The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


შვილი მოხუცებულის ჰამზასი
შვილი მოხუცებულის ჰამზასი

იაკშიჩი ჯურა

შვილი მოხუცებულის ჰამზასი

სერბიული მოთხრობა

[ჯ. იაკშიჩი]

I

ამ ჩვენს დროშიაც კარგი და სასიხარულო რამ არის გაზაფხული. ყვავილები ჰყვავიან, ბრწყინავს და თრთის დილის ცის ნამი, ჰყეფს ბულბული და გული, აღსავსე სიყვარულითა და ამოვნებითა, სვამს სწორედ სამოთხის სიტკბოებას. სული კაცისა აღტაცებულია, გული ადვილად და დიდის ნეტარებით ჰფეთქს, ხელნი მზად გაპყრობილ არიან სხვის მოსახვევნელად და სიტკბოებით თრობილი ადამიანი ჰფიქრობს: „ვიშ, რა ტკბილი იქნება, ეხლა სული დალიოს კაცმა მშვენიერის ქალის გულზედაო“...

უფრო ლამაზი, უფრო საამური იყო გაზაფხული წმინდა მეფის ნემანიის1 დროს. მაშინ სხვა დრო იყო: მაშინ არ იყვნენ მიზეზნი სიხარულთა მოწამვლისა და დაშხამვისა. მაშინ შეუძლებელი იყო იმისთანა წუთი, რომ კაცის გულისათვის მიზეზი რამ მიეცა ანუ ტირილისა, ანუ რისსვა-წყევისა; არ ყოფილა ისეთი წუთი, რომლის გამოც კაცს სიცოცხლე მოსწყინდება ხოლმე. და თუ მაშინ გული შფოთავდა და ჰღელავდა რისთვის მე, – ეგ შფოთვა და ღელვა წარმოსდგებოდა ახალის სახელის შოვნის ნდომისაგან, ახალის გამარჯვების წყურვილისაგან... როცა მოხდებოდა ხოლმე, რომ ნათელი შუბლი მეფისა შეიჭმუხვნებოდა და პირქუშად მაჩრდილობელ წარბთა ქვეშ თვალნი მეფისანი რისხვით გაიელვებდნენ, ვითარცა ელვა შავ ღრუბლებ შორის, მაშინ შეუდგებოდა ხოლმე თრთოლა და ძრწოლა სერბიის მტერთა – ბერძნებსა და მადიართა; ჰგრძნობდნენ, რომ ჭექა-ქუხილი მათს თავზედ აპირობს მოსვლას...

მართალია, ეხლაც ისმის სიმღერა... მაგრამ ეხლანდელი სიმღერები

სამწუხარო და სევდიანი არიან. ასე სევდიანი, რომ დედამ უმღეროს შვილს აკვანზედა, ბაშვი ხმას გაიკმენდს და თვით დედა კი გაფითრდება და მთრთოლარე ბაგეთაგან უნებურად მოსწყდება მძიმე და საშინელი წყევლა... სევდიანია, სევდიანი ეხლანდელი სიმღერა!... მოუთმენლობის თრთოლითა და გაბოროტებით ანთებულის სისხლითა ისმენს ეხლა სიმღერებს იუნაკი2 და ელის, როდის დაჰკრავს საათი შურისძიებისა, საათი სამაგიეროს გადახდისა...

იგი სიმღერა კოსსოვის სიმღერა, სიმღერაა სერბიელთა დამხობისა!

იმ ძველს დროს კი, როცა ყოველი გატარებული საათი სახელისა და გამარჯვების საათი იყო, სულ სხვა სიმღერებს მღეროდნენ ხოლმე... მაშინ უფრო სახელოვანნი იყვნენ საქმენი და უფრო ძლიერ ვაჟკაცნი იყვნენ იუნაკნი! იმ სიმღერებში იყო ქება და დიდება ვაჟკაცობაში გამოჩენილ იუნკრებისა, და ვისაც ერთხელ მაინც ყური მოუკრავს იმ სიმღერებისათვის, ის სამუდამოდ და გაუთავებლად ინატრებს მათს მოსმენას. იმ სიმღერებში ადიდებდნენ სახელსა, თავისუფლებას და ძლიერებას სერბიის ერისასა!...

ოჰ, ღმერთო, ღმერთო! სადღა არიან ეხლა ის იუნაკნი? სად არის ის სახელი და ის დიდება? სად არის პრიშტინა წმინდა ნემანიჩების სრა-სასახლითა?.

II

ნემანიჩების გვარეულობის პირველ მეფის მარმარილოს დარბაზში მწკრივად იდგნენ მარმარილოს ლუსკუმები დიდის შვილისშვილის სახელოვანთა მამა-პაპათა: ხელოვანს ხელს სული ჩაედგა მარმარილოსათვის და გამოტვიფრულნი სახენი გამომეტყველებდნენ სიყვარულს, გულმართლობას, სიმტკიცეს და ძლიერებას.

ამათ შორის ბრწყინავდა ოქროს ტახტი, რომელზედაც მთელს ორს საუკუნეს ისხდნენ ნემანიჩები, ერთგულთათვის ჭირისა და ლხინისა მოზიარენი და მტერთათვის – მუსრნი.

აღსავალი ტახტისა მორთული იყო ხალებით, მძივით, ქსოვილით და ოქრომკედით გარშამო ნაკერით. ტახტის ირგვლივ აბრეშუმის ბალიშზედ ისხდნენ იუნაკნი. თვალნი მათნი ბრწყინავდნენ, როგორც დაყუდებულ შუაღამისას ვარსკვლავნი, მომასწავებელნი მალიადის განთიადისა.

ტახტზედ მეფე იჯდა.

აი წყნარად დაიწყეს კვნესა ჩანგის სიმებმა და ახალგაზრდა მომღერალი მოჰყვა სიმღერას. სახე მისი უფრო ცხოვლდებოდა გულის სიმხურვალისა და სულის აღფრთოვანებისაგან.

მომღერალი აქებდა და ადიდებდა მეფის სახელსა და მეფე მდუმარედ ყურს უგდებდა: ზოგჯერ ღიმილი მოსდიოდა და მაშინ მისი ნათელი შუბლი გამოკრთოდა, როგორც გვირგვინი, რომელიც ედგა თეთრის თმით მოსილს თავზედა.

თანდათან მაღლა და მაღლა ასწია მომღერალმა და ზარივით ისმოდა სიმღერა მის; ხან დაბალს და წყნარს ხმაზედ გადმოვიდოდა, თრთოლით და კდომით ჩაიკაკანებდა, თითქო წყლის ნაკადული მორბის და ბუტბუტებსო; ხან ისევ აიმაღლებდა ხმას, გაგიჟებით სცემდა სიმებს; სიმები გრიალებდნენ, მისი ხმა სჭექდა, თითქო მეხი წამოვიდაო ქუხილის გრიალითა და ელვა-ჭექის ცეცხლის ისრებითაო.

იუნაკნი ყურს უგდებდნენ და თანდათან ცეცხლი ეკიდებოდათ, თვალნი რისხვით აენთებოდათ; მათი მკერდი, როგორც აფორიაქებულის ზღვის ტალღა, ადიოდ-ჩადიოდა ისეთის ძლიერებით, რომ გულზედ რკინის პერანგები დააწყდათ. ხელი ძალაუნებურად მივარდა ხმლის ტარს და ჰლამოდა ხმლის გაშიშვლებას. იუნაკები ააღელვა სიმღერის ლექსმა; სიმღერაში მტერი იწვევდა მათ საომრად; მომღერალის ხმაში მათ მოესმათ კვნესა და გოდება ომში დაჭრილთა, წარმოუდგათ თვალწინ ბოლი, მტვერი, სისხლი და მინდორი, მოფენილი სისხლში მოსვრილ მკვდრებითა... იმათ ეგონათ, რომ ცხენებზედ სხედან კიდეც და წინ მიერეკებიან დამარცხებულს და შეძულებულს მტერსა... წამოვარდნენ ფეხზედ, ძარღვებში სისხლი აუდუღდათ, გულმა მედგრად ცემა დაუწყო და ცეცხლმოკიდებულნი და აფორიაქებულნი მომღერალის სიტყვებითა, ხმადაბლა იძახდნენ: „საომრად! საომრად! ახალის სახელისათვის! ახალის გამარჯვებისათვის!“

მეფე მდუმარებდა.

მომღერალს, რომელიც ყოველის სიმის თრთოლით, ყოველის ხმის აღმოქშენით ასე კარგად და ღირსეულად ადიდებდა სახელსა და ძლიერებას თავის ერისას, კაი ჯილდო ელოდა.

მომღერალმა ნელა და ხმადაბლა დააბოლოვა სიმღერა ამ სიტყვებით:

წვიმასავითა გესლიანი მოდის ისარი,

ხმალი წკრიალებს, შუბი ჭექით შუაზედ ტყდება...

ნეტა რა იქმნენ იუნაკნი? იგი სად არი,

ვინც შურდულთ ქუხილს და ხმლის ელვას წინ დაუდგება?

ნეტა სად არის, ერთის დაკვრით დაგვიმხოს მტერი,

ქვეყანა იხსნას, ფარად ექმნას მეფისა ტახტსა!

ნუ გეშის! ისევ ძლიერია სერბიის ერი,

მტრის არ ეშინის, კვლავ მოიქნევს ძლევისა ხმალსა...

მას დიდთა გმირთა გვარის კაცი არ დაელევა,

და აჰა, ჰამზა ძველი კაცი...

შეიძრა გვირგვინი განრისხებულის მეფის თავზედ, შეირყა ტახტი და მეფეს ფერი ეცვალა და ისე გახდა, როგორც მარმარილო, რომლიდამაც გამოტვიფრული იყო სახენი მის მამა-პაპისა. მოხუცებულის ჰამზის სახელი უფრო სძაგდა მეფეს, ვიდრე სახელი თავისის ქვეყნის მტრისა, დიდად სწყინდა, რომ მის გათქმულ სახელთან იხსენიეს სახელიც თავადისა, რომელიც წარმართი იყო.

– ხმა ჩაიწყვიტე, შე წინდაუხედავო!

– დაუყვირა მომღერალს მეფემ.

