The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

მეფე დიმიტრი თავდადებული


მეფე დიმიტრი თავდადებული



 

ტექსტი დაყოფილი თავებად იხილეთ განმარტებების ბოლოს

მეფე დიმიტრი თავდადებული

ვუძღვნი
თ. პეტრე ნაკაშიძეს


უქმე დღე იყო, ტვირთმძიმეი და დამაშვრალი,
საყდრის წინ ჯგუფად ხალხი იდგა და ჰყაყანებდა;
იქავე ახლოს, ცაცხვის ხის ქვეშ ერთი საწყალი
ბრმა მეფანტურე იჯდა ცალკედ და მდუმარებდა.
“ეჰ, რას ჰყაყანებთ,— დაიძახა ყმაწვილმა ბიჭმა, —
შინაც ძლივს ვუძლებთ დღემუდამის ჭირს, ვაგლახობას!
აქ მაინც ცოტად ფრთა გაშალოს გულის წადილმა...
ბრმა მეფანტურევ, გვითხარ რამე, მამაშვილობას!
გვითხარი რამე, ბერო კაცო, ნასმენ-ნახული,
ეგებ გულს ჟანგი მოაშორო კარგის ამბითა...
კარგს მთქმელს ტყვედ რჩების ნატკივარი გული ჩაგრული,
გული, გაზდილი ვაებითა, წვით და დაგვითა”.
ბრმა მეფანტურე გაიმართა მაშინვე წელში,
სახე ღრუბლვილი გაუნათლდა რაღაც მადლითა;
მისწვდა, აიღო თვის უბრალო ფანტური ხელში,
დაჰკრა ფანტურსა და დამღერა ნელისა ხმითა:

I

“მოდით, შვილნო, აქ მოგროვდით,
გეტყვით გულის გასათბობსა, —
ვინ ვიყავით, რა ვიყავით
ჩვენ, ქართველნი, წინა დროსა.
იმ დროს, როცა ქართვლის ბედი
ჩვენ, ქართველთვე, გვეპყრა ხელში,
როცა მამულისშვილობა
სასახელოდ იყო ჩვენში.
შვილნო, თქვენნი წინაპარნი
ეგრე გულქვად როდი იყვნენ...
ძმა ძმასა და მამა შვილსა
მამულს ხოლმე შესწირვიდნენ.
შვილის ყოლა გლეხს თუ თავადს
მარტო მისთვის გვიხაროდა,
რომ მამულსა მეომარი
მით ერთი ემატებოდა.
ტკბილსა ძუძუს დედა შვილსა
იმ იმედით აწოვებდა,
რომ სიცოცხლით ან სიკვდილით
ის მამულს ასახელებდა.
უწინ ქართველს უხაროდა
მამულისთვის მტერთან ომი,
ან მოჰკლავდა, ან თავისთავს
შეაკლავდა, როგორც ლომი.
მამულისთვის ვის ახსოვდა
განსაცდელი განსაცდელში!
ტრფობა გვქონდა გულში აბჯრად
და სატევრად — ხმალი ხელში.
ეგრედ, შვილნო, აქ სცხოვრებდა
უწინდელი ქართვლის შვილი,
მის მუდამი ნატვრა იყო
ან სახელი, ან სიკვდილი.
მათს მომდევარს ყოველს თქვენგანს
ჰყვანდა დიდი წინაპარი...
რჯულის დაცვა, მიწა-წყლისა
მის მოწამედ თქვენ წინ არი...

II

“ეხლა რა ვართ? საწველ ფურად
თავი ჩვენი გადვიქციეთ;
ის სახელი, ის დიდება,
ის ოჯახი დავაქციეთ...
რაც ვყოფილვართ, ის აღარ ვართ,
რაც ვართ, ის ნუღარ ვიქნებით...
ღმერთი გვიხსნის, თუ შვილთ მაინც
გზად და ხიდად გავედებით.
წინა კაცი უკანასი
ხიდიაო, ნათქომია,
დღეის ვაგლახს ამით დასძლევს,
ვინცა ხვალისა მდომია.
ტყუილია სულთქმა, უში,
კაცი უნდა კაცად იყვეს,
სანთელსავით თვით დაიწვას
და სხვას კი გზას უნათვიდეს.
ამით იყო საქართველო
უძლეველი და ძლიერი,
ამით ედგა მტერს გულდაგულ
ეს პატარა ქართვლის ერი.

III

ყური მიგდეთ, გეტყვით ამბავს
უტყუარსა და მართალსა:
ერთი მეფე თურმე ჰყვანდათ
უწინ ჩვენ მამა-პაპასა.
— დიმიტრი ერქვა სახელად,
მხარბეჭპრტყელი, ტანმაღალი,
ჯირითში თუ შვილდ-ისარში
არავინ ჰყვანდა ბადალი.
კაცი იყო, მეფე-კაცი,
თვალად, ტანად მშვენიერი,
გარედ — რისხვით მტრისა მსრველი,
შინ — მოწყალე, ღვთისნიერი.
ღამით თურმე ჩაიცვამდა
უბრალო კაბა-ჯუბასა,
წავა და ინახულებდა
საწყალის ხალხის უბანსა.
მოივლიდა ქვრივს და ოხერს,
დავრდომილსა და ობოლსა,
თავის ხელით ურიგებდა
მოწყალებას და საზრდოსა.
ვის რაც გულში დარდი ჰქონდა —
წავა — იმას შესჩივლებდა,
გლახის, ობლის, ჩაგრულისას
სარჩლსა არ ითაკილებდა.
ყველგან იმის სამეფოში
თხა და მგელი ერთად სძოვდა,
ერი, ბერი, ობოლ-ქვრივი
სულ იმის დღეს ჰლოცულობდა.

IV

“მის დროს იყო ყეინობა,
მეფე ყეინს ჰმორჩილებდა,
მაგრამ თავის ქვეყნის საქმეს
თვის ნებაზედ განაგებდა.
ერთხელ ყეინს აეშალა
თათარივე კაცი ერთი,
იმძლავრა და გადიყენა
ნახევარი სათათრეთი.
მეფე ჩვენი ყეინს თურმე
არ გადუდგა სხვასავითა...
ვაჟი-კაცის წესი არის —
კაცს შეჰრჩება ძმასავითა.
შეიბნენ და შეიჭიდნენ
ყეინი და გადგომილი;
ძმას ძმის ძვალი ატეხინეს,
მამის სისხლსა ღვრიდა შვილი.
დამარცხდა ბოლოს ყეინი,
გამდგარმა აკი აჯობა,
ის მოკლა და თვით დაიპყრო
სათათრეთის ბატონობა.
ის ხომ მოკლა, მის ცოლ-შვილიც
ცხენსა კუდით ათრევინა,
საცა კი მის მომხრე იყო,
თავები დააყრევინა.

