The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ილია ჭავჭავაძის თხზულებებში მოხსენიებულ პირთა იდენტიფიკაცია

 მაია ნინიძე

ილია ჭავჭავაძის თხზულებებში მოხსენიებულ პირთა იდენტიფიკაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის განყოფილებ„ელენე“, „ილიკო“ და „ივანე მალხაზის ძე“: ილია ჭავჭავაძის ქორწინებამდელ წერილებში ოლღა გურამიშვილისადმი ხშირად იხსენიება ელენე, რომელსაც ორივე იცნობს და რომელთანაც ერთმანეთს ხვდებიან ხოლმე, ორ წერილში კი გვარიც არის ნახსენები: „დღეს ელენე ჩოლოყაშვილთან დამიძახეს, იმან მითხრა, თითქოს ჩემთვის მშვენიერი პატარძალი ჰყავთ... მივხვდი, შენზე ლაპარაკობდა“ (ტ. 18, გვ. 278, 279). ელენე და მისი ქმარი ილიკო, გვარების გარეშე, ნახსენებია პეტერბურგიდან 1858 წელს ნენე ანდრონიკაშვილისთვის გამოგზავნილ წერილში (ტ. 17, გვ. 16), რამდენიმე თვის შემდეგ კი თავისი დის - ნინოსთვის გაგზავნილი ბარათიდან ჩანს, რომ საუბარია ილიკო ჩოლოყაშვილსა და მის ცოლზე („ილიკო ჩოლოყაშვილის ცოლი გავიცან“). ილია ჩოლოყაშვილის ცოლი, გენეალოგიური ნუსხის მიხედვით, იყო ელენე ივანეს ასული ანდრონიკაშვილი-ჩოლოყაშვილისა.

ამავე პერიოდის ერთ წერილში ვკითხულობთ: „დღეს საღამოს ირაკლისთან წავალ, შუადღისას კი დახმარების სათხოვნელად ივანე მალხაზის-ძესთან“. ცნობილი მთავარსარდალი - ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი იყო ილიას ნათლიის - ნინოს ძმა და ამ პერიოდის წერილებში ხშირად ხსენებული ელენე ანდრონიკაშვილ-ჩოლოყაშვილის მამა.

„იასე“, „გიორგი“, „ირაკლი“ და „ივანე“: ოლღა გურამიშვილისთვის მათ ჯვრისწერამდე მიწერილ ბარათებში ილია ჭავჭავაძე ხშირად ახსენებს სამ პიროვნებას: იასეს, გიორგის და ირაკლის, რომლებსაც გარკვეული გავლენა შეუძლიათ იქონიონ მათ ბედზე. წერილების ციფრული კორპუსის შედარებითმა კვლევამ და გენეალოგიური წყაროების შესწავლამ გამოავლინა, რომ ის იასეც, რომელიც ზოგიერთ წერილში მხოლოდ სახელით არის ნახსენები, უნდა იყოს იგივე პიროვნება, რომელსაც ერთგან გვარიც უწერია - იასე ანდრონიკაშვილი (ტ. 18, გვ. 24). ის იყო ოლღა გურამიშვილის მამის - თადეოზის ღვიძლი ბიძაშვილი. თადეოზის დედა - ნინო და იასეს მამა რევაზი იყვნენ მარტყოფის მოურავის - ზაალ ზაზას ძე ანდრონიკაშვილის შვილები. იგივე იასე ანდრონიკაშვილია ნახსენები გვიანდელ წერილებშიც, რომლებშიც საგურამოს მამულზეა საუბარი (ტ. 18, გვ. 194, 195).

გიორგი ძირითადად მხოლოდ სახელით არის ხოლმე მოხსენიებული, მაგრამ ერთგან კონტექსტიდან ჩანს, რომ გვარად ბაგრატიონ-მუხრანელი უნდა იყოს: „ვინ გეჩიჩინება გიორგისთან ჩემს მიგზავნაზე?.. მე გიორგისა არა მჯერა, იგი არ მოისურვებს ჩვენი საქმის კეთილად დაგვირგვინებას. მუხრანბატონმა, ვეჭვობ, თავი დაიმციროს და ჩემთან დანათესავება ინდომოს“.

გიორგის მსგავს კონტექსტებშია მოხსენიებული ირაკლიც. მის თანხმობაზეც არის დამოკიდებული ახალგაზრდების ბედნიერება და მასაც არ მოსწონს სასიძოდ ილია ჭავჭავაძე. გიორგი და ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელები იყვნენ ოლღა გურამიშვილის ღვიძლი მამიდაშვილები - მისი მამიდის - იმჟამად გარდაცვლილი ხორეშან ზაალის ასულ გურამიშვილისა და კონსტანტინე იოანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელის ვაჟები.

1875 წლისა და შემდეგდროინდელ წერილებში არაერთგან არის ნახსენები „ივანე მუხრანსკი“ და მისი ცოლი. ეს ივანეც არის ოლღას მამიდაშვილი, ირაკლი და გიორგი ბაგრატიონ- მუხრანელების უფროსი ძმა, მისი ცოლი ნინო კი - ლევან V დადიანის ქალიშვილია.

იასე ანდრონიკაშვილი, გიორგი და ივანე ბაგრატიონ-მუხრანელები თადეოზის გარდაცვალების შემდეგაც დიდად არ სწყალობდნენ ილია ჭავჭავაძეს და ოლღა გურამიშვილს. ისინი იცავდნენ თადეოზის მეორე ცოლის - მარიამ დიასამიძისა და მისი შვილების ინტერესებს. ეს კარგად ჩანს 1875 წლის წერილებში ოლღა და ეკატერინე გურამიშვილებისადმი: „იასე ანდრონიკოვი ნახე და შენის ფულისა უთხარ, რომ მოგცენ სრულად, ეხლა ხომ ღვინოები გაუყიდნია გიორგის და ფული ექმნება“, „ამას წინათ მოგწერე, რომ იასეს შეეხვეწე-მეთქი, რომ ფული მოგცენ... ხომ იცი, თუ გიორგის მიანდო, გიორგი შენ არას მოგცემს“, „იასე ანდრონიკოვი არ მოასვენო, ვიდრე შენი ფული თავისის სარგებლით არ ჩაგაბარონ“. „ოლიკოს წიგნიდამ ჰსცნობდით ჩემი და ივანე მუხრანსკის დატაკებასა“; „შევატყე, რომ ეს ყოველიფერი ივანე მუხრანსკის ეშმაკობაა“; „ივანე მუხრანსკი თურმე თმას იგლეჯს, რომ მე უარი არ მითხრეს“ და სხვ.

