The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მესმის, მესმის

. . . (მესმის, მესმის)

მისთვის არ ვმღვერ, რომ ვიმღერო,
ვით ფრინველმა გარეგანმა;
არამარტო ტკბილ ხმათათვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.

მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა.

დიდის ღმერთის საკურთხევლის
მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,
რომ ერისა მოძმედ ვიყო
ჭმუნვასა და სიხარულში;

ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული...

მაშინ ციდამ ნაპერწკალი
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,
მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ
მოვსწმენდ ერსა ტანჯვის ცრემლსა!

23 ივლისსა, 1860,
პავლოვსკი.

 

ხელნაწერი: U:

ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 121 (B); K: ავტოგრაფი, № 1038 (C).

ნაბეჭდი:

«კრებული», 1871, წიგნი I, გვ. 140 (D); დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამ., ტფილისი, 1882, გვ. 16 (E); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892 წ.. გვ. 276 (A)*; ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-2, ტფილისი, 1892, გვ. 145 (F); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-4, ბათომი, 1900, გვ. 153 (G); ლექსები ილია ჭავჭავაძისა, მაღ. «ცოდნის» გამოცემა, ტფილისი, 1904, გვ. 34; ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები, წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, № 80, ტფილისი, 1907, გვ. 23 და იგივე გამოცემა, № 81, გვ. 22 (H).

  * A-ში ლექსს აქვს სქოლიო: «დაწერილია 1860 წ.»
 

სათაური:

მესმის, მესმის! H

თარიღი:

1860 A; 29 ივლისსა, 1860, პავლოვსკი BC; 29 ივლისს, 1860 DE.

ხელმოწერა:

*** D; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) FG. 3 ქვეყნად] ქვეყნათა B. 4 დასათრგუნვლად] დასადრგუნვად B. 6 აღმიგზნებს] აღვიძებს BC. 7 ეს] ის BDFG. 1914, 1925-1951 წლების გამოცემებში პირველი სტროფის მე-4 სტრიქონში გამომცემლებს სიტყვა «მონებისა» შეუცვლიათ სიტყვით «მონებისა», ცხადია იმ მიზნით, რათა «მონებისა» მკითხველს «მონის» მრავლობითი რიცხვის ფორმად არ მიაჩნია, რაც ლექსის შინაარსს გაუგებარს გახდიდა («სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს, დასათრგუნვლად მონებისა»). ფაქტიურად, მონება ლექსში მონობის სინონიმურ ფორმას წარმოადგენს, რაც ილიასათვის უცხო არ არის (იხ. მაგ., მისივე ლექსები «გაზაფხული» და «ჩემი თარიარალი»). ჩვენს გამოცემაში აღვადგინეთ ილიასეული ფორმა «მონებისა», რაც რითმისათვისაც უფრო შესაფერია (მტვრევისა-მონებისა).

D-ში ლექსს ერთვის სქოლიო: «ეს ლექსი გლეხების განთავისუფლების დროს ეკუთვნის». ეს სქოლიო-შენიშვნა არც ერთ ავტოგრაფში არ დასტურდება, არც შემდგომ ნაბეჭდებშია. იგი პირველნაბეჭდში (D) გაჩნდა, - ცხადია, ცენზურის თვალის ასახვევად. ამ ლექსის დაბეჭდვის შესახებ, თავის დროზე, საინტერესო ცნობა მიუწოდებია პ. ინგოროყვასათვის ნ. ნიკოლაძეს: 1870 წელს, როცა «კრებულის» გამოცემას შესდგომია, ნ. ნიკოლაძე ილიას სწვევია დუშეთში, სადაც ის მომრიგებელ მოსამართლედ მსახურობდა. ილიას მისთვის წაუკითხავს ლექსი და თან უთქვამს, რომ იგი მიუძღვნა გარიბალდის და ცენზურის გამო ვერა და ვერ დაბეჭდა. ნ. ნიკოლაძეს თავს უდვია ლექსის გამოქვეყნება, დაუბეჭდავს კიდეც «კრებულში» და ცენზურის თვალის ასახვევად თან ზემოხსენებული სქოლიოც დაურთავს (იხ. ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, ტ. I, 1951, გვ. 381-382). ამრიგად, მხოლოდ 11 წლის შემდეგ იხილა ამ შესანიშნავმა ლექსმა დღის სინათლე.

როგორც ითქვა, ლექსი მიეძღვნა იტალიის განმათავისუფლებელი მოძრაობის ბელადს ჯუზეპე გარიბალდის (1807-1882 წწ.). ილია დიდი თაყვანისმცემელი ყოფილა სახალხო გმირის გარიბალდისა, - იმდენად, ერთხანს იტალიაში გამგზავრებასა და მის რაზმში ჩარიცხვასაც კი ფიქრობდა. როგორც ნ. ნათიძე (მელანია) გადოგვცემს, უფრო ადრე ილიას ბერად შედგომა ნდომებია: «ძრიელ მომწონდა მყუდრო, განდეგილი ცხოვრებაო. მაგრამ, როცა გარიბალდმა დაიწყო  თავისი მოქმედებაო, ბერობა გადავიფიქრე და დავაპირე ვოლონტიორად მასთან წასვლაო. შემდეგ, როცა სტუდენტურ ცხოვრებაში გავეხვიე, ვეღარ შევასრულე ეს განზრახვაო», - უთქვამს მისთვის ილიას (ლიტერატურული მემკვიდრეობა, ტ. I, 1935, გვ. 573). ეს დიდი სიყვარული და პატივისცემა იტალიელი გმირისადმი ილიას სიკვდილამდე გაჰყოლია.

ეკ. გაბაშვილის თქმით, სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მის საწერ მაგიდაზე «პირველი ალაგი ეჭირა დიდებული პატრიოტის გარიბალდის მშვენიერ დიდ ბიუსტს» (ეკ. გაბაშვილის არქივი M, № 17025, მოგონება ილიაზე).

საინტერესოა ი. მეუნარგიას მოგონება, როცა იგი «ივერიის» რედაქტორის - ილია ჭავჭავაძის - კაბინეტს აღწერს: «...შეხვიდოდით თუ არა კაბინეტში, ყველაზე უწინ თქვენს ყურადღებას იქცევდა ფერადი სურათებით აჭრელებული ჭერი ოთახისა, ჭერის ოთხ კუთხეზე იყო დახატული ფართო მედალიონები: მეფე ლუარსაბისა, დიმიტრი თავდადებულის, გიორგის - თამარის მამისა და დავით აღმეშენებლისა, შუაში იყო წმინდა ნინოსი. კედლებზე ეკიდა მეფე ერეკლესი და გორგასალის სურათები... რომ მიიხედ-მოიხედავდით, დაინახავდით: ერთგან შექსპირის ბიუსტს, სხვაგან გიოტესას, კიდევ სხვაგან რუსთველისას, გარიბალდისას »... (ი. მეუნარგია, ქართველი მწერლები, II, 1957, გვ. 37).

ლექსს ვათარღებთ ავტოგრაფების მიხედვით.