მომღერალი მაშინვე გაჩუმდა, რაკი ასეთის გულისწყრომით უბრძანა განრისხებულმა მეფემ. იუნაკნიც შეკრთნენ მეფის გულისწყრომის შიშისაგან.

ერთი მათგანი წამოდგა და მდაბლად დაღუნა თავისი ჭაღარა თავი წინაშე მეფისა. მან იგრძნო, რომ მეფე განრისხდა მისის სახელის ხსენებაზედ. ჰამზამ თავდაბლად დაუკრა თავი მეფეს და იუნაკებს, რომელნიც ხმაამოუღებლივ და გაოცებით შეჰყურებდნენ, წარმოსთქვა „მშვიდობითო“ და გამოვიდა. მას აქეთ ჰამზა მეფის სასახლეში აღარავის უნახავს.

III

მშვენიერს ვაკე მინდორზედ, რომელზედაც დუდუნით მიგრიალებს სწრაფი მდინარე ტიმოქი, იდგა მაგარი ციხე ჰამზიგრადი. მის შორიახლო მოფანტულნი იყვნენ სოფლები და მოჩანდნენ ახალი მონასტრები, აშენებულნი სერბიის პირველ ქრისტიანთაგან სადიდებლად ახლად მიღებულის სარწმუნოებისა. იქით შორს განზიდულიყვნენ მთის მაღალი ცერები, ტყეებით მოსილნი.

ამ ჰამზიგრადში აუშფოთებლად ატარებდა თავის სიცოცხლის უკანასკნელთ დღეთა მოხუცებული ჰამზა, რომელმანც თავი დაანება სამუდამოდ ბრწყინვალეს კარს მეფისას. ჭაღარა თავი ძირს დაშვებოდა; ისიც კი ემძიმებოდათ ეხლა მის მხრებს, ოდესღაც ძლიერთ და მორჭმულთა. მოხუცის ბრძნულს შუბლსა მოჰმატებოდა კიდევ რამდენიმე ნაოჭი. არაერთხელ გულის სიღრმიდან ამოუკვნესია ოხვრა და შავთვალთაგან გადმოსდენია მწარე ცრემლი. ხოლო არავინ მის მახლობელთაგანმა არ იცოდა, რის გამოა ასე მწუხარე და სევდიანი მფლობელი ჰამზიგრადისა.

გარნა თვით მოხუცი არ იყო ამ ქვეყნად ობლად დარჩენილი, მასაცა ჰყვანდა ნუგეში, რომელსაც ბევრნი სხვანი შენატროდნენ. იგი ნუგეში იყო მისი შვილი რადიშა. მარტო იგი დაშთომოდა საყვარელის ცოლისაგან, რომელიც ამ შვილის შობიარობაზედ გარდაცვლილიყო. მოხუცს სულით და გულით უყვარდა თავისი ერთადერთი შვილი. შეჰხაროდა და სიხარულით ვერ სძღებოდა, შეჰყურებდა და ყურებით სურვილს ვერ იკლავდა.

ახალგაზრდა ლამაზი რადიშა ღირსი იყო მამის სიყვარულისა. ჯერ სულ ცამეტის წლისა იყო და უხედნს განადირებულს ცხენს იმორჩილებდა! გადარეულს ცხენს მოახტებოდა და უშიშრად მიაქროლებდა, ხევი დახვდებოდა თუ ხნარცი სადმე არაფერს მოარიდებდა. მამის მძიმე ჯაჭვის პერანგში ჩამჯდარი ფეხდაფეხ მშველს დაეწეოდა, მფრინავს მერცხალს ისრით შუა გააპობდა, შავარდენს თავზედ არ გადიფრენდა.

ხოლო როცა იუნაკნი შეიყრებოდნენ ხოლმე სალხინოდ და მორიგი თასი ღვინით სავსე ჩამოივლიდა სულის გასამხიარულებლად და გულის გასათბობად, ყველამ იცოდა, რომ ყმაწვილი რადიშაც ხელს წაავლებს მძიმე თასს და უსულოდ დასცლის მოლხინეთა სადღეგრძელოს, როგორც გამოცდილი ძველი ვაჟკაცი მხოლოდ კი თვალები უფრო განუბრწყინდებოდნენ და უფრო ძლიერ დაუწყებდა ხოლმე ცემას ყმაწვილი გული.

დააყვირებდა ხოლმე რადიშა ვერცხლის საყვირს – დაიწყობდნენ აქეთ-იქით რბენას ბაზიერნი და მეჯინიბენი, ძაღლები მოჰყვებოდნენ ხტომას და რამდენსამე ხანს უკან მთებსა და ტყეებში ასტყდებოდა ხმაურობა ნადირობისა, ყეფა – ძაღლისა და თქაფა-თქუფი ცხენის ფეხისა, ერთი ყოფა და ამბავი.

ამრიგად ატარებდა თავის დროს მამისერთა შვილი მოხუცებულის ჰამზასი. ნადირობა მისთვის შექცევა იყო, შუბი და ხმალი სათამაშო და ამ სათამაშოთი ართობდა ხოლმე თავის უასაკო გულსა.

მხოლოდ მაშინ კი დაღონდებოდა ხოლმე მისი ნორჩი გული, როცა მამას უყურებდა და ხედავდა, რომ მოხუცებული მამა წელთა სიმრავლითა თანდათან ჭკნება და ჭკნება, როგორც ძველი ჭანდარი, რომელსაც ვერა დააკლეს რა ვერც მეხის დაცემამ, ვერც გრიგალთა ქროლამ, და რომელიც კი წყნარ-წყნარად ხმება და მწუხარედღა არხევს წვერზედ გაშიშვლებულს ტოტებსა.

ბოლოს მოხუცი ჰამზა დაბრმავდა და მით წაერთვა თვისი შვილის ნახვის ნუგეში. მაგრამ, როცა კი მის ხმას გაიგონებდა – ცრემლნი ლმობიერებისა და სიყვარულისა ჩამოსცვიოდა ხოლმე გამქრალ თვალთაგან. ბებერი ჰამზა ჰგრძნობდა, რომ ბევრი ხანი აღარ დარჩენილიყო წუთისოფლად და თვით ეს წუთისოფელიც შესძაგდა და თვითონ სიცოცხლეც მოსწყინდა. ხოლო სწუხდა, რომ საყვარელს შვილს უნდა გამოვეთხოვოო; გული სტკიოდა, შვილი უნდა დამრჩეს აქ მსხვერპლად მტრობისა და დევნულებისაო...

ამ მოხუცის თავადის სასახლეში არც ერთი ხატი არ იყო ქრისტიანობის ნიშნად. ზოგიერთს მაშინდელს თავადებს კი ესვენათ სახლში ხატები, რომელთაც ცბიერნი ბერძნები ურიგებდნენ ხოლმე ახლად მონათლულებს. ამ ხატების მაგიერ ბებერს ჰამზას სახლში იდგნენ ბუთნი წარმართთა ღმერთებისა, რომელთაც ლოცულობდნენ ჰამზას მამა-პაპანი და რომელთ წინაშეცა თვით ჰამზას ხშირად მუხლმოდრეკით აღმოუთქვამს თავისის სულის მწუხარება. არამც თუ თვით ჰამზა იყო მხოლოდ წარმართი, არამედ ყოველნი მისნი მხლებელნიცა, შინამოსამსახურენი და თვით სტუმარნიც, რომელნიც ეწვეოდნენ ხოლმე ჰამზიგრადში, ვერა სცნობდნენ ღმერთსა ქრისტიანებისასა.

მოხუცს გასჯიქებოდა კიდეც გული და მაღალი მცნება ქრისტიანობისა მას ვეღარ მიეკარებოდა: იგი გარდასრული იყო და ბრმა. იგი შენატროდა მხოლოდ წარმართთა ღმერთებს, ღმერთებს ომისას და ბრძოლისას და თაყვანს სცემდა მამა-პაპის ღმერთების ბუთთა.

ერთხელ დილით ჰამზამ მოიხმო შვილი, გადუსო ალერსით ხელი შუბლზედ, რომელზედაც ჯერ სევდას და მწუხარებას არ დაეჩნივა თავისი ნიშანი, და უთხრა ნელისა და მისუსტებულის ხმით, რომელიც აღსასრულის მოახლოვებას მოასწავებდა.

– მიიღე ჩემგან ლოცვა და კურთხევა, შვილო ჩემო! ღმერთნი შენთა წინაპართა, ღმერთნი, რომელნიც მრავალ საუკუნეს ჰპატრონობდნენ და გფარავდნენ სერბიის ერსა და რომელთაც თაყვანს ვცემდი მე, იყვნენ მფარველ და მეოხ შენი, ჩემო კარგო! შენ გული გაქვს გმირისა! ემსახურე შენს ქვეყანას და შენს მეფეს, – და როცა საყვირი ბრძოლისა მიგიწვევს შენ საომრად, წადი და გულდაგულ დახვდი რაზმსა მტრისასა. ეგ იმისთანა თავგანწირვაა, რომლისათვისაც ღმერთნი შენთა მამა-პაპათანი მიანიჭებენ ხოლმე კაცს სამარადისო სახელს და დიდებას. შვილო ჩემო, ნუ დაივიწყებ ჩემს ანდერძს. ნუ ჰგმობ და ნუ უღალატებ შენთა წინაპართა ღმერთებს! ნუ ჰგმობ და ნუ უღალატებ შენს სამშობლო ქვეყანას და შენს მეფეს: გმობა და ღალატობა წყეულია მთელის ქვეყნისაგან! ხოლო მოერიდე მეფის კარსა და სიკვდილი გერჩივნოს, ვიდრე ნახვა იმ ტახტისა, რომელზედაც სხედან ნემანიჩების შთამომავალნი. მეფეს ეჯავრები შენ იმიტომ, რომ შვილი ხარ დაცემულის მთავრისა; შენ ეჯავრები მას იმიტომ, რომ თაყვანს არა სცემ იმ ღმერთს, რომელსაც სცემენ მეფენი ნემანიჩების გვარისანი. კურთხევა შენდა, ჩემო შვილო!

ბებერი ჰამზა გარდაიცვალა.

