ხვალზევითა და წამოიძახებს „ვივატებს“46 იტალიაზედ, გარიბალდიზედ და ვიკტორ-ემმანუელზედ... რასაკვირველია, ხალხმა დაიგრიალა საზარო eviva და ძახილითა შორს გააცილა მქადაგებელი...

ჩვენ არ გვინდა არაფერი ჰსჯა არ მოვუმატოთ ამ ჩვენგან გადმოცემულ ქადაგების ღირსებაზედ და მნიშვნელობაზედ, ჩვენ კიდევ წარმოვადგენთ გავაცცის მეორე ქადაგებასა, იქნება იმის ნათქვამებში უფრო ყველაზედ საჩინოსა. იგი მომართულია მოუთმენელ ლიბერალებზედ, რომელთაც უნდოდათ თავისუფლება უფრო თავის სარგოდ და რომელთაც ძალიან ცოტად ესმოდათ ჭეშმარიტი მიმართვა და საჭიროება ხალხისა. იმათ მაშინვე გარიბალდის მისვლის უმალ დაიწყეს ჩივილები: რისთვის არის ცუდად ესა და ესა, რისთვის არის აქ და იქ ურიგობა და უწესობა. ზოგი ყვიროდა სისულელობით, იმიტომ, რომ მართლა და ელოდნენ, რომ გარიბალდი მოვა თუ არა ნეაპოლში, მაშინვე თვალის დახამხამების უმალ სასწაულით გაქრება მთელი ბოროტება; ზოგნი კი ადამიანის სიწრფოებას თავის განზრახვებისათვისა ხმარობდნენ. ესე, ჯერ კიდევ აქამომდე ნეაპოლიტანის სამღვდელო გაზეთები ვერ ითმენენ, რომ ნეაპოლში რამე ურიგობა ნახონ და არა თქვან: „აი ეგეც თქვენი თავისუფლება, აი ლიბერალური მმართებლობაცა, აი თქვენი გარიბალდიცა ... ბურბონების დროს არმც თუ ამაზედ უარესი არა იყო რა, არამედ უფრო მეტი მშვიდობიანობა და რიგი იყო“... გავაცციმ, გარიბალდის ნეაპოლში შემოსვლის პირველ დღეებშივე, მოჰკრა ყური ამგვარ ხმებსა და მიაგნო, რომ ეგ ხმები საშიშნი და მოსარიდებელნი არიან. ამიტომაც მეორე ქადაგებაშია ის ცდილობს იმ ხმების გაფანტვასა, ორივე მხრითა იერიში მიაქვს: პირველი, რომ ის აჩვენებს იმათ სულელობასა; მეორედ, რომ უმტკიცებს ხალხსა თავი ისე დაიჭირონ, რომ არ დაუშალონ თავისუფლების ფეხის გამაგრებასა და არ მიჰსცენ მიზეზი იტალიის მტრებსა წააყვედრონ რამე ნეაპოლიტანელებს.

ჩვენს ენას რომ მომარჯვებოდა გადმოღება იმ მსუსხავ სიტყვებისა, რომელსაც წარმოსთქვამს ცრუ ლიბერალების წინააღმდეგ, მთელ იმ ჭექა-ქუხილისა, რომელსაც აგრიალებს ბურბონების ტირანობის თავზედა, ეს ქადაგება ღირსი იქნებოდა, რომ თავიდან ბოლომდინ ითარგმნოს. ჩვენ ვცდით კი, რომ ისე წარმოვუდგინოთ ეს ქადაგება, რომ მკითხველებმა შეადგინონ ამაზედ რაოდენიმე აზრი მაინცა. აი დასაწყისი:

„ – ყოველ ქვეყანაში და ყოველ საქმეში არიან კმაყოფილნიც და უკმაყოფილონიც. ჩვენში უკმაყოფილონი არიან ისინი, ვისაც წაუგიათ თავისი პარტია და ჩურჩულობენ ყურში: ეხლა, აი გარიბალდიც მოვიდა; აი რვა დღეც არის, რაც ნეაპოლშია; აბა რა მოვიგეთ?“ (აქ ორატორი სიტყვებს თან ადევნებს თავის ცხადად გამომსახველი და ძლიერ ჟესტსა47, მერე ისევ იწყობს ხალისიანად) ... რა მოვიგეთ ჩვენ ამისაგანა?.. ისა, რომ ბურბონები აქ აღარ არიან... რომ აღარ არის ფრანჩესკო II და ენამტანია ხლება იმისი (ტაშისცემა). აი რა მოვიგეთ!.. ჩვენ კარგი რა გამოვიტანეთ?.. განა რა გქონდათ კარგი ბურბონების დროს? (ხალხში ყვირილია: არაფერი, არაფერი). არაფერი... არა, არაფერზედ უფრო უარესი, თქვენ, გქონდათ ჯოჯოხეთი ანთებული... თქვენა გქონდათ მეფობა ინტრიგანებისა, ავაზაკებისა, მაბეზღრებისა, ჯალათებისა, მეფობა საპოლიტიკო კაცის მკვლელებისა, აი თქვენი ნაყოფები ბურბონების დროს! (ხალხში მოწონების ხმაა)...

„რაც კი რამ გქონდათ ბურბონების დროს, ეგ ის იყო, რომ მოკლებული იყავით აზრის ყოველ თავისუფლებასა, მოკლებული იყავით სიტყვის ყოველ თავისუფლებასა, ბეჭვდის, ყრილობის, კაცად ყოფნის თავისუფლებასაც კი მოკლებული იყავით!... ბურბონმა თქვენის ცხოვრების დარაჯად თავზედ წამოგაყენათ პოლიცია, რომლის მეოხებითაც თქვენ თვით თქვენივე ნათესავებისაც გეშინოდათ, თვით თქვენივე ცოლ-შვილისაცა... აი, რა გადამეტება გქონდათ ბურბონების დროს! (ძლიერი ტაშისცემა). ბურბონებმა შემოგარტყათ თქვენ სბირრების48 რაზმები, რომელთაც მინდობილი ჰქონდათ, რომ ყური ედევნათ თქვენის აზრებისათვის, სიტყვებისათვის, ქცევისათვის; რომელნიც ყველაფერს გადაასხვაფერებდნენ ხოლმე, რომ ლუკმა მაგით ჰსჭამონ, თქვენ ხარჯზედ იცხოვრონ და მერე თქვენვე თავზედ ლაფი დაგასხან და ჩააგდონ თქვენი ცოლ-შვილი სისაწყლეშია და ვაებაშია! აი, რა სარგებლობა გქონდათ ბურბონების დროს! (ხელახლად ტაშისცემა). თქვენ გაბედნიერებულნი იყავით ავაზაკების პოლიციითა, თავის მართალ მნიშვნელობის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ პოლიცია უნდა ჰფარავდეს პატიოსან მოქალაქეთა ქურდებისაგან, ავაზაკებისაგან, კაცის მკვლელებისაგან და ბურბონების პოლიცია კი, ამის წინააღმდეგ, ჰფარავდა ხოლმე ქურდებს, ავაზაკებს, კაცის მკვლელებს პატიოსან მოქალაქების საწინააღმდეგოდ. (ხალისიანი ტაშისცემა) ბურბონმა მოგანიჭათ თქვენ სასამართლოები, რომელნიც, როცა ვერ პოულობდნენ დანაშაულობას ხალხშია, ტყუილ-უბრალოდ მოიგონებდნენ ხოლმე, რომ ხალხი გაცარცვონ... სხვაფრივ ვიკარია, ნიზიდა49, კატორგა, ექსორია, სახრჩობელა... აი, თქვენი სარგებლობა ბურბონების დროს!.. ერთის სიტყვით, ბურბონების დროს სრულიად არაფერი თავისუფლება არ იყო. არაფერი საიმედო არა გქონდათ რა. თქვენ მაშინ თვით ღამეცა არ შეგეძლოთ მშვიდობით მოგესვენათ ცოტათი მაინც თქვენს ქვეშაგებშია: შინაურობის განჩხრეკას ყოველს წუთს შეეძლო აეშფოთებინა თქვენი მშვიდობიანობა, შეეძლო, – როგორც არაერთხელ იყო მომხდარი – სიცოცხლედ ღირებოდა პატიოსან ქალებსა, რომელთაც თავის სახლის და ქმრის ლაფის თავზედ დასხმის შიში აძლევდა მხნეობასა მაღალ მოაჯერიდამ გადმოცვივნისასა, რომ თავის სისხლით ჩამოირეცხონ გაუნამუსოება, რომელთაც... (გრიალი საშინელის ტაშისცემისა უკანასკნელ ფრაზას ჰკარგავს). ერთის სიტყვით, ბურბონებს უნდოდათ, რომ იტალიის უპირატეს ხალხიდამ, უპირატეს ჭკვითა, პოეზიითა, ფილოსოფიურ აზრის ღონიერობითა, ხელოვნების მიდრეკილებითა, გულისწადილის მიმართვითა, თავისუფლების სიყვარულითა, – ეს ხალხი უნდოდათ იტალიის უკანასკნელ ხალხად გაეხადნათ; სრესდნენ, მიწასთან ასწორებდნენ ნეაპოლიტანელებს იქამდინა, რომ არამც თუ აღარ იყვნენ იტალიელებად, არამედ კაცად ყოფნაზედაც ხელი აეღოთ. აი, რა მოგანიჭათ თქვენ ბურბონმა! (ხალხში კიჟინაა და ლანძღვა ბურბონებისა).

„გარიბალდიმ რაღა მოგიტანათ? თავისუფლება, თავისუფლება, თავისუფლება! (გრიალი ტაშისა და eviva გარიბალდზედა) და როცა მოგიტანათ იმან თავისუფლება... (მხიარული ხმაურობა ხალხისა არ ათავებინებს ორატორსა სიტყვასა) მომეცით მე ეს ვეზუვია50, მომეცით მე ზღვის უბე, მომეცით მე ეს ყოველი მშვენიერება ბუნებისა, რომელიც ნეაპოლსა ქვეყნიერ სამოთხეთა ხდის – მომეცით ესენი უთავისუფლებოთ – თქვენ მე მომცემთ ვერანასა, ღამესა, ჯოჯოხეთსა. (ხალხში იძახიან: კარგად არის ნათქვამი, კარგად!) მომეცით მე ვერანა ადგილი, შიშველი კლდე, მომეცით ერთი ნაკუწი მიწა ყველაზედ უფრო უხმარი, უნაყოფო, თავმინებებული – მომეცით მე ესენი თავისუფლებასთან ერთად და მე მოვახერხებ იმათგან სამოთხე გადავაქციო! (ტაშიცემაა) ხალხი, არა თავისუფალი, – ბნელაში დადის თავისუფალი კი – ნათელშია. დაილოცა ნათელი და დაილოცა ისიცა, ვინც ნათელი მოგვიტანა!..

წამოაძახებინა რა კიდევ ხალხს რამდენიმე აღტაცებული კიჟინა გარიბალდის სასახელოდ და რამდენიმე ახალი წყევლა ბურბონებზედა, გავაცცი შეუდგა თავის ქადაგების უმთავრესს საგანსა – ე.ი. იმათ უსამართლო პრეტენზიების დარღვევასა, რომელნიც იმედეულობდნენ, რომ გარიბალდის ერთის ხოლოდ ნეაპოლში ყოფნითა თვალის დახამხამების უმალ, რაღაც სასწაულითა ყოველს უწინდელ ბოროტებას ბოლო მოეღება.

