The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გარდამეტებული მოთხოვნილება

მიქელაძე დავით

გარდამეტებული მოთხოვნილება

ივერია. 1893. 144

ყოველმა გვარმა სიმდიდრემ საქართველოს ბუნებისამ მაინც ვერ გახადა ქართველი კაცი ბედნიერი. არ არის, იქნება, არც ერთი სიმდიდრე ბუნებისა, რომელიც არ მოიპოვებოდეს ჩვენში; არ არის არც ერთი მცენარე, რომელიც არა ხარობდეს საქართველოს უხვ ნიადაგზე! ამას დაუმატეთ მშვენიერი და საოცარი ბუნება, ტყეებით და მდინარეებით შემკული, რომელიც სავსეა ათასნაირის ნადირითა და თევზით და თქვენ კიდევ არ გექმნებათ ნამდვილი აზრი საქართველოს ბუნების სიმდიდრესა და სიკეთეზე. ქართველს კაცს შეუძლიან სულ ადვილად თავისისავე ქვეყანაში იშოვის, მოიყვანოს და გააკეთოს ყველაფერი, რაც დღეს გარედან მოაქვს. საჭიროა მხოლოდ ცოდნა და ცოდნა! მაგრამ არა ისე ცოდნა, რომელიც გამოსადეგია მხოლოდ სალონებში და სამსჯავროებში, არამედ ცოდნა ნამდვილად რეალური, სასარგებლო აუცილებელი ერის წარმატესათვის. მეცნიერება გვასწავლის და გვიმტკიცებს, რომ ერთს ოჯახს, 10-15 ქცევა მიწა ეყოფა, რომ სრულიად კმაყოფილი იქმნეს, თუკი მეოჯახემ იცის ამ მიწის მოვლა. მაგრამ, არა თუ 10 და 15 რამდენი ასი და ათასი ქცევა აქვს ქართველს მებატონეს და მაინც გაჭირვებულია და სიღარიბეში ჰგრძნობს თავის თავსა?

უმთავრესი დანაშაული ამ სამწუხარ მდგომარეობისა, რასაკვირველია, მთლად ეკუთვნის ქართველ განათლებულს თაობას, და არა იმ სოფლელ მუშა კაცს, რომელსაც ევროპის კულტურისა არა მოეთხოვება-რა.

რა საჭიროა თავის თავის მოტყუება, ვსთქვათ მართალი. რა შეიტანა ჩვენს ოჯახებში ეხლანდელმა სწავლა-განათლებამ, რა სასარგებლო ცვლილება მოახდინა, ან ცხოვრების მასალათა წარმოებაში, ან ოჯახის შინაგან ცხოვრებაში?

ქართველის თაობის განათლება დაიწყო მაშინ, როდესაც რუსეთის საზოგადოებრივი ცხოვრება სრულიად იცვლიდა ფერსა და ხორცს. ვის არ ახსოვს გატაცებული და ყველაფრის შემმუსვრელი მიმართულება რუსეთის მწერლობისა ამ ოც-და-ათის წლის წინად? ქართველი ახალგაზდობა ხომ პირმშო შვილია რუსეთის მეცნიერებისა და განათლებისა და რაც იქიდან გამოატანეს, იმანაც ის ჩამოიტანა თავის სამშობლოში.

რუსეთიდან-კი ჩამოჰყვა ქართთველ განათლებულ თაობას ის აზრი, რომ ყველაფერი რაც ძველია — ცუდია და ახალი კი— უთუოდ კარგიო. ამ გვარის მეცნიერებით აღჭურვილი ახალგაზდობა შეებრძოლა მამა-პაპათა ცხოვრებას და, თუ მთლად ვერ დაამხო ჯერ ეს ცხოვრება, აპირებს-კი და ძალიან მონდომებულიც არის. განათლებამ მრავალი ისეთი მოთხოვნილება დაჰბადა, ურომლისოდაც ძალიან კარგად შეგვეძლო ცხოვრება და შეგვიძლია დღესაც. მაგრამ, რომ ქვეყანას ვითომ და გაუზრდელი და უმეცარი არ ვეჩვენოთ, უთუოდ უნდა შევითვისოთ ყველაფერი, რაც ახალია და დავგმოთ, რაც ძველია, რაც წარსულია.

