The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


უბინაო კაცი ნუიორკში
უბინაო კაცი ნუიორკში

უბინაო კაცი ნუიორკში*

I

ეს ამბავი მოხდა ერთს ზამთრის ცივ ღამეში. გარშამო ძალიან ბნელოდა, მხოლოდ განიერი კიბე სტეინ-უეი-გოლლისა გაჩაღებული იყო. ქუჩის ბიჭები ბუზსავით ირეოდნენ ამ კიბესთან და თვალით აცილებდნენ მორთულს ხალხს, რომელიც ამჟამად კონცერტიდამ გამოდიოდა. ამ მორთულს ხალხში ერია ფილიპე ტეტლოუ თავისის ცოლით; არც ცოლი და არც ქმარი სრულიად არ მოელოდნენ მას, რაც ბოლოს შეემთხვათ.

ფილიპე ტეტლოუ ოცდაათის წლის კაცი იყო, დამჯდარის კაცის სახისა; ხოლო როცა იამებდა რამე ან თანაუგრძნობდა რასმეს, სახე გაუცოცხლდებოდა, როგორც ბაშვსა. არ იყო დიდის შეძლების კაცი, დღე-დღეურად ჰსცხოვრებდა მით, რასაც თავისის ჭკუით და ხელობით შოულობდა. ძალიან იშვიათად გამოიმეტებდნენ ხოლმე ცოლ-ქმარნი ფულს იმისთანა შექცევისათვის, როგორც კონცერტია; მაგრამ იმ ღამეს კი როგორღაც გაებედნათ წასვლა კონცერტში, რომლის გათავების შემდეგ მოდიოდნენ შინ კმაყოფილებით სავსენი. მუზიკას ისეთს აღტაცებაში მოეყვანა ცოლ-ქმარნი, რომ მარტო მაშინ იგრძნეს თოვლი მოდისო, როცა მიაწიეს მეთოთხმეტე ქუჩის ყურემდინა. გაიარეს ერთი ქუჩა კიდევ და დაიწყეს ლოდინი კაბრიოლეტისა, რომელსაც იგინი შინ უნდა მიეყვანა, მაგრამ კაბრიოლეტი არსაით ჩნდა. მაშინ ცოლ-ქმართა გასწიეს ფეხით შინისაკენ და გაუსწორდნენ ერთს ოქრომჭედლის მაღაზიასა, რომელიც ამჟამად დაკეტილი იყო. ამ მაღაზიის გასწვრივ ღვინის სარდაფი იყო და იქიდამ სინათლე ჰსცემდა ქუჩის პირს და ანათებდა თოვლ-ჭყაპისაგან მოგუბებულს აქა-იქა წუმპეებსა. აქ, ამ სინათლეზედ, ტეტლოუმ თვალი შეასწრო, რომ ვიღაც კაცია ატუზვილი. ამ კაცს ჭაღარამორეული წვერი ჰქონდა და გახვეული იყო ვიწრო წამოსასხამში, რომელიც დასველებოდა თოვლისაგან. ამ კაცმა რაღაც წარმოსთქვა დაბლა და შესაბრალისად. ტეტლოუ მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ მოწყალებას სთხოვდა, როცა ამ კაცს გასცილდა; ხოლო გულმა ტკივილი დაუწყო და უთხრა ცოლს:

– მე ძალიან მინდა ის კაცი ისევ ვნახო, – და დაიწყო ჯიბეში რაღაცის ძებნა.

– გინდა და წადი, ჯერ ხომ გვიან არ არის? – უპასუხა ცოლმა.

ორივ როგორღაც გაუბედავად შეჰყურებდნენ ერთმანეთს, ასე გონია, თვის მოქმედებას ვიღასაც უმალავენო. მართალია, ვისმეს რომ ამათი შემოსავლ-გასავლის ანგარიში ენახა, ანუ ამჟამად რომ შეჰსწრებოდა ერთი ვინმე მაღლის ზნეობის ნაცნობთაგანი, გულს დაუთუთქავდა მწარეს რჩევითა და დარიგებითა, მაგრამ გულის სიკეთემ თავისი ჰქმნა და ტეტლოუ მოუბრუნდა მთხოვარასა.

აბურძგნულმა, თავიდამ ფეხამდე დასველებულმა ადამიანის აჩრდილმა ჩამოართო მოწყალება ისე, თითქო ჰსცხვენიანო და წაიბუტბუტა რაღაცა მადლობის მგზავსი. ტეტლოუს ძალიან იამა, რომ პასუხად არ მიიღო ჩვეულებრივი: „ღმერთმა სამაგიერო გადაგიხადოს“. ხოლო როცა მოვიდა ცოლთან იმ მორცხვობითა, რომელიც თან მოჰყვება ხოლმე ჭეშმარიტს კეთილს საქმეს, უეცრად მოესმა უკანიამ ფეხის ხმა. ტეტლოუმ უკან მოიხედა. მის წინ იდგა ის ადამიანის აჩრდილი.

– მომიტევეთ, მოწყალეო ხელმწიფევ, მაგრამ უნდა...

ამ სიტყვებს ზედ დაერთო სხვა გაუგებარი სიტყვებიცა. ცეტლოუმ მხოლოდ ის გამოარჩია ამ ლაპარაკიდამ, რომ მთხოვარა რაღასაც ჰკითხავს. ბოლოს მოესმა სიტყვაც: „შეცდომით“.

– როგორ თუ შეცდომით? – მკითხა გეტლოუმ.

– თქვენ არ მიბოძეთ ეხლა მე ნახევარ დოლარი?** – უთხრა პირდაღვრემილმა ბოგანამ, რომელიც ცდილობდა სიცივისა და შიმშილისაგან თრთოლა შეეკავა.

– სწორედ, – უპასუხა ტეტლოუმ: – იქნება ნაკლები მოგეცი სიბნელეში, ხოლო სურვილი კი მაგდენის მოცემისა მქონდა.

– სურვილიო? – გაიმეორა საწყალმა აკანკალებულის ხმითა, – მე მხოლოდ ეგ უნდა შემეტყო, იმიტომ რომ ჩემს დღეში მე არ შემმთხვევია ამის მგზავსი რამ.

აქ ხმა გაუწყდა უბედურსა, ეტყობოდა გულის ღელვამ სიტყვა მოუჭრა. ტეტლოუც ისე გაოცებული იყო, რომ ხმა ვეღარ ამოიღო.

– დიახ, მოწყალეო ხელმწიფევ, – განაგრძო სიტყვა იმ უცნაურმა ადამიანმა; – ჩემს დღეში არ შემმთხვევია! დიდი ხანია, – ვაი ჩემს თავს, – რაც მე მოწყალებას ვთხოულობ ამ ქუჩებში, მაგრამ ჩემს დღეში ჩემთვის ორი შაურის მეტი არავის მოუცია. ამის გამო მინდოდა შემეტყო, შეცდომით ხომ არ მოგივიდათ. იქნება ბნელაში ვერ გაიგეთ და მეტი მიბოძეთ.

ხმაამოუღებლივ ორივემ ერთმანეთს ყურება დაუწყეს. მთხოვარის სახე თავის დღეში არსად არ ენახა, მაგრამ ისე კი მოეჩვენა, თითქო ეს ფერმკრთალი სახე, რომელიც თვალწინ ედგა ამ ბნელა-ბუქში, უფრო ახლოდ ნაცნობია, ვიდრე სხვა ვისიმე სახე ქვეყანაზედ. რამდენისამე წუთის განმავლობაში ის სახე ისე დაისწავლა, რომ დარწმუნებული იყო, თავის დღეში აღარ დაავიწყდებოდა.

– ყმაწვილო კაცო, – უთხრა უბინაო ბოგანამ, თითქო თავის თავს ძალას ატანსო, – თქვენ ათასში ერთი ყოფილხართ. თქვენ ჩემს ცხოვრებაში დიდი კვალი დააჩნიეთ.

როცა იგი ლაპარაკობდა, მთელი მისი სახე მეტყველებდა ერთ რაღაც უპირატესობას, რომელიც დიდი ხანია დაჰკარგოდა, იგი უპირატესობა გამოჰკრთა მის მაღალ და ცოტად მოხრილ ტანშია, გამოჩნდა მის დაძონძებულს და შესაბრალისს ტანისამოსშია, გამოითქვა მის მიბერებულს და წვალებით მოქანცულს სახეზედა.

– თქვენ ჩემ ცხოვრებაში დიდი კვალი დააჩნიეთ, – განიმეორა კვლავ უბედურმა.

ტეტლოუ, გაჩერებული თავის ცოლის ახლო, ჰკვირობდა ყოველს ამას. ამისთანა უცნაური, არაჩვეულებრივი ამბავი აოცებდა მას. არ იცოდა, რა პასუხი მიეცა და იდგა ისე, თითქო მიკერებულიაო იმ ერთს ადგილს რაღაც უცნაურის გრძნებითა, რომლისაგანაც თავი ვერ დაეხწია.

როცა ის უბედური ლაპარაკობდა, ტეტლოუმ შეამჩნვა, რომ ლოყებზე საწყალს წყალი წურწურით ჩამოჰსდიოდა, რადგანაც სულ სველი იყო თოვლისაგან. ეხლა კი შეატყო, რომ მთხოვარის თვალში სხვა რიგი სისველეა. ცრემლი ჰსდიოდა დამჭკნარს სახეზედა. ტეტლოუს გული ამოუჯდა და გაუწოდა უბედურს ხელი.

– მადლობელი ვარ, მადლობელი, – წარმოჰსაქვა მთხოვარამ და ჩამოართო გრძნობით ხელი; საწყალს, დიდის ხნის მარტოობისა გამო, დავიწყებოდა კიდეც მეგობარი მეგობარს ხელს როგორ უჭერს: – მეყოფა, მე არა მსურს, რომ ამაზე მეტად მოგაცდინოთ თქვენ და თქვენი მეუღლე.

ამ სიტყვაზედ საწყალმა თავი დაუკრა, თუმცა როგორღაც უხერხოდ, მაგრამ ისეთის გრძნობით და გულწრფელობით, რომ ტეტლოუსის ახალგაზრდა ცოლს გული ამოუჯდა. მერე რამდენიმე ფეხით უკან დაიწია და თვალი კი ვერ მოაშორა ცოლ-ქმარს.

– მე ძალიან ბედნიერი ვარ, – უთხრა თავდაბლად ტეტლუმ, – რომ ცოტათი მაინც თქვენი სამსახური შევიძელ.

ამის თქმაზე თვალი შეასწრო ღვინის სარდაფს და მაშინვე დაუმატა: – მაგ ფულს სასმელზედ ნუ დახარჯავთ.

– მაგაზე ნუ შეჰსწუხდებით, – უპასუხა გლახაკმა ისეთის ნელის ხმითა, თითქო აჩრდილად იქცაო და გასწია.

– ღამე მშვიდობისა, – მიჰსძახა ტეტლოუმ.

– ღამე მშვიდობისა, – განუმეორა აჩრდილმა. – მე თავის დღეში არ დავივიწყებ...

