The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ირაკლი

[ირაკლი]

მამა

გული მეპობა, რომა ეგრეთ ვხედავ ჩემ შვილსა!
აღბეჭდილი აქვს მაღალ შუბლზე მუდამ ტანჯვანი.
დადის მარტოკა მოუბარი, ხან კლდისა პირსა
ზის და სჭვრეტს, ვითა ჰქაფდებიან მის ფეხქვეშ წყალნი.
ხან მწუხრის ჟამს ყურს უგდებს ტყეში მტირალსა ქარსა,
ხან მიწოლილი ხის ჩრდილშია არის მდუმარე,
ხან ნათელ ღამეს თვალთ მიაპყრობს დიდ ხნობით ცასა,
თითქო იქ ეძებს დაკარგულ ბედს იგი მწუხარეს!…
და თუ მოვა შინ, იგი იცავს ბნელ მდუმარებას,
და თუკი იტყვის, გულს განხვრეტენ იგი სიტყვანი…
თვალნო, დაბნელდით, რომ არ სჭვრეტდეთ მის მწუხარებას!
ცავ, მე დამითმე ჩემის ძისა უღვთო ტანჯვანი!
აგერ თვით მოდის, მის მხედველნი ტირიან ქვანი...

(დაეყუდება ორივე ხელზედ და აიფარებს თვალთ) ირაკლი (შემოდის)

ესე ვიცხოვრო და სულ ესრეთ - უღვთოობაა.
მე ვეღარ ვიტან ჩემთა ფიქრთა მძიმესა ტვირთსა.

მამა

გასინჯე, შვილო! მშობლისთვის რა მწველი გრძნობაა,
რომ ემაგ ყოფით იგი ხედავ[ს] თვის ხორცს და სისხლსა!

ირაკლი

რა ვქნა, მამავო! ვცხოვრებ, ვითა უნდა ცხოვრება,
ვით[აც] შეშვენის მას, ვინ ღირს[ი] არის ფიქრისა,
და ვისაც ერთხელ ამ ცხოვრების ცნობა ერგება -
იგი დღედაღამ გაუწყვეტლათ ითხოვს სიკვდილსა.
ესე ქვეყანა არ არს სფერა უკვდავებისა,
იგი ვიწროა, უკვდავება ვერა შლის ფრთასა!..
ოხ! მე ვიპოვე სხვა ქვეყანა, სხვა თვისებისა,
იქ, მე ვფიქრობდი, განვასვენებ ჩემ დაღლილ თავსა.
იქ, მე ვფიქრობდი, ჩემთა აზრთა განვაზიარებ,
იქ, მე ვფიქრობდი... მაგრამ რაღა სიტყვას ვაგრძელებ,
იქ მე ვიპოვე ნახევარი ჩემის სულისა,
ვისაც შეეძლო ტვირთვა ჩემთან მძიმე უღლისა,
ვისაც ძალ-ედვა, რომ განეყო ჩემი ტანჯვანი,
ვისაც ძალ-ედვა, რომ გაეგო ჩემ აზრთა წვანი…
მან მეც გამწირა, მან უწყალოდ მე განმირიდა!..
მისდა მიწდომა რაოდენათ (ცრემლად მიღირდა!)
მე მივსწვდი და ვერ მოვსწყვიტე ის ვარდი [სულისა],
ეგრე მოვსტყუვდი, და არ გიკვირს ცოცხალს [სჭვრეტ შვილსა]?

მამა

შენ გყვარებია თურმე ვინმე, ეგრე სთქვი განა?!

ირაკლი

მე მყვარებია, კიდეც მიყვარს და მეყვარება,
და მარტოდ დავშთი ჩემ ტანჯვასთან და აზრთა თანა
და მათ განმყოფი აღარავიბ არ მეყოლება.

მამა

შენ ჭაბუკი ხარ, გამოიცვლი კვლავ სიყვარულსა,
სხვასა შეხვდები, გაგიმთელებს ხვაშიად წყლულსა.

ირაკლი

არა, მამავო, არა! არა! ათასჯერ არა!
ვინცა ჩემზედა მაგას იტყვის, იგი შემცდარა!
მე იგი ვარ,ვინც ერთხელ იგრძნობს და იგრძნობს სრულად,
ვინც ერთ ტრფობაში სულ შთასწურავს თავისა გულსა,
ვინც წყლულს დაიჩნევს, და დაიჩნევს მოუკვლელ წყლულად, ასი სიკვდილიც ვერ მომიკლავს ერთ სიყვარულსა.
ყველა გაუქმდა! აღარა მაქვს მე მომავლი!...
თუ ის არ არის, აღარც არის ცხოვრების ალი.