„იმათ, ვინც კი დომულობს ყველაფერს ერთად, ამბობს ორატორი, იმათ ესე მდაბიურად ავუხსნი. წარმოიდგინეთ გუბე, დიდი საფლობი ზღვის პირის ახლოს. წყალი გუბეში დგას, ლექიდამ ამოდის ნადამპალევი სიკვდილმოსილი ოშხივარი (მიაზმები). უნდა წყალი მოეშოს, რომ ჩამოირეცხოს გუბე. მცოდნე კაცი მოამზადებს იმ წყალს სხვა რეზერვუარში51, ის ამოსწევს საგუბარსა (შლუზი), წყლის რუი მიიმართება გუბისაკენ, ზედ ეცემა გუბესა და მიდის ზღვისაკენა, თან წაიღებს მიაზმებსა52 და დამპალ ხავსსა. როცა კი წყალი დაიწურება, თქვენა პოულობთ მიწაზედ ქვებსა, ქვიშასა, ყოველ საძაგლობასა, რაც რამ წყალსა დენაში მოუტანია. მაშინ მოვა გამოცდილი ინჟინერი კაცი, რომელიც მოაშორებინებს მიწასა ყველაფერს, რაც მეტია და წყლის სადენარად სამუდამო რუს გასხნის, ამრიგად ამოაშრობს გუბესა და გადაარჩენს ადგილსაცა ბოროტმავნებელ მიაზმებისაგან. აბა ეს ჩემი ნათქვამი ნეაპოლზედ გადიღეთ. მთავრობის ქვეშ, რომელსაც ღირსეულად დაერქვა „უარყოფა ღვთისა“, ნეაპოლი გუბე იყო დამყაყებული, სულის შემაგუბებელი, ტალახიანი საფლობი, სავსე სიმყრალითა, სიკვდილითა... მოვიდა კაცი ვარეზისა და კალატაფიმისა53, ასწია საგუბარსა; წყალი გუბეზედ მიეშო – და სწორედ იმ ადგილიდამ, სადაც ბურბონობა ობდებოდა და ხავსი ეკიდებოდა, სწორედ იქიდამ მოვიდა ჩვენთან თავისუფლება (ტაშისცემა). თავისუფალ ღვარმა დააგდო აქაც თავის შემდეგ ქვიშა, ქვა და ყოველივე საძაგლობა, – ეგ გუშინდელი და დილანდელი ლიბერალები გახლავან, ლიბერალები მარტო თავის მუცლისათვის! (ხალხში: კარგია!) ეხლა მოვა მერუეც, რომელიც ყველაფერს ამას მოაწყობს“...

რომ ეგ მოწყობა შესაძლებელი და სამარჯვე იყოს, გავაცცი ითხოვს, ერთიან ნეაპოლიტანელებისაგან საზოგადო საერთო საქმის გულმოდგინედ და ნამდვილ შველასა.

„იცოდეთ, ამბობს იგი – რომ მამული არ აღედგინება ხოლმე არც სიმღერებითა, არც ღიმნებითა, არც ლექსებითა, დღეობებითა, ჩირაღდნებითა, არამედ ყველას და თვითვეულის თავ-გამოდებითა, ერთიან თავგამოდებითა, იმიტომ, რომ მაშინ თვითვეული შველის ასრულდეს ისა, რაც ყველას საერთოდ უნდათ.“

ამის შემდეგ ავრცელებს რა თავის აზრსა, გავაცცი ძლიერად და მსუსხავ სიტყვითა მივარდება ლიბერალებსა, რომელნიც მარტო იმაზედ იკლავდნენ თავსა, რომ ახალ მართებლობისაგან ალაგი მიიღონ რამე და რაკი რომ ხელცარიელები რჩებიან ეხლა, უეცრად იცვლებიან, აღარ მოჰსწონთ ახალი წესი და რიგი, ნამდვილ პატრიოტებსა გზა და კვალს ურევენ. ვრცლად ამტკიცებს გავაცცი იმის სიმართლესა, რომ მთელ საუკუნოს ბოროტება რამდენიმე დღეში ვერ მოიშლება, რომ თვით ის ცვლილებაების შედგომის შეძლება, რომელიც ბურბონებისაგან გადარჩენასთან ერთად მიეცა ნეაპოლსა, დიდი შეძინება არის. მერე გადადის გავაცცი იმ პირებზედ, რომელნიცა უკმაყოფილონი არიან ამაზედ, რომ ბევრი უწინდელი მოადგილები – ბურბონისტები ისევ თავის თანამდებობაზედ დარჩნენ. აქ გავაცცი ბურბონისტებსა ჰყოფს სამგვარად... ბურბონისტები – ჯალათები, როგორც ის ეძახის, რომელნიც უნდა უთუოდ მიითრიონ საზოგადო სამსჯავროშია, და რომელნიც ღირსნი არ არიან არა რაიმე შეწყალებისა; ზომიერები, რომელნიც გულმოდგინედ ასრულებდნენ ბურბონის ბძანებასა და რომელთაც უნდა ჩამოაცალონ თანამდებობა, თუ საჩინო ადგილები ეჭირათ და არ კი სდევნონ; და მესამე გულგრილი ბურბონისტები, რომელთაც სულაც არ უნდა ხელი ეხლოს. თავის აზრს ამრიგად ხსნის გავაცცი: ,,ესენი ემსახურებოდნენ კანცელარიებში და სასამართლოებში დაბალ ადგილებზედა, ჰსწერდნენ იმას, რასაც უბძანებდნენ, მაგრამ არ იყვნენ არაფერში დამნაშავენი, იმიტომ, რომ გადამწერის კალამი ხომ არ ფიქრობს და არა ჰსჯის; ის იმისია, ვინც ფულს აძლევს. თუ ფულის მძლეველი ბურბონები არიან, ის კალამი ჰსწერს „ღმერთმა ადღეგრძელოს ბურბონებიო“, თუ გარიბალდია, – „ღმერთმა ადღეგრძელოს გარიბალდიო!“ ამისთვისაც ყურიც არ უნდა ვათხოვოთ იმათა; მაგგვარი კაცები მრავალნი არიან ყველა ქვეყანაში, და თუ ყველანი ისინი უნდა გამოიცვლებოდნენ ხოლმე მთავრობის ყოველ ცვლილების დროსა, ეგრე მოგვინდებოდა ბევრის გაუბედურება და ყოველთვის საქმეების წარმოების შეყენება და დახლართვა... აგე ამერიკაში ყოველ ოთხ წელიწადში მთავრობა იცვლება, როგორ გადურჩებიან ხოლმე წვრილმან მოსამსახურებსა? ყოველ თავისუფალ და საჩინო ადგილებზედ დასმენ ხოლმე ახალ მთავრობის ერთგულ კაცებსა და დანარჩენს კი არც კი შეეხებიან; ისინი იმას გააკეთებენ, რასაც უბძანებენ“ ... მაგრამ მით უფრო ძლიერ წინა აღუდგება გავაცცი იმ კაცებს, რომელნიც ,,5-ს სეკტემბერსა პიედიგროტაში მირბოდნენ ბომბიჩელლოს54 უკან, რომ ცრემლნი დაღვარონ მადონნის55 წინა; და მერე, გარიბალდი ნეაპოლში რომ შემოვიდა, დარბოდნენ!.. Viva Garibaldi!... ამ ბატონების წინააღმდეგ ის აღვიძებს საზოგადო წყრომასა, იმათ რაცხს ისა იმ უხერხოებათა შორის, რომელიც დარჩა „გუბის გაწმენდის“ შემდგომ. „მე არ შემიძლიან ვენდო, ამბობს იგი, როცა ვხედავ იმ საყდარსა ნაციონალურ ბაირაღებით მორთულსა, ანუ როცა შევხვდები ხოლმე ქუჩაში კაცსა ერთგვარ ულვაშითა, რომელიც ერთს ვერსტზედ გვამცნებს, რომ უწიდელი სბირრია და მასთანვე სამფერიანი კოკარდაც ზედა აქვს... (ხალხი ტაშსა ჰსცემს). ნამდვილ ლიბერალისათვის საჭირო არ არის თავი გამოიჩინოს, საჭირო არ არის დაანახვოს კოკარდა, იმიტომ, რომ უამისოთაც იცნობენ, და მერწმუნეთ – კაცს, რაც უფრო დიდი კოკარდა აქვს, იმითი უფრო ნაკლები აქვს თავისუფლების სიყვარული.“

შემდეგ, მთელი იტალიის დაწინაურებულ კაცების თანახმად, გავაცცი ლაპარაკობს პიემონტთან შეერთების სასარგებლოდ; ურჩევს ამისათვის თავი დაანებონ ყოველ სიზმრებსა ავტონომიაზედ56 და ხელი აიღონ თვით რესპუბლიკანურ ტენდეციებზედაც57 „რესპუბლიკაო! იძახის იგი: აბა სად არიან რესპუბლიკანელები? ხომ რესპუბლიკა არა ჰქმნის რესპუბლიკანელებსა, არამედ ამათ უნდა შექმნან რესპუბლიკა... ჭეშმარიტ რესპუბლიკანელად კი გულით, სულით, ღვაწლით და სხვერპლით, რესპუბლიკანელად კეთილმოქმედების სიმტკიცითა, ზომიერ ჯერობითა – მე ვიცნობ იტალიაში ერთსა – ეგ იოსებ გარიბალდისა... იოსებ გარიბალდის კი არ უნდა რესპუბლიკა!..“ მერე კიდევ უმტკიცებს ხალხსა თავის თავის დაცვისათვის და იტალიის ღონივრობისათვის ერთობის საჭიროებასა, და ბოლოს ასრულებს სიტყვას იმით, რომ მეორე დღეს უფრო ვრცლად ილაპარაკებს იმაზედ, რომ როგორ უნდა და რაგვარად შეერთდნენ იტალიის საკოროლოსთან, და დასასრულ ათავებს სიტყვას ვივატებითა გარიბალდიზედ და ბურბონების გიებითა. ხალხი, ბერის სიტყვებით გატაცებული, საზარო კიჟინას ასტეხს, რომელიც მქადაგებელის კათედრიდან ჩამოსვლის შემდეგაც დიდხანს არა ჰსწყდება.

მესამე ქადაგება გავაცციმ სრულიად მიუძღვნა პიემონტთან უპირობო და დაუგვიანებელ შეერთებასა, და იმასა, რომ რეაკციის58 წინააღმდეგ ხალხი ყოველთვის მზად უნდა იყოს. ამ სიტყვაში ჰსჩანს, რომ მქადაგებელი არ ენდობა ტურინის სამინისტროსა (რომელიც მართლა და ამ დღეებში ცდილობდა იმას, რომ როგორმე შეაყენონ გარიბალდი), და ამასთანაც დაუჯერებელია, რომ მართებლობა გარიბალდისა ნეაპოლში უნდა, რაც შეიძლება, დიდხანს დარჩეს თავისუფალი გარეშე ზედმოქმედებისაგან. ამას გავაცცი ნამეტნავად მაშინ გამოჰსთქვამს, როცა დიპლომატები სინათლეზედ გამოჰყავს და ლაპარაკობს სენტ-ელმოს სიმაგრის დაცემაზედა. ამ ორ ადგილსა ჩვენ მოვიყვანთ იმის მესამე ქადაგებიდგან, რადგანაც ხასიათი და მანერა მქადაგებელისა ჩვენ კიდეც ვიცით და დანარჩენი კი თავისთავად წარმოადგენენ სწორედ ადგილობრივს და შემთხვევითს ინტერესსა.

„ძალიან უნდა ვისურვოთ, მეგობრებო ჩემო, ამბობს გავაცცი, რომ არავინ არ მოვიდეს ჩვენის საქმის ასარევად. გარიბალდის ღვაწლის ნაყოფი მეტად დიდია, რომ იმისაგან დიპლომატია არ შეფუცხუნდეს... მე კი ძალიან მეშინიან მაგ უკბილო ბებერ დუენისა59, რომელსაც დიპლომატიას ეძახიან. მე მეშინიან, რომ აქ ყველაფერი არ გააფუჭოს იმანა, თქვენვე იფიქრეთ, რარიგად ბოროტ-გამძრახველია იგი: შარშანა შუა იტალიაში ჩვენ გვინდოდა იმ საათსვე შავერთებულვიყავით, იმიტომ, რომ დროს დაკარგვისა გვეშინოდა და გვეფიქრებოდა: ვაი თუ ვერ მოვასწროთ ვიკტორ-ემმანუელის ჩვენდა კოროლად დასმა. რაკი დიპლომატიამ ესა ნახა, გვატარებდა და გვათრევდა მთელ თერთმეტ თვესა და იმდენი იხერხა, რომ მაგ შეერთებას გვალოდინა 1859 წ. 27 აპრილიდამა 1860 წ. 18 მარტამდე! აი, როგორ ირჯებოდა ჩვენთვის ეგ ბებერი დი პლომატია!.. იმას იმედი ჰქონდა, რომ ჩვენ ეგენი მოგვწყინდება, რომ ჩვენ მოვახდენთ ერთ ბრწყინვალე დანაშაულსა, როგორმე წავაბორძიკებთ, გამოვატყვრენთ ერთ რასმე იმისთანას, რომელიც ააშფოთებს საზოგადო მშვიდობიანობასა და მით მივსცემთ დიპლომატიას მიზეზსა, რომ ჩვენს საქმეში შემოერივოს და ჩვენი საქმე ისევ ძველ გზაზე დააყენოს.

„მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ მაგ უკბილო ბებერსა. ჩვენ დიდი ხანია ვუთხარით იმას შორს ჩვენგან! ეგ შენი გოთიკური60 ხერხები და მანქანება შენთვის შეინახე! ჩვენ უშენოთაც ფეხზედ ვაყენებთ იტალიასა, და იმის შეერთებასა – მოთმინებით, რიგით და მშვიდობიანობით. აქ და სიცილიაში კი დი პლომატია სხვანაირად მოქმედობს: ის იჩარჩება, რომ ხალხი დროს გადუდებლად შეაერთონ პიემონტთან, იმიტომ, რომ იმან იცის, რომ თუ ხალხი ამაზედ თანახმა შეიქმნა და შეიქმნა კიდეც იმავ საათს, რევოლუცია61 ეხლანდელ მიჯნის იქით აღარ გადასცილდება და მაშასადამე, იტალია ერთიანი აღარ იქნება.

„ჩემო მეგობრებო! მარტო რევოლუციას შეუძლიან „შექმნა იტალიისა“, დიპლომატია კი, თავის დღეში იმას ვერ შეჰქმნის, თუ რევოლუცია იტალიას შეჰქმნის, დიპლომატია მაშინ იძულებულ იქნება მიიღოს იგი, როგორც შესრულებული ფაქტი; მაგრამ თუ ჩვენ თითონ არ შევჰქმნით იტალიასა, დიპლომატია კიდევ ერთხელ გაგვაცალცალკევებს და არ მიგვიშვებს იტალიის ერთობამდე, იმიტომ, რომ ამისი ძალიან ეშინიან... (კარგია, ბრავო!) მაშასადამე, გარიბალდის და დიპლომატიის შუა – დიდი ზღვარია... გარიბალდი არის დიდი წარმომადგენელი ჩვენის ძლევამოსილის და გამარჯვებული რევოლუციისა. რომელიცა ნიშნავს ხალხის რჯულიერების აღდგენასა მფლობელების ბოროტმოქმედობის წინააღმდეგ; დი პლომატია კი ნიშნავს ღერცოგების და კოროლების უფლების აღდგენასა წინააღმდეგ ხალხის რჯულიერებისა. (ერთიანი ძახილი მოწონებისა ხალხში).

„აი, რისთვისა – დაიხსომეთ სადამდინ მიმყავს მე ჩემი რევოლუციური თაკილობა – აი რისთვის მეფიქრება მე ეხლაცა პიემონტის რაზმების მოსვლა; ეგ ჯარები ყველგან სასურველნი და სიხარულით მიღებულნი, აქ, ამ წუთშია წარმოადგენენ თვით პიემონტის პოლიტიკას, (რომელიც გამოაშკარავდა შუა იტალიაში.) საოცარ წინააღმდეგობასა. იქა, შუა იტალიაში რა წამს საქმე შეერთებაზედ წავიდა, ვიკტორ-ემმანუელმა გამოუძახა თავის საკოროლო კომმისარებს ფლორენციიდამ, პარმიდამ, ბოლონიიდამ, რომ არა თქვანო: შეერთება საკოროლო კომმისრების ნარჩევია, ნაძალევია, ნათხოვნია... ეხლა განა შეიძლება რომ დიპლომატიამ არა თქვას: ,,ნეაპოლიტანელებმა კენჭით ამოირჩიეს შეერთება, იმიტომ, რომ ნეაპოლში ბევრი პიემონტის ჯარები იყოო!“ ეს, რასაკვირველია, კაცს აფიქრებინებდა, რომ აქ იყო ძალადობა და ძალდატანება, ის კი, არათუ ჩვენ გვინდა თავისუფალნი ვიყვნეთ და კიდეც ვართ, რადგანაც შეერთების სურვილი არავისგან არ იყო ძალდატანებული, – ნეაპოლიტანელებს ეგ უნდოდათ ჯერ კიდევ გარიბალდის მოსვლამდინა და ეხლაც უნდათ თავის ხალხის სამეუფო ნებითა“...

ამ ქადაგებაშია აფთხილებს ხალხსა რეაქციისაგან, და ამისთვისაც ურჩევს სენტ-ელმოს სიმაგრის, Castello del Carmine, და Castello dell’ Uovo’-ს დაქცევასა. რაკი დაუმტკიცდა, რომ ისინი ვერ შეჰძლებენ საკმაოდ ქალაქის გამაგრებასა და ამასთანავე უჩვენა მაგალითი ანგლიისა, რომელიც თავის სიმაგრედ რაცხს არა ციხეებს და გალავნებსა, არამედ ხომალდებსა, გავაცცი ურჩევს ხანდაუზმელად წარუდგინონ ადრესი გარიბალდის მთავრობასა და იმაში ჰსთხოვონ დაცლა სიმაგრისა და დანგრევის ნების დართვა. რაკი, რომ ხალხს ამისათვის ამხნევებს, გავაცცი ამბობს:

„ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენ გელაპარაკებათ ბოლონიის ბერი, რომელიც ეს-ეს არის განგდებიდამ დაბრუნებულა, გელაპარაკებათ უბრალო სიტყვითა, მაგრამ კი საქმიან სიტყვითა; უმჭევრმეთქვოთ, უპოეზიოდ, უცეცხლოთ, მაგრამ საქმიან სიტყვითა... თუ მაგ სიმაგრეებს არ დაანგრევთ გარიბალდის დიკტატურობის დროს – თქვენ თავის დღეში ვეღარ დაანგრევთ მაგათა. იცით – რისათვის? იმისთვის, რომ შეერთების შემდეგ დაიპყრობს იმათ სამხედრო უფროსობა, რომელიმე მიზეზს მოსდებს და ხელუხლებლად შეინახავს, ასე რომ, თქვენ სამუდამოდ გექნებათ ზედ ეს მუქარა, ეს სულთამხუთავი. სამხედრო ძალისათვის სიმაგრე – სწორედ ის არის, რაც ზღაპარში ქათამი, რომელიც პარასკევ დღეს შესულა სოფლის ღვდლის ეზოშია. რაკი რომ ღვდელმა ქათამს თვალი მოჰკრა, დაიძახა: ,,ქათამი მსუქანია, ჩინებულია, დღეს მაგისაგან მე ერთი კაი საჭმელი გამიკეთდება“. – წმინდაო მამაო! დღეს ხომ პარასკევია. – „პარასკევიო?“ დაიძახებს ღვდელი და დაიწყობს თავის თეოლოგიის62 გადაჩეჩასა (ხალხში სიცილია) და ეუბნება თავის თავსა: „თუკი ღმერთმა შემოგზავნა ჩემს ეზოში ქათამი, ჰსჩანს ჰსდომებია, რომ მე შევჭამო; თუ შემომიგზავნა დღეს, როცა საშინელ მადაზედაცა ვარ – ეს იმის ნიშანია, რომ მე დღეს ეს ქათამი უნდა შევჭამო; მაგრამ დღეს პარასკევია – ჰსჩანს, რომ თვით ღმერთსა ჰსდომებია, რომ შევჭამო ქათამი პარასკევს. იყოს ნება ღვთისა!“ სწორედ ეგრე ჰსჯის ხოლმე სამხედრო უფროსობაცა სიმაგრეებზედა.“

მერე გავაცცი მოიყვანს რამდენიმე მაგალითებს ბრეშიის, ფერრარის, პერუჯიის63, გენუის სიმაგრების დაქცევისას, ქადაგების დასასრულში ხელახლად აატეხინებს ხალხსა საშინელ ტაშისცემასა და ვგონებთ, რომ მაშინვე ამ სიტყვის შემდეგ ნეაპოლიტანელები მართლა მისცვივდნენ გარიბალდის და ჰსთხოვეს ციხეების დაქცევის ნება. ჩვენდა სამწუხაროდ, გარიბალდის როგორღაც ვერ ემარჯვებოდა მაგის ნების დართვა, უარი უთხრა და იმითი დაამშვიდა ხალხი, რომ დღეის იქით სამუდამოდ სენტელმო მიეცემა ნეაპოლის ნაციონალურ გვარდიასა. ამის შემდეგ რაკი შეერთება მოხდა, აღარ მიეცა ხალხს სახერხო დრო, როგორც გავაცციმ წინასწარ თქვა, რომ ხელახლად ეგ ეთხოვნათ, და სენტ-ელმოც – ეგ სახსოვარი ამდენ უბედურებისა, საპყრობილე და იტალიის წამებულთა სასჯელის ადგილი, აქამდინაც დგას ნეაპოლის თავზედა, თითქო ემუქრებაო მის ახალშობილ თავის უფლებასაო.

მეოთხე დაბეჭდილ ქადაგებათაგანი გავაცცის აღნიშნულია თავის სახალხო კილოთი, რომელიც ვერაფრით ვერ შეიძლება ითარგმნოს. მაგრამ ამაშიაც ის უფრო ბევრს ლაპარაკობს უწინდელ საგნებზედა, ხოლოთ კი ზოგიერთზედ დიდხანს შედგება ხოლმე უფრო, ვიდრე უწინა. ძალიან უცნაურად დაიწყო ეს მეოთხე ქადაგება. ეს იყო საღამოზედ del Pallazo’-ს მოედანზედ,სწორედ კარლი III-ს და ფერდინანდო I-ს სტატუებ შუა, San Francesco di Paolo-ს საყდრის წინა. ხალხი ელოდდა გავაცცისა და მიეგება ტაშისცემითა. ის ავიდა მაღლობზედ, გადაიხედ-გადმოიხედა მარჯვნივ და მარცხნივ. თავი გაიქნივა სტატუებზედ, რომელნიც განათებულნი იყვნენ მთვარის სხივებითა, და უეცრად აუტყდა ერთი საშინელი ხარხარი, მერე კი თანდათან სერიოზნობა მიიღო და დაიწყო ისევ ნეაპოლიტანელებისა დაყოლიება იმაზედ, რომ დაიცვან შინაგანი თანხმობა და მედგრად გულდაგულ დახვდნენ ძველ რეაქციის მეცადინეობასა.

იმ ღონისძიებათა შორის, რომელთაც უნდა ჩანერგონ ხალხში მკვიდრად კეთილი თესლი, ყველაზე უფრო მომეტებულად ქალების მონაწილეობა მიაჩნია გავაცცისა და ამის გამო საშინლად წინააღუდგა მკვდარს და ფარისევლურ აღზდასა, რომელიც ეგრე ხშირია ნეაპოლში. ბოლოს დაუბრუნდება თვით სამღვდელოსა:

„რაც შეეხება სამღვდელოსა, მე გეტყვი, რომ დაე იმან მიგულოს მე მეგობრად უფრო ეხლა, როცა მე სასტიკად, მაგრამ მართლა და სვინიდისიანად წავაყვედრებ სიცუდეს, ვიდრე მაშინ, როცა მივეფერებოდი და პირს აულოკამდი. მე აკი ვჰსთქვი კიდეც, რომ ნეაპოლიტანის სამღვდელო სრულიად უნდა შეიცვალოს. მივაწერ რა მე იმათ პათმოსის64 მოხუცის სიტყვებსა, ვიტყვი: სამღვდელოვ! შენ უნდა აღზდგე შენის დამცირების სიღრმისაგან! სამღვდელოვ! არ დაივიწყო, რომ ბურბონების სამსახურში შენ იქამდინ მიუშვი თავი, რომ ჩავარდი წყევლის უპატიოსნობის, სირცხვილის ცუდ-საყნოსველ ჯურღმულშია! გამოდი მაგ საფლობიდამ და ლექიდამ, აღზდეგ, აღზდეგ ახალ იტალიის სულის მობრუნებისაგან და დაგვირგვინდი იტალიის ლიბერალობის ორეოლითა65. (ხალხში ტაშისცემაა) მაშ ღმერთმა აღადგინოს სამღვდელო ჩვენი!..