V

“ჯერი მიდგა ჩვენს მეფეზეც...
— “რატომ მე არ მომიდგაო,
იმას ცოცხალს არ გავუშვებ,
თუ პირში სული მიდგაო”.
გაუგზავნა მოციქული:
— “გამოცხადდი ჩემ წინ შენო,
თუ არ მოხვალ, შენს ქვეყანას
ნაცარტუტას ავადენო”.
დაგვიღონდა მეფე ქველი,
იმ ურჯულოს მიხვდა წადილს,
ისიც იცის, — იმ ღვთისრისხვას
ჯართ სიმრავლე შესწევს ქადილს.
რა ჰქნას? თითონც მამაცია,
მამაციც ჰყავს ჯარი, ერი,
მაგრამ ერთს რომ ასი გცემდეს,
კლდეც რომ იყო, გაგტეხს მტერი.
დიდს ჩავარდა საგონებელს,
შეუდგა ბჭობას, რჩევასა...
— “წავალ — მომკლავს, — და არ წავალ —
ამიოხრებს ქვეყანასა”.
ბოლოს ბძანა: “თავს მოვუყრი
მღვდელმთავართ და დიდებულთა,
ოცჯერ ზომვა, ერთხელ ჭრაო —
წესია მეფეთ ქებულთა.
ვნახოთ ერთი, რას მეტყვიან, —
წასვლას, თუ წაუსვლელობას?
ორში ერთს რას აირჩევენ, —
მეფის, თუ ქვეყნის დამხობას?”

VI

“ბძანა და მსწრაფლ შეიყარნენ
დიდებულნი, მღვდელმთავარნი,
ვეზირნი და ნაზირები,
ბჭე-მდივნები, სპასალარნი.
წადგა მეფე კრების წინა
თამამად და დიდებულად;
ყველამ, დიდმა და პატარამ,
თაყვანი სცეს ბატონს ყმურად.
ასე ჰშვენის მეფე იმ დღეს
ტანად, თვალად, იერითა,
მნახველთ თვალი ვერ გაიძღეს
იმის ჭვრეტით, ყურებითა.
უბრძანა თუ “დიდებულნო,
საქმე მძიმე მაქვს თქვენთანა...
ის დღეა დღეს, — ან მე ვიყო,
ან ჩვენი ტურფა ქვეყანა.
შეიტყობდით, მომივიდა
მე ყეინისა მოციქული,
აქ მოდიო, მე მიბარებს
ჩემზედ გაბოროტებული.
თუ არ მოხვალ, მე მოვალო, აგიოხრებ ქვეყანასა,
საცა კი ფეხს დავადგამო,
ავადენ ნაცარტუტასა,
თუ წავედი, თქვენც ხომ იცით,
მე სიკვდილი არ ამცდება...
თქვენ რას მირჩევთ, მართალი სთქვით,
მართლის თქმაა ერთგულება”.

VII

“დიდებულნი წინ წამოდგნენ
ამ ამბით შეწუხებულნი,
მივიდნენ და თაყვანი სცეს,
აემღვრიათ მწარედ გულნი.
— “მეფევ! ნეტა რა გვიბძანე,
რა ასმინე ყურსა ჩვენსა!..
თუ შენ მოგკვლენ, შენს სანაცვლოდ
რაღა დარჩეს ერსა შენსა?!
თუ შენ აღარ გვეყოლები,
რად გვინდა სახლი, ქონება...
ჩვენ შენისთანა დიმიტრი
სხვა არვინ დაგვებადება.
მოვიდეს, რომ იმუქრება
ის ურჯულო სისხლისმსმელი,
მოვიდეს და წინ დახვდების
შენი ერთგული ქართველი.
მტრის მუქარას ერი შენი,
გვითხარ, როდის გაჰქცევია,
გვითხარ, როდის ქვეყნის მტრის წინ
ქართლს უკან დაუწევია!
ბძანე და იმ მუქარასა
ჩვენს მოსისხლეს შევანანებთ,
ან შევმუსრავთ მამაპაპებრ,
ან მეფისთვის თავსა დავდებთ.
სირცხვილია ერისათვის,
თავის მეფე მისცეს მტერსა...
მეფევ, სირცხვილს ნუ შეაჭმევ
ერსა შენსა შემნატვრელსა.
ნუ, ნუ გვაჭმევ ემაგ სირცხვილს,
წამყოლს შვილისშვილამდიე...
აქ მოვიდეს, მის დახვედრა
ამ ჩვენს ქედზედ დააჭდიე”.

VIII

“ახლა წადგა სპასალარი... —”მეფევ, რაც სთქვეს, მართალია.
შენ წახვიდე, შენ იქ მოგკლან, —
ჩვენ წელზედ გვერტყას ხმალია?!
თუნდ რომ დავჩეთ, ვინ რას გვეტყვის,
რით ჩავრეცხოთ ეს სირცხვილი?
არა, მეფევ!.. ძველებს უთქვამთ, —
სახელიო, ან სიკვდილი.
ნუ შეგვიშლი მამათ ანდერძს,
სირცხვილისგან დაგვიხსენი!..
მეფეს ვფიცავ, — მამა-პაპებრ
დღესაც გასჭრის ხმალი ჩვენი”.
ბატონმა თავი ჩაჰკიდა
გვირგინოსანი, ცხებული,
დიდხანს იყო დაღონებით
ეგრე თავჩაკიდებული...

IX

“ბოლოს ბძანა: — ეს ქვეყანა
ღვთისაგან მაქვს მონაბარი...
მე დავრჩე და იგი წახდეს,
მითხარით, რა მადლი არი!
ათი ერთზე რომ მოვიდეს,
მუქარას მტერს შევანანებ;
რა ვქნა, — ასი ერთზედ მოვა,
ამას ვწუხარ და ვვალალებ.
ჩვენი კაცი ერთი ასსაც,
ვიცი, არ შეუშინდება,
მაგრამ ბოლოს სიმრავლე გვძლევს,
ხალხი ურგოდ გამიწყდება.
მერე უკაცურს ქვეყანას
დასწვავს, დაჰბუგავს, დაანგრევს,
საყდრებსა და მონასტრებსა
დააქცევს, მიანგრ-მოანგრევს.
ხატებს, მამათ სალოცავსა,
წამურტლავს და შეგვიგინებს,
ამოიღებს მკვდრებს საფლავით,
ძაღლსა და ღორს ათრევინებს.
ქალწულთ-ქალზედ ძალით მივა,
წაჰბილწავს, ნამუსს დაუმხობს;
ორსულ დედაკაცებს კიდევ
მუცლებსა ხანჯლით დაუპობს.
დედას თავის ძუძუთა შვილს
კბილითა დააგლეჯინებს,
უსუსურს ბავშვებს ძნად ჩაშლის
და ზედ კალოს ალეწვინებს. X
“ამდენი სული უბრალო
ტანჯვითა ამოწყდებიან,
საწყალის ხალხის ცოდვითა
ქვანიც კი ატირდებიან.
ქვეყნის ამოდენი ცოდვა
ჩემს თავზედ დატრიალდება,
წაწყმდება აქაც და იქაც
დიმიტრი მეფის ხსენება!
ეს სულ რისთვის? მარტო მისთვის,
რომ მე შიშსა გავექეცი,
ჩემი თავი გადვირჩინე
და ერი კი წყალს მივეცი.
მე მეფე ვარ და მეფობის
რიგიც ვიცი რაში არი...
ფუ იმ მწყემსსა, თავს უშველოს,
მგელს დაუგდოს თავის ცხვარი...
სირცხვილს ამბობთ! — რა სირცხვილი?
მე ვეძლევი ნებით მტერსა,
ჩემს სიცოცხლეს, ჩემსა სისხლსა
თვითონ ვწირავ მე ჩემს ერსა.
თუ სიკვდილი სახელად გაქვთ
მაგდენს ჩემთვის — ერთისათვის,
მაშ რად მიშლით თავდადებას
მე ერთს — მთელის ერისათვის!..
არა! წავალ, არ დავდგები,
დე, ასრულდეს ნება ღვთისა,
ხორცი მოკვდეს, სული ცხონდეს
მეფის თქვენის დიმიტრისა.