ამ დროს კაბრიოლეტიც მოვიდა, ცოლ-ქმარნი ჩაჰსხდნენ და წავიდნენ.

იმ ღამეს ტეტლოუს ძალიან გვიან დაეძინა. გული ჰსტკიოდა იმ ბოგანოსადმი სიბრალულითა. ამ სიბრალულს ხანდისხან ზედ დართოდა რაღაც გაცოფებული სასოწარკვეთილებაცა იმის მგზავსი, რომელსაცა ჰგრძნობს ხოლმე უბედური, დაშთომილი უმწედ, უნუგეშ და ცის ანაბარად. რამდენიმე დღეს შემდეგ, როცა ეს ამბავი გულიდამ გადაუვარდა კიდეც ტეტლოუს, იგი ძალაუნებურად შევიდა ბიბლიოტეკაში წიგნებისა და გაზეთების საკითხავად. ზამთრის ღამეებში იქ მეტად ჭრელი საზოგადოება იკრიბებოდა ხოლმე.

იმ წამს, როცა ტეტლოუმ გაათავა კითხვა გაზეთებისა და გამოსვლა დააპირა, ერთმა დაგლეჯილს ტანისამოსში შეხვეულმა კაცმა მიიპყრო იმისი ყურადღება. შეკრთა ეს ყმაწვილი კაცი, როცა იმ დაგლეჯილს ტანისამოსში იცნო იგი, რომელიც კარგა ხანია დავიწყებისათვის მიეცა. ეწყინა, რომ ხელახლად შეხვდა და ამ შეხვედრამ აუმღვრია სინიდისი... ტეტლოუ შედგა, რომ პირისპირ არ შეჰყროდა მთხოვარას, რომელიც ამ დროს კარებისაკენ მიდიოდა. ამავე დროს შეაჰნიშნა, რომ პოლიციის მოხელეს, კარებში მდგომს გუშაგად, დიდის ყურადღებით თვალი ეჭირა მთხოვარაზედ.

– აი, კარგი შემთხვევა, – იფიქრა ტეტლოუმ: მე ვკითხავ, იცნობს თუ არა მაგ მთხოვარას.

ზორბამ, მხარბეჭიანმა პოლიციის მოხელემ მოიბრუნა კისერი, როცა ტეტლოუმ მთხოვარის ვინაობა ჰკითხა.

– ვიცნობ იმას თუ არა? – უპასუხა მოხელემ. – რასაკვირველია, ვიცნობ იმოდენად, რამოდენადაც შეიძლება ამგვარის წყალწაღებულების ცნობა. ეგ ბატონი აქ ყოველ დღე მოდის ხოლმე, თუ სადმე სხვაგან არ დაეთრევა ავის საქმისათვის.

– ლოთი ხომ არ არის? – ჰკთხა ტეტლოუმ.

– მგონია, რომ ლოთი უნდა იყოს, – წარმოჰსთქვა უგუნურად პატივცემულმა წესისა და რიგის დამცველმა. – მე ეგ არსად არ შემხვედრია, თუ არ აქ. აქ არა სვამს, მაგრამ ჰსჭამს კი ხოლმე. დიაღ, ბატონო, განაგრძო მან რაკი შეატყო, რომ მისი მსმენელი ყურადღებით უსმენს ლაპარაკსა, მაგ კაცს იმოდენად დავიწყებული აქვს ყოველივე მართებულები, რომ აქ მოდის ხოლმე საჭმელად. აქ, როგორც ხედავთ, საზდოა ჭკუისათვის და მაგ ბატონმა კი ეს ადგილი დუქნად გადააქცია. ის ჩემ თვალწინ მთელს დღეებს ატარებს აქ დიდ სიცივეებში და ერთი ფურცელი წიგნისა კი არ გაუბრუნებია თავის დღეში. მოვა ხოლმე და ჯდება თავის დაგლეჯილის ტანისამოსით და შუადღის დროს ამოიღებს ხოლმე ჯიბიდამ რაღაც ქონსა და იცოხნება... მურტალი ცხოველია! ერთხელ მთელი ნაჭერი ქონისა გამოვარდა პირიდამ და ქაღალდი გასვარა. მე მაშინ ვუთხარი, რომ აქ სიარული დაიშალოს და მეგონა, მართლადაც დაიშლის მეთქი, რადგანაც ჩემი სიტყვა გულს მოხვდა და იწყინა. მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, რა თვით რჯული ხალხია მაგგვარი ხალხი. ჯანაბას მაგათი თავი! მე ძალიან ადვილად გავაბრძანებდი აქედამ მაგას და ერთს ორიოდე სხვასაც, მაგრამ მე მაგოდენა მოვალეობა არა მაქვს...

– დღეს ესე ადრე რად წავიდა აქედამ? – ჰკითხა ტეტლოუმ კრთომითა და თითონა ეშინოდა ამ მომეტებულის ცნობისმოყვარეობის გამო მეც გარედ არ გამაბრძანოს ამ ულმობელმა მოხელემაო.

– იმიტომ, წამოიძახა მედიდურის სახით მოხელემ, – რომ მაგ ვირმა მოთმინებიდამ გამომიყვანა; მე მივედი და ვუთხარი: „ყური მიგდეთ, ჯონნი, მაგგვარად ქცევა აქ არ შეიძლება. თქვენ უნდა გახვიდეთ აქედამ, თუ არა და მე თვითონ გაგიყვანთ. მე მგონია თქვენთვის უკეთესი იქმნება, რომ აქედამ უჩემოდ გაბრძანდეთ“. ეს სიტყვები საკმაო იყო, რომ ის აბარგებულიყო და წაბრძანებულიყო. მაშინვე აიბარგა და გასწია იქით, საცა ჰსცხოვრებს.

– განა სადა ჰსცხოვრებს? – ჰკითხა ტეტლთუმ.

– გადახსნილის ცის ქვეშ.

– როგორ თუ ცის ქვეშ?

– დიაღ, ისე, ცის ქვეშ, ქუჩაში. მაშ, რა უყოს კაცმა მაგ ეშმაკსა და ქაჯსა? საპყრობილეში ხომ ვერ ჩავაგდებთ.

– რასაკვირველია, – უპასუხა ტეტლოუმ და მოხელეს სიტყვა მოუწონა, მაგრამ ვაი მაგ მოწონებასა!.. გულის ტკივილი, სიბრალული, რომელსაც იგი იგრძნობდა რამდენსამე ღამეს, როცა ფიქრობდა იმ უბედურს კაცზე, ხელახლად მოაწვა გულზე. ტეტლოუ წამოვიდა იქიდამ იმ იმედით, რომ დაეწევა საწყალსა, მაგრამ ხმაამოუღებელი, შესაბრალისი ადამიანი იგი ვეღარსად შეხვდა. ტეტლოუ მივიდა შინ გულნაკლულად.

„საპყრობილეში ხომ ვერ ჩავაგდებთ!“ – ფიქრობდა იგი და იმეორებდა მოხელეს სიტყვას. – მართალია, მართალი!... მაგრამ რა ძნელი სათქმელია, ცის ქვეშ... ქუჩაში ჰსცხოვრებსო! ცოტაღა უნდა, რომ აქედამაც ჭიტლაყი ჰკრან... და მაშინ იგი აღარ იქნება არსად... ვიშ! რა კარგად არის მოგონილი, რომ ქვეყანაზედ ქუჩებია... ქუჩები რომ არ იყოს, რა უნდა გვექნა ამოდენა უბედურ ადამიანის შვილებისათვის, რომელთაც არც არა რა აქვთ და არც არა ვინ ჰყავთ. მაშინ ის უბედურები ან უნდა ჩაგვეყარა საპყრობილეში, ან უნდა ხეზედ ჩამოგვეხრჩო. ესეც კია... ჩვენ ხომ ყველანი არა ვცხოვრობთ ქუჩაში... რატომ? ის რად უნდა ჰსცხოვრებდეს და ეს კი არა?

იქნება საოცრად ეჩვენოს კაცსა, რომ ტეტლოუმ უეცრად ასეთი გულის ტკივილი გამოიჩინა თვისთა უბედურთთა მოძმეთადმი. ბევრნი დადიან კონცერტში, ბევრს შეხვდება ხოლმე წინ წყალწაღებული და უბედური ადამიანი, მაგრამ არავის გული არა ჰსტკენია მარტო მით, რომ ერთხელ შემთხვევიათ ამისთანა ბედისაგან განწირული ადამიანი. ბედნიერად მცხოვრებთა შორის მომეტებულს ნაწილს ადრე თუ გვიან შეხვდებათ ხოლმე იმისთანა დღე, როცა მათ თვალწინ გულგადიხსნის ხოლმე წყვდიადი სიღრმე ადამიანის ცხოვრებისა და მაშინ იგინი თავის თავს აღარ ატყუებენ მაცდურის ოცნებითა. ეგ დღე დაუდგა ტეტლოუსაც. მას ყოველთვის ეგონა, რომ დედამიწა მშვენიერად მოწყობილი სადგურია და ამ ცოტას ხანში იმ ფიქრმა, რომ შეიძლება შვილები ეყოლოს, სხვა თვალით დაანახვა ეს ქვეყნიერება. სულ აურ-დაურივა ფიქრები. მაგრამ მაინც და მაინც შინ რომ მივიდა, იმ ღამეს უთხრა თავის ცოლს სიამოვნებითაც და სიბრალულითაც: – მე მგონია იმ საწყალს ვეღარსადა ვნახავ. შემთხვევამ ორჯელ შეგვახვედრა ერთმანეთს; მესამედ კი იმედი აღარა მაქვს.

ამაში ტეტლოუ შემცდარი იყო.

II

რამდენიმე დღეს შემდეგ ძალიან ციოდა და ჟინჟღლიანი დღე იყო. ამ ხანად ტეტლოუ მიდიოდა ერთს რომელღაც ქუჩაზე და წინ გაასწრო ერთს კაცს, ცუდად ჩაცმულს, თავიდამ ფეხამდე ამოწუნწლულს. ამ კაცს რაღაც დაეკუმშა და მაგრად ეჭირა ხელში. ტეტლოუმ ალმაცერად შეხედა და იცნო თავისი მთხოვარა, რომელმაც იმ წუთს მიიტანა ხელი პირთან და მოჰკბინჩა მწვანე ვაშლი. საწყალმა, მგონი, ვერ იცნო თავისი კეთილისმყოფელი, მიდიოდა თავისთვის გულგრილად მაყურებელი გარშამო და თუ ფიქრობდა რაზედმე, ისევ თავის ვაშლზე, რომელიც ამ წუთს შეადგენდა მხოლოობითს საგანს მის ცხოვრებისას. ტეტლოუმ რამდენიმე ფეხი კიდევ წინ წადგა, მაგრამ მერმე შეიცვალა განზრახვა, მობრუნდა საწყლისაკენ და დაუწყო ლოდინი.

– სად მიდიხართ? – ჰკითხა მთხოვარასა.

