The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ეკატერინე სარაჯოვისას

ეკატერინე სარაჯოვისას

ამ  ლექსს გიწერ ჩემს სახსოვრად,
და გაგიხვევ შიგ ჩემს გულსა,
სადც ვინახავ, ვით მარგალიტს,
მე შენს და-ძმურს სიყვარულსა.

[1890 – 900-იანი წლები]

 

ხელნაწერი: M:

ავტოგრაფი, № 17502 (B); ავტოგრაფი, დაცული საგურამოს ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში (A).

ხელმოწერა:

ილია ჭავჭავაძე (ორივე ტექსტზე). B-ში ლექსი დაწერილია მცირე ზომის მუყაოზე. მისი ტექსტი პირველად გამოქვეყნდა 1922 წელს ჟურნ. “ლომისში” (№ 4, გვ. 2), -ცალკეული უზუსტობებით (ლექსის პირველ სტრიქონში, ნაცვლად ფორმისა “ლექსს”, დაბეჭდილია “ლექს”; ნაცვლად ფორმისა “სდაც”, არის “სადაც”, რაც არღვევს სალექსო სტრიქონის ზომას). B-ს ტექსტი დაიბეჭდა ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1925-1951 წწ. გამოცემებში (პირველნაბეჭდის მითითებული უზუსტობები ამ გამოცემებში გასწორებულია).

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ექსპონირებულია ილიას საკმაოდ მოზრდილი ფოტოსურათი (ადრე ეს ფოტოსურათი დაცული იყო ლიტერატურულ მუზეუმში), რომელზეც ილიას მიერ წარწერილია ეკატერინე სარაჯიშვილისადმი მიძღვნილი აღნიშნული ლექსი (A). ამ ავტორის ტექსტი B-ს მცირეოდნად განსხვავებულ ვარიანტს წარმოადგენს. კერძოდ, ნაცვლად B-ს მეორე სტრიქონისა - “შიგ გაგიხვევ მე”, ამ ვარიანტშია “და გაგიხვევ შიგ”; მეოთხე სტრიქონში სიტყვა “შენსა” შეცვლილია სიტყვებით “მე შენს”.

A-ს ტექსტი გამოაქვეყნა გ. შარაძემ 1980 წელს (იხ. მისი “არქეოგრაფიული ეტიუდები. 1 ილიას ერთი ლექსი და მისი ადრესატი”, - ჟურნ. “საბჭოთა ხელოვნება”, 1980 წ. № 8, გვ. 69).

ილია ჭავჭავაძის ფოტოპორტრეტი დაახლოებით 90-900-იან წლებს განეკუთვნება. ილიას ექსპრომტსაც პირობითად ასე ვათარიღებთ: [1890-900-იანი წწ.].

ეკატერინე სარაჯოვისა: ეკატერინე ივანეს ასული ფორაქიშვილისარაჯიშვილისა (1862-1916), - ცნობილი ქართველი მრეწველისა და საზოგადო მოღვაწის დავით სარაჯიშვილის (1848-1911) მეუღლე, რომელიც არანაკლებ ცნობილი ყოფილა თავისი უანგარობით და ქველმოქმედებით. ქართველი ინტელიგენციის დიდი ქომაგების, სარაჯიშვილების სახლის კარი მუდამ ღია იყო ცნობილი ქართველი მოღვაწეებისათვის. სარაჯიშვილების ხშირი სტუმარი ყოფილა ილია ჭავჭავაძეც, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა მათთან. ამ სახლში გამართულ ლიტერატურულ საღამოებზე ილიას პირველად წაუკითხავს “განდეგილი”, “ოთარანთ ქვრივი” და სხვ. ეკ. სარაჯიშვილისადმი დიდი პატივისცემის ნიშნად, პოეტს მისთვის უსახსოვრებია თავისი პორტრეტი ზედ წარწერილი მითითებული ლექსით.