The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


რჩევა

რჩევა

თუ გინდა, ძმაო, იგემო
ამა ქვეყნისა შვებანი,
დიდთა საფეროდ მოჰმართე
შენი გულ-სიტყვის ებანი.
მერე ბრძნობით შეიმოსე,
დიდთა უკმიე, სხვათ არა,
და იქადაგე - “წესია,
რომ დიდმა ჰყლაპოს პატარა”.
ამა წესის სიმართლისა
შენ საბუთი ვინც მოგკითხოს,
- “ჯერ ეგრე-თქო, დამიჯერეთ,
საბუთი-თქო მერე იყოს”.
დიდნი ხომ დაგიჯერებენ,
აბა უარს რად იტყვიან?!
პატარებს ჯანიც გავარდეს,
დიდნი მადლს გადაგიხდიან.
თუმცა დიდთა პირფერობა
არის მონებური ქცევა,
მაგრამ მაღლა აცოცვისთვის
უნდა თურმე კუდის ქნევა.
ამას გირჩევ, იმიტომ რომ
ჩვენ გვყავს ერთი მეგობარი,
რომელიცა ამგვარ ქცევით
ჩვენში ბედნიერი არი.

1872 წ., მარიამობის 29-სა
[დუშეთი]

 

ხელნაწერი: U:

ავტოგრაფები - № 124 (B); კრებ. № 108, გვ. 168 (C).

ნაბეჭდი:

გაზ. “დროება”, 1872, № 35, გვ. 2 (D); თხზულებანი

ილია ჭავჭავაძის ა, I, ტფილისი, 1892, ვგ. 173 (A); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-2, ტფილისი, 1892, გვ. 135 (E).

ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები, წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, № 81, ტფილისი, 1907, გვ. 81.

თარიღი:

1872 A; 1872 წ., მარიამობის 29-სა BD; 1872 წ., აგვისტო C.

ხელმოწერა:

N (სარჩევში) E.

B ავტოგრაფს ატყვია სტამბის საღებავის ლაქები. არშიაზე ილიას ხელითაა მიწერილი და გადახაზული: “უსათუოდ “დროებაში” დააბეჭდინე. გიგზავნი ჩემს სახეს”. ლექსის ბოლოსაც იმავე მელნით არის მინაწერი და გადახაზულია: “კორრეკტურას შენ განდობ”. ჩანს, ეს ავტოგრაფი დასდებია საფუძვლად ლექსის პირველ პუბლიკაციას. C სუფთა ნაწერია.

 
147. 5 ბრძნობით] გრძნობით E. 8 ჰყლაპოს] ყლაპოს BCDE. 11 ჯერ] აწ BD. 18 მონებური] მონებრივი BC29. * მაღლა] მაღლად B.
 
* 1925-1951 წწ. გამოცემებში ლექსის მე-18 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვისა «მონებური», დაბეჭდილია «მონებრივი».
 

148. 2 გ გვყავს] B. D-ში ლექსის ბოლო ოთხი სტრიქონი ამოღებულია ცენზურის მიერ და შეცვლილია მრავალი წერტილით.

ცნობილია, რომ ეს ლექსი დაიწერა გიორგი მუხრან-ბატონის (იხ. კომენტარი, გვ. 420) ბროშურის გამო - «О существе национальой индивидуальности и об образовательном значени крупных народных единиц» (1872 წ.). მასში ავტორი ასეთ აზრს ატარებს: დიდმა სახელმწიფოებმა უნდა შთანთქან პატარა ერებიო. ამ ბროშურამ ძლიერ აღაშფოთა მაშინდელი ქართველი ინტელიგენცია. “თუმცა ჩვენ უკვე ანდერძი აგვიგო გიორგი მუხრან-ბატონმა, მაგრამ სტყუის უბედური, ჩვენს სიკვდილს ვერავინ მოესწრება”, - უთქვამს აკაკი წერეთელს, თავის დროზე ამ ამბავს გამოხმაურებია გაბრიელ ეპსიკოპოსიც (ქიქოძე) (იხ. ს. მგალობლიშვილი, მოგონებანი, 1938, გვ. 178).

ამ ბროშურის შესახებ 1872 წ. 30 VIII-ს ილია დუშეთიდან სწერდა პეტრე უმიკაშვილს (ილია მაშინ დუშეთში მსახურობდა): “მუხრანსკის ბროშურა წავიკითხე. აი ჩემი პასუხი: «Лишь права сильного раб свято почитает». მაგ. ბროშურის პასუხად აი, რა დავსწერე და გთხოვ “დროებაში” დააბეჭდინო, ჩემს გვარს ნუ მიაწერ”... ამის შემდეგ იქვე მოტანილია ლექსი “რჩევა”. ეს წერილი B ავტოგრაფს უძღვის წინ (დაიბეჭდა

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის X ტომში, 1961, გვ. 38). 29 1925-1951 წწ. გამოცემებში ლექსის მე-18 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვისა «მონებური», დაბეჭდილია «მონებრივი».

როგორც წერილის მიხედვით გაირკვა, ლექსი დუშეთში დაიწერა, ამიტომ შეგვიძლია B ავტოგრაფისეულ დათარიღებას ლექსის შექმნის ადგილის მითითებაც დავურთოთ: [დუშეთი].