უბედურმა კაცმა მძიმედ აიხედა მაღლა და შეხედა ტეტლოუს და მოიკითხა. არც მის სახემ, არც მის ხმამ არავითარ. გრძნობა არ გამოაჩინა.

– მაშ, როგორც ჰსჩანს, თქვენ მე მიცანით, – ჰკითხა ხელახლად ტეტლოუმ.

– მაგას რა თქმა უნდა. მე თქვენ არ დამვიწყებიხართ.

– მაშ, რატომ ხმა არ გამეცით?

– მე მეტიჩარობა არ მინდოდა და არც შემშვენის, – უპასუხა უბინაომ თავდაბლად და არა პირფერობითა და სულ დაბლობით.

– ამისთანა ავდარში რათა ხართ ქუჩაში? – ჰკითხა მოწიწებით ტეტლოუმ: – სად მიხვალთ?

– არსად.

ამ საწყალს ასეთი შეწუხებული და გათახსირებული სახე ჰქონდა, რომ ტეტლოუს გულმა ტკივილი დაუწყო. ტეტლოუ მიხვდა, რომ იმ კონცერტის ღამის შემდეგ საწყალი რამდენიმე ფეხით ძირს ჩამოსულა იმედის კიბიდამა.

– ამას წინად თქვენ მე მოწყალება მთხოვეთ, – განაგრძო სიტყვა: – ეხლა რატომ აღარ ჰქმენით ეგ.

– ოხ, მაშინ ღამე იყო, მე დღისით თავის დღეში არა ვთხოულობ, მაგრამ... – თითქო საწყალს უნდოდა კიდევ სხვა მიზეზი ეთქვა, მაგრამ შედგა ამ უკანასკნელ სიტყვაზედა. ტეტლოუ მიუხვდა გულის წადილს. იმ საწყალს იმოდენად კიდევ მქონდა თავის პატივი, რომ არ იკადრა ხელმეორედ თხოვნა იმის წინაშე, ვინც ერთხელ ხელი გაუმართა. პირველი მოწყალება იმოდენად დიდი ეჩვენა, რომ შიშობდა, ვაი თუ მეორეს თხოვნაზედ უარი მივიღოვო და შევრცხვეო.

– მოწყალების გარდა სხვაფრივ არაფერი ღონისძიება არ არის, რომ გეშველოთ რამე? – ჰკითხა ტეტლოუმ.

– არა მგონია იყოს, მე ვცდილობდი სამუშავო რამ მეშოვნა, მაგრამ ყველგან აყუდებული ქვა დამხვდა. მე დიდი ხანია აბანოში არა ვყოფილვარ და ტანისამოსიც ჩემი ისეთი ძველია ამ წუთს, რომ ვერ ვბედავ წავიდე ვისთანმე.

– ბევრგან არის ღარიბთათვის დაწესებული სახლი და ბინა, რატომ ერთ-ერთში არ მისულხართ.

– მე მივმართე ეკლესიას, რომლის მრევლთაგანნი მეცა ვარ, – უპასუხა ბოგანამ.

– თქვენ განა ეკუთვნით რომლსამე ეკკლესიას? – ჰკითხა გაკვირვებულმა ტეტლოუმ.

იგი თითქმის გაოცდა რომ საქრისტიანო ეკკლესიის მწევრთაგანი დაეთრევა ეგრე ქუჩებში ამ უბედურის ყოფითა.

– მე ერთხელ როდესღაც ვეკუთვნოდი საქრისტიანო ეკკლესიას – უპასუხა უბედურმა იმ სახით, თითქო რაკი სიღარიბეში ჩავარდაო, წაერთვაო ყოველივე კუთვნილება ადამიანისა.

– ნუთუ თქვენის ეკკლესიის მრევლი ცოტაოდენს შემწეობას მაინც ვერ მოგცემს?

– მე მივმართე იმათ და ვეღარ მიცნეს. აღარვის აღარ ვახსოვდი. მითხრეს, მოდიო და ჩვენს გამგებელებთან გამოცხადდიო. ამ სიტყვამ ფრთა მომკვეთა და სირცხვთლით მეორედ აღარ მივსულვარ.

ტეტლოუ დაფიქრდა.

– წმინდა იოანეს ეკლესიის მრევლთან კი არ გიცდიათ ბედი?

– არა.

– ისინი, მგონი, ღარიბებს შემწეობას აძლევენ.

ტეტლოუს უფრო ის უკვირდა, რომ ამ უბედურმა კაცმა არც ერთი სამდურავი და ჩივილი არ წარმოჰსთქვა არავისზედ. მაშინ როცა პირველად შეხვდა, მისი გულითადი სიტყვები ტეტლოუს საეჭვოდ ეჩვენა; მაგრამ ეხლა კი მისმა სასოწარკვეთილებამ, რომელშიაც მცირედი რამ მაცდურებაც არ ერია, ტეტლოუს ღრმად ატკინა გული.

– დიდი ხანია ამ ყოფაში ხართ? – განაგრძო ტეტლოუმ მცირეს დაჩუმების შემდეგ.

– არ ვიცი.

– როგორ თუ არ იცით?

– დიაღ, არ ვიცი. მე არ შემიძლიან გითხრათ, როდის აქეთია, რაც ქვეშაგებში აღარ ვწოლილვარ. ზოგჯერ მიშოვნია აქა-იქ სამუშავო, ხან ერთი, ხან მეორე, მერე კი ხელახლად ისევ უქმად დავრჩომილვარ. ოხ, რა ცუდი რამ არის ხან მუშაობა, ხან უქმობა. ეგ სწორედ სნეულებაა, რომლისაგანაც კაცს იმედი აქვს, თავს დავახწევ და მოვრჩებიო. დიაღ, როცა მართლა სნეული ხარ, მაშინა გაქვს ქვეშსაგები. ამ გვარი სნეულება კი მაშინ გეწვევა, როცა სრულებით ქვეშსაგები არა გაქვს.

ამ ლაპარაკმა ღიმი მოჰგვარა ტეტლოუს და შესცინა უბედურს გულმტკივნეულობის ღიმილითა.

– ნება მომეცით, რითიმე დაგეხმაროთ, – უთხრა ტეტლოუმ უმოძრაობით თავმობეზრეულმა: – ხომ არა გნებავთ, ცოტა რითიმე დანაყრდეთ?

– განა ეს ჟამი თქვენის სადილის დროა? – კათხა საწყალმა სიხარულით, რომელიც მაშინვე გულში მოიკლა: – დიაღ... დაუმატა მან დინჯად: მე დიდის სიამოვნებით დავნაყრდები, თუკი იქნება რამ.

ტეტლოუმ მოიწვია, ორივენი ამოეფარნენ ტეტლოუს ქოლგის ქვეშ და დაბრუნდნენ უკან. ყმაწვილი კაცი ცდილიადა ისე ევლო, რომ მისი საწყალი ამხანაგი, რომელიც ძლივს მიათრევდა ფეხებს, უკან არ დარჩომოდა.

– მართლა, თქვენი სახელი? – ჰკითხა ტეტლოუმ.

– ფილიპე ერნი.

ტეტლოუ შეკრთა. თითონაც ხომ ფილიპე ერქვა და ამ შემთხვევითმა ერთგვარობამ სახელისამ უფრო მეტად მიუბრუნა გული იმ უბედურისკენ. ხოლო რადგანაც ამისთანა სეხნიის ყოლა სასიქადულოდ არ მიაჩნდა, თვითონ მარტო თავისი გვარი უთხრა: – მე ტეტლოუს მეძახიანო.

მერე ისევ ჰკითხა, ნუიორკში ხართ დაბადებული თუ სხვაგანაო.

– ნუიორკში ვარ, – უპასუხა ერნმა, – იმ ქუჩაში, რომელიც თქვენ არ უნდა გეხსომებოდეთ იმიტომ, რომ ის ქუჩა დიდი ხანია აღარ არსებობს. მე იქ გამიტარებია ბედნიერად ჩემი სიყმაწვილე; ჩვენ არაფრის გაჭირება არა გვქონია, მინამ მამაჩემი ცოცხალი იყო. მაგრამ ეჰ, ისე მოკვდა, რომ არასფერი არ დაუტოვებია.

– რა ხელობის კაცი იყო?

– კამანდორი იყო.

– სასოვდაგრო ხომალდის პატრონი?

– არა, მთავრობის ხომალდზე იყო. იმას რომ ეცოცხლა, მეც ხომალდზედ სამსახურში შევიდოდი. მამა მომიკვდა და მეც იძულებულ ვიქმენ, სხვა ხელობა ამომერჩია. მე ხარატობა ვისწავლე.

– რა იყო თქვენის უბედურების მიზეზი?

– საქმე ხელთ არ მოდიოდა. დავანებე თავი და საომრად წავედი. მას აქეთ ერთი უბედურება მეორეს ზედ მოჰყვა. მე მტერს ჩავუვარდი ხელში ტყვედ და ექვსი თვე დამწყვდეული ვყვანდით.

ამ ლაპარაკით ჩვენი მგზავრები მიუახლოვდნენ დუქანს, საცა ფულით ყველას შეუძლიან ისადილოს. ტეტლოუმ შეიყვანა თავისი ამხანაგი ერთს ამისთანა დუქანში, რომელიც სხვაზე უფრო ფაქიზი და წმინდა იყო.

– აქ ვისაუზმოთ, – უთხრა ტეტლოუმ: – თქვენ რას დალევთ? ელი გნებავთ?

– გმადლობთ. განა თქვენ ელს მიირთმევთ?

– დიაღ.

– არა, მე ყავა მირჩევნია.

ტეტლოუმ მახე კარგად გაუბა, რომ შეიტყოს, ლოთობს თუ არა ის უბედური. ერნმა კი არა იცოდა რა. რა სასმელიც კი დაუსახელა ტეტლოუმ, ყველაფერზედ უარი სთქვა.

– მე ჯარში შევეჩვიე ყავას და ეხლა ყავა ყოველს სასმელს მირჩევნია, – სთქვა უბედურმა.

ჭამის დროს ერნი მოჰყვა ჯარის ამბავსა. დაიწყო ლაპარაკი მასზე, თუ რა წვალება გამოიარა ტყვეობის დროს; რამდენიმე ღამე ცარიელ მიწაზედ ცის ქვეშ ვეყარენით ყველა ტყვეები ერთადაო, ერთიერთმანეთზედ მიყრილნიო. ისც უამბო, რომ კინაღამ თოფით არ დამხვრიტესო. ყველაზე მომეტებულად კი შიმშილი მტანჯავდაო.

– რაწამს თვალს დავხუჭავდი და დამეძინებოდა, მაშინვე გემრიელი საჭმელები მომელანდებოდნენ ხოლმე, მაგრამ თვალს ავახელდი თუ არა, შიმშილი გულ-მუცელს უფრო მომეტებულად მწვავდა, ვიდრე წინად.

– მაგ წვალებას ისევ თოფით დახვრეტა ჰსჯობდა მგონი, – უთხრა ტეტლოუმ.