„მუხრანსკები“: ბაბო: როგორც ვნახეთ, ილია ჭავჭავაძის წერილებში ხშირად არიან მოხსენიებულნი ოლღას მამიდის - ხორეშან ზაალის ასულ გურამიშვილისა და კონსტანტინე იოანეს ძე მუხრანბატონის შვილები: ივანე, ირაკლი და გიორგი. მომდევნო პერიოდის წერილებში ხშირად იხსენიებიან მათი შთამომავლებიც. სწორედ ირაკლი მუხრანსკის ქალიშვილი უნდა იყოს 1873 წლის თებერვლისა და მარტის წერილებში ნახსენები „ბაბო მუხრანსკიც“ (ტ. 18, გვ. 100, 108). 23 თებერვალს ილია ჭავჭავაძე მეუღლეს სწერს: „ამბობენ, ბაბო მუხრანსკისა გაათხოვესო და მიხეილ წერეთლიშვილს მიჰსცესო, ა, იმ იდიოტსა. მე კი დარწმუნებით ვერა შევიტყე რა“. სამი კვირის შემდეგ გაგზავნილი ბარათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბაბოს გათხოვება სიმართლე არ უნდა ყოფილიყო (ეს არც ისტორიული წყაროებით დასტურდება): „ბაბო მუხრანსკის წიგნი მოგსვლია, რომელშიაც ჩემზედ სამდურავი მოუწერია. მართალია, ქალაქში რო ვიყავ, იმათის ნახვისათვის ვერ მოვიცალე. მიკვირს, რათ მოჰგონებიხარ დიდ მუხრან-ბატონებს, ანუ ჩემი მათთან მიუსვლელობა რად შეუმჩნევიათ. მახლას, ქვეყანა ასრე მქნელიაო, ნათქვამია. უპატარკაცოდ დიდკაცებს ცხოვრება თუ არ შეჰსძლებიათ?! ყველას ღმერთმა მშვიდობა მიჰსცეს და მე და შენაც კარგად ვიყვნეთ ჩვენის ნათესავებითა“ (16 მარტი).

იმავე წლის 17 მაისის წერილში მრავლობითში არიან მოხსენიებულნი მუხრანიანთ ქალები და თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი დედა მხოლობითშია, ისინი დები უნდა იყვნენ: „შენი მუხრანიანთ ქალები ვერ დაგითხოვდნენ. მგონი, ისინი ამაზედ ისე არა ჰსწუხან, როგორც შენ. მე მგონია, რომ ისინი არც გათხოვდებიან. მეტად დიდკაცობს იმათი დედა. ასე რომ, ეს ქალები მიუწვდომელ ვარსკვლავებად ჰგონია ქვეყანასა და ყველა ერიდება. მერე მეტად რუსინკაობენ და ჩვენ ეხლანდელს ყმაწვილებს რუსიანკობა ჭირზედ უარესად ეჯავრებათ. ჯერ კი ესეა იმათი საქმე და ბოლოს რა იქნება, ღმერთმან იცოდეს“. ოლღას მამიდაშვილებიდან რამდენიმე გასათხოვარი ქალიშვილი იმ დროს ჰყავდა სწორედ ირაკლი მუხრანსკის: ბარბარე (ბაბო) იყო 25 წლის (დაბ. 1848), სოფიო - 23-ის (დაბ. 1850), ქეთევანი - 21-ის (დაბ. 1852) და თამარი - 18-ის (დაბ. 1855). მათი დედა იყო ცნობილი გენერლის - მოსე ზაქარიას ძე არღუთინსკის ძმის - ივანეს ქალიშვილი ეკატერინე და, როგორც ჩანს, ძალიან მაღალი წარმოდგენა ჰქონდა თავის ოჯახზე. ირაკლი მუხრანსკის შვილები ილიასა და ოლღაზე უმცროსები იყვნენ, მაგრამ მათ შორის უფროსთან, როგორც ზემოთ მოხმობილი წერილებიდან ირკვევა, შედარებით ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.

საშა: 1884 წლის ერთ წერილში (ტ. 18, გვ. 211) ილია ჭავჭავაძე მეუღლეს პეტერბურგიდან სწერს, რომ სადილად იყო საშა მუხრანსკისთან. სავარაუდოდ, უნდა იგულისხმებოდეს ოლღას მამიდაშვილის - ირაკლი კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელის ვაჟი - ალექსანდრე, რომელიც რუსეთში მსახურობდა. 1873 წლის 21 სექტემბერს პეტერბურგიდან მეუღლისთვის გაგზავნილ წერილშიც, სახელი არ არის ნახსენები, მაგრამ ასევე ალექსანდრე ირაკლის ძე მუხრანსკი უნდა იყოს ნაგულისხმევი („გუშინ ვნახე ირაკლი მუხრანსკის შვილი, ძალიან იამა ჩემი ნახვა; შენც გიკითხა. კულავ თიბათვეს ის კურსს დაასრულებს და უნდა აქავ სამსახურში შევიდეს, რომ აკადემიისათვის მოემზადოს“). მართალია, ირაკლი მუხრანსკის იმ დროს ჰყავდა მეორე ვაჟი - ლევანიც (1862-1888), მაგრამ ის ჯერ კიდევ 11 წლისა იყო და აკადემიაში შესვლა მისთვის ძალიან ნაადრევი იქნებოდა.

ქეთევანი: 1882 წლის ივლისამდე თბილისიდან საგურამოში მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: „ცხენები შაბადს საღამოსთვის გამოგვიგზავნეთ, ქეთოც მოდის, ქალურის უნაგირით ერთი ცხენი უნდა იყოს“. ილიასა და ოლღას გარემოცვიდან ყველაზე ახლობელი ქალი, რომელსაც სახელად ქეთო (ქეთევანი) ერქვა, იყო ოლღას მამიდაშვილის - ირაკლი ბაგრატიონ- მუხრანელის ქალიშვილი - ქეთევანი, აქვე ხსენებული ალექსანდრე (საშა) მუხრანსკის ღვიძლი და. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ გვარის მიუთითებლად, მხოლოდ სახელით, წერილში სწორედ ის შეიძლება იყოს ნახსენები.

ლიზა: ოლღა გურამიშვილისადმი მიწერილ როგორც ქორწინებამდელ, ისე 1870-იანი წლების წერილებში ილია ჭავჭავაძე ახსენებს „ლიზა მუხრანსკის“, რომელიც, კონტექსტიდან გამომდინარე, ოლღას ნათესავი უნდა იყოს. მისი ვინაობის დასადგენად დაგვეხმარა წერილი, რომლიდანაც ჩანს, რომ მუხრანსკი ლიზას მეუღლის გვარია („ლიზა მუხრანსკისა თავის ქმართან პოლკში წასულა“,

„საწყალი ლიზა!... რაზედ არიან გადაკიდებულნი? ქალაქის ქრმიანს ქალებში ეს თუ არ უკეთესი, უარესი არ არის“). ელისაბედი ერქვა ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილის - ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონის რძალს, გვარად ფალავანდიშვილს. მისი ქმარი - კონსტანტინე (კოტე) ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი 1870-იან წლებში მართლაც იყო პოლოვნიკი, 1876 წლიდან კი - სამეგრელოს გრენადერთა პოლკის მეთაური. შესაბამისად, წერილებში უნდა იგულისხმებოდეს ელისაბედ ნიკოლოზის ასული ფალავანდიშვილი-ბაგრატიონ-მუხრანსკისა.

