The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


რწყილთაგან ტანჯვაი და მათი ანბავი

რწყილთაგან ტანჯვაი და მათი ანბავი

კვლავ მოგითხრობთ ჩემს ანბავსა, საშინელსა, საკვირველსა,
იგია წმინდა, მართალი, დამიჯერეთ მის მნახველსა,
სიმრუშე დიდი ცოდვაა, ჭმუნვას მოგვრის მომსმენელსა,
რაც რომ ჩალაუბანს მხედია, ვეტყვი ყველას წამკითხველსა.

სოფელი ჩალაუბანი მცირე რამ ნუ გეგონებათ,
მუნ არის რწყილთა სამეფო, საკურველი სასმენელათ,
მუნვე ალაგი რჩეული - რწყილთა მეფის საბრძანებლათ,
ყოველი მათი მნახველი არ წამოვა უვნებელად.

დღესა ერთსა რწყილთა მეფეს სენი ძველი გაუახლდა,
სენმან მწარეთ შეაწუხა, მეფე ვეღარ გარდ[ა]ახლდა,
დიდებულნი და აქიმნი შემოკრებით გარსა ახლდა,
იგი შავცმული მეფე საიქიოს გარდასახლდა.

რწყილთა ბევრი ივაგლახეს, იტირეს და თავში იცეს,
მერეთ თქვეს: - იგი წავიდა, ახლა სხვა უნდა მოგვეცეს.
აღმოირჩიეს სხვა მეფე, კაცის თმაჲ სკიპტრათ მისცეს,
იგი მეფე შაოსანი ფიცს მოითხოვს დიდსა, მტკიცეს.

მეფემ ბრძანა: - ჰე, რწყილნო, დიდი ლხინი დღესა გვმართებს,
აწ ავიყარნეთ, წავიდეთ, არ დავაძინებთ ჩვენ კაცებს,
ტკბილ ხორციანი მოვნახოთ, იგი ჩვენა ძრიელ გვარგებს,
ვწუწნოთ ხორცი და უყუროთ, კაცი როგორ ივაგახებს.

აქ დაიწყობა ამბავი, ჩემი ზემოთ მოხსენებული,
ეგე ამბავი სწორეა, არ არის მოგონობული,

რაცა რომ მითქვამს, ეგე მაქვს ელჩისგან გაგონებული,
რომელიც იყო რწყილთაგან საელჩოთ ჩემთან რებული.


რა მოახლოვდა ჩემს საწოლს რწყილთა მეფისა ლაშქარი,
მათმან მეფემან მიხილა მე მძინარე, ვით მომკვდარი,
დიდსა სპასპეტსა უბძანა: - კაცი ვგზავნოთ მაცნობარი!
- ეჰე, მეფეო, - ჰკადრა მან, - საქმე სთქვი [შენ] საქებარი.


მომივიდა მე მუნ ელჩი, რწყილთა მეფის მოგზავნილი,
მოვიდა, ცხვირზედ მიკმინა, მისგან ვიქმენ შეკრთომილი,
განვიღვიძე და ვიხილე იგი რწყილი, შავმოსილი,
ვკადრე მასა: - რა გაწყინე, დამიკარგე ძილი ტკბილი?


მან მიპასუხა, მე ვარო მონაჲ რწყილთა მეფისა,
გამოგზავნილი შენდამი, ელჩი ვარ მის დიდებისა,
აწ მე გეტყვი ყველაყასა, ჰვცანი ძალი მის ნებასა,
შენს ტანზე ამაღამა ლხინი გვინდა რწყილებისა.


ოხ, რა გავკვირდი, რომ ვნახე რწყილი ნალაპარაკავი,
ჩვენებურისა ენითა სთქვა, მით ამცირა ჩვენი თავი,
ვიცი, ღმერთმან ლაპარაკი კაცსათვისა არ ჰქმნა ავი,
იგი რწყილთა წაგვართვეს, გაუტყდესთ მათ თავი შავი.


ვკადრე ელჩსა, უპასუხე: - გეაჯები, შემიწყალეთ,
ძილი მინდა, დავღალულვარ, აი ამით შემიწყალეთ,
თქვენ ინებეთ წოწვნა ჩემი, ხოლო ხვეწნა აღმისრულეთ,
ხორცი არა მაქვს მე ტკბილი, წადი, მეფეს უთხარ მალეთ.


რა ელჩი ურდოს მივიდა - გეტყვით სიტყვითა მოკლითა, -
აიყარნეს, წარმოვიდნენ რწყილნი დიდის მოლხენითა,
იგი მეტად გულოვანი მოდიოდნენ რაზმებითა,
რა დავინახე იგინი, გული ვიმსე ვაებითა.