დაიკეტა რკინის ჭიის-კარნი ქალაქისა და შავად შეიღება მგლოვიარობის ნიშნად; დადუმდა ხმა მონადირეთა; მხლებელნი შავად შეიმოსნენ, თმა და წვერი გამოუშვეს; გუშაგნი შუბს ატარებდნენ, წვერით ძირს დაშვებულს და თავადთა ქუდის თეთრი ფრთა შავზედ შეიცვალა. თითქმის ცხენებიც კი, როგორღაც, გლოვის ხმით ჭიხვინებდნენ თავიანთ გომურებში.

ჭაბუკი რადიშა დაღონებული და შეწუხებული დადიოდა მამის ქალაქში. სახე გაუფითრდა და შუბლზე დაეწერა მძიმე ფიქრნი, რომელთაც გარემოიცვეს ეხლა კი მისი სული. თუ დაინახავდა ხოლმე იუნაკებს სადმე ერთად მსხდართ, მივიდოდა ისიც იშვიათად, მიუჯდებოდა ხოლმე მათს წრეს და დიდის წყურვილით ყურს უგდებდა ხოლმე მათგან ნაამბობს ამბავს თავისის მამის საქმეებისას.

ერთს დილას, როცა ბრწყინვალება ამომავალის ცისკრისა ჯერ კიდევ ებრძოდა ღამის სიბნელეს, როცა ბალახზედ ჯერ კიდევ თრთოდა ცის ნამა და რადიშას მჭმუნვარე თვალებში ბრწყინავდა ცრემლი და გაფითრებულ ბაგეთაგან გამოისმოდა სევდიანი ოხვრა, სევდიანი, როგორც ყეფა ბულბულისა, რომელიც მიყრუებულ ღამეში დაჰკვნესის თავის დაქცეულს ბუდეს, მაშინ-მეთქი, – რადიშას ნატკივარ გულიდამ უეცრად აღმოხდა ხმა სანადიროდ გაწვევისა. მამის შემდეგ ეს პირველი ნადირობა იყო.

გაისმა თუ არა რადიშას საყვირის ხმა, ატყდა ერთი ფაცაფუცი მოსამსახურეებისა, ქორებმა ფრთები გაიშალეს, ცხენები მხიარულებით შეტოკდნენ და ძაღლთა ზარიანი ყეფა გაიფანტა დილის რიჟრაჟის მყუდროებაში.

სულ მზად იყვნენ.

და, აჰა, გაიხმაურა მთამა და ბარმა. შორს ისმოდა გიჟური ჭენების ხმა მონადირეთა ცხენებისა. მგელი, შიშით გალეული, ხშირ ტყეში მირბოდა დასამალავად, გახურებული ძაღლები ჩარბოდნენ და ამორბოდნენ ხევებიდამ და ხან სირბილითო გამალებულნი იშვერდნენ ფეხს და სკუპით გადავარდებოდნენ ხოლმე კლდე-ღრეში.

მონადირენი უფრო და უფრო შორს მიდიოდნენ და მათის ძახილით და ყვირილით ტყე ხმაურობდა.

შორს წავიდნენ მონადირენი, მაგრამ ყველაზე წინ და შორს ჭაბუკი რადიშა წავიდა. მას უნდოდა, რომ გაცოფებულ და გიჟურ ჭენებით მოეკლა თავისი წუხილი გულისა და უკან ამხანაგებს აღარ მოჰხედა. იგრძნო თუ არა თამამმა ცხენმა ჩემს ნებაზე მიმაგდესო, გაფრინდა როგორც ფრინველი. ბევრი კლდეღრე გადიარა, ბევრს ხევზედ გადავიდა როგორც ქარი; ბევრს ხანს მირბოდა ტყე-ტყე ცხენი, მაგრამ რადიშამ მაინც არ აუკრიფა სადავე დასაყენებლად და ერთხელაც არ შეშინებია იმ უცნობის და ხამის ადგილებისა. მაინც მძიმე ფიქრნი ვერ დაიფრთხო, ვერ მოიშორა თავიდამ ჭაბუკმა მხედარმა და სულ მიარბენინებდა და მიარბენინებდა ცხენს გაფოთებით. ხან ის ფიქრები ჩამოეცლებოდნენ და მაშინ რადიშა სტკბებოდა ახალის ადგილების სილამაზის ხილვითა.

მიაჭენებდა ცხენს რადიშა და უეცრად თვალწინ წამოუდგა მშვენიერი, ყვავილოვანი ველი, იმისთანა, რომელიც მოეჩვენება ხოლმე სიზმრად უშფოთველს და მშვიდობიანს სულს. დაინახა ლიმონისა და თურინჯის ხეები, მათზე ასული ვაზები; ხშირ მწვანეთა შორის წითლად ღვიოდნენ ვარდები; ყურთ მოესმა მშვენიერი ყეფა ბულბულისა და მურმური წყაროსი; ოქროსფერი თევზები მჭვირვალე წყაროში თამაშობდნენ და დიდთა მუხათა მაგრილებელ ჩრდილში მოჩანდა სათავე მეფის სრასასახლისა.

რადიშა გაოცებული შედგა; ყველაფერი, რასაც ჰხედავდა, ხამად და უცნაურად ეჩვენა. „რა ვქნა? ეს სამოთხეში ვარ, თუ რა არისო“, – იფიქრა. რადიშას შეეშინდა კიდეც ამ მშვენიერის სანახავისა: ვეღარც თვალის მოშორება შესძლო და ვეღარც უკან დაბრუნება, მაგრამ რაც მოულოდნელად და უეცრად თვალწინ გამოეცხადა, იგი უფრო უმშვენიერესი იყო ყოველსავე მასზე, რასაც წუთის წინად ასე ძლიერ შენატროდა.

იგი იყო მშვენიერი ახალგაზრდა ქალი, იმისთანა ქალი, რომლის მსგავსი რადიშას არასოდეს არ ენახა და რომლის წინაშე ყოველი ადამის შვილი მუხლს მოიყრიდა და სიყვარულის სიტყვებს კი ვერ გაუბედავდა. იგი მხოლოდ სასოებით და თაყვანისცემით დაუწყებდა ყურებას ხმაგაკმენდილ აღტაცებითა, როგორც ციდამ მოვლენილს მოჩვენებასა.

რადიშას ძლიერ დაუწყო გულმა ცემა; უნდოდა ეთქვა რამე, მაგრამ ენა არ დაემორჩილა, თუმცა აზრით კი ეუბნებოდა მშვენიერს ქალსა: „ზე აიხედე მაგ მშვენიერის თვალებითა, ჰოი, ღმერთავ, და შემომხედე მე. გამიცოცხლე სული ჩემი შენის ღვთიურის შემოხედვითა!“

რადიშას მოაგონდა ბოლოს, რომ ეს სახე სხვა დროსაც უნახავს. სახელდობრ, იმ ღამეს, როცა თავთ ეჯდა სულთმობრძავს მამას, ქვითინებდა და სწყევლიდა თავის გაჩენის დღეს, თითქო წინადჰგრძნობდა, რომ მამის შემდეგ სიცოცხლე მის მოწამლული იქნება მწუხარებით და მარტოობითა. სწორედ იმ ღამეს, როცა სევდა ისე ძლიერ მოაწვა გულზედ, რომ აღარ იცოდა, რა ექმნა, მაშინ უეცრად მოევლინა საკვირველი მოჩვენება, წარმოუდგა თვალწინ მშვენიერი ახალგზდა ქალი, რომლის ციურმა ღიმილმა სწრაფად შეუშრო ცრემლი და საშინელი წვა სულისა შეუსუბუქა. იგივე მშვენიერი ქალი ეხლა ხელმეორედ ედგა თვალწინ.

ეს მშვენიერი დანაბადი იყო კრინა, სერბიის მეფის მამისერთა ქალი, რომელიც, როგორც წმინდა წვეთი ცის ნამისა ვარდის ყვავილის ფოთოლზედ, ისე წმინდად და სათუთად იზრდებოდა თავისის მამის სასახლეში. იმისთანა სურვილი რა იქნებოდა, რომ მის ხნიერს მეფეს, მის მამას, მაშინვე არ აესრულებინა.

ის ადგილი, რომელმაც თავისის სიტურფით და სიუხვით გააოცა რადიშა, მეფის ქალის კრინას საკუთარი ბაღი იყო; აქ მარტო მისთვის ჰყვაოდნენ და სუნნელობდნენ ვარდ-ზამბახნი, ბულბული მარტო მისთვის გალობდა, მშვენიერი და დიდრონი ხეები მარტო მისთვის დააყენებდნენ ხოლმე ჩრდილსა და გრილოს. რადიშას ცხენი გაქვავებულივით უძრავად იდგა მეფის ქალის წინაშე და თვით რადიშაც გულისკდომით ელოდდა, აცა, ან ეხლა შემომხედავს და ან ეხლაო.

კრინამ შემოჰხედა. თვალნი მისნი ღამეზე უფრო ბნელნი იყვნენ და სახე უმტვერო თოვლზედ უფრო თეთრი ჰქონდა. შავი ნაწნავები გველებსავით ეყარა თოვლივით თეთრს მხრებზედ იმ ხორციელს ანგელოზსა.

– სწორედ ის არის, ის! მაშ სიზმარი კი არა ყოფილა, ცხადი იყო, როცა მე ეს პირველად ვნახე. ჩემი მაცხოვარი, ჩემი იცოცხლე ეგ არის! ოჰ, ღმერთო, ღმერთო, – იძახდა მთრთოლარე გულში ნეტარებით სავსე რადიშა.

კრინამ შემოჰხედა და გაწითლდა. თვალნი განუბრწყინდნენ, როგორც გაზაფხულის მზე ღრუბლებ შორის და ალისფერი ტუჩები აუთრთოლდნენ. რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ ხმამ უღალატა: იგი ვერ ჰპოულობდა სიტყვას თავისის გრძნობის გამოსათქმელად. კრინას ეგონა, რომ მის წინაშე დგას ხორციელი ადამიანი კი არა, რაღაც სულიერი, ციდგან მოვლენილი.

