The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


კოლა ერისთავს

კოლა ერისთავს

სხვისა სიტყვა, შენგან თქმული,
კეთდება და უფრო შვენის.

[1890-იანი წლები]

 

პ. ინგოროყვას ცნობით, “ლექსი წარწერილი ყოფილა ილიას თხზულებათა კრებულზე (“ქართველთა ამხანაგობის” 1892 წლის გამოცემა), რომელიც ილიას კოლა ერისთავისათვის მიუძღვნია” (ი. ჭავჭავაძე , თხზულებათა სრული კრებული, სარედაქციო შენიშვნები, ტ. I, 1951, გვ. 491). ი. გრიშაშვილს ამ ლექსის პირი გადაუცია პ. ინგოროყვასთვის, ხოლო ამ უკანასკნელმა პირველად იგი დაბეჭდა 1937 წელს, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა I ტომში (გვ. 684). “ეს ილიას უცნობი ექსპრომტიადეკლამატორ კოლა ერისთავისადმი მიძღვნილ წიგნზე წარწერილი”, - წერდა ლექსის შესახებ ი. გრიშაშვილი (იხ. მისი “ილია ჭავჭავაძე და თეატრი”, საიუბილეო კრებული, 1939 გვ. 90.

პ. ინგოროყვას მიერ მოწოდებული ცნობის შესაბამისად, ექსპორომტად პირობითად შეიძლება დავათარიღოთ 1890-იანი წლებით.

კოლა ერისთავი (1865-1933 წწ.)

ცნობილი დეკლამატორი, რომელიც ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებსაც კარგად კითხულობდა. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, კოლა ერისთავი ახლომეგობრულ ურთიერთობაში იყო ილიასთან და მუდმივი სტუმარი ყოფილა საგურამოში ილიაობის აღსანიშნავად გამართული ტრადიციული წვეულებებისა, რომელზეც, მწერლის პატივსაცემად, ქართული ინტელიგენციის რჩეული წარმომადგენლები იყრიდნენ თავს. ლხინს თან სდევდა “სიტყვა-თამაში, სიტყვები, ექსპრომტები, მოსწრებული ლაპარაკი და ბოლოს კოლა ერისთავისაგან წარმოთქმული მშვენიერ კილოზე ჩვენი პოეტების ლექსები, ილიას და აკაკის პოემები” (ს. მგალობლიშვილი, მოგონებები, თბ. 1938, გვ. 168).