The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


კიდევ ჩვენს ახალგაზდობას

მიქელაძე დავით

კიდევ ჩვენს ახალგაზდობას

დღეს რუსეთში ყოველის მხრიდან ერთი და იგივე საჩივარი ისმის. ამბობენ: ეხლანდელს განათლებულს ახალგაზდობას იდეალი არა აქვს და გიმნაზიიდანვე იმასა ოცნებობს და ანგარიშობს, როგორი ალაგი ვიშოვნოთ, რომ მომეტებული შემოსავალი მქონდესო.

თუ ეს საზოგადო საჩივარი მართალია და ახალ თაობის იდეალი ნამდვილად დამცირებულა, დანაშაული მთლად ეკუთვნის თითონ ამ მდრტვინავ და მგოდებელ საზოგადოებას და არა მარტო ახალგაზდობას.

როდესაც მწერლობა მთელის ქვეყნისა, მეცნიერება და თითონ საზოგადო აზრი ფრთებს შეიკვეცს და მაღალის სივრციდან ჩამოეშვება და ჭაობებში ნავარდს დაიწყებს, მაშინ განკერძოებით ახალ თაობისათვის ბრალდებითის ოქმის შედგენა და სასტიკის განაჩენის დადგენა: იგი დამცირდა და დაუძლურდაო, — უსაფუძვლოა და უსამართლო.

თუ საზოგადო რამ სენი არის, იგი არის ყველასათვის, და ერთმა წრემ რა დააშავა, რომ იგიც იმა |ვე სენით ავად არ ხდებოდეს?

ჩვენის ცხოვრების ვითარება და პროგრესის მსვლელობა ბევრად დამოკიდებულია რუსეთის ცხოვრებაზედ. ამიტომ, საგნები, რომელნიც გამოიწვევენ კამათობას | და მსჯელობას რუსეთში, ჩვენშიც ისეთის ყურადღების ღირსია, როგორც იქ.

ახალ თაობის მიმართ სავედურს, თუ რაიმე საფუძველი აქვს მოსკოვსა და პეტერბურგში — ამ ნაირივე საფუძველი უნდა ჰქონდეს ქუთაისსა და ტფილისშიაც, რადგანაც ჩვენი განათლებული ახალგაზდობა, როგორც რუსეთისაც, ერთსა და იმავე სასწავლებლებში სწავლობს და ერთისა და იმავე პროფესსორების ხელმძღვანელობით იძენს მეცნიერებასა.

ზოგი ეხლანდელ ახალგაზდო ბის მიმართულებას პრაქტიკულს უძახის, ზოგი ეგოისტურს. ჩვენ არცერთს სახელს არ ვარქმევთ, მხოლოდ ვისურვებთ, რომ ჩვენი ახალგაზდობა საფუძვლიანად ჩაუფიქრდეს და ასწონოს ისა, თუ - რა ძირითადი განსხვავება არსებობს რუსეთის განათლებულ თაობასა და ქართველ განათლებულ თაობას შორის.

რაც შეუძლიან და შეჰშვენის დიდს ოჯახს, პატარა ოჯახი იმას ვერ აიტანს და ახირებულიც იქნება ასეთი პრეტენზია დიდ-კაცობაზედ პატარასაგან.

რუსეთს, როგორც დიდს და დამოუკიდებელს სახელმწიფოს, ყოველ წლობით შეუძლია ათასი და ათი ათასი განათლებული კაცი ისეთს საგნებს და განზრახვებს მოანდომოს, რომელიც ერის ცხოვრებაში სრულიად არ არის არსებითი საგანი. მაგრამ ესვე არ შეუძლიან პატარა საქართველოს, რომელმაც ჯერ ყოველ-დღიურ ვარამზედ უნდა იზრუნოს!

ყოველის ქვეყნის და ყოველის თაობის წმიდა მოვალეობაა შეისწავლოს თავის ერის აწმყო და წარსული, დაიცვას და განავითაროს სამშობლო ენა, აღადგინოს მოქალაქობრივი მხნეობა და გეთილი ჩვეულება ერისა, შეჰმატოს ზნეობას სიმდიდრე და კმაყოფილება, მაგრამ ეს მოვალეობა ერთი ასად უფრო საყურადღებოა ქართველ განათლებულის კაცისათვის, რადგანაც საქართველოს ყველა ესეები დიდად აკლია დღეს. ის ქვეყნის გონებითი ღონე, რომელიც ჩვენ გვეზრდება ყოველს წელს, სასურველია მიმართულ იქნეს ისეთს საგნების შესწავლაზედ, რომელსაც უფრო საჭიროებს დღეს ქართველი ერი.

ამ შემთხვევაში კურსდასრულებულმა ახალგაზდობამ გონივრად უნდა გაინაწილოს საზოგადო ასპარეზი და არ მოხდეს ისე, რომ ერთ სკამზე დაჯდომა ათმა და ოცმა მოისურვოს?!

ქართველმა ახალგაზდობამ უნდა იცოდეს, რომ ქვეყანას არსებითის საგნების მცოდნე კაცები სჭირია ამ ჟამად, ე. ი. ისეთი მომზადებული და განვითარებული სწავლულნი, რომელთაც შეეძლებათ ქვეყნის სიმდიდრის მომატება.

ეს სიმდიდრე დაცულია ბუნებით მდიდარ საქართველოს ნიადაგში და ამ ბუნების შესწავლას უნდა მიჰმართოს ჩვენმა ახალ-გაზდობამ. სამსჯავროებში მჭევრმეტყველობით ქვეყანა არ გამდიდრდება, და ვეჭვობთ დიდად, რომ თითონ ავტორნიც ასეთის მჭევრმეტყველებისა უზრუნველნი შეიქნენ?

განათლებულს კაცს მხოლოდ თავის ცოდნისა და მარჯვენის იმედი უნდა ჰქონდეს. ვისაც თავისუფლად და სამშობლოსთვის გამოსადეგად ცხოვრება სურს, სხვის სახვეწად და სავედრებლად როდი უნდა გაიხადოს საქმე! დღესკი ჩვენმა განათლებულმა კაცებმა ან მართებლობას უნდა მიჰმართონ, ან საზოგადოებას, რომ თავი შეინახონ. არა გვგონია, რომ ასეთი მდგომარეობა სანატრელი იყოს?!

მეველე