მაგრამ ერთი რამ გვინდა ვიკითხოთ: სად არის საზღვარი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისა? შესაძლებელია განა, რასაც მთელის კაცობრიობის აზრი და გონება შეჰქმნის და წარმოიდგენს, ყველაფერი ერთმა ადამიანმა იშოვოს და მოიხმაროს? ასეთი გაყოლა ახალ-ახალის მოთხოვნილებისა და მოპოვება პროგრესის — თუკი ამას პროგრესი ჰქვიან —ნაწარმოებისა, ყოვლად მოუხერხებულია, არა თუ უბრალო კაცისათვის, არამედ უპირველესის მდიდარისათვისაც, რადგანაც ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არა ქვს, და მაშასადამე, ამ ფანტაზიის ნაწარმოების მონა და გამოყენება ცხოვრებაშიც შეუძლებელია.

საღის გონების და კარგად მყოფს კაცს ბევრი არა სჭირია-რა: კარგი ჰაერი, წმინდა ტანსაცმელი, უბრალო, მარგებელი სასმელ-საჭმელი და ადამიანი სრულიად კმაყოფილი იქნება. ყველა ესეები ქართველს კაცს შეუძლია იქონიოს უსასყიდლოდ, მაგრამ განათლება ამაებს როდი გვაჯერებს!

შინ მოქსოვილი შალი და „დარაია“, რასაკვირველია, —ეს „მუჟიკებსაც“ აქვს—უთუოდ ფარჩები და ბატისტები უნდა ვიყიდოთ მამასისხლად ნასესხების ფულით! ჩვენებურ საჭმელებსა და ღვინოს როგორ დავჯერდეთ — განათლების საბუთად უთუოდ „პოვრის“ გაკეთებული უცხო ნაყიდი საჭმელები უნდა ვიგემოთ და, თუ ევროპიულის ღვინოთი არ დავამშვენეთ სუფრა, ეს ხომ სიღარიბის ნიშანი იქმნება?!

დღევანდელმა განათლებამ და მოთხოვნილებამ სრულიად შესცვალა ქართველის ოჯახის მდგომარეობა. წინად მოსვენებული, მაძღარი, გამრჯელი და უპრეტენზიო ოჯახი, ეხლა ძვირად თუ სადმე მოიპოვება. დღეს ოჯახში ან აღარ იციან საჭირო ხელ-საქმე, ან ამ ხელ-საქმის ნაწარმოებით აღარავინ კმაყოფილდება. შემოსავალი მემამულეთა დღითი დღე კლებულობს და მოთხოვნილება გაასკეცდა. ამ წესით ცხოვრება ერისა შეუძლებელია; საჭიროა დავუფიქრდეთ ჩვენს ეხლანდელ ანორმალურს ჰდგომარეობას და ერთად რუსთველთან ვსთქვათ:

„ვისაც რაცა ბედმან მისცეს, უბნობდეს. და მას დასჯერდეს“, და განვდევნოთ ყველა ისეთი მოთხოვნილება, რომელიც არც სულს არგებს და არც ხორცს, ევროპის სათვალთმაქცო საგნებისა და მოთხოვნილების გაყოლა და შეთვისება ქართველის ბუნებისთვის სრულიად მეტია და რისთვის უნდა გადავაყოლოთ ძველი ქართველი ოჯახი ისეთ რასმეს. რასაც თვითონ საუკეთესო განათლებულნი და კაცობრიობის მეგობარნი მწერალნი ეწინააღმდეგებიან და ებრძვიან?

მეველე