„მაგრამ სამღვდელომ რომ თავი არ შეირცხვინოს და თავიდამ მოიშოროს გარჯა და ჯაფა, ამბობს ეხლა: „მე არ გავერევი საპოლიტიკო საქმეშია, მე ვერ შემიძლიან საერო საქმეებში გავება“... მაგრამ აქამდინ კი, რომ ძალიან ირჯებოდით მაგგვარ საქმეებში, ვერ მოახერხებთ ახლაც, რომ ცოტათი მაინც გაისარჯოთ?.. მაგრამ არა – მე არც კი გთხოვთ, რომ თქვენ მაგ საქმეებში გაერიოთ; მე არ გეუბნებით: ადით კათედრაზედ და თქვით რამე საპოლიტიკო ეკონომიაზედ, დიპლომატიაზედ, იტალიის აღდგენის ღონისძიებაზედ. არა, მე მაგას არ ვითხოვ; ამის მაგიერ მე გეუბნებით: სამღვდელოვ! უწინარეს იმისა, რომ მოახდინოთ ეს რეაქცია, რომლის მოწყალებითაც სხედან საპყრობილეში ამდენი ბერები და ღვდლები, უწინარეს იმისა, რომ ბურბონების სასარგებლოდ იქადაგოთ – ნუ შეერევით პოლიტიკაში და ილაპარაკეთ კი თანხმობაზედ, სიყვარულზედ, ილაპარაკეთ სახარებაზედ! (ტაშისცემა). სახარება ჩვენკენ არის და ჩვენი მხარე უჭირავს: სახარება იტალიისაკენ არის და არა იმის წინააღმდეგ; მაშ ილაპარაკეთ სახარებაზედ, თუ თქვენ სხვა არაფერი სათქმელი არა გაქვსთ რა, ილაპარაკეთ მამულის სიყვარულზედ: ეგ სიყვარული ქრისტესაგან ნაკურთხია, გათქმულია და დალოცვილია... ამ სახით შეგიძლიანთ ჩამოირეცხოთ ცუდი სახელი და მიიმხროთ თქვენკენ საზოგადო აზრი. და დაე, საკულავოდ მაინცა ღვდლის შეხვედრაში პირჯვარი არ გადიწეროს ხალხმა, თითქო სატანა დაინახაო, არამედ გაუღიმოს და შეხაროს ღვდელსა, როგორც მეგობარსა.

ქადაგების ბოლოს გავაცცი კიდევა ნიშნამს დროს შემდგომის ქადაგებისას – წმ. იანუარის66 დღეს, მასუკან, როცა სასწაული შესრულდება, ეგ კიდევ შეექმნა მიზეზად, რომ დაუბრუნდეს სამღვდელოსა:

„სიტყვაზედ მოვიდა – ნეაპოლში ხმა გავარდა – მე ეგ ვიცი, – დიახ, ხმა გააგდეს, რომ წმ. იანუარი სასწაულსა იქსო67 წმ. ჯენნარო კი სასწაულსა იქსო, იმიტომ, რომ წმ. ჯენნარო კეთილ იაკობინელად68 ყოფილი 1799 წელს, იქნება კაი გარიბალდიელად 1860 წ. (ხალხში ტაშისცემაა). მე დარწმუნებული ვარ წმ. ჯენნარომ თავის საქმისა უფრო კარგი მოხერხება იცის, ვიდრე არქიეპისკოპოზმა (ხალხში სიცილია)69, მაგრამ ხმა დააგდეს, რომ სასწაული არ იქნებაო. თუნდ რომ არ იყოს – იმედი მაქვს რომ მაგით ცა არ დაიქცევა, რომ ჩვენ თითონაც უსასწაულოთაც მაინც კიდევ ქრისტესაგან გამოსხნილ ღვთისშვილებად დავრჩებით. მე იმედი მაქვს... მაგრამ – თქვენ საერო ხალხო, ნუ გაიგონებთ, მე სამღვდელოს ვეუბნები – მაგრამ ვნახოთ, თუ სასწაული არ მოახერხეთ, გარიბალდი იმ საფრანგეთის ღენარლის მაგალითს არ აჰყვეს, რომელმაც ხუთმეტ წუთშია წმინდას სასწაული აქმნევინა... ვნახოთ, თუ იტალიამ და ევროპამ აქედამ ის არ გამოიყვანოს, რომ წმ. ჯენნარო სასწაულს მაშინა შვრება, როცა სამღვდელო მაგას ინებებს ხოლმე (ხალხში ტაშის ცემა).…მე დიდი იმედი მაქვს, რომ რომელიმე მობეზღარი მიუტანს ამ ჩემს სიტყვებს მისს ემინენციას70 კარდინალსა71, რომ ამის გამო მის ემინენცია მოინებებს წმ. ჯენნაროს სასწაულის მონიჭებასა (ხალხში სიცილია). მასხარებო!.. სამჯერაც კიდევ მასხარებო!.. ხალხს რჯული უნდა და არა ღვდლების მაცდურობა და მოტყუება! ერთი სვინიდისი იქონიეთ, ბატონებო, ნუ გვარწმუნებთ ჩვენ, რომ ღმერთი თქვენის ბრძანებით სასწაულთმოქმედობს!“

19 სეკტემბერსა საღამოზედ გავაცციმ მართლა იქადაგა კიდევ იმ ადგილას და ძალიან აქო წმ. ჯენნარო, თითქმის „Galantuomo-ცკი“72 უწოდა, იმისთვის რომ წესიერად შეასრულა თავისი ჩვეულებრივი სასწაული... მას შემდგომ გამოხატა იტალიის თავისუფლებისათვის ბრძოლის სახე, ურჩევდა განაგრძონ ის ბრძოლა დაუღალავად, წინა აღუდგნენ კიდევ ცუდ ღვდლებსა, საეკლესიო სამსჯავროსა და საპყრობილესა, რომელნიც იყვნენ დადგინებულნი ნეაპოლში კონკორდატის73 ძალითა, ურჩევდა დააწესსონ საგულშემატკივარო სახლები გაჭირებულთათვის და უპატრონო ყრმათათვის.

ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე იქადაგა იეზუიტების წინააღმდეგ, როცა იმათი გაგდება გადაწყვეტილი იყო. იქადაგა ისევ შეერთების სასარგებლოდ იმის წინად, როცა მაგაზედ კენჭი უნდა ჩამოეტარებინათ და სხ. ყოველთვის გავაცცი აღტაცებით მიღებული იყო ყოველთვისაც საგანნი იმის ქადაგებისა ცხოვრებითნი იყვნენ, ზედმოწყობილნი ხალხის საჭიროებაზედა. ბევრად თუ ცოტად, რაც უნდა იყოს მაინც კიდევ გამოსაჩენი ზედმოქმედება ჰქონდათ ხალხზედ იმის ქადაგებაებსა.

მამა გავაცცის ქადაგების მოღვაწეობა, რომლის ნაწილიც ჩვენ შევატყობინეთ მკითხველებსა, სრულიად სხვარიგად იყო მოწყობილი. სულელობა იქნებოდა, რომ ის წარმოვადგინოთ მაგალითად მთელ საკათოლიკე მქადაგებელთათვის. მაგრამ სხვა მხრით, კი არ შეიძლება არ მივიღოთ სიმართლე ყვედრებისა, რომელსაც ის უკეთებს ნეაპოლიტანის სამღვდელოსა. ნეაპოლიტანის სამღვდელო მართლა იმცირებდა თავის თავსა და წინააღიდგენდა საზოგადო აზრსა იმით, რომ არ უნდოდა გაეგო ახალი მოძრაობა და მიეღო იმ მოძრაობაში მონაწილეობა. სამღვდელო სამხრეთის იტალიისა საზოგადოდ გამოჩენილია თავის უმეცრობითა და მომეტებულ ბოროტ მიდრეკილებითა. უქორწინობის გამო სამღვდელოდამ იშვიათი იქნება, რომ არავინ არ გაერივოს რომელიმე ქალების ისტორიაში... და არამც თუ მარტო ქალების... ამას გარდა, სამღვდელოსა საზოგადოდ და ბერ-მონოზნობას განსაკუთრებით აბრალებენ ფულის საშინელ ხარბობასა; თეთრს სამღვდელოს ყველგან აყვედრებენ გემოთმოყვარებასა და უზომო ავმუცლობასა. ანეგდოტები კარდინალებზედ, ბერებზედ, სოფლის ღვდლებზედ, მოძღვრებზედ (Padre Confessore) ურიცხვია მთელ იტალიაში. ყველაზედ მკაფიო ზედმოსწრობილი სიტყვა, ყველაზედ სამარცხვინო ოხუჯობა და ანდაზები ყოველ ფეხის გადადგმაზედ იმათზედ ისმის. ძნელი დასაჯერებელია, რომ ხალხი ეგრეთი ცრუმორწმუნე, ეგრე სამღვდელოს შიშის მექონე, იმავე დროს ეგრე შეურაცხად ხდიდეს სამღვდელოსა, მაგრამ კი იტალიაში სამღვდელომა მოახერხა მანდამდინ თავი მიეხწივებინა. რომში ისინი სძულთ, მაგრამ ეშინიანთ კი, რადგანაც ისინი ამასთანავე ქვეყნის მფლობელებიც არიან აქა. ნეაპოლშიაც ეშინოდათ, იმიტომ, რომ ბურბონების წყალობის ქვეშ იყვნენ და არაერთხელ, როგორც ამბობენ, შველოდნენ პოლიციას დამნაშავის პოვნასა აღსარების საიდუმლოების გაცემითა. ჰსჩანს, აქაც სამღვდელოს ჰქონია რაოდენიმე გვარი ძალა. უფროსობა, რომლითაც შეეძლო საპყრობილე დაემუქარებინა და მუქარაც აესრულებინა, ან კიდევ პატივისათვის გზა გაეხსნა იმისთვის, ვისაც კი ჰსწყალობდა. გარნა ხალხის სიყვარული კი მით, არამც თუ ვერ მოეხერხა მიეზიდნა თავისაკენ, არამედ უფრო დაკარგა საზოგადო აზრში ბურბონების უკანასკნელ მფლობელობის დროს. სამღვდელო ვერ მიხვდა თავის ვითარებას, ვერ მოტრიალდა თავის დროზედ...“

სალიბერალო მიმართულება ნეაპოლში უხილავად იზდებოდა და ძლიერდებოდა გარიბალდის მოსვლის უფრო წინად. მაგრამ ფრანჩესკოს მთავრობამ ამას ყურიც არ ადევნა და ეგონა, რომ ბოლოს მოუღებს მაგასა, რამდენიმე კაცი რომ დააჭერინოს და დაჰსაჯოს. ამ გულ-დაჯერებაზედ ნეაპოლიტანის სამღვდელოც სრულიად თანახმა იყო. რაკი, რომ არ მოელოდდა ახალ იდეების გამარჯვებასა, სამღვდელო ბურბონებს ფრთასქვეშ უფრო მეტად ამოუჯდა და განაგრძო თავის გულმოდგინობის გამოჩენა. ეს კი მართალია, რომ ბურბონებთან სამღვდელო ზედ გადაბმული იყო ერთ და იგივე საზღვრებითა და წადილის მიმართვითა, ბურბონების მოწინააღმდეგები კი თვით თავიანთ საქმის არსითა იყვნენ ამასთანავე მტერნი სამღვდელოსიცა, ნამეტნავად ბერ-მონაზნებისა, მაგრამ მაინც კიდევ დასაჯერია, რომ სულ ეს კარდინალები და აბბატები74 უფრო ცოტა გულმოდგინებას გამოაჩენდნენ, თუ რომ წინ დაენახათ ბურბონების გადაწყვეტილი დაცემა: მაშინ კი, იქნება, პოლიტიკისათვის გადამეტებით ხელი არ მიეყოთ, როგორც გავაცცი ამბობს. ეხლა კი იმ ბურბონების ერთგულებმა მიჰყვეს ხელი ყველაზედ მომეტებულ უპოპულიარო ქადაგებასა. უწინ იმათი ქადაგებაები უნაყოფო და მკვდრები იყვნენ: ლაპარაკობდნენ საკათოლიკე ეკკლესიის წმინდანობაზედ, წარტოლვაზედ, სულიერ სრულებაზე, რომელსაც მისწვდებიან მარტო აღმორჩეულნი, იმ დოღმატზედ75, რომ ღვთისმშობელი დედისაგან უცოდველად იშობაო და სხვანი ამ გვ. ეხლა კი ხელი მიჰყვეს იმისთანა ქადაგებაებსა, რომელნიც ანიშნებდნენ, ან პირდაპირ გამოატყვრენდნენ რასმეს იტალიის მოძრაობის, გარიბალდის და ვიკტორ-ემმანუელის საწინააღმდეგოდ და სხ. თავისთავად გაიგება, რომ ეგ იმათ მხრით ვერაფრად იყო ნაანგარიშები: ძალად წამოჩხირული და ნაბძანები დარიგებანი არავისზედ არ მოქმედობდნენ მხოლოდ უფრო მქადაგებლებზედ ხალხის ზაფრასა შლიდნენ. აბა უფრო აქ მოიცხეს ის სამარცხვინო ლაფი, რომლის ჩამორეცხვასაცა ჭეშმარიტ პატრიოტობით ურჩევდა გავაცცი.

