The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


დაღონებული, არ ვიცი რაზედ

*** (დაღონებული, არ ვიცი რაზედ)

დაღონებული, არ ვიცი რაზედ,
ვიჯექ ბნელს ღამეს მე მოაჯარზედ;
ერთი ვარსკვლავი არა სჩნდა ცაზედ,
ვერას ვხედიდი ჩემს წინა მთაზედ.
შავნი ღრუბელნი გარს მოდებულნი,
თითქო ქვეყანზედ შეშფოთებულნი,
თითქო წვიმისთვის გამზადებულნი,
სივრცესა ცისას იყვნენ კრებულნი.
არ გამოვიდა მცირედი ხანი,
ქარისა ქროლით მეწეწნენ თმანი,
მან გარდაყარა ღრუბლისა მთანი,
მაშინ გარდვავლე გარს ჩემი თვალნი.
მაშინ განათლდა მთელი ბუნება,
რაყო სიბნელემ ნათლად ცვლილება,
მაშინ ვიხილე ქვეყნის დიდება,
ვაქე, ვადიდე მისი თვისება.
შავხედე ცასა, ვარსკვლათ ჭედილსა,
ამას წინათა ღრუბლით ფენილსა,
მუნ უყურებდი მთვარეს ჩენილსა.
ამათ ღრუბლიდგან გამოჩენილსა,
ჯერექა ვნახე მთვარეს ნაწილი,
ღრუბლით იჭვრეტდა, ვითა ყმაწვილი,
ვითა ფიალა შემოვერცხლილი,
მერეთ გამოჩნდა მთვარე აღვსილი.
სივრცესა ცისას იგი ცურავდა,
სხივსავე თვისას ყველას ფინავდა,
საგანსა ბინდათ [მი]მოხატავდა
და მშვენიერათ [გამო]სახავდა.
ვარსკვლავნი, მისგან გაბრწყინვებულნი,
მის გარეშემო მოწიწებულნი,
ვითა წინწკლები განფატებულნი, `
ცას ამშვენებდნენ ერთათ კრებულნი.
სიამოვნით სრულსა მომეცა ლხენა,
მაშინ ატოკდა ეს ჩემი ენა,
ატოკდა, ღმერთი ეგრეთ ახსენა:
ღმერთო, გადიდებს ქვეყანა შენა.
ნელი ნიავი ფოთოლს ანძრევდა,
თითქო ნანის ხმათ ჩემს ყურს აძლევდა,
ძილი მიქროლა, თვალსაც დამთლემდა,
მუნ დავიძინე, ვიდრე გათენდა.

[1840-იანი წლების დამლევი
50-იანი წლების დასაწყისი]

 

  ხელნაწერი: U: ა

ვტოგრაფი, № 105, გვ. 2.

ხელმოწერა:

თ. ილია ჭავჭავაძე. ლექსი დაიბეჭდა ილია ჭავჭავძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში, განყოფილებაში “ყრმობის ლექსები” (გვ. 537 - 538), დათარიღებული არ არის. ნებაჭდში, ნაცვლად ავტოგრაფისეული ფორმისა “გარდვავლე” არის “გარდავავლე”; რა ყო-გაყო; სახავდა-სანახავადა; წიწკლები-წინწკლები; განფატებულნი-განფანტებულნი.

ლექსი დაბეჭდილია 1925 - 1951 წლების გამოცემებშიც, ყრმობის ლექსების განყოფილებაში; სარედაქციო შენიშვნებში ლექსი დათარიღებულია პირობითად: “[50-იანი წლებიდან - 1856-მდე]”. აღნიშნულ გამოცემებში ლექსის VII სტროფის მე-3 - 4 სტრიქონებში ავტოგრაფისეულ სიტყვებს მოხატავდა, სახავდა დამატებული აქვს მარცვლები: [მი]მოხატავდა, [გამო]სახავდა (ასეა ჩვენს ტომშიც). ამ გამოცემებში, ნაცვლად ავტოგრაფისეული ფორმისა “მთვარეს”, არის “მთვარის”; ასევე: ვხედიდი-ვხედავდი, ჩემი-ჩემნი; ვარსკლავთ-ვარსკვლავთ; მშვენიერათ -მშვენიერად; განფატებულნი-განფანტებულნი; დამთლემდა-დამთვლემდა.

ჩვენს გამოცემაში დაცულია ავტოგრაფისეული ფორმები. (გავასწორეთ მხოლოდ ორი აშკარა ენობრივი ლაფსუსი (ვარსკლათ, წიწკლები).

“დაღონებული, არ ვიცი რაზედ...”, ვფიქრობთ, დაახლოებით იმავე ხანებშია დაწერილი, როცა “სიტკბოება თვის მამეულში” და “ჭაბუკობაზედ”, - 1840-იანი წლების დამლევსა თუ 1850-იანი წლების დასაწყისში (დათარიღებასთან დაკავშირებით იხ. კომენტარები ლესქებისა “სიტკბოება თვის მამეულში”, - გვ. 520 და “ჩემი გონებიდგან განუშორებელო დაო ნინავ”, - გვ. 518).