The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


დამაკვირდი

დამაკვირდი

I
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, -
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

II
სიკეთით სძლიე შენს მტერსა,
ერიდე სისხლით ზღვევას:
სულგრძელობითა ძლევა სჯობს
ვაჟკაცობითა ძლევასა.

III
ვაჟკაცთ ცრემლსა რად უძრახვენ?
რკინაც სტყდება, როს სცემს გრდემლი...
კაცთ და პირუტყვთ გასარჩევად
ღმერთმა შეჰქმნა მარტო ცრემლი.

IV
წუთის-სოფელი ესეა:
ღამე დღეს უთენებია.
რაც მტრობას დაუქცევია -
სიყვარულს უშენებია.

V
ხმალი იმოდენს ვერას იქმს
მრისხანე და ძლიერიო,
რასაც იქმს მშვიდობიანი
კალმის პატარა წვერიო.

VI
შუბი დიდია და მძლავრი, სისხლმღვრელი,
სისხლის მსმელია,
წნარი, პაწია ნემსი კი
შიშველ-ტიტველთა მცმელია.

VII
არა, არ ვუქებ ვაჟკაცსა
კაცთა მუსრვას და ომსაო!..
ვაჟკაც იგია, ვინც მართალს
ეტყვის ქვეყანას მცდომსაო;
ვინც არ შეუდრკა მრავალსა,
ხშირად მართლისთვის მწყრომსაო,
ვინც კრავს უმანკოს ეკრძალვის
და პირში უდგა ლომსაო.

VIII
მადლმა სთქვა: წუთის-სოფელში
ყოფნა, ვაი, რა ძნელია!
ძალი ჰძალოვნობს, ჰბატონობს,
მე გული გადამელია;
საცა კი შევხვდი, დამძლია,
ვერ შევუბრუნე ხელია...
მართალი უთქვამს, ვინცა სთქვა:
"ძალა აღმართის მხვნელია”.

IX
თუ სახელის შოვნა გინდა,
დღეს ისეთი ნერგი დარგე,
რომ ხვალემა მადლობით სთქვას:
ნანერგითა შენით მარგე.

X
ვაჟკაცად იმას არ ვაქებ,
ვინცა სისხლისა მღვრელია,
ვაჟკაცად იგი მიქია,
ვინცა უბედურთ მხსნელია.

XI
ჭკუამ სთქვა: წუთის-სოფელსა
აღმართი მე ვახვნევინე,
თესლი მოვკრიბნე და ხნულში
დავთესე, დავაბნევინე, უღონოს ღონე მე მივეც,
ხელი მე გავაქნევინე.
გულმა სთქვა: ჭკუავ, მართალ ხარ,
და ზოგიც მე მათქმევინე!
ჩენი ნახნავის გორახი
ფარცხით მე მომაფშვნეტინე
ნაგოლვი, მშრალი ბელტები
ცრემლით მე მომარწყვევინე;
შენი ნათესი, ნანერგი
სისხლის ღვრით გამაზდევინე;
შენსა ჯეჯილში, ყანაში
ღვარძლი მე ამარჩევინე;
ნაამაგარი ძნად შევკარ,
ზვინად მე დამადგმევინე...
ვკვნეს, რომ ერგოს ყველას სწორად,
და შენ ეს ვერ გაქმნევინე, -
არ იქმნა, ჭკუავ, მადლის გზა
მე შენ ვერ დაგაქნევინე.

XII
ამოწვდილს ხმალსა მტრისასა
წინ მიაგებე ფარიო:
დროზე ნახმარი ფარიცა
იგივე ხმალი არიო.

XIII
პატიოსანთ მტერთა შორის
მოციქული ნამუსია

XIV
გებრალებოდეს, ნუ ჰრისხავ
კაცს შენზე შურით მწდომსაო!..
კეთილი ფარად უფარე
შენთვის ბოროტის მდომსაო,
მადლისა წყაროს ასმევდე
ცოდვის გუბეში მდგომსაო.

