The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


კითხვა-პასუხი

კითხვა-პასუხი

კითხვა

კარგი რამა ხარ, ჩემო ქვეყანავ,
ლამაზად მორთულ და მოკაზმული;
მაგრამ რამდენადც მშვენიერი ხარ,
იმდენად უფრო მიკვდება გული.

გიმზერ და მზერა კვლავ სწყურიან თვალს,
გისმენ და სმენით ყური ვერ სძღება;
მაგრამ რამდენადც საყვარელი ხარ,
იმდენად უფრო გული მიკვდება.

რა დაგრჩენია კვლავ სანატრელი,
ღვთისგან რა არ გაქვს მომადლებული?!
მაგრამ რამდენადც მადლით სავსე ხარ,
იმდენად უფრო მიკვდება გული.

ვინ მოგმართოს შენ და წინ არ დახვდეს
შენი სიმდიდრე, შენი უხვება;
მაგრამ რამდენადც მდიდარ-უხვი ხარ,
იმდენად უფრო გული მიკვდება.

მარქვი, რად არის იქ გულთა კდომა,
სად სიცოცხლეა გახარებული,
და რამდენადც შენ ცხოველმყოფელ ხარ,
იმდენად უფრო რად კვდება გული?

პასუხი

- მე სამოთხე ვარ და თქვენ კი, თქვენ კი!...
ვაი, ძე ჩემი ბედკრულ, უძლური!..
იქ თვით სამოთხეც ჯოჯოხეთია,
სად თვის შხამს ანთხევს მტრობა და შური.

საყვარელი ვარ... ჩემს მზიან ჩრდილში
სიყვარულს უნდა თვის ტახტი ედგას, -
და, ვაი, ამის სანაცვლოდ თქვენ კი
ერთმანეთს აყრით კრულვას და წყევლას!..

მადლით სავსე ვარ და, ვაი, ჩემს შვილს
ეგ მადლი ჩემი ვერ უშვნევია;
და ან იქ რა ჰქმნას თვით წმინდათ-წმინდამ,
სად ცოდვას მადლი დაუძლევია?

მე მდიდარი ვარ და თქვენ კი,
თქვენ კი... ლუკმანატრულნი ერთმანეთსა სჭამთ,
მე ტკბილ ცხოვრების წყაროსა გაწვდით
და, ვაი, თქვენ კი ძმა ძმის სისხლსა სვამთ!..

იქ თვით სამოთხის წალკოტი, მდელო
უდაბნოდაა ურგებ-ურწყული,
სადაც არ აბნევს თვის წმინდა ნამსა
სული მართალი და წრფელი გული.

[1894 წ.]

  ნაბეჭდი:

ჟურნ. “მოამბე”, 1894 წ., № 2, გვ. 145 (B); გაზ. “ივერია”, 1894, № 46, გვ. 3 (C); პატარა ჩანგი, გამოცემა “გუთნისა” (სტამბა არ. ქუთათელაძისა), თფილისი, 1902, გვ. 4 (D); პატარა ჩანგი, გამოცემა მე-2, სტამბა ძმებითავართქილაძეებისა, ტფილისი, 1903, გვ. 4 (E); ლექსები ილია ჭავჭავაძისა, მაღ. “ცოდნის” გმოცემა, 1904, გვ. 20 (A).

ხელმოწერა:

ილია ჭავჭავაძე BDE;

გაზ. “ივერიაში” ლექსი ჩართულია სტ. ჭრელაშვილის სტატიაში “ბიბლიოგრაფიული წერილი”, რომელშიც ნათქვამია: “ამავე მეორე ნომერში (იგულისხმება ჟურნ. “მოამბე”, 1894 წ. № 2, - რ. კ.) დაბეჭდილია სხვათა შორის ახალი ლექსი ბ-ნ ილია ჭავჭავაძისა “კითხვა-პასუხი”, რადგან ეს ლექსი ეკუთვნის რედაქტორს ჩვენის გაზეთისას, ამიტომ მისი დაფასება მიგვინდვია სხვისთვის. მაგრამ რადგან ამ ავტორს დიდი ხანია აღარ დაუწერია ლექსი, ამიტომ იმედი გვაქვს, მკითხველი აღარ დაგვემდურება, რომ მთლიანად ამოვბეჭდეთ ხსენებული ლექსი. თანაც ამ ლექსით მკითხველს საშუალება მიეცა, რომ სიგრძე-სიგანით გაზომოს უშველებელი ძალა “კვალის” კრიტიკოსისა (იგულისხმება გ. წერეთელი, - რ. კ.), რომელიც აუწყებს ქვეყანას, რომ ბ-ნმა ილია ჭავჭავაძემ გაუშვა ხელი ქართველთა მაჯას “გლახა ჭრიაშვილის” დაწერის შემდეგო... აი ეს ლექსი სიტყვა-სიტყვით”... და ამის შემდეგ მოტანილია ლექსი მთლიანად. იგი თანხვდება B ტექსტს.

ლექსის დაწერის თარიღი ცნობილი არ არის, იგი პირობითად თარიღდება პირველი პუბლიკაციის მიხედვით: [1894 წ.].