– საიდამა ხარ შენ, უცნობო ყმაწვილო კაცო? – ძლივს წარმოსთქვა ბოლოს კრინამ და ხმა მისი იყო ისეთი საამო და ნარნარი, როგორც ღუღუნი გვრიტისა: შენ მამაჩემის კარისკაცი არა ხარ? მისთა თავადთა შორის შენ მე არ მინახავხარ...

რადიშამ თავისი მწვავი თვალი თვალში გაუყარა; კრინამ ამ თვალთა სიმწვავეს ვერ გაუძლო, აირია და თავი ჩაღუნა. მერე კი ისევ აიხედა მაღლა და შეხედა რადიშას, თითქოს უნდაო, საუკუნოდ დასტკბეს რადიშას თვალთა მომხიბლავის ძალითაო.

– მე ვთხოვ მამაჩემს, შენს მეფეს, რომ მიგიღოს სასახლეში დიდებულთა შორის, უთხრა კრინამ; – შენ ისეთი მშვენიერი რამა ხარ...

ახალგაზრდა მხედარი გაფითრდა, ენაზედ შეაკვდა პასუხი... მსწრაფლ მოატრიალა ცხენი და როგორც ფრინველი თვალთაგან დაიკარგა.

მეფის ქალმა მწუხარებით გააყოლა მხედარს თვალი, მკლავები ჩამოჰყარა, თითქო დაუდუნდაო და სახიდამ მსწრაფლად გაუქრა ლამაზი ვარდისფერი...

რადიშა ამას იქით აღარ ნადირობდა. თავის მამის საფლავის სანახავადაც კი მოიშალა სიარული. აღარც ცრემლი მოსდიოდა და აღარც ოხვრა-კვნესა.

დაუჟანგდა მძიმე რკინის აბჯარი, დაუჟანგდა ბრწყინვალე რკინის პერანგი; სქელი მტვერი დაედო ცხენის იარაღსა. ამ ქვეყნიერობაზედ აღარაფერი არ იტაცებდა რადიშას გულს, აღარაფერი ესიამოვნებოდა. მას ერთის ნახვით შეუყვარდა კრინა და მზად იყო სიცოცხლე მიეცა, რომ ერთხელ კიდევ თვალით ჰნახოს, ჰნახოს და იქავ მოკვდეს კიდეც.

ხოლო წელიწადი წელიწადზე მიდიოდა და რადიშა მამს ანდერძისა გამო ვერ ჰბედავდა მეფის კარზედ მისვლას, თუმცა იქ ჰნახავდა თავის ღმერთას – თავის გულის სანატრელსა.

V

მეფის სრა-სასახლე ძალიან გაჩაღებული იყო; მდიდრად მორთულნი მოსამსახურენი გარბოდნენ და გამორბოდნენ დიდს დარბაზში; მრავალნი თავადნი სერბიის სამეფოსანი ჯგუფ-ჯგუფად წინ და უკან დაიარებოდნენ მდიდრად მოფენილ ხალებზედა.

საბჭო დარბაზში ისხდნენ ტახტის დედაბოძნი-უხუცესნი სერბიის ხალხისა. მოუთმენლად ელოდნენ, რომ მეფემ ბრძანოს რამ ტახტიდამ და ბჭობა გაიმართოსო.

მეფე წამოდგა ფეხზედ და მრისხანებით წარმოსათქვა:

– მეფე მთელის საბერძნეთისა, ბოლგარიისა და სერბიისა ჰთხოულობს ხარკსა ურჩთა სერბთაგან!

მთელს დარბაზში ერთბაშად გაიხმაურა გულისწყრომის ხმამ; რისხვამ გაუელვა თვალებში ამ მოხუცთა კრებას და მეფემ ხელახლად დაიწყო:

– ომს ირჩევთ, თუ ხარკის მიცემას? – ჰკითხა მეფემ.

– ომს, ომს! – დაიგრიალა კრებამ, დედაბოძმა ტახტისა.

– ომს! – ამბობდა გულისწყრომით ანთებული თვალი, – ომს! – წკრიალებდა ხმალი, ქარქაშიდამ ამოწვდილი.

– მაშ ომი იყოს და სრვა მტრისა! – დაასკვნა.

პრიშტინაში წინანდელი უდარდელი მხიარულება შესწყდა; ეხლა ქალაქის ქუჩებში დაიარებოდნენ შეიარაღებულნი იუნაკნი, თავადნი, მორთულნი აბრეშუმსა და ოქრომკედით ნაკერის ტანისამოსითა. იგი იყო მხედრობა, რომელთაც წინ ელვათ დამარცხება გაზვიადებულის ბერძნისა.

იუნაკთა შორის რადიშაც იყო; იგი ერთგულობით შერჩა თავის სამშობლო ქვეყანასა და თუმცა ჯერ ჭაბუკი იყო და ამასთან ძალიან მდიდარი, მაგრამ უხაროდა, რომ თავის ყმაწვილკაცობაშივე თავს დასდებს თავის ქვეყნისათვის.

მოხუცებულის ჰამზას შვილს გულმკერდს უშვენებდა რკინის პერანგი, ოქროთი დაფერილი, საომარს ჩაჩქანზედ გადმოშვებული ჰქონდა ფრთა, ძვირფასის თვლებით მორთული. გვერდზედ ეკიდა ხმალი მდიდრად შემოსილი. თვალები მისი უნდა გენახათ, თვალები!... რამდენს მშვენიერს ქალს მდიდარის პრიშტინისას ამოუოხვრია იმ თვალებისათვის, მაგრამ კი ვერცერთს ვერ გაებედნა შიგ ჩახედვა, იმ წყვდიადსავით ბნელ თვალებში! რადიშა იყო მშვენიერი, როგორც ღმერთი, თავმომწონე როგორც არწივი, რომელიც თამამად თვალს უსწორებს მზეს, თავისუფალი როგორც ლომი, რომელმაც არ იცის, რა არის ხუნდი, და ტანადი, როგორც კვიპაროსი.

მარტო ერთი რამ აწუხებდა რადიშას. როცა მეფის სრა-სასახლის ახლო გაივლიდა, რაღაც უცნაური ხმა ჩასჩურჩულებდა ხოლმე ყურში: „მეფეს შენ სძულხარ და ეჯავრებიო. შენ არ გწამს იგი ღმერთი, რომელსაც თაყვანს სცემს შთამომავალი ნემანიჩისა!“ რადიშა ძრწოდა, სული ყელში უგუბდებოდა. ხოლო გული მიუწევდა ნახვად იმ სამეფო ტახტისა, რომლისათვისაც მამამ ანდერძად დაუდო თავის დადება საომარს მინდორზედ და რომელსაც იგი იმავ ანდერძით ახლოს არ უნდა მიჰკარებოდა.

მზე დაწურვაზე იყო; უკანასკნელნი სხივნი თანდათან ჰქრებოდნენ წითლად მღვიმარე ცის კამარაზედ. შვილი ჰამზასი მჭმუნვარის სახით შეჰყურებდა ჩამავალს მზეს, თითქო სიცოცხლეს ესალმებაო. თვითონაც ვერ გაიგო, როგორ მოხდა, როცა თავის თავი უეცრად დაინახა მეფის ქალის კრინას ბაღში. მთელს პრიშტინში რადიშას არც ნაცნობი ჰყვანდა, არც მეგობარი, გარდა ამ ოქროვან სხივებისა და წითლად მღვიმარე ცისა. მარტო ამათ უმჟღავნებდა თავის გულისტკივილსა.

ობოლი იყო, ობოლი! მას გაახსენდა თავისი დამარხული ბედნიერება – მოხუცებული მამა; მას წამოუდგა ტიმოკი აბიბინებულის ნაპირებითა, ნავარდი ნადირობისა და ქორ-შავარდნისა. ფიქრში გაუარა იმ წყარომ, საცა შეხვდა კრინას, გაუარა დაუვიწყარმა შემოხედვამ კრინას შავ თვალებისამ. რადიშამ თვალები დახუჭა და თვალწინ წარმოუდგა, როგორც ცოცხალი, მეფის ქალი, შუქშესხმული ჩამავალის მზის სხივებითა; იგი უღიმოდა რადიშას ანგელოზის ღიმილითა და ისე წყნარად უოხვრიდა გული, თითქოს საღამოს ნელი ნიავი ჰკვნესისო.

რადიშამ თვალი აახილა. მის გარემო მწუხრი ჩამოვარდნილიყო საოცარის ზაფხულის საღამოსი; ხოლო მან თვალი არ ათხოვა იმ საღამოს მშვენიერებას, იგი ეჩვენებოდა მას საბნელეთად. ჭაბუკის იუნაკის გონება მიჰქროდა მეფის ქალისაკენ და ამ ყოფაში ფიქრადაც არ მოსდიოდა, რომ იგი ქალი იმ წუთში მის ახლო იყო.

მას აქეთ, რაც რადიშა მამეულის სახლიდამ წამოვიდა, ეს მეორედ ამოდიოდა ახალი მთვარე. ამ ხანში მოხსენებულის ჰამზას შვილი ყოველდღე ჰხედავდა ხოლმე სრასასახლეს სერბიის მეფისას, მაგრამ არ იცოდა კი, რომ მარმარილოს ოთახებში მისთვის კვნესდა მისი ღმერთა შვენიერებისა.

ცა მოიკაზმა ვარსკვლავებითა; სადღაც გალობდა ბულბული, ყველგან დუმილი იყო; ერთი ფოთოლიც არ ირხეოდა; შეუშლელად ისმოდა მხოლოდ ერთი გალობა შუაღამის მგალობლისა. ამ დროს მოისმა ნელი ფეხის ხმა... რადიშა შეჰკრთა, გულის ფეთქა დაუდგა, ძარღვში სისხლი გაუშრა... მის წინ კრინა იდგა!...

– ჩემო ღმერთავ! – შესძახა რადიშამ და დაეცა მუხლებზედ: განა შენ არა ხარ იგი ბუთი, რომელსაც თაყვანს სცემენ, ვითარცა ღმერთს, ჩემნი წინაპარნი? მეც უნდა გიწამო და თაყვანი გცე!... იქნება შენ ხარ მოციქული იმა ღმერთისა, რომელსაც თაყვანსა სცემს მეფე ჩემი?... იქნება შენ სირინოზი ხარ?... თუ აგრეა, მომიღე ბოლო!... ხოლო თუ შენ ხორციელი ხარ... შემიყვარე მე!