შემომესივნენს იგინი, გაიმართა დიდი ბრძოლა,
ზოგი ცხვირს მკბენს, ზოგი ლოყას, მით იხმარეს დიდი ძალა,
შემოხვევნა მათი გარსა ჩემთვის იყო დიდი ბალა,
ზოგსა ვხოცდი, ზოგსა ვსტყორცნი, ზოგი სადღაც დამემალა.


რწყილთა სპასპეტს მოვახსენე: - აწ მითხარით, მებძვით მე რათ?
მან არა მიპასუხა რა, გაუტეხე თავი ორად,
რწყილნი გმირულად ილტვოდნენ, მეც კი ვიყავ ვაჟკაცურათ, -
რომელი რომელს შევსტყორცნე, დაიხოცნენ უზრუნველათ.


ჩემი ტანჯვაჲ ღამეს კალმით ვით აღიწერება,
ჰვკადრე ღმერთსა: - ტანჯვა მეყო, განმიქარვე მწუხარება,
თუ არა აწვე მომკალი, სიცოცხლეჲ მეზარება,

დავსუსტდი და ვივაგლახდი, არსად იყო შეწყნარება.


აბა, რაღას ვაგრძელებ მე ამბავსა საკურველსა,
დამტანჯეს, ვითა ჯოჯოხეთს სტანჯენ დიდსა შემცოდესა,
დიდი ტანჯვა და ჭმუნვაჲ მერგო მათსა მასპინძელსა,
თრთოლას მიყოფს, რომ ვიგონებ ღამესა მას მაშინდელსა.


სრულ იქმნა

 


[1840 წ.].

ხელნაწერი: U:

ავტოგრაფი, № 134 გვ. 25. 26.

ტექსტში გასწორდა ენობრივი ლაფსუსები: 277. 3 ცვოდვაЃЁცოდვაა; მოგრისЃЁმოგვრის. 278. 12 შაელჩოთ ЃЁსაელჩოთ. 14 მომკდარი-მომკვდარი. 279. 2 დავღალურვარ-დავღალურვარ. 17 ტაჯვაჲ-ტანჯვაჲ.

საინტერესოა ამ ლექსის დაწერის ისტორია. ილიას ყრმობის მეგობარი კოხტა აბხაზი (1838 - 1913) თავის მოგონებებში წერს: “...ილია იქნებოდა ესე 11 წლისა. ჩვენს სოფელში კარდანახში ვიყავით [ორივე გემნაზიელები] კვირა დღე იყო და ერთი ოცი თუ თხუთმეტი ვერსის მანძილზე მამაჩემს მამითადი ჰქონდა. ჩვენც იქ წავედით. მთელი დღე ვუცქეროდით გახურებულ მამითადს. საღამოთი შინისაკენ დავბრუნდით და კარდანახამდინ რო ასე 7 ვერსის სავალი დაგვრჩა, კოკისპირული წვიმა დაუშვა და მთელი ნიაღვარი მოვარდა. მეტი გზა არ იყო, შევბრუნდით ახლო მდებარე სოფელში ჩალაუბანში და ღამეც იქ გავატარეთ. მაგრამ მთელი ღამე არ მოგვითვლემია. ერთს გლეხკაცის სახლში ვიწექით და ღამე იმოდენა მკბენარი (რწყილები) დაგვეხვია, რომ გათენებისას გამოვარდით გარეთ ლოგინებითურთ და ერთს დიდ კაკლის ქვეშ გავშალეთ და ცოტა მაინც გამოვიძინეთ. აი, სწორედ აქ დაწერა ილიამ თავისი პირველი ლექსი “რწყილები” (47 - 48 წ.). საუბედუროთ, ეს ლექსი არ შენახულა, და არც ვიცი, რა უყო ილიამ. მახსოვს მარტო, რომ ამ ლექსში დიდის ოხუნჯობით და მეტად კომიკურად იყო აღწერილი ჩვენი რწყილებთან ბრძოლა, და ლექსმა ბევრი გვაცინა”... (“ლიტერატურული მემკვირეობა”, ტ. I, 1935 წ., გვ. 563).

თუ ზემოთ დამოწმებულ მოგონებას დავეყრდნობით, ლექსი შეიძლება პირობითად დავათარიღოთ 1848 წლით.