დუდაური: 1874 წლის 26 თებერვლის წერილში მეუღლისადმი ორჯერ არის ნახსენები ვინმე „დუდაური“. აკადემიური გამოცემის კომენტარებსა და საძიებლებში განმარტებული არ არის, ვისზეა საუბარი. ტექსტში ვკითხულობთ: „ძალიანა ვწუხვარ, რომ ჩვენს სასიქადულოს, მაგრამ მამაძაღლს დუდაურს ეგრე დავუღუპნივართ, მე რომ მოვდიოდი, ნიკოლოზს და ნინოს ვჰსთხოვე, რომ პირველ შემთხვევაშივე დაითხოვეთ-მეთქი... ნეტავი, შენის სიცოცხლით, ის მაინც შეგვრჩეს, რაც გადარჩენია დუდაურს“. რა „დაღუპვაზეა“ ლაპარაკი და რატომ არის ნახსენები „რაც გადარჩენია დუდაურს“, კარგად ჩანს ცოტა უფრო ადრე, 18 თებერვალს ასევე მეუღლისთვის გაგზავნილი ბარათიდან: „ჩემმა სასიქადულო მოურავმა და გიორგიმა ვერაფერი კაცობა გამოგვიჩინეს, ერთმა თვითონ გაგვქურდა და მეორემ ჩვენი თავი სხვას გააქურდვინა“. ბარათებს სულ რაღაც 8 დღე აშორებს ერთმანეთისგან, პირველში ირონიულად არის ნახსენები „სასიქადულო“ დუდაური, მეორეში კი - „სასიქადულო“ მოურავი. მასთან დაკავშირებით პირველში ვკითხულობთ:

„დავუღუპნივართ“ და „რაც გადარჩენია“, მეორედან კი ჩანს, რომ სახლი მან გაქურდა: „თვითონ გაგვქურდა“. შესაბამისად, დუდაური იმ მოურავის გვარია, რომელიც 1874 წელს მსახურობდა ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულში და გაძარცვა მისი სახლი.

ორი გიორგი შერვაშიძე: მეუღლისადმი ილია ჭავჭავაძის პირად წერილებში სხვადასხვაგან იხსენიება ორი გიორგი შერვაშიძე. ერთი არის გიორგი დიმიტრის ძე, მეორე კი - გიორგი მიხეილის ძე. პირველს ილია ჭავჭავაძე ძალიან შინაურულად ახსენებს დუშეთიდან მეუღლისთვის გაგზავნილ წერილებში „გიორგი შერვაშიძემ მოკითხვა შემოგითვალა და თქვა ,,უკნეინოთო ბოლონდელს მასკარადს ლაზათი არა ჰქონდაო“. მეორეს - გიორგი მიხეილის ძეს კი მწერალი, როგორც ირკვევა, 1873 წლამდე არ იცნობდა . 1873 წლის 12 სექტემბერს იგი მეუღლეს სწერს: „ვნახავ გიორგი შარვაშიძესაც, რომელიც ჩემთან ყოფილიყო და მე შინ არ დავხვდი. თუმცა არ ვიცნობ, მაგრამ მოსულიყო ჩემს სანახავად“. სწორედ იმიტომ, რომ ეს ორი გიორგი შერვაშიძე ერთმანეთისგან განასხვავოს, 1873 წლის 19 დეკემბრის ბარათში მწერალი მისი ხსენების შემდეგ პატარა კომენტარს აკეთებს: „იმ დღეს გიორგი შარვაშიძესთან ვიყავ, აი, მთავრის შვილი რომ არის“. ესე იგი, საუბარია გიორგი მიხეილის ძეზე. მწერლის თხზულებათა აკადემიური გამოცემის მე-18 ტომის საძიებლებში ორივე გიორგი შერვაშიძეზე არის ანოტაცია, მაგრამ ტექსტის გვერდები ორივეს ერთნაირი აქვს მითითებული და გამოდის, რომ თითოეულ შემთხვევაში ერთდროულად ორივე გიორგი შერვაშიძე იგულისხმება, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდია. ამ გაუგებრობას თავიდან აგვაცილებდა, წერილებს რომ ახლდეს კომენტარები და ხდებოდეს პირთა იდენტიფიკაცია.

„ვარვარა ილინიშნა“ და „გიორგი“: ილია ჭავჭავაძის წერილებში ხშირად იხსენიება „ვარვარა ილინიშნა“. ბარათების მიხედვით, იგი ხან თბილისშია (ტ. 18, გვ. 45), ხან - პეტერბურგში (ტ. 18, გვ.142 და სხვ.), ვასილ მაჩაბლისთვის გაგზავნილ წერილებში კი ეს ქალბატონი ორჯერ იხსენიება გიორგისთან ერთად: „ვარვარა ილინიშნას და გიორგის ჩემს ერთგულებას და პატივისცემას განუცხადებ“, „ჩემი პატივისცემა ვარვარა ილინიშნას და მოკითხვა კნიაზ გიორგის“ (ტ. 17, გვ. 45, 50). თუ გავითვალისწინებთ იმ პატივისცემასა და მოკრძალებას, რომლითაც მწერალი მათ მოიკითხავს, ესენი უნდა იყვნენ გიორგი XII-ის შვილიშვილი - ბარბარე ილიას ასული ბაგრატიონი- ორბელიანისა (იგი ცოლად ჰყავდა გრიგოლ ორბელიანის ძმას - ილიას და ადრე დაქვრივდა) და მისი ერთადერთი ვაჟი - გიორგი. ეს უკანასკნელი იყო განჯიდან თბილისში მისი მამიდაშვილის - ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენების ერთ-ერთი ორგანიზატორი. მოგვიანებით იგი მსახურობდა პრინც ალექსანდრე ოლდენბურგელთან და ამასთან დაკავშირებით ჰქონდა ილიასთან მიმოწერა (ტ.17, 348,483).

ოლღა გურამიშვილის „დეიდა“? ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ოცტომეულის მე-18 ტომში 1863 წლის იანვარ-თებერვლის რუსულენოვანი წერილების თარგმანებში იხსენიება ოლღას დეიდა:

„მითხარი, დეიდაშენს რატომ ვძულვარ?“ (გვ. 264) „დეიდაშენი როგორა მყავს? მაგან აიღო გუმანი ჩვენი პაემანის შესახებ?“ (გვ. 275), „დეიდაშენი ხომ არ ნებულობს აბრამს ბლინებზე დაეწვიოს?“ (გვ. 275). ოლღა გურამიშვილის დედის შესახებ ისტორიული წყაროებიდან ვიცით მხოლოდ სახელი და მამის სახელი - ელისაბედ გიორგის ასული, გვარი არ არის ცნობილი, დეიდის შესახებ კი, თუკი საერთოდ ჰყავდა, არაფერი ვიცით.

