The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ილია ჭავჭავაძის ორი პროზაული თარგმანი

ჩიტაური ნათელა

ილია ჭავჭავაძის ორი პროზაული თარგმანი

(ილია ჭავჭავაძის დაბადების 150 წლისთავის შესახვედრად)

XIX საუკუნის 70-100-იანი. წლების საქართველოში ლიტერატურული პროცესების ძირითადი წარმმართველი ილია ჭავჭავაძის „ივერია“ იყო. „ივერიის“ ფურცლებზე მკითხველი ეცნობოდა არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ მწერალთა შემოქმედებასაც. აღსანიშნავია ამ მხრივ თვითონ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა. XIX საუკუნის 70-80-იან წლებში ილიამ თარგმნა და „ივერიაში“ გამოაქვეყნა ალფონს დოდეს, მარიანო ხოსე დე ლარას მოთხრობები, ტურგენევის „ლექსნი პროზითა“. ჟ. კლარეტის, გ. ებერსის, ა. ბუვიეს და სხვათა ნაწარმოებები. ი. ჭავჭავაძის ყველა პროზაული თარგმანი „ივერიაში“ ხელმოუწერლად დაიბეჭდა, მაგრამ მათ ილიასეულობას თარგმნის სტილთან ერთად ადასტურებს ამ ნაწარმოებთა ხელნაწერი ასლების არსებობა ხელნაწერთა ინსტიტუტის ი. ჭავჭავაძის პირად საარქივო ფონდში. როგორც ირკვევა, მასალა ხელნაწერ კრებულებში გადაწერილია „ივერიიდან“ ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1892 წლის გამოცემის მომზადების მიზნით. მართლაც, მათგან მცირე ნაწილი შესულია ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 189° წლის გამოცემის III ტომში.

ყურადღებას იქცევს ი. ჭავჭავაძის ორი პროზაული თარგმანი „შვილი მოხუცებულის ჰამზასი“ (სერბიული მოთხრობა), (ხელნაწერი № 916) და „უბინაო კაცი ნიუ-იორკში. (ხელნაწერი № 215), მოხრობა „შვილი მოხუცებულის ჰამზასი“. გამოქვეყნებულია ყოველკვირეულ გაზეთ „ივერიის“ 1878 წლის მე-6-10 ნომრებში (იგი შესულია ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1899 წლის გამოცემის III ტომშიც); ხოლო „უბინაო კაცი ნიუ-იორკში“ დაბეჭდილია „ივერიის“ ამავე წლის მე-3-5 ნომრებში (მაგრამ არ არის წარმოდგენილი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1802 წლის გამოცემაში).

აღნიშნული თარგმანები განსაკუთრებით საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ მითითებული არა აქვთ არა მხოლოდ წყარო და თარგმნის დრო (როგორც დანარჩენი პროზაული თარგმანების შემთხვევაშია), არამედ თვითონ ტექსტის ორიგინალის ავტორიც.

მოთხრობის „შვილი მოხუცებულის ჰამზასი“ წარმომავლობაზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის სახელწოდების შემდეგ ფრჩხილებში მოთავსებული განმარტება „სერბიული მოთხრობა“ და თვით ნაწარმოების შინაარსი, რის მიხედვითაც მოთხრობა ერთი შეხედვით სერბიული ხალხური ეპოსის მთაბეჭდილებას სტოვებს. მასში ასახულია სერბიის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი, კერძოდ, XII საუკუნე. ეს ეპოქა იმდენად ბრწყინვალე და დიდებულია სერბი ხალხის ისტორიაში, რომ ცნობილია არა მხოლოდ ისტორიული მატიანეებისათვის, არამედ მან ფართო ასახვა ჰპოვა უმდიდრეს და უძველეს სერბიულ ეპოსში და მის ერთერთ შემადგენელ ნაწილად იქცა. მაგრამ მოთხრობის შესავალმა ნაწილმა ცხადი გახადა, რომ ნაწარმოებთ შექმნილია გვიან, სერბიის ძნელბედობის ჟამს. ავტორი პირდაპირ კი არ იწყებს თხრობას, როგორც ეს სერბიული ეპოსისათვის არის დამახასიათებელი, არამედ თავდაპირველად შესავალში გვამცნობს თავის ძირითად მიზანს და იდეას.