რას იქმოდით! თვითონ იმათაც ვერა მოეხერხებინათ რა; თვითონ ისინიც ყოველდღე ვერ იძღებდნენ ხოლმე მუცელს. მაგრამ რა უცნაური რამ არის კაცის ბედი! აქაც, ნუიორკში იმავე შიმშილით ვიტანჯები. აქ მაინც შიმშილისგან განთავისუფლებული უნდა იყოს კაცი, რომელსაც თავისის ქვეყნისათვის სისხლი უღვრია...

– არ შეიძლება, მთავრობისაგან პენცია რამ დაგენიშნოს? – ჰკითხა ტეტლოუმ.

– არა, მე სუბუქად ვიყავ დაჭრილი. აი, მე რომ იქ მოვეკალით, მაშინ სხვა იქმნებოდა. მაშინ უსათუოდ პენციას გამიჩენდნენ, თუ რომ ამღები იქმნებოდა ვინმე.

ამ ოხუჯობამ გამოაჩინა, რომ ერნი ცოტაც გამხიარულდა. იქნება ეს ამბავი საჭმელმაც მოახდინა. რარიგის სისწრაფითა ჰსჭამდა საწყალი საჭმელს! აშკარა იყო, რომ ამ უბედურს ყოველდღე არ ეღირსებოდა ხოლმე რისამე ჭამა.

როცა სადილი გაათავეს და მედუქნეს გაუსწორდნენ, ტეტლოუმ იფიქრა, რომ სხვა რამ შემწეობაც უნდა მიჰსცეს ამ უბედურსა. ტეტლოუმ შეამცნივნა, რომ ზემო ტანისამოსის ქვეშ პერანგის მაგიერ რაღაც ძონძები აქვს; წაიყვანა და უყიდა ახალი თბილი პერანგი. ამას გარდა მიჰსცა ფული ვახშმისათვის და ღამის ბინისათვის და ბოლოს გამოეთხოვა და შეუკვეთა, რომ მეორეს დღეს დილაზე ადრე მასთან მისულიყო.

III

იმავე დღეს, მოიცალა თუ არა თავისის საქმეებისაგან, ტეტლოუ შეუდგა იმ უბედურის კაცისათვის მზრუნველობას. ნუიორკში ბევრგან არის დაწესებულნი სახლნი სათნოებისა, საცა ღარიბნი, დავრდომილნი და უძლურნი შოულობენ ხოლმე ბინას და საჭმელსა მუქთად და უფასოდ. ერთს ამისთანა სახლში უნდოდა ტეტლოუს, აეჩინა ბინა იმ უნუგეშო ადმინისთვის. მოკრიბა ცნობა სად რა სახლია ამისთანა და იმავ საღამოს მივიდა რჩევის საკითხავად თავისის მოძღვრის ცოლთან, რომელიც სათნოიან დედაკაცად გათქმული იყო.

ტეტლოუმ უამბო დაწვრილებით, სად შეხვდა პირველად და რა ყოფით ნახა უბედური ერნი და ამის შემდეგ დაუმატა:

– ვაი-ვაგლახმა, რაც თავზედ გადახედია, ბოლო მოუღო მის ჯანმრთელობას. საწყალი ნეკრესის ქარებით და ტკივილებით სავსეა. ეხლა იმას მარტო მოსვენებით ცხოვრებაღა ეჭირება. ამასაც კი მოგახსენებთ, რომ იმას თავ-შესაფარებელი ბინა უნდა მარტო ორიოდ დღეს. დიდი სურვილი აქვს, რომ მუქთა-მჭამელად არ იყოს და ძალიან უნდა, სამუშაო რამ იშოვოს და იმით ირჩინოს თავისი უსიხარულო თავი. სად უფრო სამჯობინარია, რომ შევახიზნოთ ის საწყლი?

– თქვენის სიტყვიდამა ჰსჩანს – უპაუხა მოძღვრის მეუღლემ – რომ თქვენის გულმტკივნეულობის საგანი ჯერ კიდევ ღონეზეა და არ არის სიბერით დაუძლურებული.

– დიაღ, – მიუგო ტეტლოუმ, – მართალს ბძანებთ, ის ისეთი ხნიერი არ არის. დღეს დილით საუზმე ჭამა ძალიან მადიანად.

– მით უფრო ცუდი, იმიტომ, რომ სრულად დასნეულებული რომ ყოფთლიყო, ჩვენს სამკურნლოში ადგილს მივცემდით.

– მაშ, ისეთს, როგორც არის, ადგილს ვერ მიჰსცემთ?

– უი! თავის დღეში...

– მაშ, თუ ეგრე ის უჯობს, მოკვდეს და მორჩეს ამ წუთის-სოფელს, – ჰსთქვა გულზედ მოსულმა ტეტლოუმ.

– იქნება უჯობდეს კიდეც. ძალიან შესაძლოა.

– მაშ სხვა რა თავში ქვა იცეს.

– მართლადა, რამდვნის წლისაა? იქნება სამოცზედ მეტი იყოს და ოთხმოცდაათზედ ნაკლები? – ჰკითხა ეხლა კი თავაზით მღვდლის ცოლმა.

– რომ ოთხმოცდაათზე ნაკლებია, ეგ ცხადია და სამოცზედ მეტია თუ არა, ეგ კი არ ვიცი. მაინც რად მკითხე მე ეგ?

– მე ერთი სახლი ვიცი მოხუცთათვის, იქ შემიძლია იგი შემეკედლებინა, თუ რომ ამ ორთა ხნისა შუა იქნებოდა. თქვენ ამბობთ, რომ სასმელს არაფერს ეკარებაო. დარწმუნებელი კი ხართ, რომ იგი არ არის იმისთანა ლოთი კაცი, რომელსაც სურს და ცდილობს, ლოთობა დაიშალოს როგორმე?

ეს იმისთანის ხმით ჰკითხა რომ ამ ხმას თავისი ჭეშმარიტი გულისტკივილიც ამოიტანა. ეს დედაკაცი სანთლით ეძებდა ლოთობისაგან გზა დაბნეულს კაცსა და დიდ სიხარულდ მიაჩნდა მისი მორჩენა. ტეტლოუ შეწუხდა რომ ამისთანა კარგი შემთხვევა ხელიდამ ეცლება. მაგრამ რა ექნა? ხომ ვერ იტყუებდა, მართალი უნდა ეთქვა და ხელმეორედ გაიმეორა, რომ იგი ლოთი არ არის.

– რაკი ეგრეა, – წარმოსთქვა მღვდლის ცოლმა – მე სრულებით აღარ ვიცი, რა გზით უნდა ეშველოს იმ უბედურს კაცსა.

– იქნება ჩემი ბრალიც იყოს, იქნება ისე ვერ დაგიხატეთ მისი გარემოება, როგორც რიგია – უთხრა ცოტაოდენის გაკილვით ტეტლოუმ.

ერთის სიტყვით, ტეტლოუს მარცხი მოუვიდა და ვერას გახდა. ამ სათნოებიანმა დედაკაცმა ვერაფერი ნუგეში ჰსცა. რაკი ესეაო, იფიქრა, გამოვკითხო მაინცაო ზოგიერთი რამ. ამ განზრახვით წარუდგინა სია სათნოების სახლებისა, რომლის სახელებიც იმ დილით შეეტყო.

– აი, მაგალითებრ, „წინად – მეოხი განგება“. აქ განა არ შეიძლება ბინა მიეცეს?

– რას ბძანებთ? იქ მარტო საქმეს უშოვნიან და აუჩენენ ხოლმე ღარიბთა, რომელთაც კარგის ყოფაქცევის სახელი აქვთ.

– „სავანე ღარიბთათვის“ რაღაა? ეს სახელი ყურისათვისაც სასიამოვნოა. იქნება აქ მაინც გავხდე რასმეს.

– სრულიად ვერას გახდებით... ეგ წიგნების საკითხავი სახლია, დღე და ღამ ღიაა, მანდ მარტო ჩაის სმა შეიძლება... ისიც ფულით.

ტეტლოუმ დაასახელა „კლდე უდაბნოში“, კიდევ ერთი სათნოების სახლთაგანი; მაგრამ აქ მარტო რძეს თურმე ასმევდნენ მუქთად პატარას ჭიქითა იმ პირობით კი, რომ აქავე დაელია.

რძე აქ არის, ჩაი – სხვაგან. ისა არა ჰსჯობდა, რომ ერთი და მეორეც ერთად, ერთს ადგილას ყოფილიყო.

– სწორეს ბძანებთ. სათნოება ადამიანისა იმიტომ ჩაივლის ხოლმე ეგრე ფუჭად, რომ ჩვენ არ ვიცით ერთმანეთში მოთავსება.

– იქნება იცოდეთ, რა სახლია „მწირთა სადგური“? აქ კი მგონია ბინას ვუშოვი ჩემს ბედკრულსა.

– თქვენა სცდებით. იქ მარტო ბინას აძლევენ მუშა ხალხს რომელნიც ქალაქზე გზად გამოივლიან ხოლმე.

– ჩემს სიაში დარჩა კიდევ ერთი სახელი: „ბეთლემი“ – ჰსთქვა იმედ დაკარგულმა ტეტლოუმ.

– მაგისას ვერას ვიტყვი არა გამიგია რა.

ტეტლოუ წამოდგა წასასვლელად. ქალმა ჰსთხოვა, ცოტა მომითმინეთო, იქნება ძველი ტანისამოსი რამ მოვუხერხო თქვენს უბედურსაო. ორიოდე წუთის შემდეგ, ქალი უკუვ-მოიქცა და გამოუცხადა, რომ ტყუილუბრალოდ ააქოთა იქაურობა და ძველი ვერა იპოვა რა; მხოლოდ ხელში კი ეჭირა ქაღალდის ფული და მიაწოდა ტეტლოუს. ტეტლოუმ მხურვალე და გულითადი მადლი გადუხადა და გამოვიდა გარედ, ქუჩაში გაშალა ქაღალდი და ნახა, რომ ხუთ დოლლარიანი ფული იყო. ძალიან იამა და გაუკვირდა კიდეც.

იმავე დღეს იმის ცდას შეუდგა, რომ ერნის მამის ამბავი რამ შეეტყო ზღვაში მოსამსახურეთაგან, და სამხედრო გამგეობისაგან კიდევ სამსახურის ვითარება თვითონ იმ უბედურის ბოგანისა, რომელმაც ამისათვის ამცნო ტეტლოუს თავისის რაზმისა და გუნდის სახელი და ნომერი.

IV

მეორეს დღეს, პირობისამებრ, უბინაო ფილიპე ეწვია ბინა მოკიდებულს ფილიპესა და ორნი ერთად წავიდნენ „ბეთლემს“.

