The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ცრემლთა შინა ნუგეში
ცრემლთა შინა ნუგეში

შილერი ფრიდრიხ

ცრემლთა შინა ნუგეში

შილლერისა

(თარგმანი)

მოჰქუხს მდინარე ჩქარი და მალი
და ახმაურებს მდუმარე ტყესა;
წყლისკენ გადახრით ჰზის ნაზი ქალი,
სტირის და აფრქვევს მდუღარე ცრემლსა.
არ გაუმთელდა გულისა წყლული
იმ შეუწყვეტელ ცრემლთა დენითა
და წყლულთა ტკივილს შეწუხებული
ასე მოსთქვამდა ის გოდებითა:
– ... „დამემსხვრა გული... და ეს სოფელი
გაუქმდა ჩემთვის, დაცარიელდა,
ბედნიერება, ლხენა ყოველი
გაქრა, წამიწყდა და დამინელდა.
აღარად მიღირს სიცოცხლე ჩემი,
რაღად მინდა მე სოფლად ვიდოდე...
დედავ ღვთისაო, ნუგეშისმცემი
მე ხელი შენი გამომიწოდე,
და აღმიყვანე შენს წმინდას სადგურს...
რაც ამ სოფელსა მადლი ჰრგებია,
ყოველი იგი მინახავს ბედკრულს:
მეცა დავმტკბარვარ, მეც მყვარებია“.
– „ამაოდ აფრქვევ ცრემლთ ნაკადულსა,
საფლავში სატრფოს შენსას არ არგებს!
მითხარ მე: შენსა დაკოდილს გულსა
რა მოგირჩენს და რა გაამთელებს?
შემდეგ სიყვარულთ სიტკბოებისა?
მაითხარ-და ყოველს ვავლენ შენთვისა.
– „ნება მომეცი, ეგრე ურგებად
ვაფრქვევდე ჩემს ცრემლს შეურობელად,
თუნდა საფლავში არრას არგებდეს
მას, ვინც ჩემს თვალში ჰბადავს ამ ცრემლებს.
შემდეგ ბედნიერ სიყვარულისა
არის წამალი ჩემის გულისა,
არის ნეტარი ბედნიერება,
რითაცა ტანჯვა ჩემს გულს ჰნელდება, –
ეგ ცრემლნი ჩემნი, – მათში ნუგეშს ვგრძნობ,
მათში წარსულის სიცოცხლით ვცხოვრობ“.

12 თებერვალი
1858წ. ს.პეტერბურღ



 

 

ცრემლთა შინა ნუგეში

ხელნაწერი: ავტოგრაფი U №108 (C); U №212 (A); ასლი U №217.

ნაბეჭდი: ცისკარი, 1859, №2, თებ., გვ. 93-95 (B).

სათაურის ქვეშ: შილლერისა C.

ხელმოწერა: ილია ჭავჭავაძე B.

თარიღი: 1858-სა წელსა, 12-ს თებერვალს, პეტერბურღი C, თებერვლის 13, 1858 წელსა, ს. პეტერბურღს B,-A.

ცნობილი გერმანელი მწერლის ფ. შილერის (1759-1805 წწ.) ლექსის „ცრემლთა შინა ნუგეშის“ ქართულად თარგმნისას ი. ჭავჭავაძეს იმ დროს არსებული ერთადერთი ვ. ჟუკოვსკისეული რუსული თარგმანით არ უსარგებლია («Вестник Европы», 1808 г. №1). მკვლევარ ჯ. გაგნიძის აზრით, ილიამ „ცრემლთა შინა ნუგეშის“ ქართული თარგმანი უშუალოდ გერმანული ორიგინალიდან შეასრულა*.

ავტოგრაფი №108 წარმოადგენს ლექსის თარგმანის პირველ ვარიანტს, იგი გადაბეჭდილია „ცისკარში“ (1859 წ., №2) უმნიშვნელო სტილისტური ცვლილებებით. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული მეორე ავტოგრაფი (№212) კი ამ თარგმანის შესწორებული რედაქციაა. როგორც სწორად მიუთითებს პ. ინგოროყვა (ტ. I, 1951, გვ. 487), ჩანს, ილიას აღარ აკმაყოფილებდა ლექსის თარგმანის პირველი ვარიანტი და მის თარგმნას მოგვიანებით იგი ხელახლა დაუბრუნდა (ავტოგრაფი №212). ეს უკანასკნელი ავტოგრაფი, რომელსაც ჩვენ ძირითად ტექსტში ვბეჭდავთ, შეიცავს რამდენიმე გადახაზულ და შემდეგ ჩასწორებულ სტრიქონს. მე-8 სტრიქონში მთარგმნელს ჯერ დაუწერია „მოსთქვამს ტირილით და“, შემდეგ გადაუხაზავს და ზემოდან დაუწერია: „ასე მოსთქვამდა ის“. მე-20 სტრიქონის შემდეგ გადახაზულია ორი სტრიქონი: „წამერთო აწ მე რა სიყვარული, წამერთო ყველა, მომიკვდა გული“. მე-2 გვერდის მე-3 სტრიქონში ჯერ ეწრა: „გულისა წყლულსა“, ეს გადახაზულია და ზემოდან აწერია: „დაკოდილს გულსა“. მე-7 და მე-8 სტრიქონების ბოლო სიტყვები „ურგებად“ და „შეუშრობლად“ გადახაზულია, მაგრამ მის ნაცვლად სხვა სიტყვა არაა ჩაწერილი. ჩვენ აღვადგინეთ გადახაზული სიტყვები. მე-10 სტრიქონის შემდეგ მოდის გადახაზული ორი სტრიქონი: „შემდეგ სიტკბოთა და აღტაცების, მშვენიერისა სიყვარულისა“.

