The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ჩემო კალამო

* * *  ( ჩემო კალამო)

ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშრად მოვფინოთ ხალხში
ბოროტთ საკლავად, — მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.
თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:
აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა
და დაე გვძრახონ, — ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.
ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს —
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!

ოქტომბერი, 1861 წ.
ს. ყვარელი.

 

ხელნაწერი: M:

ავტოგრაფები - კრებ. № 17501, გვ. 115, 116 (B); გვ. 117 (C); U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 154 (D).

ნაბეჭდი:

ჟურნ. “საქართველოს მოამბე”, 1863, № 1 გვ. 3 (E); ჩონგური, შედგენილი კ. ლორთქიფანიძისაგან, ს. პეტერბურღი, 1864, გვ. 83 (F); დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძისა, გამ;ტფილისი, 1882გვ. 24 (G); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 131 (A); ლექსები ილია ჭავჭავაძის ა, მაღ. “ცოდნის” გამოცემა, ტფილისი, 1904, გვ. 31 (H); ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები, წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, № 81, ტფილისი, 1907, გვ. 24 (I); ჩვენი მწერლობა, 1. მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 38 (J).

სათაური:

ჩემო კალამო IJ.

თარიღი:

ოქტომბერი B; 1861 AEFGHIJ; - C; 1861, ოქტომბერი, ს. ყვარელი D.

ხელმოწერა:

*** EF.

B ავტოგრაფში შავია, შავი მელნით ნაწერი და წარმოადგენს ამ ლექსზე პოეტის მუშაობის დასაწყისს, ავტორს თავდაპირველად დაუწერია (გვ. 115):

 

შენ ვერ წამოხვალ ჩემთან ერთს გზაზედ,
შენ ვერ ილოცავ ჩემს სალოცავსა,
და ჩემს მწუხარეს ...... –


გადახაზულია. ამის შემდეგ დაუწერია და კვლავ გადაუხაზავს: “ჩემო კალამო! ნუ დაღონდები და ნუ შეხედავ ბრიყვთა როტვასა”. ამას მოსდევს მთელი სტროფი:


ჩემო კალამო! რად გვინდა ტაში,
რასაც ვმსახურებთ, მას ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა განვაგდოთ ხალხში
და შორიდამა სეირს უყუროთ.


კვლავ გადახაზულია სტრიქონები:


დეე, მიჰსცვივდნენ [...] სიტყვა ჩვენი,
კბილთ ჩაიმტვრევენ, დეეშვებიან;
ვიდრე სულელნი...


მე და შენა გვაქვს განზრახვა ერთი,
სულელთა როტვა მას ვერ დაგვიშლის,
ვცდებით თუ არა, ეგ იცის ღმერთმან,

წმინდა ხომ არის განზრახვა ჩვენი.

116-ე გვერდზე უკვე ჩამოყალიბებულია ლექსის პირველი ვარიანტი (B); იგი შედარებით სუფთა ნაწერია, ტექსტს ბოლოში მიწერილი აქვს “ოქტომბერი”. მოგვაქვს ეს ტექსტი:

ჩემო კალამო! რად გვინდა ტაში,
რასაც ვმსახურებთ, მას ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა წარმოვსთქვათ ხალხში,
და შორიდამა სეირს უყუროთ.
თუ კაცმა ვერ სცნო, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განძრახვა ჩვენი,
აგვიყოლია ჩვენ ქართვლის ბედმა
და მის ძებნაში დავლიოთ დღენი.
[შენ ნუ შეჰსძრახამ] ბრიყვსა ძრახვაზედ,
ნურც დაუშლი ბრიყვს ბრიყვულ როტვასა,
ის ვერ წამოვა ჩვენთან ერთს გზაზედ,
ის ვერ ილოცავს ჩვენს სალოცავსა.

C ავტოგრაფი მეორე ვარიანტია და უახლოვდება ჩვენს ტექსტს (A). II სტროფის შემდეგ (“თუ კაცმა...”) გადახაზულია სტრიქონები:

თუნდ ვეცადნეთ, ხელს არ აიღებს ბრიყვი ძრახვაზედ,
და ვერ დაიშლის ბრიყვი თავის ბრიყვულ როტვასა,
მისთვის. რომ იგი ვერ წამოვა ჩვენთან ერთს გზაზედ,
და ვერ მიჰხვდება, ვერ ილოცავს ჩვენს სალოცავსა.
ვისაცა ცუდი სძულს და ქართვლისას სიცუდეს ამბობს,
მასზედ ამბობენ, რომ ქართვლისა ის ორგულია,
ჩვენ ნუ დავფარავთ ქართველისა ბოროტებასა,
უშიშარათ ვსთქვათ საქვეყნოთა სიცუდე მისი.

D-ში ტექსტის ზემოთ ილიას ხელით მიწერილია: “ეხლანდელი ქართველი რომ ძალიანა მძულს, ამით ვამტკიცებ, რომ საქართველო ძალიან მიყვარს”. იქვე წაშლილია სიტყვები: “მიყვარს საქართველო და მძულს ეხლანდელი ქართველი. სიტყვები ერთი ჭკვიანი ქართველისა”.

ძირითად (A) ტექსტს ვუდარებთ ზემოთ მითითებულ წყაროებს: 3 უშიშარად] უშიშრადა I; მოვფინოთ] განვაგდოთ CDEG. 4 ბოროტთ... ვუყუროთ] ბრიყვთა საკლავად და შორიდამ სეირს უყუროთ C; მათ სულთ-ხდომის] და შორიდამ DEF, და შორითგან G. 5 სცნო] ჰსცნო DEF. 7 ქართვლის] ქართლის F. 8 და დაე... ძებნით] და უკუთქმითა ჩვენ ის ვძებნოთ D. 9 ის სიავეს ქართვლისას] ეგ ქართვლისას სიუცდეს C; სიავეს] სიცუდეს DE. 10 ჰმალავს] მალავს D; სიძულვილია] სიძულილია CD. 11 ბრიყვნი ამბობენ] ბრიყვთა ეგე თქვან C, სცნობს] ჰსცნობს DEF. 12 სიძულვილში] სიძულილში D.

ლექსი დავათარიღეთ D ავტოგრაფის მიხედვით.

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში “ჩემო კალამო” დათარიღებულია 1860 წლის ოქტომბრით (სარჩევში, გვ. III).