The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ძველი დავა ახალ ქერქში/რა სწავლა განათლება გვჭირია?
ძველი დავა ახალ ქერქში

ნინოშვილი ეგნატე

ძველი დავა ახალ ქერქში

რა სწავლა განათლება გვჭირია?

იმ ერის ცხოვრებაში, რომელშიაც ცოტად თუ ბევრად დაწყებულა გონებრივი მოძრაობა და ეგრე წოდებული ცივილიზაცია, ხშირად არის დავა ძველსა და ახალს თაობას შორის მაზე, თუ რომელი მათგანი ადგია ჭეშმარიტების გზას და რომელი ცდება. დავას იწვევს ის გარემოება, რომ ძველი თაობა, აღზდილი თავის დროინდელ სწავლამეცნიერების თეორიებზე და ზნეობრივ პრინციპებზე, ვეღარ ითვისებს იმ თეორიებს და პრინციპებს, რომლებიც მის მოხუცებას შემდეგ ახალმა თაობამ შეიმუშავა და გაარკვია. ამიტომ ყველა ეს, ახალი თაობისაგან შემუშავებული და გარკვეული თეორიები და ზნეობრივი პრინციპები, შეცდომა ჰგონია და უკიჟინებს ახალთაობას: „ე, მაგას რას ჩადიხართ! ეგ ხომ შეცდომაა! აი, ჭეშმარიტი თეორიები და პრინციპები, რომლებითაც ჩვენ ხელემძღვანელობდით“ო და სხვა. მაგრამ სიცოცხლით სავსე ახალთაობა თავს არ იდრეკს უკვე ჩამორჩენილი ძველი თაობის წინაშე, არ სწამს მისი ავტორიტეტი და სრულიად დანდობილი თავის ზნეობრივს და გონებრივს ძალღონეზედ დინჯად მიდის წინ. ხშირად ეს დავა იქამდე გამწვავდება, რომ გაისმის ერთი მხრით ძველი თაობის გოდება და ტირილი: „ქვეყანა იღუპება, უვარგისი შვილები გამოგვივიდაო და სხვა, მეორე მხრით ახალთაობისაგან პასუხი ძველთაობისადმი: „თქვენ ჩამორჩენილი ხართ, არა გაგეგებათ რა. უმჯობესია გაჩუმდეთ, რადგან თქვენ უსაფუძვლო გოდება და საყვედური ისტორიას ვერ შეაფერხებს“ო. მართლაც ის თაობა, რომელიც აღიზარდა და დაბერდა შელლინგის და ჰეგელის მეტაფიზიკაზედ, რა თქმა უნდა, ვეღარ შეითვისებდა ბიუხნერის, მოლეშოტის, კ. ფოღტის და სხვა მისთანა ახალ მეცნიერთა მატერიალურ მიმართულებას და ოგ. კონტის პოზიტიურ ფილოსოფიას; ის თაობა, რომელსაც მოხუცებამდე მტკიცედ სწამდა კიუვიეს თეორია, მოხუცების დროს ვეღარ შეითვისებდა დარვინის ევოლიუციონურ თეორიას, რომელმაც ძირითადი ცვლილება მოახდინა ბუნების მეტყველებაში; ის თაობა, რომელსაც მოხუცებამდე ჭეშმარიტებად მიაჩნდა მალტუსის, სეის, ბასტიას და სხვა მისთანა პოლიტიკოეკონომების მოძღვრეაბა, რა თქმა უნდა, მოხუცების დროს ვეღარ შეითვისებდა კარლ მარქსის საპოლიტიკოეკონომიურ მოძღვრებას, რომელმაც ძირითადი ცვლილება მოახდინა პოლიტიკოეკონომიურ მეცნიერებაში. ვინ მოთვლის კიდევ რამდენი ასეთი მაგალითის მონახვა შეიძლებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ ძველსა და ახალ თაობას შორის დავას იწეევს ძველი თაობის ჩამორჩენილობა. ან რა არის აქ გასაკვირვალი? იმ ძველმა თაობამ თავისი ძალღონე თავის დროს მოანდომა თანამედროვე სწავლამეცნიერების შეძენას და შეძლებისდაგვარად ჭეშმარიტების გარკვევას. თავის დროზე იმანაც გამოსცადა ძველთაობასთან ბრძოლა და გამარჯეება და შეადგინა თავისი შეხედულობა ქვეყანაზე, რწამსი, რომლითაც მოხუცებადე ხელმძღვანელობდა ცხოვრებაში. მოხუცების დროს, როცა ადამიანის ფიზიკური და სულიერი ძალღონე დასუსტებულია, ის ხედავს ახალთაობას, რომელიც გამოდის ცხოვრების ასპარეზზედ, იწყებს მუშაობას და ცდილობს ისე მომართოს ცხოვრების ჩარხი, როგორც მისთვის (ახალთაობისთვის) საუმჯობესოა. ახალგაზდობა კრიტიკის თვალით უყურებს მამაპაპათაგან შექმნილ ზნეჩვეულებას, თეორიებს, ერთი სიტყით ყოველივეს, რასაც კი ადამიანის ცხოვრებაში, ასე თუ ისე, მნიშვნელობა აქვს. რაც მისი შეხედულებით ცხოვრების წარმატებისათვის მეტი ბარგი, უხერხული და დამაბრკოლებელია, უარს ჰყოფს, აგდევს; მის მაგიერად შეაქვს ცხოვრებაში ახალი ელემენტები. ძველი თაობა ჰხედავს, რომ იმ პრინციპებთაგანი, რომლებიც მის დროს უმაღლეს ზნეობრივ პრინციპად იყო აღსარებული, ახალ თაობისაგან უარყოფილ იქმნა, როგორც უზნეო და პროგრესის შეუფერებელი. ბევრი იმ თეორიებთაგანი, რომლებიც მის დროს უცილო ჭეშმარიტებად იყო ცნობილი, ახალთაობამ უარჰყო, როგორც არა ჭეშმარიტი; ხედავს ცხოვრებაში ცვლილებებს, ახალ შეტანილ ელემენტებს, რომლებისაც მას არა გაეგება რა და ამიტომ ყველა შეცდომა და ჭეშმარიტებას მოკლებული ჰგონია. შეცდომა ჰგონია, რადგანაც თითონ არ განუცდია, არ განუხილავს, არ შეუსწავლია ეს ახალი. ან როგორ შეიძლებდა მისი დასუსტებული ძალღონე ახალთაობისაგან შეძუშავებული თეორიების და პრინციპების შესწავლას და განხილვას! ამისათვის ხელახლავ გაყმაწეილება არის საჭირო და ხომ მოგეხსენებათ „თავსა ახლად ვერვინ იშობს.“ მისი იარაღი მხოლოდ „დრო წახდას“ ძახილი და დრტვინვაგოდებაა.

