The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ძმის სიკვდილზედ


ძმის სიკვდილზედ

ვაიმე, ძმაო, ბნელ სიკვდილმა მოგსპო, ვაიმე!..
მე დავრჩი მარტო, უბედური, შენად მახვრალი.
არ გამითენდა შენ შემდეგა ვაების ღამე,
მთელი ქვეყანა შემექმნა მე ნგრეულ, ტიალი!...
შენთან დავმარხე, ჩემო თემურ, ყოველიფერი!...
ქვეყნად ნუგეშად დამშთა მხოლოდ მე ცრემლი მწარე,
სალოცავადა ძმაო, შენი ობოლი მტვერი
და უცხო ქვენად მდგომი შენი წმინდა სამარე!..

[1860 წ., აპრილი-მაისი.]

 

ხელნაწერი: M:

ავტოგრაფები - კრებ. № 17501, გვ. 85 (B), გვ. 86 (C); U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 103 (A).

სათაური:

- BC. B შავია, შავი მელნით ნაწერი. ასეთივე მელნით არის ნაწერი C ავტოგრაფიც. B[1]ში ჩანს ავტორის მუშაობა ტექსტზე, განსაკუთრებით ლექსის დასაწყისზე, რომელიც რამდენჯერმეა გადახაზული: «ძ

«ძვირფასო ძმაო, შენ დაგკარგე».
«ძვირფასო ძმაო» ბნელ სიკვდილმა მოგისპო დღენი».
«და მეც უბედურს, ამომგლიჯა».
«მე დავრჩი მარტო! უბედური, მარად მახვრალი».
«ძვირფასო ძმაო! ბნელ სიკვდილმა მოგსპო, ვაიმე,
და მე უბედურს დღეთ დღე არ მაქვს და ღამეთ ღამე,
მე დავრჩი მარტო უბედური, მარად მახვრალი
და შენ დაგეძებ»..

3 ვაების] მწყვდიადი B, წყეული C. 4 მთელი ქვეყანა] და თვით ქვეყანაც B.

B- ში მე-2 სტროფი, განსხვავებით A-საგან («შენთან დავმარხე»...), ასე იკითხება:

აღარა მაქვს რა, გამიცუდდა მე ყველაფერი,
მარტო ნუგეშად [.........] მაქვს ცრემლი მწარე,
და შენი, ძმაო, საყვარელო, უბიწო მტვერი,
და შენი, ძმაო, საყვარელო, წმინდა სამარე.

პირველ და მეორე სტროფებს შორის C-ში გადახაზულია:

შენ დამკარგავმა, მე დავკარგე ყოველიფერი.
ნუგეშათ ხოლოთ თვალში დამრჩა [მე] ცრემლი მწარე,
ქვეყანაზედა შენი, ვაი, უბიწო მტვერი,
და შენი, ძმაო, საყვარელო, წმინდა სამარე.

5 თემურ] ძმაო C. 6 ქვეყნად ნუგეშად დამშთა მხოლოდ] ნუგეშად ხოლოთ შევირჩინე C. 7 სალოცავადა, ძმაო, შენი ობოლი მტვერი] და სალოცავად, საყვარელო ძმავ, შენი მტვერი C

A-ში 2 «შენად», თავდაპირველად იყო «მარად»; 3 «ვაების», ჯერ იყო «წყეული»; 7 ჯერ იყო «და სალოცავად ხოლოთ შენი უბიწო მტვერი».

ტექსტში გასწორდა ერთი ფორმა: 6 ხოლოთ - მხოლოდ.

შენ დამკარგავმა, მე დავკარგე ყოველიფერი.
ნუგეშათ ხოლოთ თვალში დამრჩა [მე] ცრემლი მწარე,
ქვეყანაზედა შენი, ვაი, უბიწო მტვერი,
და შენი, ძმაო, საყვარელო, წმინდა სამარე.

ლექსი დაწერილია ილიას უმცროსი ძმის, თემურის გარდაცვალების გამო. თემური სწავლობდა პეტერბურგში, კადეტთა კორპუსში. იგი გარდაიცვალა სრულიად ახალგაზრდა. ილიამ მთელი გულით დაიტირა თავისი უსაყვარლესი ძმა: «ვაიმე, ჩემო პატარა ძმაო, ჩემო კარგო და ჭკვიანო თემურა, რაზედ დამაობლე და დამაგდე?! შენ წახვედი, მოგვშორდი და შენ მაგიერ დაგვიგდე ნუგეშათ ცრემლი და წუხილი», - მოთქვამს პოეტი მამიდისადმი მიწერილ 14 მაისით დათარიღებულ წერილში (იხ. ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. X, 1961, გვ. 19). სიკვდილის დღეებში (თემური გარდაიცვალა 1860 წლის აპრილში - რიცხვი არ არის ცნობილი). ამიტომ ლექსიც პირობითად ასე დავათარიღეთ: [1860 წ., აპრილ-მაისი].

«ძმის სიკვდილზედ» პირველად დაიბეჭდა 1914 წელს, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში (გვ. 44), - 1859 წლის თარიღით (იხ სარჩევი, გვ. II), ლექსის დაწერის თვის და რიცხვის აღნიშვნის გარეშე.

1925-1951 წლების გამოცემებში ლექსს თარიღად უზის მხოლოდ წელი: «[1860 წ.]», თუმც სარედაქციო შენიშვნებში ნათქვამია, რომ «ყველა ნიშნით ეს ლექსი დაწერილია 1860 წელს, 14 მაისს ახლო, რა რიცხვითაც დათარიღებულია ილიას წერილი მამიდასთან თემურის სიკვდილის გამო: როგორც ლექსი, ისე ეს წერილი ერთი შთაბეჭდილებით არის ნაწერი, არის შეხვედრა ფრაზებში. აღსანიშნავია, რომ თვით ქაღალდი, რომელზედაც დაწერილია ილიას ეს წერილი 14 მაისისა, იგივეა რაც. «ავტოგრაფში» (მითითებულია ავტოგრაფი C). - იხ. ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1951, გვ. 436.