როგორც ცნობილი გახდა, ასეთი სახის რომანტიულ-ისტორიული მოთხრობები დამახასიათებელია XIX საუკუნის 60-70-იანი წლების სერბიული ლიტერატურისათვის.

ქ. ლენინგრადის სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის ბიბლიოთეკის კატალოგების გადასინჯვამ შესაძლებელი გახადა დაგვედგინა მოთხრობის ავტორი. XIX საუკუნის სერბი მწერლისა და პოეტის იაკშიჩის ნაწარმოებებს შორის დასახელებულია ჩვენთვის საინტერესო მოთხრობა. Сын съдога Гамзе, ამავე ბიბლიოთეკაში არსებული პეტერბურგში რევოლუციამდე გამოცემული რუსული ჟურნალ-გაზეთების საძიებელთა დახმარებით დაძებნილ იქნა მოთხრობის რუსული თარგმანიც. იგი გამოქვეყნებულია ყოველკვირეულ ჟურნალ «Пчелa»-ს 1877 წლის მე-მ ტომის მე-10 ნომერში, სათაურით „ Сын съдога Гамзе “. სახელწოდების შემდეგ მითითებულია ავტორი, რუსი მთარგმნელი აღნიშნული არ არის; როგორც ფაქტობრივ-ქრონოლოგიური მონაცემები, ასევე ტექსტების შედარება ცხადყოფს, რომ ჯურა იაკშიჩის ნაწარმოების „შვილი მოხუცებულის ჰამზასი“ ილია ჭავჭავაძისეული ქართული თარგმანის წყაროს აღნიშნული რუსული თარგმანი წარმოადგენს.

ქართული და რუსული ტექსტები მცირედ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ქართულ ტექსტში რამდენიმე ადგილი შემოკლებულია, დამატებულია ერთი კომენტარი. დანარჩენ შემთხვევაში ქართული ტექსტი ზუსტად მიჰყვება რუსულს. აღნიშნულ თარგმანთან დაკავშირებით ეს სიზუსტე მაქსიმალურად არის დაცული. საერთოდ ი. ჭავჭავაძის დანარჩენი პროზაული თარგმანებისათვის დამახასიათებელია ის, რომ იგი ხშირად და ძალიან ბევრს ტოვებს. განსაკუთრებით ისტორიული, რელიგიური ხასიათის ცნობებს, მოქმედ პირთა ბუნების აღწერებს, ამით ტექსტს ნაკლებად ტვირთავს, ცდილობს, რაც შეიძლება გასაგები გახადოს ქართველი მკითხველისათვის. ამ დროს ილია უფრო მეტ მნიშვნელობას ნაწარმოების შინაარსს, მის ძირითად იდეას ანიჭებს, ვიდრე ენას, ლექსიკას, ამიტომაც მისი პროზაული თარგმანების უმრავლესობა მხატვრულობის თვალსაზრისით ვერ გამოირჩევა (განსაკუთრებით მის ორიგინალურ ნაწარმოებებთან შედარებით). უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველი თარგმანი ამის თქმის საფუძველს არ იძლევა საერთოდ, მოთხრობის რუსული თარგმანიც საკმაოდ მხატვრულად არის შესრულებული. ამას ნაწარმოების ემოციური შინაარსი და როგორც ჩანს, თვით ტექსტის ორიგინალის ლექსიკაც განაპირობებს.

ქართული ტექსტის გაცნობა ცხადყოფს, რომ ილია ჭავჭავაძე დიდი პასუხისმგებლობით და გატაცებით მოკიდებია ამ თარგმანს. ქართულად ზუსტი შესატყვისი მოუძებნია თითოეული სიტყვისათვის, გამოთქმისათვის, ზოგიერთი ადგილი გაუვრცია კიდევაც. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ ნაწარმოებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ილია ჭავჭავაძის პროზაულ თარგმანებს შორის.

