The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ბოლოთქმა (ილია ჭავჭავაძე თანამედროვეთა მოგონებებში)

ნატროშვილი გიორგი 

ბოლოთქმა

„მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა, მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული, შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა, ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული“, – ილია ჭავჭავაძემ ეს სიტყვები მყინვარწვერზე გადმომდგარ აჩრდილს წარმოათქმევინა, ხოლო მადლიერმა ქართველმა ხალხმა თვითონ ამ სიტყვების დამწერი მიიჩნია ერის უკვდავ სულად, იმედად და ნუგეშად, შთამაგონებლად და წინამძღოლად. გასული საუკუნის სამოციან წლებში ილია ჭავჭავაძე სათავეში ჩაუდგა ყველა ცოცხალ ძალას, ყოველივე ახალს, აღმოცენებადს; ის ამიერიდან თავისი ქვეყნის მესაჭე ხდება, რათა თავის ხალხს ისტორიული მსვლელობის გზაზე წამოუძღვეს, ყველა წყალქვეშა ლოდს ააცილოს. ისტორიამ მეტად მძიმე ტვირთი წამოჰკიდა 'ილია ჭავ– ჭავაძეს. ის არ იყო მარტო პოეტად, მარტო ბელეტრისტად დაბადებული; ცხოვრების ყოველი უბანი საჭიროებდა და მოელოდა მზრუნველ პატრონს, გულშემატკივარს და ისიც ათასად უნდა გაჭრილიყო, რომ ყველა უბანს გასწვდენოდა, თვალი ყველგან მიედევნებინა, ქვეყნის ყველა წყლულისათვის მალამო და ყველა ჭირისათვის წამალი ეძებნა, ტანჯვის ცრემლი ჩამოეწმინდა დაჩაგრული მოძმისათვის, შებრძოლებოდა ქვეყნის მტერს ყველა ფრონტზე — ესთეტიკაშიც და არქეოლოგიაშიც, ისტორიაში და ეკონომიურ მეცნიერებაშიც.

თვითონ დრო, ისტორიული ეპოქა, რომელიც განაპირობებს ადამიანის მთელ მოქმედებას, რა გინდ ბუმბერაზიც არ უნდა იყოს ის, მოითხოვდა ილია– საგან ყოფილიყო პოეტიცა და ფილოსოფოსიც, ისტორიკოსიც და ეკონომისტიც, ფინანსიტიც და ჟურნალისტიც... მას უნდა ეწერა ესთეტიკის უღრმეს პრობლემებზე, ლინგვისტიკასა და ფილოლოგიის საკითხებზე, და იმავე დროს, ქართველ მევენახეთა გასაჭირზე, საქართველოს ისტორიაზე და, იმავე დროს, ოძისის სა– მეურნეო სკოლაზე, ქართულ რომანტიზმზე და, იმავე დროს, საგლეხო გამსესხებელ-შემნახველ საზოგადოებაზე და მოკლევადიან კრედიტზე, და ყველგან მისი სიტყვა ბრძნული იყო და რჩევა — სასიკეთო და საქმისათვის საჭირო და აუცილებელი.

ჩვენ განზრახ ჩამოვთვალეთ მხოლოდ ცალკე საკითხები, რომელნიც თითქოს დაშორიშორებულნი არიან ერთიმეორისაგან. მაგრამ აქ იმ საკითხთა მეასედიც არ არის აღნუსხული, რომლებსაც ილია ჭავჭავაძე ეხებოდა. აბა დაასახელეთ ერთი უბანი ცხოვრებისა, სადაც არ სწვდებოდა მისი თვალი; უაღრესად ფართო იყო წრე საკითხებისა, რომელნიც მას აღელვებდნენ, აფიქრებდნენ, რომელნიც მის საზრუნავად გადაქცეულიყვნენ, არ იყო არც ერთი ტკივილი მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში, რომელიც ამ შესანიშნავ ადამიანს თავისად არ მიეღო, რომელიც მას საკუთარ ტკივილად არ მიეჩნია და მის დაყუჩებაზე არ ეზრუნა. მთავარი ის არის, რომ ყოველი ნაბიჯი მწერლისა, ყოველი მისი წერილი ზუსტად გამიზნულია, ყოველი სტრიქონი ერთი სუნთქვით არის გამთბარი, ერთ დიდ მიზანს ემსახურება, — ეს მიზანია ასწავლოს, ხალხს წინ სავალი გზა გაუნათოს. გრძნობთ, რომ ამას წერს ადამიანი, რომელსაც ცხოვრების უმაღლეს მიზნად ხალხის უფლებებისათვის ბრძოლა და მისი ტანჯვის შემსუბუქება დაუსახავს, ამას წერს მგზნებარე მოყვარული თავის ქვეყნისა, გულმხურვალე პატრიოტი, და, იმავე დროს, გულწრფელი ინტერნაციონალისტი, რომელმაც იცის, რომ შენი ერი ბედნიერი ვერ იქნება უძმოდ და უმეგობროდ; მართლაც განსაცვიფრებელია, ეს უნივერსალიზმი, ეს მრავალმხრივი განსწავლულობა, მრავალსაწყისიანობა, ეს აზრის სიძლიერე და პრაქტიკული გამჭრიახობა!