X

“ამდენი სული უბრალო
ტანჯვითა ამოწყდებიან,
საწყალის ხალხის ცოდვითა
ქვანიც კი ატირდებიან.
ქვეყნის ამოდენი ცოდვა
ჩემს თავზედ დატრიალდება,
წაწყმდება აქაც და იქაც
დიმიტრი მეფის ხსენება!
ეს სულ რისთვის? მარტო მისთვის,
რომ მე შიშსა გავექეცი,
ჩემი თავი გადვირჩინე
და ერი კი წყალს მივეცი.
მე მეფე ვარ და მეფობის
რიგიც ვიცი რაში არი...
ფუ იმ მწყემსსა, თავს უშველოს,
მგელს დაუგდოს თავის ცხვარი...
სირცხვილს ამბობთ! — რა სირცხვილი?
მე ვეძლევი ნებით მტერსა,
ჩემს სიცოცხლეს, ჩემსა სისხლსა
თვითონ ვწირავ მე ჩემს ერსა.
თუ სიკვდილი სახელად გაქვთ
მაგდენს ჩემთვის — ერთისათვის,
მაშ რად მიშლით თავდადებას
მე ერთს — მთელის ერისათვის!..
არა! წავალ, არ დავდგები,
დე, ასრულდეს ნება ღვთისა,
ხორცი მოკვდეს, სული ცხონდეს
მეფის თქვენის დიმიტრისა.

XI

— “შენ რას ბძანებ, მღვდელმთავარო?
სიტყვა შენი გვიღირს ძვირად:
მართებს თუ არ ერისათვის
მეფეს თავი გასაწირად? ”
ატირდა და მოახსენა:
—“ჰე, მეფეო, მე თქმა მიჭირს,
მართალს ვიტყვი, თუმცა შენთვის
სული მიწუხს, გული მიტირს.
მეფევ, უნდა თავი დასდო
ერისა და ქვეყნისათვის,
ღმერთს შესცოდავს, ვინც გამკიცხავს
მე ამ მწარე რჩევისათვის. მეფევ, რაკი ბედმან დაგდო
შენ ეგ მძიმე საზღაური,
სხვას უკეთესს ვერას გირჩევს
სიყვარული ბატონ-ყმური...
ვსტირ და გირჩევ თავგანწირვას,
რაკი რომ ეს დღე გვეწია, —
მოყვასთათვის თავდადება
ქრისტე-ღმერთის ანდერძია.
ვსტირ და გირჩევ ღვთის სახელით
ხორცი დასთმო სულისათვის,
უკვდავება არ დაჰკარგო
წუთის-სოფლის გულისათვის!.. ”

XII

“მეფეს ძლიერ მოეწონა
მღვდელმთავრისა სიტყვა ბრძნული,
წარდგა ისევ კრებულის წინ
უფრო გათამამებული:
— “დიდებულნო, ხომ ისმინეთ,
რაც სთქვა წმინდა მღვდელმთავარმა!..
მოყვასთათვის თავდადება
გვიბძანაო მაცხოვარმა.
ნუ გადმიყვანთ ღვთისა სიტყვას,
ერს მეფე ვერ ვუღალატებ!..
წავალ და, თუ ღმერთს სწადიან,
ერისათვის თავსა დავსდებ.
მე წავალ და ეს ქვეყანა
თქვენ უნდა გებარებოდეს,
ღარიბს ისე მოუაროთ,
რომ მდიდარს არ შენატროდეს.
გლეხს თუ თავადს, დიდს თუ მცირეს
მადლი თანასწორ მოჰფინოთ,
ობოლი, ქვრივი, უძლური
ძლიერს არ დამიჩაგვრინოთ.
თუ დავბრუნდი, თქვენს სამსახურს
გადაგიხდით ორად ერთსა,
თუ არა და — სული ჩემი
შეავედრეთ მაღალ ღმერთსა”.
ატირდა და აატირა
ყველა კაცი იქა მდგომი;
გულის სილბო სიტურფეა,
თუ კაცია სხვაფრივ ლომი.
მართალს ვაჟკაცს ის ამშვენებს,
როცა გულითაც ლბილია;
რკინის კაცის თვალში ცრემლი
დიდსულოვნობის შვილია.

XIII

“ბრძანა და მსწრაფლ დაიშალა
დიდებულთა იგი კრება...
უხმო მხლებელთ და უბძანა
წასასვლელად მომზადება.
სთქვა და ურდოს კიდეც წავა
მეფე იგი უშიშარი,
თქმულა: გმირის კაცისათვის
თქმა და ქმნაო ერთი არი.
გაათავეს სამზადისი
და მოვიდა დღეც წასვლისა;
ვით ჭინჭველა ჰფუსფუსებდნენ
შინაყმანი სასახლისა.
ხმა გავარდა ქალაქშიაც:
მეფე ჩვენთვის სდებს თავსაო,
უშლიდნენ, არ დაიშალა, —
ვერ ვუღალატებ ხალხსაო.
შეიძრა მთელი ქალაქი,
ხალხი ეცა ერთმანეთსა,
მოზღვავდა და იგრიალა
და მიაწყდა სასახლესა.
მივიდნენ, ნახეს მზად არი
რაზმი მეფის ამალისა,
სულ სავსეა ცხენოსნებით
მოედანი სასახლისა.
წინად ბარგით გაეგზავნათ
ჯორი, ცხენი დატვირთული,
აქ ვინც იყო, სალთად იყო,
ტურფად კაზმულ-დარახტული.

XIV

“თავადნი და აზნაურნი
სულ ოქროს და ვერცხლში ისხდნენ,
ვერ იტყოდი, ვინ ვის სჯობდა, —
ყველა ასე კარგნი იყვნენ.
წყობით იდგნენ და ისმოდა
აბჯრისა და რახტის ჟღერა.
საამოა გაწყობილის
ვაჟკაცების რაზმის მზერა!
კაცი თვალს ვერ აშორებდა
მხედარსა და იმის ცხენსა,
თვით წუნი წუნს ვერ
მათს სიკეთეს, სიტურფესა.
მარქაფად ცხენს ბევრს სხვასაცა
რაზმ-გარედა ატარებდნენ,
მათი მხედნი დიდებულნი
მეფეს სასახლეში ახლდნენ.
იმ ცხენების მორთულობა
კაცს უშურველს შურს მოჰგვრიდა,
მძიმე რახტით დატვირთულნი
თითო თითო სოფლად ჰღირდა.
მაგრამ მათში ერთი იყო
თეთრი ცხენი არაბული,
უკეთესს ვერ ინატრებდა
კაცის უძღომელი გული.
მეფისა იყო ის ცხენი,
თამამი — თითქო ვეფხია,
იმის უზანგში მეფის მეტს
ვერვის შეედგა ფეხია.
ამაყი იყო ლომსავით
და ნაზი როგორც მშველია,
სხვა მას ვერ იმორჩილებდა,
თუ არ ბატონის ხელია.
ცეცხლს აფრქვევდა თვალთაგანა,
ჰქუხდა, სჭექდა, მრისხანებდა,
თითქო ლოდინს ჰთაკილობსო,
ჰშფოთავდა და ტოტსა სცემდა.