1863 წლის 5 მარტის წერილმა, რომელშიც ნათქვამია: „ნეტავი მამიდაშენი ისევ ცოცხალი ყოფილიყო, გნახავდი მაინც, თუ სხვა არა იყო რა“ (გვ. 52), დაგვაფიქრა, რომ წინა სამ შემთხვევაშიც,

რუსულენოვან წერილებში შეიძლებოდა მამიდაზე ყოფილიყო საუბარი და არა დეიდაზე. ამის გადასამოწმებლად ვნახეთ ტექსტების ორიგინალები: «Скажи мне, почему твоя тетушка меня ненавидит?» (გვ. 21), «Что твоя тетушка здравствует? Это она догадалась об нашем свидании?» (გვ. 33)

«Твоя тетушка не изволит ли отправиться к Аврааму на блины?» (გვ. 33) და დავაკვირდით კონტექსტს, რაიმე ისეთი მინიშნება ხომ არ იყო, რომ სიტყვაში „тетушка“, რომელსაც ქართულად „დეიდაც“ შეესატყვისება და „მამიდაც“, აუცილებლად „დეიდა“ გვეგულისხმა. ასეთი მინიშნება არ არის. რამდენადაც 5 მარტის წერილის შინაარსიდან ჩანს, რომ ოლღა გურამიშვილის მამიდის სიცოცხლეში ის და ილია ჭავჭავაძე ერთმანეთს ხვდებოდნენ, შემდეგ კი დაბრკოლებები შეექმნათ, წერილებში, რომლებშიც საუბარია „тетушка“-ზე, რომელიც ოლღასთან ერთად ცხოვრობს და ხვდება მათი შეხვედრების ამბავს, ოლღას მამიდა უნდა ვიგულისხმოთ და არა დეიდა.

ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ ოლღას მამიდა - სიდონია გურამიშვილი- სავარსამიძისა ადრე დაქვრივდა და შვილები არ ჰყავდა. რძლის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ძმამ - თადეოზ გურამიშვილმა მეორე ცოლი შეირთო, სიდონიამ თბილისში, თავის სახლში გადაიყვანა ძმისწულები - ეკატერინე და ოლღა, 1862 წლის 10 მარტს კი მთელი თავისი ქონება უმცროს ძმისშვილს - ოლღას გაუფორმა. საგულისხმოა ისიც, რომ ამ ანდერძში რომელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (#1005), მოწმეთა შორის დასახელებულნი არიან მისი და თადეოზ გურამიშვილის მეორე დის შვილები - გიორგი და ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელები, სწორედ ისინი, ვის თანხმობაზეც დიდად იყო დამოკიდებული ილია და ოლღა დაქორწინდებოდნენ, თუ - არა.

ბარბარე და ლაზარე: ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის ქორწინებამდელ მიმოწერაში ხშირად იხსენიებიან „ბარბარე“ და „ბიჭი“ ან „ლაზარე“. წერილების კორპუსის კომპლექსურმა კვლევამ გამოავლინა, რომ ისინი არიან ილიასა და ოლღას ხელზე მოსამსახურე გოგო და ბიჭი. მათ მიაქვთ და მოაქვთ წერილები და ხელს უწყობენ შეხვედრაში („დღეს საღამოს შვიდ საათზე ჩემი ბიჭი არშაკუნის ბაღთან იდგომება, ბარბარემ ერთი წამით მოირბინოს და გადასცეს შენი წერილი“„ამრია შენმა წიგნმა, ნამეტნავად იმან, რაც ბარბარეს ეთქვა ლაზარესათვის“,

„ჩემს ბიჭს ვუბრძანე, მაცნობოს ბარბარეს მოსვლა“, „ჩემი ბიჭი ხომ ვეღარ მოვა შენთან, ჩემო კარგო, და როგორ მოგწერო. თუ ბარბარეს ყოველ დილას გამოგზავნი და საღამოზედაც, მაშინ კი შეიძლება“, „რაც შეეხება წერილების გზავნას, ბარბარეს საშუალებით გადმოვგზავნი. მან დაიწყო, მანვე დაასრულოს“, „მე შინაც რომ არ ვიყო, ბიჭი შემატყობინებს, როცა წერილი მოვა“, „მართალია, რომ არ შეიძლება ყოველდღე ბიჭის გამოგზავნა?“, „წიგნის პასუხს ლაზარეს გამოვატან საღამოზედ“,

„ხვალ 8 საათზე გამოგიგზავნო ლაზარე თუ დღესვე?“, „როგორც კი შენგან დაბრუნდება, ლაზარეს ორლანდინთან გავგზავნი“). ისინი ინახავენ საიდუმლოს („ბარბარე, რომელსაც, როგორც გაგებული მაქვს, ყველაფერს ენდობით“, „ენდე ამ ბიჭს, იგი დიდი ერთგულია ჩემი. გუშინ განვუცხადე ჯვარს ვიწერ-მეთქი და სიხარულისგან ორჯერ ჰქნა ჰაერში მალაყი“, „ლაზარესი ნუ გეშინიან, არ გაგვცემს“).

მსგავსი სამსახური ახალგაზრდებისთვის ცალკეულ შემთხვევაში ვინმე მეგობარს ან ნათესავსაც შეიძლებოდა გაეწია, მაგრამ ამ მიმოწერას ინტენსიური სახე აქვს, ორიოდე ეპიზოდი კი კიდევ უფრო გვარწმუნებს, რომ აქ მოსამსახურეებზეა საუბარი. ბარბარესთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძის წერილში ერთგან ნათქვამია: „შენ ბარბარესი ნუ გეშინიან. ეგ არ გაგვცემს, გამოგზავნე, ფულს ვაჩუქებ და ფული, ხომ იცი, რარიგად პირს აუკრამს ხოლმე ზოგიერთს ხალხს“, ლაზარეს შესახებ კი მისსავე სხვა წერილში ვკითხულობთ: „ჩემი უპატივცემულესი ლაზარე მთელი კვირა ისე იქცეოდა, რომ ბრაზით მავსებდა; მის მიმართ რომ ცუდი რამე არ მეკადრა, გადავწყვიტე გამეგდო“. ასეთ კონტექსტში ნათესავი ან მეგობარი ნახსენები არ იქნებოდა. მოგონებებიდან შემორჩა ლაზარეს გვარიც - ღონიაშვილი.

ილია წინამძღვრიშვილი: ოლღასადმი 1863 წლის 23 მარტს მიწერილი ბარათიდან (ტ. 18, გვ. 68-69) ჩანს, რომ თადეოზ გურამიშვილს იმ დილით სწვევია ილია ჭავჭავაძის ამხანაგი - წინამძღვრიშვილი და მათ ურთიერთობაზე ულაპარაკიათ. ილიას იმდროინდელი ახლობლებიდან ამ გვარისა არის მხოლოდ ილია წინამძღვრიშვილი, რომელსაც თადეოზის ნახვა შეეძლო როგორც თბილისში, ისე საგურამოში, რადგან მისი სოფელი წინამძღვრიანთკარი საგურამოდან 2-3 კილომეტრშია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ილია წინამძღვრიშვილს მწერალი ყველაზე მეტად ენდობოდა. მას გამოუგზავნა პეტერბურგიდან ჟურნალ „ცისკარში“ მისატანად თავისი პირველი კრიტიკულ;ი წერილი და სთხოვა კონფიდენციალურობის დაცვა. სწორედ ილია წინამძღვრიშვილისთვის შეიძლებოდა მას ეთხოვა თადეოზის ნახვა და მისი დაყოლიება ილია ჭავჭავაძის მიღებაზე.