მამა

ნუ იტყვი, შვილო! ეს ქვეყანა ბაღია ღვთისა,
არ დაილევა მასში ვარდი, მჯობი მჯობისა,
და მშვენებაზედ უფრო მჯობი მშვენიერება.
ეგრე ყოფილა, ეგრე არის, ეგრე იქმნება!

ირაკლი

მე არა ვპოვებ მშვენებასა იმ არსებაში,
სადაც არა სცემს ძარღვი, ძალა უკვდავებისა,
და ვინ მეტყვის მე, რომ იმ ვარდში, იმ შვენებაში,
რომელსაც ამბობ, არის ცეცხლი პრომეთეისა?

მამა

არის, რადგანაც შექმნილია შემოქმედისა.

ირაკლი

ეგე ცოტაა! განა ღმერთმა არ აღუკრძალა
პირველთა კაცთა ის ნაყოფი მცნებისა ხისა?
იმ ნაყოფშია უკვდავების უკვდავი ძალა,
სჩანს, უკვდავება არ უნდოდა შენს ღმერთს ჩვენთვისა.

მამა

მაგას ნუ ამბობ, შვილო! შვილო! ნუ გმობ უფალსა!

ირაკლი

არც მილოცნია ის ჩემ დღეში და ვერც ვგმობ მასა.
მე ხოლოთ ვამბობ - მას აკლია ერთი თვისება...

მამა

სუ! ვეღარ შევძელ ორ სიყვარულთ ერთათ ტარება:
ერთი ღვთისადმი და მეორე თვით ჩემ ძისადმი!
ღმერთო, ნუ გამყრი ნურც ერთთან უკუნისამდე!

(გადის)

ირაკლი
(მარტო)

 

საბრალო  მამავ! მძიმე არის ტვირთი მცნებისა,
განა! მძიმეა!... ძალა არ გაქვს მის ტარებისა.
ჩემ ჭვრეტას ვერ სძლებ, მე გამექეც, მე - ძესა შენსა,
[და ვაგლახ!] მე კი… სად გავექცე თვით თავსა ჩემსა!
რათ გვინდა ჩვენ იქ (…) უკვდავი აზრი,
რომელსაც უნდათ დაუნიშნონ ვითომც საზღვარი,
ან რათ შთააცვი უკვდავ სულსა ეს ხრწნადი ტანი,
რომელს არ ძალუძს აიტანოს სულის ტანჯვანი
თუ უკვდავი ვარ, რათ არა მაქვს სრულ უკვდავება?
თუ მე მაქვს იგი, ნახევარი რაღათა კვდება?
თუ შენ შეგვქმენ ჩვენ და მოგვე ნიჭი სიყვარულისა,
რათ არ აღკძალე მისი შექმნა - მონათ რჯულისა?
თუ შენ მოგვეცი უსაზღვარო უკვდავი აზრი,
რაღათ დანიშნე თვითან შენა ვითომც საზღვარი?
თუ უკვდავი მქმენ, რათ არა მაქვს სრულ უკვდავება,
და თუ მაქვს იგი, ნახევარი რაღათა კვდება?
თუ იტყვი, რომა თქვენ მოგეცით თავისუფლება, -
თუ მოგვეცი და რაღათ გინდა ჩვენზედ უფლება?
ან რათ მითხარი, უნდა იყო ხოლოთ კეთილი,
ან რათ შთააცვი ხრწნადი ტანი უკვდავსა სულსა,
თუ ვერ აიტანს ვერც დიდს ტანჯვას, ვერც სიხარულსა.

 


(დაჩუმდება და ფიქრში მივა და ჯდება ფაჯარასთან, საიდამაც სჩანს მთები და მოწმენდილი ცა)

 