რამ გამოიწვია ილიას ინტერესი სერბი მწერლის იაკშიჩის შემოქმედებისადმი, კერძოდ ამ ნაწარმოებისადმი?

„ივერიის“ ნომრებს თუ გადავხედავთ, ამკარა გახდება, რომ მისი რედაქტორი დიდ ადგილს უთმობდა საერთოდ სლავი ხალხებისა და მათ შორის სერბების ისტორიის და ყოფის აღწერას. მით უმეტეს 1877-1878 წლებში, როდესაც ომი მიმდინარეობდა რუსეთსა და თურქეთს, აგრეთვე სერბებსა (საერთოდ სლავ ხალხებს) და თურქებს შორის. ამ დროისათვის მთელი სლავი ხალხი და განსაკუთრებით სერბები, იბრძვიან თურქთა მრავალსაუკუნოვანი უღლისაგან საბოლოოდ განთავისუფლებისათვის. 1877-1878 წლების გაზეთ „ივერიის“ თითქმის ყველა საპოლიტიკო მიმოხილვაში ვხვდებით თუ ვრცელ მიმოხილვას არა, მოკლე ინფორმაციას მაინც ამ ბრძოლის შედეგების შესახებ. ქართველი საზოგადოება თვალყურს ადევნებს სერბი ხალხის საუკეთესო შვილების მოღვაწეობას.

როგორც ჩანს, ილია ამ პერიოდში დაინტერესდა სერბული ლიტერატურითაც, კერძოდ, მისი ერთ-ერთი თანამედროვე წარმომადგენლით, ჯურა იაკშიჩის (1882-1878) შემოქმედებით.

ჯურა იაკშიჩმა თავისი კალამი და ძალები ლიტერატურის ყველა ჟანრში სცადა. იაკშიჩის შემოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა იმ მხრივ, რომ მისი მოღვაწეობის ხანა (1860-1878 წ.) ემთხვევა სერბულ ლიტერატურაში რომანტიზმის დასუსტებისა და რეალიზმის დამკვიდრების პერიოდს. იგი ერთ-ერთი უკანასკნელი სერბი რომანტიკოსია, ხოლო „რეალიზმის ეპოქამ“ მის შემოქმედებაში რეალისტური მოტივები შეიტანა და მწერალი საბოლოოდ რეალისტად ჩამოაყალიბა.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა იაკშიჩის რომანტიულ-ისტორიული ნაწარმოებები.

ჯურა იაკშიჩი სხვა სერბი რომანტიკოსი მწერლების მსგავსად თავის რომანტიულ-ისტორიულ მოთხრობებში ფართოდ იყენებს სერბი ხალხის ისტორიას, მიმართავს ხალხურ ლეგენდებს, თქმულებებს. როგორც რომანტიკოსი მწერალი, იაკშიჩი ისტორიიდან ან სერბული ზეპირსიტყვიერებიდან იღებს რაიმე კონკრეტულ მოვლენას, თქმულებას და მას აწყმოსთან უშუალო კავშირში განიხილავს. ამიტომაც მის რომანტიულ-ისტორიულ მოთხრობებში ერთმანეთს ენაცვლება ლეგენდა, ფანტაზია და ისტორიული ამბავი, სინამდვილე, მწერლის რომანტიული განწყობილებანი და რეალური თვალთახედვა.

იაკშიჩის რომანტიული მოთხრობებს შორის შეიძლება დავასახელოთ „კრალიცა“, „შვილი მოხუცებულის ჰამზახი“, „ტყვე“, „საცოლე“, „ორი ტახტი“ და სხვა, როგორც სალიტერატურო კრიტიკაშია აღნიშნული, იაკშიჩის რომანტიულ-ისტორიული ნაწარმოებები არ იტაცებს მკითხველს შინაარსის სიღრმით, არც ისტორიული ამბების ზუსტი გადმოცემით, მაგრამ ისინი საინტერესონი არიან თავისი ნამდვილი და ღრმა ლირიკული განცდებით, საკვირველი სურათებით, ცოცხალი სახეებით, პოეზიით, შესანიშნავი მხატვრული ენით.