ეგ „ბეთლემი“ არის ერთი პატარა უსიხარულო სახლი ერთს უხეირო ქუჩაზე. ორივე ფილიპე შევიდნენ დიდს ოთახში, რომელიც სასადილოც იყო და სადახლდროცა. ფანჯრებთან რამდენიმე პატარა ტაბლა იდგა და ზედ ეფარათ ისეთი წმიდა სუფრები, რომ სინათლე გავიდოდა, თუ რომ ცოტა ფაქიზი ყოფილიყვნენ. ოთახი შუაზე გაყოფილი იყო მესერითა და მესერს იქით იდგა დიდი ტაბლა, რომელზედაც ეწყო მიყრილ-მოყრილად წიგნები, წერილები, შუაზე კი იდგა გეოგრაფიული რუკა. კედლის საათი მეტად უწყალო სანახაობისა, შეადგენდა დანაშთენს მორთულობას.

ახალგაზრდა დედაკაცი შავის კაბითა და თეთრის ასაფარებლითა დაგოგავდა ტაბლებ შუა და ფაციფუცობდა. დაინახა თუ არა, რომ სტუმრები ეწვივნენ, მაშინვე გაიქცა და მესერს იქით თავის ჩვეულებრივს ადგილას დაჯდა. ტუჩებს აცმაცუნებდა, რადგანაც პირში ედო შაქარი, რომელიც ხელდახელ აეწაპნა. მე ბინა მინდა ამ კაცისათვის, – ჰსთქვა ტეტლოუმ მტკიცედ. მით უფრო, რომ აქ ბინას აჩენა საეჭვოდ წარმოუდგა.

ახალგაზრდა დედაკაცი ადგა და უხმო ვიღაც უფალს – ნიდდოკს. ერთს წუთსაც არ გაუვლია, თვითონ ნიდდოკიც გამოცხადდა. ეგ იყო ერთი პატარა დაჩენჩილი კაცი, რომლის უცნაურს სახეს გარს მოხვეოდა თეთრი თმა. მიხრა-მოხრა ისეთი რამ ჰქონდა, თითქო ეს კაცი თავის დონეზედ არ არისო. ერთს წუთს ვერ გაჩერდებოდა ერთს ადგილას, სულ ხელ-ფეხს ატოკებდა.

– როგორ მშვიდობით გიკითხოთ ბატონებო, – სთქვა მან, როცა მიუახლოვდა სტუმრებს და განურჩევლად ორივეს ერთნაირად ჩამოართო ხელი.

აშკარაა, ეგ იმისათვის მოექცა ირსავე ერთნაირად, რომ საბრალო ღატაკსაც თავი თვისი კაცად ეცნო და არ ეგრძნო, რომ კაცთა შორის ნაბოლოვარი ვარო. ტეტლოუს შეჰრცხვა და გაწითლდა, მე ეგრე კაცურად ვერ მოვექეცი. ძალიან ნანობდა, რომ როცა გოგოს ელაპარაკებოდა, საწყალს ერნზედ ასე ჰსთქვა: „ამ კაცისათვისაო“. მაგრამ ნიდდოკმა მაშინვე მოუკვეთა სინიდისის ქენჯნა, რადგანაც ლაპარაკი გაჰმართა.

– რით შემიშლიან, ბატონებო, თქვენი სამსახური? – ჰკითხა ნიდდოკმა.

– ჩემი სახელი ტეტლოუა, – უთხრა ყმაწვილკაცმა. – ეს უფალი ერნია. ამას უნდა, რამდენიმე დღით აქ შემოგეხიზნოთ, ვიდრე უკედ შეიქნება და მიეცემა შემთხვევა, საქმე რამე გაიჩინოს.

ტეტლოუს უნდოდა კიდევ რამე ეთქვა, რომ ერნი საიმედო კაცია, მაგრამ „ბეთლემის“ გამგებელმა აღარ დააცალა და მარდად წამოიძახა:

– ეგ ამბავი ჩვენთვის ჩვეულებრივი საქმეა. ხომ არ გნებავთ საუზმის მირთმევა, ბატონო ერნო.

– რასაკვირველია, ჰნებავს, – დაასწრო ერნს ტეტლოუმ, თითქო ამით უნდაო, გული მოუგოს ერნსა და წინანდელი თვისი გულგრილობა შეინანოს.

ერნმა, რომელიც ამ სამ კაცში უფრო თავდაჭერილი იყო, ჯეროვანის ღირსებით მადლობა უთხრა.

– ჩვენ ბევრი არა გვაქვს მოსართმევად, – განაგრძო სიტყვა ნიდდოკმა ძალად მოყვანილის ღიმილითა. – ჩვენ იმდენს მეგობრებს უნდა გაუძღვეთ ხოლმე, რომ საჭიროა გამოზოგვა და ხელისმოჭერა...

ერნმა ჰკითხა: ერთი ფინჯანი ყავა ხომ შეიძლება მოვითხოვო.

– დიღაც, დიაღაც. თქვენ მოგართმევენ ყავასაც და პურსაც. სხვა ხომ არა გნებავთ რა, კიდევ მაგას დაუმატოთ? მაგრამ კი უკეთესს იქმოდით, რომ სხვა არა ინდომოთ რა.

– რატომ? – ჰკითხა გაკვირვებით ერნმა.

– იმიტომ, რომ უკანასკნელმა სტუმარმა მოითხოვა, კიდევ ხომ არა გაქვთ რაო და ჩვენ აღარაფერი არა გვქონდა. კიდევ კარგია, კუჭი მოშლილი ჰქონდა და ყველაფერს იწუნებდა. იქნება თქვენც იგივე სენი გჭირთ.

ამ სიტყვებზე ნიდდოკმა ასეთი ხარხარი დაიწყო, რომ სისხლი თავში აუვარდა; სიცილის გამო სახე ისე დაულურჯდა, ისეთის ნაოჭებით აეკრიფა, რომ კაცი ვეღარ იცნობდა. მაშინ ის სულ სხვა კაცს დაეგვანა.

ერნმა პასუხად უთხრა, რომ მე იმისიც მადლობელი ვიქმნები, რასაც მომიტანენო.

ამისთანა პასუხით გულმოგებულმა ნიდდოკმა დაუძახა გოგოსა.

– სამარიტავ, მოართვით ამ ჩვენს სტუმარს საუზმე და ეცადეთ, ცხელი ყავა იყოს... უცნაური სახელია „სამარიტა“. არა, ბატონებო? მაგრამ განა არა გრძნობთ, რომ ეგ სახელი ამ ადგილის შესაფერია? ეგ ჩემი ძმისწულია, სოფლიდამ აქ ჩამოვიყვანე მარტო იმ მიზეზით, რომ მაგისთანა სახელი აქვს. უკაცრავოდ თუ არ ვიქნები, ეხლა კი უნდა გამოგეთხოვოთ, მე ამ კიბეზე უნდა ავიდე ცოტა საქმე მაქვს.

ტეტლოუმ სუბუქად დაუკრა თავთ და გაიფიქრა, რომ ამ ბატონს კიბეზე ბოლთის ცემა უფრო ჰყვარებია, ვიდრე სწორე იატაკზედ სიარულიო. ხოლო როცა სამარიტამ შემოიტანა სათითის ოდენა ფინჯნით ყავა და ერთი ბეწო პური, მაშინ კი ტეტლოუს გულში გაუარა, რომ ეს ბატონი „ბეთლემის“ გამგებელი იქნება იმისთვის დაიქსაქსაო, რომ სირცხვილი არ ეჭამაო ამისთანა ზომიერის სანოვაგის მორთმევის გამოო. ესე იყო თუ არა, ბატონი ნიდდოკი სწორედ მაშინ გამოცხადდა ამათ წინ, როცა ერნმა გაათავა თავისი მეტად ხელმოკლე საუზმე. ნიდდოკმა მოსვლისვე უმალ გაუმჟღავნა, რომ თავის სამწუხაროდ, დღეს არასგზით არ შეუძლიან, ბინა მისცეს ერნს.

– მაგრამ ხვალ კი სხვაა, – დაუმატა მან. – ზევით ერთ კაცი მიდგას, ხვალ მიდა დავითხოვო და მაშინ უფალს ერნს მის საწოლს ვუთავაზებ.

– მაშ, ხვალ რომ მოვიდეს, ხომ ბინა უსათუოდ ექმნება? – ჰკითხა ტეტლოუმ იმ აზრით, რომ დაპირება გაამეორებინოს უფრო მტკიცედ და აშკარად.

– ხვალ საღამოზედ დიდის სიხარულით.

– თქვენ, ბატონო ნიდდოკ, თქვენის ხარჯით ინახავთ ამ სათნოების სახლს? – ჰკითხა ტეტლოუმ და თავისის ამხანაგით წამოსვლა დააპირა.

– მე რაც შემიძლიან, იმით ვეწევი. ცოტა რამ შეძლების პატრონი ვარ და ვიფიქრე, ეს ორიოდე დღე კიდევ დამრჩენია სიკვდილამდე, მოდი ამ უკანასკნელს დღეებს შევწირავ-მეთქი მოყვასთათვის სამსახურს. დიდი ხანია, ეს გადავწყვიტე და აი, ვმსახურობ, რაც შემიძლიან. ხოლო არა ყოველთვის შემწევს ხოლმე ბედი, რომ თავი ბოლოს გადავაბა. ხშირად სახსარი მაკლდება, ბევრჯელ ხარჯი გადააჭარბებს ხოლმე შემოსავალს. მაშინ მივმართავ ხოლმე სხვის შემწეობას, ან მოწყალებას ვთხოულობ, ან არა და საშველად მოვიწვევ ხოლმე გაზეთებით საზოგადო სათნოებას. ეს უკანასკნელი პირველზედ უფრო საიმედოა და უეჭველი.

გამოვიდნენ თუ არა „ბეთლემიდამ“, გაჰსწიეს ქუჩა-ქუჩა და როცა ერთს მყუდრო ადგილს შეემთხვნენ, მაშინ ტეტლოუ შედგა და ჩააბარა ერნს მღვდლის ცოლის საჩუქარი. ამ სულგრძელებამ ისე არია საწყალი ერნი, რომ ღონე აღარ ჰქონდა, ეთქვა რამე. ორივე ხელით ეჭირა ფული და ისეთის აღტაცებით დაჰხაროდა, რომ ეგ სიხარული. ყველა მადლობაზედ უკეთესი მადლობა იყო.

– ნეტა არ იქმნება, შევიძლო იმისითანის რისამე ქმნა, რომ ამ სიკეთის ღირსი გავხდე. მე მგონია, რომ უფლება არა მაქვა, ამოდენა ფული მივიღო ვისგანმე ასე მუქთად, გაურჯელად.

ტეტლოუმ გული დაუშოშმინა, მიჰსცა დარიგება, როგორ უნდა მოიხმაროს ეგ ხუთი დოლარი და მოაგონა, რომ ხვალ უსათუოდ უნდა წავიდეს ნიდდოკთან, რომელიც დროებით ბინას გაუჩენს. ამის შემდეგ ჰსთხოვა ერნს, მეორე ორშაბათს მნახეო, რომ შენი ვითარება შემატყობინოო.