მაგრამ ზემოხსენებული მოვლენის სრულიად მოწინააღმდეგე მოვლენას ეხედავთ იმ დროს, როცა ერის პროგრესი (წარმატება) რამე მიზეზის გამო უცბად შეფერხდება: შეფერხების დროს აღზრდილი ახლგაზდობა უღონოა, მოდუნებული, მისი ცივი გული ვეღარ ითვისებს ჰუმანური გრძნობებს, მისი სუსტი ჭკუა ვეღარ წედება მაღალ აზრებს; ღმერთთად თავის მუცელს და პირად ინტერესებს ლოცულობს. ასეთი დაცემულობის დროს სრულიად იცვლება როლი ახალთაობასა და ძველ თაობას შორის: ზნეობაგონებრივის წარმატების დროს აღზდილი ძველი თაობა დასტირის ახალთაობის უღონობას და უიდეალობას; ცდილობს გააღვიძოს მასში მაღალი ზნეობა და აზროვნება, რომ მან, ახალმა თაობამ, დასძლიოს მისი დამამხობელი გარემოება და დაადგეს წარმატების გზას.

ასეთი მოვლენა მოხდა ამ უკანასკნელ დროს რუსეთში: სხვადასხვა ისტორიულმა გავლენამ და ევროპის ზედ გავლენამ მესამოცე წლებში რუსეთის საზოგადოება გააღვიძა. ისეთი სისწრაფით დაეწაფა იმდროინდელი რუსეთის ახალგაზდობა სწავლამეცნიერებას, თავისი მდგომარეობის გარკვევას, ზნეობრივი პრინციპების შემუშავებას, რომ ძველი თაობა, წარმოიდგინეთ, ისინიც კი, ვინც მეორმოცე წლებში რადიკალებად ითვლებოდენ, უკან ჩამორჩა და ვეღარ გაიგო რა იმ ახალი გზისა, რომელსაც დაადგა უკეთესი ნაწილი ახალთაობისა. უკან ჩამორჩენილ ძველთაობაში ერიენ ისეთი გენიოსური ნიჭის პატრონებიც კი, როგორც იყვენ ი. ტურგენიევი, თ. დოსტოევსკი, გონჩაროვი, პისემსკი და სხვები. დიაღ. ეს შესანიშნავი პირები, რომლებსაც თავის დროზე ბევრი ვაივაგლახი გადახედიათ ძველი თაობისაგან, ახლა თითონ ჩავარდენ ახალთაობის წინააღმდეგ იმავე როლში, რომელშიაც მეორმოცე წლებში მათი მოწინააღმდეგე ძველი წესის მიმყოლნი იმყოფებოდენ. მათი კალმით დაიწერა მესამოცე წლებში ახალთაობის გასაკილავად რომანები: „Взбаломучное Mope“, „Oбрив“, „Отцы и дети“ და სხვა მისთანები. ახალთაობა კი არ უშინდებოდა ძველი თაობის უმარილო პასკვილებს. ის მედგრად ადგა თვის მიერ ამორჩეულ გზას და ყურადღებასაც არ აქცევდა დაქვეითებული ძველი თაობის უსაფუძვლო საყვედურს, შიშსა და გოდებას.

