The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ნატვრა
ნატვრა

ნეკრასოვი ნიკოლოზ

ნატვრა

(ნ. ნეკრასოვისა)

გადის დრო და თან მაკლებს მე ძალას,
გადის დრო და თან სულსა მიწუხებს;
მამულო ჩემო! ჩავდივარ საფლავს
და ვერ ვესწრები მე ბედნიერ დღეს.

იმ დღეს, როდესაც, ცრემლი შეგშრება
და გაგიქრება შენ ყველა წყლული,
და წმინდა ნატვრა მე ამიხდება,
ყმაწვილობიდან გულს ჩასახული.

მაგრამ კი მინდა, რომ სიკვდილის ჟამს
შევიტყო, რომ შენ გზას ადგევხარ სწორს;
რომ შენი მუშა, რომელიც სთესავს,
ელის კაიდროს, – მოსავლიან დროს!

რომ მომაკვდავთან ნიავს მოჰქონდეს
სამშობლო სოფლის ერთი მაინც ხმა,
რომელშიაცა აღარ ისმოდეს კაცის
სისხლისა და ცრემლების ღვრა.

[1892]

  ნატვრა

ნაბეჭდი:
ვ. აბაშიძე, ჩანგი, გამოცემა მე-2. ტფილისი, 1892, გვ. 173.

XIX საუკუნის 90-იან წლებში ცნობილი ქართველი მსახიობი ვასო აბაშიძე ბეჭდავდა ლიტერატურულ ალმანახს „ჩანგის“ სახელწოდებით. („ჩანგი“ სალიტერატურო საღამოებზე და დივერტისმენტებში სახმარებლად). სულ გამოვიდა ოთხი გამოცემა.

1892 წელს გამოსულ ტომში 173-ე გვერდზე ვხვდებით ნ. ნეკრასოვის თარგმნილ ლექსს, რომლის სათაურია „ნატვრა“, სარჩევში აღნიშნულია – „ნატვრა“ (ნეკრასოვისა), ი. ჭავჭავაძისა.

ლექსი ნ. ნეკრასოვს დაუწერია 1861 წელს, პირველად დაიბეჭდა მწერლის 1864 წელს გამოცემულ კრებულში. მას ორიგინალში სათაური არა აქვს. ილიას, ლექსის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსათაურებია: „ნატვრა“. ეს თარგმანი არაა შესული ილია ჭავჭავაძის არც ერთ გამოცემაში და არც მის ბიობიბლიოგრაფიაში.

ილიას ეს უცნობი თარგმანი პირველად იბეჭდება მის თხზულებათა აკადემიურ გამოცემაში.

ლექსის მე-7 სტრიქონში შეცდომით დაბეჭდილი იყო, რითაც რითმაც დარღვეული იყო: „და წმინდა ნატვრა მე ამიხდა“, ჩვენ აღვადგინეთ: „მიხდება“.