ლეონარდ ზაგურსკი: 1863 წლის 24 მარტის ბარათში ნახსენებია ზაგურსკი. ვფიქრობთ, საუბარი უნდა იყოს საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების წევრ - ლინგვისტ და ეთნოგრაფ ლეონარდ პეტრეს ძე ზაგურსკიზე. „საქართველოს მოამბის“ მესამე ნომერში ილიამ გამოაქვეყნა „სასტატისტიკო სქემა კავკასიის მხარისა“ (გვ. 118-121), რომელშიც ეყრდნობოდა კავკასიის გეოგრაფიული საზოგადოების მიერ იმ დროისათვის ახალგამოსულ მე-5 ტომს. ლეონარდ ზაგურსკი იყო ამ საზოგადოების წევრი და ამგვარ სტატისტიკურ მონაცემებს კავკასიის შესახებ სწორედ ის აგროვებდა. 1868-1881 წლებში გამოვიდა 10 წიგნი „Сборник сведений о кавказских горцах“, რომელშიც სტატისტიკას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ბუნებრივია, რომ ილია ჭავჭავაძეს ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ მესამე ნომრის გამოსვლის წინ მასში მოთავსებულ „სასტატისტიკო სქემასთან“ დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონოდა ზაგურსკისთან, როგორც ამ სფეროს სპეციალისტთან.

ელისაბედ ჭავჭავაძე: 1863 წლის 27 მარტს ოლღა გურამიშვილისთვის მიწერილ ბარათში ილია ჭავჭავაძე წერს, რომ მასთან ჩამოვიდა მისი და და ერთი წელი დარჩება. ილია ჭავჭავაძეს ორი და ჰყავდა. უფროსი - ნინო ოთხი შვილის დედა იყო და თბილისში დიდი ხნით არასდროს ჩადიოდა, ელისაბედს კი შვილები არ ჰყავდა. მისი პირველი ქმარი - ნიკოლოზ (ივანე) ესტატეს ძე ორბელიანი სამხედრო პირი იყო. ელისაბედს უყვარდა ქალაქური ცხოვრება და, ლოგიკურია, რომ თბილისში ძმასთან დიდხანს დარჩენილიყო. შესაბამისად, ამ წერილში ელისაბედი უნდა იგულისხმებოდეს. ამას ადასტურებს ოლღასთვის 1864 წლის 22 მაისს ქუთაისიდან გაგზავნილი ბარათი, რომლიდანაც ჩანს, რომ ელისაბედი ჯერ კიდევ თბილისშია („ჩემ დას ლიზოს უთხარ, რომ წიგნი მომწეროს.“).

ხეჩო დარჩიევი: ოლღა გურამიშვილისთვის 1863 წლის 20, 28 მარტის და აპრილის თვის სამ წერილში (1, 4, „აპრილი“) ნახსენებია ზოგან ხეჩო და ზოგან დარჩილოვი (დარჩიანოვი). კონტექსტიდან ჩანს, რომ ყველგან ერთ პიროვნებაზეა საუბარი და ირკვევა, რომ სწორედ მან მოახერხა თადეოზ გურამიშვილის დათანხმება მისი ქალიშვილისა და ილია ჭავჭავაძის ჯვრისწერზე. («Дарчианов не аристократ, это правда, но это разве мешает ему быть хорошим посредником?» (20 მარტი); «Вчера был у меня Хечо, есть надежда, как он говорит, что отец благословит меня»... (28 მარტი); «Какая скука, разве к Дарчилову обратиться, чтоб он уговорил отца позволить мне к тебе заехать» (აპრილი); «Ура» кому? Мне или тебе? никому из нас, а одному Хечо, бессмертному Хечо прокричим мы с тобой... Слава и честь ему, что он успел без особенных сцен закончить наше дело»... (1 აპრილი); „ხეჩო! დიდი კაცია! ბარაქალა მაგის ვაჟკაცობას! ერთი დრო იყო, რომ გიჟი ოლიკო უწყრებოდა ილიკოსა, აბა, ხეჩო რა ამოსარჩევი იყოვო. ახლა ისევ გიჟი ოლიკო ისევ იმ ხეჩოს ტაშს უცემსო“ (21 აპრილამდე). სავარაუდოდ, ამ წერილებში საუბარია გლეხური წარმომავლობის თბილისელ მიწათმფლობელ - ხეჩო დარჩილოვზე (დარჩიევზე), რომელიც ფლობდა დიდუბისა და ავჭალის ბაღებს, თბილისში ჰქონდა ორი სახლი და მაღაზია სარდაფით. ძველ ჟურნალ-გაზეთებში მივაგენით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მე-19 საუკუნის 40-იან წლებში ამ პიროვნებას ევალებოდა მცხეთის ტაძრის სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოების წარმოება .

ნიკო მანსვეტაშვილი: როგორც მეუღლის, ისე თავისი დის - ელისაბედისთვის მიწერილ ბარათებში ილია ჭავჭავაძე ბევრგან ახსენებს გვარ „მანსვეტოვს“ ყოფით, ფინანსურ და არა ლიტერატურულ ან საზოგადოებრივ საქმეებთან დაკავშირებით : „მანსვეტოვთან შემიტყე ჩვენის სახლების ამბავი: იყიდება თუ არა“... „გუშინას წინ წიგნი მომივიდა მანსვეტოვისა, რომ ოცი თუმანი მოსკოვში გამოგიგზავნეო“... „ლიზოს კიდევ მანსვეტოვისთვის უთქვამს, სახლის ქირა აუღიათ თხუთმეტი თუმანი“... „ოცი თუმანი, რომელიც მანსვეტოვმა გამომიგზავნა, მე არ მითხოვნია“, „ლიზოს კიდევ მანსვეტოვისათვის ეთქვო, მანსვეტოვს ხუთმეტი თუმანი მოეხერხებინა“, „ათს თუმანს მანსვეტოვს გავუგზავნიო“ და სხვ. ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-18 ტომის საძიებლებში შეტანილია მხოლოდ ცნობილი საზოგადო მოღვაწის - იაკობ მანსვეტაშვილის მონაცემები და არცერთ წერილს არა აქვს დართული კომენტარი, ვინ იგულისხმება ზემოხსენებულ ეპიზოდებში.