მოთხრობაში „შვილი მოხუცებულის ჰამზასი“ ასახულია სერბიის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი, ნემანიჩების მეფობის ბრწყინვალე ეპოქა. როგორც ტექსტის ქართულ და რუსულ კომენტარშია მითითებული და სერბიის იტორიიდანაც გახდა ცნობილი, XII საუკუნიდან XIV საუკუნემდე სერბიაში მეფობდა ნემანიის გვარეულობა. ამ დროს გავრცელდა ქვეყანაში ქრისტიანობა. (მართლმადიდებლობის სახით), ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ეროვნული ეკლესია, შეიქმნა დამწერლობა, რაც მთავარია, სერბია გაერთიანდა. ნემანიჩებმა ბრძოლა გამოუცხადეს ბიზანტიას, ბულგარეთს, უნგრეთს. არაერთხელ დაამარცხეს ისინი და შექმნეს სერბიის დამოუკიდებელი სახელმწიფო.

მოთხრობის რუსული ტექსტის კომენტარებიდან ირკვევა, რომ ნაწარმოების შექმნის თავდაპირველი იდეა ავტორს ხალხურმა ლეგენდამ შთააგონა. იგი შესავალში ავითარებს ნაწარმოების ძირითად თემას, ცხადყოფს თავის მიზანს. ერთმანეთს უპირისპირებს აწმყოს (რომელიც მიუღებელია მისთვის, რადგან მისი ქვეყანა თურქების ხელშია) და წარსულს — სტეფანე ნემანიჩის მეფობის დიდებულ ხანას (რომლითაც ის ამაყობს, რადგან მაშინ სერბია ძლიერი და რაც მთავარია, თავისუფალი ქვეყანა იყო). შესავლის შინაარსი ადასტურებს, რომ იგი ძლიერ საინტერესო უნდა ყოფილიყო „მეფე დიმიტრი თავდადებულის“ ავტორისათვის.

ი. ჭავჭავაძის ყურადღება, როგორც ჩანს მიიპყრო არა მხოლოდ მოთხრობის მიმზიდველმა, ემოციურმა შინაარსმა, არამედ უპირველეს ყოვლისა მისმა თემატიკამ, განსაკუთრებით ნაწარმოების პატრიოტულმა სულისკვეთებამ და მასში შექმნილმა ხალხურმა ხასიათებმა.

მოთხრობაში წარმოდგენილი ყველა გმირი სერბიული ეპოსისათვის დამახასიათებელი დიდებულების ელფერით არის შემოსილი, მათში ერთმანეთს ერწყმის წარმტაცი გარეგნული სილამაზე და შინაგანი კეთილშობილება, სიამაყე, შეიძლება ითქვას, ნაწარმოების ყველა მოქმედი პირი დადებითია, თითოეულის საქციელს თავისი გამართლება აქვს.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია. მოხუცი ჰამზას სახე. ბრძენი ჰამზა თითქოს ყველა ერის წარსული ტრადიციებისა და დიდების განსახიერებაა. იგი ერთგულია მამა-პაპათა ღმერთებისა. ჰამსა არ დაემორჩილა მეფეს, არ მიიღო ქრისტიანობა. მეფემ ამის გამო ის სასახლიდან გააძევა, მოხუცი ჰამზა ჩაიკეტა თავის სამფლობელოში, ციხე ჰამზიგრადში. იგი კვლავ განაგრძობდა წარმართული კერპებისადმი თაყვანისცემას. ყოველივე ამის მიუხედავად, ჰამზა სამშობლოს უსაზღვროდ მოყვარული და მეფის ერთგულია. სიკვდილის წინ მან შვილს უანდერძა: „მიიღე ჩემგან ლოცვა და კურთხევა, შვილო ჩემო! ღმერთნი შენთა წინაპართა, ღმერთნი, რომელნიც მრავალ საუკუნეს ჰპატრონობდნენ და ჰფარავდნენ სერბიის ერსა და რომელთაც თაყვანს ვცემდი მე, იყვნენ მფარველ და მეოხ შენი, ჩემო კარგო შენ სული გაქვს გმირისა, ემსახურე შენს ქვეყანას და შენს მეფეს და როცა საყვირი ბრძოლისა მოგიწოდებს შენ საომრად, წადი და გულდაგული დახვდი რაზმსა მტრისასა, ეგ იმისთანა თავგანწირვაა, რომლისათვისაც ღმერთნი შენთა მამა-პაპათა მიანიჭებენ კაცს სამარადისო სახელს და დიდებას. შვილო ჩემო! ნუ დაივიწყებ ჩემს ანდერძს ნუ ჰგმობ და ნუ უღალატებ შენ სამშობლო ქვეყანას და შენს მეფეს. გმობა და ღალატი წყეულია მთელის ქვეყნისაგან. ხოლო მოერიდე მეფის კარს და სიკვდილი გერჩივნოს ვიდრე ნახვა იმ ტახტისა, რომელზედაც სხედან ნემანიჩების შთამომავალნი“ (თხზულებანი ი. ჭავჭავაძისა, 6. 111, 1892 F. 83. 265).