აგერა წიგნი, რომლისც ასო ვარსკვლავებია!
აგერა ღირსი სარბენალი კაცის ფიქრისა,
ისე უსაზღვრო, ვით უსაზღვრო თვით ფიქრებია!
რა ბედნიერი ვიქმნებოდი მთიებთ შორისა!
იქ ისმის ფშვენა ახოვანის, დიდის სულისა,
მწყობრი გალობა, გარმონია, ხმა სისრულისა!
შენ, ვინცა შეჰქმენ მირიადნი ესე ქვეყნები
და ყოველს მათგანს დაუნიშნე სარბენი გზები,
შენ, მისაწდომო და ხილულო ამ ქმნულებაში,
მიუწდომი ხარ, უხილავი ჩვენ არსებაში.
თუ შენ შეგვქმენ ჩვენ, მოგვე ნიჭი სიყვარულისა,
რათ არ აღკრძალე მისი შექმნა - მონათ რჯულისა?
მისთვის, რომ იტყვი: თქვენ მოგეცით თავისუფლება, -
თუ მოგვეცი და რაღათ გინდა ჩვენზე უფლება?
თუ შენ შეგვქმენ ჩვენ და მოგვეცი უსაზღვრო აზრი,
რაღათა ბძანე: მე ვარ ჭკვისა თქვენის საზღვარი?
თუ უკვდავი ვარ, რათ არა მაქვს სრულ უკვდავება,
და თუ მაქვს იგი, ნახევარი რადა მიკვდება?

რისთვის შთააცვი ხრწნადი ტანი ჩვენ უკვდავსა სულს,
თუ ვერ აიტანს ვით დიდ წუხილს, ისეც სიხარულს?
მიუწდომელი, [უცნაურ] ხარ ამ უკუთქმებში,
ყველგან გხედავ და ვერ გხედავ ხოლოდღა ჩემში.

 


(სანთელი ქრება)

 


სანთელიც გაქრა! გარს მომერტყა ღამისა ჩრდილი,
მეც დავუძლურდი ჩემ თავთანა მძიმე ბრძოლილი,
თუნც დავიძინო, შესვენებას არ მომცემს ძილი...
თუ შენ გიყვარვართ, რაღათ ითხოვ ჩვენგან ლოცვასა,
სიყვარულშია ალაგიცა არა აქვს თხოვნასა.
შენ დესპოტი ხარ! გიყვარს ხვეწნა და თაყვანება,
მაგრამ მათ ჩემგან შენი სიბრძნე ნუ ელოდება.
მაგრამ შენ იყავ თუნდ ბედნიერ, მე ეგ არა მშურს:
ისე ბედნიერ, ვით შენა ხარ, ყოფნაც არა მსურს.
მწარებაშიც, სიხარულშიც შენა ხარ მხოლო,
მაგ მხოლოობას, როგორც თვით შენ, არა აქვს ბოლო.
მხოლოობა და სრული, სავსე ბედნიერება,
ურთიერთ[თ]ანა არადროსა არ შეთანხმდება!

 


(ამ დროს მოეჩვენა თვალწინ მშვენიერი ქალი, მძინარე, რომელსაც ადგა რაღაც ჩრდილი)


ირაკლი
(შეკრთომით)

ამას რას ვხედავ!.. ეს რა არი? ნუ[თუ] სიზმარი?
თვალთ მიბნელდება! თავბრუ მესხმის! ფეხთ მეკვეთება!
ქალია! დიაღ! ქალი არი! მერეც მძინარი.

(ისმის სიმღერის ხმა)

ცავ! შენ შეჰქმენ, თუ მიწამ შეჰქმნა ეგრეთ მშვენება!
არა! ედემში უნდა სცხოვროს შენებრ მსახურმა,
და არა ამან, თავისუფალ მფშვენავმა სულმა.

ხმა

ხმა ჩაიწყვიტე, შემარცხვენო ღვთის ქმნილებისა!

ირაკლი

იგი ედემი მგზავსი არის თქვენივე ღვთისა,
ჩვენი სამოთხეც, ჯოჯოხეთიც თვითონ ვართ ჩვენა.
ხმაშენ ბოროტი ხარ!

ირაკლი

შენის ღმერთის ვარ დანაბადი,
მაშ ის სიკეთე როგორღაა, მას ჰკითხე, წადი!

ხმა

საბრალო ხრწნადო!

ირაკლი

შენი თავი თვით შეიბრალე,
მე ნუ მიბრალებ, წადი, სულო, წა, გამეცალე!
მე თვით მრცხვენია ემაგ შენის შებრალებისა,
წადი, ღირს არ ხარ ჩემთა ფიქრთა ზიარებისა!

ხმა

საბრალო ხრწნადო!

