The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


იანჩარი

იანჩარი

აგერ რაზმიდამ ისკუპა ყარაბაღულმა მერანმა,
შორსა გაჰფანტა თრთოლით ხმა მისმა რახტისა ჟღერამა ...
მიჰქრის, მიფრინავს, მიჭექავს, უკან მისდევს მტვრისა ბუქი,
მასზედ ჰზის ივერიელი ჭაბუკი ვინმე ჩაუქი.
აგერ უეცრად რაღაცამ ჰაერში გაიკრიალა,
თურმე, მან თოფი თავისი შეაგდო, შეატრიალა,
მერე ლამაზად ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ გადმოწვებოდა,
ხან ცხენიდამა ხტებოდა, ხან ზედვე შეჰფრინდებოდა.
შვენოდა იგი ჭაბუკი ცხენზედა, ვით ალვა რგული,
მაგრამ მე, მის მჭვრეტელს, ნაღვლით ამერია სული, გული...
ვსთქვი თუ: ვისთვის შენ კისკასობ, ვისთვის იჩენ სიმარდესა?
შენი რაა, რომ ამშვენებ შენს დამღუპველს ოსმალეთსა?
შენს სიმარდეს, სიჩაუქეს ქართლი შენი არ დაჰყურებს,
მეფე შენი თავის ქებით ჭაბუკს გულს არ გიხალისებს!..

5 ნოემბერი, 1860 წ.
პეტერბურგი.

 

ხელნაწერი:

U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 132 (B).

ნაბეჭდი:

ჟურნ. «საქართველოს მოამბე», 1863, № 3, გვ. 47 (C); ჩონგური, შედგენილი კ. ლორთქიფანიძისაგან, ს. პეტერბურღი, 1864, გვ. 119 (D); «კრებული», წიგნი მე-7, ტფილისი, 1872, გვ. 137 (E); თხზულებანი

ილია ჭავჭავაძის ა, I, ტფილისი, 1892, გვ. 92 (A); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემე მე-2, ტფილისი, 1892, გვ. 113 (F); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-4, ბათომი, 1900, გვ. 134 (G); გაზ. «ივერია», 1904, № 150, გვ. 2 (H); ლექსები

ილია ჭავჭავაძის ა, მაღ. «ცოდნის» გამოცემა, ტფილისი, 1904, გვ. 35;

ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები, წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, № 80, ტფილისი, 1907, გვ. 13; იგივე გამოცემა, № 81, გვ. 20.

სათაურის ქვეშ:

ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა E.

თარიღი:

1860 A; 5 ნოემბერი, 1860 წ., პეტერბურგი B; ნოემბერს, 1860 C; ნოემბერი, 1860 D.

ხელმოწერა:

*** D; ი. ჭავჭავაძე H; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) F. B-ში თავდაპირველად სათაურად ეწერა «კანვოელი», ავტორს გადაუხაზავს და ქვეშ დაუწერია ახალი სათაური: «იანიჩარი».

1. რაზმიდამ] რაზმიდან E. 2 მისმა] მისსა BC. 4 ჰზის] CBDEF; B-ში «ვინმეს» ნაცვლად ჯერ ეწერა «ლაღი», გადახაზულია. 5 რაღაცამ] რაღამაც D. 7 ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ ~ F. 8 ცხენიდამა] ცხენიდანა H. 11 იჩენ] აჩენ BCDE. 12 რომ] რო B-ში, ნაცვლად სიტყვებისა «შენს დამღუპველ ოსმალეთსა». ჯერ ეწერა: «შენით ბნელსა ჩრდილოეთსა», გადახაზულია.

1872 წლის «კრებულში» (E) ლექსს ბოლოში დართული აქვს ნიკ. დიმიტრიძის (ნიკ. ყიფიანის) განმარტება: «იანიჩარს ოსმალეთში ეძახდნენ უცხო ქვეყნის კაცს, ოსმალეთის ჯარში შესულს, რომელიც ხვანთქარს ემსახურებოდა. იანიჩარებში ერივნენ სხვათა შორის ქართველებიც. ქართველი იანიჩარი, ჩვენი ქვეყნიდამ ოსმალეთში გადავარდნილი, უნახავს პოეტსა და გამოუხატავს მშვენიერი ლექსით»...

1904 წელს გაზ. «ივერიაში» დაბეჭდილი ლექსი ჩართულია ა. ფრონელის (ალ. ყიფშიძის) წერილში «ნახული და გაგონილი», რომელშიც ლაპარაკია საქართველოდან გადახვეწილ ქართველებზე, მათ სარწმუნოებაზე და ბოლოს ავტორი დასძენს: «აბა მოისმინეთ, რა სევდა მოსწოლია პოეტს, ქართველი იანიჩარი რომ უხილავს», - და ქვემოთ მოაქვს ლექსი ავტორის ხელმოწერით.

რამ დააწერინა სინამდვილეში ილიას ეს ლექსი? როგორც B ავტოგრაფიდან ჩანს, ლექსი დაწერილია 1860 წელს, პეტერბურგში. რაკი ამ ლექსს ავტორი პეტერბურგში წერს, სავსებბით მართებულია ის მოსაზრება, რომლის თანახმადაც, პეტერბურგში ყოფნის დროს ილიას შეეძლო ენახა «კონვოელები», რომლებშიც ქართველი თავად[1]აზნაურებიც ერივნენ და იქ მიღებული შთაბეჭდილებით დაეწერა ეს ლექსი. (იხ.

ილია ჭავჭავაძის თხზულებანი, ტ. I, მიხ. გედევანიშვილის გამოცემა, 1914, შენიშვნა გვ. VIII; ილია ჭავჭავაძე, ტ. I, 1937, პ. ინგოროყვას რედაქციით, გვ. 744). ამას გვიდასტურებს ავტოგრაფის თავდაპირველი სათაურიც - «კანვოელი», რომელიც ავტორს შემდეგ გადაუხაზავს.

1925 წლის გამოცემაში გათვალისწინებულია ავტორის ბოლო ნება და ლექსის სათაურად «იანიჩარია» დაბეჭდილია; 1937 წელს გამოცემულ I ტომში აღდგენილია ლექსის თავდაპირველი სათაური «კანვოელი», თუმცა 1951 წლის გამოცემაში კვლავ«იანიჩარია». «ლექსი ილიას სიცოცხლეში ასეთი სახით იბეჭდებოდა, ჩვენც ეს უკანასკნელი რედაქცია დავტოვეთო» - წერს პ. ინგოროყვა (იხ. ი. ჭავჭავაძე, თხზ., ტ. I, 1951, გვ. 387). ამავე სათაურით დაიბეჭდა ლექსი 1914 წელს, მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაშიც (გვ. 66).

რადგანაც პოეტმა ავტოგრაფში თვითონ გადახაზა სათაური «კანვოელი» და ლექსს «იანიჩარი» უწოდა, ჩვენც ამ სათაურით შეგვაქვს იგი წინამდებარე ტომში.

ლექსს ვათარიღებთ ავტოგრაფის მიხედვით.