The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გრიგოლ ორბელიანის წერილები ილია ჭავჭავაძესთან

ორბელიანი გრიგოლ

გაზ. „ბახტრიონი“, 1922, № 21

დოკუმენტები და მოგონებები

გრიგოლ ორბელიანის წერილები ილია ჭავჭავაძესთან

I.

„ჩემო ბატონო, კნიაზო ილიავ!

დღეს ვერ გიხდები ჩვენის საზოგადოების კრებაში, თეატრისა გამო, რადგანაცა ვარ მიწვეული в экстренное заседание Общества возстановления Христианства; მაგრამ გავბედავ კი და გულწრფელობით მოგახსენებ, რომ მე არა ვარ თანამგრძნობი ქართულის თეატრის ამ ჟამად დაწესებისა, რომელზედაც დახარჯული ფული მგონია დაკარგულად.

მე არ მესმის, როგორ უნდა დაემყაროს თეატრი, რომელსა არა აქვს თავისი შენობა, რომელსა არა ჰყავს გასწავლული აკტიორები, რომელსა არ შეუძლიან შენახვა თავისა თვისისა? და თუ ქართულის ენის მოყვარენი წარმოადგენენ რასმეს წელიწადში ორჯელ, სამჯერ, ხომ ეხლაც არის ამგვარი თეატრი. – არა მგონია, რომ ჩვენი ბანკი იყოს ისე გასუქებული, რომ სამასის თუმნის უსარგებლოდ დახარჯვა არაფრად მიაჩნდეს მას.

ჩვენი ბანკი – ისე მახსოვს – დაარსდა იმ ჰაზრით, რომ ჩვენს შვილებსა მიეღოთ, ბანკის შეწევნით, სწავლით აღზრდა ღიმნაზიებში და თვით უმაღლესთ სასწავლებლებში. ეს ჰაზრი დარჩა ჰაზრად, და ეხლა მოულოდნელად ამას ზედ დაერთო სახალხო შკოლებიცა და თეატრიცა.

ვინ იტყვის, რომ შვილების აღზრდა, სახალხო შკოლები, თეატრი, არ იყოს საჭირო ჩვენთვის ვინ არ იცის, რომ სამივე ესე საგანი არის ხალხისა სულითა ამაღლება, გონების გახსნა და თვით ეკონომიური შემატება. მაგრამ, არა მგონია, რომ ჩვენს ბანკსა ჰქონდეს ისეთი შეძლება, რომ ეს სამივე მეტად დიდი და ძნელი საქმე, ერთსავე დროსა, დაამკვიდროს საფუძვლიანად, შეურყეველად.

ჩემის ჰაზრით, ჯერ პირველად აღსრულდეს საზოგადოების სურვილი, ესე იგი, მიეცეს შვილებს ფართო გზა, დაუბრკოლებლად, სწავლით აღზრდისა, რომლისა აღსასრულებლად მოგვინდება რაოდენიმე ათასი თუმანი ყოველს წელიწადს. — და თუ ბანკში დარჩება რამე, მაშინ შეძლებისამებრ, აშენდეს ხალხის შკოლებიცა და თვით თეატრიცა; მაგრამ კი საფუძვლიანად როგორ არა ვსთქვა რომ ათასის თუმნით ძლივს აშენდება და დაფუძნდება, რი მელსამე უეზდში, მხოლოდ ერთი პაწაწა შკოლა, და ამით გათავდება დიდი იგი საქმე, რომელსა ჰქვიან „სახალხო შკოლები“ და სხვანი უეზდები კი დარჩებიან ისე, როგორცა არიან ამ ჟამად. მე ასე მგონია, და ვამბობ იმას, რაცა მგონია, და თუ ვარ შემცდარი, ჭეშმარიტად, მე დიდად მიამება.

ქართველები ვართ ბუნებით გულმსწრაფლნი; გვინდა ხვალვე იყოს მზად ყოველი, რაცა გვსურს ჰსჯობს ნელნელა წავიდეთ წინა, ვიდრე სიჩქარით დავრჩეთ შუა გზაზე დაღალულნი.

თქვენის ბრწყინვალებისა მორჩილი მოსამსახურე თ-დი

18 მაისს 1879.

გრიგოლ ორბელიანი.

II

ჩემო მოწყალეო ბატონო;

კნიაზო ილია! მომირთმევია საბინინის წერილი, რომლითაცა ითხოვს ჩვენის საზოგადოებისაგან შემწეობას ფულით, შესასრულებლად საქართველოს ეკკლესიის ისტორიისა და გამოსასხნელად ლეიპციხიდამ ქართველ წმიდების (silk) სურათებისა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რა დიდი შრომა და ღვაწლია მისგან მიღებული, და რა სასარგებლოა საკუთრივ ჩვენთვის ამ ისტორიის გამოცემა და გავრცელება ჩვენს ხალხში.