[1886 წ.]

 

ნაბეჭდი:

გაზ. “ივერია”, 1886, № 80, 85, 97, 100, 117, 119, 137, 141, 155, 175, 181, 187 (B); დამაკვიდრი ანუ აფორიზმები ძველთა და ახალთა ბრძენთა, მეცნიერთა და გამოჩენილ კაცთა მიერ თქმულნი, დაბეჭდილი “ივერიის” რედაქციის მიერ, ტფილისი, ე. ხელაძის სტამბა, 1887, გვ. (C); გაზ. “ივერია”, 1888, № 1 (D); თხზულებანი

ილია ჭავჭავაძის ა, I, ტფილისი, 1892, გვ. 279 (A); გაზ “ივერია”, 1904, № 264, 267, 277, 279 (E); ლექსები

ილია ჭავჭავაძის ა, მაღ. “ცოდნის” გამოცემა, ტფილისი, 1904, გვ. 59 (F); ჩვენი მწერლობა, I. მგოსნები, შედგენილ[1]გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 67 (G); ჟურნ. “ნიშადური”, 1907, № 4, გვ. 10 (H).

სათაური:

დამაკვირდი BG; საახალწლო მილოცვა პ. უმიკაშვილს D; ქართული სიბრძნე (მგოსანთა გამონათქვამიდან) E;

ილია ჭავჭავაძის აფორიზმები H. სათაურის მაგიერ : (თქმული ლარიძისა) C.

თარიღი:

1889 AG.

ხელმოწერა:

ლარიძე BC; (ილია ჭავჭავაძე) E. “დამაკვირდის” მთლიანი ტექსტის ავტოგრაფი მიუკვლეველია. მხოლოდ ერთი სტროფის (“ვაჟკაცად იმას არ ვაქებ”...) ავტოგრაფი აღმოაჩინა შ. გოზალიშვილმა (იხ. მისი “უცნობი ავტოგრაფები”, გაზ. “კომუნისტი”, 1964, 18/I).

1886 წლის გაზ “ივერიის” (B) ზემოჩამოთვლილ ნომრებში საერთო სათაურით “დამაკვირდი” იბეჭდებოდა სხვადასხვა პოეტის გამონათქვამი, მათ შორის ილია ჭავჭავაძის თითო სტროფი თითო ნომერში ასეთი თანმიმდევრობით: XII, V, XIII, VI, IX, II, IV, III, X, I, XIV, VIII, VII, XI.

თითოეულ მათგანს მიწერილი აქვს ილიას ფსევდონიმი “ლარიძე”. ამავე ფსევდონიმით დაიბეჭდ გაზ. “ივერიის” გამოცმაში (C) უკვე ლექსად აკინძული ტექსტის სტროფთა ასეთი თანმიმდევრობა: I, IV, III, X, IX, VIII, VI, VII, II, XIII, V, XIV, XII.

1888 წლის “ივერიაში” (D) კი ხელმოუწერლად დაიბეჭდა მხოლოდ ერთი სტროფი (IV – “წუთის-სოფელი ესეა”...), რომელიც მიეძღვნა პ. უმიკაშვილს.

F-ში დაიბეჭდა სტროფთა ასეთი განლაგებით: XIII, I, VII, VIII, XI, IV, X, V, XII, III, II, VI, IX, XIV.

G-ში - II, XII, VII, IV, XIII.

H-ში კი ასე: VII, IX, VI, III, XIII, IV, II, X, XII, XI, VIII, V. ბოლო სტროფი H-ში არის:

წინა კაცი უკანასი
ხიდიაო, ნათქვამია,
დღეის ვაგლახს ამით დასძლევს,
ვინცა ხვალისა მდგომია.

ეს სტროფი სხვა წყაროებში არ გვეხვდება. დანარჩენი სტროფები თითო-ოროლა სიტყვის სხვაობით მისდევს A-ს, რომლის კომპოზიციასაც ვიცავთ წინამდებარე ტომში, როგორც ავტორის ბოლო ნებას.

