The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


წერილები I

ილია ჭავჭავაძე

წერილებI

ბოცვაძე იოსებ

წინასიტყვაობა

ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიის საფუძვლიანი შესწავლისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითქმის ყველა იმ მასალას, რომელიც ჩვენი მუზეუმებისა და არქივების სეიფებში ინახება. განსაკუთრებით ეს ითქმის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა კერძო წერილებზე ეს წერილები ღრმა უშუალობით ხასიათდებიან და ხშირ შემთხვევაში გვაწვდიან მეტად საგულისხმიერო ცნობებს, როგორც ადრესანტთა, ისე ადრესატთა შესახებ და არკვევენ ბურუსით მოცულ ზოგიერთ ლიტერატურულ და საზოგადოებრივ-ისტორიულ მოვლენათა საიდუმლოებას.

XIX საუკუნის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა კერძო წერილებიდან განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ილია ჭავჭავაძის წერილები სხვა და სხვა პირებისადმი.

ილია ჭავჭავაძის სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული არა მხოლოდ XIX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიასთან, არამედ ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების ყოველ წვრილმანთანაც კი. არ ყოფილა ჩვენი ცხოვრების არცერთი მხარე, არცერთი მოვლენა, რომ მასში ილ. ჭავჭავაძეს მონაწილეობა არ მიეღო და თავისი დინჯი, დამაჯერებელი და მოფიქრებული სიტყვა არ ეთქვა.

წინამდებარე კრებული შეიცავს ილ. ჭავჭავაძის 117 წერილს მიწერილს ახლო ნათესავ-მეგობრებთან და ქართველ საზოგადო მოღვაწეებთან.

ამ წერილების საზოგადოებრივ-ლიტერატურული მნიშვნელობა საკმაოდ დიდია: ისინი გვაწვდიან საყურადღებო ცნობებს მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, იძლევიან იმდროინდელი საქართველოს სოციალ-პოლიტიკური ვითარების ცოცხალ სურათს და გამოხატავენ ავტორის შეხედულებას ამა თუ იმ მოვლენისა, თუ საკითხის ირგვლივ.

თვით ილია ჭავჭავაძე ხაზგასმით აღნიშნავდა ამგვარი წერილების უდიდეს მნიშვნელობას და, უგზავნიდა რა კირილე ლორთქიფანიძეს გამოსაქვეყნებლად ნიკოლოზ ბარათაშვილის ოთხ კერძო წერილს 1872 წელს სწერდა: უდიდესი „მნიშვნელობა აქვსთ ამგვართა წერილთა ლიტერატურის ისტორიისათვის და თვით მწერლის მიმართულების ახსნისათვისო“.

კრებულში შესული წერილები გადმოწერილია ილ. ჭავჭავაძის იმ ავტოგრაფებიდან, რომელნიც დაცულია აკად. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის, საქ. სსრ. სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმის, ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის და ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფონდებში. ჩვენ კრებულში არ შევიტანეთ ილ. ჭავჭავაძის წერილები მეუღლისადმი (ოლგა გურამიშვილი— ჭავჭავაძისადმი), რომლის მდიდარი კოლექციაც აკად. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება და მკვლევარ პ. ინგოროყვას მიერ გამოსაცემად არის გამზადებული.*

კრებულის სისრულისათვის მასში შევიტანეთ აგრეთვე ის წერილები, რომელნიც, სამწუხაროდ, ჩვენ სიძველეთა საცავებში აღარ ინანება. ასეთებია ილ. ჭავჭავაძის წერილები კირილე ლორთქიფანიძისადმი (№ 10, 11, 12, 16 და 17) და ნიკო ნიკოლაძისადმი (№35 და 36). ეს წერილები შენიშვნებითურთ გამოაქვეყნა განსვენებულმა პროფ. სიმონ ხუნდაძემ (იხ. „მნათობი“ 1938 წ. No 9-8). ჩვენ შვიდივე წერილი „მნათობიდან“ ამოვიწერეთ იმ სახით, როგორც იქ იყო დაბეჭდილი და ოდნავი ცვლილებებით დავურთეთ იგივე შენიშვნები, რაც პროფ. სიმ. ხუნდაძეს ჰქონდა გაკეთებული. სიმ. ხუნდაძის შენიშვნა სრულიად უცვლელად გამოვიყენეთ ოცდამეთექვსმეტე წერილისათვის.

