The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ორიოდე სიტყვა უფ. გ. თუმანიშვილს

ჭყონია ალექსანდრე

ორიოდე სიტყვა უფ. გ. თუმანიშვილს

ერთის მერცხლის ჭიკჭიკი ზაფხულს ვერ მოიყვანს“.

ქართული ანდაზა.

უფ. გ. თუმანიშვილმა თავის სტატიაში: „ეხლანდელი ქართულ ჟურნალ-გაზეთების მიმართულება“ (იხ. ალმანახი, 1879 წ.), როგორც იყო მოხსენებული ამას წინად „დროებაში“, გამოსთქვა ის აზრი, რომ ჩვენმა მწერლობამ ამ სამი-ოთხიოდე წლის განმავლობაში იცვალა თავის მიმართულება და ხასიათიო. ათი-თხუთმეტის წლის წინედ ჩვენი მწერლობა იყოო. ახალ აზრების მქადაგებელი და საზოგადოებისთვის საუკეთესო გზის მაჩვენებელიო. ამ უკანასკნელ სამი-ოთხის წლის განმავლობაში კი ჩვენმა ჟურნალგაზეთებმა მიატოვესო. ეს კეთილშობილური როლი და გადაიქცენო მხოლოდ სხვა-და-სხვა ამბების ფურცლებათო. ომს აზრი სწორედ ჭეშმარიტია და მის წინააღმდეგო ბევრს არ ვიტყვი, მაგრამ ამგვარი ცვლილება ჩვენის მწერლობისა, ჩემის შეხედულობით, სამუდამო არ არის, არამედ იყო დროებითი, როგორც დროებითი იყო თვით მიზეზი, რომელმაც იუს ცვლილება გამოიწვია. ეს მიზეზი იყო წარსული ომი. სამმა წელიწადმა გაიარა, რაც სლოვენების პატარა ხალხებმა დაიწყეს ოსმალეთთან ომი თავის განთავისუფლებისათვის. ამ ომს მოჰყვა, როგორც მიუცილებელი მისი შედეგი, უფრო დიდი და საშიშო ომი ოსმალეთის და რუსეთის შორის.

ჩვენს საზოგადოებას არ შეეძლო, ადვილად გასაგებ მიზეზების გამო, არ ედევნა გულ-მოდგინედ თვალ-ყური ამ შემთხვევისათვის. ამ ომს შეეძლო შეეცვალა არა მარტო ოსმალეთის კარტა, არამედ ევროპის უმეტესის ნაწილისაც. ამასთანავე ვინ იცოდა, რა მოელოდა ჩვენს მდგომარეობას და ბედს ამ ომისაგან? ამიტომაც ჩვენი საზოგადოება მოუთმენელად თხოულობდა ომის ყოველ ამბებს და სრული მისი ყურადღება ამაზედ იყო მიქცეული.

ნუთუ ეს მოთხოვნილება ჩვენის საზოგადოებისა არ იყო კანონიერი და მწერლობას არ უნდა დაეკმაყოფილებინა იგი? მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, როგორც საზოგადოების მხრით გულ-გრილობა გაუგებარი და სამწუხარო რამ მოვლენა იქნებოდა, ისე მწერლობის მხრით საზოგადოების მოთხოვნილების დაუკმაყოფილება და უცხო აზრების ქადაგობა (მაგალ. მუშა ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესობა და სხვ.) სასაცილო სისულელე იქნებოდა. საზოგადოდ გარეგან ომის დროს მწერლობა არამთუ არ ქადაგობს შესახებ შინაგან ცხოვრებისა ახალ ჭეშმარიტებებს, არამედ უწინ აღძრულ კითხვებსაც თავს ანებებს დროებით. ეგრე ყოფილა ყოველთვის სხვა ქვეყნებში და ეგრე უნდა ყოფილიყო ჩვენშიც გასრულ ომიანობის დროს.

ჩვენს მწერლობას ამ ომიანობის დროს ის კი მოეთხოვებოდა, რომ მას განემარტებინა ის კითხვები, რომელთაც ჰსძრავდა თვით ომი, მაგალითად: სლოვენების მდგომარეობა ოსმალეთის ქვეშ, იმავე ოსმალეთის ქვეშ ჩვენგან მოშორებულო ქართველების მდგომარეობა, რუსეთის როლი ამ საქმეში, ოსმალეთის პოლიტიკის ხასიათი მის ქვეშევრდომ ხალხებთან და სხვა და სხვა. ეს მოთხოვნილება ცოტაოდნად შეასრულა „ივერიამ“ რამოდენიმე პოლიტიკურ სტატიებითა, რომელთაც უჩვენებს თვით უფ. ზ. თუმანიშვილი და გარდა ამისა უფ. პ. უმიკაშვილის ისტორიულ და ეტნოგრაფიულ სტატიებითა.