თავისი დის - ელისაბედ საგინაშვილისთვის გაგზავნილ ერთ-ერთ უთარიღო წერილში ნახსენებია ამ მანსვეტოვის სახელი ნიკო: „ნიკო მანსვეტოვსა ჰსთხოვე ქვევითა მდგმურს გამოგვირთვას, რაც ფული გვერგება იმისგან და ის ფული სრულად ნატალია ჩოლოყაევისას გარდაეცი... შეეხვეწე მანსვეტოვს, რომ, რაც ქვევითა მდგმურისაგან გვერგება, გამოართოს“ (ტ. 17, გვ. 266). ზემოხსენებულ რვა წერილშიც აშკარად სწორედ ეს ნიკოლოზ მანსვეტაშვილია ნაგულისხმევი და არა იაკობი. როგორც ჩანს, ამ პიროვნებას ჩაბარებული ჰქონდა ილია და ელისაბედ ჭავჭავაძეების საზიარო სახლის ზედამხედველობა და მდგმურებისთვის ფულის გამორთმევა.

სიმონ ღოღობერიძე: მეუღლისთვის 1864 წლის ივნისში ქუთაისიდან გაგზავნილ წერილებში ილია ჭავჭავაძე ახსენებს „ღოღობერიძის ძმას“, რომელთანაც ის ცხოვრობდა ქუთაისში და რომელმაც ოლღას ჩამოსვლის შემდეგ მათ თავისი სახლი დაუთმო . მწერლის სტუდენტობის მეგობარ - ნიკოლოზ ღოღობერიძეს ორი ძმა ჰყავდა, მაგრამ ცნობილია, რომ 1896 წელს ქუთაისში ყოფნისას ილია ბინად მის ძმასთან - სიმონთან გაჩერდა. ვფიქრობთ, ეს სიახლოვე 1864 წლიდან იქნებოდა მათ შორის და წლების წინ ქუთაისიდან მოწერილ ბარათებშიც მასზე იქნება საუბარი.

სალომე დადიანი მიურატისა: იონა მეუნარგიასთვის გაგზავნილ წერილში (ტ. 17, გვ. 205) ილია ჭავჭავაძე ახსენებს პრინცესას („პრინცესას მამულს შემოსავალი აქვს, შენ იწერები, 4000 მანეთი“). პრინცესად მოიხსენიებდნენ ეკატერინე ჭავჭავაძისა და დავით დადიანის ქალიშვილს - სალომე დადიან მიურატისას. იონა მეუნარგიას ოჯახს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მიურატებთან. არსებობს სხვადასხვა დროის რამდენიმე ფოტო, რომელზეც მიურატებთან ერთად გადაღებულია იონა ან მისი მამა - დეკანოზი მიხეილ მეუნარგია. შესაბამისად, სავსებით ბუნებრივია, რომ საბანკო სესხთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძესთან იონას შუამდგომლობა გაეწია მიურატებისთვის და წერილში სალომე დადიანი მიურატისა იგულისხმებოდეს.

ივანე ლაზარევი: 1873 წელს პეტერბურგიდან მეუღლისთვის გამოგზავნილ წერილებში ილია ჭავჭავაძე ახსენებს ვინმე ლაზარევს. ბარათების შინაარსიდან ჩანს, რომ ეს პიროვნება ხან პეტერბურგშია და ხან ბაქოში და რომ იგი დიმიტრი სტაროსელსკის ახლობელი უნდა იყოს, რადგან პეტერბურგში თავისთან სტუმრად იწვევს არა მხოლოდ ილიას, არამედ დიმიტრი სტაროსელსკის ვაჟ სენოსაც. თუ გავითვალისწინებთ, რომ დიმიტრი სტაროსელსკი 1872 წლიდან იყო ბაქოს გუბერნატორი და ახლო ურთიერთობა ჰქონდა რეგიონის წარჩინებულებთან, შესაძლოა საუბარი იყოს წარმოშობით ყარაბაღელ, სომეხი ეროვნების ივანე დავითის ძე ლაზარევზე, რომელიც იყო რუსეთის არმიის გენერალ-ადიუტანტი და 1868-1877 წლებში ექვემდებარებოდა კავკასიის არმიის მთავარსარდალს. საგულისხმოა, რომ მის ოჯახში ილია ჭავჭავაძე ერთ თელაველ სომეხსაც შეხვდა. ბაქოსთან ლაზარევის კავშირზე მიგვანიშნებს ის ფაქტი, რომ მოგვიანებით, 1878 წელს, მას მფლობელობაში გადაეცა 10 დესეტინა მიწის ნაკვეთი ბაქოს ნავთობით მდიდარ რაიონში.

გიორგი (იური) ჭავჭავაძე: 1907 წლის 1 აგვისტოს ყვარლის მოურავ ნოშრევან ჯაფარიძისადმი მიწერილ წერილში ნახსენებია „იურა“. მას შემდეგ, რაც ილია ჭავჭავაძეს ორი დეპეშა და ერთი წერილი გაუგზავნია ადრესატისთვის და პასუხი არ მიუღია, მიუწერია ამ იურასთვის, რომ მას გაერკვია, რაში იყო საქმე და რატომ მისცა მოურავმა თავს უფლება, რომ ორი დეპეშისა და ერთი წერილისთვის არ ეპასუხა; მით უფრო, რომ მეორე დეპეშაზე ილიას პასუხის ფულიც კი წინასწარ გადაუხდია. რამდენადაც ნოშრევან ჯაფარიძე ყვარლის მამულის მოურავი იყო, ჩვენი აზრით, ეს იური უნდა იყოს ყვარლისავე მკვიდრი, რომელთანაც მწერალი ახლოს იყო და ენდობოდა. ასეთი პიროვნებაა მისი ნათესავი გიორგი (იური) მელქისედეკის (მიხეილის) ძე ჭავჭავაძე, რომლის მეუღლეს - ელენე (პელაგია) ივანეს ასულ როსტომაშვილს მოგონებაც კი აქვს დაწერილი ილიასა და მათი ოჯახის ახლო ურთიერთობაზე.

სიმონ (სენა): ილია ჭავჭავაძის პირად წერილებში ხშირად იხსენიება სახელი სენა (სენო), რომელშიც სხვადასხვაგან სამი განსხვავებული პიროვნება იგულისხმება, რის გამოც ხშირია ხოლმე მათი აღრევა. ეს პიროვნებებია: ილიას ძმისწული - სიმონ (სენო) კონსტანტინეს ძე ჭავჭავაძე, დისწული - სიმონ (სენო) ნიკოლოზის ძე აფხაზი და მისი მეუღლის - ოლღას დისწული - სიმონ (სენო) დიმიტრის ძე სტაროსელსკი. უთარიღო წერილებში ამ პირთა დიფერენციაცია ზოგჯერ გვაძლევს მათი დათარიღების და ბიოგრაფიული დეტალების დაზუსტების საშუალებას.