მეფის ქალს თრთოლა მოუვიდა, შებარბაცდა, წაქცევას ჰლამოდა. მაგრამ რადიშამ მკლავები გაშალა და იგი მშვენიერება მიეყრდო მის გულ-მკერდსა.

კრინა თრთოდა, როგორც ფოთოლი ქარისაგან, მხურვალე კოცნამ იუნაკისამ გაფითრებული სახე წითლად აუნთო.

ეს წუთი იყო წუთად განუზომელისა, უსაზღვრო ნეტარებისა, რომლის შემდეგაც ჩვეულებრივი ცხოვრება უფერუღია და უგემური.

– ერთხელ კიდევ მიგიკრა გულზე, ჩემო სიხარულო, ჩემო სიცოცხლევ!... ერთი კიდევ მაკოცნინე... – ევედრებოდა რადიშა.

– მითხარ, ვინა ხარ, ვინ? – ჰკითხა მეფის ქალმა. – მე მიყვარხარ, მიყვარხარ! მე მეფის ქალი ვარ! ჩემის სიყვარულისა არავინ არა იცის რა, არც მეფემ, არც ერმა... მაგრამ დასამალავი აქ არა არის რა. რისთვის უნდა დავუმალო ვისმეს ჩემი სიყვარული?:

– მე ვარ შვილი მოხუცებულის ჰამზასი, – უპასუხა რადიშამ თრთოლვით.

კრინა შეძრწუნდა. სახელი, რომელიც ან მოისმინა, არ იხსენიებოდა მის მამის სასახლეში; ვერც ერთი დიდებული ვერ ჰბედავდა იმ სახელის ხსენებას. კრინამ ეს იცოდა; ისიც იცოდა, რომ მისი სატრფიალო შვილია წარმართისა და კერპთმსახურისა... იცოდა ეს ყოველი, მაგრამ მით არ შემცირებია ერთხელ აღგზნებული სიყვარული მისდამი.

– მე ქრისტიანი ვარ, – წარმოსთქვა აუჩქარებლად, მეფის ქალმა, – ხოლო შენ კი? შენ კერპთმსახური ხარ? შენ შენი ღმერთები გყავს?...

– დიაღ, შენ ხარ ღმერთი ჩემი! შენს მერმედ მე მყავს კიდევ ღმერთი ბრძოლისა, ღმერთი მშვიდობიანობისა, ღმერთი ნათვლისა, ღმერთი წყვდიადისა, ღმერთი მძულვარებისა და ღმერთი სიყვარულისა!

– ჩვენს სარწმუნოებაში ეგ ღმერთები არ არიან! ჩვენ ერთი ღმერთი გვყავს! მაგრამ სიყვარული შენი საუკუნოდ იცხოვრებს ჩემს გულში!...

კრინამ სთქვა ესა და თავი თვისი მიაყრდნო ჭაბუკის გულსა

....................................

სერბიის მხედრობა წავიდა საომრად.

საშინელი ომი მოუხდათ; სერბიელნი ომობდნენ თავისის ქვეყნის თავისუფლებისა და სახელისათვის; დიდების გვირგვინი დაედგათ თავზედ მათ, რომელნიც დაიხოცნენ იმ უწმინდესს ომშია!...

VI

მეფის სრა-სასახლეში ხმაურობა შესწყდა და ყოველსა მწუხარების ფერი დაედო; ისინი, რომელნიც ამხიარულებდნენ აქაურობას, ეხლა შორს იყვნენ; მხოლოდ იშვიათად კი მეჩანგეები მოვიდოდნენ ხოლმე და გალობით ადიდებდნენ სახელსა და ვაჟკაცობას, რომელნიც სერბიელთ შეიძინეს ახალს ბრძოლაშია.

კრინა ისმენდა ამ სიმღერებს მეჩანგეებისას, ხშირად მამის სახელსაც გაიგონებდა ხოლმე, ქებით სიმღერაში ჩართულს, მაგრამ ყოველს ამ ქებას გულგრილად მიიღებდა; ერთი მარცვალი ცრემლიც არ წამოსდენია თვალთაგან. ხოლო როცა ჭაბუკმა მომღერალმა ერთხელ დაიწყო ქება და დიდება რადიშას ვაჟკაცობისა, მაშინ კი კრინას აუთრთოლდა გული და წამოჰყარა თვალთაგან ცრემლი.

მომღერალი ამას მოსთქვამდა:

„რკინის პერანგზე ცემით შუბნი ზე იმსხვრევიან,

სისხლში მოსვრილ ხმალთაგან ნაპერწკალნი ცვივიან...

უწყალოდ სრვენ ცხენს და კაცს შუბები და ისარნი,

ცხენიდგან ძირს ცვივიან იუნაკნი, მხედარნი.

აჰა, მოჰქრის რადიშა, მტერს არღვევს ვით გემი ზღვას,

მაგრამ უწყალო ხელი გულში უმიზნებს ისარს,

მოხვდა და, ვაი ღმერთო, ის ჭაბუკი ვაჟკაცი

გადმოვარდა ცხენიდამ...“

მეფის ქალმა ვეღარ შესძლო შემდეგის მოსმენა; სახე გაუგფითრდა და დაეცა გულშემოყრილი.

ჯარი შინ დაბრუნდა.

მეფის სასახლეში დიდი ნადიმი გაიმართა. შეიკრიბნენ იუნაკნი, რომ მეფის ხელიდამ მიიღონ ჯილდო ვაჟკაცობისა. ხოლო მათ შორის არ იყო იგი, ვისთვისაც მეფეს მოემზადებინა ყველაზე უკეთესი და უწარჩინებულესი ჯილდო, – სახელდობრ, ხმალი მოჭედილი ალმასებითა და ძვირფასის თვლებითა. იმ დროს იმისთანა ხმლებს ატარებდნენ მხოლოდ მეფენი და სპასალარნი.

ეს ჯილდო ამორჩეული იყო თვით მეფის ქალისაგან, რადგანაც წინადვე ჰგრძნობდა, ვინც იქნებოდა მისი ღირსი, კრინას დიდი ხანია უნდოდა გაემჟღავნებინა თავისის მამისათვის სახელი მისი, ვინც ეგრე მხურვალედ უყვარდა; უნდოდა გაემჟღავნებინა, რომ სიკვდილს ვირჩევ და იმის სიყვარულის დავიწყებას კი არაო. კრინა ფერმკრთალად იყო, როგორც ზამბახი და სხვილი ცრემლი ჩამოსდიოდა მარმარილოს ლოყებზედ.

– ღმერთო ჩემო! ნუთუ ომში მომიკლეს!... – თრთოლვით და კანკალით ამბობდა ნელის ხმით კრინა.

– იგი აღარ არის, არა! – ერთმანეთს ჩუმად ეუბნებოდნენ იუნაკნი, ომიდამ დაბრუნებულნი.

– ის ცოცხალი არ უნდა იყოს, არა! – ამბობდნენ მწუხარებით დიდებულნი, რომელთაც ენახათ გალომებული ვაჟკაცობა რადიშასი.

მეფე წამოდგა ფეხზედ ტახტიდამ და გადაავლო რა შეწუხებული თვალი ყველას, ბრძანა:

– სად არის იგი, რომელმაც დაიმსახურა ყველაზედ უმაღლესი ჯილდო? რომელიც ყოველთვის იქ იყო, საცა მოსისხარი ხმალი მტრისა უფრო ძლიერ მოქმედებდა! რომელიც სახელოვანის ვაჟკაცობითა გაუსწორდა თვის წინაპართა! ვინ არის იგი? და რატომ არ არის იგი დღეს ჩვენთან?

– იგი რადიშაა, შვილი მოხუცებულის ჰამზასი, – უპასუხეს მოხუცთა დიდებულთა, რომელთაც შურდათ, რომ რადიშამ მათს შვილებზედ უფრო დიდი სახელი იშოვნა.

ამ სიტყვებზე მოიღრუბლა მეფე, თითქო ბნელი ღრუბელი მოადგა შუბლზედაო. კრინამ მწუხარებით ჩაჰკიდა თავი, გამოვიდა დარბაზიდამ და წავიდა ცალკე, რომ თავისუფლად მიეცეს თავისის სევდის ცრემლსა.

ამ დღიდამ მეფის ქალმა დაიწყო ჭკნობა, როგორც ნაზმა ყვავილმა. იგი თავის მოახლეებს აღარ ელაპარაკებოდა ისე მხიარულად, როგორც ადრევ; აღარ იცინოდა; აღარავისთვის არ შეუჩივლია თავისი გულისტკივილი და ნორჩ გულშივე ჰკლავდა კვნესას და ოხვრასა.

მოხუცი მეფე სწუხდა, რაკი ხედავდა, რომ მისი მამისერთა ქალი დღედადღე სანთელივით დნება რაღაც უცნაურის კაეშნისა გამო.

ერთხელ მეფე ფეხთ უჯდა კრინას, ავადმყოფად მწოლარეს. კრინას ეძინა: მისი სახე ზამბახზედ უფრო ფერმკრთალი იყო. ცრემლი ჩამოსცვივდა ბებერს მამას თვალთაგან, მძიმედ ამოიოხრა და აკოცა ფერმკრთალს შუბლზედ თავის საყვარელს ქალსა. კრინას გამოეღვიძა, ისევ ბურანში იყო, რომ დაინახა თავისი მტირალი მამა და წყნარის ხმით წამოსთქვა:

– შენ რადიშა არა ხარ!... გამეცალე, გამეცალე!... მე მარტო ის მიყვარს!... რადიშა მოუკლავთ! მეც მინდა მოვკვდე!

მეფის ლოყაზედ ცრემლი თითქო გაიყინაო; მეფე ხან ჰფითრდებოდა, ხან ჰწითლდებოდა; მსწრაფლ წამოდგა და წავიდა იმ განზრახვით, რომ თავის დღეში აღარ ინახულოს თავისი ქალი, რომელსაც შეჰყვარებია შვილი მოხუცებულის ჰამზასი.