წერილებში სავსებით დაცულია ავტორის მართლწერა და პუნქტუაცია. ამ შემთხვევაში ჩვენ დავიცავით ილ. ჭავჭავაძის მოთხოვნილება, წაყენებული კერძო წერილების პუბლიკაციისათვის, რომ ასეთი წერილები „შეუშლელად და მეუმცდარად უნდა იბეჭდებოდეს“ და რომ „მართლწერა და ნიშნების ხმარება სრულიად შეუმცდარად დედნისა“ უნდა იყოს.

ის უნებლიეთი შეცდომები, რაც ილ. ჭავჭავაძეს წერის დროს დაუშვია ამა თუ იმ ასოს გამოტოვებით, ჩვენ ტექსტშივე ჩავასწორეთ და გამოტოვებული ასო [ ] ფრჩხილებში ჩავსვით. კვადრატული ფრჩხილებითა და მრავალწერტილით [. . . . .] აღვნიშნეთ ის ადგილები, სადაც სიტყვის ამოკითხვა შეუძლებელი შეიქნა წერილის დაზიანებისა თუ ჟამთავითარების მიერ ნაწერის გახუნების გამო, ასეთსავე ფრჩხილებში [ ] ჩავსვით წერილის დაწერის | თარიღი, რომელიც ჩვენს მიერ არის დადგენილი. საერთოდ, | უნდა აღნიშნოს, რომ ილ. ჭავჭავაძეს, სამწუხაროდ, არ ახასიათებს ზუსტი თარიღის აღნიშვნა. წერილების დიდი რაოდენობა ან სრულიად უთარიღოა, ან მხოლოდ თვე და რიცხვია აღნიშნული, წელი კი იშვიათად.

წერილები დალაგებულია შემდეგნაირად: ერთად მოვაქციეთ ცალკეული პირისადმი მიწერილი წერილები და შევეცადეთ დაგველაგებინა ისინი ქრონოლოგიური პრინციპის მიხედვით, რამდენადაც ავტორისა და ჩვენს მიერ დადგენილი თარიღი და აგრეთვე წერილის შინაარსი ამის შესაძლებლობას იძლეოდა.

წერილების ამ წესით დალაგება უკეთესად ვცანით, რადგან მკითხველს ნათელი წარმოდგენა შეექმნება ადრესანტისა და ადრესატის ურთიერთდამოკიდებულების შე სახებ.

რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული შესაძლებლობა, რომ ჩვენს სიძველეთასაცავებში კიდევ არ აღმოჩნდეს ილია ჭავჭავაძის წერილები. ასეთი წერილების აღმოჩენა განსაკუთრებით მოსალოდნელია აკად. ს. ჯანაშიას სახელობის საქ. სახელმწიფო მუზეუმის სეიფებში, სადაც რიგი ფონდებისა ჯერ კიდევ დაუმუშავებელია.

გულითად მადლობას მოვახსენებ საქ. სსრ სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმის დირექტორს პოეტ გ. ლეონიძეს და სეიფის გამგეს გ. ბერძენიშვილს, ს. ჯანაშიას სახელიობის საქ. სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების გამგეს დოც. კ. გრიგოლიას და უმცროს მეცნიერ თანამშრომელს შ. გოზალიშვილს, რომელთაც ხელი შემიწყვეს გავცნობოდი მუზეუმში დაცულ ილ. ჭავჭავაძის წერილების ავტოგრაფებს.