1889 წლის 22 სექტემბერს თავისი დის - ელისაბედისთვის გაგზავნილ პირად წერილში ილია ჭავჭავაძე მას უგზავნის მათი ძმისწულის - სიმონ (სენო) ჭავჭავაძის მისამართს, რომ საქართველოში გამომგზავრებისას გზად გაუაროს. ეს მისამართია Воронежо-Ростовская железная дорога, станция Подгорная. მართალია, 1872-1876 წლებში ვორონეჟის კადეტთა კორპუსში სწავლობდა ილიას დისწული სიმონიც (სენო), მაგრამ ეს იყო 1870-იან წლებში. აქ რომ არა ის, არამედ ძმისწული სენო იგულისხმება, ამას მოწმობს შემდეგი ფაქტი - ვორონეჟის გუბერნიის სოფელი პოდგორნოე იყო სიმონ ჭავჭავაძის დიდი ბებიის (დედის მხრიდან) - მატრონა მიხეილის ასულ ზუბარევ-ტევიაშოვას საგვარეულო მამული. ეს ქალბატონი სწორედ იქ გარდაიცვალა 1856 წელს და, საფიქრებელია, რომ მამულის ნაწილი თავისი გარდაცვლილი ქალიშვილის (ნატალია ტევიაშოვა გარდაიცვალა 1853 წელს) შვილისა და მისი ვაჟისთვის დაეტოვებინა. ამ წერილის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ილიას ძმისწული, სიმონ (სენა) კონსტანტინეს ძე ჭავჭავაძე 1889 წლამდე არ გარდაცვლილა, როგორც ეს ცალკეულ გამოცემებში არის აღნიშნული.

კვლევის შედეგად მოპოვებული ეს ინფორმაცია გვეხმარება ოლღა ჭავჭავაძისათვის გაგზავნილ ერთ წერილში მოხსენიებული „სენოს“ იდენტიფიკაციაში. გურამ შარაძის წიგნში ვკითხულობთ, რომ ოლღასადმი მიწერილ ბარათში, რომელშიც ნათქვამია: „საწყალი სენა სწორედ მოუკლავთ, კოხტას ძმის წიგნი მოუვიდა და ისა ჰსწერს, რომ ჩემთან იდგაო და იქავ ტყვია მოხვდა და დაეცაო მკვდარი“ (გვ. 203) საუბარია გრიგოლის ძმისწულ სიმონ ჭავჭავაძეზე, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ წერილში ნახსენებია ელისაბედის ქმარი - ალექსანდრე საგინაშვილი (დღეს სადილად მე საგინოვთან ვერ მოვალ, თვალში ცრემლი მერევა და მეშინიან, ლიზომ არ შემატყოს“), რომელიც 1887 წელს გარდაიცვალა, წარმოუდგენელია ახლაგარდაცვლილად იხსენიებოდეს ილიას ძმისწული - სიმონი, რომელიც 1889 წელსაც ცოცხალია. შესაბამისად, წერილში საუბარია ილიას დისწულ - სიმონ ნიკოლოზის ძე აფხაზზე, რომელიც მოკლეს რუსეთ- თურქეთის ომის დროს 1877 წლის 3 ოქტომბერს და შესაძლებელი ხდება ამ წერილის უფრო ზუსტი დათარიღებაც - 1877 ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.

ელენე ამილახვარი-გრუზინსკაია: 1858 წლის 13 აგვისტოს ნენე დიმიტრის ასულ ჭავჭავაძე- ანდრონიკაშვილისადმი მიწერილ ბარათში ილია ჭავჭავაძე ახსენებს პეტერბურგში მის სტუმრობას „ბატონის რძალთან“. 1858 წელს ერეკლე მეფის რძლებიდან ყველა გარდაცვლილი იყო, მაგრამ „ბატონის რძლად“ მოიხსენიებდნენ მისი ვაჟის - გიორგი XII-ის ვაჟების ცოლებსაც. რამდენადაც წერილში თავად ბატონიშვილი ნახსენები არ არის, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი გარდაცვლილია. 1858 წელს გიორგი XII-ის რძლებიდან სამი იყო ცოცხალი: თეიმურაზის მეუღლე - ელენე ოთარის ასული ამილახვარი-გრუზინსკაია, ილიას / ელიზბარის მეუღლე - ანასტასია გრიგოლის ასული ობოლონსკაია-გრუზინსკაია და ოქროპირის მეუღლე - ანა პავლეს ასული ქუთაისოვა-გრუზინსკაია, მაგრამ ბოლო ორი მოსკოვში ცხოვრობდა, პეტერბურგში კი იმყოფებოდა მხოლოდ თეიმურაზის ცოლი - ელენე ოთარის ასული ამილახვარი-გრუზინსკაია. შესაბამისად, მწერალიც სწორედ მასთან სტუმრობის ამბავს უნდა ყვებოდეს.

ელენე თარხნიშვილი-ბაგრატიონ-გრუზინსკი და მიხეილ ბაგრატიონ-მუხრანელი: მეუღლისთვის 1879 წლის წლის 19, 28 ივლისს და 3 აგვისტოს გაგზავნილ ბარათებში (ტ. 18, გვ. 123, 125) ილია ჭავჭავაძე წერს: „ელენე გრუზინსკი აქ, მოსკოვში არ არის, დაჩაში გადასულა და იქ წასვლა ჯერჯერობით ვერ მოვახერხე... ვერც მუხრანსკი ვიპოვე“, „მიხაკო მუხრანსკი, როგორც ელენე გრუზინსკისა, ვერა ვნახე, რადგანაც დაჩებში არიან“, „ელენე გრუზინსკისა და მუხრანსკი ამჟამად მოსკოვში არ იმყოფებიან და ამიტომაც ვერა ვნახე“. ელენე გრუზინსკი - ელენე ზაზას (ზაქარიას) ასული თარხან-მოურავი (თარხნიშვილი), იყო ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის შვილიშვილის, 1865 წელს გარდაცვლილი - ალექსანდრე ბაგრატის ძე ბაგრატიონ- გრუზინსკის მეუღლე, მიხეილ კონსტანტინეს ძე მუხრანსკი კი - ილია ჭავჭავაძის მეუღლის - ოლღა გურამიშვილის ღვიძლი მამიდაშვილი.

კონსტანტინე ზახაროვი: მეუღლისთვის 1873 წლის 19 და 28 ივლისს, 3 და 31 აგვისტო და 23 ოქტომბერს (ტ. 18, გვ. 123, 126, 129, 136, 152, 153) გაგზავნილ ბარათებში ნახსენებია ვინმე ზახაროვი, ძალიან კარგი პიროვნება, დიმიტრი სტაროსელსკის ოჯახის მეგობარი, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცია მოსკოვში სასწავლებლად ჩასული 11 წლის სენო სტაროსელსკისთვის, წაეყვანა სახლში უქმე დღეებში, ეზრუნა მისთვის აღმზრდელის შოვნაზე და სხვ. არცერთ წერილში მითითებული არ

არის ამ პიროვნების სახელი, მაგრამ 1873 წლის 23 აგვისტოს ვასილ მაჩაბლისთვის გაგზავნილი წერილიდან ვიგებთ, რომ ეს პიროვნება უნდა ყოფილიყო ექიმი კონსტანტინე ივანეს ძე ზახაროვი და სწორედ ის უნდა დახმარებოდა ილია ჭავჭავაძეს მოსკოვის ბანკთან კავშირის დამყარებაში („დოქტორი კონსტანტინე ივანიჩი ზახაროვი, რომლის შემწეობითაც მე ბანკის კარები გამეღო და რომელიც ჩემის ქვისლის, სტაროსელსკის დიდი მეგობარია“). კონსტანტინე ზახაროვი იყო მედიცინის დოქტორი და 1871-1877 წლებში ექიმად მსახურობდა მოსკოვის საკომენდატო სამმართველოში.