ირაკლი

ოხ! დამეხსენ მაგ სიტყვებთანა!
შენ უკვდავი ხარ, და მას მოჰკვეხ, მონავ, ჩემთანა!
შენ დამცინი მე! შენ, უკვდავო მსახურო ცისა,
მარადის მყოდო, შენ, მონაო, მყოდ ტირანისა!
შენ, რომელიცა სხვის ნებისა აღსრულებაში
უნდა ხედავდე ყოველთვის შენს ნეტარებასა,
შენ, რომელიცა შენ მტანჯველის სულის ქებაში
უბრალოდა ღლი ემაგ შენსა უკვდავებასა!

(დიდი ხნით მდუმარება. ამ დუმილის განგრძელებაში ირაკლი ჩაფიქრებული დაჰყურებს მძინარს ქალს. მცირეს ხან-შემდეგ ქალი იღვიძებს)

შენ კიდევ გძინავს? აღსდექ, ჩემო! ცოცხლათ მეჩვენე!
აზდექ! ვგრძნობ, ის ხარ შენა, ვინცა ესოდენ გძებნე.
აზდექ! ვგრძნობ, შენ ხარ ტბა უკვდავის სიყვარულისა,
სადაც დაითქმის, განისვენებს ტანჯვა სულისა!
არ სდგები შენა!.. შენს ლოდინში დავლიე თვალნი.
მე შენი თავი ვარსკვლავთ შორის მომიძებნია,
და დამიწურავს ფსკერამდინა უპირო ზღვანი,
მიწა და წყალნი ტანჯულ ფიქრით გამირბენია!…
არ სდგები შენა!..

[1860 წ.]

ხელნაწერი:  M ა

ვტოგრაფი, № 17501, გვ. 71 - 83

ავტოგრაფი შავია, მასზე ჩანს ავტორის მთელი მუშაობის პროცესი. ზოგი სიტყვა ძნელად იკითხება ან სულ არ იკითხება.

თვითონ ტექსტი უსათაუროა და უთარიღო. 1925 - 1951 წწ. გამოცემებში სათაური “ირაკლი” პირობითად აქვს მიცემული. ჩვენც ვიზიარებთ ასეთ დასათაურებას. ზემოხსენებულ გამოცემებში არ არის რატომღაც შეტანილი გვ. 315-ის მე-3 სტრიქონიდან (“რათ გვინდა ჩვენ”...) მე-19 სტრიქონის (“თუ ვერ აიტანს..”) ჩათვლით. ჩვენს გამოცემაში სრულად მოვიტანეთ ილიასეული ტექსტი, რომელიც ასეთი სახით პირველად იბეჭდება.

1925 - 1951 წწ. გამოცემებში სიტყვები, რომლებიც ხელნაწერში ძნელად იკითხება, კვადრატულ ფრჩხილებშია მოქცეული, ხოლო მრგვალ ფრჩხილებში მოთავსებულია ის სიტყვები, რომლებიც ავტორს გადაუხაზავს და სამაგიერო აღარ დაუწერია. ჩვენც ვტოვებთ მათ ისე, როგორც წინა გამოცემებშია.

311. მე-13 სტრიქონის (“ცავ! მე დამითმე...”) შემდეგ გადახაზულია “მის მაგიერათ მე დამეცი შენ რისხვის მეხნი”.

312. მე-12 სტრიქონის (“იგი დღედაღამე...) შემდეგ გადახაზულია “შენ გწვავს ის, რომ იწვის შენი შვილი”. მე-16 სტრიქონის (“იქ, მე ვფიქრობდი, განვასვენებ”...) შემდეგ გადახაზულია “ჩემი ბრალია, რომ შემქმნელმან ჩვენ ესე შეგვქმნა”. მე-20 სტრიქონის (“ვისაც შეეძლო...”) შემდეგ გადახაზულია “და იქაც შევცდი, მან უწყალოთ მე განმამდევნა, ვაიმე შვილო, უბედური მყვანდი მყოლ [...] შენა”.

314. მე-13 სტრიქონის შემდეგ (”არც მილოცნია”...) გადახაზულია.

— არა მყოლია მე უფალი, მაშ ვერც ვგმობ მასსა,
არც მილოცნია ის ჩემ დღეში, ვერც ვგმობ მასსა,
მე ხოლოთ ვამბობ, მას აკლია ერთი თვისება,
— უნაკლოა იგი და მის დიდი არსება.
— არა, ჩვენდამი მას არა აქვს არც სიყვარული,
თავის თავშივე იგი არის ღრმათ ჩამარხული,
— დადუმდი, თვარა შენ მსმენელი ლამისა მოვკვდე,
— მაგას შენ ამბობ, განა ამას აქვს სიყვარული, ვინც...