წინამდებარე მოგონებები ეკუთვნის იმ ადამიანებს, რომელთაც ჰქონდათ ბედნიერება თავიანთ ცხოვრების გზაზე, ზოგს ხანგრძლივად და ზოგს კი მცირე ბნით ეცხოვრა ილიას გვერდით, მოესმინა მისი სიტყვა, მისი ბრძნული დარიგება. ილიას იხსენებენ იმ დროის მწერლები, „ივერიის“ თანამშრომლები, ბანკის მოსამსახურენი, იხსენებენ ყვარლელი და საგურამოელი გლეხები, ნათესავები და ახლობლები და ყველა მათგანს ილიას ახლოს გატარებული წუთები თა– ვისი ცხოვრების ყველაზე უფრო სანატრელ წუთებად მიუჩნევია. ილიას მარტო ბუმბერაზულ პიროვნებას კი არა, მის წიგნსაც თავისი როლი შეუსრულებია კაცის ცხოვრებაში — ამაზე მეტყველებს თუნდაც გალაკტიონ ტაბიძის მცირე მოგონება, რომლითაც ეს კრებული იხსნება; „ილია და ჩვენი ოჯახი“ — ასე ეწოდება ელენე როსტომაშვილ-ჭავჭავაძის მოგონებას, სადაც გადმოცემულია ქართველი ქალის განუზომელი სიყვარულისა და თაყვანისცემის წმინდა გრძნობა დიდი მგოსნისადმი; სხვათა შორის, ელენე როსტომაშვილის მოგონება იმ მხრივაც იქცევს ყურადღებას, რომ მას მთლიანად მოჰყავს ილიას გამოსათხოვარი წერილი ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძის გარდაცვალების გამო. ეს წერილი თავის დროზე „ივერიაში“ ხელმოუწერლად დაიბეჭდა და მისი ავტორობის საკითხი ამ ქალის მოგონების მიხედვით დღეს პირველად დგინდება. ეს მით უფრო აღსანიშნავია, რომ ხსენებულ წერილში ილიას მოუცია დაუვიწყარი დახასიათება ქართული ხასიათისა, ქართველი მამულიშვილის ბუნებისა, რომელშიც განუყრელად შერწყმულია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო. მოგონება მოგონებას მისდევს და ასე, ჩვენს თვალწინ გაივლის მთელი გალერეა წარსულის ადამიანებისა, რომელთა ხსოვნას ილიას ცხოვრებიდან ესა თუ ის ეპიზოდი შეუნახავს.

კრებულის ყოველი ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს ილიას ხასიათის უმთავრეს და განმსაზღვრელ ნიშნებს — ესაა, პირველ რიგში, სიკეთით აღსავსე გული, უღრმესი სიყვარული ადამიანისადმი, ოთარაანთ ქვრივისებური პრინციპულობა და განუხრელობა ყველგან და ყველაფერში, პირადი ბედნიერების არად მიჩნევა და ყველაფერზე მაღლა სამშობლოსა და სახალხო საქმის დაყენება — აი რა მიაჩნდა ილიას ადამიანის სიცოცხლის დედააზრად და ცხოვრების მიზნად, აი რა აზრსა და გრძნობას ნერგავდა და განამტკიცებდა იგი მკითხველის გულში.

აქ წარმოდგენილი ყველა მოგონება ინახება ჩვენს მუზეუმში და იბეჭდება პირველად.