მაგრამ რამდენსამე წელს შემდეგ რუსეთის ცხოვრების ჩარხი, ახალთაობისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, სხვანაირად გადატრიალდა. ასე უცბად ცხოვრების ჩარხის შეტრიალება ადრე დაეტყო რუსეთის ახალგაზდობასაც, ისე როგორც სუსხიანი ქარის დაქროლვა დაეტყობა ნორჩ მცენარეს. ის მესამოცე წლებს შემდეგ აღზრდილი ახალთაობა ვეღარ გაჰყვა იმ გზას, რომელსაც ადგა მესამოცე წლების მოღვაწეები. როგორც უღონო ინთქება რაღაც წვრიმალ პრაქტიკეულ საქმეებში და თან კიდეც ბრალსა სდებს მესამოცე წლების მოღვაწეებს: „იდეალისტები იყავით, ძრიელ მაღლა ფრინავდითო.

აი, ამ მართლა და უძლურის, ახალგაზდობის გასაღვიძებლად ისმის იმათი ხმა, ვინც მესამოცე წლიდან კიდევ გადარჩენია სიკვდილს და სხვა ვარამს. ესენი იყვენ და არიან სალტიკოვი, შელგუნოვი, ნ. მიხაილოვსკი და თითოოროლა კიდევ მათთანა გონება-ზნეობით ბრწყინვალე პირები. ისინი კი, ვინც ახალთაობის დაცემის მიზეზნი არიან, კრინტსაც არა სძრავენ ახალთაობის გასაღვიძებლად, იმათი პირადი ინტერესებისთვის სასარგებლოც არის მხდალი მცონარა ახალთაობა. ამიტომაც დიდ შეცდოძად უნდა ჩაითვალოს იმისი თქმა: „თუ ახალთაობის იდეალი მართლა დამცირებულია, დანაშაული მთლად ეკუთვნის იმათ, ვინც იმათ დამცირებაზე ჩივის"ო.

როგორც რუსეთის ერთან ერთ უღელ ქვეშ მყოფს, მესამოცე წლების რუსეთის მოძრაობიდან ერთი ტალღა საქართველოსაც მოხედა და გაჩნდა ჩვენშიაც ძველსა და ახალთაობას შორის დავა-საყვედური. იმ დროს თავისი გაიტანა ქართველმა ახალგაზდობამ და დამარცებული ძველი თაობა ადრე მიჩუმდა. დღეს იგივე მესამოცე წლების მოღვაწეები უჩივიან ქართველ ახალგაზდობას — ვერ შვრებით ჩვენოდნობას, უნიჭონი ხართ და სხვა. იმის პასუხად შარშან ერთი ახალთაობის წარმომადგენელი სწერდა, რომ თუ ჩვენ, ესე იგი ახალთაობა, მართლაც უვარგისნი ვართ, ბრალი თქვენ, მესამოცე წლების ქართველ მოღვაწეებს გედებათ, რადგანც ჩვენ, ახალთაობა, თქვენი შვილი ვართ და როცა შვილი უვარგისი გამოვა, ვინ არის დანაშაული, თუ არ მშობლებიო.