XV

“გამობძანდა ბოლოს მეფეც,
თან გამოჰყვნენ დიდებულნი,
ხმალ-კაპარჭით გაწყობილნი,
სამგზავროდ გამზადებულნი.
მეფეს ახლდა მხარმარჯვნივა
გულმწუხარე მღვდელმთავარი
და მხარმარცხნივ — შუბლშეკრული
ჯავრით სავსე სპასალარი.
მღვდელმთავარი სწუხს და ჰვაებს
მეფის თავგადადებასა,
სპასალარი კი ჰთაკილობს
უომრად დამარცხებასა.
ხალხიც დაჰხვდა თავის მეფეს
ვიშითა და წუხილითა,
მეფეს გული ამოუჯდა
მათთვის გულისტკივილითა.
უბძანა თუ: — “რასა სწუხართ?
იქმნას, რაც კი საქმნელია!.. ერისათვის თავდადება
მეფისათვის სახელია.
რაც მომივა, მომივიდეს,
მე იმისთვის არ ვინაღვლო...
თქვენ ჭირს დაგსხნით... დეე, ვიქმნე
მე ქვეყნის ჭირის სანაცვლო”.
ხმა ჩაუწყდა, ვეღარ-რა სთქვა,
მოეგუბა თვალში ცრემლი...
თქმულა: ქვასაცა მაგარსა
გასტეხს ტყვიის რბილი გრდემლი.
მოუმატა ხალხმაც სულთქმა,
ხმა გაისმა ქვითინისა,
გულსა ჰკლავდა გლოვა, ვიში
ობლისა და ქვრივ-ოხრისა.

XVI

“უცებ მეფემ თვალი მოჰკრა, —
ხალხი გაირღვა შუაზედ,
ორს მარჯვე ბიჭს ბერიკაცი
მოჰყავთ მის წინ მოედანზედ.
მოჰყავთ ცახცახით, ხანხალით
ჩაჩანაკი და ბებერი,
მკერდზედ სცემდა თოვლივითა
მოხუცებულს თეთრი წვერი.
მოვიდნენ და გააჩერეს
ის მოხუცი მეფის წინა,
ბიჭები კვლავ მხრებში უსხდნენ,
თუმც ყავარჯენს დაებჯინა.
ის ამ ქვეყნის აღარ იყო,
ფეხი ედგა სამარეში,
მაგრამ მაინც კი უცემდა
ადრინდელი გული მკერდში.

XVII

“მოახსენა: — “ჰე, მეფეო,
ნუ შემრისხავ ერგულ ყმასა!
მე ხომ მხედავ, გარდავსრულვარ,
სამარიდამ გაძლევ ხმასა.
მეფევ, კისრად აგიღია
ტვირთი ჩვენის შავის ბედის,
ბედისწერას მისცემიხარ
უბედურის ჩვენის ქვეყნის.
ვიცით, რომ არ შეშინდება
გული მეფის დიმიტრისა,
როცა ნდომობს თავგაწირვას
დიდი საქმე ქვეყნის ხსნისა.
მაგრამ ჩვენ რა გვეშველება,
ჩვენ, მეფეო, შენთ დამკარგველთ?
მამობასა ვიღა უზამს
შენგან დაობლებულ ქართველთ?
ერს ოფლის მღვრელს და ტვირთმძიმეს
ჭირსა ლხინად ვიღა გვიქცევს?
წუთისოფლის მძიმე უღელს
შენებრ, მეფევ, ვინ გაგვიწევს?
ამას ვსტირით, რომ მიდიხარ
და აობლებ შენსა ერსა,
ჩვენს ბედსა და მშვიდობასა
ვეღარ მოუმართავ ხელსა.
ჩემებრ უძლურს, გაჭირებულს
მწედ ვეღარ მიეშველები,
ღარიბს, ობოლს, ქვრივს და ოხერს
პატრონად არ ეყოლები!

XVIII

“ნუ სწუხართო!..განა, მეფევ,
ჩვენ ხელთ არის ეხლა გული?
რკინაც იყოს — მაინც დასდნეს
ამებრ ცეცხლში ჩაგდებული.
გულს რად გვიკლავ? რად მისდიხარ?
ნუთუ, მეფევ, ხსნა არ არი!..
ქუდზედ კაცი დაუძახე,
მოაგროვე სპა და ჯარი.
ცოტა ვართ, მაგრამ კარგნი ვართ,
ვინც კია, ყველა დევია...
ბევრჯერ უნახავს ქართვლის მტერს,
რომ ცოტაც ბევრის მძლევია.
აჰა, მეფევ, ორი ბიჭი,
მხრებში რომ ამომჯდომია,
ორივ ჩემი შვილი არი,
ერთი მეორის მჯობია;
მიირთვი და ინაცვალე,
ჩემს ქვეყანას მტლად დაუდე!
ომში, მეფევ, გაჩვენებენ,
რა ლომებს ჰზრდის ქართვლის ბუდე.
შეჰკრიბე დიდი, პატარა,
გაუძეღ წინამძღოლადა,
მტერს წინ დახვდი... ვინც უკუდგეს,
დედა შეერთოს ცოლადა!
ჩვენს საქართველოს, ჰე, მეფევ,
ბევრი რამ გადახედია,
მაგრამ უომრად მტრისა წინ
არ წაუხრია ქედია.
ნურც დღეს ვიზამთ ამ საქმესა,
უომრად ნუ დავმარცხდებით,
თუ ვერა ვძლევთ, დავიხოცნეთ
სახელითა და დიდებით!.. ”

XIX

“უბძანა თუ : — ბერო კაცო,
მესმის შენი ერთგულება...
შაბაშ ქართველს!.. გული თურმე
სამარემდე გულად ჰრჩება.
მაგრამ გეტყვი: ჯარს არ შევკრებ,
არ ვინდომებ სისხლის ღვრასა,
მარტო ჩემის გულისათვის
არ შევაკლავ მტერს ათასსა.
ჩვენის ქვეყნის შავი ბედი,
როგორც ტაროსი, იცვლება,
დრო მოვა და თქვენი თავი
უფრო მეტად დასჭირდება.
მე ერთი ვარ, თქვენ მრავალი,
გვიჯობს ერთით ბევრის რჩენა:
თუ თქვენ მე არ გემეტებით,
მე რად გაგიმეტებთ თქვენა?..
განა თითონ ქრისტე-ღმერთსა
გადარჩენა არ ძალ-ედვა,
არ ინება და ქვეყნისთვის —
ღმერთი იყო და — ჯვარს ეცვა.

XX

“მაშ რად არის მეფე მეფედ,
თუ არ ქვეყნის ჭირთა მძლეა?
თუნდაც მოჰკვდეს ქვეყნისათვის,
ეს სიკვდილი სიცოცხლეა.
არ არის მკვდარი, ვინც მოჰკვდეს
და ხალხს შესწიროს დღენია,
მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ
სახელი არ დარჩენია.
არ დავიშლი, ვსთქვი და კიდეც
თავი უნდა გავიწირო,
ისე მოვკვდე, რომ ჩემ გამო
დედა შვილზედ არ ვატირო.
წავალ-მეთქი!.. თუ ღმერთს უნდა,
მოხდეს იგი, რაც მიმელის...
მაგრამ ჯავრი თან მიმყვება
საყვარელის ჩემის ქვეყნის.
ეჰ, რაც ჰსურდა, არ დაჰცალდა
ჩემს წყურვილსა სულისასა!..
აწ იქმნას ის, რაც სწადიან
განგებასა უფლისასა.
თქვენ ხომ მაინც აგცილდებათ
ხოცვა, ჟლეტა, სრვა და რბევა,
მე კი...მეყოს, თუ გამყვება
თქვენი ლოცვა და კურთხევა”.