ლექსის „ცრემლთა შინა ნუგეშის“ თარგმანის პირველი ვარიანტის „ცისკრის“ პუბლიკაციას ვბეჭდავთ აქვე და ქვემოთ ვიძლევით მის ვარიანტულ სხვაობებს C (№108) ავტოგრაფიდან.

ცრემლთა შინა ნუგეში

(შილლერით)

მოღელვენ ზვირთნი, მოქუხს მდინარე,
ტყე ყრუთ ხმაურობს ორ მხრივ მდგომარე.
გადახრილ წყლისკენ ზის ნაზი ქალი,
უფრო ღელდება მდინარის წყალი.
უფრო სიშფოთით ზვირთი ზვავდება;
უნებურ ცრემლნი ქალის არ მალვით
ორ ნაკადულთა თვალით იღვრება
და მის სიმღერა მოდის წყალსავით;
„დამემსხვრა გული და ეს სოფელი
შეიქნა ჩემთვის სულ ცარიელი;
ბედნიერება აღარ მაქვს ქვეყნათ.
გათავდა, რაც მხვდა ჩემ წილით, მხვედრათ.
დედავ წმინდაო! ოხ, ღვთის მშობელო!
წარმიღე შენ მე ნუგეშმცემელო!
ბედნიერება აწ წუთ სოფლისა
ვცანი ყოველი, კიდეც გათავდა,
ვსცოცხლე ცხოვრებით ამ სიცოცხლისა,
ვიყავ ბედნიერ, კიდეც მიყვარდა“.
– „აფრქვევ ამაოთ ცრემლთ ნაკადულსა,
შენი სატრფო მათ საფლავს ვერ ისმენს,
მითხარ მე, შენსა გულისა წყლულსა
რა გაამთელებს, რაი მოგირჩენს
შემდეგ სიყვარულთ სიტკბოებისა?
მითხარ და ყოველს ვავლენ შენთვისა“.
– „ნება მომეცი, ეგრე ურგებათ
ვღვრიდე ჩემს ცრემლებს შეუშრომელათ.
თუნდ არ ესმოდეს თვის ცივსა საფლავს
ჩემს საყვარელს და გულის მეგობარს.
შემდეგ სიტკბოის და აღტაცების
თვით მშვენიერის სიყვარულისა,
შემდეგ დიდ გრძნობით აღფრთოვანების
არის წამალი ჩემის წყლულისა,
არს უმაღლესი ბედნიერება,
რითაცა ტანჯვა ჩემს გულს ნელდება. –
ეგ – ცრემლნი ჩემნი – მათში ნუგეშს ვგრძნობ,
მათში წარსულის სიცოცხლით ვცხოვრობ!“

თებერვლის 13,
1858 წელსა,
ს. პეტერბურღს

665. 15 ქალის არ მალვით] ქალწულის თვალით C. 16 ნაკადულთა თვალით] ნაკადულათ სქლათა C. 19 შეიქნა] შეიქმნა C. 21 წილით] წილათ C. 25 ვცანი] ვსცანი C. 27 ვიყავ ბედნიერი ∼ C. 28 აფრქვევ ამაოთ ∼ C. 29 მათ] მას C. 31 გაამთელებს] გაგიმთელებს C, რაი] და რა C. 35 ჩემს] ჩემ C, შეუშრომელათ] შეუშრობელათ C. 36-37 არ... მეგობარს] თუნდ თვის საფლავში არ ესმოდეს მას, ვინც ჩემს თვალშია ამ ცრემლებს ჰბადავს C. 38 სიტკბოის] სიტკბოთა C. თვით მშვენიერის] მშვენიერისა C.
666. 4 არს] არც C. 6 ნუგეშს] ნუგეშ C. 8 ვცხოვრობ] ვსცხოვრობ C.
_______________
*ჯ. გაგნიძე, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობის პერიოდის ერთი თარგმანის გამო, კრებ. „ევროპული ლიტერატურის ქართული თარგმანები XIX საუკუნის მეორე ნახევარში“, თბ., 1979, გვ. 69-76.