ამ პასუხს მოჰყვა კითხვა მესამოცე წლების ერთის საუკეთესო წარმომადგენელისა: — რის ახალითაობა? სად არის ჩვენში ახალთაობა? ახალ-თაობა მაშინ ეთქმოდა, რომ რაიმე ახალი შემოეტანა ცხოვრებაშიო, ან აზროვნობაშიო, თორემ, უამისოდ, ახალთაობა არ ეთქმისო, აბოლოვებდა თავის კითხვას ამ მოსაზრებით ავტორი. შესაძლებელია, მოიპოვებოდეს ჩვენში ისეთი გულუბრყვილო მკითხველი, რომელსაც ახალთაობის წარმომადგენელის პასუხი ეგონოს ძლიერ ლოღიკური და ჭეშმარიტი და ისეთიც, რომელსაც ახალთაობის უარყოფა შეუცილებელ ჭეშმარიტებად მიაჩნდეს. მე კი ჩემდა თავად, უნდა მოგახსენოთ, ვერ დავეთანხმები ვერც იმ მოსაზრებას, თითქო შვილის უვარგისობა ყოველ შემთხვევაში მშობლების ბრალი იყოს და ვერც ახალთაობის უარყოფას: შესაძლებელია მშობლებს თავის მხრივ ძლიერ გონივრულად და საუმჯობესო ჰიგიენური წესით ეზარდოთ თავიანთი შვილი, მაგრამ მათგან დამოუკიდებელ გარემოებას მაინც დაეჯაბანებიოს მათი შვილი. ასეთ შემთხვევაში შვილის სა ყვედური მშობლებისადმი, ცოტა არ იყოს, სასაცილოც არის. აბა, რა პასუხია მიბძანეთ: ჩვენ, შვილები იმიტომ ვართ ჯაბანი, რომ თქვენ, მშობლები, კარგნი იყავითო?! მეორეს მხრით, არ ვიცი, ღმერთმანი, რა საფუძველი აქვს იმ აზრს: თუ აზროვნობაში ახალი არა შეუტანია რა, მაშ არც არსებობს ახალი თაობაო! მაშ, ბატონებო, ვიზე ბძანებთ, უნიჭონი არიან და სხვაო?! ან განა შესაძლებელია ოცი ოცდაათი წლის განმავლობაში რომელიმე ერს ახალთაობა არ გასჩენოდეს? განა მესამოცე წლებს შემდეგ შედარებით არ იმატა მაღალ სასწავლებელში სწავლა მიღებული ქართველი ახალგაზდობის პროცენტმა? არა, ბატონო, ყოვლად უსაფუძელოა ასეთი უარის ყოფა, ესე იგი უარის ყოფა ჩვენში ახალთაობისა. მხოლოდ ის კი მართალია, რომ ამ უკანასკნელ წლებში იმავე გარემოებამ, რომელმაც რუსეთის ახლანდელ ახალგაზდობას ფრთა შეკვეცა, ქართველ ახალთაობაზედაც იქონია გავლენა, ჩვენს ქვეყანაშიაც ძლიერ დაეტყო ახალთაობას უიდეალობა და დაწვრიმალება. აი, ამ მხრივ დიაღაც საფუძვლიანია მესამოცე წლების მოღვაწეების ჩივილი ახალთაობის უიდეალობაზე და დაწვრიმალებაზე.

მაგრამ იმისი კი რა მოგახსენოთ, თუ რამდენად საფუძელიანია კერძოდ ბ. მეველის აზრი ამ საგანზედ, ან ის რჩევა-დარიგება, რომელსაც ბ. მეველე აძლეეს ქართველ განათლებულ ახალთაობას. ბ. მეველე გეეუბ-ნება: „ახალთაობის მიმართ საყვედურს თუ რაიმე საფუძველი აქვს მოსკოვსა და პეტერბურგში, იგივე საფუძველი უნდა ჰქონდეს ქუთაისსა და თბილისშიაც, რადგანაც ჩვენი განათლებული ახალგაზდობა, როგორც რუსეთისაც, ერთსა და იმავე სასწავლებელში სწავლობს და ერთსა და იმავე პროფესორების ხელმძღვანელობით იძენს მეცნიერებასა. “

კითხულობთ ამ აზრს და, რასაკვირველია, ეთანხმებით ბ. მეველეს: ვინ არ იცის, რომ ერთსა და იმავე მიზეზს ყოველთეის და ყოველგან ერთი და იგივე შედეგი აქვს. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ბ-ნი მეველე აღარც თავის აზრს ეთანხმება: „ვისურვებ, რომ ჩვენი ახალგაზდობა საფუძვლიანად ჩაუფიქრდეს და ასწონოს ისა, თუ რა ძირითადი განსხვავება არსებობს რუსეთის განათლებულ თაობასა და ქართველ განათლებულ თაობას შორის, ამბობს ბ. მეველე იქვე და შემდეგ ამ უკანასკნელ აზრს ასე განმარტებს: „რაც შეუძლია და შეშვენის დიდს ოჯახს, პატარ ოჯახი იმას ვერ აიტანს და ახირებულიც იქნება ასეთი პრეტეზია დიდკაცობაზე პატარასაგან. რუსეთს, როგორც დიდს და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ყოველწლობით შეუძლია ათასი და ათი ათასი განათლებული კაცი ისეთ საგნებს და განძრახვებს მოანდომოს, რომელიც ერის ცხოვრებაში სრულიად არ არის არსებითი საგანი“. ვერ დაეუჯერებთ ბ-ნ მეეელეს! რუსეთი არ არის განათლებული კაცებით იმდენზე მდიდარი, რომ წლიურად ათი ათასი კაცი უმნიშვნელო საგანს მოანდომოს და თუ მაინცადამაინც ანდომებს, ეს დიდი შეცდომაა. „მაგრამ ესევე არ შეუძლია პატარა საქართველოს, რომელმაც ჯერ ყოველ დღიურ ვარამზე უნდა იზრუნოსო“.