XXI

“თითქო ზეცით ზარი იყო,
თითქო ღმერთი მოევლინა, —
ხალხი პირქვე მყის დაემხო
საკვირველის მეფის წინა...
თურმე დიდებას მადლისას
კაცი მსწრაფლ დაუმონია,
ვით დიდს ბოროტს,
ისეც დიდს მადლს
თავისი ზარი ჰქონია.

XXII

“მეფეს ერი შეეცოდა,
სთქვა: — “მეც ვწუხვარ, რომ გშორდებით,
ღმერთს ვსთხოვ, იყვნეთ ჩემს შემდეგა
მშვიდობით და გამარჯვებით.
ნურას გიკვირთ, რომ ქვეყნისთვის
მეფე თქვენი თავს არ ჰზოგავს!
ამასა იქმს ყველა, ვინც კი
ჭკუით სჭრის და გულით ჰზომავს.
მე მივდივარ!.. მეფე თქვენი
დიდს და მცირეს გეთხოვებით,
რაც დაგაკლეთ, ნუ შემრისხავთ,
რაც შეგცოდეთ, შემინდევით”.
ბძანა და ცხენიც მოართვეს,
ზედ მოახტა ვეფხვსავითა;
ცხენზედ იგი დალოცვილი
გამობრწყინდა მზესავითა.
მტერსაც კი რომ დაენახა,
თვალი გაუშტერდებოდა,
მისებრი ცხენზედ მოხდენა
ბევრს ვაჟკაცს ენატრებოდა.
გამოეთხოვა ყველაკას,
ვინც კი შინ, სახლში ჰრჩებოდა,
სხვა კი ამხედრდა დიდკაცი—
ყველა, ვინც უნდა ჰხლებოდა.
ამხედრდა თვით მღვდელმთავარიც,
შინ დარჩენა არ ინება,
შეევედრა თან წაყვანას
და მეფემაც დართო ნება.
წაბძანდა და თან იახლა
ის ამალა და მხედრობა,
უკან მისტირს ერი, ბერი,
გლეხობა თუ დიდკაცობა.

XXIII

“მინამ მეფე მიმავალი
ურდომდინა მივიდოდა,
იმისი მისვლის იმედი
ყეინსა გადასწყვეტოდა...
ებძანა თავის სარდლისთვის:
— “შეჰკრიბე ჯარი ლაშქარი,
წადი, დიმიტრი მომგვარე
ან ცოცხალი, ანუ მკვდარი;
თუ არა, იმის ქვეყანას
შეესიე და მოსრეო,
სულ ძირს დაეც, რაც წინ შეგხვდეს,
ქალაქი თუ სიმაგრეო”.
წინ შეხვდა მეფეს ეს ჯარი,
მრავალი და უთვალავი,
მაშინვე მიხვდა: აქაო
ამბავია რაღაც ავი.
უხმო მხლებელთ და უბძანა:
— “ფიცსა გთხოვთ და უნდა მომცეთ:
თუ უკადრისი მაკადრონ,
თქვენ არავინ ხმა არ გასცეთ.
თავს დაიხოცთ, ვერას უზამთ,
ჯარია მოზღვავებული;
თქვენს სიკვდილსაც არ იკმარებს,
თქვენგნით გაბოროტებული, —
წავა და ხალხს ამოგვიჟლეტს,
აგვიოხრებს ქვეყანასა...
ნუთუ მთელს ხალხს ანაცვალებთ
ვაჟკაცთა თაკილობასა?!
ღმერთს აცადეთ... დეე იქმნას,
რაც ჩემს თავზე განგებულა!
საცა არ სჯობს, გაცლა სჯობსო, —
ბრძენთაგანა ასე თქმულა.
კვლავ ფიცსა გთხოვთ: სისხლს ნუ დაღვრით,
ნუღარ დამიმძიმებთ სულსა!..
განკითხვის დღეს მეფეს ჰკითხვენ
ყმის სისხლს, უქმად დანთხეულსა”.

XXIV

“რას იქმოდნენ? მისცეს ფიცი
გამწყრალთა, გაბრაზებულთა,
სირცხვილის ჭამა ირჩიეს
ქვეყნისთვის დავალებულთა.
ბევრმა იკრა გულში ხელი,
სთქვა გულმწარედ: “ვაი დედას!
დრო მოგვივა და ამ თათრებს
არ შევარჩენ ჩვენს შერცხვენას! ”
ბატონმა ბძანა: — “ვინა ხართ?
წადით, ჰკითხეთ — რა სწადიან?
თუ მე უნდივართ, აქა ვარ,
ჰქმნან ის, რასაც მიქადიან... ”
მალე დაბრუნდა უკანვე
მეფის კაცი მოციქული,
მოახსენა: — “სარდალს ვუთხარ,
მეფევ, შენი ბძანებული;
მითხრა: —“მეფე შენი გვინდა,
თუ მოგვეცა თავის ნებით,
არას ვერჩით თქვენს ქვეყანას,
აქედამვე დავბრუნდებით...”
იამა, ბძანა: —“მადლი ღმერთს,
რომ ქვეყანა გადმირჩება
და ცოდვილი ჩემი სისხლი
ამაოდ არ დაიღვრება”.
თვით წაბძანდა სარდლისაკენ,
მის წინ შეაყენა ცხენი,
უბრძანა თუ : —“მე ვარ მეფე,
რაც გენებოს, იგი ჰქმენი”.
მისცვიდნენ უკადრისადა,
ვით ძეს ღვთისას ურიანი,
შეჰკრეს, შეჰბაწრეს ტყვესავით
მეფე, ხელმწიფე სვიანი.

XXV

“მიჰგვარეს ყეინს ურჯულოს,
სისხლმსმელს ადამიანისას... საღერღელი აეშალა,
ვით კრავის წინ მხეცსა ტყისას.
გაჰწყრა: —“როგორ გაბედეო,
არ გადუდეგ ჩემს მოსისხლეს?
სთქვი პასუხი და იცოდე,
შენი განკითხვის დღეა დღეს.
იცოდე, რომ წინვე მითქვამს:
თავი უნდა მოგეკვეთოს!
ამის შეცვლა თვითონ ღმერთმაც
ჩემმაც მე ვერ შემომბედოს.
მინამ მოგკლავ, მსურს აქ ჩემ წინ
შეინანო ბრალი შენი,
აქ ჩემ ფეხთ წინ აღიარო
შენვე შენი სიმუხთლენი... ”
მეფემ უთხრა: —“შენისთანა
ჩემი რა გამკითხველია!
ნუ მოგაქვს თავი იმით, რომ
ძალა აღმართის მხვნელია.
შენ-წინ მოთქმა რას მიქვიან?
რას მიქვიან შენანება?
ჩემი გამკითხველი არი
ნამუსი და ჩემი ნება.
ჰქმენ რაც გინდა!.. მე არ გკითხავ, —
რად გწადს მომკვეთო თავიო...
სვავს ვინ ჰკითხავს, სისხლს რადა ჰსვამ,
სვავო, რადა ხარ სვავიო?... ”
გაწყრა ყეინი ამაყი,
ეს როგორ გამიბედაო!
უბძანა: — “ჰგვემეთ და სცემეთ,
ბნელეთს ჩააგდეთ ეგაო”.
წაიყვანეს მეფე ჩვენი
და საბნელეთში ჩააგდეს;
შემოარტყეს გარს მცველები,
კარს კლიტეები დაადეს.