ახლა თუ დავიცდით ჩვენს საზოგადოების შეკრებამდის, მეტად ბევრი დრო გავა და საბინინიც დარჩება უღონოდ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს საზოგადოებას არ ეწყინება, მის დაუკიუთხავად, ბანკიდამ შემწეობა ამ გაჭირვებულს შემთხვევაში ესრეთის საზოგადოდ კეთილის საქმისთვის გასანათლებლად ჩვენის დაცემულის მხარისაჩვენს უსტავაშიც იხსენება o распостранении грамотности, или просвещения в народ.

მე ბანკიდამ შემწეობას იმიტომ ვახსენებ, რომ ხელის მოწერით ვაითუ დაგვიანდეს, ან ვერ შესდგეს საკმაო ფული მახლა, როგორცა ინებებთ, ისე აღსრულდეს, ოღონდ კი აღსრულდეს.

თქვენი მარადის ერთგული და ბედნიერების მსურველი.

თ. გრიგოლ ორბელიანი

2-ს ნოემბ. 1879

ილია დიდს მუშაობას ეწეოდა ქართული თეატრისთვის. გიორგი ერისთავის მერე თეატრი ილიამ გააცოცხლა, როგორც ნივთიერი დახმარებით. დიდი ორგანიზაციული მუშაობით, ისე „მეფე ლირის“ თარგმანით სადრამო კრიტიკის წერილებით და ათეულ წლებში მუდმივი რეცენზიების წერით, რითაც საზოგადოების ინტერესს აძლიერებდა ქართულ თეატრისადმი. ვანო მაჩაბელსაც უსათუოდ ილიამ გუღვიძა ხალისი შექსპირის შესწავლისა და თარგმნის 1880 წელს, მისი მეოხებით ქართული დრამატიული საზოგადოებაც დაარსდა. ეს წერილი ეკუთნის დრამატიულ საზ.-ბის დაარსების წინა წელს, როცა არსებობდა ამხანაგობა ანუ სათეატრო კომიტეტი, რომლის წესდება შედგენილი იყო ბ. ნიკო ნიკოლაძის მიერ.

ამ წერილში მთელი ფიგურით სჩანს კონსერვატორი გრიგოლ ორბელიანი და აგრეთვე მისი ქედის მოხრა იმ ёბურთივით მრგვალი ლიბერალისЁ წინაშე, რომელსაც ასე ეკვეთა გრიგოლი „მამებისა და შვილთა“ კომპანიის დროს.

1882 წ. მიხეილ საბინინმა გამოსცა დიდი ტომი: „ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა მ ო თ ხე სრული აღწერა ღვაწლთა და ვნებათა საქართველოს წმინდათა შეკრებილი ხრონოლოგიურად და გამოცემული პეტერბურღის სასულიერო აკადემიის კანდიდატის ივერიელის გობრონ (მიხაილ) პავლის ძის საბინინის მიერ“ წიგნში მოთავსებულია 27 დიდი სურათი, რომელთა კლიშები საბინინმა ლაიპციგში დაუკვეთა. ჩვენ არ ვიცით, ეს კლიშები გამოისყიდა თუ არა ბანკმა, მხოლოდ რომ დიდი გაჭირება გამოუვლია საბინინს ამ დიდი წიგნის (639 გვ.) გამოცემაში, მოწმობს მისვე სიტყვები: „უწყის ღმერთმან და ჩემმან, უკანასკნელმან ჟამმან, რამეთუ დიდი ჭირი და იწროება ვნახე მე ამ წიგნის შედგენასა შინა და უმეტეს დაბეჭდვასა შინა, ვერ აღვრიცხამ ყოველთა. ვითარ კაცი შევძრწუნდი და ლამის სასოწარკვეთილებას არ მივეც თივი ჩემი ა რ ა ვ ი ნ მ ყ ვ ა ნ დ ა ქ ა რ თ ვ ე ლ თ ა გ ა ნ შ ე მ წ ე დ და გულ დამწველ, არამად მრავალნი მტრად და მომიძულეს ცუდათ.“ (იხ. წინასიტყ.)

ვგონებთ, რომ საბინინს, მხოლოდ გრიგოლ ორბელიანი გამოეხმაურა.

რედ. (ლეონიძე გიორგი)