ამ ბუნდოვან აზრებში, ცოტა არ იყოს, გზა. კვალი აერევა მკითხველს, მაგრამ, როგორც არის, ბოლოს კი მიხედება, რომ ბ-ნ მეველეს რუსეთის და საქართველოს განათლებულთა თაობების „ძირითად განსხეავებაზე" კი არ ნდომებია ლაპარაკი; არა, ფრაზა: „ძირითადი განსხვავება“. უცბად ჩაუკერებია თავის აზრში. ბ-ნი მეველე მხოლოდ დარიგებას აძლევს ქართველ განათლებულ თაობას: – შენ პატარა მამულიშვილი ხარ; მაღალ პრინციპიალურ აზრებზე და თეორიებზე ლაპარაკი და პოტინი რა შენი საქმეა, შენი მოქმედების ასპარეზი ვიწროა — დღიური ვარამი (ვითომ და ლუკმა პურიო.). მაგრამ აქ უცბად მოაგონდება მეველეს: „არა პურითა ერთითა ცოცხალ არს კაციო“ და საჩქაროდ აკერებს: „ყოველი ქვეყნის და ყოველი თაობის (მაშ დიდ-პატარაობა აქ არ ყოფილა მოსატანი.) მოვალეობაა შეისწაელოს თავისი ერის აწმყო და წარსული, დაიცვას, განავითაროს სამშობლო ენა, აღადგინოს მოქალაქობრივი მხნეობა და კეთილი ჩვეულება ერისა, შეჰმატოს ზნეობა, სიმდიდრე და კმაყოფილება. მაგრამ ეს მოვალეობა ერთი ასად უფრო საყურადღებოა ქართველი განათლებულის კაცისათვის, რადგანაც საქართველოს ყველა ესეები დიდად აკლია დღეს“.

თუმცაღა ბ-ნ მეველის ზემოხსენებულ აზრებში ძნელი გამოსაცნობია, რა მიაჩნია მას (ბ-ნ მეველეს) არა არსებით საგნად, რომელს თვლის არსებითად და რას უწოდებს დღიურ ვარამს; მაგრამ იმას კი მაინც მიხვდებოდით, რომ ბ-ნი მეველე ურჩევს ქართველ განათლებულ ახალგაზდობას: თქვენი მოვალეობაა შეისწავლოთ ჩვენი ისტორიული და თანამედროვე ცხოვრება, განავითაროთ სამშობლო ენა, ეცადოთ ჩვენი ერის ზნეობრივ და გონებრივ წარმატებაზე და აღადგინოთ მისი მოქალაქობრივი მხნეობაო... დიაღ, მიხვდებოდით, რომ, არა თუ მარტო ქართველის, ყოველი განათლებული კაცის მოვალეობად ეს მიაჩნია ბ-ნ მეველეს, რომ თვითონ ბ-ნი მეველე არ გიბნევდეს გზაკვალს შემდეგი სიტყვებით: „ქართველმა ახალგაზდობამ უნდა იცოდეს, რომ ქვეყანას არსებითი საგნების მცოდნე კაცები სჭირია ამ ჟამად, ესე იგი, ისეთი მომზადებული, განვითარებული და სწავლულნი, რომელთაც შეეძლებათ ქვეყნის სიმდიდრის მომატება. ეს სიმდიდრე დაცულია ბუნებითი მდიდარს სა ქართველოს ნიადაგში და ამ ბუნების შესწავლას უნდა მიმართოს საქართველოს ახალგაზდობამ“.