XXVI

“სასჯელი დაუგვიანა
იმ ღვთის მგმობელმა თათარმა,
მინამ მოაკვლევინებდა,
სცემა, ჰგვემა და აწამა;
აწამა, ვით სვავმა ტრედი,
მეფე იგი საკვირველი
და ვერ გაძღა მის წვალებით
ის უღვთო და სისხლისმსმელი.
ერთხელ მეფე, ნაწამებიძლიერად და ულმობელად,
ბნელში ეგდო ძალმიხდილი,
უპატრონოდ, უზრუნველად.
როცა ღონეზედ მოვიდა,
ადგა, მუხლი მოიყარა,
პირქვე დაემხო ლოცვითა
და ცრემლები გადმოჰყარა.
მოსთქვამდა თუ: —“ღმერთო, ღმერთო!
გთხოვ, მიწყალო, შემიბრალო,
რაც გადამხდა, განკითხვის დღეს
მადლად მე არ ჩამითვალო.
მე არა გთხოვ, — მანდ წამება
აქ წამებით შემიმცირო,
მე გთხოვ, — სისხლი აქ დაღვრილი,
ჩემი სხვისთვის შეიწირო.
ღმერთო, ღმერთო!.. თვალწინ მიდგა
დიდ ტანჯული მე ძე შენი...
ვით ძით ყველა, ისეც ჩემით
ერი ჩემი დაიხსენი”.

XXVII

“უეცრად კარი გაიღო,
რკინით, კლიტით დაჭედილი;
ორი ვიღაც შემოვიდა
ფეხაკრეფით, როგორც ჩრდილი.
მივიდნენ და თაყვანი სცეს
მეფესა გაოცებულსა...
მერე იცნა, მისნი იყვნენ,
და ჩაიკრა ორივ გულსა.
მოახსენეს: —“შევისყიდეთ
და გავტეხეთ ქრთამით კარი...
ყველა მზაა!.. თავს უშველე,
აწ შენი ხსნა შენს ხელთ არი.
ნუღარ იცდი... თუ არ ეხლავ,
მერე გვიანღა იქნება:
ხვალ თავს გჭრიან, — ასეაო
ყეინისა თურმე ნება“.
უბძანა თუ: —“ადრეც მითქვამს,
არ გადვირჩენ სხვისით თავსა,
ჩემ მაგიერ არ დავღუპავ
ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხსა.
ჩემს გაქცევას ხომ ზედ მოჰყვა
ხალხის სრვა და ქვეყნის რბევა!
არა, არ ვიქ!.. ტყუილია
თათბირი და ყველა რჩევა! ” ბევრს ევედრნენ და არ გაჰყვა
მეფე თავის ერთგულ ყმათა...
ნეტა რა გულმა გაუძლო
მათ ხვეწნას და მუდარათა!

XXVIII

“გათენდა დღე ზართამხდელი,
ვაი იმა დღის დამსწრესა!
ტყვე მეფე გამოიყვანეს
მოედანსა თავთ-საკვეთსა.
ხალხი, თამაშად მოსული,
ვით ჯინჭველა ირეოდა,
თვით ვეზირიც ყეინისა
იქ იყო და რიგს აწყობდა.
ვეზირს გვერდთ ედგა ჯალათი
ერთი რაღაც საზარელი,
იღლიამდინ დაემკლავა
ძარღვიანი ტლანქი ხელი.
ამ ორ-შუა ჩააყენეს
ფერმიხდილი წვალებითა...
დადგა მეფე... ღმერთს შეხედა
ნაღვლით სავსე თვალებითა.
მერე თვალი იმავ ნაღვლით
მოედანს შემოატარა...
ის ყოფა და ის ჯალათი
სანახავად შეეზარა...
შეჰკრთა როგორც ხორციელი,
უმისოდაც ქანცწყვეტილი,
დასუსტდა და წაბარბაცდა,
როგორც ერთი დაბნედილი.
მაგრამ ისევ თავს უშველა,
არ დაუთმო ხორცსა სული...
ამ დროს ტირილიც მოესმა,
ქვითინი გამწარებული...
გაოცდა და მიიხედა,
ჰნახა თვისნი დიდებულნი!..
სულ მთლად იქ მოგროვილიყვნენ,
ვინც კი იყვნენ თან ხლებულნი.
მღვდელმთავარიც მათთან იყო,
თავთ იცემდნენ, პირს იხოკდნენ,
მათი ცოდვით და ვაებით
ქვებიც კი ატირდებოდნენ.
თავისიანთ დანახვაზედ
მოაგონდა ყველაფერი,
სახლი, კარი, თვისი, ტომი, ქვეყანა და თავის ერი...
ეჰა, გატყდა რკინის გული,
მეფე მაგითი იძლია!
ამას კი ვეღარ გაუძლო,
აქ კი ხორცმა სულსა სძლია!..
მობრუნდა და ორსავ თვალზედ
კვნესით ხელი მიიფარა...
ვეზირს უთხრა: — “დამიხსენი!..
რაც გადამხდა, ისიც კმარა!.. ”
სთქვა და თქმული თვით შეჰზარდა...
სახელი არ წაიხდინა...
—“ჰა, ჯალათო! ” — დაიძახა
და კისერი გაიწვდინა.
მანც აიღო ხელთ ნაჯახი,
ერთს წამს კისერს დაუსწორა,
დასცა და ერთის დაკვრითა
თავი ტანსა მოაშორა”.

[12 სექტემბერი, 1860 წ.
პავლოვსკი; 1877 — 1878 წწ.

 

ხელნაწერი:

U: ავტოგრაფი, № 125 (B).

ნაბეჭდი:

გაზ. “ივერია”, 1878, № 1, გვ, 4-8 (C); ჟურნ. “ივერია”, 1879, № 1, გვ. 5-35 (D); მეფე დიმიტრი თავდადებული, პოემა ილია ჭავჭვაძისა, საამხანაგო ქართული წიგნის მაღაზიის გამოცემა, ტფილისი, 1880 და იგივე გამოცემა 1899 (E ); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, ტფილისი, 1889, გვ. 250-257 (F); თხზულებანი

ილია ჭავჭავაძის ა, I, ტფილისი, 1892, გვ. 188-222 (A); სიტყვიერების თეორია, შედგენილი არხიმანდრიტის კირიონისა და გრ. ყიფშიძის მიერ, ტფილისი, 1898, გვ. 307-325 (G) ლექსები თ.

ილია ჭავჭავაძის ა, ტფილისი, 1904, (H); ჩვენი მწერლობა, I, მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 57-60 (L).

სათაური:

“მოდით, შვილნო” H; დიმიტრი თავდადებული L.

სათაურის ქვეშ:

ვუძღვნი პეტრე ნაკაშიძეს C; ნაწყვეტი G; დიმიტრი თავდადებული H. რამდენიმე ნაწყვეტი L.

თარიღი:

1880. AL.

ხელმოწერა:

*** C; ილია ჭავჭავაძე DG; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში)F. ავტოგრაფის პირველი

B ტექსტი შავი მელნითაა ნაწერი და იმავე მელნით ნასწორები. სათაურად ჯერ ეწერა “ბრმა მეფანტურე”. შემდეგ ავტორს ეს სათაური გადაუხაზავს და ზედ ფანქრით ახალი სათაური დაუწერია: “მეფე დიმიტრი თავდადებული”, ხოლო სათაურქვეშ - “ვუძღვნი თ. პეტრე ნაკაშიძეს”.

