The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ელეგია

ელეგია

 

მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.
არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ კი ტანჯვით ამოძახილი
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!
ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება
. ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!.

1859-სა წელსა, 4-ს ივნისს,
ს. პეტერბურღი.

 

ხელნაწერი: M:

ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 35 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 33 (C).

ნაბეჭდი:

ჟურნ. «ცისკარი», 1859, № 11, გვ. 192 (D); ჩონგური, შედგენილი კ. ლორთქიფანიძის მიერ, ს. პეტერბურღი, 1864, გვ. 67 (E); სალამური ანუ ლექსთა კრება ქართველთა მწერალთა, გამოცემული ზ. ჭიჭინაძისაგან, ტფილისი, 1877, გვ. 8 (F); სალამური ანუ ლექსთა კრება № 1, გამოცემული ზ. ჭიჭინაძისაგან, ტფილისი 1882, გვ. 5 (G); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისასა, І, ტფილისი, 1892, გვ. 47 (A); ჩანგი, შედჟგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-2, ტფილისი, 1892, გვ.47 (A); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-2, ტფილისი, 1892, გვ. 377 (H); სოინარი, შეკრებილი კ. ოცხანელის მიერ, ოზურგეთი, 1894, გვ. (І); სიტყვიერების თეორია, შედგენილი არხიმანდრიტის კირიონისა და გრ. ყიფშიძის მიერ, ტფილისი, 1898, გვ. 571; ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-4, ბათომი, 1900, გვ. 311 (J); ჩანგური, შედგენილი სპ. ჭელიძისა, ბათუმი, 1904, გვ.148 (K); ლექსები ილია ჭავჭავაძისა, მაღ. «ცოდნის» გამოცემა, ტფილისი, 1904, გვ. 36; ქართველი მწერლები, წიგნი І, ტფილისი, 1906, გვ. 137; ჩვენი მწერლობა, І, მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს, გიორგაძის მიერ. თბილისი, 1907, გვ. 39 (L); ილაი ჭავჭავაძის რჩეული ლექსეები, წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, № 80, გვ. 8; იგივე გამოცემა, № 81, გვ. 12, ტფილისი, 1907.

სათაური:

- HJK.

თარიღი:

1859 AEL; 1859-სა წელსა, 4 ივნისს, პეტერბურღი (B); 1859-სა წელსა, 4-სა ივნისს, ს. პეტერბურღი C;

ხელმოწერა:

თ. ილია ჭავჭავაძე D; ილ. ჭავჭავაძე (სარჩევში ) E; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) FGІ. 1.მთვარისა] თვარისა I. 2 მშობელს... მოჰფენოდა] მშობელ... გადესხმოდა B, 4 დაინთქმებოდა] დაინთქებოდა C, ჩაინთქმებოდა I.. 6 მშობელი შობილს] შობილს მშობელი BCGI. 7 ამოძახილი] გამოძეხილი BCEFIL. 8 ქართვლის] ქართლისა GEI. 10 კვლავ ჩემი ქვეყნის ძილს] სამშობლოს ძილსა BC. 11 ოხ] ოჰ F. 12 გვეღირსოს] გვექნება BCDEFFG.

როგორც ვხედავთ, ლექსის ბოლო სტრიქონში ნაცვლად სიტყვისა «გვეღირსოს» ჯერ იყო სიტყვა «გვექნება». ამაზე გიორგი ბარათაშვილმა შენიშვნა მისცა პოეტს თავის კრიტიკულ წერილში «წერილი რედაკტორთან» (ჟურნ. «ცისკარი», 1861, № 6 გვ. 151), რომელშიც აღნიშნავდა: «ელეგიაში» უფ. ჭავჭავაძე ამბობს: «როსღა გვექნება ჩუენ გაღვიძება». უთუოდ ხუმრობით მოსვლია ესეთი ლექსი, თორემ განა თითონ უფ. ჭავჭ. არ იცის, რომ არ ითქმება «გვექნება გაღჳძება» და უნდა იყოს: «როს გვეღირსება ჩვენ გაღჳიძება».

 ჩანს ილიამ გაითვალისწინა ეს შენიშვნა და 1892 წლის გამოცემაში «გვექნება» შეცვალა სიტყვით «გვეღირსოს». ასევეა შემდგომ პუბლიკაციებში.

ლექსი დავათარიღეთ BC ავტოგრაფების მიხედვით, ვიცავთ C-ს დათარიღების სტილს.

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში «ელეგია» დათარიღებულია 1859 წლის 4 აპრილით (სარჩევში, გვ ІІ).