VII

ერთს დაბურულს და მიყრუებულს ტყეში, საცა ხეთა სიხშირე ძირს არ უშვებდა მზის სხივსაცა, საცა არ სმენია თავის დღეში ფრინვლის გალობაცა, იქ ერთი ბნელი და უდაბური ნაპრალი იყო. მხოლოდ მაშინ გაიხმაურებდა ხოლმე ეს უდაბური ადგილი, როცა დაიქროლებდა გრიგალი და ხეთა წვერს, როგორც საქანელს, აქანებდა. მხოლოდ მაშინ კი ის უდაბნო ხმას ამოიღებდა და ისმოდა საშინელი გრგვინვა გრიგალისა, უზარმაზართა ხეთა რხევის შუილი და მიკიოტის ძახილი. იმ უდაბურ ნაპრალის პირზედ იდგა ქვითკირის ციხე, საცა შეამწყვდევდნენ ხოლმე მამულის მგლობელთა და ეკკლესიისაგან შეჩვენებულთა. ამ ციხის ძველ კედლებს შორის თავის დღეში არავის სმენია სიტყვა შენდობისა და მიტევებისა; მხოლოდ წყევა-ქოქვა იყო წარწერილი შესისხლულის ასოებით ამ ციხის ნამიან თვლილ ქვებზედა. რკინის კარი ამა ციხისა მარტო იმისთვის გაიღებოდა ხოლმე, რომ მიიღოს ახალი მსხვერპლი და იმწამსვე ისევ დაიკეტოს მისთვის საუკუნოდ.

აი ეხლაც გაიღო იგი კარი და სამმა კაცმა მოიყვანეს რკინის ჯაჭვით მეფისაგან შერისხული მსხვერპლი იმ განზრახვით, რომ იმ უბედურმა თავის დღეში აღარ ინახულოს ვარსკვლოვანი ცა, აღარ ინახულოს მზის სხივი, აღარ გაიგონოს სიტყვა შგწყალებისა... მეფემ ამისთანა სასჯელიც დასვა, რომ არასოდეს არ ინახულოს მშვენიერი მეფის ქალი – კრინა. ის მსხვერპლი რადიშა იყო.

მზე ჩადიოდა და ღამე წყნარ-წყნარად შლიდა თავის შავს კალთას ვარსკვლავებით, როგორც ალმასებით მოჭედილს. რადიშამ უკანასკნელად შეხედა ტანჯვით და წუხილით ჩამავალს მზის სხივსა, რომელიც ერთნაირად დაჰნათის როგორც სიყვარულსა, ისეც სიძულვილს. მწუხარებით ქანცგაწყვეტილი გული მისი ესალმებოდა ყოველს მას, რაც ხსოვნამ ამჟამად წამოუყენა თვალწინ. მოეჩვენა, ვითომ ერთ გიჟ ცხენზედა ზის და მიაქროლებს მამეულს ტყეში, თავზედ ხელაღებულსავით, გაბედვით და უშიშრად; თვალწინ მოეჩვენა პრიშტინა, ყურთ მოესმა საომარი საყვირი და ნაღარის ცემა; ჰგრძნობდა, ვითომ თავზედ ადგა გვირგვინი გამარჯვებისა. მსწრაფლ გაუქრნენ ეს გულის მიმტაცნი ხილვა-ზმანებანი და მათ მაგიერ წარმოუდგა წინ თვისი შავი ბედი სრულის გულსაკვდავის სამკაულითა.

– აი საბნელეთი, – ეუბნებოდა თავის თავს საწყალი რადიშა: აი ცოცხალის კაცის ადრეული სამარე! აი ეს არის ჯილდო მეფისა!... ჰოი, ცაო, ცაო, მშვიდობით, მე შენ ვეღარ გნახავ ამას იქით! ოხ, ღმერთო, ღმერთო! რა მოწმენდილი იყო იგი, რა უღრუბლო, რა განათებული, როცა მე იარაღში ჩამჯდარი თავისუფლად დავდიოდი მამის ჩემის სასახლეში. რარიგის ალერსით გამიღიმებდა ხოლმე იგი ცა, როცა მე ვნადირობდი ტყეებში... დიაღ, ნათელი ცა იყო, ნათელი იმ დროს! ვიშ, რა რიგად ბრწყინვალებდა, რა რიგად, როცა მან თვისი შუქი მიაყენა მეფის ქალის ღვთიურს სახესა!... ვიშ, მზეც ჩავიდა. მშვიდობით, მშვიდობით შენ ცისა ხელმწიფავ! მშვიდობით შენ მანათობელო ქვეყნიერებისავ! „მე შენ მიყვარხარო! მენ ხარ ჩემი სიცოცხლეო!“ მეუბნებოდა ის მშვენიერი ქალი. უჰ, რა ნათელი და მადლი იდგა მაშინ ჩემს გარეშემო!... ეხლა?... ეხლა კი წყვდიადია, წყვდიადი! დამიბნელდა მზე, და დამიბნელდა ყოველისფერი! გაჰქრნენ ვარსკვლავნიცა! ეს რა საშინელი ღამე დგება, მშვიდობით შენც, ღამის მანათობელო! შენს ვერცხლისფერს სხივებს ვუმჟღავნებდი ხოლმე ჩემს ფიქრებს, შენს წინაშე გადავშლიდი ხოლმე ჩემს სულსა და გულს!... რარიგად ჩამობნელდა! რარიგად შავად შეიმოსა ყოველივე... განა უყვარვარღა ვისმეს? ნუთუ ყველამ გულიდამ ამომიღო და დავიწყებას მიმცა?... არა, არა?... „შენ უყვარხარ მეფის ქალსა“, – ამოსძახა გულმა თავისის სიღრმიდან და ციხის ბნელ და ნესტიან თაღებ შორის ყრუდ გაიხმაურა ამ ძახილმა. ციხის გუშაგნი ხმაგაკმენდილნი შეჰყურებდნენ რადიშას, როცა იგი ეგეთის ლმობიერებით ესალმებოდა ქვეყნიერობასა; თვით ამ გულქვა კაცებსაც კი გელი აუტირდათ სიბრალულითა. ხოლო როცა მოესმათ ის უკანასკნელი ძახილი: „შენ უყვარხარ მეფის ქალსაო“, – მუქარით და რისხვით წასწვდნენ რადიშას.

ხელახლად დაიჭრიალა დაჟანგებულმა რკინეულობამ ციხის კარისამ, ხელახლად გაიტკაცუნა კლიტემ და რადიშა დარჩა მარტო გაუთენებელ საბნელეთში, საცა ცის, ნამის მაგიერ ზედ ეცემოდა ხოლმე ცივნი წვეთნი სველისა და ნესტიან კედლებისა და საცა რკინის ბორკილის ჩხრიალის მეტი სხვა არა რაიმე ხმა აღარ ისმოდა. ამ ყოფაში მიდიოდნენ საათნი ისე გძლად, როგორც წელიწადნი და დღენი მდინარებდნენ, როგორც საუკუნენი.

....................................

VIII

საპყრობილეში ეწვია რადიშას ერთი მოხუცებული მღვდელი. მის თეთრს წვერქვეშ გულზე ბრწყინავდა ოქროს ჯვარცმა.

– კურთხევა ღვთისა იყოს შენზედა, ჰოი ძეო მოხუცებულის ჰამზისავ! გიხსნას შენ იესო ქრისტემ, – წარმოსთქვა მღვდელმა გულმტკივნეულად.

– ღმერთნი ჩემთა მამა-პაპათა არ დასტოვებენ თვისთა თაყვანისმცემელთა, – მიუგო პყრობილმა.

– ღმერთი ერთია! მხოლოდ მას ერთს უნდა სცეს კაცმა თაყვანი. მას ყოვლად მოწყალეს და ყოვლად შემძლებელს თაყვანი-ეც შენცა! იმ ერთმა ღმერთმა შეგიწყალა შენ... მეფეს აღარ სძულხარ... მიიღე სარწმუნოება! ქრისტესი და მეფის ქალი კრინა თვის ბედს შეაუღლებს შენს ბედთან... მეფის ქალს უყვარხარ! შვილი მოხუცებულის ჰამზასი ათრთოლდა.

– არა ვიქ მაგას, წმინდაო მამავ! განდგომა და გმობა შერისხული და შეჩვენებულია მთელის ქვეყნისაგან! მე ვერ ვიწამებ იმ ღმერთს, რომელსაც თაყვანს სცემენ მეფენი, შთამომავალნი ნემანიჩებისა.

მღვდელი ადგა და გამოვიდა საპყრობილედამ.

წავიდა მღვდელი და წარმავალის ფეხის ხმა, როგორც ლახვარი, ისე განეწონებოდა ხოლმე გულში შვილსა მოხუცებულის ჰამზისას.

უფრო გრძლად, უფრო უფერულად და მოსაწყენად ვიდოდნენ ამას იქით დღენი პყრობილისა. უბედური! საპყრობილის სიბნელეზე უფრო ბნელთა ფიქრთა შეიპყრეს მთელი მისი არსება და მწარე ცრემლი ჩამოუგორდა მიმქრალთ თვალთაგან გაფითრებულს და ტანჯვით მიქანცულს ლოყებზედა. ზოგჯერ სიზმრად მოეჩვენებოდა, რომ ვითომ მეფის სასახლეშია, მხიარულს მეჯლისში, სახელოვან იუნაკთა შორის და გვერდთ უდგა დაუვიწყარი კრინა.

ამისთანა სიზმრებ შემდეგ გამოღვიძება რადიშასი უფრო გულსაკვდავი იყო; საპყრობილე უფრო ბნელად ეჩვენებოდა და სიცოცხლე უფრო აუტანელად და სამძიმოდ.