ავტოგრაფის პირველი გვერდის დასასრულს გადახაზულია: “ძმაო პეტრე, შენგან ჩაგონებულს, შენვე გიძღვნი”.

ხელნაწერი დათარიღებული არ არის.

ავტოგრაფი (B) შეიცავს პოემის პირველ 12 თავს და სათაურით, ქვესათაურითა და ტექსტით არსებითად თანხვდება A ტექსტს, თუმცა მათ შორის მაინც არის მცირეოდენი ვარიანტული სხვაობა (იხ. ქვემოთ).

B ავტოგრაფი საფუძვლად დაედო პოემის პირველი 12 თავის ტექსტს, რომელიც დაიბეჭდა 1878 წლის გაზ. “ივერიაში”, № 1 (C); სრული სახით კი პოემა გამოქვეყნდა 1879 წლის ძურნალ. “ივერიაში”, № 1-ში (D), რომლის სქოლიოშიც აღნიშნულია: “თორმეტი მუხლი დაბეჭდილი იყო შარშან “ივერიაშიო”. 1880, 1899 წლებში პოემა ცალკე წიგნადაც გამოვიდა (E). იგი სრული სახით დაიბეჭდა 1892 წელსაც ილიას თხზულებათა I ტომში (A).

ACDE უმნიშვნელოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან.

CD წყაროში I თავის 5-6 სტრიქონები (“... ქართლის ბედი ჩვენ ქართველთვე გვეპყრა ხელში”) ამოღებულია და ცარიელი ადგილები წერტილებით არის შევსებული. A-ში ეს სტრიქონები აღდგენილია.

F-ში დაბეჭდილი III – XVIII თავები.

G-ში დაბეჭდილია III - XII თავები.

HL-ში პოემის ცალკეული ნაწილებია დაბეჭდილი (H-ში I-II თავები, რომლებიც თანხვდება A-ს; L-ში კი პოემა შვიდ თავად არის დაყოფილი: I-IV თავი მისდევს პოემას, შემდეგ მისი შინაარსი 26-ე თავამდე თხრობით არის გადმოცემული. 26- თავიდან ტექსტი კვლავ ლექსადაა. ჩანს ეს ცვლილებები გამომცემლის მიერაა შეტანილი).

წინამდებარე ტომში დაბეჭდილი ტექსტი ეყრდნობა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1892 წლის გამოცემას (A). მასვე ეყრდნობა 1925 - 1951 წწ. გამოცემებიც, ოღონდ ამ გამოცემებში პოემის ტექსტი დაბეჭდილია გარკვეული ცვლილებებით, რომელთაგანაც რამდენიმეს ვიზიარებთ: 1892 წლის გამოცემაში პოემის I სტრიქონი იკითხება ასე: “უქმე დღე იყო, ტვირთმძიმენი...” პოემის I თავის მე-8 სტროფში ვკითხულობთ: “ეგრედ, შვილო, აქ სცხოვრებდა...”; XIII თავი მე-7 სტროფში დაბეჭდილია: “წინად ბარგად გაეგზავნათ”... 1925-1951 წწ. გამოცემებში, ავტოგრაფსა (B) და “ივერიის” პირველნაბეჭდზე დაყრდნობით. ციტირებული სტრიქონები ასე შესწორდა: “უქმი დღე იყო, ტვირთმძიმეი”...; “ეგრეთ, შვილნო, აქ სცხოვრედა”...; “წინათ ბარგით გაეგზავნათ”...

ამას გარდა, 1925-1952 წწ. გამოცემების ტექსტში შეტანილია მთელი რიგი ორთოგრაფიული ცვლილებები: ეგრედ→ეგრეთ; ბაშვებს→ბავშვებს; სწუხართ→ სწუხხართო; წყემსსა→მწყემსსა; ბერვჯელ→ბევრჯერ; თავგაწირვას→ თავგანწირვას და სხვა. მათგან ჩვენ მხოლოდ ორიოდე გავიზიარეთ. ჩვენი გამოცემის ტექსტში A[1]სთან შედარებით შეტანილია შემდეგი ცვლილებანი, რომლებიც ემყარება ვარიანტთა ჩვნებასა და ილიასეულ ენობრივ ნორმებს: 228, 11 ტყვეთ → ტყვედ; X, 15 წყემსს→მწყემსსა; XIV, 23 უკეთეს→უკეთესს; XX, 21 მოგცილდება→აგცილდებათ; XXXIII, 3 მოსვლის→მისვლის; XXIV, 11 უნდივართ→ვუნდივართ; XXV, 3 სვავო→ სვაო.

A-სთან შედარებით პოემის დანარჩენი წყაროები ასეთ ვარიანტულ სხვაობებს გვაძლევს: პოემის შესავალში: B-ში მე-10 სტრიქონში ნაცვლად სიტყვისა “მოაშორო” ჯერ ეწერა “ჩამოჰფხიკო”, გადახაზულია. მე-16-ში ჯერ ეწერა “გლოვისა”, შემდეგ “ტკბილისა”, ორივე გადახაზულია და შეცვლილია სიტყვით “ნელისა”.

I, თავი, 5 - 6 ქართვლის ბედი... ხელში - CDE (წერტილებით არის შეცვლილი). 9 თქვენნი] თქვენი B. 17. ტკბილსა ძუძუს დედა შვილსა] დედა შვილსა ტკბილსა ძუძუს B. 28 და სატევრად] გარედ ბასრი B.

II, 1 საწველ] მწველელ BE. 2 გადვიქცეთ] გარდვიქციეთ DE. 6 ვიქნებით] ვიქმნებით E. 7 გვიხსნის] გვისხნის B.

V, 10 იმ ურჯულოს მიხვდა წადილს] მიხვდა იმ ურჯულოს წადილს B.

VI, 3 B-ში “ვეზირნი და ნაზირები”-ს ნაცვლად ჯერ ეწერა “კარისკაცნი, უხუცესნი”, გადახაზულია. 6 ნაცვლად სიტყვისა “დიდებულად” B-ში ჯერ ეწერა “ვაჟკაცურად”, შემდეგ “გმირულად”, ორივე გადახაზულია. 16 B-ში “ტურფა”-ს ნაცვლად ჯერ ეწერა “კარგი”, გადახაზულია.

VII, 4 “აემღვრიათ მწარედ გულნი”, B-ში ამ სტრიქონის ნაცვლად ჯერ ეწერა “მწარეთ გადატირებულნი”, ასევე “აემღვრიათ”-ის ნაცვლად “აუტირდათ”, გადახაზულია. 10 B-ში ნაცვლად სიტყვებისა “რად გვინდა სახლი, ქონება”, ჯერ ეწერა “ქვა ქვაზედა ნუ იქნება”, გადახაზულია.

VIII, 7 ძვლებს] მამებს DE. X, 16 მგელს დაუგდოს] და მგელს მისცეს C. 26 ასრულდეს] აღსრულდეს BCD.

XI, 17 B-ში ნაცვლად სიტყვისა “თავგანწირვას” ჯერ ეწერა “თავდადებას”, შემდეგ “დასდო თავი”, გადახაზულია. XII, 32 B-ში “დიდსულოვნობის” ნაცვლად ჯერ ეწერა “კაიკაცობის”, გადახაზულია. XIV, 28 შეედგა] ჩაედგა D.

