The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


უდროვო ბრძოლა

წერეთელი აკაკი

„დროება“ (1876, 4 ივნისი. № 55, გვ. 1-2.)

უდროვო ბრძოლა

აქლემები წაიკიდნენ და კოზაკი შუაში გამოსჭყლიტესო — ნათქვამია ანდაზად.

სწორეთ ასეა უუ. ნიკოლაძისა და ჭავჭავაძის საქმე ბანკის შესახებ.

მართალია, ჩვენ არც ერთი და არც მეორე აქლემივით დიდათ არ მიგვაჩნია და არც ბანკსა ვსთვლით კოზაკად, მაგრამ მაინც შინაურების ბრძოლა გარეულს ღონეს მიჰმატებს და ფრთებს გამოასხამს.

ამ გვარის შეხედულობისა ჰყოფილა ყოველთვის ჩვენი ხალხი, დასამტკიცებლად მოვიყვან ორს მაგალითს ჩვენი ძველების ცხოვრებიდამ:

იმერეთის მეფე სოლომონ პირველი ავად გახდა; მის სანახავად დააპირა მისვლა ერთმა ძრიელმა, მაგრამ მოუსვენარმა თავადთაგანმა აბაშიძემ.

როდესაც მეფეს ეს მოახსენეს, თითქმის მამაკვდავი ავათმყოფი წამოჯდა, ფეხს ჩაიცვა და დაუხვდა მხიარულად სტუმარს. როდესაც სტუმარი წავიდა, მეფეს მოახსენეს ერთგულებმა:

— რათ გაიჭირვე საქმეო? და მან ეს ბრძანა:

— არ მინდოდა, რომ მტერს, უძლურად ვჩვენებოდიო.

მეორე. როდესაც მეგრელები ქებას იტყვიან გიორგი ჩქოვანისას, რომელიც გადადიანდა სამეგრელოში და გამთავარდა, სხვათა შორის, ამ ამბავსაც გიამბობენ ხოლმე: ხონთქარს ეშინოდა მისი და მარჯვე დროს ეძებდა, რომ დასცემოდა სამეგრელოს; მაგრამ ვერ ბედავდა, იცოდა გიორგი ჩიქოვანის მხედართმთავრული ნიჭი! როდესაც ლოგინად დავარდა ეს გამოჩენილი კაცი, ხონთქარმა შეიტყო და მეტათ გაიხარა; მაგრამ ჯარების გამოგზავნა მაინც ვერ გაბედა: ვაი თუ იგონებდეს და ჩემი შეტყუება უნდოდეს თავის სამთავროშიო! და მზვერავები გამოუგზავნა, ვითომ და მოკითხვა შემოუთვალა მეგობრული!...

მთავარმა დაადგმევინა სავარძელი (კრესლო) ფანჯარასთან ჩაჯდა, პირში რამოდენიმე საფანტი ჩაიდვა და ისე მიიღო ხვანთქრისაგან წარმოგზავნილი მოკითხავები.

როდესაც თათრებმა მთაერის მშვიდობა იკითხეს, იმან დაახველა და მიაფურხა ფანჯარას. პირიდამ გატყორცნიი საფანტები მინას მოხვდენ და გაამტვრიეს, თათრებმა ერთმანეთს შეხედეს, ამოძუებული გაბრუნდენ სტამბოლისაკენ და ხვანთქარს მიუტანეს შემდეგი ანბავი:

- დიდებულო ფადი შახო! რაც თქვენ ფერხთა მტვერის ჩვენმა ცოდვილმა თვალებმა ნახა, მოგახსენებთ და ფირმანსაც ვითხოვთ, რომ არ შეგვრისხოთ: შესახებ დადიანისა ვინც რამე მოგახსენათ, ის გიაური ყოფილა!.. — გურჯი ისე კარგათ არის, რომ ფურთხით ფანჯრების მინებს ამტვრევს და თუ ხელი გაანძრია, ქვეყანას ამოაგდებს!.. ამ ამბაემა ისე იმოქმედა ხვანთქარზედ, რომ, როდესაც დადიანი მართლა მოკედა, აღარ სჯეროდა და მაინც კიდევ ეშინოდა სამეგრელოში შემოსვლის.

ეს ამბავი მე მიტომ კი არ მომყავს, რომ მაინცა-და-მაინც ისტორიული სიმართლე არის-თქო, არა, მე მომწონს ამ შემთხვევაში ხალხის შეხედულობა, გინდა გამოგონილიც იყოს.

დღევანდელი ნიკოლაძისა და ჭავჭავაძის ბაასი მე მესმის კარგათ, თუ რისიც ბრალია; ვხედავ კარგათ ერთის ოინსა და მეორეს ნაღველს; ეგებ ამ ნაღველში მეც მედგას ფეხი, მაგრამ რა გაეწყობა!

„ზოგჯერ თქმა სჯობს უთქმელობას, ზოგჯერ თქმითაც დამშვიდდებაო.

ხან-და-ხან მართალიც მავნებელია, თუ უდროოთ და უადგილოთ გამოითქვა. — პირადობას არ უნდა სწირვიდეს კაცი საზოგადო საქმეს, პირადობა უნდა დაუმონოს საზოგადო კეთილს.

მოვიყვანოთ, მაგალითი: ვსთქვათ, ორმა ერთი ხელობის კაცმა მისცეს ერთმანეთს ხელი, გაუყარეს კუდი კუდში და მიიტანეს იერიში ვისმეზედ. (მათ წინდაწინვე გამოანგარიშებული აქვსთ, რომ თუ მათმა მოპირდაპირემ იარაღი იხმარა, მითი საზოგადო საქმეს წაახდენს და საზოგადო საყვედურს მიღებს და თუ იარაღი არ იხმარა, მაშინ ისინი იარაღიანი გავლენ უიარაღოსთან და დაამარცხებენ. ამით ორივე შემთხვევაში მოგებულნი დარჩებიან! ეს მართლა რომ კარგი სტრატეგიული ხერხია. ძნელი მოსათმენია იმ მესამე პირისაგან, რომ დაუთმოს, იარაღი არ ახმაროს და თავი შესწიროს, მაგრამ თუ კი საზოგადო კეთილი ჰსურს, უნდა პირველს მეორე არჩიოს.

ახლა თუ ამგვარი რამე არის ჭავჭავაძისა და ნიკოლაძის მოქმედებაში, ძალიან კეთილი იქნება და პატიოსანი მათის მხრით, რომ საზოგადო საქმეს, ესე იგი ბანკს თავი დაანებონ და კერძოთ რამოდენიმე შუაკაცით გასამრთლდნენ და თუ რამე მისთანა პირობაები ურევია მათს ანგარიშში, რომლის გამოაშკარავება მავნებელია საზოგადო საქმისათვის, მაშინ შუა კაცებმა აღკრძალონ ამისი გამოაშკარავება: მაგრამ იმავე დროსა მოხსნან იარაღი იმასაც, ვინც ოსტატურად ირჯება და ასწონონ მისი წარსული მოქმედება, რომლის ბარობითაც ასტყდა ეს საზოგადო ბაასი.

აკაკი