მაგრამ ამისთანა სტატიები ძლიერ ცოტა იყვნენ ომის დროს ჩვენს მწერლობაში და უმეტეს ნაწილად დროგამოშვებით გამოცემების ნომრები გავსებულნი იყვნენ წვრილმან ამბებით და უმნიშვნელო კორრესპონდენციებითა. უფ. გ. თუმანიშვილი ფიქრობს, რომ ამის მიზეზი ის იყოო, რომ მწერლობის მდგომარეობა სრულებით შეიცვალაო და მწერლები კი იგივენი დარჩნენო; იმათ ვეღარ შეძლეს საზოგადოების წინამძღომლობა და ჩამორჩნენ უკანო და დაიწყეს ძველ აზრების ღეჭვაო.

მე კი სხვაფერ ვფიქრობ. მე მგონია, რომ ჩვენის მწერლობის ამგვარი უფერულობის მიზეზი ის კი არ იყო, ჩვენში ადრე ქებულნი მწერლები თავიანთ ნაწერებში ამ სამი-ოთხიოდე წლის განმავლობაში მუდამ ძველ აზრებს ღეჭდნენ, არამედ ის, რომ იგინი არა რას ჰსწერდნენ.

უფ. ბ. თუმანიშვილი ამისთანა საყვედურს არ ეუბნება ამ მწერლებს. იგი ამათ ესაყვედურება მხოლოდ იმისთვის, რომ უფრო ხშირად თავიანთ ნაწერებში ძველ აზრებს იმეორებდნენო და მხოლოდ იშვიათად და თითქმის უცაბედად გამოთქმიდნენო ახალ ჭეშმარიტებებსო. ამის დასამტკიცებლად ჩვენს კრიტიკოსს მოჰყავს მაგალითები, რომლითაც გვიჩვენებს, თუ რომელია ძველი აზრი და რომელი ახალი, თუ რომლის გამოთქმა სასირცხვილო. ღეჭვაა და რომლის—სახელოვანი წინასწარმეტყველება.


აი, უმთავრესად ამაში არ ვეთანხმები მე პატივცემულ ავტორს, რომელიც, ჩემის აზრით, შემცდარ გზაზე სდგას, როცა იმის გარჩევაშია, თუ რომელი აზრი უნდა იქადაგოს მწერალმა და რომელი არა, უფ. გ. თუმანიშვილს რომლისამე მწერლის აზრი აღარ მიაჩნია ახლად და გავრცელების ღირსად, თუ იგივე აზრი ვინმეს გამოუთქვამს ადრე. მაგალათად, ის ძლიერ აქებს და ადიდებს ილ. ჭავჭავაძის „პოეტს“, რომელმაც „გვითახრა ახალი სიტყვა კაცთ-მოყვარეობით სავსე, მქებელი ძმობის და თანასწორობისაო“. თუმც აკ. წერეთლის სტატია „სხვა-და-სხვა ერი“ ამავე აზრებს ქადაგობს, მაგრამ უფ. კრიტიკოსს ეს სტატია აღარ მოსწონს, რადგანაც ეს უკანასკნელი თხუთმეტის წლის შემდეგ არის დაწერილი. ამისთანა წუნს მხოლოდ მაშინ ექნებოდა საფუძველი, რომ ზემოხსენებულ აზრებს ჰქონოდეს დრო საზოგადოებაში გავრცელებისა და მართლადაც გავრცელებულიყვნენ; მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროთ, ეს არ მომხდარა. თუ სხვა ქვეყნებში, სადაც აზრების გავრცელებისთვის ძალაც მეტი აქვსთ და ნიადაგიც უფრო მომზადებული, რომლისამე აზრის ხალხში გავრცელებას უნდება არა მარტო ერთი მწერალი, არამედ რამოდენიმე მოდგმა მწერლებისა, ჩვენში როგორ კმარა ამავე მიზნის მისაღწევად ერთ პოეტის ორიოდე ლექსი?