ილიაზე ბავშვობაშივე დიდი შათაბეჭდილება მოუხდენია მეფე დემეტრეს ტრაგიკულ თავგადასავალს. პოეტი თავის ავტობიოგრაფიაში დიდი სიყვარულით იხსენებს თავის პირველ მასწავლებელს, სოფლის მთავარს, რომელსაც საშინაო სკოლა ჰქონდა გახსნილი და სოფლის ბავშვებს ასწავლიდა. იგი თურმე დიდი გატაცებით უყვებოდა თავის მოწაფეებს საქართვეოლს ისტორიულ წარსულზე: “ბევრი ამ ამბავთაგანი ჩამრჩა გულში და ერთი მათ შორის, დიმიტრი თავდადებული, თემად გამოვიყენე მრავალის წლის შემდეგო”, - აღნიშნავს ილია (იხ. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. IX, 1957, გვ. 308).

აღსანიშნავია, რომ დემეტრე მეორის მოწამებრივი სიკვდილი ილიას ჯერ კიდევ “აჩრდილის” პირველ ვარიანტში აქვს ასახული (თითქმის ორის ათეული წლით ადრე “მეფე დიმიტრი თავდადებულის” დაწერამდე), - როცა პოეტი საქართველოს ისტორიული წარსულის სურათს ხატავს:

 სისხლი, სულ სისხლი ჰფარავს და ჰფარავს
შენს წარსულს ჟამსა, შენ ბედის ვარსკვლავს!
თვით მეფენიც კი თვის ცხებულ თავსა
მსხვერპლად აძლევდნენ მშობლიურ ხალხსა.
განა დიმიტრი თავდადებული
იქნება როსმე დავიწყებული?

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა (იხ. კომენტარი ლექსისა მეფანტურე,გვ. 394 - 399), პოემის “გამოსავალ თემატიკურ ფუძედ” ილიამ აიღო 1860 წელს დაწერილი ლექსი “მეფანტურე” (იხ. წინამდებარე ტომის გვ. 109) და მის ქარგაზე გაშალა პოემა. კერძოდ, “მეფანტურე” გამოყენებულია “მეფე დიმიტრი თავდადებულის” პირველ თავად, რომელშიც ლექსს ჩამოცილებული აქვს პირველი და ბოლო ორი სტროფი (ტექსტში მცირეოდენი ვარიანტული სხვაობებიც არის შეტანილი). თვით მეფანდურე, როგორც პოემის პერსონაჟი - მთხრობელი - ფიგურირებს ნაწარმოების შესავლიდანვე, ხოლო მესამე თავიდან იწყება მეფე დემეტრეს ტრაგიკული თავგადასავალი, რომელსაც სწორედ ეს მეფანდურე ჰყვება.

ამდენად სავსებით სამართლიანია მოსაზრება, რომ მართალია, “თემა ბრმა მეფანტურისა ილიას დამუშავებული ჰქონდა პოემაზე ადრე, სრულიად დამოუკიდებლად “დიმიტრი თავდადებულის” თემისაგან, მაგრამ პოემა “დიმიტრი თავდადებული” ორგანულად არის გამოსული ლექსიდან “მეფანტურე” (ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ პოემისათვის ილიას თავდაპირველად “ბრმა მეფანტურე” უწოდებია); სწორია ისიც, რომ პოემას “ორი თემატიკური სათავე ჰქონია, ერთიმეორისაგან დამოუკიდებელი (ერთი - თხრობა ბრმა მეფანტურეზე, მეორე - თხრობა დიმიტრი თავდადებულზე) და რომ შემდეგ მომხდარა ამ ორი თემის შეჯვარება” (იხ. ი. ჭავჭავაძე თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1951, გვ. 377 – 378, - პ. ინგოროყვას სარედაქციო შენიშვნები).

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, “მეფე დიმიტრი თავდადებული” ილიამ მიუძღვნა თავის მეგობარს პეტრე ნაკაშიძეს, რომელსაც პირად საუბრებში გაუღრმავებია პოეტის ინტერესი დემეტრე მეფის პიროვნებისადმი და შთაუგონებია პოემის დაწერის იდეა. ამას მოწმობს ავტოგრაფის პირველ გვერზე ილიას მინაწერი: “ძმაო პეტრე! შენგან შთაგონებულს შენვე გიძღვნი”. პეტრე ნაკაშიძესვე მიუძღვნა ილიამ პოემა “ქართვლის დედა”, რაც აგრეთვე ადასტურებს ილიას დიდ სიყარულს და პატივისცემას თავისი მეგობრისადმი (პეტრე ნაკაშიძეზე კომენტარი იხ. გვ. 496).

როგორც ზემოთ უკვე იყო აღნიშნული, “მეფე დიმიტრი თავდადებულის” პირველი თორმეტი თავი 1878 წლის გაზ. “ივერიის” № 1-ში გამოქვეყნდა (5 იანვასრ). ჩანს, ამ დროისათვის ილია ჭავჭავაძეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული პოემაზე მუშაობა. 1879 წლის ჟურნ. “ივერიის” № 1-ში კი პოემა უკვე სრული სახით დაიბეჭდა. ამრიგად, სავარაუდოა, რომ “მეფე დიმიტრი თავდადებული” იწერებოდა 1877 - 1878 წლებში. მაგრამ, როგორც ითქვა, პოემის პირველ თავს საფუძვლად დაედო ილიას მიერ ჯერ კიდევ 1860 წელს (12 სექტემბერს) პავლოვსკში დაწერილი ლექსის (“მეფნტურა”) ტექტი. და თუმც ეს ტექსტი პოემის საერთო მოცულობასთან შედარებით ძალზე მცირეა, მაგრამ ამ მოტივით მისი დაწერის თარიღის იგნორირება, ვფიქრობთ, არ იქნება გამართლებული. ზემოთქმულიდან გამომდინარე, პოემას, პირობითად, ორმაგ თარიღს ვაძლევთ: 12 სექტემბერი, 1860 წ. პავლოვსკი; 1877 - 1878 წწ. *

 

* ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში “მეფე დიმიტრი თავდადებული” 1880 წლით არის დათარიღებული (სარჩევში, გვ. IV; 1925-1951 წწ. გამოცემებში პოემას თარიღად “1878 წ.” აქვს მიწერილი, სარედაქციო შენიშვნებში კი მითითებულია, რომ “მეფე დიმიტრი თავდადებული” დათარიღებული უნდა იქნას 1877-1878 წლებით.

 

 

მეფე დიმიტრი თავდადებული: დემეტრე II ულუ დავითის ძე (დაახლ. 1259 - 1289 წწ.) აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1271 - 1289 წლებში.

დემეტრე II სიკვდილით დასაჯა თათარ-მონღოლთა ყაენმა 1289 წლის 12 მარტს. საკუთარი სიცოცხლის ფასად მეფემ სამშობლო გადაარჩინა მტრის შემოსევისა და აოხრებისაგან. ამიტომ იგი “თავდადებულად” წოდებული შევიდა საქართველოს ისტორიაში.

       
     
   
       
     
     
 
 
     
     
 
 
     
 
 
     
 
 
     
     
 
 
 
     
 
 
 
 
     
 
 
მეფე დიმიტრი თავდადებული -სრული ტექსი განმარტებებით

1 ტექსრი დაყოფილია თავებად

▲ზევით დაბრუნება

2 მეფანტურე

▲ზევით დაბრუნება