ნაწარმოების მთავარი მოქმედი გმირი — ჭაბუკი რადიშა სერბიული ეპოსის გმირების მსგავსად ყველა რაინდული თვისებებით არის შემკული: ულამაზესი, მამაცი, საუკეთესო შვილდოსანი, მონადირე, მამის უსაზღვროდ მოყვარული, სამშობლოს დასაცავად თავგან წირულად მებრძოლი გმირი და ბოლოს ფი ცისა და მამა-პაპათა სარწმუნოების ერთგული. იგი ისევე, როგორც კრინა, ტრაგიკული სახეა. რადიშასა და კრინას სიყვარული რომეოსა და ჯულიეტას სიყვარულს გვაგონებს. მათ ერთად სიკვდილი არჩიეს განშორებას. ავტორი (და მთარგმნელიც) ათასგვარ ეპითეტს. შედარებას და სხვა მხატვრულ ხერხს მიმარ თავს მათი გარეგნობისა და გრძნობების გადმოსაცემად.

მოთხრობისათვის ძირითადია სერბული ეპოსის ცენტრალური თემა: ბრძოლა სამშობლოს თავისუფლებისათვის.

შესაძლებელი გახდა დაგვედგინა ი. ჭავჭავაძის მეორე უავტორო პროზაული თარგმანის „უბინაო კაცი ნიუ-იორკში“ რუსული წყაროც. მოთხრობის რუსული ტექსტი სათაურით Нью-Йорский Бродяга გამოქვეყნებულია ყოველთვიურ ჟურნალ „Отечественные записки“-ს 1877 წლის მე-12 ნომერში. თარგმანის ბოლოს მიწერელია ინიციალები „A. П“. მოთხრობის ქართული და რუსული ტექსტების შედარება ცხადყოფს, რომ ილიასეული თარგმანის წყაროს აღნიშნული რუსული თარგმანი წარმოადგენს. თუმცა ქართული ტექსტი ზუსტად არ მისდევს რუსულს. ზემოთგანხილული თარგმანისაგან განსხვავებით ამ შემთხვევაში საკმაოდ ბევრი ადგილი გამოტოვებულია ან მოკლედ არის გადმოცემული, მკვეთრად იგრძნობა საერთოდ თარგმანის ილიასეული მანერა: ადგილების შემოკლებისას და გამოტოვებისას დაცულია გარკვეული კანონზომიერება. ილია ტოვებს და ამოკლებს იმას, რაც მისი აზრით, მოთხრობას ზედმეტად გადატვირთავდა და ამავე დროს არაფერს დააკლებდა ტექსტის მთლიან შინაარსს, ძირითადად თემას და იდეას. იმისათვის, რომ ნაწარმოები რაც შეიძლება ადვილი გასაგები იყოს ქართველი მკითხველისათვის, ქართულ ტექსტს რუსულისაგან განსხვავებით დართული აქვს კომენტარები.