უფ. ბ. თუმანიშვილს ერთს წამს რომ კიდევაც დავეთანხმოთ იმ პრინციპში, რომ მწერალმა უნდა იქადაგოს მხოლოდ ის აზრი, რომელსაც ახლობა ეტყობა, მაშინ მაინც ვერ გავიგებთ, რისთვის აქებს იგი ეგრე ბავრელის „არტანიდამ წერილს“? ავტორი ამ წერილით გვიჩვენებს, თუ რა ბოროტად შეუძლია მოიხმაროს ჩინოვნიკმა მიყრუებულ ადგილას თავისი უფლება და რა ძლიერი მტარვალია იგი ადგილობრივი ხალხისათვის. აბა, რა არის ამაში ახალი? რომელს დროს და რომელს ქვეყანაში არ ყოფილა ამისთანა მოვლენა? გავიხსენოთ მარტო რომის იმპერიის პროკონსულები, სპარსეთის სატრაპები, საფრანგეთის ინტენდანტები და ჩვენნი მდივანბეგები და სხვები.

უფ. ბ. თუმანიშვილმა წინაიგრძნო ამგვარი კითხვა და პასუხი დაამზადა. მართალიო, ამბობს იგი, რომ ამ სტატიაში არაფერი ახალი აზრი არ არისო, მაგრამ ახალი აზრი არც კი შეიძლება იქნესო; „ვერც ერთს ისეთ ახალ ჭეშმარიტებას ვერ იტყვით თქვენ დღეში, რომელიც როდისმე არ თქმულიყოსო. პატივცემულ კრიტიკოსს ახლად ის ჭეშმარიტება მიაჩნია, რომელიც გამოითქმის მხოლოდ ახალი სახით, ახალ სიტყვებით და „გამოიხატვის ახალ-ფეროვან წამლებით.“

საკვირველება რამეა სწორედ! უფ. გ. თუმანიშვილმა მოანდომა მთელი თავისი სტატია იმის გარჩევას, თუ რომელია ახალი აზრი და რომელი ძველი; მაგალითად, გვითხრა, რომ ძველ ქართველების მამაცობაზე ლაპარაკი საჭირო არ არისო, რადგანაც იგი ძველს ჭეშმარიტებას შეარდგენსო; წინააღმდეგ ამის მუშების მდგომარეობაზე კი უნდა ვიქადაგოთო, რადგანაც ეს აზრი ახალი არისო. ბოლოს კი, უკანასკნელი გვერდზე და უკანასკნელ სტრიქონებში იმავე სტატიისა იგივე ავტორი გვიცხადებს, რომ აზრები ყველანი ძველნი არიანო, მაგრამ ახალი აზრების მქადაგებელი იმ მწერალს დაეძახებაო, რომელიც გამოსთქვამს, რომელსამე აზრს თავის სიტყვებით, თავის ახალ კილოთი და „ახალ- ფეროვან, წამლებით. შეკაზმულსო.

ამის შემდეგ საფიქრებელია, რომ უფ. გ. თუმანაშვილი იმიტომ კი არ ესაყვედურებოდა ჩვენს მწერლებს, რომ იგინი ყოველ დღე ახალ-ახალ აზრებს არ ქადაგობდნენ, არამედ იმიტომ, რომ იგინი გამოუცვლელად იმეორებდნენ თავიანთ ან ერთმანერთის ნაწერებს. თუ მართლა ამის გამოთქმა და დამტკიცეაბა უნდოდა, მაშინ თავიდგანვე ამ აზრის განმარტებას უნდა შესდგომოდა და საბუთად უნდა მოეყვანა ჩვენის მწერლების ნაწერების ნიმუშები. ამ გზით ავ- ტორი, თუ ვერ დაითანხმებდა მკითხველს თავის აზრთან, ხომ მაინც დაანახებდა, რა აზრის დამტკიცება უნდოდა. ეხლა კი მისის სტატიის ერთი ნაწილი მეორეს ეწინააღმდეგება და ბოლოს ვეღარ გაგვიგია, თუ რისი დამტკიცება უნდოდა აქტორს.

უფ. გ. თუმანიშვილის აზრით, ილ. ჭავჭავაძის „ დიმტირი თავდადებული“ და აკ. წერეთლის „სხვა და სხვა ერი“ არ ვარგიან, იმიტომ რომ იგინი ქადაგობენ „მამულის — სიყვარულს“, „თავისუფლებას“, „ძმობას“ და „თანასწორობას“, რომელნიც მას ძველი ჭეშმარიტებათ მიაჩნია, რადგანაც ზოგი ამ აზრთაგანი გამოუთქვამს ადრე სხვა მწერალს, ზოგი კი ან სახარებაში კი სწერია და ან ანბანშიო.