ტეტლოუმ იფიქრა, რომ ეხლა დროა თავის საკუთარს საქმეზედ წავიდეს, ხოლო ერნი, იმის მაგიერ, რომ მოჰსცილდეს, აღარ მოშორდა და აედევნა თავის კეთილისმყოფელს და სულ იმას ეუბნებოდა, რა მადლობასაც ჰგრძნობს მისდამი. ყველაზედ უფრო მეტად იმას ნატრულობდა ერნი, რომ როგორმე მალე მორჩეს და სამუშავო რომ გაიჩინოს. ზოგიერთმა სიტყვამ მთხოვარისამ იმის შესახებ, თუ როგორ უტარებია ღამეები, როცა ბინა არა ჰქონია, ტეტლოუს ცნობისმოყვარეობა მიიზიდა. ტეტლოუმ დაუწყო ამ საგანზედ გამოკითხვა.

– ჰაი, ჰაი! – უპასუხა ერნმა: – მე ხანდისხან ძალიან კარგად გამიტარებია ღამეები. როცა გარედ ძალიან ცივა, მე რომელსამე სახლს პოლიციისას შევეკედლები ხოლმე. ეგ, რასაკვირველია, ვერაფერი სასიამოვნო სადგურია, იმიტომ რომ იქ ყოველთვის მთელი გროვაა არამზადებისა და ავაზაკებისა, რომელნიც მღერიან, ყვირიან, ილანძღებიან და აქვთ ერთი ყოფა და ჟრიამული, მაგრამ მაინც კიდევ კარგია. თუ იქ ძილი არ შეიძლება, სიცივისაგან მაინც დაისხნის კაცი თავსა. ზოგჯერ ნამჯას დავიგებ ხოლმე სარდაფის ჩასავალ კიბეზე და ჩემთვის კარგა მოსვენებით გამოვიძინებ ხოლმე. წელს კი, მადლობა ღმერთს, კაი დარებია და მე ღამეებს უფრო ხშირად გადასხნილს ცის ქვეშ ვატარებ.

– მაშ, ჰსჩანს, რომ თქვენ მთელი ღამე ფეხზედ ხართ და დასდიხართ...

– სწორედ ეგრეა, და სწორედ გითხრათ, ყველას ეგა ჰსჯობია კიდეც. მე ჩვეულებრივ იქით წავალ ხოლმე, საცა ზარბაზნები აწყვია, დასავლეთის მხრივ და არა წყლის მხრივ, იმიტომ, რომ წყლის მხრივ ყოველთვის ცივი ქარი იცის, მივალ 39 ქუჩამდე, აქედამ გავბრუნდები და დავადგები იმ დიდ ქუჩას, რომელსაც ბროდუეს ეძახიან და ბოლომდინ გავალ ხოლმე. ცოტა ფეხაკრეფით რომ იაროს კაცმა, ეგ მთელის ღამის სამყოფი მანძილია.

– ეგ ხომ მთელის ქალაქის სიგრძეა ერთი-ორად აღებული! – დაიძახა ტეტლოუმ, – მაშ თუ მაგ სახით მაგოდენა მანძილს გაივლით ხოლმე, ძილს როგორღა ასწრობთ?

– მე ძალიან ცოტა ძილი ვიცი, უნდა მოგახსენოთ. რაც უნდა იყოს, მაინც ეგრე ყოფნა სჯობია პოლიციაში ღამის თევასა. დილით ადრე, როცა გააღებენ ხოლმე ოთახებს, დანიშნულს იმათთვის, ვისიც ხელობა ქუჩაში დგომას თხოულობს, მაგალითებრ, ვინც ქუჩაში ყიდის გაზეთებს და სხვა ამგვარი, მეც იქ შევეხიზნები და იქ დიდის სიამოვნებით დავისვენებ ხოლმე. ამის გარდა ქალაქში იმისთანა სახლებიც არის, რომლის კედლები თბება შიგნიდამ, მივალ, მივეყუდები გამთბარს კედელს და ეგრე რამდენსამე წუთს თვალს მოვატყუებ ხოლმე.

– თვალს მოვატყუებ ხოლმეო! – გაიფიქრა ტეტლოუმ: – ნუთუ, თუ არ მოტყუებით ძილს, მაგ ღვთისაგან ბოძებულს ნიჭსაც ვერ ღირსებია საწყალი!...

კიდევ რამდენიმე ხანი ერთად იარეს ხმაამოუღებლივ. მერე ტეტლოუ შეფერხდა და უთხრა, რომ მე ჩემს საქმეზე უნდა წავიდეო. გამოეთხოვა თავის სეხნიას და მოაგონა, რომ ორშაბათს არ დაივიწყოს მასთან მოსვლა.

მეორის დღის საღამოს ტეტლოუ და მისი ცოლი ისხდნენ ბუხრის წინ და ტეტლოუ შეჰჩივოდა ცოლს, რომ ბედკრულს ერნს სამუდამო ბინა ვერსად აუჩინა, თუმცა ნუიორკში იმდენი სახლი იყო სათნოებისა. ამაზე გულგამწყრალმა და ცოლის გულმტკივნეულობითაც წაქეზებულმა მიჰსცა სრული ნება თავის გულისწყრომასა.

– საწყალი ერნი ეხლა „ბეთლემშია“, – ჰსთქვა მან, – მაგრამ ვინ იცის, ამ სამის დღის შემდეგ რა დღე დაადგება! საკვირველი არ არის, რომ იმ კაცს დედამიწის ზურგზე არა აქვს ადგილი!... ჩვენ ყველანი, ვინც კი ვართ, სწორედ ასოებსა ვგევართ, რომელთაც ჰსწერენ ხოლმე ბეჭზე და მერე ისევ წაშლიან ახალოს დასაწერად. საწყალი ერნი კი, როგორც ჰსჩანს, არც ასოა, რომ ერთხელ წაიშალოს და მორჩეს. ის უბედური კაცი თავისი საკუთარი მამა რომ იყოს, ნახევარს ჯამაგირს მაინც მიიღებდა მთავრობისაგან; რომ სიკვდილამდე მიხწეული სნეული იყოს, სამკურნალოში ადგილი ეღირსებოდა. ავაზაკი რომ იყოს, არავითარ გაჭირებაში არ იქნებოდა: ლოთი მაინც ყოფილიყო და ეტყუებინა ხალხი, ლოთობისაგან მორჩენა მინდაო, – მაშინ სხვადასხვა სათნოების საზოგადოება ერთმანეთს შეეცილებოდნენ, არა მე მომარჩენინეთ, არა მეო. ხოლო რადგანაც ერნი თავის მამად ვერ გახდება, რადგანაც სულმობრძავი სნეული არ არის, რადგანაც არა ლოთობს და პატიოსანი კაცია – ამისათვის საზოგადოებას საწყალისათვის ზურგი შეუქცევია და ისე გაუნებებია თავი.

V

დანიშნული ორშაბათიც მოვიდა და ტეტლოუს როგორღაც დაუმძიმდა, რომ ერნი ხელახლად უნდა ინახულოს. არ ვიცით, ისა ჰსწყინდა, რომ ეგრე ფუჭად ჩაუარა ყოველმა მეცადინეობამ, თუ ისა, რომ იმ უბედურს კაცზედ ეჭვი რამ შეეპარა და აღარ ენდობოდა. იქნება გულში ამანაც გაუარა, ნეტა თავს რაზე ვიწუხებო. ესე იყო თუ არა, მაინც და მაინც იგი ჰგრძნობდა, რომ საწყალს ერნზედ ცოტად გული გაუგრილდა, თვითონაც კი არ იცოდა რათა და რის გამო.

ტეტლოუ რაღასაცა ჰსწერდა, როცა მოესმა კიბედამ ფეხის ხმაურობა. იმავე წამს წყნარად კარი დაურაკუნეს და ერნი შემოვიდა ოთახში.

– თქვენა ხართ? – უთხრა ტეტლოუმ გულცივად: – მე ეგრე ადრე არ მეგონა, რომ მოხვიდოდით.

უბედურმა, თუმცა ფეხი წინ წადგა, უეცრად უკან დაიწია.

– მე იქნება მეტი მომივიდა, რომ აქ მოვედი – დაიწყო მან, – ხოლო მე მახსოვს, რომ თქვენ თითონ...

– დიაღ, მეც მახსოვს; დღე მე დაგინიშნეთ... – უპასუხა ტეტლოუმ და სინანულში კი ჩავარდა, რომ ეგრე გულცივად მოექცა.

ერნი ისევ კარებთან იდგა გაშეშებული. ჰსწუხდა, ჰსცხვენოდა თავის თავისა და თითქმის კანკალებდა... ტეტლოუმ შეამცნივნა, რომ ერნი სახით ცოტად მოჯობნებულა, მაგრამ ტანსაცმელზე კი ისევ ისე დიდი ურიგობა ეტყობოდა. ტეტლოუმ ახლო მოიწვია.

– თქვენ რამდენი ღამე გაატარე, „ბეთლემს?“ – ჰკითხა ტეტლოუმ.

– მარტო ერთი ღამე – პარასკევს.

– მეტი რატომ არა?

– „ბეთლემი“ აღარ არსებობს.

– არ მესმის, რის თქმა გინდათ.

– შაბათს დილით მოვალეები თავს დაესხნენ, რაც კი იყო, ყველას ხელი დაავლეს და ჩვენც პანჩური გვკრეს და გარედ გამოგვყარეს. ნიდდოკმა კი იქიდამ ფეხი არ მოიცვალა. ის ამბობდა, რომ ისევ მე მოვუვლიო ამ სახლსა მოვალეების სასარგებლოდაო. ეს კიაო, რომ თუ კაცს უნდაო, მუქთად არავის რა აძლიოსო, ყავა ცოტად მაინც მაგარი უნდა აკეთოსო.

ამ ბოლოს სიტყვაზედ ტეტლოუს გაეცინა. ეგ სიცილი მალე გაუქრო იმ ფიქრმა, რომ ერნი, ისევ უბინაოდ დარჩომილი, ხელადახლად ამას დააწვება თავზედ... ტეტლოუ ჰკითხავდა თავას თავს: იქნება ეს ბოგანა კაცი ამათგანია, რომელთათვისაც ყოველივე შემწეობა ამაოა და უქმი, რადგანაც ყოველივე მათგანი თავ-თავქვე დაგორებულს ქვასა ჰგავს: მაღლა ვერ ამოვა და თუ იძვრის, ძირს და ძირს ჩადის? ტეტლოუს გონების თვალწინ წარმოუდგა კიდეც გლახა-ღატაკი, რომელიც ვითომ ყოველდღე მოეთრევა და უწამლავს სიცოცხლესა...

– მე მგონია, – უთხრა ტეტლოუმ, რომ თქვენ ბევრი აღარა დაგრჩებოდათ რა ხუთის დოლარისაგან.