რაც შეეხება თვითონ ტექსტის ორიგინალის ავტორს, იგი ჯერჯერობით უცნობია. რუსული ტექსტის ბოლოს მიწერილი ინიციალები „ A. П “ აღმოჩნდა XIX საუკუნის რუსულ ლიტერატურაში საკმაოდ ცნობილი პოეტის, პროზაიკოსის და მთარგმნელის ალექსი ნიკოლოზის ძე პლეშჩეევის (1895-1898) ფსევდონიში. როგორც ჩანს, პლეშჩეევს ჩვენთვის უცნობი რომელიღაც უცხოური წყაროდან მოთხრობა რუსულად უთარგმნია, მაგრამ არ მიუთითებია ტექსტის ორიგინალის ავტორი. პლეშჩეევის თარგმანთა გაცნობა აშკარას ხდის, რომ ეს ფაქტი ერთადერთი და მოულოდნელი არ არის მის შემოქმედებაში. იგი უცხოელ ავტორს ხშირად არ აღნიშნავს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ნაწარმოები ზუსტად კი არ არის თარგმნილი, არამედ გადმოკეთებულია. გარდა ამისა, პლეშჩეევის მთარგმნელობით მოღვაწეობაში გვხვდება აგრეთვე თარგმანის თარგმანიც. მკვლევარი ი. ა. შჩუროვი აღნიშნავს: „პლეშჩეევი საფუძვლიანად ფლობდა ფრანგულ, გერმანულ და პოლონურ ენებს, ინგლისელ, უნგრელ და იტალიელ ავტორებს, როგორც ჩანს, იგი თარგმნიდა გერმანული წყაროებიდან“.

მოთხრობის შინაარსის გაცნობა აშკარას ხდის, რომ მისი ავტორი მხოლოდ ამერიკელი მწერალი შეიძლება იყოს. იგი კარგად იცნობს ნიუ-იორკს, მის საზოგადოებრივ დაწესებულებებს, ქალაქის წესებს და კანონებს, ამერიკელი ხალხის ყოფა-ცხოვრებას. გარდა ამისა, რუსულ ტექსტში გვხვდება ინგლისური სიტყვებიც.

მოთხრობის „უბინაო კაცი ნიუ-იორკში“ თემა სოციალურ-ფსიქოლოგიურია. „გლახის ნაამბობის“ ავტორისათვის და მისი მკითხველისათვის უცხო არ უნდა ყოფილიყო უბინაო, უთვისტომო და ღარიბი კაცის ბედი დიდ ქალაქ ნიუ-იორკში.

ზემოთ განხილული პროზაული თარგმანები შესაძლოა ახალს არაფერს მატებდეს ილია ჭავჭავაძის შემოქმედებით თემატიკას, მის მსოფლმხედველობას იდეურ-მხატვრულ სამყაროს, მაგრამ ჩვენთვის დღეს ძვირფასი და საინტერესოა დიდი ილიას მიერ დაწერილი თითოეული სტრიქონი, მით უმეტეს ალნიშნული თარგმანები, რომელნიც კიდევ უფრო ფართო სახით წარმოგვიდგენს ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობას „ივერიაში“, მის მთარგმნელობით შემოქმედებას, მისი ინტერესების სფეროს. როგორც ჩანს, ილია ყურადღებით ადევნებდა თვალს უცხოური ლიტერატურის განვითარებას და „ივერიის“ საშუალებით განვითარების ამ პროცესს, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, საცნობელს ხდიდა ქართველი მკითხველისათვის. ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ნაწარმოებების თემატიკის შესწავლა ცხადყოფს, რომ მწერალს ისინი შემთხვევით არ აუღია სათარგმნად და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თარგმანს ილია ჭავჭავაძე მიიჩნევდა ორიგინალური ლიტერატურის განვითარების მონაწილედ.