არა, ბატონი ჩემო, ეგრე უნდა სჯიდეს მხოლოდ მოდების გამომგონი და არა მწერალი, რომელსაც ესმის თავისი მოვალეობა და უნდა სვინიდისიანად შესრულოს იგი. სვინიდისიანმა ჩვენებურმა მწერალმა უნდა იქადაგოს ის აზრები, რომელთაც მოკლებულია ჩვენში თითოეულად კაცი და ერთიანად საზოგადოება; ის აზრები, ურომლოთაც კაცი არ არის სრულის კაცურ ღირსებით შემკული და საზოგადოება თავის ცხოვრებით წარმოგვიდგენს სამწუხარო სურათს. ისიც უნდა ვსთქვათ ხოლმე, რომ ყოველი აზრი ჩვენთვის ახალია თუ რომ ჩვენ ის არ შეგვითვისებია და ჩვენს კანონად არ გაგვიხდია. ამ შეთვისებამ იმ ხარისხამდი უნდა მიაწიოს, როცა ყოველი კაცი მითვისებულ აზრს უყურებს, როგორც უძვირფასეს თავის საკუთრება, როგორც თავის სიცოცხლეს და სულს; როცა მითვისებულ აზრის დათრგუნვის სურვილი და მეცადინეობა ვისიმე მხრით ააღელვებს ყოველ კაცის სვინიდისს და მთელს საზოგადოებას ფეხზე დააყენებს როგორც ერთს კაცს.

ჩვენდა საუბედუროდ ის აზრები, რომელნიც უფ. გ. თუმანიშვილს ძველებათ მიაჩნია, არ არიან იმ ხარისხამდე გავრცელებულნი და გაგებულნი, რა ხარისხამდე მათი გავრცელება ჩვენში უნდა ისურვოს ყოველმა მწერალმა, რომელიც არ სჯერდება გათენებისას მამალსავით ყივის, არამედ თავის ვალად ჰრაცხს, რომ თავის მოცადინეობით როგორმე გათენებაც დააჩქაროს.

დარწმუნებული იყავით, რომ დღესაც ეს აზრები მკვიდრად დამყარდება ჩვენში, იმ დღესვე ჩვენი მდგომარეობა და ცხოვრება სრულებით შეიცვლება. ამაში არ დაგვეთანხმება ჩვენ მხოლოდ ის, ვინც არ ერწმუნება არავითარ აზრს და ვისაც არ სჯერა, რომ საზოგადოების ცხოვრებაში მკვიდრად დამყარებული აზრი შეარდგენს ისეთს ძალას, რომელსაც ვერ შეედრება ვერაფერი სხვა ძალა.

უფ. ზ. თუმანიშვილი რომ ეგრე თაკილობს ზემოხსენებულ აზრებს, ამის მიზეზი ჩემის ფიქრით ის არის, რომ პატივცემულ კრიტიკოსს თავის მრწამსად მიუღია იმ რუსის მწერლების თხზულებანი, რომელთაც იგი ხშირად ახსენებს თავის ახალ წიგნში. მას არ მოსწონს, რომ ჩვენმა მწერლებმა არ შესწირეს თავისი შრომა მხოლოდ რუსის მწერლების აზრების ჩვენში გადმოცემა და მოჰყვენ იმისთანა აზრების ქადაგობას, რომელთაც რუსეთში მართლაც არ ექნებოდა მნიშვნელობა და ამიტომაც ახალ რუსის მწერლებს იგინი არ უქადაგნიათ.

მაგრამ რად დაივიწყა უფ. ბ. თუმანიშვილმა, რომ რაც იმ მწერლებს გამზადებული და აშენებული დახვდათ, ჰქონდათ და დასტოვეს, ის ჩვენ დამხობილი და დანგრეული დაგვხვდა, გვაქვს, მაგრამ არ უნდა გვქონდეს! ამიტომაც ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს, თუ ჩვენნი მწერლები თავიანთ ნაწერებით ავრცელებენ იმ აზრებს, რომელთაც რუსის მწერლები არ ეხებიან.

ეს მინდოდა მეთქვა უფ. ბ. თუმანიშვილისთვის და ამით ვაბოლოვებ ამ წერილს. თუმც უფ. გ. თუმანიშვილი, ჩემის ფიქრით, დიდად შემცდარია მაშინაც, როცა ამბობს, რომ დიმიტრი თავდადებულის მოქმედება არ არის გმირობა, რომ ძველ და დამჭკნარ ამბების (როგორც ავტორი ეძახის ისტორიულ, ეტნოგრაფიულ და სამეცნიერო სტატიებს) ბეჭდვა დაღუპავსო ჟურნალს, მაგრამ ამ აზრების შეცდომილება და უსაფუძვლობა არ თხოულობს განმარტებას და დამტკიცებას.

მაჭახელაძე.

 

*