ერთხელ ღამით, როცა გრგვინავდა გრიგალი, როცა გაცოფებული ქარი ჰლეწდა უზარმაზართა ხეთა, კლდის წვერებიდამ ჰგლეჯდა ქვებს და თვით საპყრობილის კედლებს აზანზარებდა, რადიშა იჯდა თავჩაკიდული და გულზედ დაეკრიფა ხუნდგაყრილი ხელები. მას ეგონა, რომ მის მამა-პაპათა ღმერთნი გასწყრომიან ქვეყნიერობას და სურთ შემუსრონ ის დედაბოძი, რომელზედაც დამყარებულნი არიან დედამიწა, მზე, მთვარე და ვარსკვლავნი. ჭექა-ქუხილი უფრო და უფრო ძლიერდებოდა, მეხი აქა-იქ გამოიჭექებდა ხოლმე, თითქო იბრძვის, რომ შელეწოს რკინის კარი საპყრობილისა.

უეცრად კარი გაიღო და სიბნელეში გამოკრთა სინათლე ჭრაქისა, მოისმა ადამიანთა ხმაურობა და გაოცებულ რადიშას წარმოუდგა თვალწინ იგი, რომელიც არასოდეს ფიქრიდამ არ მოუშორებია. იგი იყო მისი ნეტარება თავისუფლების დროს და მისივე სიყვარული ასულდგმარებდა მის სიცოცხლეს, რომელიც უამისოდ უნდა გამქრალიყო საპყრობილეში.

კრინა ფერმკრთალი იყო, როგორც მთის თოვლი, დაღონებული, როგორც მოტეხილი ზამბახი. მარცხენა ხელში ეჭირა ჭრაქი და მარჯვენაში – ოქროს თასი, იქნება ის თასიც, რომლითაც მეფეს უნდოდა დაელია სადღეგრძელო გამოჩენილის გმირისა მაშინ, როცა გამარჯვების შემდეგ წვეულობა ჰქონდა.

– მე შენ მიყვარხარ!... ეს ქვეყანა მომწყინდა და შევიძულე!... საათნი საუკუნოებად მეჩვენებიან... მე თვალით ვეღარ დამინახავს ვერც მამა, ვერც დედა, ვერც ძმები! მე შემძულდა ყოველისფერი, – ქვეყანა, ადამიანი და თვით ჩემი თავიცა!... შენ კი... მარტო შენ კი მიყვარხარ!... მე არ ძალმიძს უშენოდ სიკვდილი... მე მოვსულვარ, რომ შენთან ერთად სული დავლიო!...

– დავიხოცნეთ ერთად, ჩემო ნეტარებავ! დავიხოცნეთ, უწარჩინებულესო ასულო სერბიის ერისა! შენს მკერდზე სიკვდილი საუკუნო ცხოვრებაა!

– ერთი წვეთი ამ თასიდამ მიგვიყვანს ჩვენ მამათა შენთა ღმერთებთან... მეც შევტრფი იმ ღმერთებს, რადგანაც იგინი შენნი ღმერთნი არიან. დალიე და დავიხოცნეთ! – სთქვა კრინამ.

საწამლავის წვეთმა გაიბრწყინა რადიშას და კრინას ფერმიხდილს ტუჩებზედ; ჭრაქი ძირს დაეცა სველს მიწაზედ და გაქრა.

– მშვიდობით!...

– მშვიდობით!... მშვიდობით!... მშვიდობით!... – ნელის ხმით აღმოკვნესოდენ მომაკვდავნი ბაგენი ორის შეტრფიალებულის გულისა.

IX

მეფემ მოახდინა კრება.

ყველანი დიდებულნი, იუნაკნი და ხუცესნი შეიკრიბნენ მეფის სასახლეში მეფის ბრძანების მოსასმენლად.

მეფის ტახტთან იდგნენ სამნი იმედნი სერბიის ერისანი – მეფის შვილნი: სტეფანე, ვუკი და რადცკო.

მოხუცებული მეფე წამოდგა ფეხზედ.

– ბატონებო, დიდებულნო, იუნაკნო და მოძღვარნო! მხრები ჩემნი დაუძლურდნენ და სამეფო პორფირი ემძიმებათ. ხელს ვეღარ შეუმაგრებია სკიპტრა, გვირგვინს ვეღარ იმაგრებს თავი... მე აღარ ძალმიძს გვირგვინის ტარება! შემინდეთ, დიდებულნო და იუნაკნო! წავიდეთ, შევავედროთ ყოვლად შემძლებელს ღმერთსა ერი ჩემი, ვევედრნეთ, რომ მფარველ ექმნას სერბიის თავისუფლებას, სახელსა და დიდებას! ვევედრნეთ, რომ უზენაესმა სიბრძნემან სიბრძნე მიანიჭოს ჩემსა და სერბიის მეფის მემკვიდრესა – სტეფანეს!

მოხუცებულმა მეფემ სხვა აღარა სთქვა რა და დაჩუმდა;. აიხადა გვირგვინი თოვლივით გათეთრებულ თავიდამ, ჩამოვლა თვისგანვე დამყარებულ ტახტიდამ და ორი სხვილი ცრემლი გადმოსცვივდა თვალთაგან თეთრს წვერზედ.

დიდებულთაც ცრემლი მოუვიდათ.

მას შემდეგაც კიდევ დიდხანს მოსთქვამდნენ ხოლმე სიმღერით ლექსსა ნემანიჩების გვარის პირველს მეფეზედ.

[1878 წ]

___________________

1. XII, XIII და XIV საუკუნის დასაწყისში სერბიაში მეფობდა ნემანიის გვარეულობა, რომელთა ჩამომავალნიც იწოდებოდნენ ნემანიჩებად. ამათი დრო მეფობისა იყო უკეთესი, უწარჩინებულესი დრო სერბიის ხალხის ისტორიისა. ნემანიჩებმა მოჰსპეს წვრილ-წვრილი სამთავროები და ისეთი ძლიერი სამეფო შეადგინეს, რომ დააფიქრეს თვითონ ბიზანტიაცა. ამათს მეფობის დროს სერბიაში შევიდა ქრისტიანობა.

2. იუნაკი – მეომარს ვაჟკაცს ნიშნავს. სერბიაში ერთმანეთს იუნაკობით იხსენიებენ.

 

 

შვილი მოხუცებულის ჰამზასი

ხელნაწერი: ასლი U №216.

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1878, № 6, გვ. 12-14; № 7, გვ. 13-16; № 8, გვ. 13-15; №9, გვ. 14-15; №10, გვ. 12-14 (B). თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, ტფ., 1892, ტ. III, გვ. 253-290 (A).

სათაური: შვილი მოხუცებულის ჰამზისა (B).

სათაურის ქვეშ: თარგმანი (B).

არც ერთ წყაროში (ნაბეჭდი, ხელნაწერი, ასლი) არ არის მითითებული მოთხრობის ორიგინალის ავტორი. მკვლევარმა ნ. ჩიტაურმა დაადგინა, რომ მოთხრობის ავტორი ყოფილა XIX ს. სერბი მწერალი და პოეტი ჯურა იაკშიჩი*. ილია ჭავჭავაძისეული ქართული თარგმანის წყაროს კი წარმოადგენს რუსული თარგმანი, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნ. «Пчела»-ს 1877 წლის მე-3 ტომის მე-16 ნომერში, სათაურით «Сын седаго Гамзы».

B წყაროში („ივერია“) მე-6 თავი მეორდება ორჯერ მე-7 თავის ნაცვლად და ამიტომ B-ს VII თავი შეესაბამება ძირითადი წყაროს VIII-ს და B-ს VIII თავი – შესაბამისად IX-ს.

108. 5 ჰყვავიან] ყვავიან B. 7 სვამს] სვავს B. 9 მოსახვევნელად] მოსახვევნლად B. 10 ჰფიქრობს] ფიქრობს B. 11 იქნება] იქმნება B.

109. 3 მოსწყინდება] მოჰსწყინდება B. 4 ჰღელავდა] ღელავდა B. 10 ძრწოლა] წრწოლა B. 16 ბაგეთგან] ბაგეთაგან B. 16-17 მოსწყდება] მოჰსწყდება B. 18 სიმღერა] სიმღერაა (1) B.

110. 5 გვარეულობის პირველ] გვარეულობიდამ პირველის B. 6 მწკრივად] მწკვრივად B. 8-9 გამომეტყველებდნენ] გამომეტყველობდნენ B. 14 ხალებით] ხალებითა B. 14-15 ქსოვილით] ქსოვილითა B. 15 ნაკერით] ნაკერითა B. 16 ბალიშზედ] ბალიშებზედ B. 17 ვარსკვლავნი] ვარსკლავნი B. 24 მოსდიოდა] მოჰსდიოდა B. 26 თავზედა] თმაზედა B. 31 სცემდა] ჰსცემდა B.

111. 1 სჭექდა] ჰსჭექდა B. 4 აენთებოდათ] აენთოთ B. 7 ხმლის] ხლმის B, ჰლამობდა ხმლის] ლამოდა ხლმის B. 22 თავის] თავისის B. 28 ხმლის] ხლმის B. 29 არის] არი B. 31 ნუ გეშის] ნუ გეშისთ B. 34 ჰამზა] გამზა B.

112. 4 ჰამზის] გამზის B, სძაგდა] ჰსძაგდა B. 5 სწყინდა] ჰსწყინდა B. 11 უბრძანა] უბძანა B, შეკრთნენ] შეკრთდნენ B. 15 ჰამზამ] გამზამ B. 16 შეჰყურებდნენ] შემოჰყურებდნენ B. 17 წარმოსთქვა] წარმოჰსთქვა B, აქეთ] აქედ AB. 18 ჰამზა] გამზა B. 21-22 ჰამზიგრადი] გამზიგრადი B. 27 ჰამზიგრადში] გამზიგრადში B. 28 დღეთა] დღესა B, ჰამზა] გამზა B. 29 მეფისას] მეფისასა B. 33 გადმოსდენია] გადმოჰსდენია B.

113. 1 მახლობელთაგანმა] მახლობელთაგან B. 2-3 ჰამზიგრადისა] გამზიგრადისა B. 4 დარჩენილი] დარჩომილი B. 5 მასაცა] მასსაცა B. 10 სძღებოდა] ჰსძღებოდა B, ყურებით] ყურებითა B. 21 დასცლის] დაჰსცლის B. 26 აქეთ-იქით] აქედ-იქით AB. 31 ჰამზასი] გამზისა B. 32 თავის] – B.