314. 20 - 21-ე სტრიქონის (“ირაკლი, მარტო”) შემდეგ გადახაზულია:
საბრალო მამა! ტვირთი მცნებისა
განა მძიმეა! შენ გაექეც შენ შენსა შვილსა,
მე კი, მე კი რად გავექცე თვით ჩემს თავსა.
მე დასჯილი ვარ სიყვარულით, ეჭვით, მცნებითა,
ავიტან ყველას...
რისთვის აცვია ხრწნადი ტანი სულსა უკვდავსა.

316. მე-4 სტრიქონის (“რაღათა ბძანე...”) შემდეგ გადახაზულია: “ან რათ მითხარი, ხოლოთ უნდა კეთილი იყო, როს შემიძლიან ბოროტიცა ყოველთვის ვიყო?”  მე-8 სტრიქონის (“თუ ვერ აიტანს...”) შემდეგ გადახაზულია:

თუ სიკეთე ხარ, რისთვის ქმნიდი ბოროტებასა,
თუ ბოროტი ხარ, რაღათ ჩემობ კეთილობასა.
თუ სიკეთე ხარ, რაღად შეჰქმენ შენ ბოროტება,
ვინც ქმნა ბოროტი, ის კეთილი ვითღა იქმნება,
თუ შენ მაშინებ, რომ ჩამაგდებ შენს ჯოჯოხეთში,
არა და, რა შენ ვერ გხედავ...

მე-13 სტრიქონის (“მეც დაუძლურდი...”) შემდეგ გადახაზულია “სანთელი გაქრა, ჩემი ტანჯა რათ არა ქრება?” მე-15 სტრიქონის (“თუ შენ გივყვარვართ...”) შემდეგ გადახაზულია “რათ არ ვიძინებ? შემასვენებს განა მე ძილი?” მე-20 სტრიქონის (“ის ბედნიერი”) შემდეგ გადახაზულია:

მაგრამ შენ იყავ თუნდ ბედნიერ, მშურს მე არარა,
ისე ბედნიერ, ვით შენა ხარ [....] მსურს,
შენ მარტოკა ხარ, თანამგრძნობელი არვინ გყავს, არა.

317. მე-11 სტრიქონის (“ირაკლი”) შემდეგ გადახაზულია:

სად მიბძანებ, ვძებნო სიკეთე,
შენში ხომ არა, შენ თივთონვე მით ხარ საწყალი,
შენვე ამბობ, რომ შენ
შენი ღმერთის ვარ დანაბადი
შენი ღმერთის ვარ დანაბადი.

318. მე-5 სტრიქონის (“შენ უკვდავი ხარ”...) შემდეგ გადახაზულია: “ის კი არ იცი, რომ ჩემ თავსა შენზედ არ გაცვლი (მცირე ხანს მდუმარებაა - ირაკლი დაჩუმებულიდაჰყურებს მძინარე ქალს)”. მე-10 სტრიქონის (“შენ, რომელიცა...”) შემდეგ გადახაზულია:

[...] დაღლის შენსა უკვდავებასა
შენა, ჯალათო, ჯალათების უკვდავ მთვარისა.
ჩვენ კი. ჩვენ კაცნი მრავალგვარათ ვხარხარობთ,
ჩვენ უკვდავებას ვაწარმოებთ მასში და ყველგან.
შენ მიბრიალებ მე, როცა უნდა მებრალებოდე მე.
წადი შენ, ღმერთო! იქ სამოთხე შენ გელოდება,
ჩემთვის კი სრული...

ტექსტში გავასწორეთ კალმის ლაფსუსი: 315, 31 მიუცდომი-მიუწდომი.

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში აღნიშნული ფრაგმენტი დაბეჭდილი არ არის და არც მოხსენებულია.

ფრაგმენტის ტექსტი (სათაურით -”ირაკლი”) დაიბეჭდა 1925-1951 წლების გამოცემებში და დათარიღდა 1860 წლით. ასეთი დათარიღება, როგორც აღნიშნულ გმოცემათა სარედაქციო შენიშვნებშია განმარტებული, ემყარება იმ ფაქტს, რომ ზემოთ მითითებულ ავტოგრაფში (M № 17501) “ირაკლი” მოთავსებულია 1860 წელს ჩაწენილ ნაწარმოებებთან ერთად ჩვენც ვიზიარებთ ამ დათარიღებას.