ვლადიმერ ბარიატინსკი: 1873 წელს ვასილ მაჩაბლისთვის გაგზავნილ წერილში ილია ჭავჭავაძე ახსენებს კავკასიის მეფისნაცვალ ალექსანდრე ბარიატინსკის ძმას. რამდენადაც შინაარსის მიხედვით, ილიას უნდოდა, რომ ის დახმარებოდა პეტერბურგის ბანკებთან ურთიერთობის დამყარებაში, ნაგულისხმევი უნდა იყოს ვლადიმერ ივანეს ძე ბარიატინსკი. ალექსანდრე ბარიატინსკის ძმებიდან ვიქტორი იმ დროს უკვე ოდესაში ცხოვრობდა, ანატოლი კი არასერიოზული პიროვნება იყო, მუდმივად ვალები და მოუწესრიგებელი ცხოვრება ჰქონდა. რაც შეეხება ვლადიმერს, იგი სამეფო ამალის წევრი იყო და ცოლად ჰყავდა ყოფილი სამხედრო მინისტრისა და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის, იმხანად უკვე გარდაცვლილი ალექსანდრე ჩერნიშევის ქალიშვილი.

მოურავი დავით ციციშვილი: ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედიის მიხედვით, 1875-1884 წლებში მწერლის მოურავი საგურამოში იყო ზაქარია გიორგის ძე ციციშვილი, მაგრამ მწერლის პირადი ბარათებიდან, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე სარწმუნო დოკუმენტურ წყაროდ შეიძლება ჩაითვალოს, ამ წლებში მისი მოურავი იყო არა ზაქარია, არამედ დავით ციციშვილი. ამას მოწმობს 1882 წლის ივლისამდე დაწერილი ბარათის ფრაზა: „მე აქამდინაც ამოვიდოდი, მაგრამ დავით ციციშვილს ველოდი, რომ სამკალი მაშინა წამოგვეღო. რა წამსაც მოვედი ქუთაისიდამ, მაშინვე ტელეგრამმა გაუგზავნე, მაგრამ აქნობამდე არ ჩამოვიდა. დღეს მე თვითონ წაველ აქ ერთს მეხანიკთან...“ დავითი - დათია ნახსენებია 1882 წლის აგვისტოს შუა რიცხვების წერილშიც:

„გაგზავნე დათია, რომ როგორც რიგია, დაჰსთვალოს და, პარასკევს რომ პოვოსკა წამოვა, თან გამოატანე ანგარიში ხეებისა“. 1882 წლის ოქტომბრის დასაწყისის წერილის მიხედვითაც, მოურავს დავითი, დათია ჰქვია, ილია ჭავჭავაძე მისით უკმაყოფილოა და დათხოვნას უპირებს: „ეგ ჩვენი ბატონი მოურავი დათია სულ არ ვარგა არაფერში. ყურს არას უგდებს, იმოდენა პურსა და ფულს მახარჯვინებს და ძირს კი, ხელში არა გვრჩება რა, გარდა იმისა, რასაც იპარავს თურმე. ეხლა მინდა დავითხოვო... გული ამემღვრა, ახლა რომ ვნახე მანდაურობა. გვჭამენ, გვსვამენ და არას აკეთებენ კი“.

მიუხედავად ამ გაბრაზებისა, როგორც ჩანს, დავით ციციშვილი ილიას მაინც არ დაუთხოვნია, რადგან მომდევნო წლების ბარათებშიც მოურავად ხან „დათიაა“ ნახსენები და ხან

„ციციშვილი“. 1883 წლის 28 დეკემბრამდე დაწერილ ბარათში ნათქვამია: „ციციშვილს უთხარი, გაბოსთან მოილაპარაკოს ცხენის თაობაზედ“, 1884 წლის 29 თებერვალს კი ილია ჭავჭავაძე პეტერბურგიდან სწერს მეუღლეს: „ციციშვილს მისწერე, რომ რაც საჭირო იყოს ჩვენის ეზოს გასამშვენიერებლად, უსათუოდ გააკეთოს“. დავით ციციშვილი 1887 წლის წერილშიც იხსენიება:

„ამოვედი წარსულს შაბათს, ვნახე, რომ ციციანოვი გულმოდგინედ აღარ ეკიდება საქმეს და თავის გასაკეთებელს მევე მახვევს კისერზედ, მეწყინა ეს ყველაფერი, გავჯავრდი, და დღესაც ამაზედა ვარ გაჯავრებული...“

ციციანოვი სახელის გარეშე იხსენიება 1866 წლიდან 1882 წლამდე სხვადასხვა პერიოდის წერილებში, მაგრამ, შინაარსებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ ილიასა და ოლღას შემოსავალ- გასავალს და მეურნეობას ის უძღვება. იგი იხსენიება ორ კონტექსტში - 1. თუ ოლღას ან ელისაბედს ხელზე თანხა არ აქვთ, მას ართმევენ: „ერთი თვის პროვიზია იყიდე, ციციანოვს ფული ექნება“ (1866 წ.), „ერთი დეკეული იყიდონ. თუ ფული არ ექნებათ, ციციანოვს გამოართონ“ (1872) თუ ფული გინდა, ციციანოვს უბრძანე და მოგართმევს ათიოდ თუმანს“ (1878 წ.). 2. იგი აგვარებს სამეურნეო საქმეებს: „ციციანოვს ვგზავნი... აქაური უღელი ხარი მანდ დააგდეთ და მანდაური ერთი უღელი აქ გამოატანეთ... მე რომ მანდ შემოსავალ-გასავლის წიგნი მაქვს, ორი მაგისთანა წიგნი აყიდვინე და ციციანოვს გამოატანე“ (1878 წ.). „ექვსი რუმბი ღვინო ამოაღებინეთ, რომელიც უნდოდეს... ციციანოვი უსათუოდ დაესწროს ამოღებაში“ (1879). თუ სასწაულებრივ დამთხვევასთან არ გვაქვს

საქმე და ილიას ზედიზედ ორი მოურავი არ ჰყავდა ერთი და იმავე გვარისა, აქ ყველგან მოურავი დავით ციციშვილი უნდა იგულისხმებოდეს და, არსებული მონაცემებით, იგი ილია ჭავჭავაძის მოურავი უნდა ყოფილიყო 1866-1887 წლებში. მართალია, 1875 წლამდე მწერალი საგურამოში დამკვიდრებული არ იყო, მაგრამ მას და მის მეუღლეს სხვადასხვა ადგილებში ჰქონდათ მიწები და მათ მართვას (იჯარით გაცემა, მუშების დაყენება, პროცენტების აღება და სხვ.) აუცილებლად სჭირდებოდა დამხმარე პირი.