რომის კარის შეჩვენების და თანდევნის გარდა, გავაცცის ძლიერ წინააღუდგებოდნენ სამღვდელო გაზეთებიცა. გავაცცის ქადაგების მოღვაწეობასა ეძახდნენ ანარხიულ აგიტატორობასა76, აჩვენებდნენ არამარტო ქრისტიანობის, არამედ ყოველ სარწმუნოების წინააღმდეგათაცა. რამოდენადაც მართალია ეს დაბრალება ჰსჩანს, ჩვენგან საკმაოთ ვრცლად მოყვანილ ქადაგებაებშია. მართალია, გავაცცი საკათოლიკე ეკკლესიის სხვა მქადაგებელთაგან ძალიან განსხვავებულია თავის ქადაგებაების შიგმდებარე აზრითა: ის ცხარედ და მკაფიოდ გადაჰკრამს ხოლმე ბურბონების მთავრობასა, სამღვდელოს ყურმოჭრილ ყმობასა და თავის მოყვარეობასა, მონასტერში ქალების აღზდასა და თვით პაპის საერო უფლებასაცა. ის დაიცინება წმ. ჯენააროს ცრუ სასწაულზედ, აქებს ეკკლესიისაგან შეჩვენებულ გარიბალდისა და იმის ვოლონტერებსა და სხ. მაგრამ რომ მივმართოთ ჭეშმარიტ ქრისტიანობის აზრსა, უიმისოდ რაც დაუმატებია, გაუმგზავსებია საკათოლიკე ეკკლესიას, არა გვგონია, რომ გავაცცი უფრო ახლო არ იყოს ქრისტიანობაზედ, ვიდრე კარდინალები და აბბატები, როგორც დოღმატებშია, ისე თვით მცნებაების არსშია. გავაცცი, მაგალითებრ, ვალდებულად არა რაცხს სამღვდელოთა უქორწინებასა: ერთხელ რომ წააყვედრეს, ცოლიანი ხარო, საქვეყნოდ უპასუხა: „მეც ცოდვად არ ჩავითვლიდი, რომ ცოლიანი ვყოფილიყავ, და სულაც არ შემეშინდებოდა მაგის აღვიარება, რომ ეგ მართალი იყოს; მაგრამ მე ცოლი არა მყავს, იმიტომ, რომ მე მაქვს მხოლოდ ერთი სიყვარული, მე მყავს მხოლოდ ერთი ცოლი – იმას იტალიას ეძახიან“. ჩვენ ვიცით, რომ ამ საგანში რომის კარზედ უფრო მართალია გავაცცი; აგრეთვე მართალია პაპის საერო უფლების განსჯაშიაც. მაგრამ ის არის უფრო დიდი საქმე, რომ თვით თავის ქადაგების სულის აზრითა ეგ უფრო ახლოა სახარების აზრთანა, ვიდრე რომის კარი და იმისი მოღვაწენი. რაკი რომ რომის სამღვდელო გულმოდგინედ მიიწევდა, რომ გაევრცელებინა თავისი საერო უფლება, მმართებლობაებთან შეკრულობაში გაება და იქამდინ მიიყვანა თავი, რომ ყოველი ღონისძიება უნდა მოეხმარებინა – ხალხის საკეთილოდ კი არა – ხალხის წინააღმდეგად, ყოველ იმ შემთხვევაშია, საცა კი ხალხის ინტერესი დაეჯახება ხოლმე მმართებლობის ინტერესსა. ეგ შემთხვევა ხშირად ყოფილა და არის კიდეც საკათოლიკე ქვეყნებშია. მაგ: ნეაპოლში ხალხი იყო მიწასთან გასწორებული, მიეცემოდა ხოლმე ყველაზედ უარესს შეუწყალებელ უსამართლოებასა. იწამებოდა მთავრობის განუსაზღვრელ ნებაყოფლობისაგან, მოსამსახურეების მოქრთამეობისაგან, მებატონეთა ხარბობისაგან და პოლიციის შეუპოვარ და მხეცურ იჭვნეულობიასგან და დევნისაგან. სამღვდელოს საქმე აი რა უნდა ყოფილიყო, ქრისტეს რჯულის აზრითა – უნდა დაეფარა მიწასთან გასწორებულნი, დაჩაგრულნი, მართალი სიტყვა ეთქვა მართლის შესაწევად, განეკიცხა ბოროტმოქმედი, მაგრამ სამღვდელოს ეს ფიქრადაც არ მოსვლია, ამის მაგიერ, რაკი გულდაჯერებული იყო ბურბონების და დიდკაცობის შემწეობაზედ, ის შეიქმნა საჭიროების ძალითა უსამართლოების, ნებაყოფლობის ძალადობის მოღვაწეთა. იმან თავის სასულიერო ღონისძიებითა შველა დაუწყო პოლიციის ძებნასა და დევნასა, იმან ძირიანად გადმოატრიალა და წაახდინა ხალხის აზრი, რაკი სულ იმას ეჩიჩინებოდა, რომ უგულებელმყოფელი და არა რაი ხარო, უმტკიცებდა სიმართლესა და რჯულიერობას ყოველ საძაგლობისას, რომელიც მოიგონებოდა ხოლმე ვიღაც დელკარრეტოს, მანისკალოს, აიოსსას და სხვა უნამუსო და განძვინებულ ორივე – სიცილის მმართველთაგან. ამ სახით, ეკკლესია თავის ნეაპოლიტანის წარმომადგენელებითა სრულიად დაშორდა ქრისტეს მცნების აზრსა და შეიქმნა არა მოღვაწედ სიმართლისა და ძმურის სიყვარულისა, არამედ ძლიერთა ამ ქვეყნისათა ყურმოჭრილ ყმად, გამცემად და მომატყუებელად თავის უმცირეს ძმებისა. ეს კია რომ ეს გასაკვირველი არ უნდა იყოს მას შემდეგ, რაკი სამღვდელომ ერთხელ პირი მოარიდა და დაშორდა ხალხსა და დაემყარა იმათზედ, ვისიც ინტერესი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ხალხის ინტერესსა. ვერ შეეძლო დაეწყო მართლის ლაპარაკი, იმიტომ, რომ სულ მთელი ორივე-სიცილიისა მთავრობა და თვით რომის კარიცა წინააღუდგებოდა, და იმათს შველასა გულაყრილი ხალხიც არ მოიწადინებდა. იმიტომაც ბურბონების მთავრობა და რომის სამღვდელო ერთი ერთმანეთს ხელსა ჰბანდნენ და ჰქონდათ საერთო თავდებობა, რომლითაც ამაგრებდნენ ერთმანეთსა და გაბედვით მიდიოდნენ ხალხის ბედის უფრო და უფრო დამძიმების გზაზედა... მაგრამ საოცარი ეს არის მარტო, რომ საკათოლიკე სამღვდელო ყოველთვის ისეთი მოხერხებული და ცბიერი, მთელ თავის თეორეტიკულ უმეცრებასთან – როგორ ვერ მიხვდა და მიაგნო თავის ვითარებას და ვერ გაიანგარიშა თავის შანსები77 უკანასკნელ ხანებშია. ეხლა ნეაპოლშიაც კი უფრო მეტი ნაწილი ღვდლებშია გალიბერალდა, ესე იგი კონსტიტუციის მხარეზედ არის, ცუდად იხსენიებს ავსტრიელებსა და ბურბონებსა და თითქმის ხანდისხანაც წაჰსცდება ხოლმე გულის მოსალბობი სიტყვა იტალიის იდეის წამებულების და თავისულების მოღვაწეების სადიდებლად; მაგრამ, როგორც ვხედავთ, იმათმა გადაცვლამ იმათ არაფერი მოუმატა საზოგადო აზრშია. ნეაპოლში არაერთხელ დამაცინებელ ღიმილითა ყურს უგდებდნენ ამ უეცრად გალიბერალებულ მქადაგებლებსა, რომელნიც ერთის წლის ცოტა წინად მთელ ცისა და ქვეყნის ქარ-ცეცხლსა აწვიმებდნენ იმათზედ, ვინც თავისუფლად ფიქრობდნენ და წინააღუდგებოდნენ ბურბონების პოლიციის მმართველთაგან დადგინებულ წესსა და რიგსა. იქნება ეგ ღიმილი უფრო ნაკლებ, ან სულაც არ ყოფილიყო, თუ რომ ღვდლებსა და საკათოლიკე ბერებსა, – ხომ არ ვამბობთ, რომ მიეთვისათ ჭეშმარიტი აზრი სახარებისა, ეგ დიდი მანძილია – სწორედ მაინც გამოეანგარიშნათ ისა, რა მდგომარეობაშიაც ისინი არიან და რა მოელის იმათ ამ მოკლე ხანში. იმათთვის უფრო ცხადი დასანახავი იყო ნეაპოლში და სიცილიის ჭკვების მიმართულება: ხომ იმით ხელში იყო სრულიად აღზდა და აღსარება. იმათ იცოდნენ და ხედავდნენ, რას ითმენს ხალხი, რა ზომამდე გაბოროტებულია ხმაგაკმენდილად, გულშია გაბოროტებული. იმათ იცოდნენ კერძობითი ცხოვრება, შინაური და სამოქალაქო დამოკიდებულება ყველასი ერთად და თვითეულისა ცალკე, იმათ შეეძლოთ ყველაზედ ადრე გამოეხატათ, რამოდენათაც მძიმეა ნეაპოლიტანელებისათვის მოწარმოე წესი და რიგი, და გძლად გაჰსწევს კიდევ თუ არა ხალხის მოთმინების შეძლება... რაკი რომ ეს ყველაფერი იცოდნენ, იმათ შეეძლოთ და ვალდებულიც იყვნენ ყოველს შემთხვევაში სხვანაირად დაეწყოთ ლაპარაკი და სხვანაირად ემოქმედნათ, სხვა არა იყოს რა ბურბონების მეგობრობისათვის მაინცა. შეურაცხმყოფი და პირფერობითი ქება ძლიერ კაცებისა კია, არ უნდოდა, არამედ სამართლიანი განკიცხვა და მუქარება უნდა წარმოეთქვათ იმათა, იმისთვის მაინცა, რომ დაიხსნას მთავრობის პარტია საბოლოვოდ დასაღუპავის უგუნურებისაგან და აუხილონ თვალები აწინდელ საქმის ვითარების დასანახავად.

თვით ხალხისათვისაც უნდა ჩაეგონებინათ მართალი, მრთელი აზრი იმაზედ, რაც უჭირს, რა სამართალიცა აქვთ და უნდა ჰქონდეს, რარიგად უნდა იყვნენ საზოგადოებრივ მიქცევ-მოქცევაში, რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოშია, რომ გონიერად და ზედმიყოლებით მიეყვანათ ხალხი კეთილწესიერ სამოქალაქო ცხოვრების საქმემდინა და არ კი უნდა გაებათ ჩიჩინი ხალხის უგულებელყოფაზედ და სიდაბლეზედ, რომ ამით უფრო არ გაებოროტებინათ ხალხი და იძულებულ არ ექმნათ პოლიციის ჯოხიდამ გამოსხლეტოდა ის ხალხი და გადავარდნილიყო პირდაპირ რევოლუციის ალშია...