ახლა მოუყარეთ ბ-ნ მეველის ზემოხსენებულ აზრებს თავი ერთად და შეადარეთ ერთმანეთს, აი, რა გამოვა: ახალთაობის შესახებ საყვედურს თუ რაიმე საფუძველი აქვს რუსეთში, იგივე საფუძველი უნდა ჰქონდეს საქართველოშიაც, რადგანაც რუსეთისა და საქართველოს ახალგაზდობა ერთსა და იმავე სასწავლებლებში სწავლობენ ერთი და იმავე პროფესორების ხელმძღვანელობით. ძირითადი განსხვავება არსებობს რუსეთის და საქართველოს განათლებულ თაობათა შორის, რაც შეუძლია და შეშვენის დიდს, დამოუკიდებელს სახელმწიფოს (რუსეთს), იგი არ შეუძლია პატარა საქართველოს, — საქართველომ დღიური ვარამზე უნდა იზრუნოს. ყოველი ქვეყნის (დიდისაც და პატარასიც) და განათლებული თაობის მოვალეობაა შეისწავლოს აწმყო და წარსული თავის ერისა, განავითაროს თავისი ენა, აღადგინოს მოქალაქობრივი მხნეობა, შემატოს ერს. სიმდიდრე, ზნეობა და კმაყოფილება. მაგრამ ეს მოვალეობა ერთი ასად საყურადღებოა ქართველი განათლებული თაობისთვის (წეღან კი ამას ეუბნებოდა ბ-ნი მეველე ქართველ ახალგაზდობას, რომ შენ პაწაწინა ხარ, რა შენი საქმეა სხვებსავით აზროვნობა და მოქმედება; ახლა კი ეუბნება: შენ ასჯელ უფრო ბევ რი უნდა შეიძლო ყველა ესე, მინამ სხვა ქვეყნებმაო!). საქართველოს სიმდიდრე დაცულია ბუნებითად მდიდარ ნიადაგში და ამიტომ ქართველმა ახალგაზდობამ, ბუნების შესწავლას უნდა მიჰყოს ხელიო. ახლა მიბძანეთ, რომელი ერთით იხელმძღვანელოს ბ-ნ მეველის აზრისაგან ქართველმა ახალგაზდობამ, რომლის სახელმძღვანელოთაც სწერს ბ-ნი მეველე თავის წერილს.

ახლა მივაქციოთ ყურადღება ბ-ნ მეველის სიფთხილეს მაზე, რომ როგორმე უმეტ-ნაკლებოდ განაწილდეს ქართველი ახალგაზდობა, ბუნების შესწავლაში და არ მოხდეს, რომ ერთს სკამზედ ათი იჯდეს და მეორეზე კი მეტი, ანუ უფრო მდაბიურად რომ ვთქვათ - არ მოხდეს, რომ ტეხნოლოგიას სწავლობდეს ათი და აგრონომიას კი თერთმეტი. უეჭველად ტეხნოლოგებიც იდენი უნდა გვყავდეს, რამდენიც აგრონომებია. თქვენი მტერია, ამ აზრით რომ ეხელმძღვანელებია კაცობრიობას, აღარც შექსპირი ეყოლებოდა, აღარც დარვინი, აღარც კონტი და აღარც სხვა გენიოსები! ვინ იცის, იქნება შექსპირისთვის ეთქვათ: „პოეტების რიცხვი შევსებულია, შენ მეტი ხარ იქ, სტატისტიკოსების რიცხვს აკლიაო“ და იქ წაეყვანათ. ესევე მოსვლოდათ დარვინს, კონტს და ათას სხვას, რომლებითაც დღეს ისე მოსწონს კაცობრიობას თავი, როგორც ეტყობა, ბ-ნი მეველე ბუნების შესწავლას იმიტომ ურჩევს ჩვენს ახალგაზდობას, რომ სურს მისი (ჩვენი ერის) ქონებრივის მხრივ უზრუნველყოფა. კარგი. ვთქვათ, როცა რომელიმე ერის ქონებრივი მხარე უზრუნველ ყოფილია, იმ ერისთვის ძნელი აღარ არის დანარჩენი მხარეების, მაგალითად, გონებრივის, ზნეობრივის და ფიზიკური განვითარება. მაგრამ იმ საშუალებით, რომლისკენაც ბ-ნი მეველე გვიშვერს ხელს, ესე იგი აგრონომების, ინჟინერების, კაპიტალისტების (მაშ აგრონომი და ინჟინერი უკაპიტალოდ რის მაქნისია!) და სხვა მისთანების გამრავლება განა ერის საზოგადო სიმდიდრეს მოასწავებს? განა ცოტანი არიან ინგლისში ასეთი სწავლულნი და მოღვაწენი? მერე თუ არიან და ინგლისი განა მდიდარი არ არისო, ეჭვი არ არის, მკითხავს ბ-ნი მეველე. მართალია, ინგლისის ერის ერთი ნაწილი მდიდარია და ძლიერ მდიდარიც. მაგრამ ერთი უმცროსი ნაწილი ერისა და არა მთელი ერი. მერე რაში გამოადგა ერთი ნაწილის სიმდიდრე მეორე ნაწილს, პროლეტარებს, რომლებიც აქაიქ ქუჩებზე შიმშილით იხოცებიან იმ დროს, როცა რომელიმე მდიდარი ლორდი, ან ბურჟუა დღიურად თუმნობით ხარჯავს თავისი ძაღლის სარჩენად? ცოტა ჰყავს საფრანგეთს „არსებითი საგნების“ ანუ „ბუნების მცოდნე“ კაცები, რომ შიმშილისაგან გაბრაზებული პრო ლეტარები (ღატაკები) ყოველ წამში დამხობას უპირობენ სახელმწიფო წესწყობილებას? ცოტა არის გერმანიაში საქმის მცოდნე და სწავლულები, რომ დღეს თითქმის იქაური საუკეთესო ინტელიგენციის ყურადღება მიიქცია ღატაკების უნუგეშო მდგომარეობამ? ან კიდევ თითონ რუსეთში, რომლის შესახებაც ბ-ნი მეველე ამბობს, რომ შეუძლია წლიურად ათი ათასი განათლებული კაცი არა არსებით საგანს მოახმაროსო. განა ცოტა არის ინჟინერები, კაპიტალისტები და აგრონომებიც, რომ ოციოცდაათი მილიონი ხალხი სიმშილით გაჭირვებული იყო და დღესაც ბევრია გაჭირვებული? თუ ერის ღატაკ ნაწილს ყურადღებასაც არ აქცევს ბ-ნი მეველე და მხოლოდ იმ ნაწილზე ზრუნავს, ვისაც უიმისოდაც ბევრი არა აკლია რა, ზრუნავს იმაზე, თუ რა საშუალებით შეიძლება, რომ იმას, ვისაც ოცდა ათი ათასი მანეთი აქვს წლიური შემოსავალი, როგორმე სამოცი ათასი გაუხდესო? იქნება ზოგიერთებმა მიპასუხონ: ჩვენი ქვეყანა იმდენზე მდიდარია ბუნებითად, რომ, თუკი შევიმუშავებთ, ყველას გვეყოფა და სრულიადაც ის არ დაგვემართება, რაც ევროპას სჭირს, ესე იგი პროლეტარები (ღატაკები) არ გაჩნდებიან ჩვენშიო. ამ პასუხის პასუხად, აი რას მოვახსენებთ: ამერიკის შეერთებული შტატები იმდენად მდიდარია, რომ სა ხელმწიფო ხაზინის მართველმა გამოაცხადა: „ძლიერ ბევრი ფული მოგროვდა ხაზინაში, დასახარჯი გზა არსად ჩანს და რა ვუყოთ“ო, მაგრამ შეერთებულ შტატების ერის ერთ ნაწილს და კარგა დიდ ნაწილ საც სიმშილით კუჭი ეწვის და არაფერში გამო სდგომია ბურჟუაზების სიმდიდრე. საუკეთესო პოლი ტიკოეკონომებმა მეცნიერულად, ისტორიული ფაქ ტებით დაამტკიცეს, რომ იქ, სადაც კაპიტალიზმი და მრეწველობა ეხლანდელი ეკონომიური და სოცია ლური წესწყობილებით ფეხს გაიდგამს, ერის ერთი ნაწილი ღატაკდება და ვარდება მეორე ნაწილის ხელში ეკონომიურ მონადო.

იქნება ვინმე ჩემი სიტყვებიდან ის დასკვნა გამოიყვანოს, რომ თითქოს მე ვამბობდე: ვეცადოთ, რომ ჩვენ ქვეყანაში ფეხი არ მოიკიდოს კაპიტალიზმმა და მრეწველობამ-მეთქი. არა, ბატონო, მე ამას არ მოგახსენებ. კაპატალიზმი და მრეწველობა ისეთი მდინარეა, რომ თუნდა კიდეც ძლიერ მოინდომოთ მისი შეფერხება, ვერ შეაყენებთ და უნდა მოგახსენოთ, არც სასურველია მისი შეყენება, არა თუ საქართველოსთვის, არც ერთი ქვეყნისთვის. მე იმას მოგახსენებ, რომ ყოველი განათლებული კაცი, ყოველი ინტელიგენტი, რომელსაც მართლა გული შესტკივა თავისი ქვეყნის ავკარგიანობაზე და ბედიღბალზე, ამ თავითვე უნდა ცდილობდეს, რომ სიმდიდრეში და წარმატებაში წილი ედოს არა ერთ რომელსამე ნაწილს ერისას, არამედ მთელს ერს გამოუკლებლად და თანასწორად. უამისოდ ერის წარმატებას წარმატება არ ეთქმის; ის არ არის ხანგრძლივი, საფუძვლიანი და ჭეშმარიტი საუკეთესო ისტორიკოსებმა დიდიხანია აღიარეს, რომ ძველი სახელმწიფოების, მაგალითად ასირიის, ბაბილონის, საბერძნეთის და რომის ცივილიზაცია იმიტომ დაემხო, რომ მასში (ცივილიზაციაში) წილი ედო მხოლოდ ერის ერთ ნაწილს, დანარჩენი, უმეტესი ნაწილი ერისა კი უნაწილოდ იყო დატოვებული. ამიტომ არც ცდილობდა მისთვის უსარგებლო ცივილიზაციის წარმატებაზე და გულგრილად უცქერო და მის დამხობასო. განათლებული ნაწილი ჩვენი ერისა იმაზე კი არ უნდა ზრუნავდეს, თუ როგორ ამოთხაროს ჩვენი ქვეყნის ნიადაგიდან ოქრო-ვერცხლი რამდენიმე კაცის გასამდიდრებლად, არამედ იმაზედ, რომ შექმნას ისეთი საპოლიტიკო-სოციალურ-ეკონომიური წესწყობილება, რომ ერის ყველა ნაწილს გამოუკლებლად და თანასწორად შეეძლოს ფიზიკურად, გონებრივად და ზნეობრივად გაუმჯობესობა. ამისთვის ჩვენი განათლებული თაობის დაყოფა, დაქუცმაცება და ცალ-ცალკე სკამზედ ჯდომა კი არ არის საჭირო, არამედ შეერთება და შეერთებული ძალით მოქმედება და მარტო მეურნეები და ინჟინერები კი ვერ შეადგენენ ქვეყნის ძალას და ბურჯს, არამედ ყველა განათლებული პირი, რომელიც კი შეგნებულად იღვწის თავისი ერის ცხოვრების გაუმჯობესობისათვის, ინჟინერი იქნება ეს განათლებული მოღვაწე, იურისტი, მეურნე, თუ ფილოლოგი, ეგ სულ ერთია. ამიტომაც. ის კი არ უნდა ვურჩიოთ ახალგაზდობას, რომ, გინდა თუ არ გინდა, უეჭველად მეურნეობა უნდა შეისწავლო, რადგანაც მეურნეების რიცხვს რამდენიმე კაცი აკლიაო, არამედ უნდა ვეუბნებოდეთ: შეისწავლეთ ის მეცნიერება, რომლისადმი გრძნობთ მოწოდებას, განავითარეთ ის ნიჭი, რომელიც ღმერთს მოუცია, დაადექით იმ საქმეს, რომლისადმი გრძნობთ ლტოლვილებას, ოღონდა გახსოვდეთ და მუდამ უნდა ხელმძღვანელობდეთ იმ აზრით, რომ თქვენი სწავლა ქვეყანას უნდა ემსახურებოდეს. ის საქმე, რომელსაც თქვენ ემსახურებით არ უნდა იყოს ზნეობრივი პრინციპის წინააღ მდეგ. ესე იგი თქვენი ხელობა არ უნდა იყოს თქვენი პირადი ინტერესების და მხოლოდ თავის თავის სამსახური, არამედ უნდა იყოს გამოსადეგი ქვეყნის წარმატებისთვის. ირჩინეთ თავი ისე, რომ თქვენგან მოპოებულ სარჩოსაბადებელში არ გაერიოს რა ისეთი გზით მოპოებული, რომელიც ეწინააღმდეგება ზნეობას და გონიერებას. განვიმეორებ ის აზრი, რომ ჩვენში „პამეშჩიკებს“ აგრონომები არა ჰყავთ ოჯახში და ამიტომ ჩვენი ახალგაზდობა უეჭველად მხოლოდ მეურნეობას უნდა სწავლობდეს, ან კიდეე ჩვენ მთებში ბევრი მადანია და ამიტომ ინჟინერები უნდა გავამრავლოთო, ჭეშმარიტებას მოკლებულია. ჩვენი ქვეყნისთვის საჭიროა ყველა განათლებული კაცი, რომელიც კი გულწრფელად და გონივრულად იღწვის ისეთი საშვალების გამრავლებაზე, რომლის მოწყალებით ერის ყველა ნაწილს წილი ექნება წარმატებაში, როცა ყველას შეეძლება განეითარდეს ფიზიკურად, გონებრივად და ზნეობრივად. ის პირი, რომელიც არ ზრუნავს ამაებზე, რომლის მოღვაწეობას არ შეადგენს ერის ყველა ნაწილის წარმატება, რომელიც ამბობს: მაცათ, ჯერ ჩვენ, ერთი ნაწილი ერისა, გავმდიდრდებით, განვითარდებით და შემდეგ ერის დაჩაგრულ ნაწილს მივაქცეეთ ყურადღებასო, საზოგადო მოღვაწედ არ ჩაითვლება, რომელიც გინდა მეცნიერება ჰქონდეს შესწავლილი. ასეთი პირის აზრი და მოქმედება არაფრით განსხვავდება იმ ვაჭრის აზრიდან და მოქმედებიდან, რომე ლიც თავის სიცოცხლეში თავის ჯიბის გატენაზე ფიქრობს და როცა მილიონერი გახდება, თითო-ოროლა გროშს იღებს საქველმოქმედო საქმისთვის.