ერნმა ღია ფანჯარას გახედა და არა უპასუხა რა. ფანჯარას გახედა თითქო იმისათვისო, რომ თვალი გადაავლოს თავის უნუგეშო წარსულსა და წინასწარად დაინახოს თვისი მომავალი, წარსულზედ არა ნაკლებ უნუგეშო და უმწეო. ტეტლოუს სიტყვამ ფულის დახარჯვაზედ წამოუყენა თვალწინ ბედკრულსა უმწეო ყოფაცხოვრება, რომელშიაც იმყოფებოდა და რომლითაც არ უნდოდა შეეწუხებინა თავისი კეთილისმყოფელი.

– შემოგეხარჯათ განა? – ჰკითხა კიდევ ტეტლოუმ, რომ პასუხი ათქმევინოს.

– დიაღ, – წარმოსთქვა ერნმა, თითქო თავს ძალა დაატანაო, – მე ზოგი დავხარჯე, მართალია. მაგრამ ზოგი მაინც კიდევ დამრჩა...

– რამდენი დაგრჩათ?

– დოლლარ-ნახევარი. მე წუღები ვიყიდე, როგორც ხედავთ, – დაუმატა მან და აჩვენა ფეხსაცმელი.

– თუ მაგაზე მეტი აღარა გაქვთ, ცოტაა...

ერნი მიუახლოვდა და ჩამოართვა ფული, რომელიც ტეტლოუმ მოაწოდა. ტეტლოუ სინიდისმა გაამხილა, რომ თვითონ არ ადგა, თვითონ არ მივიდა და ისე არ მიჰსცა ფული. მაგრამ ცხადი იყო, რამ იმ დღეს ყველაფერი როგორღაც უხერხოდ მოსდიოდა. ყველაფერში ეტყობოდა დაფარული სურვილი, რომ ეს კაცი როგორმე თავიდამ მოიშოროს. თუმცა ერნი არაფერს ამცნევდა, მაგრამ ტეტლოუ კი ჰგრძნობდა, რომ რაღაც მძიმე თვალი გამკითხავისა ზედ დაჰსტრიალებდა; თითქო ის გლახაკი წარმოეგზავნა მასთან რაღაც უმაღლეს ძალას, რომ ამხილოს მისი გულგრილობა.

– თქვენ ეხლა მგონია უკეთა ხართ, – უთხრა მან მკვახედ, – იმედია, რომ თქვენ, დღეს იქნება თუ ხვალე, გამოხვალთ მაგ ყოფა-ცხოვრებიდამ.

ტეტლოუს ეგონა, რომ ამით გულმტკივნეულობა რამე აჩვენა ბედშავსა, მაგრამ ცხადი კი იყო, რასაც ნიშნავდა მისი სიტყვა: „ეხლა უკეთა ხართო და იმედი მაქვსო, რომ თავს აღარ მომაწყენთო“.

ერნმა არ შეიმჩნია, რომ მიუხვდა ნამდვილს აზრს სიტყვებისას და რადგანაც მარტო მისი სიკეთე ახსოვდა, მიუგო პასუხი იმ ხმით, რომელშიაც ისმოდა იმდენადვე მორჩილება, რამოდენადაც მადლობა:

– დიაღ, რასაკვირველია... მე ძლიერ, ძლიერ მადლობელი ვარ თქვენი, ბატონო ტეტლოუ, რომ ამდენი სიკეთე მიყავით.

ამ სიტყვებში ისმოდა ხმა გამოთხოვებისა. ტეტლოუ როგორღაც თავის ქერქში ვეღარ იყო და იფიქრა, ეხლა კაი შემთხვევა მაქვს ასე თუ ისე სამუდამოდ მოვიცალო თავიდამ ეს ღატაკიო. თუმცა სინიდისი ჰქენჯნიდა ამისათვის, მაგრამ თავს იმით იმართლებდა, რომ ხელში არაფერი საბუთი არ მიჭირავს ერნის კაიკაცობისაო. ვინ იცის, ვინ არისო? ტეტლოუ წამოდგა და კარებისკენ წავიდა. შეწუხებული ერნი უკან აედევნა იმ სიმწარით გულში, რომელსაც ჰგრძნობს უბედური ღატაკი, როცა ხედავს, რომ კარში აგდებენო.

იმ წამს, როცა კარის დირეს ფეხი გადააცილა, ტეტლოუ თითქო მიეცა უდროოდა სინანულსა და ჰკითხა:

– გყავთ ვინმე ან თვისი, ან ტომი?.. არის ვინმე იმისთანა, რომ თქვენთვის გული სტკიოდეს?

უბედურის სახეზედ გამოჰკრთა უეცრად საშინელი მწუხარება.

არავინა მყავს, – უპასუხა მან, – ცოლი მალე მომიკვდა მას შემდეგ, რაკი შვილები დამეხოცნენ.

– განა შვილებიცა გყვანდათ?

– ორი პატარა ბიჭი... ორი მშვენიერი ბაშვი!.. – უპასუხა მისუსტებულის ხმითა.

– დიდი ხანია?

– რაც ისინი დავკარგე? ომების დროს იყო. ჩემი ცოლი მწერდა, რომ ერთი ავად გამიხდაო. მერე მომივიდა წიგნი, რომ მოკვდაო. მე უფროსს შინ დავეთხოვე, მაგრამ მინამ დამითხოვდნენ, მეორეც ხელიდამ გამოგვეცალა.

ერნი შედგა. ქუჩის ჟრიამულმა და გმინვამ მოახწია იმ ბნელ დერეფნამდე, საცა ორნი იდგნენ, და კაცს ეგონებოდა, თითქო მისი ულმობელი და უწყალო წარსული ხმაურობსო...

– შინ დათხოვნა საჭირო აღარ იყო, – განაგრძო ერნმა, მაგრამ მაინც დავეთხოვე, რომ შინაურობისათვის დამეხედნა. როცა ვადა გამითავდა, ძალიან მიამა და მე ისევ ლაშქარში წავედი. ბევრი ხანი აღარ გასულა, ტყვედ წამიყვანეს. მას აქეთ არის, რაც ჩემი ცოლი ვეღარა ვნახე.

ტეტლოუს გულმა საშინლად ტეხა დაუწყო. დღესაქამომდე იგი ზრუნავდა მასზედ, რომ ერნს მარტო დღევანდელი ჭირი მოაშოროს; გულს უზვიადებდა ის მფარველობა, რომელიც მან ერნს აღმოუჩინა; აქაო და მფარველი ვარო, მე მაღლა ვარ და ის დაბლაო. ხოლო ახლა კი, როცა ერნი გაენდო და უამბო თავისი გულსაკვდავი აღსარება, ტეტლოუმ იგრძნო, რომ ამ აღსარებამ მისი თავი დაამდაბლა და ის ღატაკი კი აამაღლა. ტეტლოუმ გულის მხურვალებით გაუწოდა ხელი. ნეტა ამ დროს მოაგონდა ან ერთს, ან მეორეს, რომ პირველ ნახვის შემდეგ ერთმანეთისათვის ხელი არ ჩამოურთმევიათ?...

– მე გთხოვთ, ჩემთან მოხვიდოდეთ ხოლმე, – უთხრა ტეტლოუმ და რომ დააჯეროს, რომ გულით სთხოვს, დაუმატა: – მე თქვენს ეკლესიაში ვიყავ შაბათს. გამგებელთა პირობა მომცეს, რომ თქვენს საქმეს გაშინჯვენ. იმათის სიტყვით, ეგ ერთს თვეს გაჰსწევს, ჩვენ კი, რასაკვირველია, ერთმანეთს ამაზე არეც ვინახულებთ. შემიძლიან ამის იმედი ვიქონიო?

– მას შემდეგ, რაკი თქვენ მე ფეხზე დამაყენეთ, მეც თვითონ გავუძღვები ჩემს თავს... – ჰსთქვა საწყალმა, თუმცა მისი ძირს დაკიდებული თავი და მრთოლარე ხმა ამის წინააღმდეგს ამბობდა.

– ეს მაინც ჰქენით, რომ თუ თქვენს თავს ბინა რამ აუჩინოთ, მაცნობოთ...

– მადლობელი ვარ, ბატონო! – უპასუხა მან, ხელი მიჰკიდა კიბის მუაჯარს და ნელ-ნელა დაიწყო ძირს ჩასვლა.

მაგ მადლობის თქმაში ხელახლად მოისმა ხმა გამოთხოვებისა. კაცს ეგონებოდა, ვინც ეგა თქვაო, განშორებას ისწრაფისო. რამდენიმე საფეხური ჩავიდა თუ არა, ერნი შედგა, თითქმის პირი არ მოიბრუნა და ისე ჰსთქვა: – ჩემ მაგიერად მადლი მოახსენეთ იმ სულგრძელს ქალსა... მე თქვენ ბევრი დავიდარაბა მოგაყენეთ...

– მშვიდობით! – დაუძახა ტეტლოუმ გულნატკენად, მაგრამ მხურვალებით კი. – მშვიდობით, ესე იგი, ნახვამდე!

ერნმა, მგონი, ეს სიტყვები ვერ გაიგო, იქნება ფეხის ხმაურობაში დაიკარგა ყმაწვილი კაცის ხმა. ერნმა მალე ჩაიარა კიბე და მიეფარა თვალს.

ტეტლოუ შემობრუნდა თავის ოთახში და რაღაც გამოუცდელი სევდა გულზედ დააწვა. დაჯდა თუ არა საწერად, მაშინვე სურვილმა გაიტაცა, რომ ადგეს და ერნი უკან დააბრუნოს. მაგრამ იფიქრა, ვინ იპოვის იმ საწყალსა იმოდენა ხალხში, რომელიც ეხლა ქუჩაში ბუზსავით ირევაო. მთელს დანარჩენს დღეს თვალწინ ელანდებოდა ფერმკრთალი ერნი, რომელიც კიბეზედ ჩადიოდა, რომელმაც გამოსალმებაზედ პასუხი არ მისცა და რომელიც თვალიდამ ეკარგებოდა სრულიად... მაშინ მოაგონდა თავისი საკუთარი სიტყვები, ამას წინად თქმული: „ვინ იცის? ამ სამ დღეს უკან რა დაემართება საწყალს ერნს?“ საღამოზედ, როცა თავის ცოლთან იჯდა, გაუმჟღავნა, რომ გულზე რაღაც მძიმე ლოდი აწევს; უანბო, რაც იმ დღეს შეეტყო ერნისაგან და დაუმატა: „მე ვშიშობ, რომ თავის დღეში ვეღარსად შევხვდები“.

ცოლი გულს უშოშმინებდა, მაგრამ ამასვე თვითონაც წინადჰგრძნობდა.

VI

რამდენმამე დღემ გაიარა და ტეტლოუმ ერნის ამბავი ვეღარა გაიგო რა; ამ დროთა მიმავლობაში მოუვიდა ცნობა ზღვისა და ხმელეთის სამხედრო მმართველობისაგან და ეგ ცნობა სრულიად ამტკიცებდა მას, რაც საწყალმა უამბო თავის მამაზე და თავის თავზედ.