ეგრე, ვამბობთ ჩვენ, უნდა ემოქმენდა საკათოლიკე სამღვდელოსა და ყოველ სამღვდელოსაცა, თვით ბურბონების მეგობრობის გულისათვის მაინცა, თუ რომ სწორედ გამოენგარიშა საქმეების ვითარება ორსიცილიის საკოროლოში. ძალიან შესაძლოც არის, რომ ბევრმა იმათგანა მაგრე გამოიანგარიშა; სამღვდელოში უკეთესებს დიდი ხანია ესმოდათ, რომ ბურბონების წესდებულება მკვიდრი არ არის, მაგრამ იმოდენა ღონე და ხასიათის ძალა არ ჰქონდათ, რომ ნაანგარიშები საქმეზედ გადმოეტანათ. ამასთანაც რომის კარიცა ბევრს უშლიდა: ბურბონების მმართველთა თავზედ ნებაყოფლობის წინააღმდეგობის გაბედვა ნიშნავდა ჩავარდნასა არამარტო საერო, არამედ იმ თავის საკუთარ, სამღვდელოს უფლების რისხვის ქვეშაცა; იმიტომ, რომ თვით სამღვდელო ყოველთვის აძალებდა დაბალს სამღვდელოსა, რომ სრულიად აამონ ხოლმე იმ მთავრობასა, რომელიც რომის კარსა კარგად ექცევა. ამ სახით, ერთის მხრით სულმოკლეობითი შიში რამდენიმე ნივთიერ სარფობის დაკარგვისა, მეორეს მხრით – არა ამაზედ ნაკლები სულმოკლეობითი კრძალვა, განკიცხვის და თუნდ თვით პაპის შეჩვენებისა, შეიკავებდნენ ხოლმე სამღვდელოთა შორის თვით უკეთესებს, გამოჩენილ პირთა ჭკვითა და კეთილსვინიდისიანობით, ამ მიზეზით ნეაპოლიტანის სამღვდელომ განაგრძელა ყურ-მოჭრილ ყმასავით ყოფნა უსამართლო უფლებასთან და ხალხიც მიანება მიწასთან გასწორებულს ნებაყოფლობასა.

ცოტათ ყველაზედ გამბედავთა ზედ შეაფურთხეს ნივთიერ სარბობასა და მიჰსცეს თავის თავი შეჩვენებასა, თანდევნასა, უბინაო ცხოვრებასა, რომ ხალხს ახარონ სიტყვა სიმართლისა, ძირს დაჰსცენ ძლიერნი მჩაგვრელნი ხალხისანი. მათ შორის ნამეტნავად გამოჩენილია გავაცცი. შეიძლებაღა განიკიცხოს იგი ბურბონების და იმათ მოღვაწეობის წინააღმდეგ ქცევისათვის? შეიძლებაღა დაგვაჯერონ, რომ გავაცცი თავის ქადაგებაშია უფრო

დაშორებულია ქრისტეს მცნებასა, ვიდრე ყურმოჭრილიყმა სამღვდელო, რომელიც ლოცავდა და ჰფარავდა ამდენ უსამართლოებას და უწყალობას ბურბონების დროს? ამბობენ, სიტყვა ქრისტესი არის სიტყვა მშვიდობისა სიყვარულისა და არა შურისძიებისა და წყევისა...

ხომ გავაცცის თავის ქადაგებაშია იყოლიებს ხალხსა სიყვარულისათვის და თანხმობისათვის; იგი თითქმის განსაკუთრებით ცდილობს შეიკავოს და დაიფაროს ბურბონების მოღვაწენი ხალხის გაბოროტებისაგან და რისხვისაგან. ის ძალად ჰყოფს იმათ და ყველაზედ უარესებს ეძახის „ჯალათებსა“, რომელნიც უნდა მოიყვანონ საერო სამთავროსა წინაშე და არ შეურაცხჰყონ კი და აწყენინონ უბრალოდ. მაგრამ, რომ მკაფიოდ, და სხარტედ ლაპარაკობს თვით ბურბონების წინააღმდეგად, არ უნდა დაივიწყოთ, რომ ის ლაპარაკობს იმათ გაგდების პირველ წუთებშია, როცა კიდევ ფრანჩესკოსა ჰყვანდა ჯარი; როცა კიდევ ყოველდღეE ემუქრებოდა ხალხს ისევ ნეაპოლში დაბრუნებასა. ამ შემთხვევაში, მაშასადამე, გავაცცი ძლიერის გამკიცხავად გამოვიდა, მაგალითები მაგგვარ კიცხვისა უანდერძნიათ ქრისტიანობისათვის ჯერ კიდევ ისრაელის წინასწარმეტყველებსა. თუ იგი უპატივცემულოდ ლაპარაკობდა პაპზედ და კარდინალებზედ, ისინი ხომ ღირსნი იყვნენ მაგისა, ამ შემთხვევაში გულის სირბილე იმათდამი უალაგო იქნებოდა: თვით იესო შოლტით გამოჰყრიდა ხოლმე იერუსალიმის ტაძრიდამ გამსყიდავთა და მსყიდველთა.

სხვანი აყვედრიან უფრო ზომიერებით კი გავაცცისა, რომ შეარცხვინაო სამღვდელოს და საეკკლესიო კათედრა იმ საგანზედ ლაპარაკით, რომელიც სრულებით სარწმუნოებას არ შეეხებაო. ამაზედ კიდევ შეიძლება პასუხისგება ამის ქადაგების შედარებითა იმათ ქადაგებასთან, ვინცა ამასა ამგვარად ჰკიცხავს. ძნელია კაცმა წარმოიდგინოს რამე იმაზედ უფრო უსიცოცხლო და წარტოლვილი, როგორიც არიან ჩვეულებრივი ქადაგებანი საკათოლიკე სამღვდელოსი. ისინი, მართალია, ლაპარაკობენ აღმატებულ და წმინდა საგნებზედა, მაგალითებრ, არაიშვიათად საკათოლიკე ეკკლესიის დოღმატებზედ, წმინდა სამების საიდუმლოებაზედ, ღვთისმშობლის უცოდველ შობაზედა, რომის ეკკლესიის წმინდანობაზედ – წინააღმდეგ ლუტერის გადგომილ სარწმუნოებისა, წმინდათა ცოდვილების შეწევნაზედ და სხვანი ამ გვ. მხოლოდ ესე სულ ერთიანად იკარგება უბრალოდ უფრო მეტნაწილი მსმენელთათვის, იმიტომ, რომ სრულიად ზედ არ ერთვის იმათ ყოფა-ცხოვრებასა, არ აღუძრავს არც ერთ კეთილ აზრსა, არც ერთ პატიოსნურ გრძნობასა. უფრო ხშირად საკათოლიკე სამღვდელონი კეთილზნეობაზედ ლაპარაკობენ: აქ კი, ისე უნდა გვეგონოს, რომ უნდა და ვალდებულიც არიან შეეხონ მოწარმოვე ცხოვრებასა, ჰსთქვან რამე „საერო“ საგანზედა იმისათვის მაინცა, რომ მსმენელების ყურადღება მიიზიდონ. მაგრამ ისინი სხვა გზაზედ მიდიან: ყოველდღე აიღებენ ხოლმე საგანს ცხოვრებისაგან წარტოლვილს, ლაპარაკობენ ეხლაც, როგორც ათასის წლის წინად ილაპარაკებდნენ, ცხოვრების ახალ საჭიროებასა კი სრულიად პირს არიდებდნენ. როცა მაგალითად, ვჰსთქვათ, ჰსჯიან სამოსლებზედ ანუ საჭმელზედა, მოჰყავთ ნათქვამი წმ. ავგუსტინესი ანუ თომა კემფელისა78, როგორც უკანასკნელი საბუთი – და მას შემდეგ ხელახლად მოჰყვებიან ძველს, ყველასაგან მოწყინებულს და ყველასაგან ორმოცდაათჯერ გაგონილს დარიგებასა: კრძალვაზედა, ზომიერებაზედ და სხვანი ამ გვ. საზოგადოთ: მარხვა, ლოცვა, სინანული წინაშე მოძღვრებისა, მოთმინება, თავდაბლობა – აი საყვარელი საგანი საკათოლიკე მქადაგებლებისა. ხანდისხან უფრო მაღალ ფარდებს დაჰკრავს ხოლმე მქადაგებელი: მაგალითებრ, მოუნდება თუ არა ლაპარაკი უმანკოებაზედ, მოჰყვება იმის დამტკიცებას, რომ, როგორ ასწორებს კაცსა ეგე ანგელოზთანა, როგორ პირდაპირ ღმერთთან მიიყვანს, მერე ის, რომ თვით გასაწმენდელსაც გზას ააქცევინებს, როგორ ამასთან ჰქრებიან სულ ყოველნი სათნოებანი და – ქადაგების ბოლოს კინაღამ წყევლასაც არ წამოურევს ხოლმე ქორწინებაზედ, ცოლქრმობაზედა, რომელიც იმათგან გაპატიოსნებულია, როგორც „ეშმაკის მაცდურება“, პირუტყვის მიმზიდველობა „ჩვენის უწმინდურის, ბილწი ხორციელების ცოდვა“ და სხ. ამ გვ. ეხლა ვკითხამთ, შეიძლებაღა მოელოდეს რამე ზნეობით სარგებლობასა ამგვარ სწავლისაგან, რომელნიც თავის თავსა თითონვე ართმევს ყოველს ცხოვრებითს აზრსა. თუ ესენი აღარ არიან მოსაწყენნი და შეუწყნარებელნი მარტო იმისათვის, რომ ამას იქით დაიჩემონ ტყუილი უცნაურობა.

ერთი რამ არის, მხოლოდ ერთი, რომელსაც ცხოვრებაში ყურადღებას არ მოარიდებენ ხოლმე მქადაგებელნი, – ეგ თავის საკუთარი სარფობაა. იშვიათი ქადაგება იქნება, რომ ან პირდაპირ ან გვერდ-გვერდად არა ჰსცემდეს იქა, რომ შესაწირავი უნდა საყდარს, ე.ი. იმის მსახურებსა. აქ მქადაგებელნი არა შიშობენ, რომ შეარცხვენენ მაგით კათედრასა. ხანდისხან მართალია, პირდაპირ არა ლაპარაკობენ ფულზედა, მაგრამ იტყვიან კი ხოლმე, მაგალითებრ, იმაზედ, რომა მაცხოვნებელია ამა და ამისათვის ამდენი და ამდენი წირვა, რომ ცოდვებისაგან დამსხნელია აღსარება და ინდულგეცია79 ... მერე კი ფარდას იქით ვაჭრობაც გაიმართება ხოლმე. მაგრამ კი უკანასკნელს წელიწადებში მთელი ქადაგებაები ითქმებოდა ხოლმე მარტო იმისთვის, რომ წმ. პეტრეს ეკკლესიის80 შესაწევრად ქრისტიანენი წააქეზონ და წაახალისონ, ამასთანავე, რასაკვირველია, უხსნიდნენ ხოლმე შესაწირავის დიდ ღირსებას ქრისტიანობის სათნოებათა შორის, ითქმოდა ხოლმე, რასაკვირველია, წმინდა პაპის მწუხარეობაზედაც, მოიწოდებოდა რისხვა და სასჯელი ღვთისა იმის მტრებზედა და სხ... ესე ყოველიფერი სულ ერთად, რომის ეპისკოპოზების აზრით, არ არცხვენდა კათედრასა და გავაცცის სიტყვები კი არცხვენდნენ!..

აბა რისთვისა? იმისათვის ხომ არა, რომ გავაცცი არა ლაპარაკობდა ისე, როგორც რომის კარი ბძანებდა? ანუ იმისთვის ხომ არა, რომ ებაასებოდა ხალხსა მდაბიურ ენითა ლათინურ სიტყვების შეურევლად, რომელიც ხალხისათვის გაუგებარია? გვგონია, არც ერთი და არც მეორე არ ამართლებდეს გავაცცის განმკიცხველებსა...

იმედი არის, რომ საკათოლიკე ბრძენთა აზრები დიდი ხანი ვეღარ იქნებიან გამარჯვებულნი მთელ და მართალ აზრებზედა. იტალიაში იმის საპოლიტიკო აღმოშობასთან ერთად ვრცელდება ჭეშმარიტი ცნობა ქრისტეს მცნებაებისა. ეხლა ბევრს ესმის კიდეცა, რომ ამ მცნებაების წარმომადგენელი არ უნდა მოინახოს რომის ეპისკოპოზების და აბბატების შორის, და სამღვდელოსთან საქმის დაჭერაზედ ხელს იღებენ. რაკი რომ იტალიის ნაციონალობა დამკვიდრდება რომშია, დაეცემა კიდეც უკანასკნელი ბოძი საკათოლიკო ობსკურანტობისა81, და თვით სამღვდელოცა რაკი ნახამს, რომ ეკარგება ფეოდალური82, უსამართლოდ შეძინებული უფლება და ამას იქით დარწმუნდება, რომ ვეღარც ხალხის მოტყუება შეეძლება, უთუოდ შემცირდება რიცხვით, მაგრამ ზნეობით კი ამაღლდება, რაკი ფეხს შესდგამს სამოქალაქო მოღვაწეობის სასარგებლო გზაზედ, რათა გაუტაროს და გადაჰსცეს ხალხსა მართალი, მრთელი და ჭეშმარიტად მარგებელი აზრები...

