The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


წინასწარ მეტყველი
წინასწარ მეტყველი

ლერმონტოვი მიხაილ

წინასწარ მეტყველი

(ლერმონტოვისა)

მას აქედ, რაც მან, ვინც მეფობს ცაში,
მომცა მე სიბრძნე წინასწარმეტევლის,
ვკითხულობ ხოლმე კაცისა თვალში
წერილსა ცოდვის და ბოროტების.

აღვმართე სიტყვა საქადაგებლად
სიმართლისა და სიყვარულისა,
ყველ ჩემ მოძმემ შეუბრალებლად
შმაგად დამიწყო მე სროლა ქვისა.

თავს წავიყარე ნაცარი, ფერფლი,
ქალაქით გლახა გავვარდი შორსა,
და აჰა, ვცხოვრობ, როგორც ფრინველი,
უფლის საზრდოთო მე უდაბნოსა.

იქ ღვთისა აღთქმას რა ასრულებენ,
მმონებენ არხნი მე მიწიერნი,
თვით ვარსკვლავნიც კი მე მმორჩილებენ,
სხივით მხიარულ მოთამაშენი.

და როს გავივლი ხმოვან ქალაქთა
და ვეშურები ჩემ გზას სიფრთხილით,
მოხუცნი ხოლმე ეტყვიან ყრმათა
თავის-მომწონე ცბიერ ღიმილით:

„უყურეთ! აი მაგალითი თქვენ!
ეგ ამაყია, ჩვენთან ვერ ცხოვრობს;
სულელს უნდოდა დავერწმუნნეთ ჩვენ,
რომ მის ბაგითა ღმერთი მეტყველობს!

„უყურეთ, შვილნო, ემაგ ბედშავსა,
რა პირქუშია, მოუსვენარი,
უყურეთ, რარიგ შიშველი არი,
რარიგადა სძულთ იგი ყველასა!“

4 აგვისტო

პავლოვსკი

  წინასწარმეტყველი

ხელნაწერი: ავტოგრაფი M №17501 (E); U №108 (C); ასლი U № 217.

ნაბეჭდი: ცისკარი, 1861, №1, გვ. 132-133 (D). თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ტ. I, ტფილისი, 1892, გვ. 87-88 (A).

სათაურის ქვეშ: ლერმონტოვიდან (CD); ლერმონტოვისა (A).

ხელმოწერა: თ. ილია ჭავჭავაძე (D).

თარიღი: 4 აგვისტო, 1860 წ., პავლოვსკი. (CD); 1860 (A).

54. 3 მეფობს] სჯის E. 5 ხოლმე] ხშირად E.. 10 შმაგად] მკაცრად E. 11 თავს წავიყარე ნაცარი, ფერფლი] ზედ წარვაყარე ჩემს თავსა ფერფლი ED. შევბღერტე მტვერი მე თავსა ჩემსა E. 13 ვცხოვრობ] ვსცხოვრობ C. როგორც ფრინველი] სავერანესა E. 14 უფლის საზრდოთი მე უდაბნოსა] მაცხოვრებს ღმერთი საუდაბნოსა და აჰა ვსცხოვრობ სავერანესა, ვით ფრინველს ღმერთი მაძლევს საზრდოსა E. 15 ასრულებენ] აღსრულებენ. C. 16 მიწიერნი] ქვეყნიერნი E. 17 კი მე მმორჩილებენ] იქ მე მისმენენ E.

55. 3 მოხუცნი] ცხოვანნი E. 4 ცბიერ] მზაკვარ E. 6 ეგ ამაყია] ამაყი არი E. 9 ემაგ ბედშავსა] მაგ ფერ მკრთალსა CE. 10 რა პირქუშია, მოუსვენარი] რა მწუხარეა, გლახა, გამხდარი E. 12 სძულთ] ჰსძულთ CD.