114. 1 ჰხედავდა] ხედავდა B. 7 ჰამზა] გამზა B. 9 ჩამოსცვიოდა] ჩამოჰსცვიოდა B. 10 ჰამზა] გამზა B. 11 დარჩენილიყო წუთისოფლად] დარჩომია წუთის-სოფლად B. 12 წუთისოფელიც] წუთის სოფელიც B. 12 შესძაგდა] შეჰსძაგდა B, მოსწყინდა] მოჰსწყინდა B. 13 სწუხდა] ჰსწუხდა B, გამოვეთხოვოო] გამოვეთხოვო B. 14 სტკიოდა] ჰსტკიოდა B, დამრჩეს] დამრჩესო B, მსხვერპლად] სხვერპლად B. 20 ჰამზას] გამზას B. 21 ჰლოცულობდნენ] ლოცულობდნენ B, ჰამზას] გამზის B. 22 ჰამზას] გამზას B. 23 ჰამზა] გამზა B. 26 ჰამზიგრადში] გამზიგრადში B, სცნობდნენ] ჰსცნობდნენ B. 26-27 ქრისტიანებისასა] ქრისტიანებისას B. 28 გასჯიქებოდა] გაჰსჯიქებოდა B. 31 ბრძოლისას] ბრძოლისასა B, სცემდა] ჰსცემდა B. 33 ჰამზამ] გამზამ B.

115. 10 მამა-პაპათანი] მამა-პაპათა B. 14 სამშობლო] სამშობლოს B. 18 მთავრისა] მთავარისა B. 19 სცემ] ჰსცემ B, სცემენ] ჰსცემენ B. 21 ჰამზა გარდაიცვალა] გამზა გადიცვალა B. 32-33 მათს წრეს და დიდის წყურვილით ყურს უგდებდა ხოლმე] და ისმენდა A.

116. 11 გაშალეს] გაიშალეს B. 15 გიჟური] გიჟურის B. 21 მათის] მათ B. 23 ყველაზე] ყველაზედ B. 25 ჭენებით] ჭენებითა B. 26 მოჰხედა] მოხედა B, 26-27 ცხენმა+რომ B. ნებაზე] ნებაზედ B. 28-29 ბევრს ხანს] დიდხანს B. 29 ცხენი] ცხენით B. 30 შეშინებია] შეჰშინებია B. 31-32 დაიფრთხო] დაიფთხო B. 35 სტკბებოდა] ჰსტკბებოდა B.

117. 6 მურმური] შურშური A. მჭვირვალე] მტჭვირვალე B. 8 მაგრილებელ] მაგრილობელ B, ჩრდილოში] ჩრდილში B. 10 რასაც ხედავდა] რასაცა ჰხედავდა B, ყველაფერი] ყოველისფერი B. 13 შესძლო] შეჰსძლო B. 15 გამოეცხადა+მას B. 18 მსგავსი] მგზავსი B. 21 ხმაგაკმენდილ] ხმა გაკმენდილის B. 29 თავთ] თავით A. 30 სწყევლიდა] ჰსწყევლიდა B.

118. 3 შეუსუბუქა] შეუმსუბუქა B. 13 ჰყვაოდნენ] ყვაოდნენ B. 14 ჰგალობდა] გალობდა B. 17 და – B. 19 შემოჰხედა] შემოხედა B. 23 არა] არ B. 25 ღმერთო, ღმერთო] ღმერთნო, ღმერთნო B. 27 შემოჰხედა] შემოხედა B. 30 ჰპოულობდა] პოულობდა B. 31 სდგას] დგას B. 34 წარმოსთქვა] წარმოჰსთქვა B.

119. 1 ღუღუნი] გუგუნი B, მამიჩემის] მამის ჩემის B. 2 მინახავხარ] მინახვიხარ B. 6 დასტკბეს] დაჰსტკბეს B. 18 მოსდიოდა] მოჰსდიოდა B. 25 ჰნახოს, ჰნახოს] ნახოს, ნახოს B. 28 ჰნახავდა] ნახავდა B. 32 სამეფოსანი] სამეფოსნი.

120. 4 მოუთმენლად] მოუთმენელად B, ბრძანოს] ბძანოს B. 6 წარმოსთქვა] წარმოჰსთქვა B. 8 ჰთხოულობს] თხოულობს B. 9 ერთბაშად] ერთბამად B. 16 სრვა] სვრნა B, დაასკვნა] დაჰსკვნა B. 17 შესწყდა] შეჰსწყდა B. 19 აბრეშუმსა] აბრეშუმისა B, ოქრომკედით] ოქრო მკერდით B. 25 დასდებს] დაჰსდებს B. 26 ჰამზას] გამზის B, ოქროთი] ოქროთ B. 33 თვალებში] თვალებშია B.

121. 6 ჩასჩურჩულებდა] ჩაჰსჩურჩულებდა B. 7 სძულხარ] ჰსძულხარ B. 8 სცემს] 1 სცემს B. გწამს] გრწამს B. 9 ჰძრწოდა] წრწოდა B. 11 ანდერძად] ანდერძათ B. 13 უკანასკნელნი] უკანასკნელი A. 14 ჰამზასი] გამზისა B. 32 შვენიერებას] მშვენიერებას B.

122. 1 აქეთ] აქედ AB. 3. ჰამზას] გამზის B, ჰხედავდა] ხედავდა B. 5 შვენიერებისა] მშვენიერებისა B. 6 ჰგალობდა] გალობდა B, ვარსკვლავებითა] ვარსკლავებით B. 12 შესძახა] შეჰსძახა B. 13 სცემენ] ჰსცემენ B. 16 თაყვანსა სცემს] თაყვანს-ჰსცემს B. 19-20 წაქცევას ჰლამობდა] და დაცემას ლამიდა B. 22 ჰთრთოდა] თრთოდა B. 24 განუზომელისა] განუზომელის B. 33 დავუმალო] დაუმალო B.

123. 1 ჰამზასი] გამზისა B. 2 თრთოლვით] თრთოლით B. 4 მის] მისის B. 7 შემცირებია] შეჰმცირებია B. 9 წარმოსთქვა] წარმოჰსთქვა B. 10 შენ (1) – A. 14 წყვდიადისა] მწყვდიადისა B. 19 სთქვა] ჰსთქვა B. 23 უწმინდაესს] უწმინდესს B. 25 შესწყდა] მიჰსწყდა B.

124. 12 ცხენიდგან] ცხენთაგან B. 17 შესძლო] შეჰსძლო B. 25 ხმლებს] ხლმებს B.

125. 2 ჩამოსდიოდა] ჩამოჰსდიოდა B. 3 თრთოლვით] თრთოლით B. 8 ვაჟკაცობა] ვაჟცოკაბა B. 11 ბრძანა] ბძანა B. 17 ჰამზასი] გამზისა B. 18 ჰშურდათ] შურდათ B. 26 აღარავისთვის] აღარავისათვის B. 29 მეფე] მეფეც B. სწუხდა] ჰსწუხდა B, ჰხედავდა] ხედავდა B. მისი] მის AB. 30 სანთელივით] სანთელსავით B. 34 ჩამოსცვივდა] ჩამოსცვიდა A., ჩამოჰსცვივდა B.

126. 1 ფერმკრთალს] ფერმკთალს A. 3 წარმოსთქვა] წამოჰსთქვა B. 6 გაიყინაო] გაყინდაო B. ჰფირთდებოდა] ფითრდებოდა B. 7 ჰწითლდებოდა] წითლდებოდა B. 9 შეჰყვარებია] შეუყვარებია B, ჰამზასი] გამზისა B. 19-20 შეამწყვდევდნენ] შეამწყვდევენ A. 21 კედლებს] კედლებ B. 25, 28, 33 მსხვერპლი] სხვერპლი B. 31 დასდვა] დაჰსდვა B.

127. 3 უკანასკნელად] უკანასკნელადღა B. 6 ამჟამად] ას ჟამად B. 7 ერთ გიჟ] ერთს გიჟს B, ზის] ჰზის B. 15 ადრეული] ადრეულა B. 17 ღმერთო, ღმერთო] ღმერთნო, ღმერთნო B. 21 დიაღ] დიახ B. 25 ქვეყნიერებისავ] ქვეყნიერობისავ B. 28 წყვდიადია, წყვდიადი] მწყვდიადია, მწყვდიადი B, დამიბნელდა] დამიბნელა B. 29 გაჰქრნენ] განჰქრნენ B, ვარსკვლავნიცა] ვარსკლავნიცა A. 31-32 ჩემს ფიქრებს, შენს წინაშე გადავშლიდი ხოლმე – A.

128. 1 ამოსძახა] ამოჰსძახა B. 2 ნესტიან] ნოტიოან B. 3 ხმაგაკმენდილნი] ხმა გაკმენდილი B. 8 წასწვდნენ] წაჰსწვდნენ B. 12 ნესტიან] ნოტიო B. 15 მდინარებდნენ] მდინარებდენ A. 21 ჰამზისავ] გამზისავ B, წარმოსთქვა] წარმოჰსთქვა B. 23 დასტოვებენ] დაჰსტოვებენ B. 25 სცეს] ჰსცეს B. 28 სძულხარ] ჰსძულხარ B.

129. 1 ჰამზასი] გამზისა B. 4 სცემენ] ჰსცემენ B. 5 ნემანიჩებისა] ნემანიჩებისაგან B. 9 ჰამზისას] გამზისას B. 11 უბედური] უბედურს B. 22 ჰლეწდა] ლეწდა B. 25 ღმერთნი] ღმერთი B, გასწყრომიან] გაჰსწყრომიან B. 26 ჰსურთ] სურთ B, შემუსრონ] შემუსრნონ B. 27 არიან] არის B. 29 იბრძვის] იბრძვისო B.

130. 1 მისივე] მისისავე B. 6 სადღეგრძელო] სადღერგრძელო B. 19 სთქვა] ჰსთქვა B. 30 ყველანი] ყოველნი B. 31 ბრძანების] ბძანების B.

131. 13 სთქვა] ჰსთქვა B.

__________________

* ვრცლად იხ. ნ. ჩიტაურის წერილი: „ილია ჭავჭავაძის ორი პროზაული თარგმანი“, ცისკარი, 1985, № 6, გვ. 154-157.