[1862 წ. ივლისი – 1863 წ. იანვარი.]

––––––––––––––––––

1. ნეაპოლი არის დიდი და მშვენიერი ქალაქი სამხრეთის იტალიისა. იყო სატახტო ქალაქი განსაკუთრებულის საკოროლოსი, რომელსაც ერქვა მისივე სახელი (ნეაპოლიტანის საკოროლო) და რომელიც 1861 წელში, შემდგომ გარიბალდის სახელოვან ლაშქრობისა, შეუერთდა იტალიის სახელმწიფოსა.

2 კარლო III იყო პირველი კოროლი ბურბონების დინასტიიდამ ნეაპოლიტანის საკოროლოში. ის მეფობდა ნეაპოლში 1733 წლიდამ 1759-მდე მას შემდეგ, რაკი მამა მოუკვდა, შეიქმნა ისპანიის კოროლად, სადაც დაირქვა სახელი კარლო III; მაშინ მან გარდასცა საკოროლო თავის მცირეწლოვან შვილს ფერდინანდოს I (1759-1825-მდე.)

3. ვიკტორ-ემმანუელი არის ეხლანდელი კოროლი იტალიისა. 1859-მდი მას ეკუთვნოდა მარტო სარდინიის სახელმწიფო; მაგრამ იტალიის მოძრაობის დროს, როცა სხვანი იტალიის ხელმწიფეები სდევნიდენ ხალხის პარტიას, ვიქტორ-ემმანუელი ფარავდა მას და ამავე დროს უფრო დაამკვიდრა თავის სახელმწიფოში თავისუფალი კონსტიტუციური მართებლობა. ამის გამო ის შეიქმნა საყვარელი ხელმწიფე და იმედი იტალიანელებისა, რომელთა, როდესაც გაყარეს თავის ხელმწიფეები, ამოირჩიეს ის შეერთებული იტალიის სახელმწიფოს კოროლად (1618 წელში).

4. ულტრამონტანებს ეძახიან იმ პირებს, კათოლიკის სარწმუნოებისას, რომელთაც უჭირავთ პაპის მხარე და სურთ გაძლიერება მის დაცემულ უფლებისა.

5. კორესპონდენტი ჰქვიან იმ კაცს, რომელიც რომელიმე ადგილიდამ ატყობინებს სხვადასხვა ამბებს გაზეთებს, ჟურნალებს, თუ ვინმე კერძოობით პირს.

6. სხოლასტიკა – მშრალი და უსარგებლო სწავლა.

7. პოპულიარობა ნიშნავს ხალხის სიყვარულსა რომელიმე პირისადმი, ხალხში გავარდნილს, კეთილ სახელს რომელიმე პირისას, ეგრეთვე სიადვილეს რომელიმე თხზულებისას ეს სუტყვა წარმოზდგება ლათინურის ლექსიდამ populous (ხალხი).

8. ფერდინანდი II იყო კოროლი ნეაპოლიტანის სახელმწიფოსი (1830-1859) მისმა სასტიკმა და მცბიერმა პოლიტიკამ ისე შეაძულა ხალხს მისი დინასტია, რომ უკანასკნელი მაგ დინასტიის წარმომადგენელი ფრანჩესკო გადააყენეს სამეფო ტახტიდამ და მერე იმისი საკოროლო შეაერთეს ვიკტორ-ემმანუელის თავისუფალ სახელმწიფოსთანა.

9. რადიკალურ პარტიას უწოდებენ იმ პარტიას, რომელიც ცდილობს მოახდინოს თავის ქვეყანაში საფუძვლიანი, ძირეული ცვლილებაები მართებლობისა. ეს სიტყვა წარმოებს ლათინურის ლექსიდამ radix რომელი ნიშნავს ძირს.

10. დანიელ მანინი იყო სახელოვანი პატრიოტი იტალიისა, რომელიც ირიცხებოდა თავიკაცად ვენეციაში 1848 წლის რევოლუციის დროს.

11. პალერმო და მესსინა არიან ქალაქები სიცილიის კუმძულზედ, რომელი ეკუთვნის ეხლა იტალიის სახელმწიფოს.

12. ჩვენ ერთ ჟურნალის კორრესპოდენციაში წავიკითხეთ, რომ გავაცცი ყოფილა ნეაპოლში ხალხის დღეობების დროს, საშობაოდ, რომელშიაც ღვთისმშობელი იყო მორთული ნაციონალურის ფერებითა, ყრმა იესო წითელ გარიბალდის პერანგითა; იოსებისათვის გაეკეთებინათ ვიკტორ-ემმანუელური ულვაშები, მოგვებსა ჰქონდათ საცმელი ბიქსიოსი, ფრანჩესკო II წარმოადგენდა იროდსა. კორრესპოდენტი (მეტად კეთილგონიერი) ამბობს, რასაკვირველია, თავზარდაცემითა, რომა რევოლუციამ ნეაპოლში ამ სახით მიაღწივაო უსამღთოეს საგნებამდინაცაო და, რასაკვირველია, დიდი ეჭვით შეაქვს გავაცცის და „სხვა გარიბალდის ხროვისო ამ საქმეში დიდ მონაწილეობაზედა.

13. ნეაპოლში იქმნება რამოდენიმე ათი ათასი მცხოვრები, რომელნი ისრე ღარიბნი არიან, რომ მათ არა აქვსთ სადგომი ბინა და ცხოვრებენ მათხოვრობით, თუ რამე წვრილის მუშაობით. მათ ეძახიან ლაძარონებს.

14. კაპუა არის ქალაქი სამხრეთის იტალიაში.

15. იმპრესარიო – თეატრის შემნახავი, უფროსი.

16. ვოლონტერი – მხედარი თავის ნებით შესული სამხედრო სამსახურში.

17. ევროპაში ჯარს, შედგენილს რომელიმე ქალაქის მოქალაქებისაგან, ეძახიან ნაციონალურ გვარდიას. ნაცია ნიშნავს ხალხს (ლათინურად natio ხალხი).

18. იმპროვიზაცია – სიტყვა, ქადაგება ანუ ლექსები, მოუმზადებლად წარმოთქმული.

19. ალარმისტი – კაცი, რომელი ჰყრის უსიამოვნო ჭორებს და იმით აშინებს საზოგადოებას.

20. ტრაკტატი – პირობა შეკრულობა ხელმწიფების შორის. ვერის და ვერონის ტრაკტატები იყვნენ წინააღმდეგნი იტალიის ერთობისა და თავისუფლებისა, ამისა გამო იტალიელებს ჰსძულდათ ეს ტრაკტატები.

21. ვანდალები იყვნენ ღერმანიის ტომის ხალხი, რომელი ბარბაროზულად აოხრებდა დასავლეთის რომის იმპერიის მაზრებს V საუკუნეში.

22. ნერონი, კალიგულა და ღელიოგაბალი იყვნენ სასტიკი და მოსისხლე იმპერატორები რომისა. ორნი პირველნი ცხოვრებდნენ პირველში, ხოლო უკანასკნელი III საუკუნეში ქრისტეს აქეთა.

23. ჩვენ ძალად გადავთარგმნეთ გავაცცის პირველ ქადაგების დასაწყისი იმისათვის, რომ ვაჩვენოთ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამაში სტატუებზედ ლაპარაკსა. როგორც ხედავთ იგი არ არის დაკავშირებული ქადაგების არსთანა და არის მხოლოდ ეპიზოდი შესავალში, სხვა არაფერი. ჰსჩანს, რომ თვით ორატორი დიდ მნიშვნელობას არ აძლევდა იმას, რაც დაემართებათ სტატუებსა, თორემ ის თავს აღარ დაანებებდა ამას ეგრე ადვილად, ნამეტნავად მაშინ, როცა ხალხი, როგორც ჰსჩანს, ძალიან მიდრეკილი იყო შეესრულებინა გავაცცის რჩევა. ეგ არაფერი კიდევ, – შეიძლება ვიფიქროთ კიდეც, რომ სტატუებზე წინააღმდეგი ლაპარაკი გამოათქმევინა წინადმავალ ხმებმა და მიდრეკილებამ, რომელიც ხალხში იყო ძალიან გავრცელებული. ხალხს ყოველთვის უნდა ხოლმე უსათუოდ, თუ არ თვითონ მტერი, იმის სტატუა მაინც, სახე იმისი, რომელიმე ნივთიერი საგანი, რომელზედაც შეეძლოს დაანთხიოს თავისი ჯავრი და მოიკლას შურის-ძიების წყურვილი. სიცილიაში სახსოვარი ბურბონების გაანადგურეს, ნეაპოლშიაც ხალხის ენტუზიაზმსა შეეძლო მიეღო მაგისთანავე მიმართულება. გავაცცი, რასაკვირველია, იმისთანა არ იყო, რომ დაეძრახა ეგ მოძრაობა, მაგრამ, როგორც ჭკვიან კაცს, ესმოდა იმას, რასაკვირველია, ისიცა რომა ამგვარ საქმეებისაგან არაფერი საკეთილო არ გამოვა იტალიის თავისუფლებისათვის. აი, რის გამო ისე ადვილად შეეხო ამ საგანსა და ისევ ისე სწრაფად და თითქმის უხერხოთაც დაანება თავი, როგორც შეუდგა თავდაპირველ. ეგრე არ იქცეოდა ხოლმე ის სხვა შემთხვევაში, როცა, მაგალითებრ, ლაპარაკობდა სენტელმოს სიმაგრეზედა. მაშინ კი იმან კაი რეზულტატამდინა მოახერხა საქმის მიყვანა.

24. ტრიუმფი გამარჯვების დღესასწაულობა, მხიარულება.

25. მარსალა არის ქალაქი სიცილიის კუნძულისა, ზღვის პირზედ. აქ გამოვიდა გარიბალდი თავის ვოლონტერებით 1860 წ., როცა დაიწყო ომი ნეაპოლიტანის მართებლობასთან.

26. ლეგიონი – გუნდი, ნაწილი ჯარისა; ესრეთ უწოდებდენ რომაელები თავის პოლკებს.

27. პიემონტი ჰქვიან ჩრდილოეთ იტალიის დასავლეთს ნაწილს. სარდინიის სახელმწიფოს სხვანაირად უწოდებდენ კიდევ პიემონტის სახელმწიფოს. ვენეცია არის ქალაქი ჩრდილოეთის იტალიაში.

28. კარლ-ალბერტი იყო სარდინიის კოროლი, მამა ვიკტორ-ემმანუელისა. მან მისცა თავისუფალი, კონსტიტუციური მართებლობა თავის სახელმწიფოს 1848 წელს.

29. კონსტიტუციას უწოდებენ იმნაირ წესს მართებლობისას, რომლითა ხელმწიფის უფლება გარეშემოზღრულია ხალხისაგან ამორჩეულ დეპუტატებისაგან.

30. ლომბარდია, რომანია და ტოსკანა არიან იტალიის მხარენი.

31. ვენეცია არის დიდი ქალაქი ჩრდილოეთის იტალიაში, ადრიატიკის ზღვის პირზედ. ეს ქალაქი ეხლაც ავსტრიელების ხელშია.

32. ლოზუნგი – პირობითი სიტყვა, რომელსაც აძლევს სარდალი თავის ჯარს ომიანობის დროს, რომ მეომრებმა ერთიერთმანეთი იმ პირობის სიტყვით იცნონ.

33. ალპებს ეძახიან დიდს მთებს იტალიის ჩრდილოეთის სამზღვარზედ, ლილიბეა-ქალაქია სიცილიაში. ადრიატიკას უწოდებენ ზღვას, რომელი არის იტალიის აღმოსავლეთის მხარეზედ.

34. თომა აქვინელი იყო სახელოვანი კათოლიკის ღვთისმეტყველი, სცხოვრებდა VIII საუკუნეში.