“რწყილთაგან ტანჯვაი და მათი ანბავი” შეტანილი არ არის და არც დასახელებულია ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 და 1925 - 1951 წლების გამოცემებში. 1914 წლის (მიხ. გედევანიშვილისეული) გამოცემის შენიშვნებში ნათქვამია (გვ. XXIV): ყრმობის ლექსების სულ ხუთი ლექსია, მათში ერთი თარგმანი (“პატარა ჩიტი”)”. თუმცა ამავე გამოცემაში დაბეჭდილია შვიდი ლექსი, თარგმანის გარდა: განყოფილებაში - “ყრმობის ლექსები” (გვ. 535 – 540) ოთხი ლექსია “სიტკბოება თვის მამეულში”, “ჭაბუკობაზედ”, *** (“დაღონებული არ ვიცი, რაზედ”), “მოთქმა საწყლისა”, შენიშვნებში კი (გვ. XXIV) – “ალბომში კნეინა ნატალია ანდრონიკაშვილისას”, “კნეინა თიკოს ჭავჭავაძის ალბომში”, “ჩემი გონებიდამ განუშორებელო დაო ნინავ!”

1925 - 1951 წწ. გამოცემების სარედაქციო შენიშვნები აღნიშნულია, რომ არსებობს ილიას ბავშვობის დროის შვიდი ორიგინალური ლექსი და ერთი თარგმანი. იქვე ჩამოთვლილია ეს ლექსები: “სიტკბოება თვის მამულში”, “ჭაბუკობაზედ”, *** (“დაღონებული, არ ვიცი, რაზედ”), “მოთქმა საწყლისა”, “ალბომში კნ. ნ. ანდრონიკოვისას”, “კნ. თიკო ჭავჭ. ალბომში”, “წერილი ნინო ჭავჭავაძე-აფხაზისას” და ”პატარა ჩიტი” (ტ. I, 1951, გვ. 488). განყოფილებაში “ყრმობის ლექსები” (გვ. 339- 341) შეტანილია: *** (“დაღონებული, არ ვიცი რაზედ”), “ ალბომში კნეინა ნატალია ანდრონიკოვისას” და “პატარა ჩიტი” (წინამდებარე გამოცემაში ეს ლექსი თარგმანების ტომშია გადატანილი). “რაც შეეხება დანარჩენებს, - აღნიშნავს პ. ინგოროყვა, - მათი დაბეჭდვა ზედმეტად ვცანით, რადგან ისინი არც კი შეიძლება ჩაითვალოს ლექსებად: დარღვეულია ელემენტარული მოთხოვნილებანი მეტრისა და რიტმის, სტილიც სრულებით ბავშვურია” (იქვე, გვ. 488).

“რწყილთაგან ტანჯვაი და მათი ანბავი”, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, აღმოაჩინა და გამოაქვეყნა გიორგი ლეონიძემ 1938 წელს გაზ. “ლიტერატურულ საქართველოში”. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ლექსი გამოქვეყნებული იქნა არა როგორც დამოუკიდებელი ნაწარმოები, არამედ როგორც უშალო გაგრძელება ილიას ყრმობის დროინდელი მეორე უსათაურო ლექსისა - “დავსწერ სოფლისას ქებასა”... (იხ. წინამდებარე ტომი, გვ. 280). ეს ლექსები მკვლევარმა ერთი ნაწარმოების - პოემის - შემადგენელ ნაწილებად ჩათვალა და დაბეჭდა საერთო სათაურით - “ჩალაუბანი”. “პოემას ერთი სათაური არა აქვს, - წერდა გ. ლეონიძე, - პოემის მეორე ნაწილის სათაურია “რწყილთაგან ტანჯვაი და მათი ამბავი”. რაკი პოემის პირველ ნაწილში სოფ. ჩალაუბნის (სოფ. კახეთში) აღწერილობაა, პოემას ვუწოდეთ “ჩალაუბანი”... (იხ. გ. ლეონიძე, ილია ჭავჭავაძის პირველი პოეტური ნაწარმოების აღმოჩენა, - გაზ. “ლიტერატურული საქართველო”, 1938 წ., 12 აპრილი, № 9).

ჩვენი აზრით, “რწყილთაგან ტანჯვაი და მათი ანბავი” და “დავსწერ სოფლისა ქებასა” ერთმანეთისაგან დამოუკიდებული ნაწარმოებებია. ამასთან, “რწყილთაგან ტანჯვაი...” - კოხტა აბხაზის ზამოთ დამოწმებულ მოგონებაზე დაყრდნობით, - ყრმა ილიას პირველ ლექსად მიგვაჩნია. ამიტომაც წინამდებარე ტომში ილიას ყრმობის დროინდელ ლექსთაგან თავდაპირველად სწორედ ეს ლექსი დავბეჭდეთ, ხოლო შემდეგ - “დავსწერ სოფლისას ქებასა”.