ი. ჭავჭავაძის თხზულებათა მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში სტროფთა განლაგება თანხვდება A-ს VI სტროფის ჩათვლით. შემდეგ კი თანმიმდევრობა ასეთია: IX, X, XIII, VII, VIII, XIV, XII, XI. 1925 – 1951 წლების გამოცემათა I ტომებში გამომცემლებს შეუცვლიათ ამ სტროფთა განლაგება ასე: XII, XIII, V, VI, IX, II, IV, III, X, I, XIV, VII, VII, XI.

AG წყაროებში “დამაკვირდი” დათარიღებულია 1889 წლით.

როგორც ზემოთ დავინახეთ, “დამაკვირდის” ბეჭდვა ილიამ დაიწყო 1886 წლის “ივერიის” № 80-დან და დაამთავრა № 187-ში. დღეისათვის სადავო გახდა IV სტროფის (“წუთის-სოფელი ესეა”...) ილიასეულობა. 1979 წელს გამოცემული “ქართული ხალხური პოეზიის” VII ტომში ეს ლექსი შეტანილ იქნა, როგორც ხალხური ლექსი (გვ. 31). ხოლო მის შესახებ შენიშვნაში (გვ. 229) ვკითხულობთ: “ქართლი”, ჩამწ. მირზაშივლი. ფ. არქ. 13238, იგივე “ივერია” 1888 წ., № 1, საახალწლო მილოცვა პ. უმიკაშვილს; იგივე ი. ჭავჭავაძის თხზ. სრ. კრებ. ტ. I, 1951, გვ. 107, აქ შეცდომითაა მითითებული, რომ პირველად ეს ლექსი 1886 წელს დაიბეჭდა “ივერიაში” (იქვე, გვ. 456). ლექსი პირველად ხელმოუწერლად გამოქვეყნდა “ივერიაში” 1888 წელს, როგორც საახალწლო მილოცვა პ. უმიკაშვილისადმი. ამის შემდეგ შეჰქონდათ ილია ჭავჭვაძის თხზულებათა გამოცემებში. აქამდე არც ერთ ფოლკლორულ კრებულში არ დაბეჭდილა, რადგან, როგორც ჩანს, ილიასეულად მიაჩნდათ. თუმცა სხვა საბუთი, გარდა იმისა, რომ იგი “ივერიაში” დაიბეჭდა, ჯერჯერობით არა ჩანს. ფოლკოლრული ჩანაწერების არსებობა და ის გარემოება, რომ აღნიშნული ლექსი კახური სუფრული სიმღერებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია, ვფიქრობთ, გვაძლევს უფლებას შევიტანოთ იგი ხალხური ლექსების მრავალტომეულში”. იქვე მოტანილია ამ სტრფის კახური ვარიანტი:

“წუთისოფელი იგრეა, დღე-ღამე გვითენებია,
რაც რომ მტერს დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია”.

აქ ნათქვამია, რომ ლექსი შეტანილია ი. ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის I ტომში (1951 წ.) და რომ აღნიშნულ გამოცემაში არასწორად არის მითითებული ლექსის პირველი პუბლიკაციის თარიღი (1886 წ. ) რამდენად შეეფერება ყოველივე ზემოთქმული სინამდვილეს? არის თუ არა ეს ლექსი მართლა ხალხური?

ლექსი “დამაკვირდი” შედგება თოთხმეტი ნაწილისაგან. თითოეულ ნაწილში კი მოთავსებულია ერთ- ან რამდენიმესტროფიანი ლექსი, სადაც ავტორი პოეტურად აყალიბებს თავის დაკვირვებებს და შეხედულებებს ადამიანზე, მის ცხოვრებაზე და საერთოდ წუთისოფელზე. ლექსი “წუთის-სოფელი ესეა” “დამაკვირდიში” IV ნაწილად არის შესული (რადგან პ. ინგოროყვამ “დამაკვირდის” ნაწილებს ადგილი შეუცვალა, ი. ჭავჭავაძის თხზუშებათა 1925-1951 წლების გამოცემებში ლექსი VII ნაწილადაა წარმოდგენილი).

როგორც აღვნიშნეთ, 1886 წლიდან გაზ. “ივერიაში” თავდაპირველად საერთო სათაურით - “დამაკვირდი” იბეჭდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა მწერლისა თუ მოაზროვნის ბრძნული გამონათქვამები, მათ შორის ილიას ლექსებიც, - თითო ნაწილი თითო ნომერში. ასე ამგვარად, ეს წვრილ-წვრილი ლექსები ილიასი ცალკ[1]ცალკე დაიბეჭდა 1886 წლის გაზეთ “ივერიის” თხუთმეტ ნომერში ( № 80, 85, 97, 100, 104, 117, 119, 137, 141, 155, 175, 179, 181, 187). თითეულ მათგანს ქვეშ მიწერილი აქვს გვარი “ლარიძე ”. გაზეთის ზემოთ დასახელებული ნომრებიდან № 119-ში მოთავსებულია ჩვენთვის საინტერესო ლექსი “ლარიძის” ხელმოწერით.

1887 წელს “ივერია” საერთო სათაურით “დამაკვირდი” ბეჭდავს ცალკე წიგნს, რომელშიც, სხვა ავტორთა ლექსების გვერდით, ერთადაა დაბეჭდილი ზემოხსენებულ ნომრებში ცალ-ცალკე გამოქვებნებული ლარიძის ლექსები და სათაურის მაგიერ თავზე აწერია: (“თქმული ლარიძისა ”). მასში ლექსიც “წუთის-სოფელი ესეა” (გვ. 79). ამის შემდეგ, 1888 წელს, გაზ. “ივერიის” № 1-ში იბეჭდება სწორედ ეს ლექსი, როგორც მილოცვა პეტრე უმიკაშვილისადმი. ლექსი აქ ხელმოწერილია, მაგრამ მისი ავტორი უკვე ცნობილია (ლარიძე), ამიტომ ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ ხელმოუწერელი ლექსის ავტორის ვინაობა პ. უმიკაშვილსაც ეცოდინებოდა. მით უფრო, რომ იგი ავტორს ახლოს იცნობდა.

 ლექსის ავტორის ვინაობა უკვე ყველასათვის ნათელი და აშკარა გახდა, როცა ტექსტი შეტანილ იქნა 1892 წელს გამოცემულ ილიას თხზულებათა I ტომში (გვ. 282). ამ გამოცემაში ლექსი დაიბეჭდა “ივერიის” ზემოხსენებულ ნომრებში გამოქვეყნებულ სხვა ლექსეთბან ერთად, სათაურით “დამაკვირდი”. ამიერინად, 1892 წლამდე ილიას ეს ლექსი სამჯერ გამოქვეყნდა: ორჯერ “ლარიძის” ფსევდონიმით, ერთხელ - ხელმოუწერლად. 1892 წლის გამოცემა კი, როგორც ცნობილია, ილიას უშუალო მეთვალყურეობით მომზადდა. 1904 წელს იბეჭდება კრებული - “ლექსები თ.

ილია ჭავჭავაძის ა”, რომელშიც შეტანილია ილიასეული “დამაკვირდის” მთლიანი ტექსტი, დღეს სადაოდ გამხდარი ლექსითურთ (გვ. 59). ამრირგად, 1907 წლამდე, ილიას სიცოცხლეში, “წუთის-სოფელი ესეა” რამდენჯერმე გამოქვეყნდა; პოეტის სიკვდილის შემდეგაც გამომცემლებს იგი უყოყმანოდ შეჰქონდათ ილიას თხზულებათა კრებულებში (იხ.

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის და 1925-1951 წწ. გამოცემები და სხვა). ასე რომ, ლექსის ილიასეულობა უდავოა.

ლექსს ვათარღებთ მისი პირველი პუბლიკაციის მიხედვით: [1886 წ.]