35. კროატები არიან ხალხი სლავიანის ტომისა, ისინი ცხოვრებენ ავსტრიის იმპერიაში.

36. ვილლა-ფრანკი არის დაბა ჩრდილოეთის იტალიაში. აქ, 1859 წ. შემდგომ იტალიის ომისა, მოხდა შერიგება ფრანცუზის იმპერატორის ნაპოლეონ II და ავსტრიის იმპერატორის ფრანც იოსების შორისა.

37. კონფედერაცია-კავშირი, შეკრულობა სახელმწიფოების ერთმანეთ შორის.

38. ევროპაში ბევრ ქალაქებს აქვთ თავისი საკუთარი წესდებულება, ისინი თვითონ მართვენ უფროსს ნაწილს თავის შინაგან საქმეებსა. ამ სიმართლეს ქალაქისას უწოდებენ მუნიციპალობას ანუ მუნიციპალიზმს.

39. პროვანსი და გასკონი არიან ფრანციის მხარენი.

40. გლაზგო და მანჩესტერი არიან დიდი ქალაქები ბრიტანიის (ანგლიის) სახელმწიფოში.

41. იდეა – აზრი, ფიქრი.

42. კაპიტოლია ჰქვიან ერთს გორას რომის ქალაქში.

43. მაკკიაველი იყო წარჩინებული იტალიანელი მწერალი XVI საუკუნეში.

44. სპარტა იყო ძველი საბერძნეთის ქალაქი, რომლის მცხოვრებნი ნაქებნი იყვნენ მხნეობითა.

45. ტირანობა – უკანონო და სასტიკი მოქმედება მართებლობისა.

46. Vivat (ვივატ) – ღმერთმა ადღეგრძელოს, გაუნარჯოს. Vivat არის ლათინური სიტყვა და ნიშნავს სიტყვასიტყვით – იცხოვროს; eviva იმასვე ნიშნავს, მხოლოდ იტალიანურად.

47. ჟესტი – ხელის მოძრაობა ქადაგების ან ლაპარაკის დროს.

48. სბირრებს ეძახიან იტალიაში პოლიციის დაბალ ჩინოვნიკებს.

49. საპყრობილენი არიან ნეაპოლში.

50. ვეზუვია არის ცეცხლი – მთოველი მთა ნეაპოლის ახლოს.

51. რეზერვუარი – წყლის შესანახავი აუზი.

52. მიაზმი – მავნებელი ოშხივარი, ხაშმი.

53. ვარეზესთან და კალატაფიმთან სიცილიაში გაიმარჯვა გარიბალდიმ; ამის გამო ის აქ არის წოდებული ვარეზეს და კალათაფიმის კაცად.

54. ბომბიჩელლო არის ზედწოდება ნეაპოლიტანის კოროლის ფრანჩესკოსი. ბომბიჩელლო ნიშნავს იტალიურად პატარა ყუმბარას. იტალიანელებმა დაარქვეს ფერდინანდო II „ბომბო“ (ყუმბარა) და მის შვილს ფრანჩესკოს ბომბიჩელლო (პატარა ყუმბარა), რადგანაც მათ ძლიერ უყვარდათ ყუმბარების სროლა და იმით თავის ქალაქების დანგრევა.

55 მადონნა იტალიურად ნიშნავს ღვთისმშობელს.

56. ავტონომია – თვითმართებლობა.

57. ტენდენცია – მიმართულება, მიდრეკილება. რესპუბლიკა ჰქვიან იმ ქვეყანას, სადაც არ არის ხელმწიფე და სადაც მართებლობა არის ხალხისაგან ამორჩეულ პირების ხელში.

58. რეაკცია – მოძრაობა წინააღმდეგ წარმატებისა.

59. დუენა იტალიურად ნიშნავს ქალბატონს, უმანკოების მფარველს.

60. გოთები ძველად იყვნენ ხალხი გერმანიის ტომისა. ერთნაირ არხიტეკტორას იმათგან ეხლაც უწოდებენ – გოთიკურს, აქ ამ სიტყვას (გოთიკური) აქვს მნიშვნელობა: ძველებური, უვარგისი.

61. რევოლუცია – ხალხის აღდგომა წინააღმდეგ მართებლობისა, მოძრაობა ხალხისა.

62. თეოლოგია ლათინურად ნიშნავს ღვთის მეტყველობას.

63. ბრეშია არის ქალაქი ჩრდილოეთს იტალიაში, ხოლო ფერრა და პერუჯია შუა იტალიაში.

64. პათმოსის მოხუცი – იოანე მოციქული, რომელი ერთ დროს იყო შეპყრობილი პათმოსის კუნძულზედ, არხიპელაგოსის ზღვაში.

65. ორეოლი – სხივი ხატის გვირგვინისა; დიდი სახელი, დიდება.

66. ნეაპოლში წმ. იანუაროს ანუ ჯენნაროს ეკკლესიაში ღვდლები აჩვენებენ შუშას, რომელშიაც ვითომც იყოს სისხლი წმ. იანუარისა. კათოლიკის ღვდლები არწმუნებენ ხალხს, ვითომც ამ წმიდის დღეობას ის სისხლი თხელდებოდეს.

67. რომ არ ასრულდა სასწაული (გათხელება წმ. ჯენნაროს სისხლისა) მიღებული იქმნა ცის რისხვათა და შეეძლო მოეხდინა რამე არეულობა. ჯერ კიდევ 1799 წ. სამღვდელომ აღარ მოინდომა სასწაულის მოქმედება, როცა ნეაპოლში შამპიონნე შემოვიდა; მაგრამ შამპიონემ აღუთქვა არქიეპისკოპოზის დახჩობა, თუ ხუთმეტ წუთს უკან სასწაულს არ მოახდენენ, – და მართლათაც მოახდინეს. ავტ.

68. იაკობინელები იყვნენ წევრნი ერთის საზოგადოობისა, რომელი სასტიკად მოქმედობდა დიდი ფრანციის რევოლუციის დროს.

69. გავაცცის კილომ არ უნდა შეგვაცდინოს ჩვენა: ნეაპოლიტანელებს საზოგადოდ უყვართ წმინდანებთან ისე მეგობრულად მოქცევა. ავტ.

70. ემინენცია არის ტიტული ანუ ხარისხი კათოლიკების ეპისკოპოზებისა და კარდინალებისა, ედარება ჩვენს სიტყვას უსამღვდელოესი.

71. კარდინალობა არის ხარისხი კათოლიკის სამღვდელოებაში.

72. Galantuomo იტალიურად ნიშნავს კოხტა, საერო კაცს.

73. კონკორდატი – პირობა სარწმუნოების შესახებ საქმეებზედ პაპის და ხელმწიფეების შორის.

74. აბბატი – წინამძღვარი კათოლიკის მონასტრისა.

75. დოღმატი, რომელიც ეხლა ხან მიიღო საკათოლიკე ეკკლესიამ, რომ ღვთისმშობელი უცოდველად იშვაო ანნასაგან.

76. ანარხია – უმართებლობა, უთაურობა. – აგიტაცია ან აგიტატორობა – მოძრაობა, არეულობა ხალხისა.

77. შანსი – შეძლება გამარჯვებისა, თუ დამარცხებისა, საქმის მოგებისა, თუ წაგებისა.

78. თომა კემფელი იყო ღვთისმეტყველი კათოლიკის ეკკლესიისა; სცხოვრებდა XV საუკუნეში.

79. ინდულგენციას ეძახიან რომის ეკკლესიაში ცოდვის მოტევებას.

80. წმ. პეტრეს ეკკლესია ე. ი. რომის ეკკლესია

81. ობსკურანტი – კაცი წინაღმდეგი ახალი მოძრაობისა, რომელსაც დრო მოითხოვს; უგუნური, სიბნელის და გაუნათლებლობის მოყვარე. წარმოსდგება ლათინური სიტყვიდამ obscurus რომელი ნიშნავს ბნელს.

82. საშვალო საუკუნოებში დასავლეთის ევროპაში მიწის მფლობელობაში იყო წესი, რომელსაც აქვს მგზავსება ჩვენს წესთან. მიწა გლეხებით ეკუთნოდა ვასსალსა, რომელი იყო დამოკიდებული უმაღლეს ვასსალზედ. ეს უკანასკნელი თავის მხრით ემორჩილებოდა კოროლსა. ამნაირ წყობილებას უწოდებენ ფეოდალურ წესს. 

 

 მამა ალექსანდრე გავაცცი და მისი ქადაგება

ნაბეჭდი: ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, 1863 წ., №1., გვ.: 88-144.

სათაურის ქვეშ: (დობროლიუბოვის თხზულებიდამ)

პირველად იბეჭდება „საქართველოს მოამბეში“გამოქვეყნების შემდეგ.

თარგმანი ილიასეულად აკაკი კენჭოშვილმა მიიჩნია. (ა. კენჭოშვილი, დობროლიუბოვი და ი. ჭავჭავაძე „ლიტერატურული გაზეთი“, 1954 წ., 30 ივლისი). მან ყურადღება გაამახვილა ილიასათვის დამახასიათებელ გამოთქმებზე, ამ თარგმანში გამოყენებულ სიტყვიერ მასალაზე (ხავსმოკიდებული. დამყაყებული, გუბე, ლექი და ა. შ.). ეს მოსაზრება გაიზიარეს ალ. კალანდაძემ (ალ. კალანდაძე, „საქართველოს მოამბე“, 1963 წელი, გვ. 52-53.) და გურამ შარაძემ (გ. შარაძე, ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და შემოქმედება. წიგნი I, თბილისი, 1987 წ., გვ: 198-199).

დობროლიუბოვს ეს სტატია დაუწერია მძიმე ავადმყოფობის დროს, 1861 წელს, საზღვარგარეთ საექიმოდ ყოფნისას. თხზულებაში გადმოცემულია ჯუზეპე გარიბალდის ერთგული თანამოაზრის – სასულიერი პირის – გავაცის ქადაგებანი. ავტორმა სტატია „სოვრემენნიკში“ დასაბეჭდად წარადგინა, მაგრამ ცენზურამ არ გაუშვა. 1862 წელს ნეკრასოვმა და ჩერნიშევსკიმ დობროლიუბოვის თხზულებათა ოთხტომეული გამოსცეს. ეს წერილი შეიტანეს IV ტომში, რომელიც ცენზურის მიერ ნებადართულია 1862 წლის 28 ივლისს. ალ. კალანდაძე აღნიშნავს, რომ თხზულება ცალკე წიგნადაც გამოიცა. ქართული თარგმანი დაიბეჭდა ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ 1863 წ. პირველ ნომერში, რომელიც ცენზურის მიერ ნებადართულია 1863 წ. 12 იანვარს. ამდენად ილიას ამ ნაწარმოების თარგმნა შეეძლო 1862 წლის ივლისიდან 1863 წლის იანვრამდე.

ილიასეულ თარგმანს უფრო თავისუფალი შეიძლება ვუწოდოთ. მეტად ფასეულია ილიასეული კომენტარები. რუსულ ტექსტში 10-მდე შენიშვნაა, ხოლო ქართულში – 80-მდე. შენიშვნები აშკარად ქართველი მკითხველისათვისაა გამიზნული; შეფარდებულია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის კონკრეტულ ამოცანებთან, მკითხველის ინტერესებთან. ახსნილია გაუგებარი, უცხო სიტყვები, შედგენილია ტევადი პირთა საძიებელი. განმარტებები (მაგ.: ნაციონალური გვარდია, კონსტიტუცია, ლოზუნგი, იდეა, კონფერენცია, აგიტაცია, რესპუბლიკა, იაკობინელები, სქოლასტიკა, ოპსკურანტი, ტირანია) ემსახურება იმდროინდელი ქართული სინამდვილის განახლების, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მომზადების ძირეულ ინტერესებს.

ვფიქრობთ, ეს თარგმნილი ნაწარმოები ეხმიანება ილიას მსოფლმხედველობრივ პოზიციებს. ცნობილია ილიას ინტერესი იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და მისი ლიდერის ჯუზეპე გარიბალდის მიმართ. ასევე: „გლახის ნაამბობისა“ და „განდეგილის“ ავტორისათვის ახლობელი და განსასჯელი იქნებოდა საზოგადოებისა და პიროვნების (ამ შემთხვევაში სასულიერო პირის) ურთიერთობის საკითხი, რომელიც აღნიშნული პროზაული თარგმანის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა.