The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


დავსწერ სოფლისას ქებასა

* * * (დავსწერ სოფლისას ქებასა)

და დავსწერ სოფლისას ქებასა მე ყრმაჲ გამოუცდელი,
სახელათა მძევს ილია, ვარ რა სოფლისა მნახველი,
მე არა ვსცხოვრობ მას შინა, ხოლო ვარ იქა მყოფელი,
რაც არ მეცადა, მუნ ვცადე, ჭმუნვა რა ვნახე ყოველი.
 

ხელნაწერი: U:

ავტოგრაფი, № 135, გვ. 23-24.

გასწორდა ავტოგრაფში გაპარული ენობრივი ლაფსუსები: 280. 4 მეცადდა. 8 მასსა. 13 ხმასას ყორანისას. 281, 6 ტაჯვაჲ. 24 მისცეთ. 282, 5 დაკელ. 9 შექცოდა. 10 დაკლდა.

ლექსი შეტანილი არ არის და არც დასახელებულია

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 და 1925 - 1951 წწ. გამოცემებში.

როგორც ხელწერა, ასევე შინაარსი ამ სახუმარო ლექსისა ადასტურებს, რომ იგი დაახლოებით იმავე ხანებში უნდა იყოს დაწერილი, როცა “რწყილთაგან ტანჯვაი და მათი ანბავი” (იხ. წინამდებარე ტომში, კომენტარი გვ. 516). კერძოდ, ლექსში - “დავსწერ სოფლისას ქებასა” მოხსენებული “დიდი ტანჯვაი”, ყრმა პოეტს ჩალაუბანსრომ გარდახდა, სწორედ იმ კონკრეტულ შემთხვევას უნდა გულისხმობდეს, რომელსაც ილიას პირველი ლექსი მიეძღვნა.

ზემოთქმულიდან გამოდინარე, ლექსს პირობითად ვათარიღებთ 1840-იანი წლების დამლევით.

ლექსი აღმოაჩინა და გამოაქვეყნა გიორგი ლეონიძემ 1938 წელს (იხ. კომენტარი ლექსისა “რწყილთაგან ტანჯვაი და მათი ანბავი”, გვ. 516).

 

   
და აწ, წამკითხველნო, მიპყარით ყურნი თქვენი გონიერათ,
განკვირდებით, რომ დავიწყე ქება მისი ლმობიერათ,
მაგრამ გემო მაწვნისა მის პირს მიმჟავის მშვენიერათ,
 მ მიზეზით ვაქებ მასა გავხდი მასთან კადნიერათ.
     
და ნუ გეგონოსთ, რომ მე მინდა პოეტობის სახელდება,
ეჰა, ღმერთო, შენ ხომ იცი, ეგე მე არ მეაზრება,
ეგ სახელი დიდებისა უცდელს ყრმასა ვით უნდება,
თუ მე ეგე ვითვისო, ენას ბრჭვალი მომედება.
 
     
და როგორც ხმასა ყორანისას ბულბული არ მოიწონებს,
ისე ჩემსა ლექსთ-თხზულებას პოეტი არ შეიწყნარებს,
ვიცი, ამის წამკითხველი შეცდომასაც ბევრსა პოებს,
მე იგივე შემიწყნარებს, შემიწყალებს, მომიტევებს.
 
       
და ვახსენოთ ღმერთი, დავიწყოთ ქებაი მისი სოფლისა,
მას ჩალაუბნათ უხმობენ, სახელი არის რომლისა,
დიდი, მდიდარი ყოვლისფრით, შემწყნარებელი ყოვლისა,
თვით სოფელია უებრო, საყრმოა აფხაზოვისა.
   
       
  ჩალაუბნისა სიკეთე რაზომც არ დამახსოვდება,
მუნ ვცანი დიდი განჯვაჲ, მუნვე ბუნების დიდება,
მისთვის მოვიხმე კალამი და სრული გონიერება,
რომა ვახსენო, ვადიდო მე მისი მშვენიერება.
   
       
  სამთა მთათ შუა მდებარე, ვნახე მე იგი სოფელი,
მაწონსა, რძესა, ნაღებსა მუნ ჰპოებს სული ყოველი,
იგია კახთა ქალისა სიმაგრე დიდი მომვლელი,
აი, რით არის მდიდარი მუნ მყოფი ყოვლი ცხოველი.
   
       
და მას გარეშემო არტყია მთანი თვალმიუწვდომელნი,
მათ ზედა ტყესა მოსილსა შეენატრიან იქა მყოფელნი,
მწვანის ხავერდით მოსილნი ამაყობენ მისი ველნი,
ამით არიან საქებნი ჩალაუბანს მცხოვრებელნი
   
       
  კვლავცა დავწერამ მე აქა ჩალაუბნისა ქებასა,
წყაროა იქა მდინარე, ვიგონებ მისსა ჩქეფასა,
მისი ტურფაჲ კამკამი ვადარე ელვარებასა,
ყოველი მისი მნახველი უძღვნის უფალს დიდებასა.
   
       
  უფრო შეიმკო ნაქები ეს ჩვენი ჩალაუბანი,
გაბედნიერდა, გაკეთდა, რა ნახა თავადობანი;
მათმან მშვენებამ აღავსო ამ სოფლის ნაკლუნებანი,
აბა, მსმენელნო, მოგიხმობ, მივსცეთ ურთიერთს ჩვენ ბანი.
   
       
  ამას სოფელს შიგან ვნახე დიდი საკვირველებაჲ,
პირველ ტურფა მშვენიერი მას არტყია ბუნებაჲ,
მერეთ ვირი იქ არ ჰსცხოვრობს, ეგე მისი თვისებაჲ,
ოჰო, წამკითხველნო, განკვირდით, ვირსა მართებს ვაებაჲ.
   
       
და აწ მოგახსენებთ, სად არის ამ სოფლის არემარე,
იგი ყოვლისფრით შემკული ქიზიყსა არის მდებარე,
ყოველს ქიზიყის სოფელშიდ ვირი არის ასიც ბარე,
მე რომ ვნახე მუნ ვირი, საკვირველებას ვადარე.
   
       
  ეჰა, საწუთროვ, რათ დააკელ იგი მოზრდილ ყუროვანი,
იგი ტურფათ გასაგონი, მხეცთა შორის გულოვანი,
ესე იგი შავი ვირი გულით არის ბუნდოვანი,
ჩალაუბანს მცხოვრებელნო, ქვა იკარით დიდროვანი.

აბა, საწუთროვ, ჩალაუბანმა რა გაწყინა, რა შეგცოდა,
მის საგანგებოს სიტურფეს დიდყუროვანი დააკლდა,
რატომ არ უძღვენ მას ვირი, მითი მას გული დალბოდა,
მაშინ სიტურფით სრული ჩალაუბანი დიდს მადლობას გეტყოდა.

ქება დასრულდა

[1840-იანი წლების დამლევი]