ერთხელ კვირა დღეს ტეტლოუ საყდრიდამ გამოდიოდა, წინ შეხვდა ზემოდხსენებული გულშემატკივარი ღვდლის ცოლი და იკითხა უბედურის ერნის ამბავი.

– თქვენ არ იცით, რა ძნელი რამ არის იმისთანა ბედკრულს საშველი რამ აუჩინოს კაცმა. თქვენ მაინც მოუხერხეთ რამე თუ არა? სად არის ეხლა ის უბედური?

ტეტლოუ სირცხვილით დაიწვა ამ კითხვაზედ. პასუხისგება, რომელიც სურდა თავიდამ აეცილებინა, ეხლა მთელის თავის სიმძიმით ზედ დააწვა კისერზე და მოაგონდა შემდეგი სიტყვა ქრისტესი: „ესოდვნ ვერ უძლეთ ჟამ-ერთ მღვიძარებად ჩემთანა“.

რამდენიმე კვირის წინად თვით დარბოდა და ცდილობდა იმ კაცისათვის და აი ეხლა ისე აიცრუა მასზე გულა, რომ არც კი იცის ცოცხალია თუ მკვდარია. კაცმა კაცისათვის მოწყალება ითხოვოს, მოაგროვოს მისთვის ფული და არ იცოდეს კი, სად არის და როგორ არის! საშინელია! ტეტლოუ ამაზე მეტის სირცხვილით არ დაიწოდა, თუნდა მეეპარა კიდეც ის ფული, რაც მას მიჰსცეს ერნის შესაწევრად.

– მე ცოტა რამ მოვუხერხე... წაიდუდუნა ტეტლოუმ: ხოლო ეხლა არა ვიცი რა, რა დღეშია ჩემი საწყალი მეგობარი. მე ის თვალიდამ დამეკარგა.

– ეგრე მალე? – წარმოსთქვა ღვდლის ცოლმა თავაზიანის ძრახვითა.

ეგ ისევ ის იყო მოკლედ გამოთქმული, რასაც თვითონ ტეტლოუ თავის თავს ეუბნებოდა. მაგრამ კი, როგორც ეტყობოდა, ღვდლის ცოლი ამ ამბავს დიდს მნიშვნელობას არ აძლევდა და ტეტლოუ რომ უფრო დამჯდარის თვისებისა ყოფილიყო, ადვილად გაურჩებოდა თავის სირცხვილსა.

ტეტლოუ შინ დაბრუნდა და ჰგრძნობდა, რომ სინიდისი ჰკბენს.

ერთის თვის შემდეგ ტეტლოუ წავიდა ერნის ეკკლესიის გამგებელთან იმ იმედით, რომ იქ მაინც შეიტყოს თავისის საწყლის მეგობრის ამბავი. იქ უთხრეს, რომ ეკკლესიის გამგეობამ გამოიძია საქმე, ეკკლესიის წიგნებში ამოჩნდა ერნის სახელი და ეხლა მზად არიან საქმე აუჩინონ, რა დღესაც კი გამოცხადდება.

– მაშ, თქვენთან ის არ მოსულა? – ჰკითხა ტეტლოუმ.

– არა, – მიუგო გამგებელმა. – თქვენ ხომ გეცოდინებათ, საცა არის და შეატყობინეთ.

– ერთის თვის შემდეგ მობძანდით, – უთხრა გაკილვით ტეტლოუმ. – და მაშინ იქნება გაცნობოთ, სად იმყოფება ის უბედური.

საუბედუროდ, იმ ბედკრულის ხსენებაც კი აღარსად იყო; იმის კვალსაც ვეღარ მიხვდნენ. შეწუხდა ტეტლოუ და მიმართა თავის ნაცნობებს ნუგეშისცემისათვის. ერთმა უთხრა: „რა ეშმაკად გინდა იმის თავი!“ მეორე უმტკიცებდა, რომ ბოგანა კაცის ხელის გამართვა ლოთობისა და ზარმაცობის ხელის შეწყობააო.

– მე რა დავა მაქვს თქვენს მეცნიერებასთან! – ეუბნებოდა ტეტლოუ, – მე ეს ვიცი, იმ კაცმა ფეხი შემოდგა ჩემს ცხოვრებაში რაღაც განგების ძალითა. იმისი სვე-ბედი რამდენსამე დღეს ჩემ ხელთ იყო. მე შემეძლო მექმნა, რომ ამ ქვეყანაზედ იმასაც ადგილი რამ ჰსჭეროდა. თუ ამას ვერ ვიქმოდი, სუსტს ხელს შემწეობისას მაინც მივაწვდიდი ყოველ იმის სამაგიეროდ, რაც საწყალს დაეკარგნა. და აი, მას შემდეგ, როცა ცოტად ფეხზე წამოვაყენე, როცა ნახევრამდე დავიხსენ, ხელადამ გავუშვი და დავკარგე. იქმნება იმის გამო დევნილებთან და ტანჯულებთან მისვლა-მოსვლა რამ მქონოდა... ვინ იცის?

ეს ფიქრი და ყოველივე სახსოვარი, რაც მაგ ფიქრს ზედ მოსდევდა, გულს უმძიმებდა ტეტლოუს. დაებადა მხურვალე, მოუთმენელი სურვილი, რომ ერნი ნახოს, უშველოს როგორმე, მოუაროს როგორც საკუთარს ძმასა. ბევრს ეწვალა, ბევრი შრომა გაჰსწია, რომ ეპოვნა ერნი როგორმე, მაგრამ ყველაფერმა ამაოდ ჩაუარა.

– იმის სიკვდილის ამბავი მაინც შემეტყო, სხვა არა იყოს რა! – დაიძახა თავისთავად ერთხელ, – ეგ ამ არცოდნაზედ უკეთესი იქნებოდა, იმიტომ რომ მაშინ მაინც მეცოდინებოდა, რომ მან ადგილი დაიჭირა ნივთიერებითა საზოგადო წყობაში, მეცოდინებოდა, რომ საწყალმა დასასრულ მაინც თავისი ბინა იშოვნა!

ერთხელ შეიტყო, რომ წყალში დამხრჩვალი კაცი უპოვიათ; წავიდა ცხედარის გასასინჯავად, მაგრამ დარწმუნდა, რომ ერნი არ იყო.

როცა ტეტლოუმ უკანასკნელადღა ინახულა ერნი, შიშობდა, რომ ის უბედური დევნას დაუწყობდა. და აი, ეხლა ის ღატაკი სწორედ სდევნიდა... მარტო ძილსა და სიზმარში კი არა, ზოგჯერ დღითვე, როცა შრომით დაღალული ისვენებდა, მაშინ უეცრად თვალწინ აეტუზებოდა მამა, ორის შვილის დამკარგავი, და ყვედრებით სავსეს თვალით უყურებდა თავის ბოლო გაუტანელს მეგობარსა... ზამთრის გძელ ღამეებშიაც, როცა გარედ საშინელი ქარი ღმუოდა და გმინავდა, იგი უბინაო კაცი გვერდით ამოუდგებოდა ხოლმე...

დიახ, ყოველთვის მოეჩვენებოდა იგი, როგორც გამკითხავი და მხილებული მოვალეობის აუსრულებლობისა.

[1878 წ.]

_________________

*. ნუიორკი უმთავრესი ქალაქი ამერიკის რესპუბლიკისა.

**. დოლარი ამერიკის ფულია, ჩვენს ფულზედ ერთი მანეთია, ექვსი შაური და ექვსი გროში.

 

 

უბინაო კაცი ნუიორკში

ხელნაწერი: ასლი U № 215.

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1878, № 3, გვ. 11-16; №4, გვ. 12-16; № 5, გვ. 13-16.

აღნიშნული მოთხრობის რუსული თარგმანი სათაურით «Нью-Иоркский бродяга» დაიბეჭდა 1877 წელს ჟურნალში «Отечественные записки» (№12). მოთხრობის ავტორი ჩვენთვის ცნობილი არ არის, ის კი დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მისი ავტორი „მხოლოდ ამერიკელი მწერალი შეიძლება იყოს“. ამის შესახებ დაწვრილებით იხ. ნ. ჩიტაური, ილია ჭავჭავაძის ორი პროზაული თარგმანი, „ცისკარი“, 1985, № 6, გვ. 154-157.

ხელნაწერი №215 წარმოადგენს „ივერიაში“ გამოქვეყნებული ტექსტის ასლს, ერთმანეთთან შედარებისას ვარიანტული სხვაობები არ აღინიშნება. „ივერიის“ ტექსტიდან ჩანს, რომ მოთხრობა ექვს თავად ყოფილა დაყოფილი, ოღონდ წინა ორი თავი ტექსტში არ არის გამოყოფილი; იგი ჩვენ დავყავით თავებად. აღნიშნული მოთხრობა ილიას თხზულებათა არც ერთ გამოცემაში არ შესულა, მაგრამ თარგმანის ილიასეულობას ადასტურებს მოთხრობის („უბინაო კაცი ნუიორკში“) ხელნაწერი ასლის არსებობა ხელნაწერთა ინსტიტუტის ი. ჭავჭავაძის პირად საარქივო ფონდში. ხელნაწერი გადაწერილია „ივერიიდან“, მსგავსად სხვა თარგმანებისა, ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1892 წლის გამოცემის მომზადების მიზნით, რომელთაგან ზოგიერთი კიდეც დაიბეჭდა 1892 წლის გამოცემის III ტომში.

80. 24 განმავლობაში] განმავალობაში A.

83. 1 სვამს] სვავს A. 25 ქცევა] გცევა A.

85. 14 რომელიც] რომელც A. 95 დამვიწყებიხართ] დამმვიწყებიხართ A.

86. 1 გათახსირებული] გათანხსირებული A.

87. 10 ტეტლოუს] ტეტლოუსს A. 12-13 ტეტლოუს] ტეტლოუსს A. 28 ტეტლოუს] ტეტლოუსის A.

88. 16 ნუიორკში] ნუიოკრში A. 32 ჩავუვარდი] ჩაუვარდი A.

89. 29 კაცი] კაცია A.

92. 28 ვუშოვი] უშოვი A.

95. 34 იატაკზედ] იატაქზედ A.

97. 9 ორშაბათს] ორშაბადს A. 18 ტეტლოუს] ტეტლოუსის A.

98. 25 ორშაბათს] ორშაბადს A.

99. 13 მამად] მამათ A. 18 ორშაბათიც] ორშაბადიც A. 21 შეეპარა] შაეპარა A.

100. 17 შაბათს] შაბადს A. 20-21 სასარგებლოდაო] სასარგებლოთაო A.

101. 17 ტეტლოუ] ტეტლოუსი A.

102. 1 იმდენადვე] იმდვენათვე A. 11 შეწუხებული] შეხუბული A.

103. 2 ტყვედ] ტყვეთ A, აქეთ] აქედ A. 16 შაბათს] შაბადს A. 21 გავუძღვები] გაუძღვები A.

105. 11 მოვუხერხე] მოუხერხე A.

106. 3 ეშმაკად] ეშმაკათ A. 14 გავუშვი] გაუშვი A.